თაბუკაშვილი ლაშა

მშვიდობით, ქალბატონო!

 

თვალუწვდენელი მინდორი. დიდი კოპიტის ქვეშ გაშლილია სუფრა. წვეულებაზე შეკრებილ შავჩოხიან ყმაწვილებსა და გრძელკაბიან ქალებს შორის განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა ერთი ყელშეღერებული გოგონა, თავმოდრეკილ კორნეტს რომ შეჰყურებს ღიმილით.

ეს გოგონა მე მიყვარდა.

ფოტოსურათი ძველი და გაცრეცილი იყო. პირველად ბებიას არქივში წავაწყდი ამ სურათს და ქალის ვინაობით დავინტერესდი. მას ერქვა სალომე და ბებიას ყმაწვილქალობის მეგობარი იყო.

ექვსი წლის ბიჭი, უგონოდ შეყვარებული ფოტოსურათზე, საშინლად ვეჭვიანობდი გრძელულვაშა კორნეტზე.

 

 *

სუფთად და მხიარულად თოვდა.

ბებია მისი მეგობრის სახლამდე მივაცილე და წასვლა დავაპირე.

– გია, თუ შეგიძლია, ორი საათის შემდეგ გამომიარე. ახალ წელს შევხვდები და წამოვალ. თუ, არ შეგიძლია?..

– არა, გამოგივლი, მაგრამ...

– თუმცა... მოდი, დარჩი ჩემთან ერთად.

– მაღლა ამოგყვე?

– ჰო, რა მოხდა ასეთი, ორი საათი არ გაგიძნელდება ჩემს ბებრუცანებთან.

ბებია მუდარით შემყურებდა.

– კარგი, ამოვალ.

ბებიას ძალიან გაუხარდა და შუბლზე მაკოცა.

– წარმომიდგენია, როგორ გაუკვირდებათ... სხვათა შორის, იცი, ვინ იქნება დღეს ნინოსთან?

– ვინ?

– ქალბატონი სალომე... შენ რომ გიყვარდა.

– რაა?

– გახსოვს, ფოტოსურათზე...

გამეღიმა, ისეთი გრძნობა დამეუფლა, ბავშვობაში გაგონილ მელოდიას, მივიწყებულს და თითქოს ხავსით დაფარულს, ხელმეორედ რომ მოისმენ.

პატარა მაგიდას სამი მოხუცი ქალი მისხდომოდა. ისევ ის გრძელი კაბები, ისევ გოგონები, ასე მობერებულნი... აღარსად იყო კოპიტი, ულვაშებიანი კორნეტი...

"კორნეტი მე ვიქნები..." – გადავწყვიტე და სათითაოდ ვეამბორე ხელზე მოხუცებს.

ქალები ძალიან გაახარა ჩემმა მოსვლამ, გაახარა და გააოცა.

ბებია ამაყად და ბედნიერად იღიმებოდა.

სათუთად გაშლილ სუფრას მივუსხედით. ოთახი პატარა და იისფერი იყო.

– სალომე სად არის? – იკითხა ტანიტმა.

– სარკის წინ კეკლუცობს ალბათ.

– ოხ, სალომკა, სალომკა, რყითოთყტ ითკრღ დე ვზქროსრშენნრღ, – წამოიღუღუნა ქალბატონმა ელენემ.

– მან არც კი იცის, რომ აქ ძველი თაყვანისმცემელი ელოდება.

"როგორ?" – გაიკვირვეს ქალებმა.

ბებიამ ფოტოსურათის ამბავი მოუყვა.

ყველა გამხიარულდა.

ზარის ხმა გაისმა და ოთახში ჟრიამული ატყდა.

– სალომკა, სალომე!

ამ დროს ერთი ბუტერბროდი ავწაპნე. მგელივით ვიყავი მოშიებული, ქალები კი ვახშამს არ ეკარებოდნენ.

ოთახში მინიატურული, ამაყი გარეგნობის მოხუცი შემოვიდა. თაფლისფერი თვალები მოავლო ოთახს და მეც შემომხედა.

დაუმთავრებელი ბუტერბროდი მაგიდაზე დავდე და გამოტენილი პირით ვეამბორე ხელზე. სევდა ვიგრძენი: "ეს არის, ის ყელშეღერილი გოგონა, მე რომ მიყვარდა?"

სალომე მოხდენილად ჩამოჯდა სკამზე და მოხუცების საუბარს შეუერთდა. სკამის ზურგს არც კი ეხებოდა, წელგამართული იჯდა დედოფალივით.

"დიდხანს გაძლებს, ნეტავ?" – გავიფიქრე და წელში გავსწორდი. მაგრამ მალე ისევ მოვეშვი და სკამის ზურგს მივეყრდენი.

ნინომ ფოტოსურათის ამბავი გაიხსენა.

ქალმა გაიღიმა.

– წარმომიდგენია, როგორ მოეწყინა...

– გიას! – დავასწარი.

– მე ვიცოდი თქვენი სახელი.

– მე არა ვარ მოწყენილი.

– ძალიანაც კარგი, თუკი არ მოგეწყინათ.

ნინომ გიტარა მოიტანა. სალომემ ორიოდე აკორდი აიღო და გაჩერდა.

– გთხოვთ, სალომკა, იმღერე რამე...

– თუ ეს ახლგაზრდა რაინდი არ იქნება წინააღმდეგი...

– როგორ გეკადრებათ, მე...

– ხომ არ დაგველია ჯერ ცოტა...

– ღმერთო, სულ დამავიწყდა! – წამოხტა მასპინძელი. კინაღამ ჟრჟოლამ ამიტანა, ერთი ბოთლი ლიქიორი რომ შემოიტანეს.

– გიას არ ველოდით და მხოლოდ ეს გვაქვს... თუმცა, კონიაკიცა მაქვს, მაგრამ, ალბათ, გია არ სვამს კონიაკს, თანაც ნახევარი ბოთლია, უკვე გახსნილი და ვერ ვაკადრებ სტუმარს.

"მაკადრეთ, მაკადრეთ–მეთქი", – ამოვიგმინე კინაღამ, მაგრამ ბებიამ გამომიყვანა ამ მდგომარეობიდან.

– არა უშავს, ახალი წლის ხათრით დღეს შეიძლება დალიოს.

კონიაკის დანახვაზე გავმხიარულდი. სალომემ უცებ მძლავრად ჩამოკრა ხელი სიმებს და ჩემკენ შემოტრიალდა.

– "თოტჩმკ, იძ სრღ, ლეპზყკმღ.

მას წვრილი, მინაბული ხმით აჰყვა ქალბატონი ტანიტი, მშვენივრად მღეროდნენ.

ბებია თვალებში შემომციცინებდა, ღელავდა, კმაყოფილი ვიყავი, თუ არა.

სალომემ დაკვრა ისევე უეცრად შეწყვიტა, როგორც დაიწყო და გაიცინა.

– გრიფი დგას ძალიან მაღლა, ძნელია... თითები მეტკინა, გია, გვითხარი რამე!

– მომისმინე, თამრიკო, – მიუბრუნდა ბებიას ელენე – Сთორსკთ კრკეინმჩთეი ყ ივრმს ვნუკრს.

ბებიას გაეცინა.

– და შენ გახსოვს, როგორ აწვალებდა ლევან ციციშვილს?

– სულაც არ ვაწვალებდი, – იწყინა სალომემ.

– ეი სუჩმოთ! – დაასკვნა ელენემ.

სალომე გაფითრდა.

– მე კი მახსოვს, მისი დაღუპვის ამბავი რომ გაიგე, წარბიც არ შეგიხრია.

– არ გრცხვენია, ლენიკო, – უსაყვედურა ბებიამ, – სალომკა ძალიან განიცდიდა.

– ის კი გიჟდებოდა! – დაიჟინა ქალმა. ეტყობა, თვითონაც მოსწონდა ის ლევან ციციშვილი.

– მე სალომეს ვეთანხმები, – სუსტი ხმით წარმოთქვა ტანიტმა.

– როგორ ამბობ ამას, ნიტიკო! – აღშფოთდა ელენე.

"ვაიმე, ახლა საუკუნის წინანდელი ანგარიშების სწორება რომ დაიწყონ"... – გავიფიქრე და წამოვდექი.

– ქალბატონებო, სანამ ახალ წელს მოგილოცავდეთ, მე თქვენი სადღეგრძელო მინდა შევსვა.

მშიერი ვიყავი და სასმელმა ძალიან იმოქმედა.

მე სხვა სკამზე გადავბარგდი.

– იცით, რას მეძახის გია? – თქვა ბებიამ.

– რას?

სალომე დაღონდა. გიტარა გვერდზე გადადო და ლიქიორი მოსვა. ისევ წელგამართული იჯდა.

– თქვენის ნებართვით, სიგარეტს მოვწევ.

თამბაქოს ნისლში ატივტივდნენ დაღლილი, დაღარული სახები.

ერთხელ, ბებიას ზანდუკი გავხსენი და ძველი, უსარგებლო ნივთებიდან შორეული, იდუმალი სურნელი ვიგრძენი. მას შემდეგ ეს სურნელი კეთილ სევდას მგვრის.

ახლაც ასეთი რაღაც განვიცადე.

მოხუცები, ცოტა არ იყოს, დამნაშავედ გრძნობდნენ ჩემს წინაშე თავს. განსაკუთრებით ბებია. მე სადღეგრძელოებს მოვუხშირე. ქალები შეთვრნენ და მოიწყინეს.

წამოვდექი, პატეფონი ჩავრთე და ერთ-ერთი ფირფიტა დავდე.

ხრიალით გაისმა ამ ქალებივით მოხუცი ვალსის მელოდია.

რიგრიგობით ვაცეკვებდი სუყველას. ფრთხილად დავატარებდი ოღრო-ჩოღრო პარკეტზე და სულ მეშინოდა, ღმერთო, ფეხი არ დავაბიჯო უცაბედად-მეთქი.

შემდეგ ბებია მივიწვიე.

– ხომ არ მოგწყინდა? – ჩამჩურჩულა.

– არა, პირიქით.

ვალსმა გააახალგაზრდავა ქალები. ბებიაც სხვანაირი იყო, არასოდეს მინახავს ასეთი.

"ბებია, ბებია!" – გავიფიქრე და ხელზე ვაკოცე, შემდეგ სკამთან მივაცილე და ქალბატონ სალომეს წინ იმ კორნეტივით მოვიდრიკე კისერი.

აქოშინებული, აბრდღვიალებული მოხუცები მაგიდას მიუსხდნენ და ჩვენ მოგვაჩერდნენ.

ოთახში მივიწყებულმა, წარმტაცმა სურნელმა შემოჟონა.

მსუბუქად წამომყვა. მართლაცდა მშვენივრად ცეკვავდა, ოდნავ ატორტმანებდა მხოლოდ მოხუცებულობა და დალეული ლიქიორი.

– ჩქარა, ჩქარა, – დაფაცურდა მასპინძელი და ახალი წლის გონგმაც ჩამოჰკრა. ატყდა ჭიქების წკარუნი, ხვევნა-კოცნა და სურვილების გამოხატვა.

ქალებს ცრემლიც მოერიათ.

მოხუცები სათითაოდ გადავკოცნე და ჭიქა დავცალე. ქუჩიდან სროლის ხმა ისმოდა.

– ახალი წლის კანონადაა, აქ ყოველთვის ისვრიან, – გაიღიმა ნინომ.

მე ჩემი მთვრალი ჭკუით გადავწყვიტე სიურპრიზით გამემხიარულებინა ქალები, რათა უმამაკაცობა არ ეგრძნოთ.

სპორტული "სტარტის" პისტოლეტი ამოვიღე და მთელი ჯერი მივუშვი ჭერში. თან შტერულად ვიღიმებოდი.

მოხუცები კინაღამ სკამებიდან გადმოცვივდნენ.

ბებია ძლივს ითქვამდა სულს შიშისა და უხერხულობისაგნ.

– როგორ შეიძლებოდა ასე მოულოდნელად, გია? – ენის ბორძიკით მითხრა და გაღიმება სცადა.

მხოლოდ სალომე დარჩა კმაყოფილი, კარგი მოგონებები აღმიძრა ამ სროლამო.

მალე ყველანი სახლებში დავარიგე და ჩემს მეგობრებთან გავაგრძელე ქეიფი.

სუფთად და მხიარულად თოვდა.

 *

გავიდა ზამთარი, ასე უჩვეულოდ თოვლიანი თბილისისათვის. გაზაფხულის თავბრუდამხვევმა სურნელმა მძაფრად ააჩქეფა სისხლი მოდუნებულ ძარღვებში.

მე შემიყვარდა ერთი გოგონა, მაგრამ გაცნობას ჯერ ვერ ვბედავდი.

არცა ვჩქარობდი, მინდოდა გამეგრძელებინა უცნობობის წარმტაცი პერიოდი.

გაზაფხულის ერთ-ერთ საღამოს სასაფლაოზე მომიხდა წასვლა ამხანაგებთან ერთად.

მარმარილოს ლაბირინთების გავლით ის-ის იყო გარეთ უნდა გავსულიყავით, როცა თვალი მოვკარი გათლილ ლოდში ჩასმულ წარმტაცი ქალის სურათს.

ლოდზე დაბადებისა და სიკვდილის წლები არ ამოეკვეთათ. და ეს გასაგებიცაა, ქალბატონ სალომეს არ უყვარდა, როცა მის წლოვანებას გებულობდნენ.

 1968 წ.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / თაბუკაშვილი ლაშა / მშვიდობით, ქალბატონო!