იბერი პეტრე

411-491

 

რელიგიური ფილოსოფოსი, თეოლოგი, საეკლესიო მოღვაწე. შეუვალი ავტორიტეტი მოიპოვა იმპერატორის კარზეც და მთელ ბიზანტიაშიც. მას იხსენიებენ, როგორც „მსოფლიოში საკვირველად სახელგანთქმულ კაცს“. ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

 

ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს განაცხადებს:

 ღმერთი კეთილს მოავლინებს, მით ბოროტსა არ დაბადებს.

                                           შოთა რუსთაველი

 

ისტორიული წყაროებში სხვადასხვა სახელით იხსენიება: იბერი, ივერი, ქართველი, მაიუმელი. დაბადებისა და გარდაცვალების თარიღიც ზუსტად არ არის დადგენილი.

ერისკაცობაში ერქვა მურვანი (სირიულად დაწერილი ბიოგრაფიის თანახმად - ნაბარნუგი). იყო შვილი იბერიის (ქართლის) მეფის ბუზმარისა, მკვლევართა ნაწილი უწოდებს ვარაზ-ბაკურს და ბაკურს.

ბიზანტიის კეისრის თეოდოსი II-ის მოთხოვნით 12-14 წლის მურვანი სათანადო ამალითურთ მძევლად წარიგზავნა კონსტანტინოპოლს. მის სწავლა-აღზრდას სამშობლოდან წაყოლილ ცნობილ ქართველ ფილოსოფოს მითრიდატე ლაზთან ერთად ხელმძღვანელობდა კეისრის მეუღლე, დედოფალი ევდოკია.  უფლისწულმა ჩინებულად ისწავლა ბერძნული ენა და მწერლობა, სრული რელიგიური და ფილოსოფიური განათლება მიიღო. ბიოგრაფ ზაქარია ქართველის გადმოცემით, მურვანს თავისი განსწავლულობით, ბერძნულის ცოდნითა და გონებამახვილობით განცვიფრებაში მოჰყავდა მეფე და სასახლის ფილოსოფოსები. მან შეუვალი ავტორიტეტი მოიპოვა იმპერატორის კარზეც და მთელ ბიზანტიაშიც, მაგრამ მურვანს არ აკმაყოფილებდა იმპერატორის სასახლე და რამდენიმე ქართველთან, მათ შორის მითრიდატე ლაზთან და ზაქარია ქართველთან ერთად სასახლიდან გაიპარა.

იერუსალიმში მოსწავლე და მასწავლებელი ბერად აღიკვეცნენ, მურვანს ეწოდა პეტრე, ხოლო მითრიდატეს იოანე. 445 წელს ისინი მღვდლად ეკურთხნენ, შემოიარეს ახლო და შუა აღმოსავლეთი, საბოლოოდ კი, ღაზის მახლობლად, მაიუმში დამკვიდრდნენ და დიდ ფილოსოფიურ-თეოლოგიურ მოღვაწეობას შეუდგნენ.  452 წელს პეტრე მაიუმის ეპისკოპოსად დანიშნეს. მან შესანიშნავად აითვისა სირიული ენა  და მწერლობა. იერუსალიმში იბერმა ააშენა ქართველთა მონასტერი და შექმნა სკოლა, რომლის ბირთვს სირიაში მყოფი ქართველები შეადგენდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ ამ სკოლაში სწავლამიღებული ქართველები VI საუკუნეში სამშობლოში დაბრუნდნენ, ქართულ ისტორიოგრაფიაში ისინი ასურელ მამათა სახელით გახდნენ ცნობილნი. მისმა მოღვაწეობამ დიდი გავლენა იქონია ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაზე.

მონოფიზიტ-დიოფიზიტთა გააფთრებული ბრძოლების დროს ორივე მხარე ცდილობდა პეტრე თავის თანამოაზრედ დაესახა. იერუსალიმში  იმპერატორმა ზენონმა სწორედ პეტრეს სთხოვა მოპაექრე მხარეთა შერიგება. იბერიელის ირგვლივ შემოკრებილ მოღვაწეთა შორის ასახელებენ მის მოწაფეებს - „ეკლესიის ისტორიის“ ავტორს ზაქარია რიტორს და პეტრეს ბიოგრაფს იოანე რუფუსს, რომელმაც სირიულ ენაზე აღწერა მისი ცხოვრება. სირიულადვე დაწერილად მიაჩნიათ ზაქარია ქართველის ავტორობით შექმნილი  იბერის ბიოგრაფია.

ზაქარია რიტორი მას „მსოფლიოში განსაცვიფრებლად სახელგანთქმულ ადამიანს“ უწოდებდა, იოანე რუფუსი - „ჩვენს პავლეს“, „მეორე მოციქულ პავლეს“ და „მეორე მოსეს“, ზაქარია ქართველი კი  წერს - „იგი იყო მშვენება და დიდება საქართველოსი და მცველი მთელი ქვეყნისა“.

პეტრე იბერი ყოფილა ავტორი დიდმნიშვნელოვანი თეოლოგიური წიგნებისა, თუმცა მისი სახელით ამ წიგნებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ამ დიდი რელიგიური ფილოსოფოსისადმი ინტერესი XX საუკუნეში გაცხოველდა, როდესაც გამოითქვა მოსაზრება, რომ  პეტრე იბერი დიონისე არეოპაგელის სახელს ამოეფარა.

დიონისე არეოპაგელი პირველი საუკუნის ცნობილი სასულიერო მოღვაწე იყო. VI საუკუნის 30-იან წლებში გამოჩნდა მისი თხზულებანი, რომლებიც ანტიკური ფილოსოფიისა და ქრისტიანობის გენიალურ სინთეზს წარმოადგენს. ეს წიგნები სწრაფად გავრცელდა და ითარგმნა როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ქრისტიანულ სამყაროში. XIX საუკუნეში გაჩნდა ეჭვი, რომ შეუძლებელია, „არეოპაგიტული წიგნების“ დამწერი იყოს პირველი საუკუნის მოღვაწე, ამიტომ ავტორს ეწოდა ფსევდო-დიონისე არეოპაგელი. 1942 წელს ქართველმა ფილოსოფოსმა შალვა ნუცუბიძემ, 1952 წელს ბელგიელმა ერნსტ ჰონიგმანმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, სხვადასხვა საბუთის მოხმობით გამოთქვეს ვარაუდი, რომ ფსევდო-დიონისე არეოპაგელი არის პეტრე იბერი. ამ ვარაუდის დასამტკიცებლად კვლავაც ქვეყნდება სხვა მეცნიერთა მოსაზრებანი, თუმცა ბევრი, მათ შორის ქართველებიც, კვლავ ეჭვით ეკიდებიან და უფრო მეტ დასაბუთებას ელიან. რა თქმა უნდა, ქართული მეცნიერებისა და კულტურისათვის ამ თეორიის დამტკიცებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ დღეისათვის ცხადია, რომ არეოპაგიტულმა წიგნებმა უდიდესი გავლენა მოახდინა შუა საუკუნეების მოღვაწეთა აზროვნებაზე. ქრისტიანობისა და ანტიკურობის სინთეზი იქცა ჯერ რუსთაველის მსოფლმხედველობის, შემდეგ კი ევროპული რენესანსის საფუძვლად.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები / უავტორო / იბერი პეტრე