კვარაცხელია ზვიად

 

Nuda Veritas

 

 

 

მან დანდობილად მიისაკუთრა მძინარისგან გამოღებული ნეკნის ნაწილი და ზედ კანის ფრთხილი ქსოვილი გადააფარა, შეიმოსა ფოთლებით, აიფარა მცივანა ლეღვი, შეჭამა აკრძალული ნაყოფი, იწამა გველი, დაიდო ცოდვა და ოფლის წურვით შეუდგა ახალ ცხოვრებას ტანჯვითი განსაწმენდელისკენ; მისთვის არაფერი იყო უცხო, უცნაური, გაუგონარი. ის, თმაშევერცხლილი, ძვირფას ჩანთას დაათრევდა გზიდან გზამდე ხრდალი თვალის მოლოდინში, დუნდულებს აცუხცუხებდა, მზერას აშტერებდა და საკბილოს ეძებდა. მას არ ჰყავდა დედა. იგი თვითონ იყო საკუთარის მშობელი... დედაა ფოტოზე, სიტყვაც რომ გიღვიძებს სილამაზის შეგრძნებაზე ასახელ თვალებს, დედა, თორმეტი შვილის დედობით ნაგვემი.

რა დარჩა უკან? – ცხოვრების დამცინავი სურათები, ადამიანზე გაურითმავი დრო, მოუსვენრობის ხავსიანი კეტით მოსიარულე უალალმართლო იღბალი... ქვა რომ ქვაა, ისიც დედის სახეს ირეკლავს, მომღიმარ სახეს, აშოლტილ თვალებსა და გაუვალ დარდებს. დედა დარდის სასაფლაოა, დარდი – დედის მუდამ მსტუმარე... დედაა ფოტოზე, თორმეტი შვილის ნაზარდობით სულისძირამდე ნაგვემი დედა. ორნი – მოზრდილები, გვერდში ჰყავს, ხელში ყრმებით. ორი ჭაბუკიც განზე იხედება (ალბათ აღარსაითკენ, როგორც უპოვართა შვილებმა იციან ჭვრეტა თანდაყოლილი მორიდების წარმოსაჩენად), ორიც – გოგო – დედის ფეხებთანაა, დაღლილი. აწმყო დამცინავია, სააქაოს უმოწყალობით გაცრეცილა ქალის ძაძა, წვივებთან გაფხრეწილა, ზაფხულის ხორშაკი ცხელი მზის ნაგულვით აჭერს მდედრის ხორცს, ალურსმავს მაც-ხოვრის სამსჭვალივით.

ქალს ტერფიდან ეგზნება ალი. კოჭები გაბუსხულები იხარშებიან ცხრამთის ხეტიალსა და მათხოვრობაში, ცხრა მგზავრისა და მასპინძლის თითებთან ხოხიალში, ცხრა იმედისა და დაიმედებული ოცნების ძებნად რიალში – “მომე,” “მომეცი,” “მიწილადე...” მოხუცი ქალი წიგნებს ყიდის ხორცის ბაზარში. დახლზე გაზეთილი გაზეთი გადაუფენია, საქონლის სისხლ და განავალ გამოსახული. წელათრეული ზეზიობით აწყობს სქელტანა წიგნებს, აფასოებს თავისი მწირი გონებით – ზოგს უგვანოდ გადაშლის, გადაფურცლავს, გვერდის პირველ სტრიქონს ჩაიკითხავს და კიდეც შეეშვება ამ უთაობასა და ქიანაშ აურზაურში. ეშინია ძველი, ლამაზი დროის გახსენება, ბრმის სათვალესავით გამოშავებული თეთრი ღამეების წარმოდგენა ეშინია, წიგნზე რომ აშრეტდა ოცნებებით სავსე გონებას, რომ შრომობდა, ქედი რომ ჰქონდა დაბუჟებული ტკივილისაგან, ქმარს რომ უღალატა მერე გაუსაძლისობით, ქუჩაში რომ დადგა შვილების სარჩენად, სხეული დააქირავა, თავისი გაბახულობის მოწმე ტრუსები დარეცხა, ისევ ჩაიცვა, ჰაშიშს რომ მოუკიდა და მწუხარებისგან ღრმად დაარტყა ნაფაზი... მამაცი მამაკაცები ჩაივლიდნენ, ჩამოივლიდნენ, ლიზღით დახედავდნენ მოხუც ბებიას, ჩაუფურთხებდნენ სახორცედ გაზეთილ გაზეთზე, წიგნებს წაუბილწავდნენ და გაქრებოდნენ ცოდვით ნარახტი სიტყვის დატოვებით: ”გაცვეთილი”. დატოვებდნენ და გაქრებოდნენ. მათ არავინ ეძებდა, არც არავის ანაღვლებდა ურგები სიტყვის შინაარსი, ყველას თავისა გასჭირვებოდა, ყველა თავისას ურწევდა, “თავისი” გამხდარიყო ადრე “სასხვისოდ” ხმობილი, საკუთარს მოესპო საზოგადო, საკუთარი სახლი დაეწერათ მერხისთვის ონავარ ბავშვებს და არც მასწავლებელს ეცალა მათთვის – საკუთარი საქმე მოჰგონებოდა.

ის ქალი იყო და შვილები ჰყავდა შინ, შიმშილისაგან მილეული მომავალი ელოდებოდა და უებარ ლუკმას ასდევდა ნემსის ყუნწში გამძვრალი; ტანჯვისა და გაძლებისა ეთქმოდა მის ცხოვრებას – ერთფეროვნებისა, ერთი და იმავე შეურაცხყოფისა, გაუთავებელი დარიგებებისა, დაპირებებისა. მწევარივით ასდევნებოდა დროს წაღმა-უკუღმა, უთვალავჯერ გაკვალულ ასპარეზზე. მის სამოსს სენტიმენტალობის, რომანტიკულობის სუნამოს ნაცვლად გამძლეობის, შეგუების მძაღე სუნი გასდიოდა... ამ სუნში იკარგება ნაოცნებარი სიყვარულიც, სულის პერიფერიამდე დაყვანილი, ნამდვილი, ქალური, განუმეორებელი... სიყვარულს ქალები ქმნიან. ქალი აშენებს სიყვარულის ციხის ბალავარს, ქალი ადებს სიყვარულის ტაძარზე პირველ, გამოუწვავი გრძნობის აგურს, ქალი შელესავს სიყვარულის პანთეონის კედლებს და შიგ დამარხავს სულისგან გამოწალდულ ტკივილებს, სიმწარისა და დათმობის ფასად დაასამარებს. ქალი დაჯდება და სიმწარისავე საფასურად გამოსყიდულ ფუნჯით მოხატავს ტაძრის კედლებს, მოაჩუქურთმებს, ხალიჩებით მოფენს, სიყვარულის მირაკლებით მოაფერადებს თვალსა და გარემოს იმის საბუთად, რომ ქალები დაფარული არსებები არიან, არა მხოლოდ გრიმსა და ლამაზ ტანსაცმელში, საერთოდ, სულაც არ იხსნებიან ბოლომდე.

თავისი გულის საჯაროდ, საყოველთაოდ გამოტანა ქალს სიკვდილად უღირს, ამიტომაც მამაკაციც არ უნდა ეცადოს, გააღარიბოს იგი, რადგან ქალის სიმდიდრე მისი საიდუმლოა. ამ ხვაშიადით ცხოვრობს დღემდე მთელი სიცოცხლე. სიცოცხლე კი ქალისათვის, როგორც ერთმა ბრძენმა ბრძანა მოსწრებულად, პირველი ღამისა და სიკვდილის მოლოდინია. ორივე ამ დღის, როგორც არაფრის და არავისი, ისე ეშინიათ ქალებს. რაღაცნაირი იდუმალებით მოელიან პირველს, ჰგონიათ, რომ ეს ღამე მისცემს მათ მრავალფეროვნების ახალ შეგრძნებას. ქალის სტიქია სწორედ მრავალფეროვნებაა. ჩაიცვას ათასფერი კაბები, დაიხუროს მოკლე, გრძელი, ჩეროიანი, ბუმბულა ქუდები, ყელზე შემოიცვას მბზინავი მძივები, ხელზე აისხას კარატებით დატვირთული ბეჭედი (სიმდიდრეც ქალის დაუმალავი სტიქიათაგანია), ყურზე, და თუ საჭიროება და საზოგადოება მოითხოვს, ცხვირზეც გაიკეთოს საყურეების ასხმა, თვალებში ჩაისვას ე.წ.

ლინზა, აიქნას წარბები, მოიშოროს ზედმეტი თმა, ქმრისა და საყვარლის მიმართ იყოს მიმზიდველი და აღმგზნები თვისებების მატარებელი. ტარებას რაც შეეხება – ატაროს პატარა, კოპწია, ფართო, გრძელი ჩანთა, მთავარია, შიგ სახის პარფიუმერული გრიმასა ჩაეტიოს და რაც ყველაზე მთავარია – სარკე. სარკევ, სარკევ, მითხარ სარკევ, მთელ ამხელა სამყაროში არის ვინმე, სილამაზით ჩემი მჯობნი? სარკე, ზღაპრისგან განსხვავებით, დასტურს მისცემს: არა, ჩემო მზისავ ქალო, არვინ არის თქვენი დარი. და ქალები ყველგან თან დაატარებენ ხელისგულისოდენა სარკეებს... სამყარო კი დაუნდობელია, დამამცირებელი, გულისამრევი. ამაოებითა და თავაშვებულობით ცხვირდაგრძელებული ვიგინდარა ილია ჭავჭავაძისგან გამოხურდავებულ ორ აკაკი წერეთლად დედა-შვილს ერთად მიაძღება ცხელ აბანოში და ცალკე, ყოველი შემთხვევისთვის გადანახული ივანე ჯავახიშვილით სქელთავიან დაცულობას შეიძენს თავისი ხელცქვიტი ვოჟებისათვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ შეიგნონ რეალობა, ისწავლონ ქალის ყადრი, რათა ჩუკენობას არ შესწირონ ბედითური თირკმლები.

“ყველა ქალი ასეთია, შვილებო, ეს გახსოვდეთ, როგორც ორჯერ ორი.

ზოგი ხორცით, ზოგი – სულით, ზოგი – ენით, ზოგი – თვალებით, ზოგი – ღიმილით, ზოგი – გრძელი ფეხებით, ზოგს მწყაზარი ზადი აქვს. მეძავობა ქალის დაუნახავი, ხანდახან აშკარა და იოლად შესამჩნევი თვისებაა (მკითხველს ვთხოვ, წაიკითხოს თამუნა თოლორაიას საუცხოო მოთხრობა “კაპელა”, – მეძავი ქალის ცნობიერების ნაკადი)...” სამყარო დაუნდობელია. აქ ქალია მარტოდმარტო, განუკითხავია იგი და არჩევანის მომლოდინე. ზის, აჩუქურთმებს და აპირკეთებს ამ სიმწრით შელესილ ხელთქნილებას, მერე ადგება – სხვას გადაულოცავს, ის – კიდევ სხვას, ის სხვა – კიდევ სხვა მოიძებნება ვინმე, რჩეული, იმას. და ასე – პაწკვიდან – წიწკვს, წიწკვიდან – შხვართს, შხვართიდან – შლართს, შლართიდან – მა-რა-დ-ი-სობას, მარადისობიდან – სიყვარულს, ვიდრე სიყვარული იარსებებს, ვიდრე საერთოდ იარსებებს ქალი, სუსტი ბუნების, სუსტი ხელების, სუსტი სხეულის გონება; კაცები მერე, მოგვიანებით შეიკრიბებიან ამ მიწიდან ცამდე წვერაწვდენილი ტაძრის (სასახლის) მოსახილველად და ყველა კარი დაკეტილი დახვდებათ, რადგან მიხვდებიან, რომ თავის მხრივ, მათაც არ განუღიათ გულის ბჭე ქალური სითბოს შესანახად. მაშინ განრისხდებიან ეგ ჩვენი ცოდვით სავსე უძლური კაცები და წიხლებით მოედებიან ტაძრის (სასახლის) გალავანს, შეამტვრევენ, შელეწენ, შეცვივდებიან და ქალების დაფხრეწილი კაბებით, დახეული ქალწულობითა და დაღვრილი სისხლით მოიბანენ სირცხვილს, აატირებენ და ძალადურ სიცოცხლეს ჩაუსახავენ სხეულში, რომ ისევ ააშენოს სიყვარულის ციხესიმაგრე, ისევ შემოდოს აგურზე აგური, ისევ იოცნებოს, ისევ ჩაიცვას ძაძა თორმეტი შვილის დედობით ნაგვემი მზე ქალბატონივით, ისევ იტანჯოს ფიქრში გაღამებული მასწავლებელივით, ისევ იმათხოვროს მოხუცი ბებიასავით მართალი სიტყვა, რომ “დედა ძველთაგანვე სიწმინდე იყო ჩვენში. დედას ვფიცავარო! – ამ სიტყვების უმალ მთავრდებოდა ჩხუბი და კამათი.

ახლა კი, არათუ ფიცად, გინების საისრედ და თავიანთი ჭეშმარიტების საბუთად იყენებენ შვილები დედებს”. ქალს ისევ უნდოდა უშედეგოდ ეოცნება მზიან დილაზე, დაწმენდილ ქუჩებზე, ყველა ჯურ-გუჯაბის ქალით მორთულ, მოკაზმულ, ახალი საუკუნის მომლოდინე რეალობაზე, სადაც დედები სულ წინ დადგებოდნენ ახალშობილებით ხელში, ყრმები ატირდებოდნენ და დაბადების ზეიმი იქნებოდა კიდით კიდემდე..

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / კვარაცხელია ზვიად / Nuda Veritas