თაბუკაშვილი ლაშა

გასეირნება ვერის ბაზართან 

 

 

– ნუდისტები გვჭირდებოდნენ ახლა ჩვენ?! – გადაულაპარაკა ნასვამმა კაცმა ტაქსის მძღოლს.

– ნუდისტები რა არის?

– ისინი რა, ტიტვლები რომ დადიან.

– რატომ დადიან?

– ასეა საჭიროო! – დაეზარა ბევრი ახსნა-განმარტების მიცემა კაცს.

– აუ, რამხელა "პრობკაა!" – ჩაილაპარაკა მძღოლმა და ფანჯარაში გაიხედა.

ვერის ბაზრის წინ უამრავ ხალხს მოეყარა თავი. გვიანი შემოდგომა იდგა და ქარი სახეში ახლიდა ადამიანებს ფოთლებსა და მანქანების გამონაბოლქვს.

ქვაფენილზე დინჯად მიაბიჯებდა ბრგე, უზადო აღნაგობის მამაკაცი, შიშველი და ამაყი, გრძელ თითებში ჩამქრალი სიგარეტი დარჩენოდა, ტიტველ ტანზე სანთლის ნაღვენთი ლოლუები ეკიდა.

ადამიანები მხიარული და ცნობისმოყვარე შეძახილებით მიაცილებდნენ მის მეფურ სვლას, მაგრამ ის ყურადღებას არ აქცევდა მათ და გაქვავებული მზერა სივრცისთვის გაეშტერებინა.

კიკინებიან, გრძელთვალა გოგონას სკოლის ჩანთა მკერდზე მიეკრა და თითის წვერებზე შემდგარი ცდილობდა არაფერი გამორჩენოდა ამ უჩვეულო სანახაობიდან.

დედამისს თხელი, ნერვიული სახე ჰქონდა, სევდიანი და ფერმკრთალი, იგი დედაკაცის შემფასებლური მზერით აკვირდებოდა შეშლილის ძლიერ სხეულს და ცხვირსახოცს აწვალებდა ხელში.

ნუდისტებზე მოსაუბრე კაცმა ვერ დაინახა თავისი ცოლი და შვილი. იგი განუზომელ ნეტარებას აღევსო, ყველა მისი კომპლექსი უკვალოდ გამქრალიყო და რატომღაც დიდ კმაყოფილებას გრძნობდა იმის გამო, რომ ხალხმრავალ ქუჩაზე ვიღაც მიაბიჯებდა ტიტველი და გასანთლული, ხოლო თვითონ ნებივრად გადაწოლილი მანქანის საზურგეზე, ნუდისტებზე ესაუბრებოდა ხელებმოსვირინგებულ მძღოლს.

მან არ იცოდა, რომ თვითონაც მიაბიჯებდა სამარცხვინოდ გაშიშვლებული ვერის ბაზრის წინ, დაბალი ღიპითა და დონდლო საჯდომის რხევით. მისი ერთგული, ლამაზი მეუღლე ქვეშეცნეულად ადარებდა ქმრის უნებისყოფო სხეულს გიჟის ღვთაებრივ ტანს და უცნაური აზრები უტრიალებდა თავში.

კიკინებიან გოგონას ჩანთა ხელიდან გაუსხლტა, მაგრამ არც კი დახრილა მის ასაღებად, ადგილი შეინაცვლა და კოხტად ატორტმანდა თითის წვერებზე შემდგარი.

დედამ, ქალმა, ახლა-ღა შეამჩნია შვილის ცნობისმოყვარეობით ანთებული თვალები და მთელი მისი გაღიზიანება და უკმაყოფილება ერთ გაუბედავად გაწნულ სილაში გამოიხატა.

ქალს მდუმარედ მიჰყავდა აქვითინებული შვილი სახლში და თვითონაც ტიროდა, თვალებზე დახატული საღებავი ჭუჭყიან ზოლებად ჩამოსდიოდა მოგრძო სახეზე და ახსენდებოდა ცხრა თვის გაურკვეველი მოლოდინის, არაადამიანური ტანჯვის შემდეგ როგორ დაანახეს მოლურჯო უსიამო არსება, მწივანი და უმწეო და იქვე მყოფი პრაქტიკანტი ბიჭის სიტყვები – "კინაღამ გაიგუდა". შემდეგ მოხუცი სანიტრის ხმა – "რა თეთრი ბავშვია" და საკუთარი, გულგრილად ნათქვამი – "თეთრი კი არა ლურჯია"!

იხსენებდა იმ საშინელ ათ დღეს, სიცხიანი და დაცარიელებული, მწვავე მასტიტით ტანჯული, როგორ ისმენდა თმაგაცვენილი შინაბერა მულისაგან, რომ ქმარი სრულებითაც არ უწყრება მას გოგოს გაჩენისათვის.

ქალმა დიდხანს ვერ შეიყვარა საკუთარი გოგონა და, ამავე დროს, ეჭვიანობდა ძუძუებდატენილ მეზობელზე, მის შვილს რძეს რომ აძლევდა და არ იცოდა, რა არის მასტიტი.

ყველაფერი ეს გიჟის ლამაზმა სხეულმა გაახსენა და მისმა საოცრად მიმზიდველმა, სევდიანმა სახემ, დიდებულობის იერი რომ დაჰკრავდა. ეს სახე ქალს რატომღაც მომღიმარი და ალერსიანი წარმოედგინა.

უნდოდა კბილებით დაეგლიჯა საკუთარი ხელი, გოგონას ბაგეს რომ შეეხო... მისი საყვარელი გოგონას ბაგეს.

მეტი შვილი აღარც გასჩენიათ... "მეუღლემ ვეღარ მოახერხა", – ცინიკურად აღნიშნა ქალმა, "თუმცა რატომ ცინიკურად, ეს ფაქტის კონსტატირებაა, სხვა არაფერი, თავს ნუ იმართლებ, – გაიფიქრა დედამ, – როცა ქალი ასეთ რამეს ამბობს, ეს უკვე..."

თავი დავანებოთ ამაზე ფიქრს...

რატომ შეაშინა ასე შვილის დაქალებამ?! იმიტომ რომ განსაკუთრებით უყვარს? არა, ყველა დედას უყვარს შვილი, მის ადგილას სხვა ქალი ეშმაკურად, ოდნავ სევდიანად გაიღიმებდა და მომავალი ბებიობის სურნელს იგრძნობდა, მას რაღა დაემართა?!

არა, მისი გოგონა ბედნიერი უნდა იყოს, დედა ყველაფერს გააკეთებს მისი ბედნიერებისათვის.

"აი, რატომ ყოფილან სიდედრები აუტანელნი, მეც აუტანელი სიდედრი ვიქნები!"

ქალი გაძლიერდა, შეშლილი მოედანზე გავიდა, კაფე "გაზაფხულს" ანგრევდნენ, ფილარმონიის დაუმთავრებელ შენობასთან მუშები ირეოდნენ.

კაცი არ გრძნობდა სირცხვილს საკუთარი სიტიტვლის გამო, მაგრამ არც ბუნებრივად მიაჩნდა უტანსაცმლობა, თუმცა არც სიცივე აწუხებდა და არც ბოღმიანი ქარი, ერთადერთი რაც აწვალებდა, იყო გაურკვეველი მდგომარეობა სულისა, მან არ იცოდა სიზმარია ეს თუ ცხადი, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ თავისუფლად შეეძლო ტიტველს ესეირნა ქუჩაში, ხოლო სანთლის ლოლუები, აჯაგრულ მკერდს რომ უწიწკნიდნენ, მეტ სხივოსნებასა და დამაჯერებლობას შემატებდნენ მის წმიდა მისიას – გამოეფხიზლებინა დაღლილი და საქმიანი ადამიანები.

საბურავების წრიპინით გაჩერდა მანქანა. შეშლილი არ გაძალიანებია მასავით ზორბა, თეთრხალათიან კაცებს და მორჩილად ჩაჯდა მანქანაში.

 

 * * *

ქალს უეცრად საოცარი აზრი მოუვიდა, კვლავ წარმოუდგა გიჟის მოხდენილი, ნატიფი სახის ნაკვთები და თავისდა მოულოდნელად გაიფიქრა, რომ ისინი მშვენიერი წყვილი იქნებოდნენ. "უცნაურია, როგორ მოვუხდებოდით ერთმანეთს, თითქოს ერთმანეთისთვის ვიყოთ დაბადებულნი".

ქალი გაწითლდა, გადაიხარა და კისერში აკოცა გაბუტულ შვილს.

სადარბაზოს წინ კლასობანას თამაშობდნენ ეზოს ბავშვები. სამი გოგო იყო, ერთი ბიჭი. ბიჭს თავზე ქვა ედო, თვალდახუჭული მიაბიჯებდა დახაზულ ოთხკუთხედებში და შიშით კითხულობდა – მაკ?!

– მაკ! – ერთხმად პასუხობდნენ გოგონები.

ქალმა თვალი ჩაუკრა შვილს და კოხტად გადახტა რამდენიმე კვადრატზე.

 

 * * *

დილით ქალი ქმრის ყვირილმა გააღვიძა:

– ნანა, ბორჯომი!

დიდხანს, ხარბად სვამდა ბოთლიდან, შემდეგ დამსკდარი ტუჩები მოილოკა და დარცხვენით შეეკითხა ცოლს:

– ძალიან მთვრალი მოვედი გუშინ?

– ძალიან.

– არც ისე ძალიან, შენ რომ ფიქრობ! – ჩაიბურდღუნა ნაბახუსევმა. უეცრად გამოცოცხლდა:

– რა უნდა მოგიყვე, საოცარ ამბავს შევესწარი გუშინ, ვერის ბაზართან ტიტველი კაცი მოაბიჯებდა, მთლიანად გასანთლული...

– ვიცი! – თქვა ქალმა, – ვიცი!

 

 * * *

გოგონას ჯერ კიდევ ეძინა და დილის ფერად სიზმრებს ხედავდა.

გაზაფხულის თვალუწვდენელ მინდორზე თეთრ კოსტუმში გამოწყობილი გიჟი და დედა მოდიოდნენ. დედასაც თეთრი კაბა ეცვა.

ორივენი უღიმოდნენ მას და წარმტაც თაიგულს უწნავდნენ თმაში.

ძალიან ლამაზები იყვნენ გიჟი და დედა. ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს.

 

1972 წ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / თაბუკაშვილი ლაშა / გასეირნება ვერის ბაზართან