ინანიშვილი რევაზ 

 

მთვარე  

 

 

 

ჩვენ იმ საბრალდებულო წლების შვილები ვართ. ჩვენი შეუღლების დღეც ცრიატი იყო და ცივი. დაკლეს ერთი ცხვარი, მოხარშეს ლორი. მოვიდნენ ახლო მეგობრები, ჭამეს, სვეს, იმხიარულეს – ჩემმა მოხუცმა სიმამრმა ჯამი ჩამოიმტვრია თავზე. ნაშუაღამევს ცალკე ოთახში გაგვგზავნეს. დილით ისევ დასხდნენ, ისევ დაიწყეს სმა. წამოვიდა თოვლი. ითოვა იმ დღეს, იმ ღამესაც. მერე ცოტა გამოიდარა, მოყინა, ისევ წამოვიდა თოვლი. ჩემს სოფელში უნდა გავსულიყავით. არ იყო არც მანქანა, არც შესაბმელი რამე. ყური არ გვითხოვებია უფროსების ვიშვიშისათვის. ფეხით წავედით მხოლოდ ჩვენ ორნი. ორივეს თბილად გვეცვა, ორივეს ჯოხები გვეჭირა ხელში. მივდიოდით ვიწროდ გაკვალულ თოვლში, მისაღამოვებულზე. გადავედით მდინარეზე გადაებულ საცალფეხო ხიდზე, შევედით დიდი ვერხვების ჭალაში. დაიწყო დაღამება. მაგრამ სანამ დაღამდებოდა, თოვლით შეჭაღარავებული შავი მთის უკანიდან ამოვიდა დიდი, ბრდღვიალა, კეთილი მთვარე და იმან მიგვაცილა შინამდე.

სხვებს ჰყავდეთ მფარველად, ვისაც ვინ სურს, ის, ჩვენ კი დღეისთვის ამ ბადრი მთვარის მფარველობა გვყოფნის. როდესაც გვიჭირს, ამობრდღვიალდება ცაზე; ჩვენ დაკარგული ობლებივით შევდივართ მის ქვეშ, ვიჭუჭკებით და მისი სხივებითა და ერთმანეთის სუნთქვით ვითბობთ ნერვიულობით დამზრალ, აკანკალებულ ხელებს.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ინანიშვილი რევაზ / მთვარე