კევლიშვილი ნუგზარ 

 

წერილი თუ სიხარული 

 

 

 

(ბავშვობიდან...)

 

სკოლას ვამთავრებდი და აი, მაშინ ამეკვიატა ის აზრი, რომ წერილი უნდა მიმეღო... ოღონდ ვისგან უნდა ყოფილიყო ის წერილი, ნამდვილად არ ვიცოდი...

...მივიღე ქების სიგელი – ეს «ის» არ იყო...

...მივიღე პიონერთა ბანაკის საგზური – ეს «ის» არ იყო...

...ვიღაც უცნობი გოგონებისგანაც მივიღე წერილები და არც ეს იყო «ის»...

მახსოვს, ერთ მშვენიერ გოგონას მივწერე საკმაოდ გულახდილსურვილებიანი წერილი, რომლის ტექსტიც «ამ საქმეში დიდი გამოცდილების მქონე» მეგობარმა მიკარნახა და საპასუხო ალერსიანი წერილის მაგივრად სკოლის პედსაბჭოსაგან და მამაჩემისაგან «კარგი რამეები» მივიღე...

...წერილი კი არ ჩანდა...

...მერე მივიღე «პავესტკა» ლენინის ქუჩაზე მდებარე მილიციიდან...

...ეს «ის» არ იყო...

...მივიღე «პავესტკა» სამხედრო კომისარიატიდან...

...არც ეს იყო «ის»...

...მერე წავიდა და წავიდა «პავესტკები» და «პავესტკები».

...მრჩევლებიც კარგები მყავდნენ – თუ ხელი არა გაქვს მოწერილი, ფეხებსაც ვერ მოგჭამენო...

მეც უჩინმაჩინის ქუდი დავიხურე თავზე და ჰერი-ჰერი...

...»ისინიც» კარგი ჩიტები იყვნენ და «ჯადოსნური სარკეებიც» ჰქონდათ...

...მახსოვს, სერგო კობლიაშვილმა მაინც ჩამავლო და ვაკის მილიციაში მიმაბუნძულა, ხელში «პავესტკა» ჩამიჭმუჭნა და ვიღაც ღვთისიაშვილთან შემათრია კაბინეტში და ისე გაიხურა კარი, თითქოს დიდი სახელმწიფო დამნაშავე შეიპყრო და მიართვა «მირავოი სუდიას»...

ღვთისიაშვილმა უტყვი მზერით ოდნავ დამთირა, ოდეკოლონით აყროლებული კაბინეტი დატოვა და ორი-სამი წუთის შემდეგ ისევ დაბრუნდა...

...ის «პავესტკა» მაგიდაზე დახვდა დაჭმუჭნილი და ჯერ მისი გასწორება-წესრიგში მოყვანა სცადა უშედეგოდ და მერე მე მომიბრუნდა ზიზღიანი ტუჩებით: ვიცი, ვინც ხარ, ვირიშვილი ხარ და თუ გინდა, კამერაში არ ჩალპე, მითხარი, სადა გაქვს იარაღი დამალული, კიდევ ვინ ატარებს იარაღს და თავს დაგანებებო.

ასეთ უაზრო შეკითხვას ნამდვილად არ ველოდი, ოდნავ გავთამამდი კიდეც: ინაურს, მჟავანაძეს და მგონი, სერგო მამულოვს-მეთქი, გავუბედე... საწერი მაგიდის უჯრიდან რაღაც მძიმე საგანი ჩაბღუჯა უზარმაზარ მუშტში და – ამას ჩაგაზელ მაგ გველივით თავშიო...

ცოტა ხანს კიდევ იჯდა, შემდეგ რკინის სეიფზე შემოდებული განიერფარფლებიანი ველურის შლაპა მოწიწებით აიღო ხელში, შეუბერა და ანდერძივით დამიბარა: სანამ დავბრუნდები, გვარები კარგად გაიხსენეო!..

...კარი გაიხურა...

...ვერაფერი გავიგე – ვერაფერს მივხვდი...

...წყალი მომწყურდა, მაგრამ იმ საშინელი გრაფინიდან, ფანჯრის რაფაზე რომ იდგა, მაინც არ დავლევდი, სულ რომ...

...ჭურჭლიდან წყალი იატაკის კუთხეში დავღვარე და უმწიკვლო გამომეტყველებითა და ხელში გრაფინით «წყლის მოსატანად» გარეთ, კორიდორში გამოვედი... არავინ ჩანდა... შემდეგ სამორიგეოს გავლით გარეთ, ეზოში აღმოვჩნდი და ნაბიჯებსაც თანდათან ავუჩქარე...

...ვერ მივხვდი, რა უნდოდა...

...რამდენიმე წლის მანძილზე ნაბიჯები არ შემინელებია...

...მათი ნაბიჯების ხმა კი ზურგს უკან მესმოდა...

...წერილი და სიხარული არ ჩანდა...

...ანკი სად უნდა მოეწერა ვინმეს?..

...იყო მხოლოდ «ქსივა».

...მაინც ჩაიხედეს «ჯადოსნურ სარკეში»...

...ეგ არაფერი – ახალგაზრდას ხომ მაგარი «რაზგონი» გაქვს აღებული და «ტორმუზები» არ იჭერს...

 

***

...მის ბებიას ერქვა ბებე!..

...ძვალი და ძვალზე გადაკრული ტყავი ხომ გინახავთ?!

...საოცრად კეთილშობილური სახითა და გამომეტყველებით...

...იმერულაქცენტიანი კარგი რუსულით...

...მიამბო, რომ არის მამულაიშვილის ქალი, რომ არის ნოე ჟორდანიას ნათლული, რომ მისი მეუღლე იყო ალექსანდრე ხიმშიაშვილი – შესანიშნავი ვაჟკაცი, ცნობილი მონადირე, რომ მის მეუღლეს კოჯორში აფთიაქი ჰქონდა და ჰყავდა ოცდათორმეტი მონადირე, ოქროსმედალოსანი ძაღლი და მის მეუღლეს ჩოხა-ახალუხის გარდა სხვა სამოსი არ სცმია და რომ ჰყავთ ორი შვილი: კოტიკო და დოდოშკა... რომ კოტიკოს რაღაც შეემთხვა კოჯორში, სახლ-კარი მიატოვეს და თბილისში გადმოსახლდნენ... რომ კოტიკო არის მწერალი და ცოლად ჰყავს ნუნუ...

...რომ კოტიკო... აქეთ-იქით მიმოიხედა და: – სტალინზე დოუწერია რაცხა მოთხრობა ინგლისურად და სადღაც შორს, მგონი, ციმბირში თუ ვარკუტაში ჰყავთ გადასახლებული და ერთმა ქალმა ასე მითხრა, ვნახე გადასახლებაში და მალე გამოუშობენო... რომ მე მის კოტიკოს ვგავდი...

...წლების მანძილზე, როცა ოჯახში კოტიკოს ვინმე ახსენებდა, რაღაცნაირი იდუმალი სიჩუმე, ნაღველი და გაურკვევლობა ჩამოწვებოდა ხოლმე; ხოლო ჩემში რაღაც, სხეულის თუ ფიგურისმაგვარი ამოძრავდებოდა კოტიკოსავით თუ კოტიკო...

...წერილი კი არსად ჩანდა...

 

***

...თბილისში ჯინსები და «ტელნიაშკა» მაგარ მოდაშია...

...მეგობარი მესტუმრა თავის გურულ ახლობლებთან ერთად. ვისაუბრეთ, მოვილხინეთ და წავიდნენ...

...ერთი კვირისა თუ ათი დღის შემდეგ ჩვენს სადარბაზოსთან საფოსტო მოტოროლერი გაჩერდა. ფოსტალიონმა რაღაც შეფუთული საგანი მომიტანა, ბლანკზე ხელი მომაწერინა და წავიდა...

...მაშინ არც ბინ ლადენს ვიცნობდით, არც ციმბირის წყლულის ბაცილებიანი წერილები იყო მოდაში და შეკვრა თამამად გავხსენი...

– «ტელნიაშკა»! «მარსკოი ტელნიაშკა» იდო ამანათში!..

ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა!

...ეს იყო ამანათი, «პასილკა», მაგარი რამე!

წერილი კი არ ჩანდა!..

 

***

 

...მამაჩემი ადვოკატი იყო და ბებეს მონათხრობი კოტიკოს შესახებ დაწვრილებით ვუამბე... დაღონდა... დაფიქრდა, მძიმედ ამოიოხრა და თან: ვიცი, განა არ ვიცი, ეგ ამბავიო... ამათ იმდენი ცოდვა აწევთ, რომ ვერ გაიხარებენო. კარგად ვიცნობ მოსამართლე ვახტანგ ჟვანიას, კარგი იურისტია, ახალგაზრდობაში სამხედრო პროკურორი იყო და მას ეცოდინება, ამ შემთხვევაში როგორ უნდა ვიმოქმედოთო.

...მამაჩემმა, ვახტანგ ჟვანიამ, მე და ჩემმა სიდედრმა მოვითათბირეთ და დაიწყო...

...საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე გახლდათ ბატონი გრიგოლ აბაშიძე, რომელმაც შუამდგომლობითა და განცხადებებით მიმართა «სათანადო ორგანოებს» მოსკოვში...

...ეს უდიდეს რისკთან იყო დაკავშირებული – მარტო კარიერას არ სწირავდა ბატონი გრიგოლ აბაშიძე!..

...სიჩუმე... ჩამიჩუმი არ ისმოდა არსაიდან...

...კარგა ხანი გავიდა – წერილი კი არ ჩანდა...

...დიდი დრო გავიდა – წერილი კი არ ჩანდა...

...ბინის კარი გავაღე, კიბეზე ჩავირბინე და საფოსტო ყუთი გავაღე...

...საერთოდ, ძალზე ბევრი ჟურნალ-გაზეთი გვქონდა გამოწერილი და არც ახლა გამკვირვებია, რომ ყუთში საკმაოდ სქელი დასტა აღმოჩნდა, მაგრამ ეს არ იყო ჟურნალ-გაზეთების დასტა... ეს იყო რაღაცნაირი დიდი და სქელი კონვერტი, სულ სხვაგვარი ფორმისა და ზომის, ფერის და წერილის...

...შევყოვნდი, ხელში გავიჩერე. თითქოს მინდოდა, თითებით შემეგრძნო მისი შინაარსი თუ შიგნეულობა...

არ ვიცი, რა ეწერა ბეჭდური ასოებით კონვერტს – საკავშირო პროკურატურა, კაგებე, ემვედე, ენგებე, ენკავედე, ჩეკა თუ ღვთის რისხვა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს «ის» წერილია!..

სახლში შემოვედი კონვერტით თუ წერილით ხელში და მივეცი...

მახსოვს კოტიკოს დის, დედის და საერთოდ, ყველას სახე და თვალები...

...რომ ბრალდება შეეხებოდა ანტისაბჭოთა შეთქმულებას; რომ კოტე ხიმშიაშვილი იყო ერთ-ერთი თავკაცი ამ დიდი ჯგუფისა, რომელიც დააპატიმრეს და რომ კოტე ხიმშიაშვილი აქვე, თბილისში დახვრიტეს და რომ საქმის ხელახალი გამოძიებით კოტე ხიმშიაშვილი დასახვრეტი არ იყო და რომ...

...რომ... ის რეაბილიტირებულია...

...ჩაქრა ის წარმოსახვითი, ცოცხალი სილუეტი კოტიკოსი და კიდევ რაღაცის, რომელიც მასზე საუბრის დაწყებისას გაცოცხლდებოდა ხოლმე ჩემში...

...რაღაც განადგურდა, მოისპო...

...ჰოდა, გამოუშვებენ ნამდვილად, ასე იქნება ეს... იმ ქალმაც ხომ მითხრა...

ბებეს ხმამ გამომაფხიზლა...

...კოტე ხიმშიაშვილი კი ვეღარ დავინახე – არსად ჩანდა!..

...არც არაფერი მიხაროდა...

...ყელში ბურთივით რაღაც გამეჩხირა, თვალზე ცრემლი მომადგა... მუშტი შევკარი, რომელიც ვიღაც უცნობს მტრულად მოვუღერე!

7 ივნისი, 2005 წელი

P. S. 70-იან წლებში მოდასავით შემოვიდა ოჯახებში საუბრისას ნათქვამი საშინელი სიტყვები: «ღამით მოვიდნენ, კარზე დააბრახუნეს და მამა წაიყვანეს»...

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / კევლიშვილი ნუგზარ / წერილი თუ სიხარული