კაკაბაძე ირაკლი
აუტისტი ტერორისტის განცხადება
მე ვარ 17 წლის 2 თვის და 22 დღის. დაახლოებით 4 წლის ასაკიდან მაქვს აუტიზმის და ასბერგერის დიაგნოზი.
მკურნალობას გავდიოდი მრავალ დაწსებულებაში. სხვადასხვა დროს მყავდა ფიზიკური თერაპევტი, ლოგოთერაპევტი, ოკუპაციის თერაპევტი, ფსიქოთერაპევტი და ზურგის მოფხანის სპეციალისტი. თანხებს მთლიანად მამაჩემის კერძო დაზღვევა იხდიდა. ხანდახან ვფიქრობდი სახელმწიფო დაზღვევაზე დაჯდომას, მაგრამ გადავიფიქრე. არ მინდა.
მამაჩემი ფიზიკის ლაბორატორიაში მუშაობს. მამაჩემი საშინელი კარიერისტია. ის მეცნიერი კი არ არის, კარიერისტია. მუდმივად ცდილობს რომ გრანტები მოიპოვოს თავისი ლაბორატორიის კვლევებისთვის. ეგ არის მისთვის ჩვენს ოჯახზე უფრო მნიშვნელოვანი.
დადის ფანდრეიზერებზე, გაიცნობს ახალ-ახალ ხალხს, თან ყველას ერთნაირად ეკრიჭება შუშის თვალებით. სტანდარტული ფრაზებით ლაპარაკობს. ყველაფერი ნელთბილია მისთვის. არაფერი არ უყვარს ძალიან და არავინ. მარტო თავისი თავი უყვარს. მამაჩემი ხუთოსანი კარიერისტია. მე და ის მარტო რომ ვრჩებით სახლში მუდმივად ფეისბუქზე ზის ან კომპუტერზე თამაშობს. ჩემი ამბავი მხოლოდ იმდენად აინტერესებს, რამდენადაც ეს სამსახურში მოეთხოვება. იქ ხომ კითხავენ შვილს როგორ უვლიო და ესეც ეტყვის: კი გუშინ სათამაშოდ წავიყვანეო. მართლა რომ დავყავდი სათამაშოდ ბავშვობაში მაშინაც თავის თავზე ფიქრობდა და თავის კარიერაზე.
დედაჩემი ენჯოეშნიკია პროფესიით. დღედაღამე ფლიპჩარტებით დადის. იღლიაში აქვს გაკეთებული და ისიც კარიერისტია.
ყველაზე მეტად საკუთარი თავის ქება უყვარს მასაც და დაწინაურებაზე ფიქრი. ის და მამაჩემი ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ ორივე კარიერის გულისათვის არჩევს რომ ერთად იცხოვროს. ერთად ჭამის დროს ორივე საკუთარ კომპუტერს ჩაჰყურებს და ერთმანეთს არ უყურებს. სადილს მაგიდაზე სამი კომპიუტერით ვჭამთ. ყველა თავის კომპიუტერში იხედება. თუ მოხდა შემთხვევა და ერთმანეთს შეხედეს, იწყება ერთმანეთის გინება. მამაჩემი დედაჩემს აგინებს და დედაჩემი მამაჩემს. მერე ხანდახან დედაჩემი ჭიქას ესვრის ხოლმე. ძირითადად აცილებს.
მე ბავშვობიდან ვერც ერთს ვერ ვიტან. 4 წლიდან ვისწავლე საკუთარ თავში ჩაკეტვა. მაშინვე ამას სახელად აუტიზმი დაარქვეს. აღარ დავუწყე შეწინააღმდეგება. მაშინ უნდა მეთქვა რომ მათ გავურბოდი და მეშინოდა. არ მინდოდა მეც ვეცემეთ – ერთმანეთს არ ინდობდნენ და ერთადერთი რაზეც ფიქრობდნენ, ეს იყო მათი ავადმყოფური კარიერა. ორივე მათგანი წელიწადში ერთი-ორ საყვარელს იცვლიდა. ესეც ჩვეულებრივი ამბავი იყო მათთვის. უკანასკნელი ოთხი წელია დედაჩემი და მამაჩემი ერთმანეთს ფეისბუქით ესაუბრებიან. სახლშიაც რომ სხედან – ერთმანეთს არ უყურებენ – ორივე საკუთარ კომიუტერში იყურება და ერთმანეთსაც იქ წერენ – ჩეტში. ინბოქსში. ორივე მათგანი ჩემთვის უკვე დიდი ხანია თავის ინბოქსშია ჩაკეტილი. მათ მეგობრები მხოლოდ საჭიროების მიხედვით ყავთ – ვინც სჭირდებათ ისინი. მახოლოდ საჭირო ხალხი – მარტო ისინი ვისგანაც ხეირი აქვთ. ამას არც მალავენ. ერც ერთი და არც მეორე. ორივეს მთავარი «პრიორიტეტი» არის კარიერა – კარიერის მიღმა დგას სიმდიდრე – და კიდე უფრო მიღმა ძალაუფლება. ორივე ჩემი მშობელი ძალაუფების მანიაკია.
ჩემთვის დრო არც ერთს ჰქონდა და არც მეორეს. დამხმარე კი ოჯახში არ უნდოდათ. არ უნდოდათ რომ ვინმე სხვა ადამიანს ენახა რომ სახლი მუდმივად არეული იყო, რომ მე – მათი შვილი – მუდმივად ვისწრაფვოდი მათი ყურადღებისაკენ და პრაქტიკულად არასოდეს ვიღებდი. შემიძლია ვთქვა რომ არასოდეს ვიღებდი.
7 წლის ასაკში დიკენსის «ოლივერ ტვისტი» წავიკითხე. მერე სინემაც ვნახე ამ რომანის მიხედვით გაკეთებული. და თავს ლონდონის პოპერებთან და პატარა ქურდბაცაცებთან ერთად ბევრად უკეთ ვგრძნობდი ვიდრე ჩემს საკუთარ მშობლებთან, რომლებსაც ორივეს ერთად წელიწადში სამასი ათას დოლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდა. ფეიგინთან მოხვედრაზე ვოცნებობდი. მინდოდა ქუჩის ბიჭი და ქურდბაცაცა ვყოფილიყავი – გინდაც პოპერი, რომელსაც არაფერი არა აქვს, მაგრამ ჩემსავით არ იყო ურთიერთობებზე დამშეული. მე ხომ სულ მარტო ვიყავი. მუდამ.
ერთხელ, როდესაც 10 წლის ვიყავი, მამაჩემი ჩემთან ერთად იჯდა და თავი კომპიუტერში ჰქონდა შეყოფილი, გავბედე და ვკითხე:
– მამა, რატომ ხარ სულ იქ და ჩემთვის რატომ არასდროს გცალია? – მომიტრიალდა და შუშის გაკვირვებული თვალებით შემომხედა.
– სად ვარ?
– აი, ახლა. ჩემთან არ ხარ, მამა, სხვაგან ხარ.
– ვმუშაობ, შვილო, შენ რომ საჭმლის ფული გქონდეს. მაგიტომ ვარ აქ შემძვრალი. –
– რათ მინდა ეს შენი საჭმელი თუ ასეთი უბედური ვიქნები მთელი ჩემი ცხოვრება?!
მამაჩემმა ეს კითხვა ვერ გაიგო და ისევ ისეთივე შუშის თვალებით მიუბრუნდა თავის კომპიუტერს და გააგრძელა რაღაც «მონაცემების» შეგროვება. იმის მერე შემზიზღდა ეს მონაცემები – ისინი ჩემი დროით სარგებლობდნენ – და როცა მამაჩემს შეეძლო ჩემთვის გაეღიმა, ის ამ ცარიელ ციფრებს ჩასჩერებოდა.
თვითონაც არ იცოდა, სად იყო. მუდმივად გაბნეული იყო ციფრებში.
როცა 14 წლის გავხდი, მახსოვს ერთხელ შუაღამისას ვცადე მასთან ლაპარაკის დაწყება. ძალიან მინდოდა საკუთარ მამასთან ერთხელ მაინც მელაპარაკა გულახდილად. შუაღამეს, 2 საათზე გამეღვიძა და როცა საძილე ოთახიდან გამოვედი, დავინახე მამაჩემი თავის შუშის თვალებით და მანიაკალური სისწრაფით ისევ თავის კომიუტერს აჩხაკუნებდა. მივუახლოვდი და უკან დავუდექი. მეგონა შემამჩნევდა და გამოიხედავდა ჩემსკენ. უკნიდან რომ ჩავხედე ამოწმებდა სხვადასხვა ფონდების მისამართებს საძებნ საიტებზე. Search-ში იყო გართული. მე ვერც შემამჩნია, იმის მიუხედავად რომ ჩუმად არ მივპარულვარ მას.
– მამა, რას შვრები? – 15 წუთიანი პაუზის მერე ხმამაღლა ვუთხარი.
მამაჩემი შეხტა თავის სკამზე. თითქოს იმდენად არმოელოდა რომ ვინმე სახლში შეეხმიანებოდა, რომ შეშინებული თვალებით შემომხედა. მერე ამ შიშს ბრაზიც გაერია.
– რა იყო, რა მოგივიდა ამ შუაღამეს?
– არა, უბრალოდ მაინტერესებს რა ხდება შენსკენ? დაგინახე რომ მუშაობ და მოვედი.
– არაფერი, დაფინანსების წყაროებს ვეძებ ჩვენი ლაბისთვის კომპიუტერზე. –
– რატომ ამ შუაღამით? რა ხდება ასეთი?
– მე 40 წლის ვარ უკვე ხო იცი. ახლა ჩვენთან კიდევ ერთი კაცი აიყვანა HR–მა. 30 წლის ახლაგაზრდა უზბეკი ბიჭია.
– მერე რა?
– ჩემს ადგილას ამზადებენ. თანაც ახალგაზრდაა და ენერგიული. მაგის სუნთქვას და ქოშინს ვგრძნობ უკვე ჩემს ზურგს უკან.
– როგორ?
– როგორ და მე მივრბივარ და ის მომდევს და საცაა დამეწევა. რომ დამეწევა ხელს დამარყამს და გზას ჩამომაშორებს. ჰოდა ვცდილობს გავექცე და მაგის სუნთქვა აღარ მესმოდეს.
– ეს ნამდვილად ხდება თუ შენი ფანტაზიაა.
– ეეჰ, შენ მაინც ვერ მიხვდები რომც აგიხსნა.
გულისამრევი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი.
– კი მაგრამ, მამა, ჩემი სუნთქვა არ გესმის?
– რაა?
– მე აგერ თხუთმეტი წუთია შენს უკან ვდგავარ ამ შუაღამის სიჩუმეში. ვიღაცის ვირტუალური სუნთქვა გესმის, გიჟივით აჩხაკუნებ კლავიშებს, და ჩემი სუნთქვაც არ გესმი და ნაბიჯებიც. რისი ბრალია ეს?!
– შენ ჩემი შვილი ხარ და ის ჩემი კონკურენტი. რა შუაშია ახლა ეს?
– მეც მინდა ძალიან დიდი ხანია ჩემი სუნთქვა გესმოდეს. შენს უკან თუ არა შენს გვერდით ან წინ ან ნებისმიერ სხვა ადგილას. ძალიან მინდა რომ ხმა გაგაგონო და ვერსდროს გაგონებ.
– რაღაც არაადექავტური შედარებებია. შენ ძილი გჭირდება და მგონი ამის გამო აურიე უკვე.
– მე კი არ ავურიე თქვენ გაქვთ ორივეს დიდი ხანია არეული და ცდილობთ მე დამაბრალოთ. მე თქვენთან შედარებით ბევრად ნორმალური ვარ. არავის ქოშინი არ მესმის და არც მინდა რომ გავიგო.
– კარგი თავი დამანებე! მამუშავე ეხლა! – დამიყვირა მამაჩემმა და მეც გამოვეცალე. ისევ ჩემს საძილე ოთახში შევედი.
ეს იყო ჩემი ცხოვრების – უკვე თითქმის ზრდასრული ცხოვრების – ყველაზე დიდი ტრავმა.
მამაჩემს დედაჩემიც არ ჩამორჩებოდა. მისი საყვარელი სიტყვაც «პრიორიტეტი» იყო. ეს არის ჩვენი «პრიორიტეტი» – ადამიანმა კარიერა უნდა გაიკეთოს და ეს არის მისი «პრიორიტეტი». მისთვისაც ყველა პრიორიტეტი მატერიალური იყო. ჩასაცმელი, ავეჯი, მანქანები, აიპოდები, აიპადები, აიფონები – ყველაფერი ერთად უნდოდა. მე მისი «პრიორიტეტების» სიაში მე–100 ადგილიც არ მეკავა. უბრალოდ ფორმალობა ვიყავი. ამის მერე შემზიზღდა ეს სიტყვაც – «პრიორიტეტი».
მთელი ჩემი ბავშვობა მინდოდა ცოტა სითბო მაინც დამენახა ჩემი მშობლების მხრიდან. მაგრამ, არ გამომდიოდა ეს. მათ ჩემთვის არასოდეს ეცალათ. თავის «კარიერებს» იკეთებდნენ. ორივე ნარკომანიას ებრძოდა – კოკაინის და მორფინის მოხმარების წინააღმდეგ ოფიციალურ კამპანიებში იყვნენ ჩართულები – მაგრამ ერთი რამე ავიწყდებოდათ – თვითონ იყვნენ ნარკომანები. მათი დაავადება უარესი იყო, ვიდრე ნარკომანების – ნარკომანები საკუთარ თავს უშავებენ პირველ რიგში, ესენი კი საკუთარ შვილებს. ყოველ დღე ჩემი მშობლების კარიერიზმის გამო ტრამვა მქონდა – მაგრამ ეს არავის ადარდებდა.
მე ექიმთან და ფსიქოთერაპევტთან წასვლა სულ არ მჭირდებოდა. მამაჩემის ან დედაჩემის ერთი თბილი სიტყვაც მიშველიდა – მაგრამ 17 წლის განმავლობაში ვერც ერთს ვერ ვეღირსე. ველოდი, ველოდი და ვერ ვეღირსე. არც მანქანა მინდა, არც სახლი, არც ბასეინი – ჩემთვის «ამერიკული ოცნება» იყო თუნდაც სულ გაჭირვებაში ყოფნა, მაგრამ ჩემს მშობლებთან კავშირის ქონა. მათი ემოცია იყო ჩემი ოცნება. მე ეს ვერაფრით მივიღე.
ამიტომ დავიწყე ტერორისტი ჯორჯ ბერნარდ შოუს პიესების კითხვა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემს მშობლებს შოუს წიგნები შეეძინათ. ალბათ უფრო სახლის გასაფორმებლად, ვიდრე წასაკითხად. როგორც კი გავხდი 8 წლის და დავიწყე კითხვა, დიკენსიდან პირდაპპირ შოუზე გადავედი, მერე იბსენზე, მერე სტრინდბერგზე. თავს ვაფარებდი ამ წიგნებს. პიესები იმიტომ შემიყვარდა, რომ ბოლომდე წარმოვიდგენდი სად ვიყავი და იმ სამყაროში შევდიოდი. აღარ მინდოდა სახლში დაბრუნება.
ამას ჩემი მშობლების დაქირავებული ექიმები აუტიზმს და ასბერგერს ეძახდნენ. მე ვფიქრობ რომ სრულიად ჯანმრთელი ვარ და ჩემი მშობლები არიან ავადმყოფები. მე ბერნარდ შოუს პიესებში ბევრად მეტი ადამიანური ვნახე და განვიცადე, ვიდრე მამაჩემი და დედაჩემი განიცდიან ყოველ დღე თავისი ციფრებით. მე რაც მჭირს იმას მკურნალობა არ სჭირდება. მათ რაც სჭირთ იმას კი. ამიტომაც არის, ორივე წამლებზეა შემჯდარი. და კოკაინსაც ყნოსავენ ხანდახან ენერგიისათვის. ტრანკვილიზატორებსაც სვამენ. მე მეძახიან ავადმყოფს და თავის თავს ჯანმრთელებად თვლიან. 17 წელია მათთან ვცხოვრობ და ერთი ნორმალური დიალოგი არ მომისმენია მათს შორის.
ეს არის ის «ოჯახური ღირებულებები», რომლებსაც ჩემი ფარისეველი დედ–მამა ორივე ასე იცავს ტელევიზიით და ფეისბუქით? ორივე მათგანი კომპუტერში ვარ შეპარული – და ეს ოჯახური ღირებულებების დამცველები დღედაღამ პორნო საიტებში სხედან. ჰგონიათ რომ ამას მე მიმალავენ – ვერ დამალავენ – მე მათზე ბევრად კარგად ვიცი კომპიუტერი – ჩემი თაობის კომპიუტერში დაბადებული. ჩვენ კომპიუტერული სპერმით ვართ შექმნილები.
მათი ოჯახი სრული ფარსია. მე არ მჯერა ასეთი ოჯახის.
არც სკოლაში მომწონდა მაინცდამაინც. იქაც შუშისთვალება დეიდები და ბიძები მასწავლიდნენ როგორ უნდა ვყოფილიყავი სისტემის მონა. სკოლაში მთავარი იყო რომ თავისუფლების სახელით საბანკო სისტემის მონები გავეზარდეთ. გვასწავლიდნენ პროტესტანტულ ლოცვებს, ფინანსურ მენეჯმენტს და ბანკებთან ურთიერთობას. მძულს ბანკები. მთელი ჩემი ბავშვობა ვერ ვიტანდი ბანკებს და ბირჟას.
დედაჩემიც და მამაჩემიც ბირჟაზე თამაშობდა. მერე ერთმანეთს ეკითხებოდნენ ვინ რა მოიგო. რასაკვირველია ორივე აგებდა.
სკოლაში მეგობრები არ მყავდა. ყოველ წელს მიცვლიდნენ მეგობრებს. მასწავლებელმა მითხრა არ შეიძლება რომ ვინმე ადამიანს მიეჯაჭვო, თუ ის შენი ცოლი ან შვილი არ არისო. ბირთვული ოჯახი გვინდაო მხოლოდ. ბირთვული ოჯახი და ბირთვული იარაღი. ყველაფერი ბირთვული უნდა ამ ხალხს. მე კი აქედან ვხვდები რომ შეუცვლელი არავინაა. როგორ შეიძლება ჩვენი სისტემა დაზეთილი მანქანაა.
მე ხან ოცნებებს ვაფარებდი თავს და ხან წიგნებს. შევდიოდი სხვა სამყაროში და კარგად ვიყავი.
ბოლოს გადავწყვიტე რომ გავმხდარიყავი ტერორისტი. ისევე როგორც ბერნარდ შოუ იყო. ედგარ პო ხო არჩევნებს აყალბებდა რომ გარდაიცვალა. რამდენი პერვერტია ამ ქვეყანაზე.
მე თავის მოკვლა არ მინდა მთლად უმიზნოდ. ადამიანი იმიტომ დაიბადა რომ რამე გააკეთოსო. ჰოდა ვიქნები ტერორისტი, როგორც ბერნარდ შოუ.
ჩემს მშობლებს ახლაც ჰგონიათ რომ აუტიზმი მჭირს, იგნორს ვუკეთებ თითქმის ყოველთვის. მათი ლაპარაკი იმდენად უინტერესოა ჩემთვის რომ წლინახევრის ასაკიდან აღარ ვუსმენ. ორი კარიერისტის ლაპარაკი შენმა მტერმა მოისნინოს. ისიც დღის ბოლოს.
ბოლოს ვისარგებლე ჩემი იარაღის ფლობის უფლებით და შევიძინე კარგი სმიტ-ვესონი. და გადავწყვიტე ტეროროსტული აქტები მომეწყო, ისევე როგორც ბერნარდ შოუ აწყობდა.
მე გეუბნებით თქვენ ჯერ არავინ მომიკლავს – მაგრამ უნდა დამიჭიიროთ. გარეთ თუ დამტოვებთ უარესი მოხდება. მე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.
კარიერისტებთან ცხოვრებას ტერორისტობა მირჩევნია. ამ მუდმივად ერთიდაიგივე თემაზე ლაპარაკს მირჩევნია მთებში ვიყო.
ოღონდ ერთი რამე მაფიქრებს მთაში წასვლის წინ – ვაითუ ტერორისტები თვითონ გახდნენ კარიერისტები?!
მაგრამ არა – გადაწყვეტილება მიღებულია.
მე ვარ ტერორისტი აუტისტი, რომელიც ტერორისტულ აქტებს შორის ბერნარდ შოუს, იბსენს, სტრიდბერგს და ჰოვარდ ზინს ვკითხულობ.
მე ვარ აუტისტი ტერორისტი და აუცილებლად შეგეხმიანებით ახლო მომავალში.
ყველანაირი იმედი მაქვს ტერორისტ აუტისტად დავრჩები და არ გადავკეთდები ნორმალურ ადამიანად.
ჩემნაირი ბავშვებია მსოფლიოს რომ ცვლიან.
დიდი მადლობა ყურადღებისათვის და გთხოთ ჩაინიშნოთ ყურადსაღები ფაქტები თქვენს ფლიპჩარტებში. რა იცი, როდის რა გამოგადგება.
პატივისცემით 17 წლის აუტისტი-ტერორისტი.