თაბუკაშვილი ლაშა

მამაშვილი ზღვაზე 

 

ტბასავით გარინდებული ზღვიდან ნელ-ნელა წამოიმართა უზარმაზარი, ლურჯად ჩამუქებული ტალღა, თავზე თეთრი ქაფის ზოლი გაიკეთა და მზე დაფარა, შემდეგ გაიყინა და ყველამ დაინახა, რომ ეს იყო მთა, უყვავილო, ბრტყელი მთა, მხოლოდ ქაფის ზოლი განაგრძობდა შიშინს. ხოლო სულ ბოლოს, თითქოს მზემ ამოტეხაო ამ გაუვალ სილურჯეში, ტალღა – მთის მკერდზე კაშკაშა მკაცრი ჯვარი გამოკიაფდა.

გაეღვიძა. სიზმარი ჯერ კიდევ თბილი და ხელშესახები იყო. საღამოვდებოდა. ზღვის ხმაური და ტყის შრიალი შემოდიოდა ფანჯარაში.

ვაჟა სიგარეტის კოლოფს გადასწვდა და უეცრად დაინახა სავარძელში მოკალათებული ჭაღარა კაცი, მოთმინებით რომ ელოდა მის გაღვიძებას.

– გამარჯობათ! – თქვა კაცმა, – მე მაქაცარია ვარ, მილიციის სამძებროს უფროსი. გახსოვართ?

– როგორ არა! – ზრდილობიანად უპასუხა ვაჟამ, ლოგინზე წამოჯდა და სახე მოიფშვნიტა.

– უკაცრავად, ასე მძინარეს რომ დაგადექით თავს, რამდენიმე შეკითხვა მაქვს თქვენთან.

– ბრძანეთ!

მაქაცარიამ ყურადღებით შეათვალიერა წვიმისაგან დამსკდარი ჭერი, შემდეგ მზერა აივანზე გადაიტანა და თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა.

– მამათქვენმა ამ სახლის მშენებლობა რომ დაიწყო, მეც თქვენხელა გახლდით. ეჰ, კარგი დრო იყო მაშინ...

"მოეშვი ახლა ლირიულ წიაღსვლებს..." გაღიზიანებით გაიფიქრა ვაჟამ, სწრაფად ჩაიცვა ხალათი და თვითონაც სავარძელში გადაინაცვლა.

კაცმა თითქოს რაღაც იგრძნოო, აჩქარდა.

– ახლა რაშია საქმე! მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენჯერმე ანგარიში გავუწიეთ თქვენს ოჯახს... ცოტა აცვენილი პერიოდი რომ გქონდათ, ასე ვთქვათ... ახლა მესმის ხოლმე თქვენი ქება, წარმატებები...

– რაღაც საქმეო... – შეახსენა ვაჟამ.

– მოკლედ, თქვენი პატარა დახმარება გვჭირდება. დღეს დილით ჩვენმა ოპერმუშაკმა პლაჟზე ვოლგოგრადის ციხიდან გამოქცეული პატიმარი დააკავა. აქაური ბიჭია, ზურია ჰქვია. თქვენ, თუ არ ვცდები, შეესწარით მაგ ამბავს.

– დიახ!

– იმ ზურიამ ჩვენი ოპერმუშაკის დანახვაზე ჯინსის "კურტკას" სტაცა ხელი და ზღვაში გადახტა. ეტყობა რაღაც–რაღაცები მოიცილა წყალში.

– მერე?

– ჩვენ ვიცოდით, რომ მას თან ორი ათასი მანეთი ჰქონდა, მაგრამ დაკავებისას ვერაფერი ვუპოვეთ.

"სამას ორმოცდაათი. 350 მანეთი".

– ალბათ წყალში ჩაყარა!

– არა. როგორც ჩვენ გვაცნობეს, მას ნაპირზე დაუყრია ფული. წყალში მან, ჩემი ვარაუდით, ნარკოტიკი მოიცილა.

– მე რით შემიძლია დაგეხმაროთ?

– ჩვენ ისიც გვაცნობეს, რომ თქვენს გვერდით მჯდომმა ყმაწვილმა აიღო ის ფული! თქვენმა ამხანაგმა, ასე ვთქვათ...

– აქ რაღაც შეცდომაა, იქ მარტო მე და ჩემი შვილი გახლდით.

– დარწმუნებული ხართ ამაში?

– ბატონო?

– ნუ ბრაზობთ! ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია იმ ორი ათასის პოვნა, საბუთად გვჭირდება!

"სამას ორმოცდაათის. საიდან მოიტანა ეს ორი ათასი?!"

– ციხიდან თუ გამოიქცა, ისედაც დაუმატებენ სასჯელს, რაღა საბუთი გჭირდებათ?

– ვერ გავიგე? – ცივად იკითხა კაცმა.

ვაჟა სიგარეტს გადასწვდა და მაქაცარიასაც შესთავაზა. მან თავი გააქნია უარის ნიშნად.

– ორი თვეა თავი დავანებე.

– რომელი საათია?

– ექვსი ხდება.

კაცმა მუხლზე დადებული პორტფელი გადახსნა, ცოტა ხანს ქექა უწესრიგოდ ჩაყრილი ხელნაწერები, შემდეგ ერთ-ერთი დაკეცა, პერანგის ჯიბეში ჩაიდო და ვაჟას მიაჩერდა. ბიჭის დაინტერესებულ მზერას რომ წააწყდა, გაიცინა.

– არა, ეს ისე, საჩვენებლად არ ამომიღია.

– კი მაგრამ, იმდენი ფულის დაყრა ნუთუ ვერავინ შეამჩნია.

– შეამჩნიეს და გვაცნობეს კიდეც.

– რომ ჩემმა მეგობარმა აკრიფა?

– არ ვიცი, მეგობარია, ძმაკაცი თუ ნაცნობი... ჩვენ ვიცით, რომ ფულის ამღები თქვენ გახლდათ პლაჟზე.

– იცით, ნაცნობ–მეგობრები მე აქ ბლომად მყავს, მაგრამ იმ დღეს ჩემთან ერთად არავინ ყოფილა. ასე რომ, ვერაფრით დაგეხმარებით.

მაქაცარია ჩაფიქრდა, კვლავ წვიმისაგნ დახეთქილ და დალაქავებულ ჭერს მიაპყრო მზერა და ბოლოს ჩაილაპარაკა:

– თქვენი შვილი რა ხნისა?

– შვიდი წლის.

– ღმერთმა გაგიზარდოთ! ბიჭია?

– დიახ. კახა ჰქვია!

– ახლა სად არის?

ვაჟამ მხრები აიჩეჩა.

– არ ვიცი, ალბათ თამაშობს ახლო-მახლო...

– თქვენი მეუღლე არ ჩამოსულა?

– არა. ზეგ ჩამოდის. გნებავთ რამე ჰკითხოთ კახას?

– თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით...

– კი ბატონო, ჰკითხეთ, რახან ეჭვი გეპარებათ ჩემს სიტყვებში.

– არა, რა ეჭვი?! ისე, უბრალოდ... იქნებ რაიმე ახალი გვითხრას.

– ბავშვი ნახევარ სათში უნდა გამოჩნდეს წესით.

– ნახევარ საათში გამოგივლით.

– შევთანხმდით.

მაქაცარიამ პორტფელი იღლიის ქვეშ ამოიდო და ეზოში გავიდა. ვაჟამ თვალი გააყოლა, შემდეგ პირსაბანის წყალი შეისხა ძილისაგნ შეშუპებულ სახეზე და მეზობელ ეზოში გადავიდა.

– რა იყო, ვაჟა? – მაღალი, ტანსრული ქალი გამოვიდა აივანზე.

– ჩემს ბიჭს ვეძებ.

– ხეზეა გასული, ვერაფრით ჩამოვიყვანეთ! – გაიცინა ქალმა, – შენს თავზეა სწორედ.

ვაჟამ აიხედა და გული გაუსკდა. კახა ცალი ხელით სქელ ტოტს ჩახვეოდა, მეორეთი კი გამწარებით ცდილობდა მოშორებით მოქანავე ვაშლს მისწვდომოდა.

– კახა, ჩამოდი!

ბიჭი მაინც მისწვდა ვაშლს, მოწყვიტა, ისედაც გვარიანად გამობერილ პერანგში ჩაიგდო და უხმოდ ჩამოსრიალდა ხიდან.

– ვაშლი გინდა?

– მინდა! – ვაჟამ ვაშლი ჩაკბიჩა, მოტრიალდა და სახლისაკენ წავიდა. კახა ფეხათრევით გაჰყვა მამას.

– საბანაოდ მივდივართ?

– არა, მაგრამ მალე წავალთ.

– დათო ბიძია წავიდა?

– ჰო.

– სად?

– სოხუმში.

– მალე ჩამოვა?

– ალბათ.

– დედა როდის ჩამოდის?

– ზეგ. ახლა გაჩუმდი და მე მომისმინე. ჰო, მართლა, კიდევ მებუტები?

კახამ არაფერი უპასუხა.

– მებუტები-მეთქი?

– არა! – უხალისოდ ჩაილაპარაკა ბიჭმა.

– კარგი, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. კახა, მე შენ ყოველთვის გასწავლიდი, რომ ტყუილი არ უნდა თქვა!

– მერე, როდის ვთქვი ტყუილი?!

– არა, არ გითქვამს, მაგრამ... მაგრამ ახლა უნდა თქვა!

– რა უნდა ვთქვა?

– ღმერთო ჩემო! – დაიკვნესა ვაჟამ, სავარძელში ჩაეშვა და სახე მოისრისა. – წადი, სიგარეტი მომიტანე!

– ჯიბეში გაქვს. – წაიბურტყუნა კახამ.

– ჰო, ვერც შევამჩნიე.

– კახა, შენ ერთი ბიძია გკითხავს, თუ რა ნახე დღეს დილით პლაჟზე. აი, ის ბიჭი რომ დაიჭირეს... შენ კი უნდა უთხრა...

– რა?

– მაცალე, ტვინი ამებნა!

ვაჟამ სიგარეტს მოუკიდა და ბოლთის ცემას მოყვა აივანზე. კახა მოთმინებით ელოდა საუბრის გაგრძელებას. ზღვისა და ტყის ხმაშეწყობილი ხმაური ყვავის ჩხავილმა გასერა. ვაჟამ სამჯერ გადააფურთხა და დამნაშავესავით შეხედა შვილს.

– კახა, შენ არ უნდა თქვა, რომ დათო ბიძია ჩემს გვერდით იჯდა. შენ არ უნდა თქვა, რომ დაინახე, თუ როგორ ავკრიფეთ ჩვენ იმ ბიჭის მიერ დაყრილი ფული. ეს რომ წამოგცდეს, ჩვენ დიდი უსიამოვნება შეგვხვდება.

– ვინ უნდა მკითხოს, მილიციელმა?

– ჰო, მილიციელმა. ოღონდ ფორმა არ ეცმევა.

ბავშვი ჩაფიქრდა.

– კარგი, არ ვიტყვი.

ქუჩიდან მანქანის ხმა მოისმა. ვაჟა დაიძაბა, მაგრამ მანქანამ სახლს სწრაფად ჩაუქროლა და კვლავ ყვავმა დაიჩხავლა საზიზღრად. ვაჟა გადასაფურთხებლად მოემზადა, მაგრამ შვილის დაინტერესებულ მზერას რომ წააწყდა, თავი შეიკავა და გვერდზე ჩამოუჯდა ბიჭს.

– შენ ხომ გჯერა, რომ მე და დათო უკადრისს არაფერს ჩავიდენთ.

– მჯერა! – მტკიცედ თქვა კახამ. მაგრამ სწორედ ეს სიმტკიცე არ მოეწონა ვაჟას.

– ის ბიჭი მართლა დამნაშავეა, ტყუილად კი არ დაიჭირეს. მაგრამ როგორ და რატომ გახდა დამნაშავე, ჩვენ ხომ არ ვიცით. თავიდანვე დამნაშავედ ხომ არ დაიბადებოდა. ისიც ხომ იყო შენსავით ბავშვი?

– ჰო, – ხანმოკლე დაფიქრების შემდეგ დაეთანხმა კახა.

– მისი გაჩენაც ხომ ისევე გაეხარდათ მშობლებს, როგორც გაგვეხარდა შენი გაჩენა.

– ჩამოფრენა! – დააზუსტა ბიჭმა.

– რა?

– ჩამოფრენა.

– ჰო, შენი ჩამოფრენა რომ გაგვეხარდა მე და დედაშენს. ეტყობა, საწყალს მაგრად მოენატრა თავისი მშობლები, მეგობრები, ზღვა... თორემ ციხიდან გამოქცეული სახლში ხომ არ დაბრუნდებოდა. ეს ხომ სისულელეა?!

კახამ დინჯად დაუკრა თავი თანხმობის ნიშნად. ვაჟამ სული მოითქვა და ახლა უფრო სწრაფად განაგრძო საკუთარი ადაპტირებული მონოლოგი.

– ახლა მთავარი მინდა გითხრა. იმ ბიჭმა, წყლიდან რომ ამოვიდა, თვალით გვანიშნა, ფულს აქა ვყრიო. ესე იგი, გვენდო მისთვის უცხო ადამიანებს. გვენდო მაშინ, როცა ასეთ ცუდ დღეში აღმოჩნდა და ისევ ის დაწყევლილი ციხე ელოდა. რა მოხდებოდა, ჩვენ ეს ფული რომ აგვეღო და მილიციისათვის ჩაგვებარებინა?

– რა მოხდებოდა?

– ის მოხდებოდა, რომ ბიჭი ადამიანების ნდობას კიდევ უფრო დაკარგავდა. უფრო გაბოროტდებოდა და შეიძლება საბოლოოდ ჩაექნია ხელი ცხოვრებაზე. ახლა კი, წლების განმავლობაში, მას ის აზრი გაათბობს, რომ უცხო ადამიანებმა არ გაუმტყუნეს ნდობა.

– და გამოსწორდება?

– ალბათ. ალბათ კი არა, აუცილებლად გამოსწორდება. მაშ დაიმახსოვრე რაც გთხოვე?

– კი... დიახ!

– ესე იგი, შენ არ ახსენებ დათოს იქ ყოფნის ამბავს და...

– მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რაც ყველამ დაინახა.

ვაჟამ წამით პირი დააღო.

– მამა, ეს ტყუილი დათო ბიძიას სჭირდება?

ვაჟამ კინაღამ დაიკვნესა.

– ჰო!

– დაიჭერენ?

– არა, მაგრამ კარგი დღე არ დაადგება.

– არც შენ?

– რა, მე?

– არც შენ დაგადგება კარგი დღე?

– რასაკვირველია! – გაეცინა ვაჟას. – ისე, შენ არაფრის შეგეშინდეს, მე გვერდზე გეყოლები!

– მე არ მეშინია! – ჩაილაპარაკა კახამ და ვაშლი ჩაკბიჩა.

 

 * * *

ეს დილაც ჩვეულებრივად დაიწყო. დათო ყველაზე ადრე ადგა, გასტრონომიდან სურსათი მოიტანა და მამა-შვილიც გააღვიძა.

– ვაჟკაცების კომუნა, ფეხზე! საუზმე მზადაა.

ვაჟამ მძინარე შვილს აკოცა. მერე შეუღიტინა...

– კარგი რა, მამა, ხუთი წუთი...

– წამოხტი, საბანაოდ მივდივართ!

კახა დენნაკრავივით წამოხტა.

ვაჟამ ანაზდად საბეჭდ მანქანას მოკრა თვალი და გუნება მოეშხამა.

სიგარეტს მოუკიდა და უმიზნოდ გაბოდიალდა აივანზე.

– დედამ რომ გთხოვა, უზმოზე ნუ მოსწევო?!

– არ არის ეგ შენი საქმე! – უპასუხა შვილს. ცოტა ხნის შემდეგ პირდაბანილი და საბანაოდ გამოწყობილი "კომუნა" პატარა მაგიდას შემოუსხდა.

– კბილები გაიფერე?

– კი, მამა!

– კი, კი არა, დიახ!

– დიახ!

– მამა, არაჟანი არ მინდა, რა!

– ვერ ვიტან წუწუნს!

– მე არ ვწუწუნებ! – სახეზე წამოანათა კახას.

– კახუნა! შეჭამე ეგ არაჟანი! – ჩაერია დათო – თორემ ჩამოვა ზეგ დედაშენი და გაჩხინკულს რომ დაგინახავს, სამივეს გაგვიჯავრდება.

უხმოდ შეუდგნენ საუზმეს. ვაჟა უგემურად ილუკმებოდა, ისევ მტვრიანი საბეჭდი მანქანა ედგა თვალწინ.

– რა მოხდა, ვერც გუშინ იმუშავე? – რბილად ჰკითხა დათომ.

– ვერა, მაგის ოხერი... – ვაჟამ დროზე მოსხიპა გინება და ყურდაცქოვეტილ შვილს რომ შეხედა, სულ გადაირია. – ლოკატორებივით რომ წამოგეზრდება ხოლმე ყურები ჩვენი საუბრის დროს, გატყეპვა ხომ არ მოგენატრა?

– მე მერევი? – წყნარად ჰკითხა ბავშვმა.

დათოს სახეზე წამოაწითლა და თავი თეფშში ჩარგო.

– გადი, სამზარეულოში დაამთავრე ჭამა!

კახა უხმოდ წამოდგა, საკუთარ დანა-ჩანგალს და თეფშს ხელი ჩასჭიდა, გაუბედავად გაუღიმა დათოს და აივნიდან სამზარეულოში გავიდა. ვაჟამ თვალი გააყოლა შვილს და გული შეეკუმშა.

– პესტალოცი! – გინებასავით წარმოთქვა დათომ – ეგ ბიჭი მუტრუკი არ არის, არ შეიძლება მისი დამცირება. შენ თუ ვერ მუშაობ და "კერასინკა" აგიბოლდა, ბავშვი რა შუაშია!

– თავი დამანებე, რა!

– არ დაგანებებ!

– არ ვიცი, დათო, რა მემართება. დედამისს ვუკრძალავ კახას დატუქსვას თავმოყვარეობა არ შეულახო–მეთქი. თვითონ კი, მარტო როგორც დავრჩი, კაპას დედაკაცად ვიქეცი.

– ზედმეტად ახალგაზრდა ხარ! – გაეცინა დათოს.

– ჰო, ოცი წლის ვიყავი, ეგ ყმაწვილი რომ მოგვევლინა მე და ირინკას.

გაახსენდა: კახა სულ რამდენიმე თვის იყო, პირველად რომ გაბედა მისი ხელში ატატება... შემდეგ საკუთარი სიმამაცით გათავხედებულმა სასწრაფოდ შეფუთა ბავშვი და ბებიასთან გააქანა. ახალგაზრდა მამის ბრიყვული სიამაყით მიაბიჯებდა ქუჩაზე, ქალაქში ფოთლებს წვავდნენ, გვიანი შემოდგომა იდგა.

და უეცრად ჩამობნელდა, სადღაც ელვამ გაკვეთა კაბადონი, ყრუდ დაიგრგვინა. ვაჟამ თავისდაგასაკვირად დაინახა, რომ ქუჩა სულ დაცარიელდა, არც ადამიანები, არც მანქანები... რამდენიმე პირქუში, თვალებჩამქრალი სახლი წამოდგომოდა თავს და რატომღაც ენით აუწერელი შიში და უმწეობა იგრძნო, თითქოს რაღაც უხილავი და საზარელი დაემუქრა მის თოთო შვილს, თვითონ კი უსუსურს და უღონოს ძალა არ შესწევდა შესკდომოდა ბოროტ სტიქიონს. ვაჟამ მკერდში ჩაიკრა პატარა სიცოცხლე და ჩვილის განუმეორებელი სურნელით გაბრუებულმა ჩაილაპარაკა: მე შენს თავს არავის დავუთმობ!

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / თაბუკაშვილი ლაშა / მამა–შვილი ზღვაზე