იათაშვილი შოთა

 გედი და სიმღერა 

 

(ტრაგიკული სამიჯნურო მოთხრობა)

 

ის უკნიდან მიადგა. ქალმა წელზე რაღაც ცივის და უხეშის შეხება იგრძნო. შეკრთა. მიიხედა.

– არ გაინძრეთ, – უთხრა კაცმა – და არც ხმა ამოიღოთ. თორემ გესვრით.

ქალი გაფითრდა. მზერა აერია: მკვლელი, გაჩერება, ხალხი, იარაღი, სიკვდილი, მკვლელი... სუფთად იყო გაპარსული, თაფლისფერი თვალები ჰქონდა...

– რა გქვიათ? – ჰკითხა მკვლელმა.

– ნანა.

– ნანა, მე თქვენ ახლა კაფეში დაგპატიჟებთ და თქვენ დამთანხმდებით, – უთხრა ხმადაბლა.

ქალი გაოგნებული მიაჩერდა.

– თუ არ დამთანმხდებით, მოგკლავთ, – კაცმა უფრო მიაჭირა იარაღის ლულა ქალს წელზე და საფრთხის რეალურობა შეახსენა.

– დიახ, – დაეთანხმა სასწრაფოდ ქალი.

– აგერ აქვე, ბაღში, შადრევანთან რომ კაფეა, იქ მივალთ და დავსხდებით.

– დიახ, – ისევ სასწრაფოდ მიუგო ქალმა.

– მე რეზო მქვია, – გააცნო თავი უცებ მკვლელმა.

– დიახ, – დაუქნია თავი ქალმა.

– მე რეზო მქვია! – უფრო გამოკვეთილად და რაღაცნაირი სიჯიუტით უთხრა კაცმა.

ნანამ მხოლოდ თავი დაუქნია. თაფლისფერ თვალებში უყურებდა მკვლელს და ცახცახებდა.

– მე რეზო მქვია! – უკვე გაბრაზებით ჩასძახა მან.

ქალმა აღარ იცოდა, რა ექნა. მაგრამ ამ დროს ისევ მკვლელი წამოეშველა:

– როცა გეცნობიან, რა უნდა უპასუხოთ, არ იცით? – ჰკითხა.

– სასიამოვნოა, – მიუხედავად საზარელი დაძაბულობისა, მიხვდა ქალი.

– დიახ. სასიამოვნოა, – გაიმეორა მკვლელმა და ხმა დაუწყნარდა, – წამობრძანდით.

მან იარაღის ლულა ფერდში წაჰკრა ქალს და წინ გაუშვა. ზაფხულის სიცხისაგან ათიმთიმებულ ჰაერში მთვარეულივით მიდიოდა ქალი. ნახევარი ნაბიჯით უკან კაცი მიჰყვებოდა. იარაღი უკვე ჯიბეში ჩაედო. უხმოდ გადაჭრეს ქუჩა, ბაღში შევიდნენ, შადრევანს მოუარეს და კაფეს მიადგნენ. კაფეში მაგიდები ორ რიგად იდგა. ერთი რიგი უშუალოდ შადრევნის გასწვრივ, მეორე – პირველი რიგის პარალელურად, მისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით.

– შადრევანთან დავსხდეთ, – თქვა მკვლელმა.

შადრევანთან მაგიდები თითქმის სულ დაკავებული იყო. მხოლოდ ერთი მაგიდა ჩანდა ცარიელი. ქალი არეული ნაბიჯით გაემართა იქით. კაცი გაყვა.

დასხდნენ.

– აქ გრილა, – თქვა კაცმა.

– ჰო, – უპასუხა ქალმა.

– იარაღი ჯიბეში მიდევს. წინააღმდეგობის გაწევა და შუბლის გახვრეტა ერთი იქნება, – თითქოს სასხვათაშორისოდ აღნიშნა კაცმა.

– ჰო, – ქალი სკამის საზურგეს მიეყრდნო.

ოფიციანტი გოგონა მოვიდა.

– მენიუს ინებებთ? – ჰკითხა.

– დიახ.

მიაწოდა.

რეზომ ჩახედა. უყურა. გადაფურცლა. კიდევ უყურა. კიდევ გადაფურცლა. მერე ნანას გაუწოდა.

– ნახე, – უთხრა.

ნანამ ჩამოართვა. ბურუსს მიღმა უყურებდა კერძების დასახელებებს.

– რაც გინდა, ყველაფერი შეუკვეთე, ყველაფერზე გპატიჟებ, – უთხრა.

ნანამ მხრები აიჩეჩა, გამოციებული თვალებით შეხედა.

– რა იყო? – ჰკითხა რეზომ.

– შენ აირჩიე, – სთხოვა ნანამ.

რეზომ ისევ ჩამოართვა მენიუ და ხმამაღლა დაიწყო საჭმელების ჩამოთვლა:

– ხაჭაპური... აჩმა, იმერული, აჭარული.. რომელი გინდა?

ნანა ჩუმად იყო.

– დროზე! – შეუღრინა რეზომ.

– აჭარული...

– სოკო... შემწვარი კარტოფილი... მწვადი... მწვადი ხომ გინდა?

– არა... ჰო... არ ვიცი...

– გინდა. ფანტა», «კოკა-კოლა» თუ «სპრაიტი»?

– «კოკა-კოლა».

– სასმელი?

– რა?

– შამპანური, ლუდი, ღვინო, ვისკი...

– შამპანური...

– ნაყინი ცოტა მოგვიანებით არ აჯობებს?

– ჰო.

– კიდევ გინდა რამე? არ მოგერიდოს, აჰა, ერთხელაც გადაათვალიერე... – რეზომ ისევ მიაწოდა მენიუ.

ნანამ გამოართვა, ჩახედა.

– ყავა – თქვა.

– ჰო, ყავა. მართალია – დაიქნია თავი რეზომ, მერე ოფიციანტს მიუბრუნდა – ორი აჭარული, ერთი მწვადი, ორი სოკო... (ნანას) სოკო ხომ გინდა? (ნანამ თავი დაიქნია) შემწვარი კარტოფილი... გინდა შემწვარი კარტოფილი? (ნანამ თავი დაიქნია) შემწვარი კარტოფილი ორი, ერთი «კოკა-კოლა» და ერთი «ფანტა», ერთი შამპანური... ყველაზე კარგი რა გაქვთ? (ოფიციანტი: «ფრეშენეტი») კი ბატონო, ერთი «ფრეშენეტი» და კიდევ რამე დამავიწყდა?.. ჰო, ერთიც ყავა!

ოფიციანტი წავიდა.

რეზომ სიგარეტი ამოიღო.

– ეწევით?

– ცოტას.

– ინებეთ.

– გმადლობთ.

გააბოლეს.

– აქ არასდროს ვყოფილვარ, – ნანამ მზერა მოავლო კაფეს, შადრევანს.

– არასდროს?

– კაფეში არასდროს, თორემ ბაღში კი, – დააზუსტა ქალმა.

– მოგწონთ?

– კი. კარგი კაფეა. თან ეს შადრევანი...

– გედები... იხვები...

– რა?

– არ იცით? აი, შეხედეთ! – რეზომ თითით აჩვენა შორეულ კუთხეში. ნანამ მიიხედა. ორი გედი და ერთი იხვი დაინახა. აუზში ჭყუმპალაობდნენ.

– რა კარგია! – შესძახა.

– მეორე იხვიცაა. ალბათ სადღაც სხვაგან დაცურავს, – უთხრა რეზომ და აუზის თვალიერება დაიწყო, – აი, აი!

– ჰო. ძალიან საყვარლები არიან, – ნანა ტკბებოდა ფრინველების ცქერით.

ისინი შადრევნის ჭავლებს შორის მოხერხებულად დასრიალებდნენ და ფრთებს აბათქუნებდნენ.

– მე ამ ბაღში გავიზარდე, – თქვა რეზომ, – აქვე ახლოს ვცხოვრობ და ბავშვობისას მშობლებს სულ აქ გადმოვყავდი სათამაშოდ. მას შემდეგ ძალიან შეიცვალა ეს ბაღი, მაგრამ ახლაც ძალიან მიყვარს. თანაც, მაინცდამაინც სულ უარესობისაკენ არ შეცვლილა. აი, მაგალითად, ეს კაფე გახსნეს... გედები და იხვებიც მოიყვანეს...

– ჰო.

– ცოტა ხანში, რომ მოსაღამოვდება, მუსიკაც დაუკრავს... ადრე არ უკრავდა აქ მუსიკა საღამოობით...

– ჰო.

დადუმდნენ. სიგარეტები დააქვრეს. თვალებში შეხედეს ერთმანეთს.

«როგორი თაფლისფერი თვალები აქვს» – გაიფიქრა ქალმა.

«როგორი თაფლისფერი თვალები აქვს» – გაიფიქრა კაცმა.

ვერცერთი ვერ მიხვდა, რომ ორივეს ერთნაირი თაფლისფერი თვალები ჰქონდათ.

 

***

აჭარული ხაჭაპური მთლად ბათუმურივით ვერ იყო, მაგრამ თბიLლისის კვალობაზე კარგიც კი ეთქმოდა.

მკვლელმა შამპანური ჩამოასხა. მერე ჭიქა ასწია და უსიტყვოდ მიუჭახუნა ქალს.

– გაგვიმარჯოს, – თქვა ქალმა

– სად მიდიოდით? – ჰკითხა მკვლელმა.

– რა ბრძანეთ? – ვერ მიხვდა ქალი.

– ტროლეიბუსის გაჩერებაზე რომ იდექით, სად მიდიოდით? – განუმარტა მკვლელმა.

ქალს სახე მოეღრუბლა.

– მოდით, არ გვინდა ამაზე, – უთხრა გრძელი, დაძაბული პაუზის შემდეგ.

– რატომ?

– უბრალოდ, არ გვინდა, – უპასუხა თითქოს უდარდელად, მაგრამ დაძაბულობა, მისი სხეულის ყოველ უჯრედში რომ ჩასახლებულიყო, ინტონაციის სიყალბეს ააშკარავებდა.

მკვლელმა თვალები მოჭუტა და გამომცდელად შეხედა ქალს. ქალი სულმთლად აიმღვრა, აღარ იცოდა, რა მოემოქმედა, სად წაეღო თვალები, ხელები, ტანი...

თავი დახარა, მწვადის ნაჭერს ჩანგალი ჩაასო და ლოღნა დაუწყო...

– ვირები... ჯორები... – ჩაიბუტბუტა მკვლელმა.

ქალმა თავი ააღირა, მკვლელს მიაჩერდა, ჩანგლიანი ხელი გაუშეშდა.

– არა... თქვენ არა... თქვენ ეს არ გეხებათ... ეს ისე ვთქვი... – სხაპასხუპით, მობოდიშებით მიუგო მკვლელმა და უცებ ხალისიანად, ხმამაღლა დაიძახა – გედები!.. იხვები!..

გვერდითი მაგიდებიდან მათკენ გაიხედეს. მკვლელი წინ გადაიხარა, ქალს თვალი ჩაუკრა და უჩურჩულა:

– ამათ ჰგონიათ, რომ გედებს ხედავენ. ბრიყვები! თუმცა რაკი ჰგონიათ, არ უნდა გააწბილო. კაცთმოყვარეობა ითხოვს ამას! მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ხომ ვიცით, რომ არავითარი გედები და იხვები აქ არ არიან! მხოლოდ ვირები და ჯორები, ვირები და ჯორები! – მკვლელს თვალები აუპარპალდა, მარჯვენა ხელი ქალს მაჯაში სტაცა და მაგრად მოუჭირა.

ორივენი გაქვავდნენ.

ოფიციანტი გოგონა მოვიდა და საფერფლე გამოცვალა.

– სიგარეტი მომაწევინეთ! – მკაცრად უთხრა ქალმა მკვლელს, ხელი გააშვებინა, სიგარეტის კოლოფს მისწვდა, ერთი ღერი ამოიღო და მოუკიდა.

– მე იარაღი მაქვს. შემიძლია შუბლი გაგიხვრიტო – უთხრა კაცმა.

– უკან გაირჭე ეგ შენი იარაღი, – აუქნია ხელი ქალმა და შამპანური მოსვა.

კაცს გაეღიმა.

– მე თქვენ მომწონხართ, – უთხრა მერე.

– აი დარდი, – მიუგო ქალმა.

– არ გამაბრაზოთ, – დაუყვავა ქალმა.

კაცი ცოტა ხანი ჩუმად იჯდა, მერე ჰკითხა:

– აღარ გეშინიათ ჩემი?

– როგორ გითხრათ.. ხან ისე, ხან ასე... მე თვითონაც ვერ გამიგია...

– მართალია, – დაეთანხმა კაცი, – ასე ხდება ხოლმე. ჯერ ძალიან ეშინიათ, მერე ეგუებიან, თამამდებიან, მაგრამ მაინც ბოლომდე ვერა...

– ვიზე ლაპარაკობთ?

– არავიზე. ისე, ზოგადად.

– არა, არა, თქვენ რაღაცას მალავთ. ბევრი ქალი დაპატიჟეთ ჩემსავით კაფეში იარაღის ძალით?

– თქვენ პირველი ხართ.

– ცრუობთ!

– გეუბნებით, პირველი ხართ-მეთქი!

– როგორც გენებოთ! თქვენ მეასე ხართ.

– არა.

– მეათასე.

– არა!

– მემილიონე.

– მორჩით!

– მეორე.

– რა?

– მეორე ხართ.

– არ მჯერა.

– მეცხრამეტე.

– არ მჯერა.

– აბა რომელი რიცხვის გჯერათ?

– არცერთის.

– დებილი ხართ.

– რაო?

– დებილი ხართ, თუ არცერთი რიცხვის არ გჯერათ. მე მათემატიკოსი ვარ და ყველა რიცხვის მჯერა. თქვენ კი დებილი ხართ.

– მე ქალი ვარ და ნანა მქვია და თქვენთან ერთად კაფეში ვზივარ.

– მე კი კაცი ვარ და რეზო მქვია და ჯიბეში იარაღი მიდევს.

– მაგ იარაღს თქვენ ვერასდროს ვერ გაისვრით.

– ვითომ რატომ?

კაცმა იარაღი ჯიბიდან ამოიღო და ქალს შუბლში დაუმიზნა.

გვერდითა მაგიდასთან ერთმა ქალმა შეჰკივლა. მასთან და სხვა მაგიდებთანაც აჩოჩქოლდნენ.

– ნუ გეშინიათ, ეს სათამაშო პისტოლეტია, მე და ჩემმა მეგობარმა გავიხუმრეთ! – ხმამაღლა, მთელი კაფეს გასაგონად განაცხადა კაცმა, ოფიციანტებს და მაგიდებთან მსხდომთ თავი თეატრალურად დაუკრა, იარაღი ჯიბეში ჩაიბრუნა და ადგილზე დაჯდა.

 

***

– ჭამეთ, – უთხრა კაცმა.

– ვჭამ, – უპასუხა ქალმა.

– კიდევ ჭამეთ. ბევრი ჭამეთ. სულ ჭამეთ. კიდევ შევუკვეთავ. ბევრ ხორცს. ბევრ ძვალს. ბევრ სისხლს.

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / იათაშვილი შოთა / გედი და სიმღერა