კვარაცხელია ზვიად

 

ბებოს წმინდა წერილი 

 

 

 

– ჩემთან ერთად ეს პერანგიც გაიცრიცა, შვილო, ჩემი გულივით ამასაც დააწყდა ძაფები... მოგუდულად ჭრიალებს კარადის კარი, საკეტმოშლილი და მორღვეული. მოხუცი თრთოლვით გადმოიღებს ძველი ზეწრების წყებაში ჩამალულ ნაკეცს, სინათლეზე გამოიტანს – გადმოფენს მაგიდაზე.

– გაწვალდა... გაილია, გამჩენის მადლს ვენაცვალე...

ბოლო წლებია, ჩამიჩუმი აღარ ისმის თინიას ეზოდან. ადრე სანატრელი იყო სიჩუმე, შუქიც დღედაღამ ენთო, სტუმარიც მოდიოდა და მოდიოდა. ახლა ჩაკვდა და ჩაიფერფლა ეს სახლ-კარი, როგორც სოფლის შარაგზა ზაფხულის არდადეგების შემდგომ.

– მთელი ცხოვრება ვიბრძოდი, რომ პენსიის იმედად არ ვყოფილიყავ. ზოგი ნანატრი და დაუმადლებელი სიბერისთვის შრომობს...

მე არა! ჩემი ნატვრაც და სიცოცხლეც შვილის სხეულში გამოვახვიე. გიჟი დედობა პროფესიაა, შვილო...

ძაძისა და ძველი პერანგის სუნი დადგა ოთახში.

– როგორ დავჩაჩანაკდი, ნივთებს და სიჩუმეს ვეწყობი მხოლოდ, მათთან საუბარი მიადვილდება. იოლად მიგებენ, არ მეპასუხებიან და მეც დილიდან საღამომდე გაუთავებლად ვეჩურჩულები ჩემი წუთისოფლის სევდიან ამბავს...

– ამბობენ, ქარიშხლიანი ცხოვრება ჰქონდაო.

– მე შეცდომიანს დავარქმევდი, სხვები არ ვიცი, რას ლაპარაკობენ. სიმართლე გითხრა, აღარც მაინტერესებს! შეცდომაში იხვეწება ადამიანი, ქალი მით უმეტეს. ჩადენილის გამო სინანული სჯობს ჩაუდენელი ცოდვების მოლოდინს. მე კიდე არასდროს არაფრისთვის მიცდია!

– თინია ბებო, ცოტათი მეუხერხულება, პირველად ვარ აქ. იცით, რაღაცნაირი იდუმალებით მიყვებოდნენ თქვენზე, თითქმის დამარწმუნეს, რომ...

– სწორადაც დაგარწმუნეს, შვილო, ოღონდ ქაჯი და კაციჭამია კი არა, ერთი საცოდავი დედაბერი ვარ და მეტი არაფერი.

ამ სახლს და შვილის პერანგს ვდარაჯობ. ეს არის ჩემთვის უკვდავების წყაროც, ოქროს საწმისიც და წმინდა წერილიც, რომელსაც არ ეღალატება.

– შეიძლება გული გატკინოთ და გაწყენინოთ, მაგრამ მაინც მინდოდა მეკითხა...

– რატომ ვინახავ და ვუფრთხილდები ამ გაცრეცილ პერანგს...

– დიახ.

– ჩემი შვილის დაღუპვის შემდეგ, კლასის დამრიგებელმა, მშობლიური ენისა და ლიტერატურის შესანიშნავად მცოდნემ, საშინაო დავალება მისცა ბავშვებს – ორი სიტყვით გაეხსენებინათ ცოტნე – მოეთხროთ საერთო მოგონებები, ან, უბრალოდ, ეთქვათ რაიმე, ოღონდ გულწრფელად...

ყველამ რაღაც გაიხსენა.

ბოლო ზარზე, სკოლის ეზოში, ჩემი შვილის თეთრი პერანგიც გამოფინეს.

პერანგი წარწერებით იყო გადავსებული – ნაწყვეტებით საშინაო დავალების ტექსტიდან...

 

*

 

ლაშა

პირველი კლასიდან ვიცნობდი. ღონიერი და დამრტყმელი ბიჭი იყო, თავს არავის დააჩაგვრინებდა, არც სხვისი დაჩაგვრის ნებას მისცემდა ვინმეს. გული ერჩოდა და ძალაც მოსდგამდა, ოღონდ ნამეტანი ფიცხი და თავისებური იყო. არაფერს გეტყოდა, არ ჩაგახედებდა თავის სამყაროში, ამიტომ მასთან შიში კი არა, უფრო სიფრთხილე მაკავშირებდა. ფრთხილად ვმეგობრობდი – არც იქით, არც აქეთ. ყოველ სიტყვას ვწონიდი მასთან ყოფნის დროს და დაძაბულობის მარწუხი სადღაც მექაჩებოდა სულ, მაწვალებდა...

 

ნატა

არასდროს მჯეროდა, რომ შენისთანებს ჩემისთანების შეყვარება შეუძლიათ.

შენი წერილები, ყვავილები, დიდი თვალების შემონათება აღარ მიმაჩნდა საჩემოდ, იმდენ ვინმეს აფორიაქებდი და უშფოთებდი გულს. მერე ვიღაცამ მითხრა, დაქალმა მგონი, ასე და ისეო, და მეც არ დავუჯერე. ქალებს ჩვევიათ ოცნებებში ცხოვრება, მაგრამ ცხვირწინ მოარულ, ახდენილ ოცნებებს ვერ ამჩნევენ. არადა, თვალის გახელა უნდა მხოლოდ...

 

ვასიკო

ბოღმამ და სირცხვილმა ერთდროულად ამასხა სახეზე. გაშვებულ გოლს არ ვნანობდი, მაგრამ ხვალ დილიდან (დღესვე თუ არა) მთელ სკოლას ეცოდინებოდა, რომ წლის საუკეთესო მეკარემ „დირკა“ ჭამა. გაკვირვებული და გახარებული სიფათები წარმოვიდგინე და გწყევლე, რაც შემეძლო. მძულდი, მეზიზღებოდი, ვერ გიტანდი და სულ ფეხებზე მეკიდა, რომ ასეთი საქციელები არაკაიბიჭურია. ოღონდ გეცოცხლა და, მამას ვფიცავარ, ყველაფერს გაპატიებდი...

 

სანდრო

პირველი ფიზ-რა გვქონდა. შენ სულ კაიფობდი, „ფიზიკური კულტურა“ სათქმელადაც ამხელა ენერგიას მოითხოვს, ისე კი ბურთის ერთი გაგორებააო, მარტივი, მშვიდი, აუღელვებელი გაგორება. ეგ სიმშვიდე აღარ გამოგივიდა, ძმაო, თორემ დანარჩენში ხუთიანს იმსახურებ ჩემგან, სწორედ იმ დიდ, უშველებელ, ვეებერთელა ხუთიანს.

 

ლიკა

მახსოვს, „ლტოლვილოო“, – დამიძახე. გულზე მომხვდა. ისე მეწყინა, გაჩერებას არც ვაპირებდი. „ჩვენ ყველანი ლტოლვილები და გამოქცეულები ვართ იმ კუთხიდან ამ ქვეყანაშიო“ – გაღიმება იცოდი უჩვეულო, უცნაური. „თავს ნუ იმართლებ, უკვე მაწყენინე-მეთქი“, – გავჯიუტდი.

 

ეტყობა ძალიან შემეტყო გაბრაზება. დიდხანს ვიარეთ უხმოდ, გაბუსხულებმა. ჭიშკარს ისე მივადექი, აღარც გამიხედია შენკენ. იდექი და ჩურჩული მესმოდა მხოლოდ...

 

მირანდა

ატირებული შემოვარდა ლიკა, ზლუქუნებდა, ხავერდის ნაჭერზე იმშრალებდა ცრემლს. რა დაგემართა-თქო. დიდხანს ხმა ვერ ამოიღო, დამუნჯებულივით იყურებოდა. ფანჯარაში გაიხედეო, – ეს მითხრა მხოლოდ.

ფარდა გადავწიე და ახლომახლო მოვავლე თვალი, თუმცა არავინ იდგა გარეთ. წასულაო, – ლიკამ, – ცოტნე იყო, აქამდე მომაცილა და... სიყვარული ამიხსნაო. როგორ-მეთქი, – გავცოფდი, შევიშალე კინაღამ, არ ვიცოდი, რა მექნა...

 

ლევიკო

ამ გოგოებს ხომ თეთრი შავად ელანდებათ და ბუზი სპილოდ. მთელ სკოლას მოსდეს: ცოტნეს ლიკა ჰყვარებია და ამას გვიმალავდნენო. ისეთი არაფერი, კაცო! უბრალოდ, ლექსი წაუკითხავს – „ვშორდებით, ყოველ წუთას ვშორდებით...“ და ამაზე ატყდა ერთი ამბავი. რახან კლასგარეშე წიგნებს კითხულობს, გენიოსი გონიათ ბიჭი...

ეგონოთ... ანდა გოგოს გაწითლებას რა უნდა?!

 

 

თორნიკე

გამოქანებაც ეგ იყო, მაგრამ მაშინვე ავუღე „აბაროტი“ – ისეთი ვძნეყვე ყბაში, ჩაიკეცა და ტირილი დაიწყო. მტერი ხომ არ ვიყავი, მივედი და წამოვაყენე. არ გაპატიებო, – სასაცილოდ დამემუქრა. ვმეგობრობდით მას მერე, ბევრჯერ გვიჩხუბია ერთად. თქვენ წარმოიდგინეთ, ქალის გულისთვისაც კი. თავშეწირვასავით იცოდა ჩხუბი, თითქოს ომში გადიოდა, თან უკანასკნელად.

გავიდა და ეგაა...

 

გოგიტა

საჭირო ოთახში ვიყავი, ხველებით რომ შემოვიდა, მიდგა კუთხეში და მიწყნარდა ხმაურიც. ველოდები რა იქნება – თავი მოვიმკვდარუნე ასე ვთქვათ. სიჩუმე აუტანლად გაიწელა, საუკუნეს დაემგვანა და უცებ დაირღვა: „რა დაგიშავეთ, ხალხო?!“ – სასოწარკვეთილების განსახიერება იდგა ჩემს წინ, ცალკე სიმწრისგან და იქით – ტკივილისაგან ეხეთქებოდა ყრუ კედელს, დამალულ ცრემლით, გაუმხელელი საიდუმლოთი, რომელიც ლიფტის ხურდასავით და ავტობუსის ბილეთივით საგულდაგულოდ შეენახა უბეში.

– გადმოაბრუნე, შვილო...

მეორე მხარეს უფრო გარკვევით იკითხება, ალაგ-ალაგ ფლომასტერებიც გაურევიათ... რატომ ვარ ცოცხალი...

პასუხად არაფერი მაგონდება. ისევ ბებო:

– ხანდახან მგონია, რომ სხვა სჩადის ჩემს საქციელს, სხვა გარბის ამ ცხოვრებიდან და შემორბის ხელახლა და გაუთავებლად, რომ გულის აირწინაღში ჩატუმბოს ცოდვილი ჰაერი, რადგან ცოდვის ქვეყანაში უამჰაეროდ გაძლება ისეთივე ძნელია, როგორც პირჯვარი, როცა მარჯვენა ხელი არა გაქვს.

 

*

 

სალომე

დედიკოს ბიჭი არასდროს ყოფილა.

თუ სიმართლე გინდათ, შვილიშვილად უფრო ეკუთვნოდა საწყალ თინიას. ზოგჯერ ბებოსაც ეძახდა ხუმრობით. ყველამ ვიცოდით, აყვანილი რომ იყო, ამიტომ კიდეც გვეშინოდა და კიდეც გვეცოდებოდა. სახელს ამართლებდა რაღაცნაირად _ ერთგული და თავგანწირული იყო, თუმცა როგორც ძმაკაცები ამბობდნენ, გულჩვილობასაც ავლენდა რიგ შემთხვევებში. ერთხელ ვერ მოვითმინე და ვკითხე: „გოგოს გამო თუ გიტირია-მეთქი“? არაფერი უთქვამს, მაგრამ მივხვდი – თვალებით მიდასტურებდა.

 

ზურა

ჩემზე წინ იჯდა, დამამთავრებელ კლასში. ტოტალიზატორმა დაგვაძმაკაცა.

ხშირად იჩითებოდა მანდ. დიდ ფულს არ დებდა, მაგრამ ბევრჯერ მოუგია. ვირტუოზივით აწყობდა კომბინაციებს, რამდენიმე გუნდს ერთმანეთზე გადააბამდა, თავისი „სტრახოვკებით“ და... უმართლებდა მოკლედ. ზოგჯერ ჩამოვჯდებოდით, თამაშს ვუყურებდით, ვეწეოდით. სულ რაღაცას ინიშნავდა ქაღალდზე, მერე კუჭავდა და ყრიდა... ერთხელ ვიღაცამ დაუძახა გარედან.

როცა გავიდა, დაჭმუჭნული ბილეთი დავითრიე და ჩავხედე ჩუმად. გაკრული ხელით ეწერა: სიყვარული – სიძულვილი 1X.

 

მამა საბა

აღელვებული მომეჩვენა. „ამდენ რამეს რომ გამოვედე და გამოვეკიდე, მადლსა და შემწეობას ვითხოვ, მამაო, უფლისგან, რადგან, დღეს თუ ხვალ, მეც მტვრად ქცევა არ ამცდება და თუ ზეციდან არ ვიგრძენი სითბო, მიწაზე დაღვენთილს ვინ მიპატრონებსო...“ – ალალი და გულწრფელი თვალებით შემომჩიოდა, მე კი მეგონა, „ჯესუს ქრაისთ სუპერსტარის“ მოსანანიებლად იყო მოსული.

 

კუსა

ის დღე საშინლად დაიწყო. ჯერ იყო, გვიან მივედით გაკვეთილზე და ქიმიამ დერეფანში გამოგვყარა ყველანი. სიგარეტს გააბოლებდა კაცი, მაგრამ მოთმენა და ნათელი მომავალი ვარჩიეთ მათხოვრობას, ვიღაცის დანაყვედრებ ორ ღერ ფილტრიანს. „ბაყაყი ხო არ არის, ჯიბიდან ამოგიხტეს, ან როიალი, ჯიბეში არ ჩაგეტიოსო?!“ – ამათი ატანა არ გინდოდა?! ქალაქისკენ ვაპირებდით, როცა ნიკუშა მოვარდა აფორიაქებული...

 

ნიკუშა

ჩემი და მოიტაცეს! ქუჩის თავში დახვედრილან ახვრები, ძალით შეუტენიათ მანქანაში და მარცხნივ დააწვნენო, ქალებმა მითხრეს. მაგათი ამბავი ხომ ვიცი, სადმე სოფელში აიყვანენ, უკაცრიელ ადგილას და დიდ გულზე იქნებიან მერე.

მშობლები შემეცოდა და რაც პირველი ვიაზრე, სკოლაში მივაჭრი-მეთქი. ბიჭები დამხვდებიან, ეგებ რამეთი დამეხმარონ-თქო...

 

დაჩი

რა ცოტა ყოფნის – სიხარულიც და მწუხარებაც – ვისაც სული უდგია. წუხელ ჩემს გოგოსთან ვიბუქნავე მთელი ღამე, ზღაპარი იყო! დილით კიდე, ვინ გაცადა, ცოტნემ მომაყენა ბიჭები, თაკო მოუტაციათ და მანქანა გამოიყვანეო. როგორ გინდა ამ ხალხს გააგებინო, რომ მამაჩემის გადამკიდე, „პატიხონკუ“ ვაკეთებ რაღაცებს, ისიც ათასში ერთხელ... გაბაზრება არ მინდა, თორე ამათ ვაწუწუნებდი?! მოკლედ, დავადექით კვალზე...

 

ირაჩო

ორი „ძევიატკა“ გავამზადეთ სანადიროდ... რა დიდი მიხვედრა უნდა, ვინ მოიტაცებდა. ადრეც მინახავს ის ნაგლი პარაოზი.

არასრულწლოვნებში ახეხინეს სამი წელი, ვითომ გამოსწორდებაო, მაგრამ უარესი გამოვიდა. „უნდა გამელახა, გუშინწინ ეზოში იჯდა გაბღენძილი, დირექტორივითო“ – გაცეცხლებულია ცოტნე, ძლივს ვამაგრებთ. წინ წამოგვისკუპდა – მაგას ვინ დაასწრებს წინ დაჯდომას?! „ვიცოდი მე ეგ, ვიცოდი ეგ შორით ტრფობა როგორც დამთავრდებოდაო“ – ისე გვიყურებს, თითქოს ჩვენ მოგვეტაცოს ის გოგო. „რა გააჭირე, დავეწევით და დავაწერთო“ – იმედიანადაა დაჩი. ასფალტი მორჩა და ხრეშიან გზაზე აცეკვდა მანქანა.

 

გუგა

არ მთავრდებოდა აღმართები, ატალახებულ გზაზე უჭირდა „დევიატკას“, წამდაუწუმ სრიალებდა, ბუქსაობდა, იჭინთებოდა ორსული ქალივით. „აქ ამოსვლა იკითხე, თაკო თუ მაგ ვიგინდარას გაყვა!“ – ახითხითდა დაჩი.

ცოტნემ შეუბღვირა, სერიოზული დაედო სახეზე. „წინ იყურე, ბიჭო!“ – ჩამქრალ ბიჩოკს მოუკიდა და ფანჯარა ჩაწია ბოლომდე. ერთი ნავსიანი მოსახვევი გვაკლდა და დაიწყებოდა დამრეცები...

 

თედუნა

ხმაურის მეტი რა გამიგონია, ხმას და ხმაურს ვიყავით სულ მიყურადებული – დირექტორი, სასწავლო ნაწილი, დამრიგებელი – თვალდახუჭული ვარჩევდი მათი ფეხსაცმლების ხმას, მაგრამ ასეთი უცნაური, ასე მოულოდნელი არაფერი გამეგონა. შეშინდნენ ბიჭები. ერთმა ისიც თქვა, მიწისძვრა ხო არ იყოო. რაღაცით კი გავდა მიწისძვრას! გავიხედ-გამოვიხედე. მთები იწვნენ გარშემო, დღენიადაგ მოღუშულნი, როგორც ჩვენი დაწყებითის მასწავლებელი, სულ რაღაცით უკმაყოფილო.

მთებს ბილიკები გასდიოდა ნაწილ-ნაწილ, თითო-თითოდ, პაწია ქუჩები, ქუჩა კი არა და – ჩიხები; სადღაც იკარგებოდნენ ხვეულები, მთის ძირში თუ მთის მწვერვალზე; სახლებს ამაყად ეჭირათ თავი. რატომაც არა – უკვე გადასულიყო ზამთრის სუსხი და მეწყრის შიში. ბოლო თვეში იყო, სულს ღაფავდა გაზაფხულიც. ხეები შეფოთლილიყვნენ, ნაწვიმარზე ბალახი ბზინავდა. ნისლიც გაეპარებინათ, როგორც უდროო სტუმარი, რომელსაც მასპინძლის ნაცვლად მასპინძლის მეზობლები დახვდნენ, ხელცარიელი და უპურმარილო... ყველგან მოვავლე თვალი. ვხედავ, აჩიკო მეჩურჩულება გაბზარული ხმით: „იქ, დაღმართთან, მგონი რაღაცაა!“

 

აჩიკო

მანქანა გულაღმა ეგდო ტალახში. მზე აცხუნებდა და ზაგარზე გამოსული ქალივით, სხივებს ისრუტავდა მიწაც, მანქანაც, ტალახიც... გულაღმა ეყარნენ ბიჭებიც. დაჩი ტკივილისგან მოკრუნჩხულიყო, ფეხებს ასავსავებდა ჰაერში, ხმამაღლა ითხოვდა შველას. „წყალი, წყალიო“ – ჩალურჯებულიყო ირაჩო, ბოდავდა რაღაცებს, თითქოს უკანასკნელ წამებს ითვლიდა მოწყვეტილი თითებით, რომლებიც უნუგეშოდ და უანგარიშოდ ცახცახებდნენ თავისთვის. გუგა მჭევრმეტყველებდა, როგორც არსად და არასდროს: „ბეჭი ჩამელეწა და უკანასკნელი ღამე მივდრიკე აღსასრულისკენ. გულით მჯერა, რომ ხვალ დილიდან არ ვიქნები აქაობას. ყველა საყვედური, შური და დამცინავი თვალები მიპატიებია თქვენთვის, რაც აქამდე ვიგრძენი და შევამჩნიე.

რაც გამომრჩა – ისიც, უბრალოდ, ამ ორომტრიალში ვერ მოვიცალე, ყველასთვის მეგდო ყური, ძმაკაცების ხოშზე მეცხოვრა და ჩემი ნაბიჯები ვიღაცებთან მეთანხმებინაო.

წუწუნი რა მოსატანია – ახალი დღის მოლოდინი მაშინებს მხოლოდ. იმედიც მაძლებინებს, იქნებ ის ჩემი ცოდვით სავსე მფარველი ანგელოზი მოვიმადლიერო და თუნდაც ერთი სამუშაო დღით გამიხანგრძლივოს წუთისოფელიო“. ცოტნეს დავხედე – ჩამქრალი ჰქონდა თვალები...

 

თაკო

„დაბადებასაც თავისი კანონები აქვს, თავისი წესი. დაბადებაც, როგორც სიკვდილი, არავის ეკითხება და არც არავის უთანხმებს მოსვლას. ოღონდ სიცარიელეს კი არ ტოვებს სიკვდილივით, ავსებს ყველა ღრიჭოს და ჭუჭრუტანას, სადაც უკუნეთია“ – ვიღაცის ნათქვამს ჰგავს, მაგრამ მე მჯერა, რომ ეს მისია, მხოლოდ მისი – ცოტნეს უკანასკნელი ჩანაწერი ჩემს დღიურში.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / კვარაცხელია ზვიად / ბებოს წმინდა წერილი