თაბუკაშვილი ლაშა

კომოციო 

 

 

ბევრი რამ ხდება, ჰორაციო, ამ ანთხლეულ თბილისში. ბოლო ჟამს სულ შავ-თეთრად აღვიქვამ საყვარელ ქალაქს... და ეს სითეთრეც ნაცრისფერში გადადის ხოლმე, მაგრამ იმ ლამაზ ღამეს, დამწვარი ფოთლების სუნიც უხდებოდა. მე და გეგი ხალისიანად მივშრაშუნობდით ხმელი ფოთლების მდინარეში და რაღაც ამაღლებულზე ვსაუბრობდით... რაზე, ბუნდოვნად მახსოვს, იმიტომ რომ კომოციო და ფილტვების ანთება არცთუ ხელს უწყობს მეხსიერების აბობოქრებას. გეგი ცოტას რომ ჩაარტყამს, ნასვამობა არ ეტყობა, თუ არ ჩავთვლით ზოგადსაკაცობრიო სევდას თვალებში. ახლაც ამ განწყობაში იყო შეფუთული, მოკლედ, შეგვაყენეს...

და ზედ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ. სამნი იყვნენ და ჩვენი კურტკები მოეწონათ.

მე ჯერ თავაზიანად მივმართე მათ, მაგრამ სამეულს, განსაკუთრებით ქერას, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ჩვენი სტრიპტიზით დატკბობა. ლაპარაკს აზრი დაეკარგა და სანამ მე მძიმე, ბლაგვი და მჭრელი საგნების თვალიერება დავიწყე გარშემო, გეგიმ ქერას წყვიტა. ქერა კი წამოწვა მხართეძოზე,  სამაგიეროდ დანარჩენი ორი გააქტიურდა, ერთი მაღალი და ხმელი, მეორე კი, ჯუჯას ვერ ვიტყვი, მაგრამ რაც სიგრძეში იყო, სიგანეში ოდნავ აკლდა. მაღალმა გეგის გაუფერადა თვალი, ჩემს მოქნეულ ფეხს კი ჯუჯამ ისე კოხტად დაუხვედრა თავისი "ბათინკი", რომ ამ ფეხზე ხელი ჩავიქნიე. ამასობაში ქერაც წამოდგა.

ასეთი ცემატყება სწრაფად თავდება ხოლმე. ეს კი უსაშველოდ გაიწელა. ჯანსაღ ფეხს დავეყრდენი და ნახტომში მივუსაჯე ჯუჯას თავური, მაგრამ ის შობელძაღლი ოდნავ გადაიხარა გვერდზე და ჭადარს შევედუღე შუბლით. არის წამები ჩვენს ცხოვრებაში, როცა ყველაფერი სულერთი ხდება. სრულიად გულგრილად შევცქეროდი, როგორ ბზრიალებდა გეგი და ჩარევის სურვილიც არ დამბადებია. მხოლოდ მაშინ, როცა ქერას ხელში დანა დავინახე, გამოვფხიზლდი და ქერას ყურში ვთხლიშე, ამასობაში გეგიმ წაიფორხილა და დარჩენილმა ორმა ლამის აღლუმი გამართა წაქცეულზე.

ბორბლების წრიპინის ხმა... პოლიცია! ყველა ერთად გავრბოდით, ის სამი ვირიშვილიც ჩვენს გვერდიგვერდ მიჰქროდა ბაღის ბოლოსკენ. ჯუჯამ ხელიც კი წამაშველა, როცა წავიფორხილე. ქერამ ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო, კორპუსის კუთხის ჩაჭრა მოინდომა მანძილის მოსაგებად, მაგრამ დაბუქსავდა და იქვე გასკვანჩეს... დანის გადაგდებაღა მოასწრო მხოლოდ.

ოთხმა გავაღწიეთ... "Вeeprsh. გეგი ხუთიოდე წუთით დავკარგე, მაგრამ ნაცნობმა სტვენამ ბნელ სადარბაზოში შემიყვანა. ფეხი რუმბივით მქონდა გასიებული, გული ამოვარდნაზე.

– მგონი მოწყინდათ შერიფებს ჩვენი დევნა. – თქვა გეგიმ.

– სახლში ვერ წავალთ ასე, სულ სისხლში გაქვს ცხვირ-პირი.

– შენ საკუთარ პორტრეტს შეხედე! – ჩაიცინა და ფერდზე წაივლო ხელი – ჩამინგრიეს ნეკნები... კენწლა რომ დაიწყეს, ძირს აღარ დავუშვივართ. აქ ახლოს მაიკოს დისკოტეკაა...

– ასე როგორ შევიდეთ?

– სიბნელე, შუქ-ჩრდილები... ვინ დაგვინახავს?

– იმაზე ამბობ? – ხელი გავიშვირე აბრდღვიალებული რეკლამისკენ.

– არა, იქ ცოტა განსხვავებული ორიენტაციის სიმონეთია. აქვეა ას მეტრში, დამეყრდენი!

უეცრად თოვლი წამოვიდა, თოვლი კი არა, ფიფქების ზოლი, დაღლილი ვარსკვლავების შუქივით მიმქრალი.

– თოვლი! – ვთქვი და შევჩერდი.

გეგიმ გაიხედ-ამოიხედა და ყურადღებით ჩამაცქერდა.

– თოვლი! – გავიმეორე მე.

– ეს თოვლი არ არის! – რბილად მითხრა.

– აბა რა არის?

– შენი და ჭადრის კონტაქტია.

– აბა ჭადარი? – ფიფქების ზოლი გაქრა.

– შუბლით რომ შეეწეპე – ისევ სიცილი აუტყდა და კვლავ ფერდზე წაივლო ხელი – კარგი რა, ნუ მაცინებ... მტკივა!

– შენც რა კისკისი აგიტყდა?

– არა უშავს, ვიპოვით!

– რას იპოვი, აქაურები არ იყვნენ!

– ზნაჩიტ ვერ ვიპოვით. რომელი რევანშისტები ჩვენა ვართ?! სულ არა მაქვს ბოღმა?

– შენც თავში გდრუზეს? რამ გაგამხიარულა?

– არ ვიცი, ხოშიან ხასიათზე ვარ! – თვითონაც ჩაფიქრდა წამით – რატომღაც! – შემდეგ ცხვირსახოცი ამოიღო და სისხლი მომწმინდა.

მაიკო ჩვენზე უფროსი იყო. საკმაოდ აწყვეტილ არსებად ითვლებოდა ამ პურიტანულ ქალაქში. შემდეგ უეცრად გათხოვდა, გათხოვდა კოტიტა, უღიმღამო კაცზე, რომელსაც რატომღაც ტრეზორს ეძახდა. მისი ნამდვილი სახელი არავინ იცოდა. ყველას გასაკვირად მათი ურთიერთობა საკმაოდ მყარი აღმოჩნდა, ხოლო საბაზრო ეკონომიკამ საბოლოოდ განამტკიცა ეს კავშირი. ერთერთი პირველი დისკოტეკაც ამ წყვილმა გახსნა. ტრეზორი უხილავ ფრონტს ხელმძღვანელობდა, მაიკო ბართან იდგა, პლუს "სვეტო-უზიკა" და გამოქლიავებული დიჯეი, სახელად ბენო, რომელიც ერთ დროს მარტოდმარტო ცდილობდა სექსუალური რევოლუციის მოხდენას ქალაქში, მაგრამ შემდეგ ყავლი გაუვიდა და მაიკო-რეზორს შეაფარა თავი.

დისკოტეკა რამდენჯერმე დაკეტეს... ხან ვიღაცამ ვიღაცა დაჭრა, ხან სროლა მოხდა, მაგრამ შემდეგ კონკურენციამ განმუხტა ეს "ვესტერნული" ვნებები.

ზორბა ბიჭმა, მაიკოს ბოდიგარდმა ძლივს გვიცნო. გეგიმ უთხრა ავარიაში მოვყევით და მაიკოსთან გაგვიყვანე შეუმჩნევლადო. შიგნიდან დაგადუგი ისმოდა.

მაიკო სამზარეულოში საკუთარ ყავაზე მკითხაობდა.

– რას ელი კიდევ ბედისგან? – ღიმილით ვკითხე.

მაიკომ უაზროდ ამოგვხედა და უცებ ლოყებზე წაიშინა ხელი.

– უი, ჩემი სიკვდილი... ვინ გაკადრათ... ვინ გაბედა?

მის ყვირილზე დაფეთებული ტრეზორი შემოვარდა.

– ტრეზორ, ხომ იცნობ გეგის და ლადოს?

– ამათ ვინ არ იცნობს? – ჩაიღიმილა ტრეზორმა და უეცრად შეშფოთდა – აქ მოგივიდათ?

– არა... ტაქსი... ავარია! – დამეზარა ახსნა.

– ტრეზორ, ჩემი მედჩანთა! – დაბზრიალდა მაიკო – ესენი ის გოიმები არ გეგონოს, იქ რომ ცეკვავენ, ნაღდი ვერელები არიან, ჯიგრები, არც იჩხირავენ, არც... – მეტი დადებითი ვეღარ გაიხსენა მაიკომ და ხანმოკლე ჩაფიქრების შემდეგ დაამატა – მოიცა, ერთი ექიმი არის ზალაში! – შემდეგ ფოჩიანი ფარდა გადაწია და იყვირა – ლამარა!

შემოვიდა ლამაზი, ჭორფლიანი გოგონა და გაკვირვებით შეგვათვალიერა.

– ჩემი ახალი ბარმენშაა, გაიცანით ბიჭებო!

ჩვენ თავაზიანად მივესალმეთ მაიკოს გუნდის ახალ წევრს.

– რას უყურებ, ამათზე გიჟდებიან გოგოები, ახლა არიან ასე...

– ავარიაში მოვყევით! – თქვა გეგიმ.

– ჰო, ავარიაში! – მაიკომ ტრეზორს ჩანთა გამოართვა და მთელი აფთიაქი ამოალაგა, ჩვენს გაკვირვებულ მზერას კი სიცილით უპასუხა.

– რას იზამ, Сაეჯმფმჩეყკრე სეყირ, სულ დამაქვს სამსახურში, გოგო! – მიუბრუნდა ლამარას – იმ ექიმს დაუძახე, შენ რომ გეარშიყება.

გოგონა გაწითლდა და უხმოდ გავიდა.

– ნი შტიაკ, ქორწილამდე გაგივლით! – დაგვამშვიდა მაიკომ და ბინტი გაშალა.

– ნეტა გამოცდებამდე... – დაიწყო გეგიმ, მაგრამ ტრეზორმა უეცრად შეაწყვეტინა.

– ცხოვრება გამოცდაა!

ყველა გაშრა. არავინ ელოდა ტრეზორისგან ასეთ სენტენციას.

– თქვენ, ლამარ, ჯოჯოხეთშიც წამოგყვებით!.. – აქოშინებული ექიმი ცეკვა-ცეკვით შემოჰყვა გოგონას. ახალგაზრდა კაცი იყო, ოდნავ შემელოტებული. ჩვენი დასისხლიანებული სიფათების დანახვა ესიამოვნაო, ვერ ვიტყვი.

მაიკომ ახლა ექიმს გაცნო ჩვენი თავი და საქმისკენ მოუწოდა.

– ვალიდოლი გაქვთ? – იკითხა კაცმა.

– რად უნდათ ამათ ვალიდოლი? – გაიკვირვა მაიკომ.

– მე მინდა! – სლოკინით თქვა ექიმმა და კოვზით გამოემართა ჩემკენ. ვალიდოლი ენის ქვეშ შეიგდო და წამით შეყოყმანდა – გულისრევა ხომ არ გიგრძვნიათ?

– არა! – პატიოსნად ვუპასუხე მე.

– აბა აქეთ თვალები, მაღლა, მარჯვნივ... დაა... აშკარა ნისტაგმია!

– ესე იგი? – ზრდილობიანად ჰკითხა მაიკომ.

– კომოციო! – ისევ დაასლოკინა ექიმმა და ხელი პირზე აიფარა.

– კომოციო და ბუასილი შენ! – ჩაილაპარაკა მაიკომ – თავისუფალი ხართ, ექიმო! ტრეზორჩიკ, ბიჭებს ორი ას–ასი ტეკილა დაუსხი, მე ვუმკურნალებ!

– ტეკილა არაა მაინცდამაინც რეკომენდებული ამ დროს!

გზადაგზა უხსნიდა ლამარას ექიმი. ტეკილა მცირე დალოცვის შემდეგ ვგლიჯეთ და მარილიც ავლოკეთ.

– განათდა! – თქვა გეგიმ.

– აბა რას ვამბობდი? – გაუხარდა მაიკოს, სპირტის ქილა გახსნა და ჭრილობები დაგვიმუშავა – აბა, კვნესა არ იყოს... იზოლატორში რომ მოხვდეთ, გნულოვკაში... მაშინ რას იზამთ, ხომ არ გაიღებთ ხმას?

სხვათა შორის კოხტად გააკეთა ყველაფერი.

მე კვლავ ტეკილა მოვითხოვე, გეგიც ამყვა.

– არა, ეს უკვე ზედმეტია! – სერიოზულად თქვა მაიკომ – შენ, მგონი მართლა ტვინის შერყევა გაქვს.

– ქორწილამდე?

– მოგირჩება! – გაეცინა ქალს და ისევ დაასხა.

გეგიმ ჩუმად ჩაუდო ფული ტრეზორს.

– ჩვენს შორის ასე? – სევდიანი საყვედურით იკითხა ტრეზორმა, მაგრამ ფული ჯიბეში ჩაიდო.

– ტრეზორ, ბინტი და სპირტი შენთვისაცა მაქვს სამყოფი! – წყნარად უთხრა მაიკომ. კაცმა უხმოდ დააბრუნა ფული.

– ვეღარ მოვსულვართ შენთან! – გააპროტესტა გეგიმ.

– დღეს ჩემი სტუმრები ხართ!

– თუნდ ზღვა გემართოთ სისხლისა! – მოულოდნელად ბერტყა ტრეზორმა და მორიგი გაკვირვების ტალღა გამოიწვია.

ტელეფონის ზარმა გაკვეთა დუმილი. მაიკო ჯერ ხმადაბლა ელაპარაკებოდა ვიღაცას, შემდეგ აყვირდა.

– მაგას ვუჩვენებ "კრიშას", მე თვითონა ვარ "კრიშაც" და...

– ტრეზორი გლიჯავს! – ჩამჩურჩულა გეგიმ.

– ჰოდა მოვიდეს... რა ურჩხულებსაც დავახვედრებ აქ, იმასაც ნახავს.. რამდენს ვუხადო? – მაიკომ საკუთარი ხარჯების ჩამოთვლა დაიწყო, – მე შარვალი ავიკოტავე. – რა გასიებული გაქვს? არა, შენ არ გეუბნები... ჰოდა მოვიდეს! – ყურმილი დააგდო და მომიტრიალდა – გაიხადე ფეხზე! ყინულებს დაგადებ!

– არა! – მტკიცედ ვთქვი მე.

– რატომ?

– იმიტომ რომ ვეღარ ჩავიცვამ! – ტეკილა ოდნავ აყუჩებდა ტკივილს. მაიკო ჩვენს "დაპლასტირებას" მორჩა და კმაყოფილმა შეგვათვალიერა.

– მამაკაცს უხდება შრამები!

– ჩვენ "შრამიანები" კი არ გვჭირდება, არამედ ის, ვინც ესენი "დაშრამა" – "შესანიშნავი შვიდეული" გაიხსენა ტრეზორმა.

მაიკო ყურადღებით ჩააცქერდა.

– შენ, რის ქვეშა ხარ?

– ოდნავ, მხოლოდ ორი ნაფაზი! – გულადად გამოტყდა ტრეზორი და სპანიელის თვალებით შეხედა ცოლს. მაიკო მძიმედ წამოდგა. ტრეზორმა ლოყა მიუშვირა.

– მივიღოთ!

სილამაც არ დააყოვნა. სილის ტკაცანზე ლამარამ შემოიხედა.

– მეძახდით?

მაიკომ დოინჯი მოიყარა.

– აბა როდის დაგიძახე?

ექიმმაც შემოჰყო თავი ფოჩებში.

– აღარა ვარ საჭირო?

მაიკომ პასუხის ნაცვლად ვალიდოლი იტაკა პირში და ჩვენ მოგვიტრიალდა.

– აკეთე ახლა ამათთან ერთად ბიზნესი!

ორივემ სინანულით გავაქნიეთ თავი.

– Вროტნრ! – უთხრა გაჯგიმულ ტრეზორს გეგიმ.

– მაშ არ მეძახდით? – იკითხა ისევ ლამარამ.

– შეიძლება ლამარას ვეცეკვო? – დაინტერესდა ფოჩებში თავგამოყოფილი ექიმი.

– წამიყვანეთ რა აქედან! – შეგვეხვეწა მაიკო.

– რომ წაგიყვანო, სად წაგიყვანო,

სახლი არა მაქვს, სად მიგიყვანო... – დაამღერა ტრეზორმა და ბუტერბროდს ებდღვნა.

– აათოხლავა პლანმა! – აგვიხსნა დიასახლისმა, შემდეგ ლამარას მიუბრუნდა – წაიღეს ბარი, წაიღეს!

ლამარამ გაგვიცინა და გაქრა.

– მაშ, შეიძლება? – ისევ შემოყო მელოტი თავი ექიმმა.

– მოვკლა კლიენტი? – შეგვეკითხა მაიკო.

ექიმი გაშპა. ტრეზორი ახლა ტკბილეულს ეცა.

– მთელი დღის მშიერი ვარ! – გამოაცხადა გამოტენილი პირით.

– ვინ მოვკლა, ეს თუ ის? – ისევ იკითხა მაიკომ. მერე მე მომიტრიალდა – ფეხი სკამზე შემოდე!

რაც სიამოვნებით ავუსრულე.

დიჯეი ბენომ წამით შეწყვიტა საქმიანობა და ახალი, უფრო მძაფრი რიტმი შესთავაზა გასავათებულ მოცეკვავეებს.

მაიკომ ფოჩები გადასწია და დარბაზს გახედა.

ლამარა და ექიმი თავდავიწყებით ცეკვავდნენ.

– მაინც დაითრია! – პირქუშად ჩაილაპარაკა მაიკომ. – ბრი კრზეო!!

– ექიმი ვიბრაციაში მოხვდა! – აღნიშნა გეგიმ და ტრეზორს თვალი ჩაუკრა.

– მაგას ნაკოლკა ექნება. "Уსპუ ნთ ითნჯაორშთლკე"! – თქვა ტრეზორმა და უეცრად სიცილი აუტყდა. გეგისაც გაეცინა და ფერდზე წაივლო ხელი.

– ტრეზორ, დღეს შენი დღეა!

ტრეზორს სიცილი ნელ–ნელა ისტერიკაში გადაუვიდა, მაგრამ მაიკოს სილამ უშველა.

– აბა, ვის რად უნდა მოწყენილი ტრეზორი?! – ჩაილაპარაკა გეგიმ და წამოდგა – მაი, აღარ შეგაწყენთ თავს, წავალთ!

– მოიცა, გაგაცილებთ... დარბაზიდან გაგიყვანთ! ტაქსი ხომ არ გამოვიძახო?

– არა, არ ღირს.

ადგომა გამიჭირდა, მაგრამ არ შევიმჩნიე, ტრეზორს მაგრად ჩამოვართვი ხელი და მაიკოს გავყევი. დარბაზი თითქმის ჩაბნელებული იყო. ყველა ცეკვავდა.

– კოკაინის ველია! – თქვა ჩვენს ზურგსუკან ტრეზორმა – როგორ არ იღლებიან?

– ჰა, ექსტაზს ხომ არ ყიდი? – ჰკითხა გეგიმ.

– აბა სად ექსტაზი, სად ჩვენ?.. – სასმელით იგლიჯებიან.

სინანულით თავი გააქნია ტრეზორმა. ბენომ დაგვინახა და ხელი დაგვიქნია.

– ბართან დაბრუნდი! – წაუსისინა ლამარას მაიკომ.

– რა იყო, ცუნცულ, გშურს ახალგაზრდების? – იკითხა ტრეზორმა და ენაზე იკვნიტა.

მაიკოს უეცრად გაეღიმა.

– დღეს მართლაც დიდი დღე აქვს ჩემს ქმარს.

დღეგრძელი ტრეზორი დაიძაბა და ცოტა გამოფხიზლდა კიდეც.

ექიმი ცარიელ მაგიდას დაუბრუნდა, სული მოითქვა და სევდიანად ჩაილაპარაკა:

– კომოციო... ოცდაერთი დღე გაუნძრევლად წოლა. არა ტელევიზორი, არა კითხვა... კომოციო! რა ლამაზად ჟღერს და ამავე დროს უბრალო ტვინის შერყევას ნიშნავს! – შემდეგ ყოვლად ულოგიკოდ დაამატა – ცეკვა ახალგაზრდობაა... სურვილიც კი, რომ იცეკვო, უკვე რაღაცას ნიშნავს...

შემდეგ ადგა და სანამ ფეხათრევით წავიდოდა ტუალეტისკენ, ჩვენ გაგვიღიმა – ახალი ფეხსაცმელი მაცვია. ყოფა მიტირა!

– არ არის ცუდი კაცი! – გული აუჩუყდა მაიკოს.

ბენომ რაღაცა შეჰყვირა და კვლავ შეცვალა რიტმი. ლამარა უეცრად ტუალეტიდან დაბრუნებულ ექიმს სწვდა ხელში, შემდეგ მაიკოს და ტრეზორს... მათ სხვებიც შეუერთდნენ და მხიარული კავალკადა მაგიდებს შორის ლავირებით დარბაზს მოედო.

– აჰ, ჩემი საქმე არ არის ეს ზილინა! – ვთქვი მე და სკამზე ჩამოვჯექი. რამდენჯერმე დამქაჩეს საცეკვაოდ, მაგრამ ხელები გავასავსავე, სამაგიეროდ, გეგი დაითრიეს და ისიც სიამოვნებით ჩაება ფერხულში.

ისე გემრიელად აცეკვდნენ, რომ მეც ავკუნტრუშდი.

ლამარა გამოეყო მოცეკვავეთა ჯგუფს და ჩემს მაგიდასთან ჩამოჯდა.

– რატომ არ ცეკვავთ?

– ფეხი მტკივა! – გულწრფელად ვუპასუხე, თან შევამჩნიე, რომ ცალი თვალი გეგისკენ გაურბოდა.

ბოლოს ბენომ ინამუსა და რაღაც წყნარი და მდორე დაუკრა.

აქოშინებული ექიმი ლამარასკენ გაეშურა, მაგრამ მაიკო დროზე ჩაერია და მოწყენილი გოგონა ბარს დაუბრუნდა.

– წავიდეთ? – გეგი იყო.

– რა ვიცი, იქნებ წაიკვინტრიშო ცოტაც?!

– უკაცრავად, რომ მიგატოვეთ! – ექიმი ხმაურით დაეხეთქა სკამს – რამეს ხომ დალევთ?

– თქვენ არ აგვიკრძალეთ?

– ეს თქვენ აგიკრძალეთ და არა გეგის.

– მაშ გეგი პრივილეგირებული პერსონა ყოფილა! – დავიბოღმე მე და გეგის ჯანსაღი ფეხი მოვუქნიე.

– ასეთი შურიანია, რას იზამ? – გეგი მხარში შემიდგა.

– რა კარგია ასეთი ძმაკაცობა, მე კი სულ მარტო დავდივარ ამ ბოსელში! – დასევდიანდა ექიმი. სანამ გეგი აქვითინდებოდა მისი საცოდაობით, კარისკენ ვუბიძგე და გზად მაიკოს ვაკოცე.

– მე არ მაკოცებთ? – მოფრთხიალდა საიდანღაც ლამარა.

დიდი კოცნაობა ატყდა. ბოლოს რატომღაც ტრეზორს და ბენოს ვკოცნიდი.

ბოლოს გეგი დეპრესიულ ექიმს ჩაეხუტა. აჟიტირებული მაიკო კი ბენოს.

– ბენოს დავჭრი! – თქვა ტრეზორმა და ხანმოკლე დაფიქრების შემდეგ დაამატა – ბაყვში დავჭრი.

– არ გინდა, ტრეზორ! – ვუთხარი მე.

– რატომ?

– ბენო უბადლოა დანაში!

მაიკომ რაღაც მითითებები გასცა და ყველა საკუთარ ადგილს დაუბრუნდა.

– ხანდახან უნდა გაახალისო ეს მოგოიმო პუბლიკა! – აგვიხსნა მაიკომ და გასასვლელამდე მიგვაცილა.

და ჰოი, ხილვა უცნაური... რის თოვლი? რის ვარსკვლავები... ეს უკვე ფაიზაღი ჰალუცინაცია იყო.

დისკოტეკაში მონაზონი შემოგოგმანდა. წელში ლამაზად გაზნექილი და ტუჩებმოკუმული უცნაურად დაძაბული მზერით ათვალიერებდა მოცეკვავე წყვილებს, შემდეგ მსუბუქი ნაბიჯით გამოემართა ჩვენკენ.

– შეიძლება, სულ ცოტა ხნით შუქი ჩართოთ?

– რა ბრძანეთ? – დაიბნა მაიკო.

– ადამიანს ვეძებ... ვის ვთხოვო სინათლის ჩართვა?

დაბალი, სასიამოვნო ხმით ლაპარაკობდა.

– მე! – თქვა მაიკომ.

– შეიძლება? – რბილად იკითხა მონაზონმა. მაიკო გამოერკვა და ბენოს გასძახა – შუქი ჩართე!

– გმადლობთ! – მონაზონმა კვლავ დაკვირვებით შეათვალიერა განათებული დარბაზი, აღარავინ ცეკვავდა.

– ვის ეძებთ, იქნებ მე დაგეხმაროთ? – ჰკითხა მაიკომ.

– ჩემს ქალიშვილს, მაგრამ ის იქ არ არის! – ჩაილაპარაკა მონაზონმა და უეცრად უღონოდ დაეშვა სკამზე – ტაქსიც არ დამელოდა... მთელი ღამეა ვეძებ!

ახლაღა დავინახეთ, რომ ახალგაზრდა ქალი იყო, გრძელი, მოდილიანისებური, მარილიანი სახე და თვალები... ვერაფრით გამოვიცანი რა ფერისა ჰქონდა ეს დიდრონი, წყლიანი თვალები.

– მერე და რატომ ეძებთ, რაო, გრეხია, ბავშვი ცოტა გაერთოს? – ტაქტიანად იკითხა ტრეზორმა.

– წვენს ხომ არ მიირთმევთ? – მაიკო აწურული იდგა მონაზონის წინაშე.

– არა... წყალი, თუ არ შეგაწუხებთ!

პატარ–პატარა ყლუპებით შესვა მოტანილი წყალი. დაძაბული იჯდა, სკამის ზურგს არც კი მიყრდნობია.

– მე ხომ არა ვარ საჭირო? – ექიმი მოვიდა მაგიდასთან.

– ცუდად ხომ არა ხართ? – ჰკითხა მაიკომაც.

– არა. ახლა წავალ. ცოტა მოვითქვი სული!

– არ მომერიდოთ! – თქვა ექიმმა.

მონაზონმა გაკვირვებით ახედა მას.

– ექიმია! – აუხსნა ტრეზორმა.

შუქი კვლავ ჩაქრა და ცეკვა გაგრძელდა.

– დედა სოფიო! – თქვა მონაზონმა.

– ვისი დედა? – ვერ გაიგო ტრეზორმა.

მე მქვია დედა სოფიო!

ლამარა დაბნეულად ატრიალებდა ხელში დაცლილ ჭიქას.

– წავალ, უკაცრავად, რომ შეგაწუხეთ! – დედა სოფიო წამოდგა. ექიმმა რატომღაც ხელზე აკოცა.

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / თაბუკაშვილი ლაშა / კომოციო