ინანიშვილი რევაზ 

 

ქალი ბაქანზე  

 

 

 

– ორმოცდასამის ცივი, ქარიანი ზამთრის ღამე იყო, – როდის აღარ იყო ცივი და ქარიანი ღამე მაშინ! წინა დღეს პირველად შევისწორე ღინღლი საულვაშეზე. ქარხნიდან გამოსული, ფარღალალა ჩარდახის კედელს გარედან მოფარებული, – შიგნით სხვები იყვნენ აბუზულნი, – მუშათა მატარაბელს ველოდი ჩვენს ბაქანზე. ანათებდა ცივი, ბადრი მთვარე. მოვიდა ერთი თეთრი შალით თავმობურული მაღალი ქალი, ისიც ზურგით მიეყუდა ფიცრის კედელს და თავმოუბრუნებლად თქვა:

– წამოდი ჩემთან. მე კარგი ვარ, მხოლოდ მარტოობით ვკვდები. მე თითქოს ჭიანჭველების ბუდეში ჩავვარდი, მერე გვერდზე გავიწიე.

– რატომ შეშინდი? შენ უკვე დიდი ხარ, შენ უკვე უნდა იცოდე, რას ნიშნავს მარტოობა ქალისათვის.

მე სულ მოვცილდი იმ ფიცრის კედელს, მუხლებში თრთოლვაშემდგარი გავედი მოღიავებულზე. ცოტაზე ქალიც გამომყვა. მივხედე და მთვარის შუქზე გავარჩიე, რომ ეღიმებოდა, ეღიმებოდა და ძალიან ლამაზი იყო. ვიღაცა კაცმა ხელი დაადო მკლავზე. იმ კაცს იდაყვი გაჰკრა. მატარებელი მოვიდა. მე ჩავჯექი და წამოვედი. ქალი ბაქანზე დარჩა სევდიანად გაღიმებული.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ინანიშვილი რევაზ / ქალი ბაქანზე