ინანიშვილი რევაზ 

 

ცოცხალი ჯვრები  

 

 

ტყიანი ხეობის პატარა ჩამშვიდებულ სოფელში, სიძველითა და მიუხედაობით ჩაშლილ, კიდეებმორღვეულ, დანაღვლიანებულ სახლში, დერეფნის ტახტზე ერთმანეთის გვერდით ზის ორი ბებერი – ქალი და კაცი; გაძვალტყავებული, გაყვითლებული ხელებით დაჰყრდნობიან მუხლებთან ჩადგმულ ჯოხებს და უსინათლოებივით მისჩერებიან ლურჯად შეღრმავებულ ცას.

მოდის კოჭდაბალი, შეწუხებული იერის მეზობელი ქალი, – გამარჯობათო, – გულდამდგარი ქვედაკაბის სწორებით ჩაცუცქდება ბებრების წინ, უცებ გაიცისკროვნებს სახეს და იწყებს:

– აღათონამა თქვა, ბერძენმა აღათონამ...

– ვინა? – იხრება ბერიკაცი.

– აღათონა ბერძენმა, ოქრუაშვილების სიძემ.

– ვისმა სიძემ?

– ოქრუაშვილების სიძემ, ბერძენმა აღათონამ, მატურებს რომ აკეთებს სასაფლაოზე, იმ აღათონამა თქვა, თუ კიდევ გაცინებულებსა ჰხედავენ ბიჭებს სიზმარში, ცოცხლები იქნებიანო, გაიგეთ? თუ გაცინებულებსა ჰხედავენ ბიჭებს სიზმარში, უეჭველად ცოცხლები იქნებიანო.

ბებრები საგონებელში არიან.

– აღათონამ რა შავი ქვა იცის – ამბობს კაცი.

– იცის, ბერძენია, მაგათ ყველაფერი იციან.

– ეე, – ხელს ჩაიქნევს კა,ცი, – არავინ არაფერი იცის, არც ბერძენმა, არც რუსმა.

– რას ამბობ! – კანკალით მოუბრუნდება დედაბერი, ცრემლი ჩაუგორდება გახუნებულ კალთაში. – გასულელდი, კაცო?!

– არც გავსულელდი, არც დავჭკვიანდი, აესა ვარ, რაცა ვარ...

კაცი ხელებს გაშლის და თავს ასწევს.

მეზობელი შეხედავს, მოიკუნტება, თვალებსაც დახუჭავს.

ცოტა ხნის მერე ბალახებზე, ხელისკიდებით ჩასდევს ანწლმოდებულ დაღმართს.

– როგორ არიან ეგ საცოდავები? – ეკითხება ქვემოდან ამომავალი, წინსაფარაკალთავებული ქალი.

– როგორ იქნებიან, გენაცვალე, სხედან ცოცხალ ჯვრებად და ტოკავენ.

ქალი გაუბედავად ეწევა ხელებს, შეშინებული იხედება აქეთ-იქეთ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ინანიშვილი რევაზ / ცოცხალი ჯვრები