იათაშვილი შოთა 

ფოტომამები

 

ყოფილ ცოლთა მეუღლეები გამომეცხადდნენ ერთ დილას სახლში და განმიცხადეს, რომ მოვალე ვიყავ ჩემს ნაშიერებთან ფოტოგრაფირებას შევდგომოდი ახლავე, დღესვე.

არ შევწინააღმდეგებივარ, თუმც დავინტერესდი:

– კი მაგრამ, რატომ?

ამიხსნეს: მართალია, ჭეშმარიტი სულიერი მამები ისინი არიან აწ უკვე და ამაში მათ ვეღარავინ შეეცილება, მაგრამ ეს ჯერაც, სამწუხაროდ, არ ნიშნავს, რომ ბავშვებისთვის ბიოლოგიური მამა ნოლია.

დამიზუსტეს: ჰარმონიული განვითარებისთვის საჭიროა, სულიერი მამის გვერდით იშვიათად, მაგრამ მაინც ბიოლოგიური მამაც კრთებოდეს.

განმიმარტეს: ძველი მეთოდები – ორ კვირაში ან თვეში ერთხელ შეხვედრები და მიმოსვლები ზოოპარკსა თუ ცირკში ამისთვის აუცილებელი სულაც არაა.

მეტიც – ხელისშემშლელიც კია.

ეს ბავშვის ფსიქიკას ორად აპობს.

გაცილებით ეფექტურია სულ ახალი მათი მეთოდი.

მეთოდის არსი: მცირეწლოვან ასაკში ხდება ფოტოგრაფირება ბიოლოგიურ მამასთან, როგორც ვიღაც «ძიასთან», ისე, რომ თავად ფოტოგრაფირების მომენტი და ეს «ძია», როგორც ვიღაც ფრიად მნიშვნელოვანი, არ შემორჩეს მეხსიერებას.

ანუ: მთავარია ბიოლოგიურ მამასთან ცხოვრების დამადასტურებელი ფოტომასალა შეიქმნას, რომელსაც სულიერი მამა მაშინ გამოაჩენს, როცა ბავშვი გაიზრდება და დაინტერესდება საკუთარი გენეალოგიით.

შედეგი: ბიოლოგიური მამა რაკი არ ემახსოვრება, ფოტოსურათები შვილს გაუღვივებს წარმოსახვას, ფოტოკადრები გაცოცხლდება, კინოკადრებად, ერთობლივი ცხოვრების სცენებად იქცევა და ბიოლოგიური მამა თანდათან მის ცნობიერებაში ისეთ სახეს მიიღებს, როგორიც მისთვის ყველაზე მისაღებია.

საბოლოოდ კი ბიოლოგიური მამის ეს ხატი სულიერი ტრავმებისა და ფსიქოლოგიური სტრესების გარეშე დაიკავებს მოკრძალებულ კუთვნილ ნიშას ჰარმონიულ პიროვნებაში.

. . . . .

სანამ ამ ყველაფერს მიხსნიდნენ, მე მათ ვაკვირდებოდი. სანდომიანნი იყვნენ, სანდონი, მონდომებულნი. კუბოკრული პიჯაკები ეცვათ და გაპრიალებული ფეხსაცმელები. კარგი სიგარეტით მიკვამლავდნენ ოთახს. მეც შემომთავაზეს, როცა სათქმელი ჩაათავეს და პასუხს უწყეს ლოდინი. არ მიუარია, ვინებე, ჩავისუნთქე ნატიფი კვამლი და ვიკითხე:

– ქალები რატომ არ მოვიდნენ?

– ეს ქალების საქმე არ არის – ბრძანა პირველი ცოლის მეუღლემ.

– ყველაფერი ჩვენ მოვიფიქრეთ, – განაგრძო მეორის მეუღლემ, – და ჩვენვე უნდა მოვაგვაროთ, მათ დაუხმარებლად. ისინი მხოლოდ ხელს შეგვიშლიან.

– ჰო, – კვერი დაუკრა პირველის მეუღლემ, – ქალები ასეთ საკითხებში მეტისმეტად კონსერვატულები და ისტერიულობამდე ემოციურები არიან. ამიტომ გადავწყვიტეთ არც კი გავაგებინოთ, თუ რას ვაპირებთ.

მომეწონა ასეთი მიდგომა, მაგრამ ვიფიქრე, აჯობებდა, ეს ჯერჯერობით არ დამმჩნეოდა. და ამიტომაც დილის სტუმრებს ირონიული ფრაზით შევცინე:

 

– ესე იგი, ფოტომოდელი ვხდები დღეიდან?

– გარკვეულწილად... – ჩაიბურტყუნეს და ერთდროულად, უხმოდ დამიქიცინეს თავები.

– სიხშირე?

– ჩვენ ვფიქრობთ, ოპტიმალურია 6 თვეში ერთხელ. – ეს მეორე ცოლის მეუღლე გახლდათ.

– და გასამრჯელოს რამდენს მთავაზობთ?

– გასამრჯელოს? – როგორც ველოდი, ისე მოხდა. გაკვირვებულებმა გადახედეს ერთმანეთს და მერე ისევ მე მომაჩერდნენ.

– აბა მუქთა მოდელი სად გინახავთ? – პირველი დაბნეულობისათვის უკვე დამეღწია თავი და ახლა შეტევაზე გადავდიოდი.

მათი პროტესტებისა და დანამუსებების მიუხედავად, საბოლოოდ მაინც ჩემი გავიტანე: ვივაჭრეთ და მოვრიგდით. თანხის ნახევარ-ნახევარი მაშინათვე მორჩილად ამოაძვრინეს საფულეებიდან და სასთუმალთან, ტაბურეტზე ჩამომიდეს გრაფინის გვერდით. ახლა კი დრო იყო წამოვმდგარიყავი.

– წვერი გასაპარსია – თქვა პირველის მეუღლემ.

მე დამეზარა.

ისინი უკვე გაგულისდნენ და ლამის კინწისკვრით შემაგდეს აბაზანაში. სანამ ვიპარსავდი, დრო არ დაუკარგავთ და ჩემი გარდერობი შეისწავლეს.

– სულ ესაა?

– მეტი რაღა უნდა იყოს? – ვითომ გამიკვირდა.

– პიჯაკი არა გაქვს?

– მქანცავს პიჯაკის ტარება.

– ფეხსაცმელებიდანაც არც ერთი არ ვარგა.

– არა უჭირს, თუ მაინცდამაინც მსხვილ ხედში არ გადაიღებთ ჩემს კოჭებს, არაფერი შეეტყობა – დავამშვიდე სულიერი მამები.

მეორეს მეუღლემ უკმაყოფილოდ წაიბურტყუნა რაღაც, პირველისამ კი გამომძახა:

– ბარემ შხაპიც მიიღე!

ჭყუმპალაობისას კიდევ რამდენიმე დეტალი დავაზუსტე. მაგალითად ის, რომ ჩემი ცოლების მეუღლენი ფოტოგადაღებებს გააგრძელებდნენ, სანამ ბავშვები ექვსისა არ შესრულდებოდნენ, და ვინაიდან უფროსი გოგო ოთხის იყო, ხოლო უმცროსი სამის, პირველ შემთხვევაში ეს პროცესი ორი წელი გასტანდა, მეორე შემთხვევაში კი სამი.

გაირკვა მოულოდნელი და საიმედო რამ – ისინი ბავშვობისდროინდელი და დღემდე უახლოესი მეგობრები აღმოჩნდნენ. ამასთან დაკავშირებით პირველის მეუღლემ საშინლად ბანალური ფრაზა: «სამყარო პატარააო» – წარმოთქვა. თუმცა, რაც არ უნდა საკვირველი ყოფილიყო, ასეთი გამოვლინებები ოდნავადაც არ მაღიზიანებდა. პირიქით, რაც დრო გადიოდა, მით უფრო მესიმპათიურებოდა უცაბედად თავს დამტყდარი ეს კუბოკრულპიჯაკიანი წყვილი.

ბანაობას რომ მოვრჩი და აბაზანიდან გამოვედი, ჩემი მწირი გარდერობიდან შერჩეული შარვალი და პერანგი დამახვედრეს.

– პიჯაკს გზაში ვიყიდით, – განმიმარტა მეორეს მეუღლემ, პირველისამ კი თმა დამივარცხნა გულმოდგინედ. შუაზე ორად გამიყო, გვერდზე გადამიტკეპნა.

უკვე ნამდვილ ბარონად ვგრძნობდი თავს.

– მე მგონი სეზონური ფოტოგრაფირება აჯობებს, – გამოვთქვი მოსაზრება, – ეს უკვე სრულ ილუზიას შექმნის ურთიერთობის ინტენსივობისა.

მათ დაუფიქრებლად მიპასუხეს:

– არა, ასეთი სრული ილუზია ჩვენ არ გვჭირდება. ამან შეიძლება დამღუპველი შედეგი მოიტანოს. ზედმეტად გააღვივოს ინტერესი ბიოლოგიური მამისადმი. თანაც კვარტალში ერთხელ ადამიანის ხილვა 4–5 წლის ბავშვისათვის, სავარაუდოა, უკვე სამახსოვრო აღმოჩნდეს. ეს კი მთელს პროექტს ჩაშლის. ბიოლოგიური მამა მხოლოდ და მხოლოდ ვირტუალური უნდა იყოს.

არ გამოვიდა. თუმცა უამისოდაც უსაზღვროდ კმაყოფილი ვიყავი. ჩემი აპარტამენტები გამოვიკეტე და ორ ახალშეძენილ ლაქია-მეგობართან ერთად დაბლა დავეშვი. მათ ტაქსი გამიჩერეს. ჩავსხედით. პირველმა ერთი ცნობილი დიზაინერის საფირმო მაღაზიის მისამართი დაასახელა.

აი, სიურპრიზი! ისინი დაუჯერებლად ხელგაშლილები აღმოჩნდნენ. შეპირებულ პიჯაკთან ერთად შარვალ–პერანგი და ფეხსაცმელებიც მიყიდეს. თან წვრილმანებიც მიაყოლეს: ცხვირსახოცები, წინდები... საუკეთესო ოდეკოლონი მომაშხურეს, საუკეთესო სიგარეტი ჩამიდეს ჯიბეში... ეს ყველაფერი კი იმით ახსნეს, რომ ახალ პიჯაკთან ჩემი ძველი აღკაზმულობა არაფრით არ მიდიოდა.

ისევ ტაქსში ჩავსხედით და უფროსი გოგონას ბაღისკენ გავეშურეთ. გზაში მითითება მივიღე: მინიმალური კონტაქტი ბავშვებთან! დანარჩენს ისინი თავად მოაგვარებენ!

ტაქსი გაჩერდა. პირველი გადავიდა და რამდენიმე წუთის მერე უკან მობრუნდა ერთ ჩვეულებრივ, წყნარ გოგონასთან ერთად. გამიკვირდა. მას ხომ დაბადებიდან ერთი თვის განმავლობაში მუდამ საშინლად მჩხავანას და სახეწითელს ვხედავდი. სწორედ ამას ვერ გავუძელი და ჩემს მომავალ მეორე ცოლთან გავიქეცი, რომელმაც ხელად ასეთივე მუდამ საშინლად მჩხავანა და სახეწითელი გოგონა გამიჩინა, რათა ერთი თვის მერე მასაც გავქცეოდი და საერთოდ დამევიწყა მჩხავანა, სახეწითელი, გულისშემაღონებელი არსებები მათ გამჩენებთან ერთად.

მეორე ბაღიდან გამოყვანილი გოგონაც ჩვეულებრივი და წყნარი აღმოჩნდა. ტაქსი გავუშვით და გავისეირნეთ. პირველი და მეორე ვირტუოზულად მოქმედებდნენ. ყოველგვარი ხაზგასმებისა და ფოტოაპარატიდან ჩიტთა გამოფრენების გარეშე, მეტიც, ლამის პაპარაცებივით უღებდნენ გოგონებს სურათებს. მეც მარჯვედ ვიქცეოდი. ლამის უსიტყვოდ ვუგებდი მათ და ბოლო მომენტში ზუსტად იქ ვდგებოდი, სადაც საჭირო იყო. თვალის დამაბრმავებელ ადგილებში ისინი არ წაგვიყვანია და არც საჩუქრებით გაგვიხარებია, რათა ეს დღე არ დამახსოვრებოდათ. ბოლოსკენ შევთამამდი და ჯერ უფროსი დავისვი რამდენიმე წამით მუხლზე, მერე კი უმცროსი – და ორივეჯერ გაისმა აპარატის ჩაჩხაკუნების ხმა. მთელი ამ ხნის მანძილზე მე, პირველმა და მეორემ თითქმის ყველა სასაუბრო თემას მივუკაკუნეთ, გავუგეთ ერთმანეთს და უკანა გზაზე ტაქსით სახლამდე რომ მომაცილეს, ხელი გულითადად რომ ჩამომართვეს და დამემშვიდობნენ, მივხვდი, ძირისძირამდე ჩემიანები გამხდარიყვნენ ისინი.

 

* * *

რამდენიმე დღე მესიზმრებოდა და მელანდებოდა ორი კუბოკრულპიჯაკიანი მამაკაცი ორ წყნარ გოგონასთან ერთად, მაგრამ ნელ-ნელა ცხოვრება ძველ კალაპოტში ჩადგა. და ექვსი თვის მერე გრძელ კრემისფერ პალტოებში გამოწყობილი პირველი და მეორე უცებ დილაადრიან ისევ რომ გამომეცხადდნენ, მათი არსებობა უკვე დავიწყებული მქონდა. პირველს იღლიაში კიდევ ერთი კრემისფერი პალტო ჰქონდა ამოჩრილი. მეორემ ფული მაგიდაზე დადო. «ისევ გასაპარსია» – თქვა პირველმა, მეორემ კი «დროზე, ადექი!» – მომმართა ოფიციალურად, თანაც შინაურულად. მათი მოტანილი პალტო კარგად მომივიდა. ტაქსით პირდაპირ საბავშვო ბაღებისაკენ გავწიეთ.

– მართლა, მაშინ გადაღებული ფოტოები არ მომიტანეთ? – გამახსენდა გზაში.

– ფოტოები მხოლოდ ჩვენ გვჭირდება. იგი ბიოლოგიური მამისათვის სრულიად ზედმეტია – განმიმარტა პირველმა.

– და თუ მე მაინც მინდა? – არ დავნებდი მაშინათვე.

– დამიჯერე, არ ღირს, არ ღირს... – მეგობრულად დამკრა მხარზე ხელი მეორემ, – მხოლოდ ზედმეტ დაძაბულობას გამოიწვევს.

გავჩუმდი. და კაი ხნის მერე მხოლოდ ესღა ვიკითხე:

– ისე, ფოტოები კარგი გამოვიდა?

– კი, კარგი – მითხრეს მათ.

ბავშვებში ცვლილება ვერ ვიპოვე. ყველანაირად ისეთივენი იყვნენ. ჩემთვის ყურადღება არც მოუქცევიათ. პირველი და მეორე კმაყოფილები დარჩნენ. მათი გათვლა სწორი აღმოჩნდა. ექვსი თვის შემდეგ მე ჩემი ბიოლოგიური შვილებისათვის კვლავ არავინ ვიყავი.

 

* * *

მესამე მოსვლაზე მხოლოდ მეორე მოვიდა.

– რაშია საქმე? – ვკითხე ჩემი მარად ზამბარიანი საწოლიდან და შეშფოთებული წამოვიწიე.

– გაეყარა – მოჟამული სახით მითხრა და ფეხებთან ჩამომიჯდა.

– მერე?

– მერე არაფერი.

უცებ წარმოვიდგინე ყველაფერი და ისე შემეცოდა პირველი, როგორც არასდროს არავინ შემცოდებია.

უტყვად ვიყავით ერთხანობას. ბოლოს ისევ მე ამოვღერღე:

– ესე იგი, ამჯერად მხოლოდ შენს ბავშვთან, არა?

– ცხადია... – მეორე წამოდგა, ჯიბიდან ფული ამოიღო და სკამის საზურგეზე გადაკიდებული შარვლის ჯიბეში ჩამიდო – ისევ, ისევ გაუპარსავი ხარ...

ბავშვი რომ დავინახე, შემეშინდა. ერთი წელი გავიდა და ისევ არავითარი ცვლილება არ იყო მასში. ადრინდელივით ცოცხლად ვეღარ ვსაუბრობდით მე და მეორე. გვიჭირდა სიტყვების მოძებნა. ყველაფერი რომ მომთავრდა, მოულოდნელი რამ გააკეთა. ბლოკნოტიდან ფურცელი ამოხია, ზედ რაღაც წამიწერა და გამომიწოდა:

– აჰა, გქონდეს, ჩემი ტელეფონის ნომერია. ვინ იცის, როდის და რაში დაგჭირდე...

მაგრად მოვუჭირეთ ერთმანეთს ხელი ხელზე. წინასწარ ვგრძნობდით, რაც უნდა მომხდარიყო.

 

* * *

ზამთარი მოვიდა. დავდიოდი კრემისფერი პალტოთი და მეორეს ველოდი. მეორე არ ჩანდა. როცა უკვე დათბობა დაიწყო, ბლოკნოტის ფურცლის ნახევი ვიპოვე და ნომერი ავკრიფე.

– გისმენთ... – ვიცანი. მეორე იყო.

– გამარჯობა. მე ვარ.

– ჰო... – მეორის ხმა ყურმილის მეორე მხარეს ჩაიკარგა.

არ ვჩქარობდი. ველოდი.

– სახლში იქნები? – მკითხა როგორც იქნა.

– თუ გინდა...

– მომიცადე, მოვალ.

ერთ საათში კარზე დარეკეს. გავაღე. ორივენი იყვნენ: პირველიც და მეორეც – კვლავ ერთნაირად ეცვათ, ოღონდ – არც პიჯაკი, არც პალტო... – ამჯერად ხაკისფერი ქურთუკები მოეცვათ ტანზე. ზღურბლზე ვათვალიერეთ ერთმანეთი.

– თქვენც გაუპარსავები ხართ ახლა. – ვუთხარი დასკვნის სახით.

გაიღიმეს. შემოვიდნენ. ქურთუკის ფართო ჯიბეებიდან დასტა–დასტა ამოალაგეს ფოტოები და მაგიდაზე დააწყვეს.

– აი, მოგიტანეთ – მითხრეს.

სურათებისთვის არც შემიხედავს, ისე ვკითხე:

– აპარატი თან გაქვთ?

პირველმა თავი დამიქნია.

მაშინ წავედით.

გათენებამდე ვტკეპნეთ ქალაქი. მე მათ გაუთავებლად ვუღებდი ფოტოებს. ჩვენ კვლავ ერთად ვიყავით. ვიქცეოდით ისე, როგორც შეიძლება იქცეოდეს სამი ჩვეულებრივი მეგობარი მამაკაცი. შევედით ბარში და ლუდი დავლიეთ. ერთმანეთს ახალი ამბები აღარ დავუტოვეთ, ბოლო საფეხბურთო ჩემპიონატი გავქექეთ, ბარში მსხდომი ქალები აღვნუსხეთ და სიყვარულზე ფიქრით გული გავიცხელეთ. თავისუფლებას ველოლიავეთ და მეგობრობა უწმიდესად შევრაცხეთ. მენიუ წავიკითხეთ, როგორც საუკეთესო წიგნი დედამიწის ზურგზე და დელიკატესები შევუკვეთეთ ოფიციანტის დეკოლტეს. ჩვენ ხომ ახალგაზრდები ვიყავით, ღონე გვერჩოდა, ჯიბეში ცოტა ფული გვიჭყაოდა, სახლ-კარი გვქონდა და მომავლის გვწამდა. ჩვენ ხომ ნამდვილი მამაკაცები ვიყავით. ფოტომამები.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / იათაშვილი შოთა / ფოტომამები