ინანიშვილი რევაზ 

ხევსური

 

ამ აგვისტოს ბოლოს კახეთიდან ვბრუნდებოდი, აეგრე მოკლეებზე გადმოვედი და ლელიან ველს რასმე წავადექი. ვხედავ – ჭყანტობია, იმ ჭყანტობს იქით მუხა დგას, მზე ჩადის, სხივები ტოტებქვეშ გამოშვერილა შუბებივით და იმ სხივებში – გუნდებად შეკრული ქინქლა ავარდება მაღლა და დაიწევს ისევ... გამიკვირდა, რა არის-მეთქი, გადავტოპე ჭყანტობი, გავარღვიე ლელი და საკვირველ სურათს წავაწყდი!

მუხის ქვეშ ერთი ვეებერთელა ხევსური გაშხლართულა გულაღმა, ცაამოძენძილი გალიბანდი შუბლზე ადევს, დევივით ფშვინავს, და ფუო – რომ ამოისუნთქავს, ის გუნდად შეკრული ქინქლა შადრევანივით ავარდება მაღლა, ჩაისუნთქავს და დაესევიან ჭარხალივით გაწითლებულ ცხვირ-პირზე.

შემებრალა, შევანჯღრიე, გავაღვიძე და ვუთხარი:

– ადე, ძმაო, აქ სად დაწოლილხარ, ქინქლა და კოღო გაჭამს-მეთქი.

– არაფერია, არამ სისხლ მიაქვთო.

გადაბრუნდა და ისევ ძილს მისცა თავი.

შენ კიდევა...

საათის ხმა არ მაძინებსო?!

ვაი, მოგიკვდეს ჩემი თავი, ძმისავ!

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ინანიშვილი რევაზ / ხევსური