ინანიშვილი რევაზ 

 

ია და ლია

 

 

არც ერთი არ გათხოვილა. დაბერდნენ სულ იმაზე დაფაციცებულნი, რაიმე ესიამოვნებინათ ერთმანეთისათვის. სამსახურში რომ დადიოდნენ, მაშინ კიდევ ხვდებოდნენ სხვებს, პენსიაზე გასულნი მთლად მარტონი დარჩნენ, მარტო ერთმანეთის მაყურებელნი. დიდი-დიდი, ხელიხელ ჩაჭიდებულნი გასულიყვნენ თავიანთი პატარა მოედნამდე, გამობრუნდებოდნენ იქიდან და იყვნენ სულ შინ.

ძალიან უყვარდათ, რომ შებინდდებოდა. შებინდდებოდა და აღარც სხვები დადიოდნენ გარეთ. გაიწყობდნენ მორიდებულ ვახშამს, დაიდგამდნენ ძვეელი, ძველებური ბოთლით როგორც წესი, ლოცავდნენ ოჯახს, შენდობას ეუბნებოდნენ წინაპრებს, მერე მარტო ამასღა ამბობდნენ: – შენ გაგიმარჯოს, ია! – შენ გაგიმარჯოს, ლია! – ბოლოს აღარც ამასა ამბობდნენ, აიღებდნენ ჭიქას, აყანყალებდნენ ჰაერში და იცინოდნენ, იცინოდნენ კუჭკუჭით. შიგდაშიგ მომუჭული ხელის ზურგებით იწმენდნენ იმ სიცილის ცრემლებს. მერე აღარც იწმენდნენ...

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ინანიშვილი რევაზ / ია და ლია