კალაძე ქეთი 

 

ბავშვობიდან მჯეროდა

 

 

 

 

 ბავშვობიდან მჯეროდა რომ რაღაც განსაკუთრებული ნიჭით ვიყავი დაჯილდოვებული. ამიტომ ზედმეტი სწავლით თავი არასდროს შემიწუხებია. ჩემი ნიჭის იმედზე ვიყავი. იმდენად დავრწმუნდი საკუთარ უსაზღვრო შესაძლლებლობებში რომ თავი თავისით ამეწია მაღლა, წელშიც ჩემდა შეუმჩნევლად გავიმართე და ნაბიჯიც უფრო მტკიცე გამიხდა. დავდიოდი ასე ქალაქის ქუჩებში. ჩემნაირები ათასწლეულში ერთხელ იბადებიან, ამის იმდენად მჯეროდა რომ უკვე მეჩვენებოდა ხალხი ქუჩაში თავს მიკრავდა მორიდებით ჩურჩულებნენ, თან საჩვენებელ თითს შეუმჩნევლად იშვერდნენ ჩემსკენ "ეს ის არ არის, აი ისო"...

მიუხედავად იმისა რომ ცოლი მოვიყვანე და ახალ ოროთახიან ბინაშიც გადავედი მაინც მჯეროდა ჩემი თანდაყოლილი ნიჭის...

ისე ცოტა ხელისშემშლელია ცოლი, მითუმეტეს გენიოსი თუ ხარ, შენი ცოლი კი სტომატოლოგი. წარმოიდგინეთ დაჯდები სავარძელში, სიგარას მოუკიდებ და უკვე თვალწინ გიდგას შენი უდარდელი მომავალი, ხვდები რომ ცოტაც და გაღიარებენ და აი ამ დროს გვერდზე ოთახიდან შემზარავი ღმუილი ისმის, შიგადაშიგ გინებაც, მერე ვიღაც პერანგგაღეღილი და პირდაფჩენილი კაცი გამომწყვდეული ცხოველივით ეხეთქება შენი სახლის კედლებს და გასასვლელს ვერ პოულობს. შენ დგები, მშვიდი სახით უღებ კარს და სანამ კიბეზე დაეშვება ერთ შეგინებას კიდე მოასწრებს. და შენ ხვდები რომ შენმა ცოლმა ისევ ჯანსაღი კბილი ამოუღო.

 არა ცოლი მაინც ხელისშემშლელია, თუნდაც იმიტომ რომ ყოველ წუთს გახსენებს რო არც სიგარა გაქვს და არც სავარძელი.

 ჩემმა ცოლმა მოკლემკლავიანი მაიკების ჩაცმა დაიწყო, ეზოდან წივილ-კივილი ისმოდა, ბავშვები წუწაობდნენ, ჰაერი აშკარად ჩაიხუთა, თანაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე სანაყინე მაცივრები მხვდებოდა, ბოლოს სახლში დაბრუნებულს საკუთარი ოფლის სუნი რო მაწუხებდა, მივხვდი რო დაცხა და ზაფხული მოვიდა.

ზაფხული კი ყოველთვის დასვენებასთან ასოცირდება ჩემთვის. ანუ დრო იყო სადმე გამგზავრებაზე ფიქრი დამეწყო.

 აი კიდევ ერთი ნივთმტკიცება რომ ცოლი ხელის შემშლელია. სიბრალულნარევი ხმით შემახსენა რომ არსად გასამგზავრებელი ფული ჩვენ არ გვქონდა და სხვათაშორის უკვე ორი კვირა სრულდებოდა რაც საბანკო ანგარიში და კუჭი ცარიელი იყო. (თუმცა საბანკო ანგარიში არც არასდროს გვქონია, ეგეც ჩემი მოგონილია)

 მე ისევ ჩემი ნიჭის იმედზე ვიყავი, მაგრამ აი ჩემ ცოლს რა დააჯერებდა რომ გენიოსთან ერტად იძინებდა და იღვიძებდა

 – იზა! მე გენიოსი ვარ!

 – უი ჭირი შენ წაიღე! ერთ დღეს ამოწყდით შენ და შენნაირი გენიოსები – ნერვიულობისგან ლოყები აუწითლდებოდა ხოლმე, მერე როლებში შეიჭრებოდა: – აგერ ლენას ქმარს შეხედე, სამგან მუშაობს, დედამისსაც ეხმარება, ბავშვებს ზრდის, ლენამ მთელი ზამთარი ზამშის ჩექმებში და შუბებში გააატარა, შენ კიდე ჩამომდგარხარ აქ და რაღაც ნიჭზე მელაპარაკები, სამკვირანახევარია ბავშვი მშიერია, ლუკმა არ გიჭმევია.

 არადა, ბავშვი საერთოდ არ გვყავს...

 – იზა ! დავიხუთე!

 – გააღე მერე ფანჯრები შე პატრონმკვდარო.

 – ააარა იზა! დასასვენებლად უნდა წავიდეთ.

– მოუსავლეთში წადი შენ, თავს ვერ ვყოფ გარეტ იმდენი ვალები გვაქვს, სად დასასვენებლად მეპატიჟები.

 – იზა! წელს პარიზში დავისვენებთ!

 იზამ ორივე ხელი შუბლში იტკიცა.

 – იზა მომეხმარე, შემომატანინე, არ ეტევა კარში.

 – შენი კუბო ხო გაეტევა მაგ კარიდან, შე მიწაში ჩასადებო, ნაგავი გვაკლია სახლში? ისედაც სავსეა აქაურობა, საიდან მოათრიე ეს კარდონები.

 გავჩუმდი... ჩემით შემოვათრიე სახლში... ცოტა ხანი ქაღალდის ფურცელზე ვამუღამებდი ეიფელის კოშკის ხატვას, ბოლოს მთლიან კარდონზე დიდი ეიფელის კოშკი დავხატე და პირდაპირ საწოლის წინ გავაკარი მთელ კედელზე.

მიახლოებით ვიცოდი კიდეც ეიფელის კოშკის ფერი და შეღებვასაც რომ მოვრჩი საკუთარი ფანტაზიით კმაყოფილმა გადავწყვიტე ჩემი თავისთვის სიურპრიზი გამეკეთებინდა და ეიფელის კოშკის ქვემოთ თეთრი ლიმუზინი მივახატე. ახლა ყველაფერი მქონდა. ეჭვი რო არავის შეპარვოდა რომ მე და ჩემი ცოლი ამრთლა პარიზში ვისვენებდით აქეთ კედელზე დიდი ასოებით მივაწერე "Paris"...

 სახლში დაბრუნებულ იზას თვალები ავუხვიე და ოთახში შევიყვანე.

– იზა! ოცნება აგიხდა.

 – ნეტა ბოლო ოცნებაც ამიხდეს და შენი...

 – მორჩი წყევლას, ბოლოსდაბოლოს შენ გენიოსის ცოლი ხარ! რომელსაც ბავშვობიდან უნიკალური ნიჭი გამოჰყვა...

– ცეცხლი და..

 – მორჩი! ქართულად მაინც ნუ იწყევლები ამ შუა პარიზში.

 და თვალებიდან სახვევი მოვხსენი...ეხლაც ვერ ვხვდები რა დაემართა იზას.

მორთო ერთი ღრიანცელი, ხვანცალი, თითქოს ჩემი თანდაყოლილი ნიჭი დამეკარგოს... ატეხა კივილი, სუ ცინიკოსი და ნაძირალა მეძახა, აგერ ლადის შვილები და ცოლი ქვათახევში არიან, დაგაყარე მაგ თავზე ქვა და ლოდიო... მაინც ვერ ვხვდები რითია პარიზი ქვათახევზე ნაკლები. იმ დღეს ცხელ გულზე სამი ჯანსაღი კბილი ამოუღო თავის პაციენტს.

 მეორე დღეს კი იზას კარადა ცარიელი იყო და აღარც საშაქრე იდგა მაგიდაზე.

 მე კიდე სამი კვირა ვისვენებდი პარიზში და ცოლის გაქცევით დადარდიანებული ვსვავდი (უმეტესად სასმელიც ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო და ცოლის გაქცევის გამო დასევდიანებაც). დღიურების წერაც დავიწყე, აი ერთი-ორი ნაგლეჯი:

 – "ეხლა პარიზში ვარ, ვწევარ საწოლზე, ვსვავ ვისკის, ვეწევი სიგარას და გავყურებ პირდაპირ ეიფელს, მართლა რა მშვენიერი ყოფილა.წინ ჩემი თეთრი ლიმუზინი მიდგას. ბედნიერი კაცი ვარ! თუმცა ცოლის წასვლას განვიცდი.ალბათ ცუდი მოგონებები აკავშირებს პარიზთან.

 "უკვე მეორე კვირაა რაც პარიზში ვარ, მალე ხელფასი გამითავდება და დაბრუნება მომიწევს, თანაც სამსახურშიც მისასვლელი ვარ, უფროსმა დამირეკა".

 ეს რომ ჩემ ცოლს წაეკითხა, წამში შემახსენებდა რომ არანაირი ხელფასი მე არ მაქვს, არც სამსახური და არც უფროსი და მითუმეტეს ტელეფონი სადაც უფროსი დამირეკავდა.

 საბედნიეროდ იზა გაიქცა... ასე რომ...

 დასრულდა ჩემი არდადეგები პარიზში.  

 რომშიც გულით მინდოდა წასვლა, მაგრამ ვერ იქნა და ვერ ვისწავლე კოლიზეუმის ხატვა :)

 მეზობლებისგან მსმენოდა დასავლეთ საქართველო ულამაზესიაო. მეც მომინდა წასვლა, ბოლოს და ბოლოს 38 წლის კაცი ვარ და დასავლეთ საქართველოში ხო უნდა ვიყო ნამყოფი... ასე რომ, დარჩენილ კარდონებიდან დიდი ასოებით ამოვჭერი "დასავლეთ საქართველო "და ეიფელის კოშკის მაგივრად მივაკარი კედელს...ახალი ფურცელი ჩემ დღიურში ასე იწყებოდა:

– აი უკვე დასვლეთ საქართველოში ვარ, მართლა რა ლამაზი ყოფილა... ბუნებას გადავყურებ, მოწევასაც თავი დავანებე...და ა. შ.

 სანაყინე მაცივრებმა, ბავშვების წივილ-კივილმა და ოფლის სუნმა რომ იკლო მივხვდი ზაფხული მთავრდებოდა.

ჩამოვხსენი კედლიდან "დასავლეთ საქართველო" და სათითაოდ ჩავაწყვე უჯრებში...

 ჩემი მეზობლები დაბრუნდნენ აგარაკებიდან, გარუჯულები, მხიარულები, თუმცა დარწმუნებული ვარ წელს არცერთ მათგანს პარიზში არ დაუსვენია, თანაც 3 კვირით.

 ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადის...  

 ისე შემდეგ წელს ინგლისის ნახვა მინდა

 წელშიგამართული, კმაყოფილი საკუთარი თავით და ცხოვრებით ხოლმე ჩემი ქუჩის დაღმართებს...

 – გააააააამარჯობაააააააათ

 ეს ჩემი მეზობელი თალიკო იყო...სიტყვების გაწელვაზე ვცნობდი

 – გაააააააააააააგიმარჯოოოოოოს! – მეც გამოვაჯავრე და მერე საკუთარ ნათქვამზე გამეცინა, თუმცა თვითონ ვერ მიხვდა.

 – საით გაგიწევიათ? უი მართლა ცოლი სად გყავთ? ეხლა ვისთან ერთად ცხოვრობთ? და სხვა მრავალი:  

 პასუხი მხოლოდ პირველ კითხვაზე გავეცი:

 – ჰონორარის ასაღებად!

 თალიკომ ალბათ ისეთი სიტყვა ვერ მონახა კარგად რო გაიწელებოდა და თან მის ინტელექტს წარმოაჩენდა ამიტომ გაჩუმდა.

 ნამდვილად არ მახსოვს ავიღე თუ არა იმ დღეს ჰონორარი.

 წლები გადიოდა, სამსახურის შოვნაზე არც ვფიქრობდი.ისევ ერის სირცხვილია გენიოსი კაცი რო ვიმუშავებ სადმე, ხალხი რას იტყვის წლების ემრე ვერ აფასებენ საქართველოში გენიოსებსო.

 ერთ დღესაც გადავწყვიტე ჩემი ნიჭის საძებნელად წასვლლა. ნიჭი რო მქონდა ღრმად მწამდა ამის, დღესაც მწამს! მთავარი იყო გამეგო რისი ნიჭი იყო ეს და მტელი ცხოვრება ამეწყობოდა (ნუ ისედაც არაფერი მეკლდა მაგრამ მაინც). სად არ ვცადე ბედი. ჯერ ერთ ერთ ბარში შევედი.

 – იცით მე დაბადებიდან მაქვს ბართან დგომის ნიჭი.

 უფროსი სიამოვნებით დამთანხმდა სამუშაოდ აყვანაზე. მაგრამ პირველივე დღეს ერთ-ერთ კლიენტს შემთხვევით ისეთი რაღაც დავალევინე რაც მხოლოდ ერთი წვეთი უნდა უქნა კოქტეილს, ისიც ძლიერი ორგანიზმისთვის. შემეშალა. ვუყურებ, ვხედავ გადაკრა, დაცალა მთლიანი ჭიქა, დაჭყიტა უცებ თვალები და გადავარდა. სასწრაფოს მანქანამ მგონი დროულად მოუსწრო, რავიცი იმ ღამით არავის სიკვდილიარ გამოუცხადებიათ საინფორმაციოში.

 აი მე კიდე სუ დედის გინებით გამომაგდი უფროსმა იმ ბარიდან. გასასვლელთან გავჩერდი და ერთხელ კიდევ შევახსენე შიგნით მსხდომთ

– მე გენიოსი ვარ!

 ბენზინგასამართ სადგურშიც ვცადე ბედი, ტუმცა გულის სიღმეში საშინლად არ მინდოდა სწორედ ეს ყოფილიყო ჩემი ნიჭი. მაგრამ როგორც ყოველთვის გამიმართლა.

მეორე დღესვე გამომაპანღურეს. ბენზინი ბაკის მაგივრად პირდაპირ ფანჯარაში შევუსხი ვიღაც ქალს და უნდა გენახათ რა სასაცილოდ ფართხალებდა და კიოდა თავიდან ბოლომდე ბენზინიანი. თანაც ილანძღებოდა.

 გაგდების წინ მაინც მოვახერხე შეხსენება:

– მე გენიოსი ვარ!

 სად აღარ ვეძებე ჩემი ნიჭი...

 ერთ-ერთ ექსკურსიაზე გიდადაც კი წავყევი ბავშვებს ქვიშხეთში, მაგრამ სახლში დაბრუნებულმა ერთ-ერთმა ბავშვთაგანმა მშობელს რო დიდი აღტაცებით ახაა "იცი დე ქვიშხეთსი ვიყავით და ჩვენმა გიდმა ლუვრი დაგვათვალიერებინაო" და მერე ამ მშობელმა სუ ლანძღვა-გინებით რო დამირეკა "შე თვალებდასავსებო სად ნახე ქვიშხეთში ლუვრიო" მივხვდი რომ არც ეს იყო ჩემი საქმე.

 სანამ ყურმილს დაკიდებმა მაინც მოვასწარი თქმა

– ქალბატონო! მე გენიოსი ვარ!

 აბა მე რა ვიცოდი, რაღაც დანგრეული შენობა დავინახეთ და ატყდნენ რა არის, რა არისო, რა არის და ლუვრი მეთქი. არ ჯობდა ლუვრი ყოფილიყყო, ვიდრე რომელიმე მიტოვებული საერთო ტუალეტი ან სკოლა. რა უცნაური ხალხია.

 ისე დიდად გული არ დამწყვეტია, გიდობა რო არ აღმოჩნდა ჩემი თანდაყოლილი ნიჭი.

 ძებნას ვაგრძელებდი

 მასწავლებლადაც ვცადე მუშაობა, მაგრამ როცა ჩემმა მოსწავლემ გამოცდაზე დაწერა "გმირთა ვარამი" კაკო მახარაძემ დაწერაო, რო კითხეს ეს საიდან მოიტანეო და საქმე ჩემამდე რო მოვიდა, შევეშვი მასწავლებლობას. არადა კაკო მახარაძე ჩემი მეზობელი იყო, საწყალს ერთი ოცნება ქონდა ნეტა ლევან გოთუას არ დაეწერა "გმირთა ვარამი" ხო მე დავწერდიო. ვიფიქრე ამ უწყინარ ტყუილს კაკოს სიხარულის გარდა არაფერი მოყვებოდა, მაგრამ შევცდი.

 დამითხოვეს.დიდად არ მიდარდია. სად არ ვცადე ბედი, თეატრალურშიც, მომღერლადაც, ტაქსის მძღოლადაც, მაგრამ ჩემი თანდაყოლილი ნიჭი არ ჩანდა.

 ბედნიერი კაცი ვარ!

 თითქმის ყველა დაწესებულება შემოვიარე ჩემი ნიჭის ძებნაში. არსად არ იყო.

ეს უფრო მარწმუნებდა იმაში რო რაღაც ზებუნებრივთან მქონდა საქმე. მეორე წელს ზაფხულის მოახლოება ვიგრძენი თუ აეა საქმეს სევუდექი, პირველ რიგში კარგად ვისწავლე ანძის ხატვა.

 წელს დასასვენებლად წასვლას არ ვაპირებდი, თბილისში უნდა დავრჩენილიყავი და კინო სცენარზე მემუშავა. გული მიგრძნობდაა იქ იმალებოდა ცემი ნიჭი.

 როგორც იქნა დავხატე ანძა, თანაც ფერადი, გავაკარი კედელზე. ცოლ-შვილი დასასვენებლად გავუშვი მე კი თბილისში დავრჩი და კინოსცენარზე მუშაობა დავიწყე (იზა რო ყოფილიყო შემახსენებდა რო აღარც ცოლი მყავს და მითუმეტეს შვილი). ჩემი დღიურის ფურცლები ნელ-ნელა ივსებოდა:

– "წელს დასასვენებლად არ წავსულვარ, კინოსცენარზე ვმუშაობ! როგორც იქნა დავისვენე ცოლ-შვილის ხმაურისა და ჭიჭყინისგან.

ანძა ისევ ანათებს! ღმეეეეეერთო რა ბედნიერი კაცი ვარ. ეხლა ვისადილებ და წერას განვაგრძობ"

 სადილზე გამახსენდა მართლა მომშიებოდა, მაგრამ სახლში ვერაფერი ვიპოვე ორი ცალი უმი კარტოფილის მეტი, უმი კარტოფილის ჭამას ჯერ მიუჩვეველი ვიყავი. მაგრამ ხომ გაგიგიათ "მშიერ კუჭზე დაწერილი კინოსცენარზე ვერცერთი მაძღარი რეჟისორიიტყვს უარსო" (იზა რო აქ იყოს აუცილებლად მკითხავდა შე ხეპრე ერთი ისიც მითხარი ვიცი გამონათქვამია ეგო...მე კი ვუპასუხებდი: – ჩემო იზა! მე გენიოსი ვარ!)

 კინოსცენარი რო დავამთავრე ზაფხულიც იწურებოდა. მთელი 3 თვე ვწერდი თავაუღებლად. სცენარი ორ კაცზე იყო რომლებიც ტრაგიკულად იღუპებიან მაგრამ სიცოცხლეს თავიანთი ცოლების გულებში აგრძელებენ. ეხლაც მაჟრიალებს.

 არ დამიბეჭდეს, არც რეჟისორამდე მიმიშვეს.

თუმცა მაგათ რა ესმით ხელოვნების. რედაქციიდან გამოსვლისას შევახსენე თანამშრომლებს:

 – თქვენ ეხლა გენიოსს ელაპარაკეთ!

 ცოტა არ იყოს დავიბენი. სად შეიძლება ყოფილიყო ჩემი ნიჭი. დაბნეულ გულზე ცოტა გართობა გადავწყვიტე. უდაბნოში მოგზაურობაზე დიდი ხანი ვოცნებობდ და ვიფიქრე ურიგო არ იქნება ამ სურვილსაც თუ ავისრულებ მეთქი.გადმოვიღე ჩემი ეიფელის კოშკი და უკაანა მხარეს ცარიელ კარდონზე დავიწყე უდაბნოს ხატვა. გასამგზავრებლად ორი კვირა დამჭირდა, ორი კვირა ვხატავდი უდაბნოს: ბოლოს წამოვგორდი ლოგინზე და დღიურის ახალი ფურცელი შევავსე:

 "როგორც იქნა ჩამოვაღწიე, ეს მოგზაურობა არასოდეს დამავიწყდება.

იზა! მე უდაბნოში ვარ, (იზა რა შუაშია და არ ჯეროდა რომ ერთ მშვენიერ დღეს მე უდაბნოში ვიმოგზაურებდი) ჰოდა თუ არც! ხედავ იზა? მე უდაბნოში ვარ!

 უდაბნოში მოგზაურობა დიდხანს გაგრძელდა.

მეზობლებმა უკვე ჭორაობა დაიწყეს. 3 კვირის მერე იძულებულნი გახდნენ ფანჯრიდან გადამძვრალიყვნენ.

 ყველა ერთმანეთს მიაშტერდა.

 საკუთარი დახატული უდაბნოს წინ ეგდო. მოკუნტული, ფერი შეცვლოდა... ერთი პატარა ოთახი იყო, ერთი შეხედვით ვერც მოიფიქრებდი აქ ცხოვრება თუ შეიძლებოდა. სასწრაფოს მოსვლამდე ისედაც კარგად ხვდებოდნენ, მაგრამ მაინც გამოიძახეს, თითქოს დასტურს ან ბეჭდის დასმას უცდიანო.

 – მკვდარია... – თეთრხალათიანმა ექიმმა საყელო გაისწორა და ოთახს თვალი შემოავლო.

დეზინფექციის სამსახური გამოიძახეთ, აქ სადღაც გველია, თანაც არა მხოლოდ ერთი.

 თავისდაუნებურად ყველამ კედელზე გაკრულ უდაბნოს გახედა. შემდეგ ექიმს მიაშტერდნენ.

 – ჰო გველის ნაკბენი აქვს ფეხზე... თანაც შხამიანი გველის.

 დაკრძალვის შემდეგ როგორც წესი ერთი მითქმა-მოთქმა ატყდა ეზოში.

 – იქნებ მართლა გენიოსი იყო – ისეთი დაბალი ხმით იკითხა იზამ, თითქოს თვითონვე რცხვენია თავისი ნათქვამისო...

 –  უდაბნო სავსეა გველებით... – ეს კაკო იყო, მახარაძე.

 კიდე დიდხანს არ შეწყვეტილა ჭორაობა, აზრების გამოთქმა და ზველი ამბების გახსენება.

სადარბაზოს კარზე კი დღემდე შემორჩენილია წარწერა:

 "ამ სახლში ცხოვრობდა საოცარი ფანტაზიის მქონე და თანდაყოლილი ნიჭის პატრონი..."

 სამწუხაროდ, სახელი და გვარი სიძველისგან გადაშლილია.

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / კალაძე ქეთი / ბავშვობიდან მჯეროდა