კევლიშვილი ზაზა 

 

მრგვალი სამკუთხედი (მისტიფიკაცია)

 

 

 

მოქმედი პირნი:

 

1.   ქერა ქალი (ყოფილი უსაქმური ტანტრა იოგას მიმდევარი)

 

2.   შავი ქალი (ყოფილი მწერალი)

 

3.   მამაკაცი (ყოფილი მეცნიერი)

 

4.   სტუმარი (მდედრობითი სქესის)

 

 

 

(მოქმედება ხდება წრეში, რომელიც ტექნიკურად შეიძლება გამოისახოს განათებით. დრო განუსაზღვრელი.

 

მოქმედების ადგილი – საიქიო. ეს ხომ მისტიფიკაციაა).

 

 

 

I მოქმედება

 

 ქერა ქალი:   ოოო დიდო ტილოპა, მაჰამუდრა, ასანა, მულანთჰარა ჩაკრა, აუუუმ... ჩემი ცოდვების შესახებ მინდა ჩაგაბარო ანგარიში... სიყვარულს ვეძებდი, ვეძებდი იდეალურ მამაკაცს... გარეთ, თუმცაღა გადასარევად ვიცი, რომ არ არსებობს არავითარი საიმედო თავდაცვა სიკვდილისაგან და არც სიყვარული არსებობს...

 

            თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანი საკუარ თავში გავაერთიანე და თავად ვარ ჰოროსკოპი, საკუთარ სხეულში შევაზავე სისხლი, ლორწო, ყვითელი ნაღველი და შავი ნაღველი. მე რვა დღე მაქვს კვირაში და დღეში ოცდახუთი საათი. ჩემში სიკეთე და ბოროტება სიმბიოზურად თანაარსებობენ.

 

ადგილი ორივეს ეყოფა საფრთხის კი მხოლოდ მაშინ მეშინია, როცა მინდა რომ მეშინოდეს. ოოო, ფოკერმა შენი იპოსტაზები მჭირდება... დამეხმარები? ხედავ ყველაზე იოლი კითხვებიც როგორ რთულდება როცა კარგად დაუკვირდები... მაჰამუდრა გელოდები... მე შენ ყველაფერი გითხარი, გითხარი იმაზე მეტიც კი რაც ვიცი.

 

შავი ქალი:   რას შვრები ტექსტს იხსენებ? როგორც ჩანს ცოდვები აღარ გასვენებს.

 

ქერა ქალი:   რა გინდა ჩემგან, არ დამანებებ თავს ბოლოსდაბოლოს?

 

შავი ქალი:   რაო ანგელოზო ხომ არ შეგეშინდა, აკი ანგელოზებს არაფრის ეშინიათო.

 

 ქერა ქალი:   მე არც არასდროს მითქვამს რომ ანგელოზი ვარ, შენ ამბობ.

 

 შავი ქალი:   უნდა ვითამაშოთ.

 

ქერა ქალი:   არა, არ მინდა თამაში, არაფერი არ მინდა ერთი რამის გარდა, გთხოვ თავი დამანებე.

 

 შავი ქალი:   ეგ თამაშის პირობაა? პირობებს მე გთავაზობ.

 

ქერა ქალი:   არა, აკი გითხარი არაფრის თამაში არ მინდა... წავალ.

 

 შავი ქალი:   არა, ჯერ ვერსად ვერ წახვალ.

 

 ქერა ქალი:   გითხარი თავი დამანებე მეთქი.

 

შავი ქალი:   თავი დაგანებო? რა უტვინო ხარ, მე რომც დაგანებო თავი თვითონ დამიწყებ ძებნას და აქეთ შემეხვეწები.

 

 ქერა ქალი:   არა, არაფერსაც არ შეგეხვეწები, ტყუილად გგონია რომ ძებნას დაგიწყებ... მე წავალ...

 

შავი ქალი:   გითხარი ვერ წახვალ მეთქი, ჯერ უნდა ვითამაშოთ.

 

 ქერა ქალი:   კარგი ხო, მითხარი რა უნდა ვითამაშოთ და როგორ.

 

 შავი ქალი:   ჩემი სურვილები უნდა შასრულო.

 

ქერა ქალი:   რა სურვილები? როგორ? ან რატომ უნდა შევასრულო?

 

 შავი ქალი:   რატომ? რა სითავხედეა, იმიტომ რომ ვალი გაქვს ჩემი.

 

 ქერა ქალი:   რა ვალი?

 

 შავი ქალი:   რა ვალი! თავს ნუ იკატუნებ, სიცოცხლე გმართებს ჩემი.

 

 ქერა ქალი:   მე შენ არ მომიკვლიხარ ეგ შენც კარგად იცი, მაგიდას ჩამოარტყი თავი.

 

 შავი ქალი:   ანუ შენ გინდა თქვა რომ მე ვიგონებ? აბა ის რა იყო წეღან რო ამბობდი მკვლელის სახელი დავტოვეო.

 

 ქერა ქალი:   მე ეგრე არ მითქვამს.

 

 შავი ქალი:   სიტყვებზე ნუ მეკიდები და მოკეტე საერთოდ.

 

ქერა ქალი:   შენ...

 

მისმენდი?

 

 შავი ქალი:   აქ ყველაფერი ისმის.

 

 

ქერა ქალი:   ცუდად ვარ გთხოვ, ძალიან გთხოვ დამანებე თავი.

 

 შავი ქალი:   დაიჩოქე!

 

 ქერა ქალი:   რა თქვი?

 

 შავი ქალი:  დაიჩოქე მეთქი.

 

ქერა ქალი:   გამორიცხულია მაგას არ ვიზავ.

 

 შავი ქალი:   რატომ? თავმოყვარეობამ გაიღვიძა შენში?

 

ქერა ქალი:   არც არასდროს სძინებია სიმართლე თუ გინდა.

 

 შავი ქალი:   სიამოვნებით მიგახრჩობდი, როგორც შენ მიმახრჩვე ერთხელ, მაგრამ ამით შენ დაგემსგავსები და ამის გაფიქრებაზეც კი გული მერევა.

 

ქერა ქალი:   შენ არაფერი გამოგასწორებს.

 

 შავი ქალი:   ოოო, ეს კი არ უნდა გეთქვა, აი ეხლა კი ჩუუ, ეხლა ჩემი ლაპარაკის ჯერია.

 

ქერა ქალი:   კი შემოგევლე. ილაპარაკე რამდენიც გინდა.

 

 მამაკაცი:       რა ხდება ხოცავთ ერთმანეთს?

 

 ქერა ქალი:   მემუქრება.

 

 მამაკაცი:       მემუქრებაო. რატომ ემუქრები.

 

 შავი ქალი:   მხოლოდ დაჩოქება ვთხოვე და არ დაიჩოქა.

 

 მამაკაცი:       მხოლოდ დაჩოქება ვთხოვეო, მერე?

 

ქერა ქალი:   მე უარი ვუთხარი არ შემიძლია.

 

მამაკაცი:       მე უარი ვუთხარიო, რატომ არ შეგიძლია.

 

 ქერა ქალი:   რა გინდათ ჩემგან.

 

 შავი ქალი:   მორჩილება.

 

 მამაკაცი:       რა მორჩილება.

 

შავი ქალი:   შენ ნუ ერევი საქმეში მოღალატე.

 

მამაკაცი:       მოღალატეო, უყურე ეხლა ამას.

 

 ქერა ქალი:   ჩემს გამო ნუ იჩხუბებთ, მე უნამუსო კი არ ვარ მართლა.

 

მამაკაცი:       უნამუსო კი არა ვარო.

 

 შავი ქალი:   არ შეგიძლია არ გაიმეორო ფრაზები? ნერვები მეშლება.

 

 მამაკაცი:       უყურე ამას, ნერვები მეშლებაო, შენ ქალბატონო ძალიან ხომ არ წაიგდე ენა, მელანქოლიკი ჩიტირეკია.

 

 შავი ქალი:   ნუ მეუბნები მაგ სიტყვას, ხომ იცი რომ არ მიყვარს.

 

 ქერა ქალი:   ოჰო, არ უყვარს, შენ არავინ და არაფერი არ გიყვარს საკუთარი თავის გარდა, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ საკუთარი თავის სიყვარული მაინც შეეძლოს ცირკის მასხარას.

 

შავი ქალი:   შეურაცხყოფას მაყენებ.

 

 მამაკაცი:       გაჩუმდით, ყელში ამომივიდა თქვენი კინკლაობა, მთელი ცხოვრება ერთმანეთს ჭამთ და აქაც არ ისვენებთ? აქ მარტოები კი არ ხართ, ზოგს მოსვენება უნდა, ზოგს უკვე სძინავს.

 

ქერა ქალი:   რეებს ლაპარაკობ.

 

 შავი ქალი:   შენი საქმე არ არის, ეხლაც კი ვერ მომინელებია რომ არ დაიჩოქე.

 

 ქერა ქალი:   არ გეცოდები? მე ხომ უნებისყოფო ქალი ვარ, საცოდავი, წარუმატებელი და ზნედაცემული.

 

მე არ ვიგონებ, ეგ სიტყვები მანამდე მითხარი სანამ ყელში გწვდებოდი.

 

 შავი ქალი:   ყელში არა, ჯერ თმებში მწვდი.

 

 ქერა ქალი:   რა მნიშვნელობა აქვს თანაც ყველაფერს აფექტში ვაკეთებდი საბრალდებო დასკვნაშიც ასე წერია იმიტომ მომისაჯეს მხოლოდ 11 წელი.

 

შავი ქალი:   თერთმეტი ათასი წელიც რომ იყო ჯოჯოხეთში მაინც ვერ ჩამოიწმენდ შენს ცოდვებს.

 

 ქერა ქალი:   ვითომ რატომ, ერთი ხორცმეტი რომ მოვაცილე დედამიწას?

 

 შავი ქალი: შენი უტვინო ქმარი იმათ მოსყიდვას ცდილობდა რადგან ეგონა რომ ხალხში თავი მოეჭრებოდა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვა ერჩია ცოლი ციხის მაგივრად სახლში ყოლოდა მიუხედავად იმისა, რომ მოღალატე იყო – მაინც არაფერი გეშველა.

 

მამაკაცი:    გაჩუმდი ერთი, შენ ღალატზე როგორ იღებ ხმას.

 

 შავი ქალი: როგორ მიყვარდი საზიზღარო, როგორ მიყვარდი! შენს მზეს ვფიცულობდი, მთელი ღამე ვფიცულობდი შენზე – ღმერთს მხოლოდ იმას ვთხოვდი, რომ ჩემი ერთგული ყოფილიყავი, შენ კი აი რა გამიკეთე, ამ მათხოვარზე გამცვალე.

 

მამაკაცი:       მე მაინც მგონია რომ ამაზე ლაპარაკს აზრი არა აქვს.

 

შავი ქალი:   რას ნიშნავს აზრი არა აქვს.

 

 ქერა ქალი:   ჩემთვისაც არა აქვს აზრი.

 

შავი ქალი:   შენ უბრალოდ გამოძრომას ცდილობ.

 

მამაკაცი:       თუ ძალიან გამაბრაზებ, ამას მოვიყვან ცოლად, იმიტომ რომ შენ ქვრივი ხარ უკვე, სხვათაშორის მეც, ამას კი ქმარი აღარ ჰყავს – მე შენთან ვაცილებული ვარ, ეს შეიძლება მთლად სწორი ნათქვამი არ არის, მაგრამ ერთად ხომ აღარ ვცხოვრობთ, თან აქ იურისპრუდენცია არავის აინტერესებს, კანონგარეშე ჩვენ ქორწინებას ვერ გამოაცხადებენ როგორც ამას დედაშენი აკეთებდა ჩვენს ჯვრისწერამდე.

 

ქერა ქალი:   მართლა? რატომ?

 

 მამაკაცი:       რა ვიცი, არ ვუყვარდი. ეგ რა გასაკვირია, რომელ სიდედრს უყვარს თავისი სიძე, მე პრაქტიკაში ეგეთი რამ არც შემხვედრია, მაგრამ მამათმავლობის დაბრალება უკვე ნამეტანი იყო.

 

 ქერა ქალი:   ანუ პიდარასტობის?

 

მამაკაცი:       კი, თანამედროვე ენაზე. ამას ვითმენდი, ძალიან დიდხანს ვითმენდი, მაგრამ მერე ვუკბინე.

 

შავი ქალი: და კარგადაც მოგხვდა მამაჩემისგან!

 

 მამაკაცი:   მახსოვს, მამაშენს რა დამავიწყებს, ისე ძალიან ძლიერად კი მომხვდა.

 

 ქერა ქალი:  ძლიერი იყო?

 

მამაკაცი: უფრო მეტად პრინციპული ეთქმოდა, პრინციპების გულისთვის ღვიძლი დედისგან კატლეტს ისე გააკეთებდა, თვალს არ დაახამხამებდა.

 

 შავი ქალი: გაჩუმდი აბა რას ბოდავ. მამაჩემს შენთვის 2-ჯერ 3-ჯერ თუ წამოურტყამს, ისიც ღირსი იყავი.

 

ქერა ქალი: მერე შენ ამას ითმენდი?

 

 მამაკაცი: მეტი რა გზა მქონდა, ასაკოვან კაცზე ხომ არ ავწევდი ხელს.

 

ქერა ქალი: მე წავალ სანამ დახოცავთ ერთმანეთს.

 

შავი ქალი:   გითხარი ვერ წახვალ მეთქი, ჯერ უნდა ვითამაშოთ.

 

 მამაკაცი: რას აიჩემე ეს თამაში, ადრე არასოდეს გამიგია შენგან რომ თამაში გიყვარდა.

ჯოკერს თუ არ ჩავთვლით, თანაც სულ ბოლო ადგილზე გადიოდი თუ სწორედ მახსოვს.

 

 შავი ქალი: სულაც არა ვარ ხუმრობის ხასიათზე. შენ კიდე საერთოდ გაჩუმდი, ნუ მელაპარაკები, იმიტომ რომ ძალიან მატკინე გული, ჩემი სიყვარული ფეხქვეშ გათელე. აი ამ ქვეშაფსიაზე გამცვალე.

 

 ქერა ქალი:   შენ თუ გგონია ჩემამდე და ჩემს მერე ქალები არ ჰყავდა ძალიან ცდები, ჯერ მარტო ხუთი მე ვიცი.

 

 მამაკაცი:  შენ არ გყავდა ჩემამდე არავინ?

 

 ქერა ქალი:   მე შენგან განსხვავებით არ ვმალავ ამას.

 

 შავი ქალი:   რა თავხედია, ტიპიური ბოზი ხარ.

 

 ქერა ქალი:   რაც გინდათ ის იფიქრეთ ოღონდ გამიშვით აქედან.

 

შავი ქალი:   ღმერთო რა უსუსური ვარ, არაფერი შეიცვალა. სიკვდილს ხსნასავით ველოდებოდი, თუმცა ასეთი შეშლილი, ფატალური სიკვდილი არ მინდოდა, ვფიქრობდი, ვოცნებობდი, თავს არ ვზოგავდი რომ დიდი მსახიობი გამოვსულიყავი, მაგრამ მეტყველება დამიწუნეს. მერე... მწერლობა გადავწყვიტე. მინდოდა ერთ მშვენიერ დღეს წიგნის მაღაზიაში საკუთარი წიგნის ცქერით დავმტკბარიყავი.

 

სათაურიც კი მოფიქრებული მქონდა `(მარადიული სიყვარული)~... ღრმა სიბერეში ვარდისფერ სასთუმალზე, საყვარელი შვილიშვილების გარემოცვაში ლამაზად გაღიმებული დაველოდებოდი სიკვდილს, მერე ყველა გაზეთი დაწერდა – ღრმა სიბერეში გარდაიცვალა მწერალი ქალი. არა, “სახელოვანი მწერალი” ქალი. აი ამან კი კატის კნუტივით მიმახრჩო, ხოლო აი ეს – ვითომც არაფერი მომხდარიყოს, სიყვარულით ანთებული მზერით შეჰყურებს და ელაქუცება.

 

 მამაკაცი:  საერთოდ არ ვუყურებ.

 

 შავი ქალი:   მაგრამ შენ არც მე მიყურებ.

 

 მამაკაცი: გამაგებინე რატომ უნდა გიყურო? სიკვდილამდეც გითხარი რომ არასოდეს მყვარებიხარ.

 

 შავი ქალი:   აბა რატომ მომიყვანე ცოლად?

 

ქერა ქალი:   რაღა დროს ამის გარკვევაა.

 

 შავი ქალი: შენ მოკეტე მეთქი. მითხარი რა არ მოგწონდა ჩემში, რით ვერ დავიმსახურე შენი სიყვარული.

 

 მამაკაცი:  ბევრი მიზეზი არ მაქვს, ერთია და მთავარი... ვერ მაკმაყოფილებდა.

 

 შავი ქალი: რაო? რატომ თავის დროზე არ მითხარი ეს – ეს ეს ეს ბოზი გაკმაყოფილებდა?

 

 მამაკაცი:  არა, მე სიყვარული ვერ მაკმაყოფილებდა.

 

 ქერა ქალი: მე ხომ გაკმაყოფილებდი?

 

 მამაკაცი:  მოეშვი სისულელეების ლაპარაკს.

 

 ქერა ქალი:   შენ რა აზრი შეგეცვალა ჩემზე?

 

 შავი ქალი:   ესე იგი ჩემზე მეტად გაკმაყოფილებდა, აბა ერთი კარგად ამიხსენი რა ხდება.

 

 მამაკაცი: არაფერი არ იგულისხმება მაგის მეტი რაც ვთქვი.

 

შავი ქალი: და მაინც... რატომ?

 

მამაკაცი:  ძირითადი მიზეზი თქვენს შინაგან განსხვავებებში უნდა ვეძებოთ.

 

ქერა ქალი:   ეგ რას ნიშნავს, მე ხომ მაგაზე არასოდეს მელაპარაკებოდი.

 

მამაკაცი: თვალებში უნდა ჩაგეხედა, უნდა გეგრძნო მესამე თვალით, მეექვსე გრძნობით თუ რაღაც ჯანდაბით, როგორმე უნდა გეგრძნო გესმის?

 

 ქერა ქალი:   რა უნდა მეგრძნო?

 

 მამაკაცი: რომ შენში არამატერიალურობა მხიბლავდა ამ დამხრჩვალისგან განსხვავებით.

 

შავი ქალი:   დეგენერატო, მასხრადაც მიგდებ? იმის მაგივრად რომ ბოდიშს მიხდიდე.

 

მამაკაცი:  რატომ უნდა მოგიხადო ბოდიში, ეგეთი ფატალური სიკვდილისთვის? `ვარდისფერ საწოლზე გარდაიცვალა დიდი მწერალი ქალი~. შენი სიკვდილი სასაცილო და შემთხვევითი აღმოჩნდა, იმიტომ რომ თვითონ ხარ სასაცილო და შემთხვევითიც.

 

ქერა ქალი:   და შენ ჩემში არამატერიალურობა გხიბლავდა? იმიტომ რომ ფულს არ გთხოვდი ხოლმე?

 

 მამაკაცი: რაც არ მქონდა რა უნდა გეთხოვა?

 

 შავი ქალი: ჩემს ფულებს ხომ ანიავებდი.

 

მამაკაცი:  ტყუილია, მაგრამ არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ.

 

 ქერა ქალი:   მაშ რას ნიშნავს არამატერიალურობა...

მამაკაცი: არამატერიალური, ანუ ისეთი რამ, რასაც მატერიასთან არა აქვს კავშირი.

 

 შავი ქალი:   მაგას საპალტოე ან საკაბე მატერია ჰგონია, მაინც ვერაფერს გაიგებს.

 

მამაკაცი:   სწორედ ეგ მხიბლავდა მასში. არამატერიალურობა...

 

ქერა ქალი:   არამატერიალურს მატერიასთან თუ არა აქვს კავშირი... აბა მაშ...

 

 მამაკაცი: სწორე შენიშვნაა, ბევრ რამესთან შეიძლება ჰქონდეს კავშირი, მაგალითად გეომეტრიასთან, ჩემი საბოლოვო დასკვნაც ასეთია – არც ერთი თქვენგანი ცენტრალური არ არის.

 

შავი ქალი:   ბოდავს.

 

 ქერა ქალი:   რა საინტერესოა... ეგ როგორღა გავიგოთ?

 

 მამაკაცი:  ცენტრალურები არ ხართ და სხვანაირად არც შეიძლება იყოს რადგან ერთად ხართ განფენილნი დროსა და სივრცეში, მიმართულნი ხართ მესამისადმი, რომელსაც თქვენთან მიმართებაში ცენტრალური პოზიცია უკავია. ეს მესამე მე ვარ. ამდენად, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ერთმანეთი. მე კი ვერავინ ვერ შემცვლით – ჩემთან მიმართებაში თქვენ მარგინალურები ხართ.

 

 შავი ქალი: ეგოისტო ღორო!

 

 მამაკაცი: რაც გინდა ის დამიძახე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, იმიტომაც ხარ მწვანე რომ ბოღმა გახრჩობს!

 

 ქერა ქალი:   მერე ამაში ცუდი რა არის?

 

 მამაკაცი: არაფერი, მართლა არ მაინტერესებს რას დამიძახებთ. ღორი, გოჭი, აფთარი – ცალ ფეხზე მკიდია.

 

 ქერა ქალი:   არა, მაგას არ ვგულისხმობ, რა არის ცუდი იმაში, რომ ვერ შეგცვლით? ასეა კაცი ცენტრალური უნდა იყოს!

 

 მამაკაცი:  ყველას ცენტრში ყოფნა უნდა, ატომის ბუნებაა, ატომისტიკა. თუმცა კარგად არ მახსოვს რატომ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ადრე თუ გვიან ყველა ცენტრში აღმოჩნდება...

 

 შავი ქალი:   გაჩუმდი ღორო!

 

 მამაკაცი:    გითხარი, რაც გინდა ის დამიძახე, ნერვი არ შემიტოკდება მეთქი.

 

შავი ქალი:   ღმერთო, რა იდილიაა – რომეო და ჯულიეტა.

 

 მამაკაცი:  რატომ არ გინდა აღიარო რომ ამან არ დაგახრჩო უბრალოდ ცდილობდა დაეხრჩვე შენ ამ დროს ფეხი აგიცურდა ბანანის ქერქზე და მაგიდის კუთხეს ჩამოარტყი თავი.

 

შავი ქალი: ცინიკოსო ღორო თუ გოჭო თუ რაც გნებავს – არ გიფიქრია რომ შენი სიტყვები – უბრალოდ ცდილობდა დაეხრჩვე დანაშაულის წაქეზებაა.

 

ქერა ქალი:  ღორი ვინ არის ზედ ეტყობა. რა უნდოდა შუა ოთახში მაგიდის ფეხთან ნაჭამი ბანანის ქერქს.

 

 შავი ქალი: შენთვის ადვოკატობა არავის უთხოვია, ეჭვიც არ მეპარება რომ შენ დააგდე ბანანის ქერქი მერე ალიბი რომ გქონოდა. საერთოდ შეჭმული და მოპარული ნივთები შენ დაგაქვს ხოლმე ჩანთით როგორც წესი.

 

 მამაკაცი:  მე უნდა წავიდე.

 

შავი ქალი:   რა?

 

 ქერა ქალი:   რატომ მიდიხარ.

 

 მამაკაცი:  თქვენ არასდროს შეიცვლებით.

 

 ქერა ქალი: და რატომ გინდა რომ შევიცვალოთ. ისევე ვაგრძელებთ ცხოვრებას როგორც ადრე. გვიყვარს, გვძულს, მოკლედ ყველაფერი ნორმის ფარგლებშია.

 

 მამაკაცი:  შენ არ შეგიძლია ამიხსნა რა არის სიყვარული.

 

 შავი ქალი: სამაგიეროდ სიძულვილშია პროფესიონალი.

 

 მამაკაცი:  ტყუილია. ვისაც სიყვარული არ შეუძლია ის ვერც სიძულვილს შეძლებს.

 

 ქერა ქალი: შეუძლია, არ შეუძლია! საიდან აკეთებ ასეთ დასკვნებს. მხოლოდ იმიტომ, რომ რამოდენიმე მამაკაცთან მქონდა რომანი?

 

 შავი ქალი:   თვრამეტი რამოდენიმეა?

 

 ქერა ქალი:   ჯერ ერთი თექვსმეტი იყო. ბლოკნოტში მიწერია ყველას სახელები. და თანაც... მე ვეძებდი... ჩემს შინაგან მამაკაცს ვეძებდი.

 

შავი ქალი: და რა აღმოაჩინე შენს შინაგანში, მამაკაცური სიმბოლო?

 

ქერა ქალი:  შენი საქმე არ არის, შენ რა გაგეგება ტანტრა იოგასი.

 

 შავი ქალი: არ ვიცოდი იოგა დახრჩობისკენ თუ მოუწოდებდა ადამიანებს, მაგრამ შენ ხომ ადამიანიც არ ხარ.

 

ქერა ქალი: ეხლა კი მართლა დაგახრჩობდი სიამოვნებით. ვნანობ რომ აღარ შემიძლია.

 

 მამაკაცი:  არამატერიალურობა.

 

 შავი ქალი: თუ ღმერთი გწამს ტვინი ნუ წაიღე შენი არამატერიალურობითა და გეომეტრიით.

 

წარუმატებელი ადამიანები სიტყვებით მანიპულირებენ, ნამდვილი გენიოსები კი საქმით ამტკიცებენ ვინც არიან, თუთიყუშივით იმეორებ წიგნიდან დაზეპირებულ ფრაზებს.

 

 ქერა ქალი:   სულაც არა, ძალიან განათლებულია.

 

 შავი ქალი:   შენისთანებისთვის ნამდვილად განათლებულია.

 

`მე შენში არამატერიალურობა მხიბლავდა~ და შენც კინაღამ ორგაზმი განიცადე სიამოვნებისაგან.

 

 ხმა კულისებიდან: თავი შეიკავეთ უცენზურო გამოთქმებისაგან. ხმაურობთ? ხმას არ ვიღებთ. გინება უკვე მეტისმეტია.          

 

 მამაკაცი:  აი ხომ გითხარით მარტოები არ ვართ მეთქი.

 

 შავი ქალი: ჯოჯოხეთში ვართ და იმიტომ, დარწმუნებული ვარ სამოთხეში არავის არაფერს უშლიან.

 

 ქერა ქალი: ეგ ჯერ კიდევ საკითხავია უშლიან თუ არა, იმ დღეს ჭორად გავიგე ერთი ინგლისელი მძღოლი მხოლოდ იმიტომ არ შეუშვიათ სამოთხეში რომ მაიმუნის ნაკბენით გარდაიცვალა. წარმოგიდგენია? მთელი ცხოვრება მაიმუნივით იცხოვრო და ბოლოს მაიმუნის ნაკბენით მოკვდე, ტანტრა იოგაში მაგალითად მაიმუნის ნაკბენი ღვთის წყალობაა. მერე..........

 

 შავი ქალი: გაჩუმდით რა, ყურები გამომეჭედა თქვენი სისულელეებით მე მივდივარ.

 

 ქერა ქალი:   ვერ გავიგე აკი დამიჩოქეო?

 

 მამაკაცი:  დავიღალე! ცოტა ხანს სიჩუმე იყოს.

 

 (პირველი მოქმედების დასასრული)

 

 (სიტუაციის და განწყობის ცვლილება რჩება მითითების გარეშე, ასევე მუსიკა და სხვა გამომსახველობითი ფორმები, წინასწარი განსაზღვრის გარეშე).

 

 

 

 

 

1 2 3
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / კევლიშვილი ზაზა / მრგვალი სამკუთხედი (მისტიფიკაცია)