იათაშვილი შოთა 

ყველაფერი

 

(დიდაქტიკური სამიჯნურო მოთხრობა)

 

კანი ასკდებოდა ტანზე და მაინც სიფრიფანა იყო. პატარა ძუძუები გულმკერდზე დატყეპებული გამოსაცხობი ჭადებივით ჰქონდა. სანდლებში წაჰყო ფეხები, არც კი შეიკრა და სასურსათო მაღაზიისაკენ გატუსტუსდა.

ჩუმი სახელი ერქვა.

დახლთან ჯინსის შარვალში ჩაჭედილი რვად გაკეცილი ქაღალდის ფული ამოაძვრინა.

გაშალა.

გაშალა.

გაშალა.

ხელი გადაუსვა ბოლოს, გაასწორა.

არაყი მოითხოვა, “კოკა-კოლა”, პური, სიგარეტი.

რკინის რამდენიმე მონეტა ჩაიჭედა იმავე ჯიბეში, ცელოფნის სავსე პარკი გამოართვა გამყიდველს და სახლისკენ გაბრუნდა.

გუშინდელი მამაკაცი ლოგინში წამომჯდარი დახვდა.

გაუღიმა.

მაგიდასთან დასხდნენ, გუშინდელმა მამაკაცმა არყის ბოთლს თავსახური წააძრო და თითო-თითო სირჩა დალიეს, “კოკა-კოლა” მიაყოლეს, პური და გუშინდელი მაწონი.

გუშინდელი მამაკაცი კრინტს არ ძრავდა გუშინდელზე.

არც ის ამბობდა რამეს.

პირდაპირ სიკვდილზე გადავიდნენ.

გუშინდელმა მამაკაცმა თქვა, სიკვდილი ჰორიზონტის ხაზია, რომელსაც, რამდენიც არ უნდა იარო, ვერაფრით მიიახლოვებ, მერე კი უცებ, ერთ მომენტში, შუბლით მიეხლებიო.

სიფრიფანა ჩაუფიქრდა გუშინდელი მამაკაცის ნათქვამს და მიუგო: ეგ შეიძლება მხატვრული სიმართლე იყოს სიკვდილის შესახებ, მაგრამ მე უფრო ცხოვრებისეული სიმართლე მაინტერესებსო.

თავიდან შეავსო სირჩები გუშინდელმა მამაკაცმა.

შეხედა იმ თხელ მკლავებზე, ზედ რომ მაინც კანი ასკდებოდა და უთხრა: სიკვდილის ცხოვრებისეული სიმართლე კანის დრამააო.

მესმისო – დაუქნია თავი სიფრიფანამ, ორივე ხელით თმა ყურს უკან გადაიწია და ამით დაასრულეს სიკვდილზე მუსაიფი.

თითო-თითო ღერი მოწიეს და დააქრეს თუ არა ნამწვები საფერფლეებზე, სიყვარულზე ალაპარაკდნენ.

სიყვარული მაშინაა, როცა ცნობიერების ნაწილი ტვინიდან გულში ინაცვლებს – ასეთი იყო გუშინდელი მამაკაცის ვერსია.

სიყვარული მაშინაა, როცა ღმერთი გაკვირვებას აღარ იწვევს – თავისი მოსაზრება გააჩნდა ქალსაც.

– ღმერთი კი იცი, რას წარმოადგენს? – ჩაეკითხა გუშინდელი მამაკაცი.

– ნუ სულელობ, ნუ სულელობ! – შეარხია კულულები ქალმა.

მიხვდა გუშინდელი მამაკაცი შეცდომას და გადაყლაპა ენა.

ისხდნენ.

ერთმანეთს ათვალიერებდნენ.

ერთმანეთის კანს ათვალიერებდნენ ძირითადად.

თავისუფლება გაახსენდათ ამ თვალიერებისას.

გუშინდელმა მამაკაცმა თავისუფლების ონტოლოგიისა და ანთროპოლოგიისადმი ბრმა მორჩილება უწოდა. ქალმა მხრები აიჩეჩა და ჩემთვის თავისუფლება მხოლოდ შანსიაო, თქვა.

წაიძრო ამის მერე გუშინდელმა მამაკაცმა არათითიდან რგოლის ბეჭედი და მაგიდაზე დააბზრიალა.

მაგიდაზე დააბზრიალა.

მაგიდაზე დააბზრიალა.

რა არის ღალატი? რა არის ერთგულება? – ორი კითხვა გაჩნდა ერთდროულად.

ქალმა არაყი ხუხა. “კოკა-კოლა” მიაყოლა. ხელისგულით პირი მოიწმინდა. დაიჯღანა ოდნავ.

გუშინდელი მამაკაცი პირველად ადგა მაგიდიდან ამ ხნის მანძილზე. ფანჯარასთან მივიდა. გარეთ გაიხედა. თითები აკაკუნა მინაზე. მიბრუნდა, ისევ დაჯდა, ქილას დაავლო ხელი და მაწვნის თქვლეფას შეუდგა.

– ნერვები... – გაისმა ქალის ხმა.

– რა?

– ნერვები... ნერვიულობა... ნევროზი... ღალატიც ეგაა და ერთგულებაც... – ქალმა გაიცინა. ნერვიულად გაიცინა. სწორედ დრო იყო, თითო-თითოც გაებოლებინათ.

სიმყუდროვე და სიბრუვე მოიტანა სიგარეტის კვამლმა.

გუშინდელმა მამაკაცმა მეგობრობა ახსენა.

ქალს გაუჭირდა პასუხის მოძებნა და ისევ გუშინდელმა მამაკაცმა მოახდინა ფორმულირება:

– მეგობრობა ცხოვრების გასავსები მასალაა...

– მასალა? – შეეჭვდა ქალი.

– არ არის ცუდი სიტყვა, – მიხვდა გუშინდელი მამაკაცი, თუ რატომ ეხამუშა ეს განსაზღვრება ქალს, – ცხოვრება უზარმაზარი სივრცეა და რომ არა მეგობრობა, თითქმის სულ ვაკუუმში მოგვიწევდა ყოფნა.

– თანაც სახლიც მასალისგან იგება... – დაურთო ქალმა.

– ჰო, სახლიც... – გუშინდელი მამაკაცი თითქოს კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ შეყოყმანდა, იფიქრა და მერე არყის ბოთლს გადასწვდა მხოლოდ.

ისევ გაივსო სირჩები.

ისევ ჩამოასხეს “კოკა-კოლაც”.

ქალმა კი, კანი რომ ასკდებოდა ტანზე და მაინც გამხდარი იყო, პური დაჭრა და იკითხა:

კიდევ რა დარჩა?

– მე მგონი ბევრი აღარაფერი, – უპასუხა გუშინდელმა მამაკაცმა, თუმცა მაშინათვე გაახსენდა და თქვა: სილამაზე... მშვენიერება...

– პრინციპში ერთი და იგივეა... – აიქნია ხელი ქალმა – ოღონდ სილამაზე უფრო კონკრეტულია.

– და მაინც?

ქალმა ენა გამოუყო გუშინდელ მამაკაცს, დაეჭყანა, ორი თითით თვალის უპეები ჩამოიქაჩა, მესამეთი კი ცხვირის წვეტი აიპრიხა. გუშინდელმა მამაკაცმა ერთი გულიანად გადაიხარხარა და – მაშინ ჭეშმარიტებაო – დაახეთქა უცებ.

– ეგ მეტიჩრობაა, მეტი არაფერი – არც კი უფიქრია, ისე გასცა პასუხი ქალმა.

გუშინდელმა მამაკაცმა უნდობლად შეხედა, მაგრამ მან დამაჯერებლად ჩასჩიჩინა: ეგრეა, ეგრე!

ბოლო ჩამოსხმაზე ნახევარ-ნახევარი სირჩაღა შეხვდათ.

– კიდევ რა დარჩა? – გაიმეორა ქალმა რაღაცნაირად მოუთმენლად.

გუშინდელმა მამაკაცმა თავზე ხელი შემოიჭდო, ჩაფიქრდა.

– სიზმარი...

– ნუ წვრილმანდები! – შეუტია ქალმა.

– მაშინ... სიკეთე და ბოროტება...

– ზღაპრები წაიკითხე: ქართული, ფრანგული, მონღოლური, იაპონური, რუსული და გაიგებ! – აგდებით უთხრა მან, რომელსაც კანი ასკდებოდა ტანზე და მსუქანი კი ოდნავადაც არ იყო.

გუშინდელმა მამაკაცმა ბოლო პორცია არაყი გადაჰკრა და “კოკა-კოლა” მიაყოლა.

– სხვა აღარაფერი გახსენდება? – ერთი წამითაც კი არ მოათქმევინა სული ქალმა.

გუშინდელი მამაკაცი აბუტბუტდა. გონებაში რაღაცას ითვლიდა. ბოლოს თითების ჩაკეცვაც კი დაიწყო, რაღაც რომ არ არეოდა, რაღაც რომ არ დავიწყნოდა.

– ისეთს ვეღარაფერს ვიხსენებ... – ჩაიჩურჩულა.

ეს სიტყვები იყო და ქალმაც წაავლო თავის სირჩას ხელი, პირისაკენ წაიღო და უცებ:

– ჰო, ბედნიერება! – ლამის წამოიყვირა გუშინდელმა მამაკაცმა.

ქალს ხელი გაუშეშდა. სახე შეეცვალა. დაეტყო, რომ ამას არ ელოდა. რამდენიმე წამი ყბას იკანკალებდა, მარცხენა თვალიდან კურცხალს იგორებდა. მერე მთელი ძალით გაიქნია სირჩიანი ხელი. გუშინდელმა მამაკაცმა დაიყმუვლა, სახე ხელებში ჩარგო და დახუჭული თვალების სრესა იწყო გამეტებით. ქალმა ახლა “კოკა-კოლას” ბოთლს სტაცა ხელი და მორჩენილი სითხეც ზედ მიაყოლა. გუშინდელმა მამაკაცმა უცებ მოიშორა ხელები სახიდან, ჩაწითლებული თვალები გაახილა, კიდევ ერთხელ იყმუვლა და სწვდა ქალს კისერში...

დიდი ხანი არ გაგრძელებულა ცემა-ტყეპა, მაგრამ როცა ერთმანეთს შეეშვნენ, ტანსაცმელი შემოფლეთოდათ და სულს ძლივს ითქვამდნენ. გუშინდელ მამაკაცს სახე დახოკილი ჰქონდა, ქალს კანი დასკდომოდა ტანზე...

გუშინდელი მამაკაცი ძირს დაგდებული სიგარეტის კოლოფისაკენ დაიხარა, აიღო, ერთი ღერი ამოაძვრინა, მოუკიდა...

– მეც მინდა – უთხრა ქალმა.

გუშინდელმა მამაკაცმა უსიტყვოდ ესროლა სიგარეტის კოლოფი და სანთებელა.

ქალმაც გააბოლა.

იატაკზე ისხდნენ. ლამის ეყარნენ. ხარბად ყლაპავდნენ ბოლს.

– მეც მინდა... – თავისთვის გაიმეორა ცოტა ხნის შემდეგ გუშინდელმა მამაკაცმა ქალის ინტონაციით და მერე ჰკითხა მას:

– და სურვილი რაღა ჯანდაბაა?

– სურვილი აწმყოა, – არ დაახანა მანაც პასუხი და იქით ჩაეკითხა:

– რა გქვია?

– რეზო. შენ?

– მე ჩუმი სახელი მაქვს: ნანა.

ჩუმად ისხდნენ ამის მერე დიდი ხანი.

ჩუმად იწვნენ.

ჩუმად ეყარნენ.

ერთმანეთს აკვირდებოდნენ.

ქალს პატარა ძუძუები გულმკერდზე გამომცხვარი ჭადებივით ჰქონდა.

გუშინდელი მამაკაცი კი გუშინდელი მამაკაცი უკვე აღარ იყო.

დღევანდელი გამხდარიყო და ფიქრობდა, ღირდა თუ არა საუბარი იმაზე, თუ რა იყო დასაწყისი და დასასრული, თავი და ბოლო.

 

2-3/VII. 2002

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / იათაშვილი შოთა / ყველაფერი