ინანიშვილი რევაზ 

მარადიული პეიზაჟი  

 

 

 

სულ იქით ცა არის, შემოდგომის, ლურჯადმიყუჩებული ცა. მის წინ – შემრეშილტყიანი გრძლადწასული გორა. გორის წინ – სანთლებივით სწორად ასული ალვები, ალვების წინ – მსუბუქად გაფენილი ყვითელი სიმინდები (ჯაფარა მიფრინავს იმ მსუბუქ სიყვითლეში), სიმინდების წინ – ძეძვის მუქი ღობე, ღობესთან – შავადაგრაგნილი ტოტებშეკაფული მუხა (ნაკაფზე ფუნჯებად ამოჰყრია წვრილი ყლორტები), მუხასთან – გრძელი საცალფეხო ხიდი, ოქროსფრად მოციმციმე წყალი, ხიდზე გამოდის წელში მოხრილი თითქმის მუხლებამდე ცხვირმიტანილი შავი დედაბერი, ზურგზე ჰკიდია პირთამდე სავსე ტომარა, ფეხის წვერები ერთმანეთის მიყოლებით მოიწევენ ჩემსკენ.

-----

ვერ ვცნობ და მაინც:

დედაჩემს იმ სავსე ტომრით დარდი მოაქვს ჩემთან.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ინანიშვილი რევაზ / მარადიული პეიზაჟი