ინანიშვილი რევაზ 

 

მიტოვებული შვილები  

 

 

 

შეწმენდასაც შველოდა, ორივე ხელით უხახუნებდა ბეჭებზე პირსახოცს. დაავარცხნინა თმაც. – ხილაბანდსაც მოგახვევო. – კაცმა გაკვირვებით შეხედა. – არ გაგიცივდეს სველი, – თმაში შეუყო ხელი. კაცს სიცილი აუტყდა, ქალიც მიხვდა, რომ სისულელეს ეუბნებოდა. უცებ წარმოიდგინა – კაცი სხვა რუხ კაცებში მდგარი, ორთქლი რომ ასდიოდათ რუხ ყინვაში და შეჭირხლული ჰქონდათ წარბები. ცხვირის წვერი დაეწვა, თვალები აჩქარებით აახამხამა. – წადი, დაწექი, მეც ახლავე მოვალ, – კაცი რატომღაც გალაჯული წავიდა, მეც ახლავე მოვალ, – კაცი რატომღაც გალაჯული წავიდა, თითქოს უნდა გაქცეულიყო, თითქოს ყინულზე დასხლტომის ეშინოდა. საბანს ხელი აჰკრა და ლოგინში შეწვა, – უუუ! – აღმოხდა აკანკალებულს. ხუთ წელიწადზე მეტი იყო, ნამდვილ ლოგინში აღარ წოლილა, – უუუ! – იძახდა უფრო ჩუმად და ვერ მიმხვდარიყო, რა ძახილი იყო ეს, სიამოვნებისა თუ ტანჯვისა. თვალები დახუჭა, კანკალი შეუჩერდა. იწვა თვალებდახუჭული. თანდათან ხვდებოდა, სიამოვნებისა იყო ეს თრთოლა და ძახილი. საბანი კარგად შემოიხვია, გვერდზე გადაბრუნდა. გაყუჩდა. მაშინვე ძილმა წაიღო, მაგრამ შეკრთა, – დაძინება არ უნდოდა, – თვალები დააჭყიტა. რამდენჯერმე დაემართა ასე, ჩაეძინა და თვალები დააჭყიტა. ქალი ისევ წყალს ახმაურებდა. გულაღმა დაწვა, იცდიდა. ქალი ისევ წყალს ახმაურებდა. ბოლოს, როგორც იქნა, წყლის ხმაური შეწყდა, როგორც იქნა ქალი გამოჩნდა, თეთრი,თეთრი, თეთრპერანგიანი. თმას ისწორებდა ღიმილით. უკანასკნელი ნაბიჯები ტკენპით გამოიარა, ღონივრად ადგამდა იატაკს ფეხს. კაცმა საბანი ასწია, ქალი შეუწვა, ლოგინში აიძრო პერანგი. მიეკვრნენ ერთმანეთს. ასე იყვნენ ერთხანს, ერთმანეთს მიკრულნი, უძრავნი. მერე კაცის ხელი შეტოკდა, ქალი პატარა იყო, დაპატარავებული. ქალმა დაასწრო სიცილით, – რამხელა გამხდარხარ, ეე! – კაცი ხმას არ იღებდა. ჯერ იხუტებდა ქალს, მერე განზე გასწია, თითქოს სულის მობრუნებას აპირებდა. ქალმა გადიდებული თვალები მიაპყრო. კაცს ფიქრიანი, ფიქრიანი თვალები ჰქონდა. კაცი მიხვდა, ქალი ეკითხებოდა, რა მოხდაო. კაცმა გაიღიმა და ჩურჩულით უთხრა: – ისეთი ჩემიანი ხარ, ისეთი... რა სიტყვა უნდა ვიხმარო, არ ვიცი... მშო... არა. ქართულად არ გამოვა ეს... ისეთი ახლობელი, ღმერთისა მეშინია, რომ გეხვევი.

 

ქალს თვალები გაუთბა, შუბლი მიადო ყურისძირთან. იქ თქვა: – ორივენი ღვთის შვილები ვართ. – ღვთის შვილები?!. – კაცმა მაღლა აიხედა, იყო ასე. მერე სიმწრით ჩაიცინა და ქალს დაუბრუნდა. – მიტოვებული შვილები...

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ინანიშვილი რევაზ / მიტოვებული შვილები