ინანიშვილი რევაზ 

 

ჯანი როდარი

 

მოთხრობა

 

 

1978 წლის აპრილის დამდეგს საბჭოთა კავშირის მწერლების, მხატვრების და გამომცემლობების მუშაკთა თითქმის ოცკაციანი ჯგუფი იტალიაში გაგვიშვეს ნახევრად ტურისტულ, ნახევრად დელეგატების უფლებებით. მოგზაურობის ძირითადი მიზანი იყო საერთაშორისო საბავშვო წიგნების გამოფენა-გაყიდვაზე დასწრება, რომელიც ქალაქ ბოლონიაში იმართება ხოლმე.

 

ამ გამოფენიდან წამოყოლილ შთაბეჭდილებებზე საჯაროდ არსად არაფერი მითქვამს. მარტო ერთი ქალაქის, ლონდონის, გამოცემებს ეკავათ ორმოცზე მეტი პავილიონი; თან რა გამოცემებს, ხელები რომ გვიკანკალებდა აღებისას! ჩვენ კი, მთელ საბჭოთა კავშირს, ორი პავილიონი ძლივს გვქონდა გავსებული, ისინიც, ვფიქრობ, ხელით ნაპრიალები წიგნებით. ასეთი შეფარდებების მნახველი მწერლისათვის ბუნებრივად მეჩვენება დამუნჯებაც კი, მით უმეტეს მაშინ, მკაცრად რომ იყო აკრძალული ამგვარ ნაკლოვანებებზე ჩვენი აღშფოთების გამოთქმა.

 

მოსკოვიდან ბელგრადში ჩავფრინდით, ბელგრადიდან ზაგრებში, ზაგრებიდან მილანში... როგორ უნდა იყოს მოწყენილი მილანის ტაძრისა და ლა-სკალას პატრონი ქალაქი!.. მილანიდან ვენეციაში წავედით, იქიდან ბოლონიაში, მერე ფლორენციაში და ბოლოს რომში, დაღლილნი – მარადიულ რომში! ქუჩაში გაჭედილ მანქანებში მშვიდად იკეთებდა მანიკურს საჭესთან მჯდარი ახალგაზრდა ქალი...

 

მოსკოვში დაბეჯითებულნი გვარწმუნებდნენ, იტალიაში აუცილებლად მოგვიხდებოდა კოლეგებთან შეხვედრები, საუბრები, დისკუსიები. წინასწარ დაგვაწერინეს მოკლე წერილები საბავშვო წიგნზე – საბავშვო მწერლობაზე, მხატვრობაზე, გამოცემის თავისებურებებზე. მე დავწერე ჩემი მაშინდელი გიზგიზა აზრი – ბავშვებს, პატარა ბავშვებს, პირველ რიგში უნდა ჩავუნერგოთ სიბრალულის გრძნობები-მეთქი. ამ პრინციპით არის დაწერილი მსოფლიოს ყველა საუკეთესო საბავშვო ქმნილება – ანდერსენის ზღაპრები, „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, „პინოქიო“, „ნელო და პატრაში“, „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „გიქორი“ და სხვა მრავალი. ბავშვებს უნდა ებრალებოდეთ ადამიანები, ცხოველები, მცენარეები. ბავშვები უნდა ზრუნავდნენ მათი სიკეთისათვის. სხვა მორალური კატეგორიები მერე ჩაუმწკრივდებიან დაუკითხავად წინ. წერილის ბოლოში კი გამოვთქვამდი სურვილს, შევხვედროდი ჩვენს საყვარელ იტალიელ საბავშვო მწრალს ჯანი როდარის.

 

მე არ მომწონს ჯანი როდარის „ჩიპოლინოს თავგადასავალი“, მაგრამ, სამაგიეროდ, პირველ წაკითხვისას აღტაცებული დავრჩი მისი წიგნით „ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში!“ ეს წიგნი უყვარდა მთელ ჩემს ოჯახს. და აი, იტალიაში წასვლის წინ გადავწყვიტე, რაიმე საჩუქარი მომემზადებინა „ჯელსომინოს“ ავტორისათვის. ჯერ ახლა რა მაქვს, რა მექნებოდა მაშინ! არაფერი! მაგრამ მქონდა ერთადერთი თვალშისაცემი რამ... მაღალყელიანი ლეკური წინდები, მუხლებთან შესაბნევი ფუნჯებიანი სახვევებით. ეს წინდები ამხანაგმა გამომიგზავნა კახეთიდან, ნახე, რა ნამუშევარიაო. ვნახე, თვალს ვეღარ ვწყვეტდი რამდენსამე დღეს, მერე სულ მეკიდა საწოლთან. რა ხელით იყო ნაქსოვი, არ ვიცი! რა ხავერდოვანი წითელი ტონისა, რა წვრილწვრილი სხვადასხვა ფერის ვარსკვლავები ეყარა, რა ფიფქები, რანაირად წმინდად და მკვრივად ჰქონდა ამოყვანილი საქუსლეები და სათითურები. გავახელდი თვალს და მიხაროდა მათი დანახვა. ნაყიდი კი იყო, თურმე, თხუთმეტ მანეთად.

 

აი, ამ წინდების წაღება გადავწყვიტე.

 

საზღვარზე რომ უნდა გადავსულიყავით, ერთხელაც გაგვაფრთხილეს, ძვირფასეულობა არ გადაიტანოთ რამეო, მე ჩვენებთან ვიხუმრე, ძვირფასი წინდები მიმაქვს საგანგებო საჩუქრად ჯანი როდარისთვის, იმათი აქ დამტოვებელი არა ვარ-მეთქი. სიტყვა წინდებს დიდად არ დაუინტერესებია არავინ, ის კი მაშინვე მითხრეს, ჯანი როდარი ჩვენთან უკვე მწყრალად არის, არა გვგონია, შეხვედრა მოინდომოს ვინმესთანო. მეწყინა ეს ამბავი, მაგრამ რაღას ვიზამდი! თავი იმით ვინუგეშე, მწერლები ვიყავით, მხატვრები, როდარი არ იქნება, სხვა გამოჩნდებოდა პატივსაცემი.

 

რომამდე ჩვენთან სადისკუსიოდ განწყობილ კოლეგებს არსად შევხვედრივართ. დაგვატარებდნენ გამომცემლობებში, სტამბებში, თვალები გვცვიოდა ათასი რამის ხარისხზე. გამომცემლებს უბრალოდ, საქმიანად ეჭირათ თავი. მარტო ფლორენციელმა ჯუნტიმ გვკითხა გაკვირვებულმა, რატომ იბეჭდება თქვენთან ბევრი საბავშვო წიგნი ილუსტრაციების გარეშეო. ვიღაცამ რაღაც წაიბურტყუნა ომზე, მის შედეგებზე, ამ შედეგებიდან მომავალ დაბალ ხარისხებზე. ჯუნტი თითქოსდა მაინც კმაყოფილი დარჩა.

 

ბოლოს რომში ჩავედით. აქ კი ოფიციალურად გაგვაფრთხილეს, ხვალო, იტალია-საბჭოთა კავშირის მეგობრობის საზოგადოებაში, აუცილებლად გვექნება შეხვედრა კოლეგებთანო. მეორე დღეს ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითარცა ერთი კაცი, ზუსტად დანიშნულ დროზე გამოვცხადდით საზოგადოების შენობაში. ამ შენობაზე ცუდს ისეთს ვერას იტყვი კაცი, არის შიდა კიბეები, რაღაც ბარები, გასახვევ-გამოსახვევები, - მაგრამ მე მაინც ასე მომეჩვენა, რომ ამ ორი დიდი ქვეყნის მეგობრობა უფრო თვალმახარა შენობით უნდა გამოხატულიყო. შემოგვიერთდა და წინ დაგვიძღოდა ჩვენი საელჩოს წარმომადგენელი – ზორბა, ყოჩაღი, მხიარული რუსი ქალი. ჩვენი ნაწერები, მოსკოვში რომ დაგვაწერინეს, მან ჩამოგვართვა, დაგვაიმედა, უეჭველად დაიბეჭდება აქაურ პრესაშიო, და ახლა გვაგულიანებდა, ყოჩაღად იყავით, ნუ დაიბნევით, თუ ისეთი რამეები გკითხონ ამ იტალიელებმაო.

 

იტალიელი მასპინძლები კი არ ჩანდნენ. ორი თუ სამი კაცი რაღაცას დაფაცურობდა შეწუხებული. ბარში შეგვიყვანეს, პეფსით და საკნატუნო ჩხირებით გაგვიმასპინძლდნენ, ბარშივე გაგვაცნეს დახლზე იდაყვით ჩამოყრდნობილი ახალგაზრდა კაცი, ლიტერატორი, რომელმაც მაშინვე ისა გვკითხა, თქვენთან ჯანი როდარია, არა, ყველაზე პოპულარული იტალიელი მწერალიო. ჩვენ ჯერ შევყოყმანდით, მერე დავეთანხმეთ. ახო, რა სამწუხაროა, სინიორ ჯანი როდარი შეუძლოდ არის, მაეჭვებს, რომ აქ მოსვლა მოახერხოსო. ჩვენ ვიფურჩქნებოდით სხვა იტალიელი მწერლებისა და მხატვრების სახელების ცოდნითაც. ის იტალიელი ახალგაზრდა კი არ გვეჯიბრებოდა, ის სულ იღიმებოდა და სასიამოვნოა, სასიამოვნოო, - იძახდა. დრო გადიოდა, გავიდა თითქმის საათი და ბოლოს, როგორც წესი, დაიწყო ტაშით. სხვათა შორის, ტაშს ჩვენზე ნაკლებად არ უკრავდნენ იტალიელები.

 

პატარ-პატარა წინასიტყვაობის შემდეგ ტრიბუნას დაეუფლნენ ჩვენი გამომსვლელები, ერთი საბავშვო წიგნის ზოგად მნიშვნელობებზე ლაპარაკობდა, მეორე - სტამბურ თავისებურებებზე, მესამე, სახალხო მხატვარი, მხატვრობაზე. დარბაზი ისმენდა, ისმენდნენ იტალიელებიც. იტალიელები, ვგონებ, ცოტა გაკვირვებულები, და კიდევ კარგი, დროზე ატყდა მცირე ჩოჩქოლი, სცენაზე მყოფი ჩვენი მასპინძლები წამოდგნენ და საზეიმოდ გამოაცხადეს, – ჩვენი და თქვენი დიდი მეგობარი სინიორ ჯანი როდარი მობრძანდაო. ჩვენც ავტეხეთ ტაში. შემოვიდა პატარა, მეტად უბრალოდ ჩაცმული, მინაცრებული სახის კაცი. თავს გვიკრავდა, გვიღიმოდა, მაღლა აწეული შეტყუპებული ხელებით გვესალმებოდა. მიიწვიეს სცენაზე მდგარ მაგიდასთან. რაღაც უმწეოდ ავიდა, კიდევ უფრო პატარა გამოჩნდა სცენაზე მყოფი რუსების გვერდით, დაჯდა, წინ დაიწყო ხელები, ჰალსტუხი ცოტა გვერდზე მოჰქცეოდა.

 

განვაგრძეთ სხდომა, უმთავრესად ჩვენები ლაპარაკობდნენ, გამოვიდა იტალიელიც. მან იმის გარკვევა სცადა, კიდევ იყო თუ არა ჩვენთან ცენზურა. აუხსნეს, როგორც ვიცით, ხოლმე არეულად. არისო მთავლიტიო, რომელსაც მხოლოდ ის ევალება, სახელმწიფო საიდუმლოებები არ გაიპაროსო. ლექსებიო? ლექსებს არ კითხულობს მთავლიტიო? ამ კითხვას სიცილი მოჰყვა და კარგად ვერ გავიგე, რა უპასუხეს. იტალიელი მაინც კმაყოფილი ჩამოვიდა ტრიბუნიდან.

 

სიტყვა მისცეს ჯანი როდარის. ის ტრიბუნასთან არ მისულა. მაგიდასთან მდგარი მოგვესალმა, ღიმილიანი ტკბილი ხმით გვისურვა მშვიდობა, ბედნიერება, ბედნიერება ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ქვეყნებს, ბედნიერება მთელი დედამიწის ბავშვებს, ბედნიერება მწერლებს.…

 

ძალიან შეუხედავი პიჯაკი ეცვა, პატარა ხელები თითქოს უთრთოდა, დაჯდა. შვება მიეცა. ილაპარაკა კიდევ ერთმა იტალიელმა – მშვიდობაზე, ერთა ძმობაზე, დიდი მადლობა გადაგვიხადა მათთან სტუმრად მიბრძანებისთვის. ერთიორჯერაც დავუკარით ტაში და დავამთავრეთ.

 

ჩამოვიდნენ სცენიდან. ჩამოვიდა ჩვენთან ჯანი როდარიც. ყველას გვართმევდა ხელს. მე რომ ჩამომართვა, – ხელი იყო ძალიან პატარა და ცხელი, – ამოვიღე ჩემი წინდები და ვუთხარი, – მე ქართველი ვარ, საქართველოში ძალიან უყვართ იგი, მისი „ჩიპოლინო“ და „ჯელსომინო“. ჩემი ოჯახი ეთაყვანება „ჯელსომინოს“ ავტორს, და აი, საჩუქარს ჩემი შვილები, ბიჭები, უგზავნიან მის ქალიშვილს. წინდები გავშალე, როდარის თვალები დადიდდა, ხელი მოჰკიდა წინდებს, – ეს თქვენი მთებიდანაა, კავკასიონის მთებიდანო, დიდებულიაო, მე ვყოფილვარ თქვენს ქვეყანაშიც, მე მიყვარს კეთილი ქართველი ხალხიო, და დიდი, დიდი მადლობა გადამიხადა საჩუქრისათვის. საელჩოდან მოსულმა ენერგიულმა ახლა სხვებისკენ წაიყვანა. როდარი მობრუნდა. ბლოკნოტი და კალამი ეჭირა. თქვენი სახელი და გვარი ჩამიწერეთო. ჩავუწერე. ისევ მომიბრუნდა: – პროფესიაო. „მწერალი“ რომ ვთქვი, თვალებში შემომხედა. იუჰ, ისეთი თვალები ჰქონდა, თითქოს თავზარი დასცემოდა, ეს რა მითხარით, ამის დამმახსოვრებელი ვინ არისო.

 

სულ მალე ჯანი როდარი გარდაიცვალა. ამ ამბავმა ძალიან მატკინა გული.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ინანიშვილი რევაზ / ჯანი როდარი