ინანიშვილი რევაზ 

კაცი და ქალი

 

 

თებერვლის ცივი, ქარიანი წვიმის შემდეგ (ქარი კვლავაც ქრის), საღამო ხანს სველ ბინდში, რბილად გადაგლუებული გორაკის ფერდობს ნელ-ნელა ასდევს ბალანჩამოძენძილი გამხდარი მელა. წავა, ჩრდილივით უხმოდ გაძვრება ჩაშავებულ ძეძვებსა და ურო ბალახის ბღუჯებს შორის, შეჩერდება, აზუზული მოხედავს ქარსა და ჰორიზონტზე დახვავებულ ამღვრეულ ღრუბლებს, უწადინოდ დააღებს პირს და ამოიხავლებს:

– ბჰაა!

წავა, ქარი წააგვერდიელებს, გაძვრება ძეძვებს შორის, ისევ შეჩერდება, ისევ მოიხედავს და ამოიხავლებს საბრალობლად:

– ბჰაა! ბჰაა!

კაცი და ქალი ერთმანეთს მიჰკვრიან და სუნთქვაშეკრულნი უყურებენ.

კაცმა თქვა:

– შია.

– ოჰ, რას ამბობ! – უკმაყოფილოა ქალი, – მარტოა და გული სტკივა.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ინანიშვილი რევაზ / კაცი და ქალი