თაბუკაშვილი ლაშა

ტერანგი 

 

 

ეს ვეებერთელა, მრავალფანჯრიანი სახლი გზატკეცილს კარგა გვარიანად იყო დაცილებული. ჯერ ვრცელი მინდორი უნდა გადაგეკვეთათ, შემდეგ მეჩხერ ტყეში ვიწრო ბილიკს გაჰყოლოდით და ბოლოს გრძელ, ქვიან აღმართს რომ გაივაკებდით, მაღალ მესერს მიღმა, მაჯლაჯუნასავით თავს წამოგადგებოდათ ეს უშნოდ აწოწილი სასახლე.

გზატკეცილს გვერდზე რკინიგზის ლიანდაგი მიჰყვებოდა, მოშორებით პატარა სადგური იყო, სადაც სულ ორიოდე მატარებელი თუ იკადრებდა ხოლმე გაჩერებას, თბილისამდე ადვილად ჩააღწევდით საათნახევარში, მინდვრიდან სახლამდე კი (ზომიერი ნაბიჯით), ათიოდე წუთს მოანდომებდით.

ეს აგარაკად შერაცხული სახლი საბანაძეების ოჯახს ეკუთვნოდა და ჯერ კიდევ ორმოცდაათიან წლებში ააშენა გვარის სიამაყემ და ბერმუხამ, კონსტანტინე საბანაძემ, მკლავი მისთვის არავის მოუჭრია, რატომ კარგი ააშენეო და ბატონი კონსტანტინე უდრტვინველად მიიცვალა, შვილებითა და მრავალრიცხოვანი ნათესაობით გარშემორტყმული.

მისი მემკვიდრეები დიდად არ სწყალობდნენ ამ ახირებული კაცის ნაანდერძევს, ვერც აგარაკის გაყიდვა მოახერხეს და, ბოლოს სოფლიდან შორეული ნათესავი ქალი გამოიხმეს და სახლის მოვლა–პატრონობა მიანდვეს, ქალს სახელად ანა ერქვა, შინაბერა გახლდათ. ერთადერთი სულიერი არსება, რომელიც მის მარტოობას იზიარებდა, ანას უსინათლო დისშვილი იყო, ჩვიდმეტ წელს მიტანებული მოხდენილი ყმაწვილი, სახელად ტერანგი. ამ უცნაური სახელის ისტორია მოკლედ მოიყოლება: იყო ერთი სოფელი და ცხოვრობდა ამ სოფელში ორი და, უფროსი – კეთილი და ულამაზო ანიკო, უმცროსი – კეთილი და ლამაზი ცინარა. დადიოდა ამ სოფელში კოხტაულვაშა ფოსტალიონი, სახელად ბესარიონი. ცინარას და ბესარიონს მოეწონათ ერთმანეთი, დაქორწინდნენ და შვილიც გაუჩნდათ, რომელსაც ბესარიონმა, ქალაქში ცნობილი ამერიკული ფილმის ნახვის შემდეგ, ტერანგი დაარქვა. ეს იყო და ეს, თუ არ ჩავთვლით იმ ამბავს, რომ მოკლე ხანში ყველა მიხვდა, ბავშვი ბრმა რომ დაიბადა.

ამას ბესარიონის გალოთება მოჰყვა, გალოთებას კი – თვითდარწმუნება, რომ დასარიგებელი პენსიები მას უფრო დასჭირდებოდა, ვიდრე გადაყრუებული სოფლის გადაყრუებულ მოხუცებს... და დაიჭირეს ბესარიონი.

მოთმინებით ელოდა მის დაბრუნებას ცინარა, მაგრამ დაუდეგარმა ბესარიონმა, გათავისუფლების შემდეგ, დაჰკრა ფეხი და შუა ზიაში ამოყო თავი, საიდანაც ცოლ-შვილს ასეთი შინაარსის ბარათი უწყალობა: აქ უფრო კარგია, ახალი ოჯახობაც გავიჩინე და თუ რამე დაგჭირდეთ, არ მომერიდოთ, შემატყობინეთო.

და ავად გახდა ცინარა, დაილია, დაჭკნა, ჩავარდა ლოგინად. სიკვდილის წინ, ხუთი წლის ტერანგი რომ მიუყვანეს, ბავშვს არც კი შეხედა, კედლისკენ იბრუნა პირი და მოკვდა.

ანამ ბავშვის აღზრდა ითავა, შემდეგ საბანაძეების აგარაკის მეთვალყურეობა და... ქატო იქა, ფქვილი აქა...

კოწია საბანაძის შვილიშვილი გივი, თავის ამხანაგებთან ერთად, ხანდახან კონკისტადორივით დაატყდებოდა ხოლმე მივიწყებულ აგარაკს და ტერანგის საოცნებო მოგონებად რჩებოდა – ღრიალის, სიცილის, ჭურჭლის მტვრევისა და ჩამოტანილი მაგნიტოფონის ამაფორიაქებელი სიმღერების ჰანგები და კიდევ ხუთი ბგერა – "ოდესა", სადაც ემუქრებოდა წაყვანას და თვალის ახელას მთვრალი გივიკო.

არსებობს ასეთი წარმტაცი, ზღვისპირა ქალაქი ოდესა, სადაც ბრმებს თვალებში სინათლეს უბრუნებენ და სადაც, გივის სიმღერის არ იყოს: "Бრკთოძ ვყეს ნთომიძ მ დენწმნძ ითნჯუბი ლრ უიპთ!"

 

 *

ტერანგიმ დიდხანს ირბინა მინდორზე, წინ და უკან, წინ და უკან, შემდეგ გულამოვარდნილი შედგა, მკლავები გაშალა და სიცილით ჩაემხო მაღალ ბალახში. ცოტა ხანს უძრავად იწვა მინდვრის სურნელით გაბრუებული. უყვარდა ასე მოწყვეტით დამხობა სირბილის შემდეგ. ამ დროს კუნაპეტ ღამეში რაღაცა აციმციმდებოდა ხოლმე და ბიჭიც ხარბად იწოვდა ამ ციმციმს.

– ტერანგი! – მოესმა შორი ძახილი, წამოდგა, ტანსაცმელი დაიბერტყა (გივის ნაჩუქარი გადახუნებული ჯინსები და ყავისფერი "ბატენის" პერანგი ეცვა) და შეუცდომლად დაადგა ტყეში მიმავალ ვიწრო ბილიკს, მალე დაღმართიც ჩაირბინა და ჭრიალა რკინის ჭიშკარი შეაღო.

–ტერანგი!

– აქა ვარ, ანიკო დედა! – ხმა მიაწვდინა ბიჭმა და ხტუნვა-ხტუნვით აუყვა კიბეს.

– აქა ვარ, ანიკო დედა! – გაიმეორა ოთახში შესვლისას, მაგრამ სუნზე მიხვდა, რომ დეიდამისი იქ არ იყო; სწრაფად გაიარა რამდენიმე ოთახი და სასადილოში შეაბიჯა.

– ისევ ირბინე, ხომ? დედა, რა გაოფლილი ხარ, ბიჭო!

– გივი ჩამოდის დღეს და მიხარია.

ანიკოს გაეცინა, შემდეგ მსუბუქი მოძრაობით მივიდა ბიჭთან და თმაზე გადაუსვა ხელი.

– წყალი გავაცხელე, რომ შეშრები, გადაივლე და კოსტუმი ჩაიცვი, ჰალსტუხი სკამზეა...

– კაი...

– კაი კი არა, კარგი, – ანა ბევრს კითხულობდა და არ უყვარდა დისშვილს სოფლურ კილოკავს თუ შეატყობდა.

– კარგი! – მორჩილად თქვა ტერანგიმ და სივრცეს გაუღიმა.

ქალს უეცრად ცრემლი მოერია, მაგრამ დროზე შეიკავა თავი და მოზრდილ ჩანთაში დაიწყო ბურჯგნა.

– რა გატირებს? – წყნარად იკითხა ბიჭმა, – რატომ ტირი ასე ხშირად?

ანა გაოგნდა.

– მე არასოდეს არ მიტირია, არასოდეს. – მტკიცედ თქვა ტერანგიმ.

– დედაშენს მიგამსგავსე ძალიან. შენც ძალიან ლამაზი ხარ!

ტერანგის გაეცინა.

– მახინჯი რომ გავხდე, აღარ იტირებ?

– კარგი, გეყოფა ახლა! – ჩაილაპარაკა ქალმა – ჰო, მართლა, ხუთის ნახევარზე რადიოში "ყბაჩამ დაიგვიანა" იქნება.

ტერანგი ისრებზე თითების შეხებით ხვდებოდა დროს, ხოლო "ყბაჩა" მისი საყვარელი მოსასმენი მოთხრობა იყო.

– აბა, წავედი მე ქალაქში, ხვალ დილით ჩამოვალ და...

– რატომ მიდიხარ?

– საბანაძეებს ქეიფი აქვთ და უნდა მივეხმარო. აბა შენ იცი, დროზე დაიძინე, არ აჰყვე გივის ამხანაგებს, იმ დღევანდელივით არ დაგალევინონ...

– კაი... კარგი! – სწრაფად შეუსწორა საკუთარ თავს ბიჭმა და ქალის ჩანთას მოუფათურა ხელი. – წამოდი, გაგაცილებ.

 ტერანგიმ თბილი წყალი გადაივლო და წვერი გაიპარსა, შემდეგ სადღესასწაულო კოსტუმში გამოეწყო და უმიზნოდ დაიწყო ბორიალი ოთახების ლაბირინთებში. გარეშე თვალი ვერც კი შეატყობდა უსინათლობას. რადიოში "ყბაჩას" გადმოსცემდნენ. ტერანგიმ ყურადღებით მოისმინა თითქმის ზეპირად ნასწავლი მოთხრობა, შემდეგ ტკბილად დაიკვნესა და დამარცვლით წარმოთქვა – "ო-დე-სა".

მოსაღამოვდა და გაზაფხულის თბილმა ნიავმა დაუბერა მინდვრიდან. ბიჭი ეზოში ჩავიდა, ჭიშკარი ფართოდ გააღო, ცხვირსახოცი გაიფინა ჯირკზე და ფრთხილად ჩამოჯდა. ხეთა წყნარი შრიალი და შორეული მატარებლების დიგდიგი აფრთხობდა გარინდებას.

ბიჭი სმენად იქცა. სულ მალე ტყიდან გივის ველური ყიჟინა და ხმამაღალი გადაძახილები მოისმა, ტერანგის ნეტარებით გააჟრჟოლა და წამოდგა.

– ესეც გივიკოს სრა-სასახლე!

– შე კაი კაცო, ამხელა ქარვასლა რომ მოხია ბაბუაშენმა, გზა ვერ გაიყვანა სახლამდე? უპატრონოდ რომ დაგვაყრევინე მანქანები მინდორში...

– დღეს აქანე ვიქეიფებთ,

ხვალე იქინეო...

 – ნანი, დისკები შენ მოგაქვს?

– გამომართვით ეს ოხერი ჩანთა, ჩამომწყდა ხელები.

– შამპანურები ჭაში ჩავუშვათ...

– აბა, დატრიალდით, ემანსიპაციით გადაღლილო ქალბატონებო!

– ტერანგი, რავა ხარ, ბიჭო! – გივიკო ტერანგისთან საუბარში რატომღაც სოფლურ კილოზე გადადიოდა.

– კარგად. ყველაფერი მზადაა!

– დეიდაშენი ანიკო?

– თქვენთან წამოვიდა დასახმარებლად.

– გივი, მორჩი ლაილაის, გვითხარი, რა გავაკეთოთ!

– გაიცანით, ჩემი ნათესავი ტერანგი!

– ვიცნობთ.

– ძალიან სასიამოვნო! – ტერანგის რამდენიმე გოგო–ბიჭმა ჩამოართვა ხელი, – თქვენზე ბევრი გვსმენია გივისგან.

– თან საქმე... თან საქმე!

 

 *

სულ მალე, რაღაც ორიოდე საათში, დარბაზში გაშლილი სუფრა ნაომარ ველს დაემსგავსა.

ნაწილი ცეკვავდა, ნაწილი სვამდა. ნაწილი სავარძელში ჩამჯდარ გოგონას შემოხვეოდა, ყავის ჭიქა რომ ეპყრა ხელთ და სრული სერიოზულობით უმკითხავებდა სახედაძაბულ ქალიშვილებს.

– შენ მკითხაობ, გივიკო?

– ვმკითხაობ.

– კარტზე თუ ყავაზე?

– კარტს ვაწებ ყავაში და ისე...

– მე მინდა ერთი სადღეგრძელო...

– კაი, დაგვანებე, ცოტა ხნით თავი, ახალს შენ არაფერს იტყვი და...

– არა, მე მინდა მამაკაცის ცრემლის სადღეგრძელო დავლიო...

– ბატონო, ბატონო?!

– მამაკაცის ცრემლის, რომელიც იშვიათად გადმოგორდება...

– დაუსტვინა შენმა ქმარმა, თინიკო!

– ოქროზე ძვირფასია ეს ცრემლი, ძალიან დიდი რაღაც უნდა მოხდეს, რომ...

– შენ თუ არ გაბღავლო დღეს ღამით, ქალი არ ვიყო, ერთბაშად გავმდიდრდებით...

– თინიკო, მორჩი...

– გაუმარჯოს საქართველოს, ჩვენს მშობლიურ მიწა-წყალს...

– ხმა არ გაიღო საქართველოზე. შე მათხოვარო, რა შენი სახსენებელია საქართველო, შენი ბარიგა დედა ვატირე!

ხმები: გელა, გელა, რა დაგემართა, დათვერი?.. (ქალის კივილი, ბიჭების აფორიაქებული შეძახილები) დანა წაართვით, დანა!..

– გამომიჩნდა ესეც პატრიოტი, ერთ "ჯინსოვკაში" გაყიდის სამშობლოს.

– ჰო, კარგი, გეყოფა, არც შენ მყავხარ ცოტნე დადიანი...

ამ სიტყვებს რაღაც ლაწალუწი და გინების კორიანტელი მოჰყვა. ტერანგი დაბნეულად იდგა ოთახის კუთხეში.

– გელა, გელა, მე დამარტყი, ოღონდ გაჩერდი...

– შენც დაგარტყამ, რა გგონია...

გივის ხმა: გელა, გეყოფა... მართლა არ გამალახინო თავი...

შემდეგ ყველაფერი დაწყნარდა, შერიგების უგრძესი სადღეგრძელო შეისვა, რასაც დიდი ხვევნა-კოცნა მოჰყვა.

გივი ბარბაცით წამოიმართა და სამარისებური სიჩუმე მოითხოვა, მერე უზარმაზრი თასი შეავსო და ტერანგის გადახვია ხელი.

– მე მინდა, ჩემი საყვარელი კრისტალური ბიჭის, ჩემი ძმისა და სისხლ-ხორცის, ჩემი ტერანგის სადღეგრძელო შემოგთავაზოთ...

გივიმ ცაში აიყვანა თავისი ნათესავი და ბოლოს სუფრის წევრებს დაემუქრა, მალე ტერანგის ოდესაში წავიყვან და თვალების ოპერაციას გავუკეთებო. გულაჩუყებულ გივიკოს იმწუთას გულწრფელად სჯეროდა თავისი ნალაპარაკევის, თვალს მომდგარი ცრემლი სახელოთი შეიშრო და ტერანგი ჩაბუბნა. გივის მეგობრები ფეხზე წამოდგომითა და არანაკლებ მგრძნობიარე სიტყვებით მიესალმნენ უსინათლო ბიჭს და შეჰპირდნენ, არავის დავაჩაგვრინებთ შენს თავსო. ერთ-ერთმა გოგონამ, დედა, რა ლამაზიაო და ტუჩებში აკოცა დარეტიანებულ ტერანგის. გივიმ ვეება სასმისი გამოცალა და უცებ მოსტყდა კისერი, სკამზე მოწყვეტით დაჯდა და თვალები შუშის გაუხდა.

– დიდი მადლობა! – თქვა ტერანგიმ და მოწოდებული თასიდან ოდნავ მოსვა.

– ოპ, ოპ, ოპ! მასე არ შეიძლება, სამადლობელი ბოლომდე უნდა შეისვას.

ტერანგიმ თასი მოიყუდა და დაცალა. სუფრის წევრები გამამხნევებელი ყიჟინით შეეგებნენ მის გმირობას.

ამ დროს კარი გაიღო და დარბაზში მშვენიერი, გრძელთმიანი გოგონა შემოვიდა, მას ჩაფსკვნილი, საქმიანი გამომეტყველების ბიჭი შემოჰყვა.

– მერი, მერი, რა კარგია, რომ მოხვედი...

– სად დაგვეკარგე, გოგო?

– ძლივს მოგაგენით. გაიცანი, ჩემი ახლად გაცნობილი მეგობარი... შენი სახელი, გენაცვალე...

– ვალტერი! – ღირსეულად წარმოთქვა ბიჭმა და სუფრა დაიარა, ყველას უკლებლივ ჩამოართვა ხელი, – ვალტერი! ვალტერი! ძალიან სასიამოვნოა... – ჩაფსკვნილი ახლა თვალგაშტერებულ გივის ეახლა და მძლავრადდ შეაჯანჯღარა მარჯვენა, – ვალტერი!

– პარრაბელუმი! – წაილუღლუღა გივიმ და თავი თეფშში ჩადო.

– გზაში გავიცანით ერთმანეთი! – თქვა მერიმ.

ვალტერს საჯარიმო თასი გაუპიპინეს, ბიჭმა ჯერ მოიბოდიშა, საჭესთან ვარო, მერე კი სულმოუთქმელად გამოყლურწა სასმისი.

ტერანგი ოთახიდან გავიდა. ამდენმა ყაყანმა, თამბაქოს ბოლმა და ვება ღვინის თასმა, ძალით რომ შეასვეს სუფრაზე, თავი ატკინა სიჩუმესა და სუფთა ჰაერს ნაჩვევ ბიჭს. ტერანგიმ საძინებლის კარი შეაღო.

– ვაიმე! – გოგონას ხმა იყო.

– ნუ გეშინია, ბრმაა! – ხრინწიანი ჩურჩულით უპასუხა ბიჭის ხმამ.

ტერანგიმ კარი გამოიხურა, ანიკოს ოთახში შევიდა და ტახტზე წამოწვა. დარბაზიდან რიტმული მუსიკის ხმები და ყრუ გუგუნი მოისმოდა. ბიჭს შეუმჩნევლად ჩასთვლიმა... შავი კუნაპეტი ღამე, შორეული ციმციმი...

– ტერანგი! – მოისმა ვიღაცის ღრიალი. ბიჭი სწრაფად წამოჯდა, კოსტუმი მოიცვა და დარბაზისკენ გაიქცა.

– ლოთიანად, ერთი ასანთი მოგვეცი, ყველას გაგვითავდა და...

– ამწუთას მოგართმევთ! – ტერანგი სამზარეულოში გაიქცა და ორი ასანთი მოიტანა, – ესღა დარჩა, მეტი არ იყო!

– გაიზარდე! – უპასუხა ხმამ და ბეჭზე დაარტყა ხელი.

– გელა, უნდა წავიდე, მართლა გეუბნები!

– არსადაც არ წახვალ!

– გელა, გეხვეწები, გაგიჟდება დედაჩემი...

– როდის ყოფილა ნორმალური, ახლა რომ გაგიჟდეს...

– გელა!

– არ წახვალ!

 სკრა, აგარა, ლენინგრადი,

მორალურად არ ვარ მდგრადი...

 – ტერანგი, ერთი წუთით გამომყევი, რა! – ბიჭის ხავერდოვანი, ფხიზელი ხმა იყო.

ეზოში გავიდნენ. უცნობმა მხარზე დაადო ხელი.

– მე უნდა წავიდე და არ მინდა, ვინმემ შემამჩნიოს, არა მაქვს მაგათი თავი... გივი რომ გამოფხიზლდება, უთხარი, აჩიკომ ვეღარ მოგიცადა-თქო. კარგი?

– აუცილებლად.

– ჰო, რა მინდოდა კიდევ მეთქვა... შენ მაგათ არ აჰყვე, ყველაზე გულისამრევი პულკაა ქალაქში. არ გეგონოს, ყველა ასეთები ვართ. არც მე უნდა მოვსულიყავი, მაგრამ გივი ჩამაცივდა... გივი გულიანი ბიჭია, მაგრამ მაგანაც დაკარგა კაცობა. შენ ხომ არ გწყინს, გივიზე ასე რომ ვლაპარაკობ?

– მწყინს.

– ეჰ, რას იზამ! – ამოიოხრა ხმამ. – მეც ჭორიკანასავით გადმოვაგდე ენა... კაცმა რომ თქვას, არც მე ვარ მაგათზე უკეთესი... აბა, მშვიდობით.

– კარგად ბრძანდებოდეთ.

– ჰო, მართლა, რაღა ოდესაში მიდიხარ, თბილისში დაილია თვალის ექიმები?

– გივიმ თქვა, ოდესაში უკეთესიაო!

– გივის ხვალ მაგ ამბავი დაავიწყდება... შენ არ მოგერიდოს, გაახსენე სიფხიზლეში. მატარებელი აღარ ჩამოდგება?

– ახლა უკვე აღარ...

– კარგი, არ არის ეს პრობლემა, დავიჭერ რამე მანქანას.

ტერანგის დარბაზში შედარებითი სიწყნარე დახვდა. ერთმანეთს ჩახვეული წყვილები ნელა დაზოზინებდნენ ოთახში.

– დაანებეთ მაგ ჭიპხახუნა ცეკვას თავი. დავლიოთ! – ამოილუღლუღა ვიღაცამ.

– გივის არ გაუღვიძია? – იკითხა ტერანგიმ სივრცეში.

– მაგას დილამდე ვერ გააღვიძებ.

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / თაბუკაშვილი ლაშა / ტერანგი