კევლიშვილი ზაზა 

 

Northern Lights

 

 

 

26 წუთიანი მოთხრობა

 

(იწერებოდა ჯარეტის ,,კიოლნის კონცერტის” თანხლებით)

 

წინასწარვე ვგრძნობდი, საერთოდ არ ვიცოდი რა უნდა დამეწერა. ისიც კი ვიფიქრე, იქნებ ჯარეტმა გადაწყვიტოს ამჯერად რამე მეთქი. მოგვიანებით ამ აზრის მცდარობაში სრულიად დავრწმუნდი.

 

ჯარეტი ვერაფერს გადაწყვეტს, მიზეზი კი სრულიად მარტივია: გადასაწყვეტი არც რომ არაფერია. თუმცა რაღაც ხომ მაინც უნდა დამეწერა, ხოდა აი ამ წუთას სწორედ ამას ვაკეთებ. ვიღებ საწერ კალამს და ვამბობ: რანაირადაც არ უნდა შეიძლებოდეს ამ მოთხრობის დაწყება (ხოლო მისი დაწყება შეიძლება მრავალნაირად, ციფრებით მანიპულირება აქ არაფრად გამომადგება) ღრმად ჩავისუთქავ, მზერას ჰორიზონტს მივაპყრობ და დავიფიცებ – ვფიცავ დავიწყო ისე, როგორც სინამდვილეში იყო, ხოლო აი რა იყო სინამდვილეში: კიბეზე ჩამოვდიოდი, ხელიდან რვეული გამივარდა, ამ რვეულში რაღაც ჩანაწერები მქონდა გაკეთებული. ერთი კი გავიფიქრე, ვინ იცის ასოები ერთმანეთში გაზავდა და გადალაგ-გადმოლაგდა მეთქი. ამით რა თქმა უნდა საკუთარი სიზარმაცის გამართლებას ვცდილობდი, მაგრამ ამ ჩანაწერებში იყო რაღაც, ჩემთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი, ამიტომ გადაწყვეტილება მივიღე ერთი ღამე დამეთმო ამ საქმისათვის და რვეული გადამემოწმებინა.

 

და აი ეს ღამეც დადგა. გულისფანცქალით გადავშალე ჩემი რვეული და აი საოცრება! ასოებს ვეღარ ვხედავდი ანგელოზო გესმის? კინაღამ ავტირდი. გამოსავალს უკვე ვეღარაფერში ვხედავდი და უცებ, იმაზე მოკლე დროში წამის მემილიონედი რო ჰქვია გონება გამინათდა.

 

ჩემი გამადიდებელი მინა გამახსენდა, ოდესღაც ძველი «ზენიტის» ობიექტივი რომ იყო და ჩემს უჯრაში რომ განისვენებდა. მარჯვენა თვალზე სკოტჩით მივიკარი და მე დავინახე...

 

ქვიშის დიუნები ვალვისის ყურეში... ძალიან შემზარა ამ სანახაობამ; იმდენად დიდია და სივრცობრივი, პირდაპირ მისწრებაა კლაუსტროფობიით გაწამებულთათვის, ამ გამოვლინებამ ერთი ჩემი ნაცნობი ქალი შეიპყრო ადრე, ასე ექვსიოდე წლის უკან. საწყალი შემოვიდოდა ჩემს ოთახში, ჯერ დამჯდარი არ იყო და უკვე კარისაკენ გარბოდა, ამოწმებდა თურმე ჩაკეტილი ხომ არ არისო. თავიდან თითქოს მწყინდა კიდეც, ალბათ ეშინია არ გავაუპატიურო მეთქი, არადა თურმე კლაუსტროფობიის სიმპტომი ყოფილა. თუმცა ეს შემთხვევა ერთი საპატიო მიზეზის გამო მყისვე ამომივარდა მეხსიერებიდან. სკოტჩი მოიღვენთა და გამადიდებელი მინა მაგიდას დაენარცხა.

 

მაგრამ ბედიც ამას ქვია! სულაც არ გატყდა, მეტიც, არც კი გაიბზარა. ახალი სკოტჩის ნაჭერი და ხედვა გავაგრძელე... ამას რას ვხედავ! მე თვითონ ვზივარ გარეთ, აივანზე და ვწერ. სიმართლე ითქვას არც ვიცი რას ვწერ, მხოლოდ ის ვიცი რომ ანგელოზზე მინდა დავწერო, ჩვენს პირველ შეხვედრაზე. თითქოს მეშინია ეს ამბავი სრულიად არ გადამავიწყდეს. ანგელოზო – შენ რომ მითხარი ნორმალურად კოცნაც კი არ ვიციო, თან როგორ დაიმორცხვე – კი არ დავიჯერე, ეს ჩემს ძალებს აღემატებოდა. მაგრამ მე ხომ შევეცადე, შენ კი როგორც მგონია ცდაც დაგეზარა.

 

ისე დავიბენი, ერთთავად იმაზე ვფიქრობდი ცუდი გემო ხომ არ დაგიტოვე პირში. ეს უხერხულობა რაღაც ამოუცნობი მექანიზმებით განსხვავებულ განცდად ტრანსფორმირდა და მოგვიანებით შიმშილის გრძნობად ჩამოყალიბდა... ხედავ რეებს ვბოდავ? სულ შენი ბრალია, არადა ვიცი, ვხვდები, ეს შენს მზერაშიც ამოვიკითხე – იცი რომ თავს ვიტყუებ. მაგრამ ამ თვითმოტყუებაში ერთგვარ იდიოტურ სიამოვნებას ვგრძნობ და გთხოვ, გემუდარები, ნუ გადამეღობები ამ სიამოვნებისაკენ მიმავალ გზაზე, რამეთუ შენ შეგიძლია შემიშალო ხელი. შენ ეს შეგიძლია სიცოცხლით, შენ ეს შეგიძლია სიკვდილით, შენ ეს შეგიძლია დამატყვევებელი გულგრილობით. შენ – ეს ერთი ს.მ.ს-ითაც შეგიძლია. მთავარია რომ შენ ეს მართლა შეგიძლია...

 

ამინ!

 

2

 

აგვისტოს ღამეები იწყება.

 

როგორ დავინახო ის, რასაც «შენ» ქვია, როცა ძალიან, ძალიან მენატრები, შენ კი შორს ხარ, ასე თერთმეტიოდე კილომეტრს იქით, თუმცა სამართლიანი თუ ვიქნები, უნდა ვაღიარო – ჯერაც ვერ გამირკვევია ვინ იქითაა და ვინ – აქეთ. ასე რომ, რა უნდა იყოს ამჯერად the point of count??

 

გეფიცები თვით დედა ფოკერმას, თავად არ მესმის რა მემართება. ვერაფრით დამიდგენია ძალა მისი პირქუში იპოსტაზებისა. ხან რანაირად შემიტევს და ხანაც რანაირად. ხოლო შეტევებს მისას ბოლო არ უჩანს. ნუთუ რომელიმე კონკრეტული ცოდვისათვის ვისჯები, თუ უფრო იმის უნდა მჯეროდეს, რომ ვისჯები როგორც ზოგადად ცოდვილი. რისი იმედი უნდა მქონდეს გინდა პირველ და გინდა მეორე შემთხვევაში, აკიღა ცნობილია რომ სასჯელისაგან სამუდამოდ გათავისუფლდება ის, ვისაც ოდესმე დაუთმენია წყენა და ტანჯვა უფლის სახელით.

 

რა დათმენა, რის დათმენა, პირველი ყოველთვის მე ვაყენებდი წყენას და შეურაცხყოფას ყველას, ვინც ღირსია და უღირსია; რაც შეეხება ტანჯვას, აქაც ვერ უნდა იყოს საქმე კარგად. ჩემზე წუწუნა, ბუზღუნა, ჯიჯღინა და უკმეხი არავინ მეგულება ცისქვეშეთში. ასე რომ, ალბათ მიტევების იმედზე უნაყოფო ფიქრს დროულად უნდა შევეშვა და რაიმე გამოსავალი მოვნახო.

 

ხოლო ანგელოზო მე მოგიყვები იმას, თუ რანაირად მიმეტებს დედა ფოკერმა ამგვარი ტანჯვისათვის: ჩემი ცხოვრების ყოველ მნიშვნელოვან ეტაპზე – როცა გარკვეულწილად ბეჯითი მეცადინეობის წყალობით და მეტადრე ზეციურ ძალთა მადლით მოვახერხებ და სულიერი სიმშვიდის ერთგვარ მოდუსს მივაღწევ, სწორედ იმ დროს, ჯერ კარგადაც რომ არ მაქვს ამ სიმშვიდით გამოწვეული კმაყოფილება გასიგრძეგანებული – მყისვე იწყებს დედა ფოკერმა თავისი მაცდუნებელი იპოსტაზების ჩემს წინააღმდეგ დალაშქვრას. ხოლო იპოსტაზები მისი ქალებია, ონანიზმი და ხანაც უაზროდ ამოჩემებული თავშეკავება ყოველგვარი ლიბიდალური გამოხდომების აღსალაგმავად. არა, მთლად ასეც არ არის საქმე ერთი აქაური რეპერი ურცხვად რო ღიღინებს: თვალები, თვალები, არ მასვენებენ ქალები და ა.შ. არა, პირიქით, ეს მე არ ვასვენებ დედა ფოკერმას, ის კი თავის გულქვა იპოსტაზებს მიგზავნის შიგადაშიგ, როგორც უკვე გითხარი.

 

ხომ არ ჩაგეძინა? ხოდა ძალიანაც კარგი. ეს უბრალოდ ვიკითხე, და თუ ძალიან ჩამაცივდები გეტყვი რომ არცთუუბრალოდ.

 

ძილი მიყვარს ძალიანო ერთხელ რომ მითხარი, ამიტომ. რა ბედნიერია ვისაც ახლა ეძინება, კიდევ უფრო ბედნიერია ვისაც უკვე სძინავს და პირველი სტერეოს უაზრო ხმები არ ჩესმის, და რაღათქმაუნდა სრულიად და უპირობოდ ბედნიერია ის, ვისაც სძინავს და აღარც არასოდეს გაიღვიძებს. ძილინებისა!

 

3

 

მესიზმრა:

 

ჩემი მწვანეთვალება ანგელოზი რქების დადგმას მიპირებდა.

 

დროდადრო, თვალებს ზომაზე მეტად თუ დავაჭყეტდი იმასაც კი ვხედავი თითქოს ეს რქები უკვე თავზე მედგა, რა არის და დედის მუცლიდან მოჰყოლიაო. ვის გაახარებს ამგვარი სიზმრის ხილვა? ო, დედა ფოკერმა, ნუთუ უკვე მეორე პოზიციიდან მიტევ, და თანაც ისე რომ მე ჯერ პირველი პოზიციის აზრზეც არ მოვსულვარ... არა, ლატენტურსა და მანიფესტურზე ლაპარაკს როდი ვაპირებ, ერთი ანდაზა მინდა შეგახსენო მხოლოდ: ისეთ სიზმარს რა ვუთხარი ცოტაოდენი სიმართლე რომ არ ერიოსო.

 

და ალბათ ურევია კიდევაც. რა გამოპარვია ამ საცერისოდენა თვალებს ეგ რომ გამოეპაროს.

 

თან არც ისეთი მიამიტი ვარ ვერ ვამჩნევდე – რაღადროს ერთგულება და კუბოს ფიცრამდის აღსრულებული ერთჯერადი და უღალატო სიყვარულია – ახლა ხომ სხვა დროა. და არც არასდროს მჯეროდა მაგის, უფრო სწორედ კი იმის მჯეროდა რომ ამის მხოლოდ სულელებს სჯეროდათ. ალბათ წინამდებარე წინადადებაში ვინმე საკუთარ თავსაც ამოიცნობს, მაგრამ არავისთან კამათს მე არ ვაპირებ, რადგან ისე დამზაფრა საკუთარმა სიზმარმა, ლამის სახელი და გვარი დამავიწყდეს, საკუთარივე რაღათქმაუნდა.

 

იქნებ ჩემმა ანგელოზმა ზომიერების შეგრძნება დაკარგა? არადა ისეთი რამაა, კაცმა თუ ჭკუა დაატანა ყველგან და ყველაფერში გამოადგება. განა ზომიერება არ უნდა მზეზე გარუჯვას? ზმიერება ჭირდება ინჯოის მალამოს ფეხისგულებში შეზელას, ზომიერება ჭირდება ალკოჰოლის მიღებას, კომპიუტერის მონიტორის ცქერას, და ასევე ზიზღსა და სიყვარულს, ორთავეს ზომიერება ჭირდება. ვითომ რატომ უნდა იყოს სექსი ამ ჩამონათვალში გამონაკლისი? მაგრამ, არა მგონია ჩემი მწვანეთვალება ძალზე ფილოსოფიურად უყურებდეს ამ საკითხს და ერთთავად ადამიანის ადამიანთან შერწყმის ეგზისტენციალურ მოთხოვნილებაზე ფიქრში ათენ-აღამებდეს. უფრო მეტად სავარაუდოა: უნდა და აძელვს! არის ამაში რაღაც ძლევამოსილი და ამაღელვებელი. აძლევს და აკი ფრიად დიდ ნეტარებასაც ღებულობს გასამრჯელოდ.

 

ო, დედა ფოკერმა, აბა ეს რა გამოგვივიდა? ნუთუ ყოველივე ბანალურ, ცხოველურ ინსტიქტებამდე დაგვყვავს, ანდა შეგვიძლია დავუშვათ რომ ჩემს ანგელოზს სულიერი ფასეულობები ჩირადაც არ უღირს? რაო? ცოდვაო? რას ამბობ დედა ფოკერმა, ის კაცი არ ვარ ბუზი სპილოდ ვაქციო, ჩემს თვალში წამწამს ვერ ვხედავდე და სხვისაში დირეები ვეძებო, ანდა ქინძისთავისოდენა ცოვა, და ისიც სხვისი, დღის სააშკარაოზე გამოვიტანო!

 

 

 

4

 

თუმცაღა, თუკი სცოდავ განა ამის გამო ეგ სტატუსი ჩამოგერთმევა ანგელოზო! სხვისი არ ვიცი და მე ისე დამატყვევა შენმა ჯადოსნურმა თვალებმა და კიდევ იმან, რაც მათგან გადმოედინება, ანუ ულევი და მარადიული სიყვარულის არსებობის დამადასტურებელმა ნათებამ, მზად ვარ ვაღიარო – მთვრალი ვარ შენი სიყვარულით! ხოდა ამ სიყვარულმა ჭეშმარიტად არამიწიერი საქმეები ჩამადენინა; დღეს, მაგალითად, ექვსი კილომეტრი ერთბაშად, შეუსვენებლივ ვიარე, ეს კი ჯამში უდრის ბოლო ოთხ თვეში ჩემს მიერ გავლილ კილომეტრთა საერთო რაოდენობას. ნუკი დამცინებ, მხოლოდ ის მკითხე, მერედა, რას დადიოდიო? მაგრამ პასუხი არ მაქვს ანგელოზო, ერთი კია ამ ბოლო დროს ყველა მეუბნება, სხვანაირი გახდი, ეტყობა შეგყვარებიაო ვინმე. რა ვიცი... პირი თუ შეკრეს ჩემს წინააღმდეგ? პასუხს არავის ვცემ, მაგრამ მგონი ისედაც ყველა ყველაფერს მშვენივრად ხვდება. ხალხს რა გამოაპარებ...

 

და აი სწორედ ამ ხეტიალის დროს ერთი ჩემი მეგობარი გოგონა მომიახლოვდა. ველოსიპედზე იყო ამხედრებული, არც კი ვიცი სად შემამჩნია. თითქოს შევებრალე – სახე ძალიან გადაღლილი გაქვსო.

 

ჩემს გრძნობებზე ხმამაღალ ლაპარაკს ყოველთვის ვერიდებოდი, ამიტომ დავეთანხმე, დიახ, გადავიღალე მეთქი. ანდა ვინ ცისი, იქნებ სიყვარულმა გადამღალა? არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც ვუთხარი, მოთხრობას ვწერ, მეოთხე თავზე გავიჭედე, წერას ვეღარ ვაგრძელებ, რა აღარ ვცადე, განტვირთვა, მსუბუქი ალკოჰოლური საღამო, სრული იზოლაცია (თანაც ორ დღიანი) და ათასი სხვა ჯანდაბა, მაგრამ საბოლოვო ჯამში მაინც გაწბილებული დავრჩი, რადგანაც რამდენიმეჯერ მივუჯექი მაგიდას, მეგონა აი ახლა კი ნამდვილად კარგ ნაწერს გამოვაცხობ, მაგრამ ყოველთ ჯერზე ისეთი შეგრძნება დამეუფლებოდა ხოლმე, თითქოს თავში სიცარიელის მეტი არაფერი იყო, და რასაკვირველია ყოველივე ამის შემდეგ წერას ვეღარ ვაგრძელებ, და ალბათ ამანაც დამამწუხრა მეთქი. გასაგებიაო – მითხრა პატარა მეგობარმა და თვალის დახამხამებაში გაქრა თავის ველოსიპედიანად.

 

ერთი კია საკუთარი თავის მიკვირს, ჯერ ლექსების წერა რომ არ დამიწყია. არადა როგორც ვიცი ყველა შეყვარებული წერს მინიმუმ, ერთ ლექსს მაინც. მეც მინდოდა რაიმე კარგი ლექსი დამეწერა, – ყოველშემთხვევაში გადამეწერა მაინც – ბოლოში ჩემს გვარ სახელს ხომ მაინც მივაწერდი, ამას რაღA მუზები და ტალანტი უნდა! მაგრამ ვერაფერიც ვერ დავწერე. ამის მიზეზად ხან სუბიექტური გარემოებების არასრულფასოვნება მივიჩნიე და ხანაც ობიექტური რეალობის სიმძიმე. ისიც კი გავიფიქრე ერთხელ, ნეტა ცნობიერება ხომ არ დამებინდა და სწორედ ამის გამო ხომ არ არის თავში ერთი ნათელი აზრიც რომ აღარ მომდის მეთქი.

 

მაგრამ ეს აზრი სასწრაფოდ უკუვაგდე, რომელი ბერგსონი მე ვარ ცნობიერება ვიკვლიო, მაგრამ თუკი ცნობიერება და მისი უშუალო მონაცემები მართლა არსებობენ, ალბათ იმათ გამოკვლევაც ესაჭიროებათ.

 

არადა ვარ მე ახლა ბერგსონის ხასიათზე? მე ლექსზე ვფიქრობდი დილა და ღამე, ღამე და შუაღამე სულ ლექსზე ვფიქრობ. თავსაც მოვიკლავ წერა რომ დავიწყო და ცუდი ლექსი გამომივიდეს. განა ანგელოზს ეს ეკადრება? არადა მე ვინ ვარ, ენიუსს, ლათინურად მოლექსეთა მამას, როგორც ამას ჰორაციუსიც გვიმოწმებს, ვიღაც ჩიტირეკიამ თურმე თავის დროზე ლექსი დაუწუნა, კალმის სუნზე მეტად ღვინის სუნი ასდისო. მაგრამ განა მე ლექსი ვინმესათვის თავისმოსაწონებლად მინდა. ღმერთმა დამიფაროს ამგვარი ამპარტავნობისაგან. ფუი ეშმაკს! ვგრძნობ სადღაც აქ უნდა იყოს.

 

5

 

ხო, ეშმაკია! ამის აშკარად ვხედავ... კბილებს აღჭრიალებს (ერთი კია ვერ გამირკვევია შეშინება სურს ჩემი თუ დამცინის) თან ეს კბილები ისე უელავს თითქოს ერთი ვედრა ქოლგეითი უჭამიაო.

 

ანდა ვინ იცის და იქნება ჭამა კიდეც. ერთთავად შავია და ბანჯგვლიანი. სწორედ ასეთი წარმომედგინა ბავშვობაში (არადა მაშინ არც ბაბაიაგასი, არც პირსისხლიანი ურიებისა და არც მილიციისა ისე არ მეშინოდა როგორც ეშმაკის) სულ მეუბნებოდნენ, აბა ეხლა გაჩუმდი თორემ ეშმაკი მოვაო. აჰა, მოვიდა კიდეც!

 

მომეჩვენა რომ northern lights-დან გამოძვრა... ანგელოზო, ეს ხომ შენს მიერ ნაჩუქარი სუნამოს ფლაკონია, ერთი უბოროტო და უპრეტენზიო ნაწარმი ორიფლეიმისა, საუცხოვო სუნით, ნუთუ ზღაპარი ბოთლებსა და ჯინებზე სულ არ ყოფილა ტყუილი? რაო, ხომ არ გავგიჟდი და ჰალუცინაციები ხომ არ დამეწყო? შენ რა, სულ არ გჯერა ჩემი ანგელოზო? მართლა იქიდან გამოძვრა დედა ფოკერმას გეფიცები.

 

ხომ უთქვამთ, რწმენა უჩინო საგანთა გამჟღავნებააო და აი, გამჟღავნდა კიდეც. ასე ნუ მიყურებ გემუდარები, მართლა გიჟი კი არა ვარ.

 

მეტი დამაჯერებლობისათვის მზად ვარ დამოდენიმე უჩვეულო დაბადება შეგახსენო. ამგვარი უცნაურობები ადრეც ხშირად მომხდარა: მინერვა იუპიტერის ტვინში ჩაისახა და მერე რატომღაც ყურიდან გამოძვრა, ბახუსი იუპიტერისავე თეძოდან იშვა, ხოლო კრაკ მუსის ფანტაზიები ჭეშმარიტად უკიდეგანო აღმოჩნდა და საკუარი აღმზრდელი ძიძის ფეხსაცმლიდან მოევლინა ქვეყნიერებას. არადა, ისტორიამ უკვე მოინელა ეს საკვირველი ამბები.

 

თავიდან ესეც დედა ფოკერმას მორიგი იპოსტასი მეგონა. რას გაუგებ მის თავისებურ შეხედულებებს დედბორივ მზრუნველობასა და სიყვარულზე. ხო შეგიმჩნევია ზოგიერთ დედას საკუთარ შვილზე მეტად ქმარი, დაქალი ან სულაც ტელევიზორის ყურება რომ უყვარს. მაგრამ უარგუმენტო და დაუსაბუთებელ ბრალდებას თანამედროვე ცივილურ ენაზე ცილისწამება ჰქვია...

 

ო, დედა ფოკერმა, ვიცი ძალიან დაკავებული იქნები, მაგრამ იქნებ შეძლო და მომიტევო ამგვარი სიბეცე ტვინისა. განა უბრალო მოკვდავისთვის იოლია ეშმაკს უყურებდეს და დალაგებულად აზროვნებას განაგრძობდეს?

 

მაგრამ, მგონი ეშმაკი დაიბნა. სარკეში იცქირება, მეორე ხელლით კი საჯდომს იფხანს. ვეღარ გამიგია გიჟია თუ დებილი. საწყალი... ალბათ თვითიდენტიფიცირებას ლამობს. და აი ამ წუთას მიჩნდება ეჭვი – იქნებ ეშმაკის ქსეროასლია, ან ასე ვთქვათ, ყალბი ეშმაკი? ეშმაკი არ უნდა იყოს ასეთი ტლანქი და თან დრაივიც აკლია.

 

სარკის ზედაპირზე ირეკლება მისი უშნო, დასახასიათებლად მეტისმეტად რთული თავპირი. მგონი უსტვენს. გადატანითი მნიშვნელობით კი არა, აი ასე: ფი, ფი, ფი და ფუ ფუ ფუ... ფუი ეშმაკს!!! მოკლედ, შემიძლია კიდევ ბევრი ვწერო ეშმაკზე, განა აქ ამის ადგილი არ არის, მაგრამ უკვე დავიღალე, გარეთ მამლების ყივილი ისმის და ალბათ სადაცაა გათენდება. ნეტა თეთრი მამალი თუ ურევია სადმე? დიაგორე როდოსელი ამბობდა, ეშმაკი ხშირად ლომის ტყავით იმოსება, მაგრამ თეთრი მამალის დანახვისას მსწრაფლ ქრებაო. ისე, საიდან იცოდა ეს ყველაფერი?

 

6

 

თუმცა რა დროს დიოგენე როდოსელი და თეთრი მამლები და შავი ეშმაკებია, როცა არც ფიცი მწამს და აღარც ბოლო მაკვირვებს. ფიცით კი ჩემი ანგელოზი მეფიცება – შენებრ ჯერ არავი მომწონებიაო.

 

რაღა ბევრი გავაგრძელო და ყველაზე ძალიან არა, მაგრამ მგონი მართლა მოვეწონე. მართალია s.m.s-ებს აღარ მწერს, სამაგიეროდ მე ვწერ მათ და ვინახავ, როგორც კომბლე ინახავდა კომბლებს ჭერში. რაღაც დრო გვაქვს დათქმული, ჯერ ვერ შევხვდებით ერთმანეთს, მანამდე კი ხან რითი ვირთობ თავს და ხანაც რითი. და ეს «რითი»-ები თვისობრივად სულაც არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, პირიქით მეტისმეტადაც კი ჰგვანან. მე რა მენაღვლება, 4 სექტემბრამდე დიდი დროა, შემიძლია მიწა მოვხნა და ბელტები ვყლაპო, ფრჩხილის ოდენა ჩავაგდო და დერგის ოდენა მოვწყვიტო, ასი ხევი ავიარო და ასი კაბა ავშალო, ქალს მძივი ავყარო და კალათაში ჩავყარო, ანდა ერთი დიიიდი სადგისი ავიღო და ყვერებში წაღმა-უკუღმა გავიყარო. კაცმა რომ თქვას, აბა ახლა რას ვაკეთებ? მაგრამ არ გეგონოს რომ მთავარი დამავიწყდება, მთავარი სულ ხელში მიჭირავს. შენ რაც გინდა დაუძახე.

 

ციბრუტა, სირგილა, კუტალა, კიტრანა, კონკილა, ჩილიკა, თავწითელა ჩიტი და ა.შ. ეგეც გემოვნების საკითხია.

 

7

 

ხედავ ანგელოზო როგორ ამერია ტვინის ხლართები? მე ახლა წითელი ღვინო მჭირდება და რაიმე მოსაწყენი ფილმი რომ ტელევიზორთან ჩამეძინოს მშვიდად. მინდა რაიმე კარგი სიზმარი, რომელშიც უბრალოდ დავაკვირდები ცნობიერების მიღმა არსებულ კონკრეტულ შესაძლებობებს... ხომ არ შემომეყვანა თხრობაში ქალი-აბსტრაქცია, მესამე პირი? ვთქვათ რომელიმე ანა, ჟანა ან ნანა? O.K. Start game... შეხედე, ეს გოგო ძალიან ლამაზია. გთხოვ ყურადღებით დააკვირდე მის სილამაზეს, რადგან აღარასოდეს გექნება მეორე შანსი შეიქმნა პირველი შთაბეჭდილება.

 

ნანა გაბრაზებულია ტელევიზორში რეკლამების უაზრო რაოდენობაზე, თავის პირველ და უკანასკნელ სიყვარულზე, წერილზე რომელიც არასოდეს დაუწერია, ყველა მამაკაცზეა გაბრაზებული. ასევე გაბრაზებულია ამინდზე, ზედაპირულ სექსუალურ ურთიერთობებზე, ვბედავ ვივარაუდო რომ იგი გაბრაზებულია ჩემზეც და შენზეც. ის ამბობს: არ მჯერა რომ საერთოდ ვინმეს სადმე რამე უწერია. ეჭვგარეშეა, ბედისწერაზე საუბრობს, მაგრამ ვის ესაუბრება და რომელ ბედისწერაზე? ოდნავ შეშლილს გავს, დიახ, ექსცენტრულიც არის და თავის მიზნის მისაღწევად ყველაფერზე წავა (ამაში თავად დარწმუნდები თუ ოპციებში შეხვალ და CONTINUE-ს დააჭერ თითს) რადგან მან კარგად იცის რომ მიზანს არ აინტერესებს მისი განხორციელების გზაზე განვითარებული შემთხვევითი ელემენტები.

 

გინახავს LET IT BE? შენიშნავდი ალბათ, როგორ დაყვება იოკო ონო ქმარს ფისოსავით კუდში. კადრი არ არის მაგის გარეშე. აი, ასეთი უნდა იყოს ნანა, და ნანა უნდა დაყვებოდეს კუდში იმას, ვინც უყვარს. ამიტომ საჭირო ხდება მას ვიღაც უყვარდეს.

 

და მე ახლა გთხოვ ანგელოზო მოახდინო კონცენტრაცია ტვინის სუბსტანციისა და მითხრა: როგორ გგონია, იცის ვითომ ნანამ რა არის სიყვარული?

 

გავთავხედდები და ვიტყვი რომ ნანას მე ვუყვარვარ. ძალიან არა, თხრობა რომ მოითხოვს სწორედ იმდენად. და აი იგი ღებულობს ჩემს პირველ მოკითხვას. (ამ დროს კი ჩემი ანგელოზი თავის ლამაზ კბილებს დააღრჭიალებს და სამი გუთნის გაშლაზე ეგოისტურ ნახტომს გააკეთებს, სწორედ ამ მანძილში ჰგონია ნანა ჩასაფრებული) ბუმც! ხოლო მოკითხვა ამგვარია – როგორ ხარ დედოფალო? რასაც აუცილებლად მოყვება აღტაცებანარევი შენიშვნა: «ასე არასოდეს მოგიმართავს ჩვენი თოთხმეტწლიანი ურთიერთობის მანძილზე, გადასარევია!» და შემდეგი სიტყვა ისევ ჩემია: როგორ გგონია დედოფალს ახლა (და საერთოდაც) მეფე არ ჭირდება? მაგრამ მეღვიძება ტელევიზორის წინ, იქ კი PARANOID ANDROID-ის კლიპი მიდის, სადაც ტომ იორკი დაბეჯითებით იმეორებს: როდესაც მეფე გავხდები პირველს შენ მიგაყენებ კედელთან...

 

8

 

ისე კედელთან თუ მიგაყენებენ ყველაზე სწორი საქციელი ის იქნება ალბათ, რომ მოახერხო და გამოიქცე. არც იმას უარვყოფ რომ ეგეც საკითხავია, ვინ მიგაყენებს და რისთვის მიგაყენებს. ნანას გონია რომ ერბო ქონია მაგრამ ამაზე სხვაგვარი შეხედულებაც ხომ შეიძლება გვქონდეს? იქნებ მართლა მისახვრეტად ხარ მიყენებული, წამიც და ტვინს მიაგსხმევინებენ კედელზე. არადა როგორც მაგისტრი ტუბალი ამბობდა საქმე სწრაფად სირბილში როდია, მთავარია დროულად გამოიქცე...

 

რაღა დაგიმალო და უკვე აღარც მაინტერესებს რას იზამს ნანა, ეგ უკვე იმდენჯერ იყო კედელთან თუ კედელზე მიყენებული სხვადასხვა მოსაზრებათა გამო რომ აქამდე ჭკუაც უნდა ესწავლა და სწრაფად სირბილიც.

 

დავტოვოთ ნანა კედელთან ღვთისინაბარა, იქნებ ლოცვით გავიდეს ფონს. ისე ეგეც მეეჭვება, ეგ ადრე იმდენს ლოცულობდა თექვსმეტი მესენაკე ერთად რომ ვერ ილოცებს და თუ სწორად ლოცულობდა ანგელოზო, მაშინ მითხარი, რა უნდა ახლა კედელთან, ა?

 

პირადად მე ვერაფრით დამიდგენია რა აიძულებს ქალებს უღალატონ საკუთარ ქმრებს. თურმე ამ საკითხის გამოკვლევაში იმდენმა ფილოსოფოსმა და ფსიქოლოგმა წაიმტვრია კისერი, რამდენი, მაგალითად ქვა აღარ იქნება ჩინეთის დიდ კედელსა და მით უფრო ხეოფსის პირამიდაში. სწორედ ამიტომ არ ვაპირებ მაღალფარდოვანი აზრების გადმოლაგებას, რადგან სიბრიყვე ყველა ჩვენთაგანს საგულდაგულოდ დარაჯობს. თან ცოტა მეშინია, მეც არ წამომაძახოს ვინმემ, რად ფილოსოფოსობს განუწყვეტლივ, ფილოსოფოსისა არა სცხია რაო. არადა კიდევ ერთი CONTINUE – და ყველა ერთად ვნახავთ როგორ გაიწაფა ნანა ქმრისგან მალულად აქეთ-იქით ძრომიალში.

 

როგორ და ისე, რომ ამ საქმეში ბადალი ძნელად გამოეძებნება. ეხლა არ მითხრა ანგელოზო რომ ეს ჩემი ინტროსპექტიული ხილვებია, განა ერთად არ ვხედავდით ნანას ვიღაც მამაკაცთან ერთად, თანაც ყოველ შაბათ დღეს? რას ნიშნავს რა ჩემი საქმეა? მართლაც არაფერს ნიშნავს, ნანას რომ არ ვუყვარდე. ვიცი, ვიცი რომ შაბათი შეიქმნა ადამიანისთვის და არა პირიქით, მაგრამ ეს რა ალიბია? ისიც ვიცი, და სრულიად გეთანხმები რომ ცოლ-ქმრულ სიყვარულს ვერავითარი პირადი მოსაზრებები ვერ გაანელებს. მაგრამ ჩვენ სიყვარულზე ვლაპარაკობთ, სიყვარული კი კონკრეტული ქმედებების გარეშე ცარიელი სიტყვაა, არადა სიტყვა სხვაა და საქმე სხვა, შუაში უდევს დიდი მზღვარი.

 

მოკლედ, ეს იმგვარი გამოცანაა, დელფოს სამისნოსაც კი არ დასიზმრებია. ცარიელი სიზმარი კი რაში გარგია, გინდა კედელს ახალე თავი და გინდა წყალი დანაყე, არაფერი გამოვა. ერთი სიზმარა ვიცი სიზმრებიდან რაღაც ხეირი რომ ნახა, მაგრამ ეხლა იმის ძვლებიც აღარ იქნება. ეგეც არ იყოს, აღარაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო აღარ არის და აღარც არასოდეს იქნება.

 

და ვინც არ უნდა დამწამოს რომ წერა არ ვიცი და მხოლოდ ჰიპერბოლებს, ამპლიფიკაციას და ალიტერაციულ ხერხებს ვიყენებ, მე მაინც გავჯიუტდები და ვიტყვი რომ ყველაფერი მხოლოდ განმეორებადი ნიშნების ბრალია.

 

9

 

არსებობს სახლები სადაც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისათვის თავზარდამცემი ცხოვრება ტრიალებს, მაგრამ მერწმუნე ნანას ქმარი უკვე ყველაფერს ხვდება და იმასაც ხედავს როგორ ენგრევა თავზე ოჯახი. მანამდე კი აი რა იყო: მის სახელსა და გვარზე, წარმომავლობასა და მგვარ წვრილმანებზე ლაყბობით თავს არ შეგაწყენ, გეტყვი მხოლოდ რომ ერთ ალალ, უეშმაკო, ოდნავ გონებაჩლუნგ, მაგრამ ძალიან კეთილ ყმაწვილად ითვლებოდა საახლობლოში. მართალია სხვა ქალებისაკენ იხედებოდა, მაგრამ მისმა მარცხენამ არასოდეს იცოდა რას აკეთებდა მისივე მარჯვენა, არასოდეს მოიმოქმედებდა სიკეთეს სხვის დასანახად, როგორც უნდოდა რომ სხვები მოქცეოდნენ თავადაც ისევე ექცეოდა სხვებს, ხეს ნაყოფით შეიცნობდა და თუ მისი ძმა შესცოდავდა შეეძლო მისულიყო და ემხილებინა იგი. (არ შეცდე ანგელოზო და სიტყვა მხილება ჩაშვებაში არ აურიო) ინტერნეტი და უცხო ენები არ იცოდა მაგრამ გული ჰქონდა ბაჯაღლო. თუ არ ვცდები მძღოლი იყო... ცისტერნის თუ სამხიდიანი ურალის. რა მნიშვნელობა აქვს რითი შოულობდა, მთავარია რომ მთელი ხელფასი შინ მიჰქონდა ყოველგვარი ანგარების გარეშე.

 

ანგარება კი განა რა უნდა ყოფილიყო – გემრიელი ვახშამი ღამით და ლამაზი ცოლის მკლავები შუაღამისას. განა ეს ბევრია? ერთი წვინტლიანი შვილი ჰყავდა და ქვეყნის ბალღაუჭობას ერჩია. არც «სნიკერსებს» აკლებდა და ახალი SONY-2-ც კი უყიდა თავისივე ჯოისტიკებიანად. გული არ გეთუთქება? მაგრამ ნანა ასე არ ფიქრობდა, მას როგორც უკვე ვიცით აქეთ-იქით ძრომიალი იზიდავდა. რაღაც ხომ უნდა მოეფიქრებინა, ადგა და ვითომ რელიგიაში გადაეშვა თავით. შაბათის წირვაზე სიარულს იმიზეზებდა, ქმარს ეჩხუბებოდა რატო ეკლესიურად არ ცხოვრობო, თვალთმაქცობის დასაფარავად შინ საღვთოო წიგნები მიზიდა და ქმარს ხმამაღლა აკითხებდა ფსალმუნებსა და იოანეს გამოცხადებას. მაგრამ არ გეგონოს რომ ნანას ქმარი რაიმე სახის დისკომფორტს განიცდიდა.

 

მეტიც, თავს ბედნიერ ადამიანად მიიჩნევდა. ბედნიერებაზე კი მეტისმეტად უცნაური, თუმც შეიძლება ითქვას რომ მაინც საკუთარი შეხედულება გააჩნდა. მისი და ნანას ურთიერთობაში რაღაც იდუმალი და თავისთავადნაგულისხმები ურთიერთთანხმობა იგრძნობოდა. და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ მოსახდენი არ მოხდა.

 

10

 

ბედნიერნი არიან ვინც უკვე შეთანხმდნენ რომ მშვენივრად ესმით ერთმანეთის. მე და ანგელოზი კი ჯერ არაფერზე შევთანხმებულვართ. მხოლოდ ის ვიცი რომ იგი სრულიად გაუჩინარდა, მე კი ამ გაუჩინარებით სასოწარკვეთილი ვცდილობდი შელოცვათა საკუთარი სისტემა გამომეგონებინა, რომელიც რათქმაუნდა უნივერსალური თვისებების იქნებოდა და რომლის საშუალებითაც ერთი და იგივე მდინარეში ორჯერ ან მეტჯერ შესვლა და საერთოდ შეუძლებელი გახდებოდა შესაძლებელი. სანამ მე ვფიქრობდი სივრცე საკუთარი უსასრულობით ტკბებოდა, დრო კი აბსოლიტურიდან ფარდობით სიდიდედ გადაკეთეს, რომ აღარაფერი ეთქვათ მილიონობით გამოვლენილ შემთხვევით ელემენტებზე, რომლებიც არანაირ კავშირში არ არიან საქმის არსთან.

 

გვიანღა მივხვდი რომ მხოლოდ ღმერთია ერთი შემძლებელი უსაზღვრობისა, მე კი ყველაფერს ადამიანურის ფარგლებში მოვითხოვდი, უფრო სწორად კი ყველაფერი ადამიანური მაკმაყოფილებდა. ვიცი, დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ სულაც არ ვფიქრობ რომ სულიეი ხსნა მაინცდამაინც გაუთავებელ თვითგვემასა და ტანჯვაში უნდა ვეძიო. ამ საქმისათვის ხომ ყოველთვის გამოინახება პროფესიონალი ხალხი. მე კი გამომდინარე იქიდან რომ წინასწარ ვგრძნობ სიკვდილის გარდაუვალობას, გადავწყვიტე დავტკბე ყველაფრით, რაზედაც ხელი და სხეულის სხვა ნაწილები მიმიწვდება. რაც შეეხება შელოცვათა სისტემას, იგი დამუშავების სტადიაშია და მგონი სულ იქ დარჩება. მოკლედ, ჩემი ამოცანა იყო ხაფანგში მომემწყვდია შეუცნობელი. მაგრამ მოგვიანებით ამგვარი აკვიატება საბოლოოდ უარვყავი და დამეფიცება რომ ეს უარყოფა უფრო ძალთა მოჭარბებით იყო განყპირობებული ვიდრე უსუსურობით.

 

სწორედ ამიტომ, ერთ მშვენიერ დღეს (მგონი უფრო შუაღამისას) მივედი დასკვნამდე, რომ ნანას და მისი ქმრის მორიგი თავგადასავალი აღარ მაინტერესებს და უფრო უხეშად თუ ვიტყვი ერთ ადგილას მეკიდა.

 

ჩემი ნება არ არის? როგორც შემოვიყვანე, ისე გავიყვან თხრობიდან თავის ქმრიანად და ფსალმუნებიანად.

 

ჩემსავე მოგონილი ისტორიებისათვის სხვა არავითარ დასასრულს არ ვცნობ გარდა სიკვდილისა. და განა არსებობს კი სხვა დასასრული? ცოტა ვიფიქრე და ყველაზე ბანალური სიკვდილი მოვიფიქრე. ახლადნაჟიმავები ნანა დგას ქუჩაში, წვიმს, მას კი ხელში რაღათქმაუნდა ქოლგა და რომელიმე საეკლესიო წიგნი უჭირავს. მან უკვე დაურეკავს ქმარს, ამა და ამ ადგილას გელოდებიო. ქმარი რათქმაუნდა აუცილებლად მოიცლის და სულ ცოტა ხანში მოვა თავისი ცისტერნით თუ ურალით. ჩასვამს ნანას და ბევრს თვლიან თუ ცოტას სადღაც გადაიჩეხებიან.

 

GAME OVER ... არადა არც ისეთი გულქვა ვარ, ანგელოზო, შენ რომ გგონია, განა დამავიწყდა წვინტლიანი პატარა? იმას ბებია გაზრდის, ენაცვალოს ბებო! აი, ასეთი ფინალი უკვე რაღაცას დაემსგავსა, თანაც, ეგც ხომ ერთ რამედ ღირს, მეც ხომ დავისვენებ, ანგელოზიც და საერთოდ, მთელი ამ ისტორიიდან დარჩება ერთი მთავარი (ამ სიტყვას ყველაზე არაგენიტალიური გაგებით) ორი კვერცხის გარეშე.

 

 

11 

 

ასე რომ, მიმდინარე წლის აგვისტო სავსე აღმოჩნდა იმგვარი დაბრკოლებებით, რომელთა გადალახვაც არ ხერხდება თვით ამ დაბრკოლებათა ბუნების გამო. მათი ჩამოთვლა შორს წამიყვანს, ეს არცაა საჭირო, დაკვირვებული თვალი (ისეთი როგორც შენ გაქვს ანგელოზო) ადვილად შენიშნავდა მათ თანმიმდევრულობას, და ამიტომ აღარაფერს გავიმეორებ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ პრობლემათა დასაძლევად უნდა დადგინდეს მათი წარმოშობის პირველმიზეზები. მე კი ვერასოდეს მოვიცალე ამგვარი სიღრმისეული ანალიზისთვის. ცხადია შემიძლია რაღაცაში შენც დაგადანაშაულო, ასე ვთქვათ ირიბად მაინც, მაგრამ ამას არასოდეს გავაკეთებ.

 

იმიტომ რომ შენ შენი სამყარო გაქვს, რომელშიც ცხოვრობ და რაღაცნაირად ამართლებ ამ არსებობას, ანუ მიგაჩნია რომ სწორედ ამგვარად ცხოვრობდეს ადამიანიდა არა სხვანაირად. ჩვენში დარჩეს და მეც ხომ სწორედ ასე ვფიქრობ, შესაძლოა სწორედ ამიტომ გვესმის ასე კარგად ერთმანეთის. მაგრამ, გვესმის კი? აი როგორ რთულდება ყველაზე იოლი კითხვებიც კი, როდესაც კარგად დაუკვირდები.

 

ახლა სწორედ კარგად დაკვირვების შედეგად აღმოაჩინეს რომ კვიცი გვარზე ხტის, რომ აქლემისთვის უფრო იოლია ნემსის ყუნწში გაძვრომა ვიდრე მდიდრისთვის ცათა სასუფეველში შესვლა, რომ სპერმას სოკოს სუნი აქვს, რომ არ არსებობს არავითარი საიმედო თავდაცვა სიკვდილისაგან, რომ სადაც ლეშია ორბებიც იქ გროვდებიან, რომ გიჟი სულაც არ არის თავისუფალი, რომ ტანჯვას საკუთარი გეომეტრია გააჩნია, რომ ბოლომდე მომთმენი გადარჩება, რომ ფოსტალიონი ორჯერ აკაკუნებს, რომ თუ არ არის ის ვინც გიყვარს – გიყვარს ის ვინც არის, რომ კეთილს ბოროტი ძალიან ხშირად სძლევს, რომ ჭეშმარიტება სწორედ ისეთი შეცდომაა რომლის უარყოფაც ადამიანს არ შეუძლია, რომ დრო ყველაფრის მკურნალია, რომ ჩვენს თავზე თმებიც კი დათვლილია, რომ ყველაზე იოლი კითხვებიც კი ძალიან რთულდება როცა კარგად დაუკვირდები.

 

12

 

სხვა გზა აღარაა, საკუთარ თავში მიძინებული სპირიტუალური ძალები უნდა გამოვაღვიძო და მედიუმად ვიქცე. ბავშვობაში თეფში ხომ დაგიტრიალებია ანგელოზებო? დარწმუნებული ვარ რომ სწორედ ასე იქნებოდა. ჩვენ კი ამის გაკეთებას უფროსები გვიშლიდნენ რელიგიური მოსაზრებებით, ხან კიდე ამ სეანსებთან დაკავშირებულ საფრთხეს შეგვახსენებდნენ, რადგან ლეგენდები დადიოდა, თუ როგორ ჩაკეტა ერთმა გადაჭარბებულად პატივმოყვარე სულმა იმ ოთახის ყველა კარი და ფანჯარა, რომელშიც სეანსის უშუალო მონაწილეები იმყოფებოდნენ. ხოლო ლეგენდის მეორე ნაწილი ამტკიცებდა, ამ ოთახში სპეციალურად დამონტაჟებულმა კამერამ – რომელსაც ალბათ სულის გადაადგილების გრაფიკი თუ უნდა დაედგინა – ისიც კი აღბეჭდა თუ როგორ უგზოუკვლოდ გააქრო იმავე სულმა ოთახში მყოფი ადამინებიო. რასაკვირველია, ლეგენდამ მრავალგვარ ჭორ-მონაჩმახს დაუდო საფუძველი.

 

ადამიანთა ერთ ნაწილს სულების არ სჯეროდა და გამომდინარე აქედან არც ამ ამბის ნამდვილობას ცნობდა, ხოლო მეორენი ამბობდნენ სულთან ხუმრობა არ შეიძლებაო. მერედა ვინ ხუმრობს? იმასაც ამბობდნენ სული ასე იმიტომ მოიქცა, რომ სიკვდილამდე ერთი ყიამყრალი და უსაქმური კაცის სხეულში იყო, და არც სულად ყოფნის დროს გამოირჩეოდა დიდი თავაზიანობითა და სიცოცხლისუნარიანობითო. თურმე ნუ იტყვი და ძალიან გაბრაზებულა, როგორ გამიბედეს ამ ლაწირაკებმა გაღვიძება და გამოძახებაო. არადა ვის გაუგია სულს ეძინოს? სული სულ უნდა ფხიზლობდეს ანგელოზო – ეს ჩემი ურყევი რწმენაა! მოკლედ, ლეგენდები მრავალგვარი იყო, არის და იქნება. მაგრამ მე ლეგენდები აზრს ვერ შემაცვლევინებენ. საფრთხის კი მხოლოდ მაშინ მეშინია როცა მინდა რომ მეშინოდეს. თეფშებს სახლში და სულებს ცაში რა გამოლევს! ასე რომ გადაწყვეტილება მიღებულია და ამიერიდან მხოლოდ მისი განვითარების გზებზე უნდა ვიფიქრო.

 

ვიცი აუცილებლად მკითხავ – კი მაგრამ რაში გჭირდება ეგ სპირიტუალური ძალებიო.

 

მოკლედ აგიხსნი: თავს ზემოთ ძალა აღარ არის. თავში უამრავი კითხვა მომიმწიფდა რომელთაც პასუხებს ვეღარ ვუძებნი და საბოლოვო ჯამში მხოლოდ რომელიმე კეთილშობილი სულის იმედზეღა ვრჩები, რომელსაც გაღვიძება და გიქრი არ დამეზარება. სულთა მეუფეო, სულთა მეუფეო... ერთი იმის თუ მრცხვენია რომ არამიწიერი ძალებისადმი ჩემი ძლიერი ლტოლვა ძალზე მერკანტილური მიზნებით აიხსნება. ისეთი პირადული კითხვები მაქვს, მგონი ჩემდამი ყველაზე კეთილგანწყობილ სულსაც კი პირდაპირ მიზანთროპი ვეგონები. შესაძლოა ვარ კიდეც, რადგან ეგოცენტრიზმით შეპყრობილიც გავხდი და საერთოდ, უკვე ვერავის და ვერაფერს ვამჩნევ საკუთარი თავის და ანგელოზის გარდა. მაგრამ მგონი ტყუილი გამომივიდა...

 

სულ ბოლოს როდის შევამჩნიე ანგელოზი აღარც კი მახსოვს. ხო აი, ვეღარ ვიხსენებ!

 

13

 

არ ვიცი რანაირად განვითარდებოდა ამ მოთხრობის შემდგომი ბედი, და ალბათ ვერც ვერავინ იტყოდა დაბეჯითებით, გინდა თუ არა აღარ გაგრძელდებოდა – და ზუსტად მეთორმეტე თავით დამთავრდებოდაო, რომ არა ცოტაოდენი მისტიკა და ისევ ეს განმეორებადი ნიშნები. ახლა არ იფიქრო რომ სახლი მაინცდამაინც ფენ-შუის მეთოდით მაქვს მოწყობილი, დღე – და ღამე მისტიკურ ნაწერებში ვიქექები ან კრიპტოგრამების ამოცნობაზე ვაჭყლეტ ტვინს, მაგრამ რაღაც უცნაურ დამთხვევებს კი ვხედავ ჩემს გარშემო. აშკარაა რომ – როგორც ამბობენ ხოლმე მარშუტკის მძღოლები – რაღაცა არსებობს! არ ვიცი რა არის ეს რაღაცა, ატმანია თუ დაო, კოსმიური გონი თუ კიდე რამე სხვა, და ვერც ის გამიგია რასუნდა მივაწერო ეს საეჭვო დამთხვევები. თავად განსაჯე – ისე მოხდა რომ პირველი თორმეტი თავი (ანუ ის, რაც აქამდე დამიწერია) ორ სხვადასხვა ადამიანს წავაკითხე, სხვადასხვა დროს და ადგილას (მეტიც, არც კი იცნობენ ერთმანეთს) წაკითხვის შემდეგ კი ორივემ ერთი და იგივე ფრაზა წამოიძახა: ეს რა არის, ამას ხომ მეც დავწერდიო! განა ადვილია ამ იდუმალებაში წვდომა? რამე კი არ მწყენია, ამ ნაწერზე მაღალი აზრიც არც მე ვარ, მაგრამ რით ავხსნათ ეს დამთხვევა? ან თუნდაც სიკვდილიანობა ავიღოთ.

 

არ შეგიმჩნევია ანგელოზო როდესაც უბანში ერთი მოკვდება, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიანო, სხვებიც რომ პანტაპუნტით მოჰყვებიან კვალში? აი, ამ ცოტა ხნის უკან ჩემი მეზობელი ქალი გარდაიცვალა. ეს ქალი კოჭლი, ხნიერი, ანჩხლი, ცოტათი ბრმა, ძუნწი და საერთოდ, ყველანაირი ადამიანური უბედურების თავშეყრის ადგილი იყო, მაგრამ მე მაინც შემეცოდა.

 

ეგეც არ იყოს, მიცვალებულებზე ხომ ცუდს არ ლაპარაკობენ... ხოდა ახლა ვზივარ და ველოდები ვისი რიგია. შიშით ნაღდად არ მეშინია, ასაკი არ მიწყობს ხელს ჯერჯერობით, თუმცა ვინ იცის... სწორედ ამიტომ, მტრების ჯინაზე გადავწყვიტე რომ არ გავჩერდე და სათქმელი ბოლომდე მივიყვანო. და თუ შენი სიყვარულიც გამინათებს გზას ანგელოზო, გპირდები რომ ამ საქმიდან რაღაც ნორმალური გამოვა.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / კევლიშვილი ზაზა / Northern Lights