კვარაცხელია ზვიად

 

აღსრულებამდე 

 

 

 

„მოიხსენე უფალო მონაი შენი (...) და მხევალი შენი (...), რომელი ვეწამეთ და გრძნობა შემოგწირეთ სულის სახსრად და საოხად“.

წარწერა ბუნდოვნად იკითხება კუთხეში.

„აქ იყვნენ თინა და თეოზი. 1958“...

ეს ტაძრის გარეთ, კედელზეა, წვალებით გამოყვანილი.

სირბილითა და სვენებით ამოათავეს აღმართი. სუნთქვა ეკვროდათ, ყელში ებჯინებოდათ ნაღველი. ბილიკებსაც დაეტყო დაღლილობა. უსასრულოდ აირია და დაიკლაკნა ერთმანეთში. ჩამოცხა.

სადაც ორნი ვართ, აღარ გვინდა საჩრდილობელი. თმებში, ბაგეებში შევეფარებით სუსხსა და ხორშაკს, კისერზე ჩამოვეკიდებით ერთმანეთს საქანელასავით.

აიჭრება და დაბზრიალდება საქანელა, ხალვათი ჰაერი მოგაწყდება ყოველი მხრიდან. თოკს რაღა ვუყოთ, რომ გაიცრიცა და ისე გაცვდა სიძველისგან, დასათმობად არ გვემეტება. იყოს, სანამ იქნება, გაუძლებს ჩვენს გატაცებას, შეძახილს ცისკენ, დაშვებას მიწაზე. სანამ არ გაუჭირდება ჩვენი შეკავება.

დაიკლაკნა ბილიკები და სული ვერ გამოცარიელდა.

წყალიც ნუ მოგწყურდება – თუ ჭაობს დაეწაფე, ჭავლი დაჩრდილავს სხივიან უკვდავების წყაროს, რადგან ზედაპირს აწყობს ყველაფერი და მოყირჭებამდე ნაჩვევია ტალახი.

ნეტავი მივაგნებდეთ სათავეს. იქიდან აჯობებდა დაწყება – თხრობისაც და ჩვენი, უფრო სწორად, სამივესი ერთად. წავშლიდით კაცობრიობის მიღწევებს დაფაზე და სულ ადვილად, ჩვენებურად დავიწყებდით წერას და სიცოცხლეს, არავინ შეგვნიშნავდა, არავინ გამოიშვერდა ჩვენკენ საჩვენებელ თითს, განსჯისა და გაკილვისათვის.

სანთლები ბოლოს.

გზაში ვართ ჯერ კიდევ. ყვავილები უნდა დაგიკრიფო, კორდებს შეფენილი გვირილები, შენ რომ ხატავდი და შემაყვარე.

გუშინდელი გამოვტოვე, გუშინწინ დღეც – ამიტომ ორი ბღუჯით მეტი გვირილა უნდა ვესესხო მიწას.

გაგისტუმრებ! ნატურით გაგისტუმრებ როცა იქნება, თუნდ ასი წელი ვატარო შენი ვალი ეკლის გვირგვინად, გულხელს რომ დავიკრეფ, ჩემს სხეულს აზღვევინე რასაც მითმენდი, რაც ამიტანე და გამიძელი. დაფერფლე და გამოშიგნე გაქცევების, გამარჯვების, დათრგუნვის ძაფებით დაკემსილი გობელენი.

გულის კონა კი არა, გულების...

უნდა აიტაცო ხელში და შეუმოწმო სურნელი, როგორც ბალღობიდან მოგვდგამს.

ბუნებასაც რამე სჭირდეს ჩვენგან დასაწუნი! ჩვევაა-თქო, – გავამართლოთ უაზრო და ერთურთის საამებლად ჩადენილი ქცევები, ბერწ დროს მივაწეროთ, ხასიათში თუ უნდობლობა გამოგვერია. 

წამიერი წუთშესვენება.

„აია რე, ბაია რე,

ბაიაშ წორ თანაფა რე...“

მალე ზეწრის კარიბჭეს შემოიტანენ ანგელოზები და ბზის ტოტებს დაუფენენ მგზავრებს ფერხთით, ხალიჩასავით. მადლიანი დღეა და გალობის ხმა გაისმა ქუეყანასა ზედა. ჩვენც, ამ თვალუწვდენელ აღმართში, ციკანს მოვახელთებთ შორიახლო, მოსაფერებლად მივეტანებით.

თმებში ჩაიწანი გვირილა. არ მიყვარს, როცა ვჩუქნი და კარგავენ!

მესაკუთრე? – როდის იყო, შენთვის მიკადრებია. ეჭვს რომ ვამხელდი, მხოლოდ იმიტომ, ბინძური სამოსი გამეხადა.

შენთან მაინც.

ნუ ატირდები, თორემ იუცხოვებს მკითხველი, ღიმილის მომლოდინე, და ეგებ თვითონაც შემოენთოს ღაწვებზე ალი. არადა, გარეკანმა შეაცდინა, მზისკენ გამზერილთა უჩვეულო ფიგურამ, მოენატრა ხასხასა ბალახზე დაწურული ნამი.

სხვა გზას ვადექით. ნაშუადღევის ბრალია ეს უსასრულო ბრუნვა საკუთართავის გარშემო. ბილიკიც როგორ დაიხლართა მისნების ციხე-კოშკსავით, ახლა მოსწყურდათ ხვევნა-ალერსი.

ადრე კირბები მაინც იყო, უცხოებს არ უჭირდათ ახალი მიწა. დაადებდნენ თავს და საითაც გაუწევდათ, წააკეცავდნენ სავალს და ბედისწერას. ოღონდ მარტოობას გაქცეოდნენ როგორმე, მხოლობით რიცხვში არ მოექციათ მომავლის სახელმძღვანელოთა შემდგენლებს:

იშვა, იცხოვრა, იღვაწა, მოკვდა.

დაგვსიცხოს. ძილი თუ მოგვერია, სიზმარში გაჩვენებენ, ფართო კადრითა და ფაქიზი გამომეტყველებით.

არც შეგადრი ჩემს წარმოსახვაში ჩარჩენილ პერსონაჟებს, რომლებიც ჟამიდან ჟამზე შემომყავს ხოლმე და გულით მჯერა, შემოქმედის ღვთიური ულუფიდან მეც მერგო სეფისკვერის ნამცეცი.

ძილს თუ გადავურჩით, ნაკუწ-ნაკუწ გავამთლიანებთ უაზროდ დახარჯულ წამებს. მოგაყოლებ, რაც უჩემობით გადაგხდა. ჩემსაც არ დაგზარდები – მოლოდინში რაც გამოვიტანჯე, გზისკენ ყურებას და შენს გამოჩენას რომ ვნატრობდი უცნობ სახეთა შორის.

შევინანებთ ოდესმე.

მუხლები დაგვაწყდება, მაგრამ არავინ შეიწყნარებს ვადაგასულ ვედრებას.

პირჯვრის წერა გვასწავლე და ცოდვის წერად ნუღარ გაგვხდი, გვეყო ჩავლილი ჩირთიფირთი, საჭირვებელიო, – ხვეწნას არ შევეშვებით. გულში კი გაივლებს მამაზეციერი, ეს თქვენ ამოაყირავეთ და გადაიმხეთ სამყარო, ცეცხლის წვიმა და წუმწუბაი მოიხვეჭეთო, მაგრამ უნდოები ვართ, ძე შეცთომილის ამბავს გავითამაშებთ, ახლო მივუცუცქდებით კალთასთან, როგორც არაერთხელ გვიქნია.

მოსავნი, მოქენენი და მომლოდინენი წყალობისა.

– ნაკვეთი მოგვეცით სადმე, დავფუძნდეთ და დავეშენოთ, მაღალო, – ზეპირ არზას შევადგენთ უფლის წინაშე, – შევიმოსებოდით, ასე დედიშობილანი სანამდის ვიყვეთ, ლეღვიფოთლის ამარა. ცხოვრებას ვისწავლით, მოვხნავთ, დავთესავთ, შვილები გვეყოლება...

დღეის გადმოსახედიდან ოთახი გვერჩივნა ყველაფერს, მაგრამ გამოგვყარეს, ცუდად იქცევითო. ჩალისფერ შპალერს არ ვუფრთხილდებოდით და ფანჯრებს ღიად ვტოვებდით ღამე, სიოს რომ შემოეხედა. ჯერ დატიხრეს, ბევრი გადმოიბირეს მერე, ოთახიდან გაგვაძევეს მდგმურები.

აკეცე საბანი და კედელზე გაკრული გაზეთის ნაჭრები ჩანთაში ჩაალაგე.

ფარდა ნასესხები იყო ისედაც – თავისთვის ეკიდა. ჩვენ არ გვეშინოდა გარეშე თვალის, მათი მიწიერი მეტაფორებისა. ძილის წინ უძილობას დავუძახებდით, თვალებში ჩაიღვრებოდა ერთადერთი ნუგეში, მღვიძარება.

ფეხისწვერებზე ავიტოტე, სისხლი მოაწყდა კაპილარებს. დავხსენი ნათურები. უსარკმლოდ, უცეცხლოდ, უსხივოდ დარჩენილებს რად უნდოდათ სინათლე?! ბოლოს ეგ ვიფიქრე: რა იქნება, უფალმაც, ჩემსავით ნაწყენმა და გაბუტულმა, ერთხელაც მოიწადინოს, დახსნას და ცის თაღიდან გააქროს მზე, მთვარე და ვარსკვლავები...

ჩამობნელდებოდა. წკვარამი და წკვაფანი მოიცავდა ქვეყნიერებას.

თვალები გაანათებდნენ მაშინ, სულის პატარა კერეონები. ყველა საგუშაგოზე, სიყვარულის ციხე-კოშკიდან გადმოენთებოდა პირველყოფილი ცეცხლი, ხიფათის მანიშნებლად.

მზირები გამართავდნენ მზაობას. ლაშქარს თუ დაძრავდი, მტრად შეგეფეთებოდა ორასი ჯარისკაცი, გულდაგულ დარჩეული მეომართა ჯილაგიდან. თავგანწირვა ეთქმოდა, აბა ვერაგობით, სიძულვილით, მრისხანებით შეპყრობილ ურდოში რომელი ჭკუათმყოფი შებედავს ქვეითად.

მეფემ წინდაწინ დაიბარა.

გვიანი ღამე იყო, უხმაუროდ დატოვეს ბანაკი და გორაკს შეეფარა ხვალინდელი ხეთქება.

ერთხანს დუმდა, მერე ასწია თავი, შეათვალიერა დარდით დაშაშრული სახეები.

– განვხეთქნეთ აპაურნი და განვაგდოთ ჩვენგან უღელი მათი, – წინასწარმეტყველს მოუხმო საუკუნეთა მირაჟიდან, – ბოროტება აღძრულა და სიყვარული შებმია სიძულვილს, უბოლოო ცილობა აქვთ წუთისოფელში. ხან ერთი მოექცევა დაცემულს ზემოდან, შებორკავს, შეაჯდება, დაიმონებს, ხანაც მეორეს მიეცემა ავლა და ალაგი. ჩვენი დროშები სიკეთისანი არიან, ცას მსახურებენ! ვეღარ დადრიკავს გაფრენილი თოკი, ქამანდი...

კათალიკოსის მტევანში ათრთოლდება მძიმე ბარძიმი. ვეზიაროთ.

სულის ნატამალს, გულის უბნებს მოივლის მადლი. ერთგულებად შეენივთება, სიქველედ, თანალმობად.

უშიშრად გაივლიან ბოლოსწინა ნაბიჯებს.

წამი იღვენთება, წამში ჩაირწევა ფიქრის გამხელილი სიმბოლო, ვისთვის ფოთოლი და მშობლიური, ვისთვის – ზღაპარი და უჩვეულო.

სიკვდილის სახრჩობელა ყანყალებს ბურანში...

ბურანში ყანყალებს.

სახრჩობელა ყანყალებს.

სიკვდილის სახრჩობელა. 

ეშაფოტს უწოდებენ და დასჯამდე ვისჯებით დაცინვითა და გაუთავებელი საყვედურებით. ყელში წაგეჭირება ბასრი ბაგირი, ჯალათი დაუშვებს გეწი-გეწ, ხამუშ-ხამუშ და საფეთქლებს მოაწვება სულთამხუთავი.

არა, ჯერ საქვეყნოდ გამოგატარებენ შაოსანი ბადრაგის თანხლებით. ხუთი ნაბიჯია, მაგრამ უსაშველოდ დაგრძელდება კიბე სახრჩობელამდე.

მიგათრევენ. ბრბო დასცემს ყიჟინას, შიშისა და სანახაობისგან დაზაფრული. მათ გულებში ჩამახედა! გასაღები გამოვითხოვოთ მეუფისგან და დავხსნათ დაობებულ ყულაბასავით, სათითაოდ.

ვფიცავ, არ განვსჯი ვერცხლის მონეტათა შეყვარებისთვის. ყოფას უხდება შეგროვება ფულის და ჭმუნვის. მაგრამ ნება მიბოძე, სადაც ვიპოვნი, ეჭვი მოვთხარო.

საქანელაზე ჩამოწყდა თოკი. 

ნეტა ეშაფოტზეც გაირღვეოდეს, თავიდან დავიწყებდი ყველაფერს, ნათხოვარ სიცოცხლეს გავაჩუქებდი დაუნანებლად, უპოვარებას ვეძმობოდი, შევიყვარებდი გლახაკებს, რომ გამეწირა ქვეყნიური ზრუნვა და ვარამი.

აღმართს მორჩებიან სირბილითა და სვენებით...

– შორი ყოფილა...

– უკვდავება...

როგორც ბავშვური ოცნების ჩქამი.

*

– ყური დამიგდეთ, ყმაწვილებო...

კოპებს შეიკრავს და თითების რიტმული მოძრაობით განწყობას შეამზადებს მასწავლებელი.

– თქვენ წინაშეა ტექსტი, სადაც ავტორი შეეცადა ერთი შეხედვით ყველაზე ახლობელი, ყველაზე სათუთი პრობლემა მოეტანა ჩვენამდე. მოარღვია სივრცე, შემოავლო პირობითი საზღვრები და ჩაგვახედა იმ უსასრულო ტკივილების, გამონათების, სიმართლისა და სასოწარკვეთის სავანეში, რომელსაც სიყვარული ჰქვია და ერქმევა კიდეც, ვიდრე ამ ენაზე ისაუბრებს ხალხი.

საერთო ენას ვგულისხმობ, ყმაწვილებო... მესამე პირი, თარჯიმანი რომ არ სჭირდება! თანაბრად ითავსებს შენსას და ჩემსას, აერთიანებს გაორებულ განცდას და მიმიკებით ცხადყოფს ყველასთვის ნათელ ჭეშმარიტებას.

ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტის თითოეული მონაკვეთი და განსაზღვრეთ ძირითადი სათქმელი.

კრიტიკულად გააანალიზეთ მოცემული თხზულების ავკარგიანობა, შეაფასეთ და გადმოეცით – რა მოგეწონათ, რამ დაგაეჭვათ, რას შეცვლიდით, რა იუცხოვეთ.

ჩასვით გამოტოვებული სიტყვები საფიქრალში...

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / კვარაცხელია ზვიად / აღსრულებამდე