კალანდაძე მაგდა 

 

ეფერებიან

 

 

 

ზაზას, რომელმაც თბილისის ერთ მივარდნილ უბანში ანგელოზები დამანახა

 

 

 ***

 

 დერეფანში საშინლად ცივა. აუდიტორიაში სტუდენტებთან მოწევა კი არ შეიძლება. ჩემი ქურთუკი უკვე კარგა ხანია, სითბოს აღარ იჭერს, საყელოც შესამჩნევად გაექექა.

 

ადრე დაზამთრდა და ახლის ყიდვა ვერ მოვახერხე – საკმარისი ფული არ მქონდა გადანახული. ახლა კი, ყოველდღე სიგრეტისა და შაქრის გამოზოგვას, მირჩევნია, ცოტა ვიკანკალო. ბოლოსდაბოლოს, ხომ ჩამთავრდება ეს ყინვები, ან კიდევ, სულაც, მფარველი ანგელოზი მომევლინება და, ყველაზე ცოტა, ახალ ქურთუკს მიყიდის. ხანდახან, როცა ლექციებს გვიან ვამთავრებ, სახლშიც ამაცილებს – ამ ბოლო დროს სიბნელეში უსათვალოდ სიარული მიჭირს, თოვლის გადამკიდე კი სათვალესაც ვეღარ ვიკეთებ, სულ მეორთქლება...

 

 ლექცია ორ წუთში დაიწყება, მე კი მეორე ღერიც არ მომიწევია ბოლომდე. ზედმეტად გამიტაცა ანგელოზზე ფიქრმა. რა გამხდარი ბიჭია, ნეტავ როგორ დაათრევს ამხელა ზურგჩანთას? მინდა, ჩემი ანგელოზიც ასეთივე გაძვალტყავებული იყოს, გრძელი, უსაშველოდ გრძელი თითები ჰქონდეს და ჩემს ყველა ბრძანებას ასრულებდეს.

 

არა, ბრძანებას – არა, უფრო სურვილს. ანგელოზებს არ უყვართ, როცა რამის კეთებას აიძულებენ. მაშინვე მიფრინავენ. ჩემს ანგელოზს არსად გავუშვებდი, ჯერ მთელი ძალით ჩავიხუტებდი ან ჩავეხუტებოდი, მერე კი რიგრიგობით ორივე დუნდულზე ნაზად ვაკოცებდი. ალბათ, დიდი ხანია მარტო ვარ და ანგელოზებზე ფიქრიც ამიტომ დამჩემდა.

 

 ***

 

 რას ვაკეთებთ, როცა მიწაზე ანგელოზები ცვივიან? რას და, თუ იმდენად გაგვიმართლებს, რომ ერთ-ერთ ანგელოზს ხელში ჩავიგდებთ, მთელი ძალით ჩავეხუტებით ან ჩავიხუტებთ და მანამ გვეყვარება, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს, ჩვენი სიკვდილი.

 

 მიწაზე ჩამოვარდნილი ანგელოზის პოვნა ძნელია, გარეგნობით ვერ ამოიცნობ. რაღაცამ უნდა გიკარნახოს, მაგალითად, ამინდმა.

წარმოიდგინე, რომ ძალიან ცივა, მინუს 15 გრადუსია, წელამდე თოვლი დევს და ბნელა.

 

 ამინდი კარგი მიმანიშნებელია. ყოველთვის ასე ხდება ხოლმე – განასკუთრებულ ამინდს განსაკუთრებული შემთხვევები მოაქვს, ან განწყობა მაინც. განაწყობ თავს, რომ რაღაც ძალიან უნდა გაგიხარდეს და მართლაც გაგიხარდება. ანგელოზის საპოვნელად განსაკუთრებული განწყობა უნდა გქონდეს. კიდევ ერთი რაღაც არის მნიშვნელოვანი: ნაპოვნი ანგელოზი აუცილებლად უცნობი იქნება. ნაცნობებში ნუ დაუწყებთ ანგელოზებს ძებნას.

 

თქვენი ძველი ნაცნობები ანგელოზები რომ ყოფილიყვნენ, ამას კარგა ხნის წინ მიხვდებოდით. ასეა, ანგელოზი პირველი დანახვისთანავე შეიცნობა.

 

 ***

 

 არ ვიცი, რა რომანტიკა ამიტყდა ამ შუაგულ ყინვაში, მაგრამ რატომღაც ამდენმა თოვლმა და სითეთრემ ანგელოზებზე დამაფიქრა. არა, მათზე ყოველთვის ვფიქრობდი, მაგრამ თურმე ერთ რამეში ვცდებოდი: ანგელოზი არაფრის დიდებით ძველ ნაცნობებში არ უნდა ეძებო, თორემ ერთ მშვენიერ დღეს იმედი გაგიცრუვდება და ცხვირს წაიმტვრევ. ანგელოზი ხომ პირველი დანახვისთანავე შეიცნობა, და ჩვენი ძველი ნაცნობები ანგელოზები რომ ყოფილიყვნენ, ამას კარგა ხნის წინ მივხვდებოდით. ეს ახლა ვჭიკჭიკებ ასე, თორემ, მახსოვს, მთელი ორი თვე მოვანდომე მისგან ანგელოზის შექმნას და მერე ამ ყველაფერში საკუთარი თავის დაჯერებას. მანამ მეჯერა, სანამ დაბნეულობისგან დაელმებულმა, ფრჩხილებზე ლაქგადაქექილმა და თმაშეუღებავმა, სამსახურიდან ჩემი გათავისუფლების ბრძანება წინ არ დამიდო.

 

თანამშრომლებმა ჩვენზე რაღაც იეჭვეს და არ მინდა გავრისკოო, ამას შენთვის გეუბნებიო. თეთრ შარფში იყო გამოხვეული და თმაში ჭაღარა უჩანდა. თვალები დაფეთებული თაგვებივით დაურბოდნენ აქეთ-იქით. დამშვიდობებისას რომ ჩავიხუტე, ვიგრძენი, რომ ლიფი არ ეცვა და ამან ძალიან აღმაგზნო. უხერხულად მომიშორა, კინაღამ გადამიარე, რამდენჯერ გითხარი, მაღალქუსლიანს ნუ იცვამო. არა, არა, ანგელოზები, რა თქმა უნდა, ასე არ ლაპარაკობენ, არც მშრალი და აქერცლილი ტუჩები აქვთ და გახდასაც არ ერიდებიან ქაღალდებით გამოტენილ რედაქციაში. ალბათ, თოვლში არც ისე ადვილია მათი პოვნა, მით უმეტეს, როცა უკვე სიცივისგან ფეხის თითები გამეყინა და ძუძუსთავებიც მეტკინა – დღეს უკვე სამგან მივიტანე ჩემი ნაწერები.

 

აი, ანგელოზი რომ მყავდეს, ამდენს არ ვიწანწალებდი, გამომცემლობიდან გამომცემლობაში თაბახის ფურცლების თრევით თავს არ შევიწუხებდი, ჯიშიანი კატასავით გამთბარი ბუხრის წინ მოვკალათდებოდი და შიშველ ზურგს ჩემი ანგელოზის რბილ თითებს მივანდობდი.

 

 ***

 

 იმ დღესაც ლექიცებს გვიან მოვრჩი, ასე 6-7 საათი იქნებოდა... სახლში რომ ავედი, მერე გამახსენდა, რომ არც პური მქონდა და არც შაქარი... ჯერ ვიფიქრე, არ ჩავალ-მეთქი, ფეხსაცმელში წყალი შემივიდა და გამოცვლა მინდოდა, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ კოლოკვიუმები მქონდა გასასწორებელი და ღამეს უჭმელ-უსმელი ვერ გავათევდი. საქაღალდე დავდე და ჯიბეში ფული მოვისინჯე: თუ აქვე ჩავალ სუპერმარკეტში, ფული არ მეყოფა, სხვა გზა არაა – ცოტა უნდა გავიარო და მეგრელების აყროლებულ მაღაზიას მივაკითხო. კარი გამოვხურე და გადავკეტე. ყინავს, და ალბათ ამიტომაც სადარბაზოში ნაგვის სუნი არ იგრძნობა.

 

 ***

 

 იმ დღესაც კარგ განწყობაზე ვიყავი, კინოდან ვბრუნდებოდი მეგობრებთან ერთად.

 

კინომცოდნე ნამდვილად არა ვარ, მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ ყველაზე კარგად მე მესმის ხოლმე კინო და კინომცოდნეობას მე მაბარებენ. სახლამდე გზაში ბევრი ვილაპარაკე, თითქოს ეს ფილმი ვიღაც ავსტრიელ კინორეჟისორს კი არა, მე გადამეღოს. რა თქმა უნდა, ჩემს გარდა არავის მოეწონა. მთელი მონდომებით ვიცავდი. ეს ამას ნიშნავდა ფილმში, ეს ამის სიმბოლო იყო-მეთქი. ყველა დამეთანხმა, მართალი ხარ, რა სწორად მსჯელობო. თუმცა, ყველანი მაინც თავიანთ აზრზე იდგნენ, ფილმი არც ერთს არ მოეწონა.

 

მაინც მიხაროდა, რომ გავაგებინე, მე რატომღა მომწონდა.

 

 ***

 

 იმ დღესაც სახლიდან გასვლა არ მინდოდა: ცოტა გაციებული ვიყავი და შპენგლერის თარგმანის კორექტურაზე ვმუშაობდი, მაგრამ ფაკულტეტის დეკანმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საბჭოს პრეზიდენტმა ცალ-ცალკე დამირეკეს – თომას და ჰაინრიხ მანების ბიოგრაფიაზე ახლაგაზრდა მომხსენებელი ვერ ვიპოვეთ და შენი ჭირიმე, არ დაგვღუპო, დისკუსია არ ჩაგვივარდესო. ასე 6-ის წუთები იქნებოდა, წასვლა რომ გადავწყვიტე, შვიდზე იქ უნდა ვყოფილიყავი. თავის გადაბანას კი მოვასწრებდი, მაგრამ შემეშინდა, ამ ყინვაში ნოტიო თმებით მენინგიტი არ ამეკიდებინა... კეტები ამოცივი, გაწეპილი თმა რეზინით შევიკარი და შარვლის ჯიბეში ფული მოვისინჯე – აქედან ავტობუსით გავალ, სახლში კი ტაქსით დავბრუნდები.

 

კარი გადავკეტე და სადარბაზოში შუქი ავანთე – რაც არ უნდა იყოს, ქალი ვარ და ჩემი საპატიო ვალია, ბნელი სადარბაზოების მეშინოდეს.

 

***

 

 ფული მაინც არ მეყო, მაგრამ ამ მაღაზიაში მიცნობენ და საცოდავი ხურდების გამო ჩემი თავმოყვარეობა არ შეულახავთ.

 

მე ხომ მათთვის, სულ მცირე, პროფესორი ვარ, ის კი არ იციან, რომ ხარისხი დაცული არ მაქვს და უფროს მასწავლებლად ვმუშაობ. ორივე ხელი დაკავებული მაქვს – მარჯვენაში შაქრის პარკი მიჭირავს, მარცხენათი კი ორ შავ პურს მოვათრევ. ქუჩა ბნელია და ვიწრო, თანაც, სანამ მე მეგრელებთან მიკითხვა-მოკითხვას მოვრჩი, მოუყინავს კიდეც. წონასწორობის შენარჩუნება მიჭირს, მოკლე ნაბიჯებს ვადგამ და ვცდილობ, მოუყინავი ბილიკი შევარჩიო. არ თოვს, უნდა მომეფიქრებინდა და სათვალე წამომეღო. ვგრძნობ, რომ საცოდავ ბერიკაცს ვგავარ და მოხუცივით სასაცილოდ მივჩანჩალებ. ანგელოზი რომ მყავდეს, პარკებს გამომართმევდა, ხელს შემაშველებდა და ყურის ბიბილოზე ნაზად მიკბენდა – ამით მაგრძნობინებდა, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და სხვას თუ არა, ჩემს ანგელოზს მაინც ვაღელვებ.

 

კიდევ კარგი, სადარბაზოში შუქი ანთია და კიბეებზე კისერს არ მოვიტეხ. გაყინული თითებით ჯიბეში გასაღების მოძებნა მიჭირს.

 

 ***

 

 შემოსასვლელში ფეხსაცმელები გავიხადე და სააბაზანოში შევედი. სიცივისგან ცხვირი მიწითლდება და ჩემი ნაქები გარეგნობა ერთბაშად ნადგურდება, ლაწირაკს ვემსგავსები. თბილი წყალი მოვუშვი. გაყინულ სახეზე შევისხი, და თუმცა საკუთარი სახე ახლა სარკეში სულაც არ მომწონდა, მაინც კმაყოფილი ვიყავი, რომ ასეთი კარგი ფილმი ვნახე და კიდევ უფრო იმიტომ, რომ მხოლოდ მე მივხვდი, რამდენად კარგი იყო. მაშინ არ ვიცოდი, რომ ჩემი მომავალი ანგელოზი სულ მალე კარს შემომიღებდა.

 

წინასწარ რომ მცოდნოდა, როგორმე მოვემზადებოდი, შხაპს მივიღებდი, თმას დავივარცხნიდი, ოთახს დავალაგებდი. თანაც, სულ მზად ხომ ვერ იქნები ანგელოზთან შესახვედრად... ისედაც რა აზრი აქვს გამუდმებით მზადყოფნას. ანგელოზი სულაც, შესაძლოა, ძილში მოგადგეს, გაგაღვიძოს და გთხოვოს, ცოტა ჩაიწიე, შენს გვერდით დამაწვინეო. მთავარია, არ მოგერიდოს და უარი არ უთხრა. არა უშავს, თუ იმ საღამოს შხაპი არ მიგიღია, თეთრეულიც გამოსაცვლელი გაქვს ან კბილების გამოხეხვა დაგავიწყდა. ასეთი წვრილმანებისთვის ანგელოზთან შეხვედრა არ უნდა ჩაიშხამო.

 

ვინ იცის, მეორედ როდის მოვა ან სად იპოვი.

 

 ***

 

 ტაქსიში ვზივარ და ვეწევი. მძღოლს აშკარად არ სიამოვნებს ნიკოტინის სუნი, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, არ ვიმჩნევ – როდის იყო, კაცების სიამოვნებაზე ვფიქრობდი... აი, ქალი რომ იჯდეს საჭესთან, სულ სხვა საქმეა. ნეტავ, თუ მოვესწრები, რომ ერთ მშვენიერ დღეს ტაქსის გავაჩერებ, წინა სავარძელზე დავჯდები და უნიფორმაში გამოწყობილ, მოვლილთითებიან ლამაზმანს მიმართულებას ვუჩვენებ. ის კი თმას შეისწორებს, ოდნავ დაიხრება ჩემს ყურთან და შემომთავაზებს, გავიხადო – მანქანაში ხომ ძალიან ცხელა... ბრახ! კინაღამ სიგარეტის ნამწვავი გადამეყლაპა.

 

კიდევ კარგი, სახლს არ გავცდი. მძღოლი უკმაყოფილოდ მართმევს ფულს – ალბათ ეცოტავა. სადარბაზომდე კინაღამ მოვჯექი – თურმე მოუყინავს. კიბეებზე ვირთხები დაშლიგინებენ. ახლა მათ უნდა ვებოდიშო – ცოტა ფრთხილად, ცოტა გვერდზე, უკაცრავად, ეს ჩემი კარებია. მაცადეთ რა, გასაღებს მოვძებნი, თითები მაქვს გაყინული და ვერ ვიპოვე ამხელა ჩანთაში.

 

 ***

 

 როგორც იქნა, გასაღები ვიპოვე და კარი გავაღე.

 

გამიკვირდა – შუქი ანთებული დამხვდა. პური და შაქარი მაგიდაზე დავაწყვე და ქურთუკი გავიხადე. სანამ ფეხსაცმელებზე ზონარს ვიხსნიდი, რაღაც ხმაური მომესმა, ცოტა შემეშინდასავით და წამოვდექი, რამდენიმე ნაბიჯი ოთახში უმისამართოდ გადავდგი და სწორედ ამ დროს, ჩემი სააბაზანოდან ახალი გამოსული, პირდაპირ შემეჩეხა. სახე და მხრები ცხელი წყლისგან ერთიანად აწითლებული ჰქონდა. თვალებში ჩავხედე და მივხვდი, რომ ანგელოზი იყო. იმწამსვე ვინანე, ამ აყროლებული ფეხსაცმელების გახდა როგორ ვერ მოვასწარი-მეთქი. მაშინ რა ვიცოდი, რომ ანგელოზებისთვის სულ ერთია, რა გაცვია და როგორ გამოიყურები.

 

შენი პირადი ანგელოზი, სხვა თუ არაფერი, ვალდებულია, ისეთი მიგიღოს, როგორიც ხარ.

 

***

 

 კარი როგორ გააღო, ვერ გავიგე. ალბათ, გასაღების გადატრიალება თუ დამავიწყდა. სააბაზანოდან გამოსულს პირდაპირ შემეჩეხა, ცხვირი ისევ წითელი მქონდა. თვალებში ჩავხედე და მივხვდი, რომ ანგელოზი იყო. იმწამსვე ვინანე, სააბაზანოში რატომ უფრო მეტხანს არ დავრჩი და ამ გაწითლებულ ცხვირს არაფერი მოვუხერხე-მეთქი. მაშინ რა ვიცოდი, რომ ანგელოზებისთვის სულ ერთია, როგორ გამოიყურები.

 

შენი პირადი ანგელოზი, სხვა თუ არაფერი, ვალდებულია, ისეთი მიგიღოს, როგორიც ხარ.

 

 ***

 

 როგორც იქნა, გასაღები ვიპოვე და კარი გავაღე. შუქი ანთებული დამხვდა, მაგრამ დიდად არ გამკვირვებია – ჩემი დაბნეულობის ამბავი რომ ვიცი, სახლიდან გასვლის წინ დამრჩებოდა. ჩანთა მაგიდაზე დავდე და ის-ის იყო, უნდა დავმჯდარიყავი, რომ სააბაზანოდან წყლის ხმა მომესმა. მოშვებული ონკანიც ჩემს გულმავიწყობას დავაბრალე და დასაკეტად გავემართე. რამედნიმე ნაბიჯის გადადგმა მოვასწარი და უცებ ჩემი სააბაზანოდან ახალი გამოსული, პირდაპირ შემეჩეხა. გრძელი, შავი თმა ჯერ კიდევ სველი ჰქონდა და მხრებზე წყლის წვეთები ეცემოდა.

 

თვალებში ჩავხედე და მივხვდი, რომ ანგელოზი იყო. იმწამსვე ვინანე, რატომ მეც თმაგაშლილი არ დავხვდი-მეთქი. მაშინ ხომ არ ვიცოდი, რომ ანგელოზებისთვის სულ ერთია, როგორ გამოიყურები. შენი პირადი ანგელოზი, სხვა თუ არაფერი, ვალდებულია, ისეთი მიგიღოს, როგორიც ხარ.

 

 ***

 

 – შენ ხარ? – დაბნეულმა ვკითხე. თავი მორცხვად დამიქნია. ალბათ, არც ისე ხშირად უწევდა ანგელოზის ამპლუაში ყოფნა.

 

 – როგორც იქნა, გიპოვე, – ალერსიანად გავუღიმე, – ამ გადაკარგულში რა ჯანდაბას აკეთებ? ცოტა უფრო ნორმალური ადგილი ვერ იპოვე?.. – მინდოდა გამეთამამებინა და ლექსიკაში ჟარგონები გამოვურიე.

 

 – ჰო, რა ვიცი, – ხუმრობა სერიოზულ საყვედურად მიიღო და თავი ჩაღუნა. ვუყურებდი და სიამოვნებისგან იმდენად მაკანკალებდა, რომ კინაღამ თავის მართლება დავიწყე, ყინავს-მეთქი... მაგრამ დროზე შევჩერდი – ანგელოზი მედგა ცხვირწინ და სულელურ თავის მართლებას ხომ არ მოვყვებოდი.

 

 ***

 

 – შენ ხარ? – სახეზე ოდნავ გადაჰკრა შეწუხებამ.

 

 ისე მკითხა, რომ თავის დაქნევის მეტი ვერაფერი მოვახერხე, მე ვარ-მეთქი. არადა, რა სულელური კითხვაა, სხვა რა გზა გაქვს, უნდა დაეთქნხმო.

 

 – როგორც იქნა, გიპოვე.

 

ამ გადაკარგულში რა ჯანდაბას აკეთებ? ცოტა უფრო ნორმალური ადგილი ვერ იპოვე?..

 

 – ჰო, რა ვიცი, – და დამნაშავესავით ჩავღუნე თავი.

 

რა თქმა უნდა, თავში სულ სხვა პასუხი მიტრიალებდა: რა ჩემი ბრალია, აქეთ რომ გამომიშვეს, განა მე თვითონ მინდოდა?.. მაგრამ ანგელოზი მედგა ცხვირწინ და სულელურ თავის მართლებას ხომ არ მოვყვებოდი.

 

 ***

 

 – შენ ხარ? – დაბნეულობისგან მეტი ვერაფერი მოვიფიქრე. თითები გაჭირვებით შეიცურა სველ თმაში და წამწამები ძირს დახარა. რაღაც თანხმობასავით გამოუვიდა. თეთრი კანი ცხელი წყლისგან გაწითლებოდა, მორცხვად იდგა.

 

 – როგორც იქნა, გიპოვე. ამ გადაკარგულში რა ჯანდაბას აკეთებ? ცოტა უფრო ნორმალური ადგილი ვერ იპოვე?.. – მინდოდა, ერთდროულად სიხარული და აღშფოთება გამომეხატა, მაგრამ მისი არაფრისმთქმელი პასუხიდან მივხვდი, რომ სისულელეები წამოვროშე.

 

 – ჰო, რა ვიცი... – ამოშაქრა და თავი დამნაშავესავით ჩაღუნა. მივხვდი, რომ წინათთქმული საყვედურივით გამომივიდა და ახსნა-განმარტებების მიცემა დავაპირე, მაგრამ, კიდევ კარგი, გამახსენდა, რომ ანგელოზი მედგა ცხვირწინ... სულელურ თავის მართლებას ხომ არ მოვყვებოდი...

 

 ***

 

 – შენი ოთახი მაჩვენე, – ისე ძლიერ მომინდა, რომ ჩემი ანგელოზი რაც შეიძლებოდა სწრაფად გამხდარიყო `ჩემი,” რომ კინაღამ დამავიწყდა, ვის სახლში ვიყავი.

 

ჭკუიდან გადამიყვანა მისმა სიმორცხვემ, ვიცოდი, მოთმინება არ მეყოფოდა, სანამ ის ოთახს მიაგნებდა, ამიტომ ჩემი არეული სოროსკენ თვითონ გავუძეხი. ოთახი დალაგებული დამიხვდა, არადა, ნამდვილად მახსოვს, ორი კვირა ხელი არ მიხლია და იქაურობა ნაგვით უნდა ყოფილიყო სავსე.

 

 – შენ ლოგინზე ჩამოჯექი, სავარძელში მე ჩავჯდები! – ვიფიქრე, ასე უფრო ლაღად და თავისუფლად იგრძნობდა თავს. არადა, სულ სხვანაირად წარმომედგინა ჩემი ანგელოზი – ვერაფრით ვიფიქრებდი, თუ ჩემზე გამოუცდელი და მორიდებული იქნებოდა.

 

 ***

 

 – შენი ოთახი მაჩვენე, – მიბრძანა ანგელოზმა და პასუხს არც დაელოდა, ისე შეაღო ჩემი ოთახის კარი. ნეტა, საიდან იცოდა, რომელი იყო ჩემი ოთახი? ალბათ, სანამ პასუხის ამოთქმას მოვასწრებდი, ანგელოზმა ჩემი ფიქრები წაიკითხა.

 

 ოთახი დალაგებული დამიხვდა, არადა, ნამდვილად მახსოვს, ორი კვირა ხელი არ მიხლია და იქაურობა ნაგვით უნდა ყოფილიყო სავსე.

 

 – შენ ლოგინზე ჩამოჯექი, სავარძელში მე ჩავჯდები! – ანგელოზი არც ახლა დაელოდა ჩემს პასუხს და სავარძელში ჩაჯდა.

 

 ***

 

 – შენი ოთახი მაჩვენე, – უცებ ისე ძალიან მომინდა, რომ მის ანგელოზური ოთახის სუნი შემეგრძნო, კინაღამ დამავიწყდა, ვის სახლში ვიყავი. მივხვდი, რომ ჩემმა სიტყვებმა დააბნიეს და თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყო.

 

უხერხული მდგომეროება ისევ მე განვმუხტე და ჩემს ანგელოზს საკუთარი არეული აპარტამენტისკენ გავუძეხი. ოთახი დალაგებული დამიხვდა, არადა, ნამდვილად მახსოვს, ორი კვირა ხელი არ მიხლია და იქაურობა ნაგვით უნდა ყოფილიყო სავსე.

 

 – შენ ლოგინზე ჩამოჯექი, სავარძელში მე ჩავჯდები! – მირჩევნია დაწვეს, მაგრამ არ დავაფრთხობ – ცხელი წყლისგან მოთენთილი მალე თვითონ მიაგნებს ბალიშს.

 

***

 

 – მომწონხარ! ცხვირზე ხელს ნუ იფარებ, სიწითლემ გადაგიარა, – შევატყვე, რომ აწითლებული სახის გამო უხერხულობდა.

 

 – მეც მომწონხარ, – როგორც იქნა, ხმა ამოიღო, – სად ცხოვრობ?

 – აქედან დაახლოებით 100 კილომეტრში, – შეკითხვა ანგელოზურ ხუმრობად ჩავთვალე და ხუმრობითვე ვუპასუხე.

 

 – უი! და ჩემი გულისთვის ამხელა გზა გამოიარე ასეთ სიცივეში? – რაღაც ძალიან ბევრს ლაპარაკობს ეს ანგელოზი, იუმორშიც აშკარად მოიკოჭლებს... ის-ის იყო, უნდა მეფიქრა, რომ არც ანგელოზებში მიმართლებს, მაგრამ სწორედ ამ დროს მისი ასოსკენ გამექცა თვალი – ცოტაც და, შარვალი გაეხეოდა.

 

 – როგორც ხედავ, ახლა აქ ვზივარ და არც ვნანობ. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი კილომეტრიც გამოვიარე? – გადავწყვიტე, ბოლომდე მივყოლოდი.

 

 – მართლა? მართლა ასე მოგეწონე? – გამიღიმასავით, ყოველ შემთხვევაში, ბაგეები გახსნა.

 

აქ კი უკვე ვეღარ მოვითმინე, მისი გამხდარი ლოყები ხელისგულებში მოვიქციე და ტუჩებში ვეცი. გადასარევი კოცნა სცოდნია.

 

 – მოგეწონა? – ისე, სხვათა შორის ვკითხე. არაფერი უთქვამს. ალბათ, თვითონ რომ ეკითხა იგივე, ვერც მე ვუპასუხებდი. ნამდვილი ანგელოზური კოცნა იყო. ჩავიხუტე თუ ჩამეხუტა, არ მახსოვს.

 

იმწამსვე მივხვდი, სიცოცხლის ბოლომდე ასე ჩახუტებული უნდა მყოლოდა და არ გამეშვა.

 

***

 – მომწონხარ! ცხვირზე ხელს ნუ იფარებ, სიწითლემ გადაგიარა, – შემათვალიერა ანგელოზმა.

 – მეც მომწონხარ, – მორცხვად ვაღიარე და იმწამსვე ვინანე, შენობით რომ მივმართე, – სად ცხოვრობ?

 – აქედან დაახლოებით 100 კილომეტრში.

 – უი! და ჩემი გულისთვის ამხელა გზა გამოიარე ასეთ სიცივეში? – გამოცდილი რომ ვყოფილიყავი, ასეთ სისულელეს არ ვკითხავდი.

 – როგორც ხედავ, ახლა აქ ვზივარ და არც ვნანობ. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი კილომეტრიც გამოვიარე?

 – მართლა? მართლა ასე მოგეწონე?

 ანგელოზმა შავი, დათბილული ჯილეტი გაიხადა, სავარძელზე გადაკიდა, ღრმად ამოიხვნეშა და თვალისდახამხამებაში ტუჩებში მეცა. გადასარევი კოცნა სცოდნია.

 – მოგეწონა? – მკითხა ათი წუთის შემდეგ.

 რას ვუპასუხებდი. ნამდვილი ანგელოზური კოცნა იყო. ჩავიხუტე თუ ჩამეხუტა, არ მახსოვს. იმწამსვე მივხვდი, სიცოცხლის ბოლომდე ასე ჩახუტებული უნდა მყოლოდა და არ გამეშვა.

 ***

 – მომწონხარ! ცხვირზე ხელს ნუ იფარებ, სიწითლემ გადაგიარა, – ასეთი მორიდებული და დაბნეული არსება ცხოვრებაში არ მინახავს.

უკვე ვეღარც ვხვდებოდი სიწითლე, ცხელი წყლისგან შერჩენოდა თუ – სიმორცხვისგან.

 – მეც მომწონხარ, – წამწამების ქვემოდან ამომხედა, – სად ცხოვრობ?

 – აქედან დაახლოებით 100 კილომეტრში, – ენაზე ვიკბინე: ნეტავ რამ გამახსენა დედ-მამის სახლი რაიონში, სადაც ბავშვობა მაქვს გატარებული! თუმცა, ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს...

 – უი! და ჩემი გულისთვის ამხელა გზა გამოიარე ასეთ სიცივეში? – ცოტაც და ნერვებს ამიშლის ამის მიამიტობა.

 – როგორც ხედავ, ახლა აქ ვზივარ და არც ვნანობ. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი კილომეტრიც გამოვიარე? – სავარძელში ვზივარ და მის სხეულს ვაკვირდები. კანი ცოტათი გაუფერმკრთალდა, თმაც შეშრა და თავისი ბუნებრივი სურნელი დაიბრუნა, თითები საბედისწეროდ აქვს მუხლებს შორის მოქცეული.

 – მართლა? მართლა ასე მოგეწონე?

 აქ კი უკვე ვეღარ მოვითმინე, მისი გამხდარი მუხლები ხელისგულებში მოვიქციე და ტუჩებში ვეცი. გადასარევი კოცნა სცოდნია.

 – მოგეწონა? – ისე, სხვათა შორის ვკითხე.

არაფერი უთქვამს. ალბათ, თვითონ რომ ეკითხა იგივე, ვერც მე ვუპასუხებდი. ნამდვილი ანგელოზური კოცნა იყო. ჩავიხუტე თუ ჩამეხუტა, არ მახსოვს. იმწამსვე მივხვდი, სიცოცხლის ბოლომდე ასე ჩახუტებული უნდა მყოლოდა და არ გამეშვა.

 

 მ ე ო თ ხ ე

 კიდევ კარგი, სკოლა სახლთან მაქვს და დილას უსაშველოდ ადრე ადგომა არ მიწევს.

გაკვეთილები 9 საათზე მეწყება, დიდ დასვენებაზე სახლში გავრბივარ ხოლმე და სხვები რომ ცხიმიან პერაშკებს ჭამენ, მე ვერმიშელიან ბორშს ვხვრეპ. გოგოები ჩიპოლინოს მეძახიან, სულ ხახვის სუნი აგდისო, მაგრამ მე არ მწყინს – მოხარშული ხახვიც მიყვარს და, რამდენადაც მახსოვს, ჩიპოლინოც ზღაპრის კეთილი პერსონაჟია.

ბიჭები სულ მეჩხუბებიან, მაგათ თავს როგორ აჩმორებინებო. მე კი მაინც არ მესმის მათი – ჩიპოლინო ხომ კარგია! მგონი, ამათ ისე ემართებათ, ამასწინათ მერიამ ანგელოზები რომ გადადენა ჩვენი ქუჩიდან – დაფრინავენო... კი მაგრამ, თუ ანგელოზია, უნდა იფრინოს და უნდა თავდაყირა დადგეს, ვისი რა საქმეა... თანაც, თუ ანგელოზი საჭიროდ თვლის, რომ უნდა იფრინოს, ესე იგი, ფრენა კარგი რამე ყოფილა. არადა, ქალაქში ერთი ამბავი იყო ატეხილი – რადიანის ქუჩაზე ანგელოზები დაბინავდნენო, ღამღამობით აქთ-იქით დაქრიან და ერთმანეთს ძალიან ბევრს ეფერებიანო... გაზეთშიც დაწერეს, რადიოშიც გამოაცხადეს და ტელევიზორითაც უჩვენეს... მოფერებაში ინც რას ხედავენ ცუდს...

ნეტავ მომესწრო და სანამ გაფრინდებოდნენ, ცალი თვალით მაინც მენახა ის ანგელოზები... მაგარი იქნებოდა! ან კიდევ მე რომ მყავდეს ჩემი საკუთარი ანგელოზი... ნეტავ რა უნდა გავაკეთო, როცა მიწაზე ანგელოზები ჩამოცვივდებიან? ალბათ, თუ გამიმართლებს და ერთ-ერთი ანგელოზს ხელში ჩავიგდებ, მთელი ძალით ჩავეხუტები ან ჩავიხუტებ და მანამ მეყვარება, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს, ჩვენი სიკვდილი... არა მგონია, მიწაზე ჩამოვარდნილი ანგელოზის პოვნა იოლი იყოს, გარეგნობით ვერ ამოიცნობ. ალბათ, რაღაცამ უნდა გიკარნახოს, მაგალითად, ამინდმა. წარმოვიდგენ, რომ ძალიან ცივა, მინუს 15 გრადუსია, წელამდე თოვლი დევს და ბნელა....

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / კალანდაძე მაგდა / ეფერებიან