ინანიშვილი რევაზ 

მარტოობის სიმღერა  

 

 

 

აი, კიდევ ერთი მარტოობის სიმღერა, თქმულა ზუზუნით, თუში დედაბრის მიერ, სოფელ შენაქოში, ძროხის წველისას, რძის ჩქამუნში, როცა ის-ის იყო საგანთიადოდ იცრიცებოდა ჰაერი, სახლების უკან ღამურის ფრთასავით მსუბუქად ამოჰკრა პირველმა თეთრმა კვამლმა, ქვების ღრაჭუნით, მოოწყენილი ნაბიჯით ჩაიარა წყაროსკენ ცხენის ლანდმა და თან გაიყოლა ძროხის ფშვინვა თუ ოხვრა.

– რაო, ჩემო საწყაო ტუბალო! რაო, ჩემო საცოდავო დედოვ და დაო! რას ოხრავ და ჰგმინავ! შენ რაღა გემართება, მადლიანო! წახვალ, დარდიანი წახვალ, მოხვალ, დარდიანი მოხვალ, დგახარ, დარდიანი დგახარ. რა ავი ამბავი იცი, კეთილო! რა ელდას რასმე გიგრძნობს გული! რატო არას მეტყვი უთქმელო, რატომ არ მანიშნებ რაიმეთი...

დედაბერი გაჩუმდება, გაჩუმდება საწველელიც. მერე კვლავ:

– შენ ხომ გაზაფხულზე ისევ გახვალ ყვავილებში, შენ ხომ ისევ გაგევსება დამჭკნარი ძუძუები, ისევ გეყოლება შენი ნაწილი და სრული! მაშ რა არი, რა შავმა ფიქრმა გაგიტენა სხეული, რა მიოგაქვს და მოგაქვს, სულ მუდამ სევდიანო, სულ მუდამ შეწუხებულო...

დედაბერი ერთხელაც გაჩუმდება, გაჩუმდება საწველელიც. მერე კვლავ:

– მითხარი, დედოვ და დაო, მეც ხომ ქალი ვარ და დედა, მითხარი, რა დარდის ღრუბელი დადის ქვეყანაზე, მანიშნე, მიმახვედრე. ვხედავ და ვერცა ვხედავ. აღარ შემიძლია მეტი, თვალებს ხომ არ ავიხვევ, ისედაც თვალებბნელი! მითხარი! მითხარი!

დედაბერი ორჯერ დაჰკრავს ძროხას გავაზე ხელს. ძროხა გაიწევს, აჩხარუნდება ჯაჭვი.

ჩამოვარდება სიჩუმე.

სადღაც ვიღაცა შეშას დაჰკრავს ცულს.

აწრიპინდება ღობემძვრალა.

დედაბერი შავად ამოიმართება ყორის იქიდან. საწველს ყორეზე შემოდგამს. დგას და იყურება. მერე ჯადოქარივით იძახის:

– ვინც აიაროს და ჩამოიაროს და ხმა არ გამცეს, გაქვავდეს!

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ინანიშვილი რევაზ / მარტოობის სიმღერა