ვულფი ვირჯინია

მემკვიდრეობა

 

 

თარგმანი ინგლისურიდან – თეა აბრამიშვილი.

 

ჯილბერტ გლენდონმა ცოლის ოთახში მდგარ პატარა მაგიდაზე მიმობნეული სამკაულებიდან მარგალიტის გულსაბნევი აიღო და მასზე ამოტვიფრული წარწერა წაიკითხა: სისი მილერს დიდი სიყვარულით.

ასეთ რამეს მხოლოდ ანჯელა თუ გააკეთებდა – მდივანი ქალი სისი მილერიც კი არ დავიწყებია. ჯილბერტ გლენდონი ჩაფიქრდა: მაინც რა უცნაურად მოიქცა – ყველას უძღვნა პატარ–პატარა საჩუქარი, თითქოს წინასწარ გრძნობდა სიკვდილის მოახლოებას. არადა, ექვსი თვის წინ, გარდაცვალების დღეს, სავსებით ჯანმრთელი იყო, როცა ტროტუარიდან ჩამოსულს მანქანა დაეჯახა.

ჯილბერტი სისი მილერს ელოდებოდა. სთხოვა, მოსულიყო, რადგან გრძნობდა სისის კეთილგანწყობას. დიახ, იგი იჯდა და ქალს ელოდებოდა, თან ფიქრებში იყო გართული. უცნაური იყო ანჯელას საქციელი, ყველა მეგობარს უსახსოვრა რაღაც ნივთი. თითოეულ ყელსაბამს, თითოეულ ჩინურ ზარდახშას (გამორჩეულად უყვარდა პატარ-პატარა ზარდახშები) ვიღაცის სახელი ეწერა. ეს ნივთები ჯილბერტს ბევრ რამეს ახსენებდა. აი, ეს მისი ნაჩუქარია. იმ ლალისთვლებიან მომინანქრებულ დელფინს კი ანჯელა ერთ მშვენიერ დღეს შემთხვევით წააწყდა ვენეციის ერთ-ერთ ქუჩაზე სეირნობისას. ისიც კი ახსოვდა, მის დანახვაზე აღფრთოვანებული შეძახილი რომ აღმოხდა. ქმარს კი განსაკუთრებული არაფერი დაუტოვა, თუ არ ჩავთვლით დღიურებს; ახლაც მის წინ, საწერ მაგიდაზე, თხუთმეტი პატარა მწვანე ტყავისყდიანი რვეული იდო. მას შემდეგ, რაც დაქორწინდნენ, ანჯელა დღიურებს წერდა. ამის გულისთვის ხშირად წაკამათებულან. ხშირად შესულა მის ოთახში, როცა ანჯელა წერდა, და ქალი უმალვე დახურავდა რვეულს ან ხელს დააფარებდა ფურცლებს.არა, არა, არა! – იტყოდა ხოლმე, – მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგ. და აი, დაუტოვა კიდეც ისინი მემკვიდრეობით. ეს ერთადერთი რამ იყო, რასაც თანაცხოვრების პერიოდში არ იზიარებდნენ.

ახლა ხომ ცოცხალი იქნებოდა, ერთი წუთით რომ შეჩერებულიყო და გაეაზრებინა რას აკეთებდა, მაგრამ არა! ჯიქურ გადმოაბიჯა ტროტუარიდან – ასე თქვა იმ მანქანის მძღოლმა დაკითხვაზე. დამუხრუჭების საშუალებაც არ მისცა...

გლენდონს ფიქრი მისაღებში უეცარმა ხმაურმა გააწყვეტინა.

მის მილერი, სერ, – მოახსენა მოახლემ.

მის მილერი შემოვიდა. ჯილბერტს იგი თვალცრემლიანი არასოდეს უნახავს. მართლაც ძალზე დამწუხრებული ჩანდა და არც იყო გასაკვირი, რადგან ანჯელა მისთვის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე თანამშრომელი.

ანჯელა სისის მეგობარი იყო, – გაიფიქრა თავისთვის, თან სკამი გამოსწია და ქალს სთხოვა, დამჯდარიყო. თავისი შავი სამგზავრო ჩანთით ეს ქალი არაფრით განსხვავდებოდა იმ კაფანდარა, ერთფეროვნად ჩაცმული თხუპნია ქალებისგან, ირგვლივ ათასობით რომ გვხვდება. ძალზე წინდახედული, ისეთი ჩუმი და ისეთი საიმედო იყო, რომ ყველაფერს ანდობდი...

სისი მილერს ეტყობოდა, რომ საუბრის დაწყება უჭირდა. იჯდა ჩუმად, თავისთვის და ცრემლიან თვალებს ცხვირსახოცით იწმენდდა. ბოლოს, როგორც იქნა, ხმა ამოიღო:

ბოდიშს გიხდით, მისტერ გლენდონ.

გლენდონმა პასუხად რაღაც წაიჩურჩულა. კარგად იცოდა, რას გრძნობდა ეს ქალი იმწუთას და ეს ბუნებრივიც იყო.ისეთი ბედნიერი ვიყავი აქ, თქვა ქალმა და მიმოიხედა. მზერა საწერ მაგიდაზე შეაჩერა, სწორედ იმ მაგიდაზე, სადაც ანჯელასთან ერთად მუშაობდა ხოლმე და სადაც ახლა დღიურები ეწყო. როგორც პოლიტიკოსის ცოლს, ანჯელას ხშირად უამრავი საქმე ჰქონდა. მას ხომ დიდი წვლილი მიუძღვოდა ქმრის წინსვლაში. ხშირად უნახავს გლენდონს, როგორ ისხდნენ ისინი ერთად ამ მაგიდასთან, როგორ ბეჭდავდა ხოლმე სისი ანჯელას ნაკარნახევ წერილებს. მილერიც უთუოდ ამას ფიქრობდა ახლა. დრო იყო, მისთვის ცოლის დანატოვარი გადაეცა. თუმცა მშვენიერი საჩუქარი კი იყო, მაგრამ უპრიანი იქნებოდა, სისისთვის ცოტაოდენი ფული დაეტოვებინა, ან თუნდაც ეს საბეჭდი მანქანა, მაგრამ მას ეს საჩუქარი ხვდა წილად წარწერით:

სისი მილერს დიდი სიყვარულით. და აი, გადასცა კიდეც. თან წინასწარ მომზადებული პატარა სიტყვაც დაურთო, – იცოდა, სისი მილერი ასეთ რაღაცებს დიდად აფასებდა. მისი ცოლი ამ გულსაბნევს ხშირად ატარებდა...

...და მილერმაც უთხრა, რომ მისთვის ეს ფასდაუდებელი საჩუქარი იქნებოდა. ამასთან, ყველაფერი ეს ისე თქვა, თითქოს მასაც წინასწარ მოეფიქრებინოს სამადლობელი სიტყვა. თუმცა იმ სამოსისთვის, რომელსაც სისი ყოველდღიურად იცვამდა, ეს გულსაბნევი ნამდვილად შეუფერებელი იქნებოდა. ქალს ძალზე მოკლე პიჯაკი და თეთრი პერანგი ეცვა. ასეთი ტიპის ქალებისთვის ეს ერთგვარი უნიფორმა იყო, თუმცა ისიც გაახსენდა გლენდონს, რომ მილერიც სამგლოვიარო ტანსაცმელს ატარებდა. დიდი ტრაგედია დაატყდა თავს საბრალოს: ანჯელას გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე მოუკვდა ძმა, რომელთანაც საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ახლა აღარ ახსოვდა. მაგრამ მაშინ, როგორც ანჯელამ უთხრა, რაღაც უბედურება მოხდა. მისთვის ჩვეული გულჩვილობის გამო, ანჯელამ ეს ამბავი მძიმედ გადაიტანა.

ამ დროს სისი მილერი წამოდგა და ხელთათმანების ჩაცმა დაიწყო. უთუოდ ფიქრობდა, ჯობს, აღარ შევაწუხო მისტერ გლენდონი და წავიდეო, მაგრამ სანამ არ გამოჰკითხავდა, რას აპირებდა სამერმისოდ, ან სანამ დახმარებას არ შესთავაზებდა, ჯილბერტი სისის გაშვებას არ აპირებდა.

სისი კი იდგა და საწერ მაგიდას მიშტერებოდა. იმ მაგიდას, რომელსაც ხშირად უჯდა და სადაც ახლა დღიურები ეწყო. ფიქრში გართულმა მდივანმა გლენდონის წინადადებას დახმარების თაობაზე ერთბაშად ვერც უპასუხა, თითქოს ვერც გაიგოო. გლენდონმა გაუმეორა:

სამერმისოდ რას აპირებთ, მის მილერ?.

სამერმისოდ? ოჰ, ნუ წუხდებით, გეთაყვა, ყველაფერი რიგზეა, – უპასუხა ქალმა.

ალბათ, იმის თქმა სურს, რომ ფინანსურ დახმარებას არ საჭიროებს. ეტყობა, ასეთ რაღაცებზე საუბარი ისევ წერილით სჯობდა. ახლა კი გლენდონმა თანაგრძნობის ნიშნად ხელი ხელზე მაგრად მოუჭირა, რადგან იმწუთას სხვა ვეღარაფერს გაუკეთებდა.

დაიმახსოვრეთ, მის მილერ, ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ რაიმეთი მაინც შევძლებ თქვენს დახმარებას, – უთხრა გამომშვიდობებისას. შემდეგ გააღო კარი და ზღურბლზე მდგარმა მილერმა, თითქოს იმწუთას გაახსენდაო, მოულოდნელად ჰკითხა:

– მისტერ გლენდონ, – თქვა და პირველად შეხედა კაცს თვალებში. გლენდონი გააოცა მისმა მზერამ, რომელშიც თანადგომაც იკითხებოდა და გამოცდაც.

თუ ოდესმე ჩემი დახმარება დაგჭირდებათ, სიამოვნებით დაგეხმარებით...

ეს უთხრა მილერმა და წავიდა. ძალზე მოულოდნელი იყო ქალის სიტყვები; თითქოს სჯეროდა და იცოდა კიდეც, რომ აუცილებლად დასჭირდებოდა ჯილბერტს მისი დახმარება. როცა თავის ადგილს დაუბრუნდა, გლენდონს უეცრად უცნაური და ფანტასტიკური იდეა მოუვიდა თავში. ნუთუ სისი მილერი მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ერთმანეთს იცნობენ, პოეტურად თუ ვიტყვით, ეტრფოდა კაცს? ჯილბერტმა სარკეში საკუთარ გამოსახულებას მოჰკრა თვალი, ორმოცდაათს უკვე კარგა ხნის გადაცილებული იყო, მაგრამ როგორც სარკეში ჩანდა, ჯერ კიდევ კარგად გამოიყურებოდა! რაც მართალია, მართალია...

საცოდავი მის მილერი! – თქვა მან. ცოლი რომ ცოცხალი ჰყოლოდა, ამაზე ერთად იხალისებდნენ! შემდეგ ინსტინქტურად დღიურებს მიუბრუნდა და ერთ-ერთი გადაშალა. ჯილბერტი ისე კარგად გამოიყურებოდა... – ანჯელას ჩანაწერი თითქოს მის ფიქრს პასუხობდა. რა თქმა უნდა, ცოლს ამით იმის თქმა სურდა, რომ გლენდონი ქალებისთვის მიმზიდველი მამაკაცი იყო და ამას უთუოდ სისი მილერიც გრძნობდა. კითხვა გააგრძელა: როგორ ვამაყობ, რომ მისი ცოლი ვარ. გლენდონიც ძალიან ამაყობდა, რომ მისი ქმარი იყო! რესტორანში სადილობისას ხშირად შეუვლია თვალი ანჯელასთვის და გაუფიქრია, რომ მისი ცოლი ყველა იქ მყოფ ქალზე მიმზიდველი იყო. იმ წელს პარლამენტში იყრიდა კენჭს, მაგრამ ამომრჩევლები წაართვეს.

როდესაც ჯილბერტი ადგა, დარბაზში აპლოდისმენტები ქუხდა. შემდეგ ყველანი წამოდგნენ და წაიმღერეს: და ის მაგარი ბიჭია... მე კი ვიდექი გამარჯვებული. ახლა გაახსენდა ის მომენტი: ანჯელა მის გვერდით იჯდა ტრიბუნაზე. კვლავ თვალწინ ედგა მისი მზერა, რომელიც მაშინ დაიჭირა – ქალს თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. რვეულის ფურცვლა გააგრძელა. გაიხსენა ვენეციაში გამგზავრება და მხიარული შვებულება არჩევნების შემდეგ. ჩვენ ნაყინი ვჭამეთ
ფლორიანში. გაეღიმა, როგორი ბავშვური იყო, სიგიჟემდე უყვარდა ნაყინი.

ჯილბერტმა ვენეციის ისტორიიდან ძალზე საინტერესო რამდენიმე ეპიზოდი მიამბო. მითხრა, რომ დოჟები...

 ყველაფერი ეს სასაცილო, მოსწავლის ხელწერით იყო დაწერილი. ანჯელასთან მოგზაურობა ყოველთვის სახალისო იყო, ყოველთვის აღტაცებით სწავლობდა ახალს. უვიცი იყო და ამას თვითონვე აღიარებდა, რაც გლენდონს მის ხიბლად მიაჩნდა...

სხვა რვეულს დასწვდა. ისინი კვლავ ლონდონში დაბრუნდნენ.

როგორ მინდოდა, კარგი შთაბეჭდილება მომეხდინა. ჩემი საქორწილო კაბა მეცვა. ახლაც ახსოვს, როგორ იჯდა ანჯელა სერ ედუარდის გვერდით და როგორ მოიპოვა იმ მრისხანე კაცის ნდობა. გლენდონმა კითხვა სწრაფად გააგრძელა – თითოეული სცენა გაიხსენა იმ პატარა ფრაგმენტებიდან.

ვისადილეთ თემთა პალატაში... ლავგრუვებთან გამართულ წვეულებაზე კი ლედი ლ-მა მკითხა, – აცნობიერებ თუ არა იმ პასუხისმგებლობასა და მოვალეობებს, რომელსაც ჯილბერტის მეუღლეობა გაკისრებსო?

 შემდეგ გავიდა ხანი... ახლა სხვა რვეული გადაშალა და სულ უფრო ინტერესით გააგრძელა კითხვა. ანჯელა დროის უდიდეს ნაწილს უკვე მარტოობაში ატარებდა. ძალიან განიცდიდა, რომ ბავშვები არ ჰყავდათ.

როგორ მინდოდა, ჯილბერტს ბიჭი ჰყოლოდა! – წერდა ერთგან. უცნაურია, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ თვითონ ჯილბერტი ამას ნაკლებად განიცდიდა, რადგან მისთვის ცხოვრება ისედაც საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. იმ წელს პარლამენტში უმნიშვნელო თანამდებობა შესთავაზეს, მხოლოდ უმნიშვნელო თანამდებობა! ანჯელა კი აი, რას წერდა: მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან მალე პრემიერ-მინისტრი გახდება!

 ვინ იცის... მოვლენები სხვანაირად რომ წარმართულიყო, შეიძლება ასეც მომხდარიყო. აქ შეჩერდა, ცოტა ხნით რომ გაეანალიზებინა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. პოლიტიკა თამაშია, – ფიქრობდა ის, მაგრამ თამაში ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული. არამც და არამც ორმოცდაათი წლის ასაკში! კვლავ მიუბრუნდა დღიურს, სწრაფად გადაავლო თვალი მომდევნო გვერდებს, სავსეს პატარ-პატარა წვრილმანებით, ბედნიერი ყოველდღიური წვრილმანებით, ასე რომ ალამაზებდნენ მათ ცხოვრებას.

ჯილბერტმა მომდევნო რვეული აიღო. რა მშიშარა ვარ! ისევ გავუშვი შანსი ხელიდან, ისევ! ცოტა ეგოისტურად ხომ არ გამომივა, ჩემი საქმეებით რომ შევაწუხო? მას ხომ ძალიან ბევრ რამეზე უწევს ფიქრი. ჩვენ კი ერთად ძალიან იშვიათად ვატარებთ საღამოებს. ეს რას ნიშნავს? ოჰ! აი, ახსნაც აქვეა, ეს შეეხებოდა ანჯელას სამუშაოს ისტ-ენდში.

როგორც იქნა, მოვიკრიბე მხნეობა და ვუთხარი ჯილბერტს. ის ისეთი კარგი და კეთილია. წინააღმდეგობა არ გაუწევია. მან გაიხსენა ის საუბარი. ანჯელა წუხდა, რომ უსაქმოდ იყო, სასარგებლოს ვერაფერს აკეთებდა. რა კარგი იქნებოდა, უმნიშვნელო საქმით მაინც რომ ყოფილიყო დაკავებული. ისიც გაახსენდა, როგორ წითლდებოდა საუბრისას. ძალიან სურდა, რაღაც გაეკეთებინა, თუნდაც სხვებს დახმარებოდა. ახსოვს, როგორ გაეხუმრა:

ნუთუ ქმრის მოვლა-პატრონობა საკმარისი არ არის?

 უთხრა, თუკი ეს გაგახალისებს, საწინააღმდეგო არაფერი მაქვსო. დღესაც არ იცის, ეს საარჩევნო ოლქი იყო თუ კომიტეტი, მაგრამ პირობა კი დაადებინა, რომ თავს ძალიან არ გადაიღლიდა და არ დაიტვირთებოდა. ჩანს, ყოველ ოთხშაბათს უაითჩეპლში მიდიოდა. მოაგონდა, როგორ ეზიზღებოდა ის ტანსაცმელი, რომელსაც ანჯელა იქ წასვლისას იცვამდა, მაგრამ ყველაფერ ამას ძალზე სერიოზულად ეკიდებოდა...

დღიურში უამრავი მოკლე ჩანაწერი იყო: ვინახულე მისის ჯონსი... ათი შვილი ჰყავს... ქმარმა ავარიაში ცალი ფეხი დაკარგა... ყველაფერი გავაკეთე, რომ ლილისთვის სამუშაო მეშოვა. ჯილბერტმა ჰაიჰარად გააგრძელა რვეულის ფურცვლა. მის სახელს ისე ხშირად უკვე აღარ ახსენებდა ქალი. ინტერესი დაკარგა. პატარ-პატარა უაზრო ნაწყვეტებს თავი და ბოლო ვერ გაუგო: მწვავედ ვიკამათე სოციალიზმზე ბ. მ.-სთან. ვინ იყო ბ. მ.? ვერაფრით ვერ დააბოლოა ინიციალები. იქნებ ერთ-ერთი იმ ქალთაგანი იყო, მისი ცოლი რომ კომიტეტში ხვდებოდა?

ბ.მ-მ სასტიკად შეუტია მაღალი ფენის წარმომადგენლებს... შეხვედრის შემდეგ გავისეირნე ბ. მ.-სთან და ვცადე, დამერწმუნებინა, რომ ცდებოდა, მაგრამ ის ისეთი თვითდაჯერებულია. ე.ი. ბ.მ. მამაკაცია! ალბათ ერთ-ერთი ინტელექტუალი, როგორც ისინი თავიანთ თავს უწოდებენ და ანჯელას აზრით, ძლიერი, მაგრამ თვითდაჯერებული ხალხია. შინ მოუწვევია ის.

ბ. მ. სადილად მოვიდა. მან მინის ხელი ჩამოართვა! ფრაზის ბოლოს ძახილის ნიშანმა ჯილბერტს ბ. მ. სხვანაირად დაუხატა. ჩანს, ბ.მ. შინამოსამსახურეებთან ურთიერთობას ჩვეული არ იყო, მან მინის ხელი ჩამოართვა...

ვინც უნდა ყოფილიყო ბ. მ., ჯილბერტი კარგად იცნობდა ამ ტიპის მამაკაცებს და მათ მიმართ არანაირ სიმპათიას არ განიცდიდა. აი, კიდევ:

ბ. მ.-სთან ერთად წავედი ლონდონს, ტაუერზე. ამბობდა, რევოლუცია ახლოვდებაო და კიდევ თქვა, რომ ჩვენ ბრიყვთა სამოთხეში ვცხოვრობთ. გასაგებია, ჯილბერტს მშვენივრად ესმოდა მისი. ასეთი ტიპის კაცი ზუსტად ამას იტყოდა. ბ. მ. ჯილბერტს უკვე მშვენივრად ჰყავდა წარმოდგენილი – დაბალი ტანის, ჯმუხი მამაკაცი უხეში წვერით, წითელი ჰალსტუხით და ტვიდის შარვალში გამოწყობილი. სწორედ ასეთები არიან მაგ კატეგორიის მამაკაცები – არც ერთი დღე პატიოსნად არ უმუშავიათ. ნუთუ ანჯელას ნამდვილად მოსწონდა მასთან შეხვედრა? კითხვა გააგრძელა: ბ. მ.-მ უსიამოვნო რაღაცები ილაპარაკა... – აქ ვიღაცის სახელი გულდასმით იყო ამოშლილი... ვუთხარი, რომ აღარ მოვისმენდი... დამამცირებელ სიტყვებს. აქაც წაშლილი იყო სიტყვა. იქნებ აქ მისი სახელიც კი ეწერა! ნუთუ ამიტომ დააფარა ხელი ფურცელს იმ დღეს, ოთახში რომ შევიდა? სულ უფრო მეტად შესძულდა ბ. მ.. იმ უტიფარ კაცს თავხედობა ეყო და ამ ოთახში მსჯელობდა ამ თემაზე. რატომ არაფერი უთხრა ანჯელამ? მას ხომ არ უყვარდა რაღაცების დამალვა, ის ხომ გულწრფელობის განსახიერება იყო. ახლა ჯილბერტი მხოლოდ იმ ადგილებს კითხულობდა, სადაც ბ. მ.-ზე იყო ლაპარაკი. ბ.მ-მ მიამბო თავისი ბავშვობის შესახებ. დედამისი დამლაგებელი ყოფილა. როცა ეს მახსენდება, ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს ასეთ ფუფუნებაში ცხოვრების უფლება არ მაქვს... სამი გინეა ერთ ქუდში!

 ხომ შეეძლო, იმ კაცის ბავშვობის ამბები ქმართან ერთად გაერჩია, ამის ნაცვლად კი საცოდავი თავი გამოტენილი ჰქონდა ათასნაირი სისულელით. ბ. მ.-მ მას წიგნები ათხოვა. კარლ მარქსი – მოახლოებული რევოლუცია. ინიციალები – ბ. მ.; ბ. მ. ხშირად მეორდება. მაგრამ რატომ არ წერდა ანჯელა მის სახელსა და გვარს სრულად? ეტყობა, ამ ინიციალებში რაღაც არაოფიციალური, ინტიმური გრძნობა იმალებოდა. ეს კი ძალიან, ძალიან უცნაური იყო. ნეტავ რას ეძახდა მას პირისპირ საუბრისას – ბ. მ.-ს? სადილის შემდეგ მოულოდნელად ბ. მ. გამოცხადდა. საბედნიეროდ, მარტო ვიყავი. თვითონ სადღა იყო იმ საღამოს? სასწრაფოდ გადაამოწმა თარიღი უბის წიგნაკში. იმ ღამეს მენსონ ჰაუსში ყოფილა მიწვეული სადილზე. ანჯელამ და ბ.მ.-მ კი ის საღამო ერთად გაატარეს! სცადა ყველაფრის გახსენება; ელოდება თუ არა მას ანჯელა, როცა სამსახურიდან დაბრუნდა? იყო თუ არა ყველაფერი ძველებურად ოთახში? ჭიქები ხომ არ ეწყო მაგიდაზე? სკამები ხომ არ იდგა ერთმანეთთან ახლოს? ვერაფერი, ვერაფერი ვერ გაიხსენა, გარდა საკუთარი მოხსენებისა მენსონ ჰაუსის სადილზე. მისი ცოლი მარტო უცხო მამაკაცს იღებს... შეიძლება მეორე რვეულშიც ეწეროს რამე. რვეულს, რომელიც ანჯელას გარდაცვალების გამო დაუმთავრებელი დარჩა, მოუთმენლად დასწვდა. აი, აქ, პირველსავე გვერდზე, ისევ ის წყეული გამოჩნდა.

ვისადილე ბ.მ.-სთან ერთად. ძალიან აღელვებული ჩანდა. მითხრა, დიდი ხანია დროა, ერთმანეთს გავუგოთო. ვეცადე, მოესმინა ჩემთვის, მაგრამ ამაოდ. დამემუქრა, თუ არ... მომდევნო გვერდები სავსე იყო პატარ-პატარა შენიშვნებით. ეგვიპტე, ეგვიპტე, ეგვიპტე, – ეწერა მთელ ფურცელზე. თავი და ბოლო ვერაფერს გაუგო, მაგრამ ყველაფერ ამას მხოლოდ ერთი ახსნა ჰქონდა: იმ არამზადამ საყვარლობა შესთავაზა და ეს მის საკუთარ ოთახში მოხდა! ჯილბერტ გლენდონს სისხლი მოაწვა სახეზე. სწრაფად შლიდა ფურცლებს. რა უპასუხა ანჯელამ? ინიციალები აღარ ჩანდა. მათ ნაცვლად ახლა მხოლოდ ის იყო.

ის კვლავ მოვიდა, ვუთხარი, რომ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი... ვემუდარებოდი, თავი დაენებებინა ჩემთვის. ნუთუ გაბედა იმ ნაძირალამ და ძალადობას მიმართა ამ სახლში? რატომ არაფერი უთხრა ანჯელამ? რატომ ორჭოფობდა?

მე მას წერილი მივწერე... ამას რამდენიმე ცარიელი ფურცელი მოჰყვებოდა. შემდეგ კი: აი, პასუხიც ჩემს წერილზე ... ისევ ცარიელი ფურცლები... მან მუქარა შეასრულა... მერე? რა მოხდა ამის შემდეგ? ახლა უკვე ყველა ფურცელი ცარიელი იყო, მხოლოდ მისი გარდაცვალების წინა დღეს ეწერა: ნუთუ შემწევს ამის გაკეთების უნარი? ეს იყო დასასრული...

ჯილბერტ გლენდონს იატაკზე ჩამოუცურდა რვეული. მას თვალწინ წარმოუდგა ანჯელა: როგორ იდგა მზერაგაყინული და მუშტებშეკრული პიკადილიზე და აი, მანქანამაც გამოიარა...

ამის ატანა აღარ შეეძლო. სიმართლის გაგება აუცილებელია. ტელეფონისკენ გაიქცა.

მის მილერ! – სიჩუმე. გაიგონა, როგორ გაიარა ვიღაცამ ოთახში.

– სისი მილერი გისმენთ, – როგორც იქნა, უპასუხეს. ვინ არის ბ. მ.? – მკაცრად ჰკითხა ჯილბერტმა.

ესმოდა, როგორ ტიკტიკებდა იაფფასიანი საათი მილერის ბუხრის თავზე. ისიც გაიგონა, მძიმედ რომ ამოიოხრა ქალმა და, ბოლოს და ბოლოს, ხმა ამოიღო: ის ჩემი ძმა იყო.

...ეს მისი ძმა იყო, რომელმაც თავი მოიკლა!

– იქნებ გინდათ, ყველაფერი აგიხსნათ? – ჰკითხა ქალმა.

– არა, არა! – დაიღრიალა ჯილბერტმა.

და აი, – მიიღო მემკვიდრეობა... ანჯელამ მას სიმართლე უთხრა. მან ტროტუარიდან იმიტომ გადმოაბიჯა, რომ თავის გულის სწორს შეერთებოდა. ანჯელა ჩამოვიდა ტროტუარიდან, რომ ჯილბერტისგან გაქცეულიყო. 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ვულფი ვირჯინია / მემკვიდრეობა