ინანიშვილი რევაზ 

მელია და მე

 

 

ვარ ერთხელ ჭალაში, მაისია, ცოტა ნიავი ქრის, ხის ძირას ვერ ვმუშაობ და დავდივარ, მომყუდროებულ ადგილს დავეძებ. ვეძებე, ვეძებე და ვიპოვე. გამოღრმავებული კბოდეა, შიგ თბილი მზეა ჩამდგარი მივედი, მივჯექ იმ გამოღრმავებულში, გავიკეთე სათვალე, დავიდე მუხლზე ჩანთა, დავადე ზედ რვეული და დავიწყე წერა. ხან თავჩაღუნული ვწერ, ხან ჭალას და მთებს მივჩერებივარ, ვფიქრობ.

ჭალა სულ მწვანედ ღადღადებს, მთები ლურჯია, იმ მთების მაღლა კი თეთრი ქულა ღრუბლები დგანან.

ავწიე ერთხელაც თავი და რასა ვხედავ: იქვე, ჩემიდან ოცდაათიოდე ნაბიჯზე, ბუჩქებიდან გამოსულა მელია – კუდა გრძელია და მე მიყურებს. თვითონ ტანწვრილია, გამხდარი, ყურებწამოწვეტებული, ფუმფულა კუდი კიდევ ტანზე დიდი მოსთრევს. მოდის, ნელა, გაუბედაბავად მოადგამს ნაბიჯებს, გაჩერდება და, რაღაც ეჭვიანად მოწკურავს თვალებს, ვერ მიმხვდარა, ადამიანი ვარ თუ რა ვარ. თუ ადამიანი ვარ, ორ ფეხზე რატომ არა ვდგავარ. ან რანაირი თვალები მაქვს, შეკარგული ხელები. გამოყოფს წითელ ენას, მიისვამს, მოისვამს ტუჩებზე, ჰაერსაც ჩაისუნთქავს, ჩემი სუნის გაგება უნდა, მაგრამ ჩემს სუნს ვერ გაიგებს, რადგან ნიავი მისი მხრიდან ქრის. გაბედავს, კიდევ გადმოადგამს ერთ-ორ ნაბიჯს, გაჩერდება და მიყურებს. მე გაუნძრევლად ვზივარ, სუნთქვასაც კი ვიკავებ. ერთი პირობა გაბრუნდა, ალბათ იფიქრა, სჯობია მოვერიდო, ვინც არის და რაც არისო, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ სძლია და ისევ ჩემკენ წამოვიდა, მომაშტერდა, უკანა ფეხებზე ჩაცუცქდა, ზის და მიყურებს. მე მაინც არ ვინძრევი. ბოლოს, ეტყობა, მოსწყინდა ესე ჯდომა, წამოიწია და მომაძახა:

– ბაა!

მეც აღარ შემეძლო მეტი თავშეკავება, გავიქნიე ხელი და გავუშვი თოფის ტყვიასავით:

– ტუუ!..

შეჰკრა მალაყი და რა მალაყი! თითქოს ძირს არც კი დაშვებულა, ჰაერშივე გაიჭიმა საგველასავით და შევარდა, შეიკარგა ბუჩქებში.

მე სიცილი ამიტყდა. ვიცინოდი და ვიძახდი, – სულ ეგა ხარ, მამაცო კუდიგრძელია, სულ ეგა ხარ ბასრკიჭებიანო?! მერე საწერსაც მოვრჩი, წამოვდექი, უკვე შინ მოვდივარ და კიდევ იმ მელუკას არწავაწედი?! გადმომდგარა მაღალი კლდის თავზე და მიყურებს. გადასწევს თავს გვერდზე და მისი თვალების გამომეტყველებით ვხვდები, რომ ასეთ რამეს ამბობს:

– შენა ყოფილხარ, რაც ყოფილხარ! დახვალ მაგ ხნის კაცი და დამაიმუნობ.

მე გავბრაზდი, ისევ გავუზუზუნე ტყვიებივით.

– ტუუ! ტუუ!..

მაგრამ მელია აღარ გაქცეულა. მიბრუნდა, კუდი მაღლა აიშვირა და ფეხებს შორის გამომხედა. იდგა ასე, კუდაპრეხილი და ფეხებშორის დამცინავად გამომზირალი, მერე ერთი შეხტა, შეითამაშა და ტყეს შეაფარა თავი.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ინანიშვილი რევაზ / მელია და მე