კალანდაძე მაგდა 

 

ყოფილი სპილო

 

 

 

ბოლოს მაშინ გაუკვირდა, როცა მაცივარი გამოაღო და საყინულეში თავისი ყოფილი შვილის საწოვარა აღმოაჩინა. გაახსენდა, რომ ლურჯი ყვავილებით გაწყობილი ყვითელი საწოვარა ზაფხულის დახუთულ ღამეს უყიდა სასეირნოდ გამოყვანილს, აჩხავლებულს და ტირილისგან გაწითლებულს. დიდი ხნის წინ იყო.

 

საწოვარას მაშინდელი დორბლი ჰქონდა მიყინული. თუმცა, ეს ყველაფერი უცნაურად სულაც არ მოსჩვენებია იმასთან შედარებით, რასაც ახლა ქუჩაში მოჰკრა თვალი. მერე კი მიაშტერდა. გაჩერებაზე სპილო იდგა და, ხორთუმში სიგარეტგაჩრილი, თვალებს ნაბავდა. დაღლილი სახე ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში, მას ასე მოეჩვენა. გაუკვირდასავით, თუმცა კი საათს როცა დახედა, მიხვდა, რომ ასეთ დროს ადამიანებს უკვე სძინავთ, ქუჩაში მხოლოდ სპილო თუ შეიძლება შეგხვდეს. ძალიან მოუნდა, მისი ყურადღება მიექცია, მაგრამ სამი მეტრის დისტანციაზეც კი ვერ მიუახლოვდა.

 

ბოლოსდაბოლოს, სპილოა, რა იცი, რა მოუვა თავში. არადა, თავაზიანობაში ჩაეთვლებოდა, სანთებელა რომ შეეთავაზებინა ან ჩაიზე დაეპატიჟებინა – აქვე ცხოვრობს, თანაც პირველ სართულზე, ასე რომ, კიბეებზე ასვლაც არ დაღლიდა. საეჭვოა, მის ერთოთახიან სოროში ასეთი ზომების მქონე სტუმარი დაეტიოს, მაგრამ ზრდილობა სხვაგვარად მოქცევის უფლებას არ აძლევდა. რაც არ უნდა იყოს, ალბათ, ამ უბანში პირველადაა, თანაც მარტო დგას და ამაოდ ელოდება ტრანსპორტს. ჯიბეები მოიქექა. სანთებელას მაგიერ იქ ასანთი დაუხვდა. ცოტა არ იყოს, შერცხვა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა, ამ მოწყენილი არსებისთვის მასპინძლობა გაეწია და რამდენიმე ნაბიჯით დისტანცია შეამცირა.

 

ის კი სიმშვიდეს ინარჩუნებდა. ყურადღებაც არ მიუქცევია. ხორთუმში სიგარეტის ღერი შეათამაშა და ყურიდან თოვლი ჩამოიბერტყა. ალბათ, უკვე შეჩვეული იყო აქაური კლიმატს – შიშველი ფეხებით იდგა მოყინულ ასფალტზე და ოდნავადაც კი არ კანკალებდა. ახლაღა შენიშნა, რომ მიუხედავად დიდი გაბარიტებისა, სპილო არც ისე ხანდაზმული უნდა ყოფილიყო. უფრო მეტიც, საკმაოდ ბავშვურად გამოიყურებოდა და თავისუფლად შეიძლებოდა მისი სრულწლოვანების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაც. ცოტა არ იყოს, გაბრაზდა – რა დრო მოვიდა, ასეთი პატარაა და უკვე სიგარეტი აქვს ხორთუმში გაჩრილი.

 

საერთოდაც, ეტყობა, რომ დიდი უზნეო ვინმე უნდა იყოს. პატრონი მაინც არ ჰყავს? საკუთარი თავი გაახსენდა ამ ასაკში – მთელი წელი სადარბაზოებში დარბოდა, რომ მის ყოფილ მამას სიგარეტზე არ დაეჭირა. ახლა კი მშვიდად უყურებს თავხედ მოზარდს და სადღაც შურს კიდეც მისი.

 ქუჩა სუსტად იყო განათებული. ძირითადად, თოვლის ხარჯზე. ჯიბეებიდან ხელები ამოიღო – მწარე გამოცდილება ჰქონდა: ერთხელ დაკავებული ხელებით დაენარცხა წვიმისგან მოსრიალებულ ასფალტზე და ცხვირი დაილეწა. კაცმა რომ თქვას, ახლა მაინცდამაინც არ ადარდებდა მოყინულ პროსპექტზე დაცემა-არდაცემის საკითხი, მაგრამ, მოდი და, სპილომ ცუდ თვალზე შეხედოს ჯიბეებში ხელებჩაწყობილს - ისეთი დროა, ვერავის ენდობი კაცი.

 

მიდი მერე და უმტკიცე, რომ, უბრალოდ, თითები მოგეყინა და არც დანით თავდასხმას აპირებ მასზე და არც რამე სხვა იაღარი გიდევს ჯიბეში. მიუახლოვდა. უკვე გამოლაპარაკებაც შეიძლება. იქნებ უსიტყვოდ მოუკიდოს სიგარეტზე, ან თვითონ მოწიოს და მისგან დაელოდოს ინიციატივას? აი, უკვე გამოიხედა. პატარა თვალები აქვს. სპილოსთვის შეუფერეველი. საკუთარ თავს უსაყვედურა – როგორ შეიძლება, ასეთი უმწეო და უვნებელი არსების შეგეშინდეს კაცს? კიდევ ერთხელ გამოიჭირა თავი ფორმისადმი უაზრო ტრფიალში.

 

არადა, ყოველთვის სჯეროდა, რომ ფორმას არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებდა, რომ მისთვის საგნის შინაარსი იყო არსებითი. თუმცა, მალევე გამოფხიზლდა, მიხვდა, რომ შინაგანი მონოლოგების დრო არ იყო და აუცილებლად უნდა ემოქმედა. სპილო მშვიდი ღიმილით უყურებდა, ბავშვურ სახეზე ბუთხუზა ლოყები გასწითლებოდა. ამ დროს ქუჩაში მანქანა გამოჩნდა. ნელა ჩაუარა გაჩერებას – ალაბთ, მძღოლს თავისი საბურავების იმედი არ ჰქონდა, ან, უბრალოდ, იმ ასაკში აღარ იყო, როცა გაზზე დაწოლა ერთ სიამოვნებას ანიჭებთ ხოლმე საჭესთან მსხდომთ. რაც არ უნდა იყოს, ფარებმა ჩაბნელებული ქუჩა გაანათეს და აქ კიდევ ერთხელ გაუკვირდა, თანაც ისე, რომ კინაღამ სალაპარაკოდ მომზადებული ენა გადაყლაპა – ფეხშიშველა სპილოს მაგიერ სქელძირიან ბათინკებში და შავ, ბეწვიან ქურთუკში გამოწყობილი მამაკაცი იდგა. სიგარეტის მაგიერ ხელში მაჯის საათი ეჭირა და ისრებს აწრიალებული დასჩერებოდა.

 

აშკარად ვიღაცას ელოდებოდა ან სადღაც მიეჩქარებოდა და უტრანსპორტობის გამო ღელავდა. გაოცებისგან ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. როგორ შეიძლებოდა, ასეთი რამ დამართნოდა? ვითომ, ჰალუცინაციები დაეწყო? არა, რა თქმა უნდა, ყველფერი სიბნელის და დაღლილობის ბრალია. რა სირცხვილია! ან ის რას იფიქრებდა? ალბათ, ცხოვრებაში პირველად უყურებდნენ, როგორც სპილოს, თანაც მცირეწლოვანს, ნაცრისფერს და ყურპარტყუნას... ან, იქნებ, არც შემცდარა? იქნებ, მართლა სპილოა? აი, თურმე რა – ფორმა, და სხვა არაფერი. გაღიზიანდა. უხმოდ შემოტრიალდა და, საკუთარ თავზე გაბრაზებული, სადარბაზოსკენ წავიდა.

 

 სახლი ცივი დაუხვდა. არც გუშინ იყო გაზი და არც დღეს არის. დენზე კი მხოლოდ ელექტროჩაიდანს და მაცივარს ამუშავებს. საწერ მაგიდაზე დაგდებული სწოვარა გამლღვალიყო და ყოფილი შვილის ლორწკს წინა დღეს ნაწერი ფურცლები დაესველებინა. რა უბედურებაა, ოთახში უაზროდ ცივა, ყინავდეს მაინც... საწოვარა სველი ფურცლებიანა შეაბრუნა მაცივარში. სიგარეტს მოუკიდა და ფანჯარა გააღო – ვერ იატდა ნიკოტინის სუნს.

 

ოთახს თვალი მოავლო. სულ ტყუილად შეეშინდა, რომ აქ სპილოს ვერ დაატევდა – ბინა მაღალჭერიანია და კარიც საკმაოდ ფართოდ იღება. თუმცა, ამაზე ფიქრს ახლა აზრი აღარ აქვს. უცნაური სტუმრის მიღების იმედი ჯერ კიდევ მაშინ გაუქრა, როცა ხორთუმიანი და ლოყებდაბერილი არსების ნაცვლად თბილ ქურქში გამოწყობილი, საქმიანი ტიპი შერჩა ხელში.

 დღემ უინტერესოდ ჩაიარა. სამსახურშიც არაფერი იყო საკეთებელი. ყავისგან ღამენათევი გოგოების გარემოცვაში იჯდა და სამუშაო დღის დასრულებას ელოდებოდა. კომპიუტერთან ჯდომით თვალები ამოუღამდა.

 

ერთადერთმა კლიენტმა მიაკითხა – გზავნილი იყო მის სახელზე. ბლანკები უხალისოდ შეავსო და ფულიც ჩვეული სიჩქარით გადაუთვალა. მერე პენსიების გაცემის თარიღი დააზუსტა და ორი მოხუციც ანუგეშა, დღეისსწორს მობრძანდით და აუცილებლად მიიღებთ თქვენს კუთვნილ თანხასო. სამსახურიდან რედაქციაში შეიარა და როცა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ მისი რეცენზია იმ თვის ნომერში დაიბეჭდებოდა, სახლისკენ ფეხით გაეშურა.

 

გზაში დაღლაც მოასწრო, თანაც ისე, რომ გაყინულ ოთახს სრულიადაც არ შეუშლია ხელი, შუაღამემდე მკვდარივით სძინებოდა. ახლა კი, როცა თავგადასავლების საძიებლად თოვლიან ქუჩაში გავიდა, გაწბილების, სირცხვილისა და გაღიზიანების მეტს ვერაფერს გამორჩა. უკვე ღამის ოთხი საათია.

 

ცოტა არ იყოს, მოშივდა კიდეც. მაცივრამდე სულ რამდენიმე ნაბიჯია. კარი გამოაღო. იქაურობა უსინდისოდ ცარიელი დაუხვდა. ყოფილი შვილის საწოვარასა და გალურჯებული ფურცლების მეტი შიგ არაფერი იყო. სხვა გზა არა აქვს - პირის ამოვსება ამავე დანიშნულების ნივთით მოუწევს, მერე რა, რომ ეს უკანასკნელი რეზინისაა, ყვითელია და ლურჯი ყვავილები აქვს მიხატული. საწოვარა ორი თითით აიღო და პირისკენ გააქანა.

 

ძალიან მოუნდა, ყოფილი შვილის ნერწყვის გემო გაეხსენებინა, ენით გამალებული ეძებდა რეზინის ნივთზე ნაცნობი სისველის ნაკვალევს, მაგრამ მაცივრის ყინვას საბოლოოდ გაენადგურებინა სანატრელი გემო. ვითომ, ყოფილი შვილი მოენატრა? არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, სიგიჟემდე მოუნდა, ვინმე მონატრებოდა, მოსანატრებელთა სიაში კი ამ საწოვარას პატრონის მეტი არავინ ჰყავდა. საკუთარ თავზე გაეცინა: რამდენი ხანია, ახალი მეგობარი არ შეუძენია, უბრალო ნაცნობების რიცხვიც კი არ შეცვლილა, მოსანატრებელ და საყვარელ ადამიანებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. სიცილისას საწოვარა გადმოუვარდა პირიდან და პლასტმასის ნაწილით იატაკზე დაენარცხა. დაცემის ხმამ შეაკრთო. უცებ გამოფხიზლდა.

 

გონება გაუნათდასავით. აქამდე როგორ ვერ მოიფიქრა?! აი, ის ტიპი, გაჩერებაზე რომ იდგა, აი, ვინ უნდა მოენატროს და ვისზე უნდა იფიქროს! აქამდე როგორ ვერ მიხვდა? უბრალოდ, მაშინ, როცა მასთან ასე ახლოს იდგა, იმდენად იყო დაბნეული, რომ სილამაზის აღქმის უნარი დაქვეითებული ჰქონდა, ახლა კი თვალწინ წარმოუდგა მაღალი, გამხდარი, შავთმიანი მამაკაცის სილუეტი, თეთრ სახეზე სწორი ცხვირი, გრძელი წამწამები და გამომწვევი ღიმილიც კი მოარგო, და მერე უკვე ძალიან იოლად მიხვდა, რომ ერთადერთი, რაც ახლა სიგიჟემდე უნდოდა, ამ უცნაურ ტიპთან დაწოლა იყო. სახეზე სიწითლემ გადაურბინა. ფანჯრები დაკეტა, იატაკიდან საწოვარა და დანარჩენი ნივთები ახვეტა, ლოგინიც სახელდახელოდ გაასწორა, ერთი სიტყვით, ოთახი მიალაგა; ახლა ჩავა და თუ ის ტიპი ისევ იქ დახვდა, ჩაიზე დაპატიჟებს, სახლში ამოიყვანს, გაათბობს, მოეფერება და მერე შეიძლება მისი პროფესიითაც დაინტერესდეს. სანამ ქურთუკს იცვამდა, გაიფიქრა, უხერხული ხომ არ იქნებაო, მაგრამ მერე საკუთარი თავი გაამხნევა - ბოლოსდაბოლოს, წეღან სპილოს დაპატიჟებას აპირებდა, გაწი-გამოწი, აფრიკელია, რომ არაფერი ვთქვათ მის სპილოობაზე. იმ ტიპს კი ძალიან სანდომიანი გამომეტყველება ჰქონდა, ცოტა სასაცილოდ კი დაწრიალებდა საათით ხელში, მაგრამ ეგ არაფერი. დარწმუნებული იყო, რომ ისევ იქ დაუხვდებოდა, სადაც რამდენიმე წუთის წინ დატოვა და იმისიც სჯეროდა, რომ, უკვე დამშვიდებული და დაწყნარებული, ახლა ბევრად უფრო მოიხიბლებოდა თავისი მომავალი სტუმრით.

 

 ინტუიციამ არ უღალატა. გამოვიდა თუ არა სადარბაზოდან, ნაცნობ სილუეტს მოჰკრა თვალი. სიხარულისგან სახეზე სულელური ღიმილი აეკრა. უყურებდა ულამაზეს ქმილებას და მთელი სხეულით გრძნობდა, როგორ უყვარდებოდა, როგორ უნდოდა, როგორ ელოდებოდა, ვინ იცის, რამდენ ხანს, და ახლა კი იპოვა, ის არის, რა თქმა უნდა, ის! ახლა თავის ოთახში შეიყვანს, ბეწვიან ქურთუკს და ხელთათმანებს გახდის, თბილ წინდებს ჩააცმევს, შალის პლედს შემოახვევს და გვერდით მიუჯდება. არასდროს მოშორდება გვერდიდან, არსად გაუშვებს, თავისთან ეყოლება, სულ თავისთან. უკვე მიუახლოვდა. სულ რაღაც ოცი ნაბიჯი აშორებს.

 

ის კი მშვიდად დგას, აღარ წრიალებს, საგულდაგულოდ ჩაფუთნული ხელები დაღლილად აქვს დაშვებული და გრძელი წამწამების ქვემოდან მორიდებულად უყურებს. ოდნავ იღიმება. გაუკვირდა, რომ ასეთ ყინვაში ტუჩები მაინც სველი, დაუმსკდარი და წითელი ჰქონდა, ამან კიდევ უფრო შეაყვარა, მოანატრა და, ის-ის იყო, თვითონაც გაილოკა მშრალი ტუჩები სიტყვის წარმოსათქმელად, რომ ქუჩაში მანქანამ ჩაიქროლა. ფარებმა ელვასავით გაანათეს და იძულებული გახდა, თვალები დაეხუჭა. ინსტინქტურად ხელებიც კი აიფარა სახეზე. მერე კიდევ რამდენჯერმე დახუჭა თვალები და თითებიც არაერთხელ წაიღო სახისკენ, მაგრამ ამაოდ - ვეღარაფერი შეცვალა: მის წინ ისევ ნაცნობი სილუეტი იდგა, ოღონდ ამჯერად არა გამხდარი, მაღალი და გრძელწამწამება, არამედ ნაცრისფერი, ლოყებდაბერილი, ყურპარტყუნა და ხორთუმიანი. თუმცა, ამჯერად ნანახს დიდად არც გაუკვირვებია და არც გაუწბილებია.

 

პირიქით, იფიქრა, რომ ეს ყველაფერი ეროტიული თამაში იყო და ამან კიდევ უფრო აღაგზნო. სპილო დაჭკვიანებულიყო და მავნე ჩვევა გადაეგდო. ფუმფულა სათამაშოს წააგავდა, ხორთუმს აქეთ-იქით აქიცინებდა და მხიარულად იკრიჭებოდა. აშკარა იყო, რომ ხასიათი გამოუკეთდა. სასაცილო არსების დანახვაზე თვითონაც გახალისდა და ხმამაღლა გადაიხარხარა, მერე კი, მოთმინებაგამოლეულა, მონატრებისგან გონებაარეულმა და იმაში დარწმუნებულმა, რომ ახალი ნაცნობის სპილოობა მხოლოდ დროებითი იყო, თავისი სადარბაზოსკენ მიანიშნა: "წავედით!” სპილო კიდევ უფრო გამხიარულდა, თავი დაუქნია და, არც მეტი, არც ნაკლები, ხტუნვა-ხტუნვით გაჰყვა უკან. ახლა გასაღებს გადაატრიალებს, კარს გააღებს და ოთახში შეუძღვება მას, ვისზეც ამდენ ხანს ოცნებობდა, ვისაც ამდენი ხანი ეძებდა, ელოდებოდა, და ახლა კი მის ზურგს უკან დგას, მძიმედ სუნთქავს და ხელით ნაზად ეფერება თმაზე. როგორც იქნა, გააღო კარი, ოთახში შევიდა და წამით თვალებიც კი დახუჭა, იმდენად სიამოვნებდა საყვარელი არსების ახალი გასართობი – უცნაური სტუმარი არ ცხრებოდა და ახლა უკვე ზურგზეც ეალერსებოდა.

 

ბოლოს ვეღარ მოითმინა, გასაღები მაგიდაზე დადო, ხელის ცეცებით შუქის ჩამრთველი მოძებნა, ფერებია სტუმრისკენ შეტრიალდა და, ის-ის იყო, მთელი ძალით უნდა ჩახუტებოდა, რომ ადგილზე გაშეშდა - სპილო ანთებული თვალებით უყურებდა და თანაც ხორთუმს არ აჩერებდა - ახლა უკვე მხრებზე და მკერდზე ეფერებოდა გაშტერებულ მასპინძელს. "მგონი უკვე დროა, შევწყვიტოთ ეს ცირკი", - უხალისოდ გადააქნია თავი და რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა. მის სხეულზე მოსრიალე გრძელი, დაკლაკნილი და რბილი საგანი გულს ურევდა. "ბავშვები ხომ აღარა ვართ, საკმარისად ბევრი ვიმხიარულეთ, ახლა კი, მოდი, სერიოზული ადამიანებივით მოვიქცეთ, კარგი?" – შეეცადა, წეღანდელი უხეშობა გამოესწორებინა. მოულოდნელად, სპილომ ენა ამოიდგა, სერიოზული სახე მიიღო და ქალის ხმით ალაპარაკდა: "ძალიან მინდა შენთან დაწოლა, სულ ძალიან! შენც ხომ გინდა? აქ ამისთვის არ მომიყვანე? ხომ გიყვარვარ? მითხარი, ისევ გიყვარვარ? მომეფერე!" საოცრად ბავშვური ხმა ჰქონდა, წკრიალა და უდარდელი.

 

ხორთუმს ცოცხალი თავით არ აჩერებდა, ყურების პარტყუნსაც უმატა და თვალებსაც მეტი აქტიურობით აფახურებდა. გაშტერებული იდგა.

 

ვერ მიმხვდარიყო, რა უნდა მოემოქმედებინა. ქურთუკი სკამზე მიკიდა და უცნაურ მცირეწლოვანს მზერა აარიდა. "ჩამოჯექი სადმე"... – თითქოს ვიღაც სხვამ წარმოთქვა ეს სიტყვები. სპილომ უდარდელად მიხედ-მოიხედა ოთახში, მერე კი თავისი ზომებისათვის შესაფერისი “სკამი” შერაჩია და ფართო, გასწორებულ ლოგინზე მოკალათდა. "მშია", - მაცივრისკენ გაექცა თვალი. "სახლში თაგვები ხომ არ გყავს?" – ხმაში შიში შეეპარა.

 

"გუშინ ზღარბს დავაბიჯე ფეხი და, აი, აქ გამეკაწრა", – უკანა თათი სასაცილოდ გაიშვირა და ლოყები დაბერა. "ჩესტერტონი წაკითხული გაქვს?" – ეშმაკურად გაიღიმა. "იცი, დღეს შენ რომ დაგინახე, აღმოვაჩინე, რომ ხორთუმი მიდგება. აი, ნახე..." "კმარა!" – ჩუმი და ნერვიული ნათქვამი გამოუვიდა. ფრჩხილებს დასჩერებოდა და ცდილობდა, ყბედი სტუმრის უთავბოლო ლაქლაქიდან რამე მნიშვნელოვანზე მოეხდინა კონცენტრაცია. ეს რა ხათაბალაში გაყო თავი?! ასეთი რამ როგორ დაემართა? თუმცა, ამაზე უარესებიც მოსვლია, სპილო რა მოსატანია, ისეთ მდგომარეობაში აღმოჩენილა, მაგრამ მაინც ვერ ისწავლა ჭკუა, ვერ გადაეჩვია ქუჩა-ქუჩა ხეტიალს და ჩვეულებრივი, რიგითი უსაქმურების სახლში მოთრევას, იმ იმედით, რომ რომელიმე მათგანი "ის" შეიძლება აღმოჩნდეს, ის, ვისაც ელოდება და ეძებს. ახლა რა ქნას? როგორ დაიძვრინოს თავი ამ გატლეკილი და თავხედი არსებისგან? სახლიდან ხომ ვერ გააგდებს? თვითონ არ ეპატიჟებოდა დიდის ამბით? ის კი არა და, მის თვალწინ კინაღამ დორბლები დაყარა, თავი გაიგიჟა და გაუგონარი სისუსტე გამოავლინა.

 

უხერხული იქნება, ამ ყველაფრის მერე უბოდიშოდ მიუთითოს კარებისკენ, თანაც, ხომ შეიძლება, რომ... არა, არა, საბოლოოდ უნდა მოიშოროს იმის ფიქრი, რომ ეს ამაზრზენხორთუმიანი მოზარდი ოდესღაც მომხიბვლელი მამაკაცი იყო და იმის იმედიც უნდა გადაიწუროს, რომ ოდესმე თავის ძველ სახეს დაიბრუნებს. მიუხედავად ამისა, ასეთ ყინვასა და თოვლში გარეთ მაინც ვერ გააგდებს, ცხოველი ხომ არაა...

 

 ფიქრებში გართული, ტირილის ხმამ გამოაფხიზლა. სპილო ყურებჩამოყრილი იჯდა, ხორთუმი ძირს დაეშვა და ჩუმად სლუკუნებდა. წინა თათებზე ნიკაპი ჩამოედი, ტირილისგან ლოყები გასწითლებოდა და პლუშის სათამაშოს კიდევ უფრო დამგვანებოდა. "რაო, პატარა?" – უცებ ისე შეეცოდა, მოუნდა, თავზე ხელი გადაესვა, მაგრამ ადგილიდან ვერ დაიძრა.

 

"რატომ ტირი?" – სინაზე და მზრუნველობა გაერია ხმაში. "მშიაააა!" – თოთო ბავშვივით აწკმუტუნდა და განწირული თვალებით მიაშტერდა. "უი, ახლავე, მოიცა", – წამოხტა და მაცივრის კარგი გააღო, თუმცა, როცა იქურობა გაუბედურებული ხელნაწერებით დახვდა გამოტენილი, მაშინღა გაახსენდა, რომ სახლში არაფერი ჰქონდა. სხვა გზა არა აქვს - უნდა გავიდეს და რამე მოიტანოს, თორემ გულს უკლავს ამის სლუკუნი. ალბათ, მთელი დღე არაფერი უჭამია, არადა, ასეთი პატარაა, უსუსური და უმწეო. მერე რა, რომ სიგარეტს ეწევა და მასთან დაწოლა უნდა? რომ დაფიქრდა, ეს ფაქტი უკვე სულაც არ აღიზიანებდა, პირიქით, თავმოყვარეობას უკმაყოფილებდა. სველ და გალურჯებულ ფურცლებში საწოვარა მოქექა, ხელისგულებით შეათბო და დამშეულ პატარას გაუწოდა: "მისმინე, ახლა მე გავალ და რძეს მოგიტან, მანამდე კი, აი, ეს ჩაიდე პირში და წყნარად იჯექი.

 

მალე მოვალ." ცრემლები მოიწმინდა და გაკვირვებული თვალებით მიაჩერდა მისკენ გაწვდილ ხელს, მერე კი საწოვარას ხორთუმი მოავლო, სახესთან ახლოს მიიტანა და ყურადღებით დააკვირდა უცნაურ ნივთს. ყვითელმა, ლურჯყვავილებიანმა საწოვარამ გაამხიარულა, ძველებურად ააპარტყუნა ყურები და აკისკისდა: "ეს შენია?" "არა, ჩემი ყოფილი შვილის", – უკვე ქურთუკს იცვამდა. "ვისი?" – გაკვირვებისგან თვალები ააფახურა და ხორთუმი კითხვის ნიშანივით დაკლაკნა. "მოკლედ, ერთ დროს შვილი იყო, მერე მასთან დავწექი და ახლა ყოფილი შვილია... კარგი, გავედი, ჭკვიანად იყავი," – ხელში გასაღები ეჭირა და უკვე კარებში იდგა. უცებ სერიოზული სახე მიიღო, წამწამები ძირს დახარა და ქვემოდან ამოხედა: "არ გინდა, შენი ყოფილი სპილო ვიყო?" თავი უხალისოდ გადააქნია, კარი მსუბუქად გაიჯახუნა და გარედან ჩაკეტა.

 

 სახლში ყოველდღე მიეზიდებოდა რძეს, ხილს, სხვადასხვა ტკბილეულს, სახლიდან კი ფრიად უსიამოვნო სუნის მქონე მასით სავსე ვედროები გაქონდა. აქამდე თუ დღეში ერთი კოლოფი სიგარეტი ჰყოფნიდა, ახლა სამს ყიდულობდა.

 

დილაობით სამსახურში აღარ იგვიანებდა, შინდაბრუნებული კი თავის ახალ ბინადართან ერთად ტელევიზორის ყურებით ან, სულაც, ლაქლაქით ერთობოდა. მათი ყოველი საუბარი სპილოს მუდარით აღსავსე სიტყვებით მთავრდებოდა: "არ გინდა, შენი ყოფილი სპილო ვიყო?" მას, რა თქმა უნდა, არ უნდოდა.

 

 ღამის ორი საათია. მოყინულ თოვლზე მოკლე ნაბიჯებს ადგამს და ცდილობს, ჯიბეებში ხელებჩაყოფილი, ძირს არ დაენარცხოს. ახსოვს, რომ ერთხელ დაკავებული ხელებით დაეცა წვიმისგან მოსრიალებულ ასფალტზე და ცხვირი დაილეწა. ქუჩა ცარიელია. ადამიანის ნასახიც არა ჩანს.

 

არადა, კაცის საძებნელად გამოვიდა გარეთ. იქნებ შეხვდეს ვინმე, ვისაც გაუღიმებს, სანთებელას შესთავაზებს და ჩაიზე დაპატიჟებს - გარეთ ყინავს, მის ოთახში კი სითბო და სიმყუდროვეა. მართალია, ყოფილი სპილოს სუნი ვერაფრით მოაშორა კედლებს და ავეჯს, მაგრამ არა უშავს - რაც არ უნდა იყოს, ყოფილია, და ახლა უფლება არ უნდა მისცეს, ჩანაფიქრის ასრულებაში ხელი შეუშალოს. აუცილებლად იპოვის მას, ვისაც ეძებს, ვისაც ამდენი ხანია, ელოდება. გუშინაც იყო გამოსული, მაგრამ ვერავინ იპოვა. ვერც გუშინწინ. იმის წინ კი ერთ ბებერ, აბღავლებულ სპილოს წააწყდა, შვილი მომიკლა ვიღაც მხეცმაო, ტიროდა.

 

გულწრფელად შეეცოდა მგლოვიარე დედა, მაგრამ სინდისს ოდნავადაც არ შეუწუხებია – თბილისში ყოველდღე ასობით სპილო იხოცება, ასე რომ, ასიდან მხოლოდ ერთია შანსი, ამ გამწარებული და ტირილისგან თვალებამოღამებული დედის შვილი მაინცდამაინც მისი ხელით მოკლული, ყურპარტყუნა, თვალებფახურა და ცნობისმოყვარე სპილო იყოს..

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / კალანდაძე მაგდა / ყოფილი სპილო