კახნიაშვილი მამუკა

 

ახალი ტალღა

 

 

როცა ვწერ, გარედან ზღვის ხმა შემოდის.

 

ჩემი სახლი ნაპირთან დგას.

 

ზღვას  ნაპირიდან გადმოსვლა სურს, ბობოქრობს და თუხთუხებს. ქარიშხალი სახურავს ეხლება, თითქოს სამყარო ზღაპარი იყოს.

 

სადაც ვზივარ და ვწერ ჩემი ჭერი როდია, ის მოხუც მეთევზეს ეკუთვნის და მე ვიქირავე. ზოგჯერ ამბობენ, რომ სადაც ცხოვრობ, ის სახლი შენია.

 

ჩემი აქ არაფერია. მხოლოდ ყავა და ძველი საწერი მანქანა. ამის გარეშე ვერ ვიცხოვრებდი –  ჩემი პროფესიის  ქვაკუთხედია.

 

დიახ, მე მწერალი ვარ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ცუდად არ ვცხოვრობ –  ვგულისხმობ მატერიალურ მხარეს. კაცმა რომ თქვას, კარგი  მდგომარეობა მიჭირავს, რადგან პატივსაცემმა გამომცემლობამ ჩემთან კონტრაქტი გააფორმა. ბოლოს და ბოლოს, შემიძლია  ვიმუშავო, რადგან ყოველდღიური პურის ფულის ზრუნვაზე მაღლა ვდგავარ. მაქვს საწოლი და წვნიანი. ყოველ შემთხვევაში ნახევარი წელი მაინც.

 

დღეს ამაზე  არ ვფიქრობ. მომავალს საფარველით ვფუთავ, მთელი ჩემი არსებით ვკონცენტრირდები ჩემს დღევანდელ სამუშაოზე. ქალაქი დავტოვე, მარტოდ მყოფმა იქნებ რამე მოვიფიქრო. აქ საკუთარ თავთან ვარ დარჩენილი და ხელს მიშლის მხოლოდ ჩემი ჩრდილი. ვწერ პიესას.

 

ტრაგედია იქნება თუ კომედია ჯერ არ ვიცი. კარგი რაღაც მომივიდა აზრად, ჩვეულებრივი  სასიყვარულო ისტორია მაქსიმუმ ოთხ მოქმედებად. მაგრამ ჯერ დასასრული არ მომიფიქრებია.

 

ქალმა თავი მოიწამლოს თუ არა?

 

რა მოვუხერხო კაცს? ალბათ უკეთესი იქნება, ცოცხლები დავტოვო, მე ხომ რეალისტი ვარ.

 

ბევრმა გეგმამ გაიარა ჩემს  გონებაში და ცარიელი ფურცელი მაშინებს სითეთრით. მაგრამ აქ მარტოობაში ყველაფერი დაიწმინდება.

 

ზღვა მიყვარს.

 

ახალი ტალღა ახალ ტალღაზე, ისევ და ისევ – ამჯერადაც არ ვიცი კომედია გამომივა თუ ტრაგედია.

 

გუშინ ძლიერი ქარიშხალი იყო. ბადე  გაირღვა და ნავი აღარ დაბრუნებულა. ალბათ გამოჩნდება წლების შემდეგ გაშავებული აფრით და მოჩვენებასავით გასცურავს წყალზე.

ჯერ არ ვიცი.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / კახნიაშვილი მამუკა / ახალი ტალღა