თევდორე მღვდელი

გარდაიცვალა 1609 წ.

 

 (კველთელი) ოსმალ დამპყრობელთა წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი გმირი.

 

 

 

XVII საუკუნის დასაწყისში სამეფოდსამთავროებად დაყოფილი საქართველო  მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. ჩვენი ქვეყანა  ირანსა და ოსმალეთს შორის ატეხილი ხანგრძლივი ომის უნებური მონაწილე გახდა. ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი ირანს ეკუთვნოდა, დასავლეთი კი - ოსმალეთს, ამის გამო ხშირად საომარი მოქმედებები საქართველოში წარმოებდა. განსაკუთრებული სისასტიკით მტერი ქართლის დაკავებას ცდილობდა.  მანამ ქართლს სათავეში სახელოვანი მეფეები ლუარსაბ I და სვიმონ I ედგნენ, ქვეყანა  მედგარ წინააღმდეგობას უწევდა მტერს, მაგრამ 1606 წელს ქართლის ტახტზე ახალგაზრდა და გამოუცდელი ლუარსაბ II ავიდა და მტრის თავდასხმებიც კიდევ უფრო გახშირდა.

 

1609 წლის ივნისში ქართლში ოსმალთა ჯარი შემოვიდა, რომელთა რიგებში რამდენიმე ათასი ყირიმელი თათარიც იყო.  მათ მიზნად ჰქონდათ  ქართლის დარბევა და მეფე ლუარსაბის დატყვევება. მტრის შემოსვლა იმდენად უჩუმრად მოხდა, რომ ქართველებმა მათი ლაშქრობის შესახებ არაფერი იცოდნენ  და ბუნებრივია, არც არავინ ფიქრობდა რა საფრთხე ემუქრებოდა მეფეს, რომელიც ამ დროს თავის საზაფხულო რეზიდენციაში, ცხირეთის ციხეში იყო და მტრის შემოსვლა არ იცოდა. ოსმალებმა კი კარგად იცოდნენ მეფის ადგილსამყოფელი და გადაწყვიტეს ახალციხიდან შიდა ქართლში უმოკლესი გზით შეჭრილიყვნენ და მეფე ლუარსაბი შეეპყროთ. მათ სწრაფად გადმოლახეს თრიალეთი, ქართლში შემოსასვლელი გზების მცველი ქართველები ამოხოცეს და მოულოდნელად მოადგნენ მანგლისს. მანგლისის ღვთისმშობლის ეკლესია დარბევას სასწაულებრივად გადაურჩა. მემატიანე წერს: „ესევითარმა ღრუბელმა ზრქელმა და ნისლმა დაფარა იგი, ვიდრეღა პირისპირ მისა ჩავლეს ესოდენმა სიმრავლემან მეომართამან და ეკლესია იგი სოფლითურთ ვერ იხილეს“.

 

მტერს ცხირეთამდე სულ ხუთიოდე საათის სავალი რჩებოდა, მაგრამ მანგლისიდან მეფის საზაფხულო რეზიდენციამდე რამდენიმე გზა მიდიოდა და ოსმალებს ვერ გადაეწყვიტათ, რომელ გზას დასდგომოდნენ. ამ გაურკვევლობაში აქეთ-იქით აწყდებოდნენ. უცებ, მანგლისის ახლოს, სოფელ კველთაში მღვდელი  შენიშნეს, სწრაფად შეიპყრეს იგი და ცხირეთის ციხისკენ მიმავალი გზის გაკვლევა მოსთხოვეს. ეს მღვდელი იყო „სახელად თევდორე, პატიოსანი და მოშიში ღვთისა და ერთგული მეფისა თვისისა“.

თევდორე თურმე ეკლესიას კეტავდა. მტრის შემოსვლა რომ გაეგო, ეკლესიის ქონება გადაემალა და სხვებთან ერთად ტყეში გაქცევა ვეღარ მოესწრო. ოსმალებმა თევდორეს განუცხადეს, რომ თუ მათ ბრძანებას არ შეასრულებდა და ცხირეთის ციხემდე არ მიიყვანდა, წამებით სიკვდილი ელოდა. „ხოლო მან, ნეტარმან ხუცესმან, აღირჩია სიკვდილი, ვიდრე განცემა მეფისა და გაწირვა საქართველოისა“.

 

მღვდელმა ლაშქარი გზას ააცდინა და ცხირეთს დააშორა. იმის ნაცვლად, რომ ჩრდილოეთით წასულიყო, მტერი დასავლეთით ატარა და უდაბურ ადგილას მიიყვანა. ოსმალები ფიქრობდნენ, საცაა ჩრდილოეთით გადავუხვევთ და მეფეს იდუმალ დავადგებით თავსო, მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლდა... უდაბურ ტყეში უგზოობისა და  დიდი ხნის სიარულის გამო, როცა „გზასა ძნელთა და იწროთა და კლდოვანთა და სხვათა მათსა ცხენნი მრავალნი და კაცნი შთაცვივნეს კლდეთა და კაპანთა და მოსწყდეს“, ოსმალები მიხვდნენ, რომ მოტყუვდნენ. „იხილეს რა თავნი თვისნი ესრე მოცთომილნი და შეიწრებულნი, კაცთა მათ სახელოვანთა შეიპყრეს ხუცესი“. მათ ჯერ სასტიკად აწამეს თევდორე, შემდეგ კი თავი მოკვეთეს.

 

ქართველები საუკუნეების მანძილზე თავს სწირავდნენ სამშობლოსა და რწმენას, მაგრამ თევდორეს გმირობა არა მარტო თავგანწირვა იყო. მისმა ნაბიჯმა ლუარსაბ მეფეს  საშუალება მისცა დრო მოეგო, ჯარი შეეკრიბა და  საბოლოო გამარჯვება მოეპოვებინა რიცხვმრავალ მტერზე. მანამ სანამ ოსმალები გზის ძიებაში ტყედტყე დათარეშობდნენ, თბილისის მოურავი გიორგი სააკაძე სხერტის ჭალაში დაუხვდა მტერს და ოსმალები აიძულა თავის განზრახვაზე ხელი აეღოთ.

 

კველთელი მღვდელი თევდორე ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღე 8 (21) ივნისს აღინიშნება.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები / უავტორო / თევდორე მღვდელი