კვარაცხელია ზვიად

 

ლილო-ჭრილოზე ამოწვერილი ენძელა

 

 

 

ახლა თორმეტი საათია და ღმერთთან დასამალი არაფერია – მე არ ვლოცულობ. ხატი უპირჯვროდ კიდია კედელზე, ღამე თუხთუხებს და ვნება ნაწილაკებადაა დაშლილი. სიტყვები, – რა მალე კარგავენ ისინი აზრს, სიტყვები ვეღარ ამბობენ სათქმელს. მე ფეხმოკეცილი ვზივარ ფანჯარასთან, სიბნელეს გავცქერი და ვერაფერი დამიწერია. მაგიდას სქლად ეღვენთება სანთლის შუქი, წიგნების, რვეულების, დახეული ფურცლების გროვას ჩრდილი დაუყენებია იატაკზე, შემოდგომის ფოთლებივით განაირფრებულა ქაღალდში შემალული ჩემი ჩუმი ფიქრები, ყველას რომ დავუმალე, დავწერე და ცეცხლს მივეცი, არავის რომ არ შესძლებოდა მათი წაკითხვა, გრძნობათა გროვისაგან სიყვარულის დახარისხება.

ოცნება, რომელიც სიჩუმით შემოდის ჩემში და ადგილს დაეძებს, მოსაწყენია – მისი უსაგნო ფართიფურთი, გრძნობის გამოღვიძებისაკენ გაწალდული, ფაქიზი უმწეობა და ადამიანის უსუსურობა ღვთის წინაშე. თითქო ერთხელ და სამუდამოდ გიმტკიცებს, რომ პატარა ხარ ამ მოუცლელ კოსმოსში, ისღა დაგრჩენია, ერთიანად მოყუჩდე და მოეშვა, იოცნებო დაუსრულებლად, ოცნებად გადაიქცე, მწუხრის გზა და შარებზე ატარო ჭაბუკი გონება, ვიდრე მოულოდნელად, სახელდახელოდ, თითქმის გაურჯელად, წინ არ დაგახვედრებს დიდხანს, ზოგჯერ უიმედოდაც ნაოცნებარს.

დაგახვედრებს და დაგაჯახებს, სილას გაგილაწუნებს ლეგა ლოყაზე. ერთხანს გაურკვევლობაში ხარ, აღარ გჯერა მომხდარი, მალე ახდენილს ვერ შეჰგუებია ურწმუნო გონება, ამიტომ სინამდვილიდან ისესხებ პასუხს... იქ მკაცრი კლიმატია და უნდობი გარემო... რა გაეწყობა, თავიდან წაუტირებ მცირედს, ქვასაც სიპს წაიშენ თავში, მერე საგზალს გაიმზადებ (როგორც ზღაპარში იციან – ცხელ-ცხელ შოთის პურებს და კაი კამეჩის ყველს), ჩაიცვამ რკინის ქალამნებს, ქართულ ქუდს დაიხურავ და ბედისწერის გზას გაუდგები ნაბიჯ-ნაბიჯ, სვენებ-სვენებით, თავგადასავლის მაძიებელი სიყვარულის მოწადინე; რამდენსაც წინ მიდიხარ, იმდენი გშორდება და გეცრიცება სამშობლო თვალსაწიერი, გაშლილ მდელოებს მთის ზორბა მხრები შეენაცვლებიან, მთებს – ისევ მდელოები, და როცა უკვე ნაყოფიერ მიწაზე გაივაკებ, უცნობი სულიერები და ხმაჩახლეჩილი მონატრება შეგრჩება ხელში.

მონატრება, როგორც ლილო-ჭრილოზე ამოწვერილი ენძელა, სათუთად გაიშლება გულში, ცრემლად შეგეტყობა. აქვითინებული მიეფერები ფიქრში გამომდნარ სახეებს, გაქვავებულ მონასმებს დაუმთავრებელი პორტრეტიდან, ქებას ვერ გაიმეტებ. მინდვრის სუფრასავით გადმოშლი გულს და საყვედურებში ჩაიძირები.

რატომ მაინცდამაინც შენ, მაინცდამაინც ასე და მაინცდამაინც ახლა. თან ვერ გაგირკვევია, მიწის სიყვარული გკლავს თუ ქალის სიყვარული, ქალის მონატრებას მიჰყავხარ თუ ქალის მონატრება გაბრუნებს. თუ ქალი მიწის შვილია, რატომ არის ასეთი მაღალი, ოცნებაც რომ ვერ გაგიბედავს, დამდგარხარ გულშემოყრილი და ხეებს შესტირი. ღმერთს ევედრები, გაგხადოს კვეთებული ლოცვის მსხვერპლი, რომ საჭირველ გაორებას, გასამებას, უბოლოო დახაციცებას მოეღოს ბოლო! გწამს, თუ მონატრებას ჩაუჯექი, სულსაც თანდათან მოეცემა სიმშვიდე. მერე, ალბათ, უფრო დიდხანს შევჩერდებით განვლილზე, ფუჭად ჩატარებულ წუთებს შევაკოწიწებთ წარმოდგენაში, დაკარგულ დროს მივუბრუნდებით ხელახლა და უსასრულოდ. ხანდაზმულ სინანულსაც გამოუჩნდება საქმე...

სითბო, ცივად, ნაზი და უჩვეულო მელოდიით შემოსული, სიყვარულია. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა! სიცარიელეს რომ გაერიდო, განსჯად არ ღირს განვლილი, უაზრო და გარდასახვებით განთქმული ცხოვრება, უფრო ფერად დეკორაციასა და გამოგონილ სიკეთეებში თავშეფარება ჯობია.

მე ვხედავ და მიხარია განცდილი. გულჩათხრობილია და მიუწვდომელი, სააშკარაოსი ეშინია. დგას ფარდასთან და ირხევა მის თანაფარდად ქარში, თხოვნას ელოდება... მომიყევი ძველ წიგნებში როგორც არი, სადაც გაბნეულ სტრიქონსაც უდის თანდაყოლილი სიმკაცრისა და შეუპოვრობის სურნელი, ძერწვის, გამოშრობისა და ენით აუწერელი რუდუნების კვალად მიღწეული მადლიერება, ხელისგულიდან გამოდენილი სითბო ალბობს შიშველ ქაღალდზე დატანილ ბგერწერას, ათასჯერ დაშლილი და ხელახლა აწყობილი აზრის ნაკვეთი ყორედ შემოეწყობა გვერდებს და კაბადონებს, ხან ია-იასავით, ხანაც უჩვეულო, მაწყინარი სუსხით დაშაშრავს მკითხველის ბაგეს, ყელში გადაგცდება უსიამო ლუკმად და თან ჩაიყოლებს ტკივილს, ასე ნაფერები, ნალოლიავები სხეულისთვის გამოწერილ მალამოს... მომიყევი... მითხარი, როგორ დავრბოდით ჰიმალაიზე შუა ზამთარში, უზარმაზარ თოვლსა და ბარდნაში ორნი, დახეული ჯინსებითა და თასმაწაწყვეტილი კედებით მარტოდმარტონი, უპატრონოები, განდევნილები, ცილდაწამებულები ჩვენი ბედნიერი სამშობლოსგან, დაკარგული თაობის შვილები; მით-ხარი, როგორ ამიყვანე ჰიმალაის ყველაზე მაღალ ბორცვზე, დედამიწის სახურავზე და მითხარი: “დღეს ჩვენ მთელი დამპალი დედამიწა ქვემოდან შემოგვცქერის. ისინი პატარები არიან ჩვენ წინაშე, პაწაწკინტელები და არა აქვთ სურვილი, ჩვენოდენა გაიზარდონ.

მათ აქვთ წყურვილი შეიძინონ ბევრი და მრავალი, ჩაიცვან სულ, დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ ერთმანეთს. ცოდვები არიან. შეხედე, რა ციცქნები ჩანან და გირჩასავით გაბუსხულები ჩვენი სულის სათბურიდან. შეხედე, ქვებს გვესვრიან, გვიყვირიან, მოგვბღავიან, ჩხავიან კატის ახლად დაყრილი ბრმა კნუტებივით. თვალში ვერ იხედებიან, რადგან მათ მხედველობას აშკარაობა და სინათლე აკლია და დოლარის უშველებელი კუპიურა ასწებებია ზედ... დიახ, დღეს ჩვენ მთელი დედამიწა ქვეშიდან შემოგვცქერის, უფლებააყრილი და დამცირებული დედამიწა. მითხარი და თმები გამიშალე, სახეზე ჩამომიცურე ორივე ხელი.

მაკოცე. მერე თვალები დაგეხუჭა, თხელი პერანგი შემხსენი და ჩემს შემცივნებულ ძუძუებში დამალე თავი. “მათ სიყვარული არ იციან. მათთვის სიყვარული ლოგინში წოლაა, ღრეობა, გახდა და ფეხებშუა ჯოხის გატარება. მათთვის სიყვარული უწმინდურებაა და ჩარჩო. ისინი სიყვარულს ჩარჩოში სვამენ და საწოლ ოთახში კიდებენ დაღამებისთვის. მითხარი, მითხარი ეს ყველაფერი...

მითხარი, თუ როგორ გვიპოვნეს ბუდისტმა ბერებმა თოვლში გაყინულები, შიშვლები, უმანკოები, გრძნობის მონადირენი და სიყვარულისგან მონადირებულები. როგორ მოვიდა ჰიმალაიზე წვიმა და როგორ ჩამოგვბანა სხეულიდან ქათქათა თოვლი.

წვიმა, რომელიც მუდამ ჩემშია, აღარ მიდის ჩემგან. გითხარი, გავცივდები-მეთქი და ეს გამყინვარებაც ჩაივლის უდანაკარგოდ, მჯერა. მერე რა, რომ ქუთუთოებს ეზარებათ გახელა და წამწამებს მერცხლებივით თამაში... ალბათ ხვდები, ვინცა ვარ...

არა? იცი, როგორ არა, ოღონდ არ გინდა თქვა, არ გინდა გაიხსენო, დარდის თავიდან გაღვიძების გეშინია, წარსულში დატოვებული შენი ლაღი, ნამდვილი, შეულამაზებელი, ცოცხალი სახის გეშინია და ნიღბით დადიხარ. ჭკვიანი, უშეცდომო, პეწიანი ნიღბით, არაფერი გეშლება, ნერვი არ გიტოკდება ყველაზე დიდ საშინელებაზეც კი...

მუდამ ღიმილით გაქვს სახე წაჭერილი. გინდა არაფერი შეგნიშნონ სხვანაირი, შენებური, გამორჩეული. გინდა იმათ ჰგავდე – ყველას, ბრბოს ჰგავდე, საზოგადოების შესაფერი ქუდი გეხუროს. რა მნიშვნელობა აქვს, გიხდება თუ არა, მთავარია, გახურავს, შენც იმავე მოდის მიმდევარი ხარ, მოდერნისტს, გიჟს, უცნაურს, შერეკილს არ გეძახიან. მეტი რა გინდა! ითვლები ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქედ, გაქვს პურის ფული, ოჯახი, ყოველკვირა დილით მიდიხარ წირვაზე, ლოცულობ, კითხულობ ლოცვანს, ჩვეულებრივ, ეზიარები, როგორც სხვები, მიირთმევ სეფისკვერს, ცხოვრობ ცხოვრების რიტმსაყოლილად, და არ გინდა გაიხსენო ის, წარსული, დავიწყებული, განუმეორებელი... მაინც ვერ მიხვდი, ხომ, ვინა ვარ? მიხვდი, მიხვდი, თქმა არ გინდა, თქმის გეშინია, თქმის გერიდება, გრცხვენია ამოდენა ხალხში ბავშვურ სილაღეზე ლაპარაკი, დაგიმალავს ძველი გრძნობა, გადაგიფარებია დავიწყების ფარდა და არ იხსენებ. არ იხსენებ და იტანჯები.

ტანჯვა ეშმაკისეულია, ლამაზო, მოიცილე ეგ ჭირი გულიდან, არ აცალო უფრო ღრმად ფესვის მოკიდება ავადმყოფობას, თორემ გაღიზიანებული მერე უფრო სახიფათოა, საშიში. პირველი სიყვარული იშვიათად იკურნება, ავადობა ან სენი თუ არ დაგიტოვა გულს შიგნით, გულს გარეთ გულადობა თუ არ დაგისახიჩრა, ცრემლიც ჩვილად თუ არ გადინა სოსიალა ლოყებზე, სევდა თუ არ მიგანათა გაუნათ შიგანში, ერთხელ თუ არ დაგტოვა მარტოობის ამარა.

მარტოობა, თალხ და ნაცრისფერ ჩადრში გამოწყობილი, გულისწუხილს მიმძაფრებს. მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ, ერთადერთხელ მინდოდა შენი ნახვა, შენს თვალებში ჩახედვა და მერე... გაქცევა ამ ენითა და ცოდვით მოთხვრილი დედამიწიდან. გესმის? გესმის?! ჩვენ მარტო დავრჩით პლანეტაზე გაუხრწნელები, და ჩვენც გაგვხრწნიან, გაგვჭორავენ, გაგვჯორავენ ენით. ჩვენ ჯვარზე გვაცვამენ, სირცხვილს გვასმევენ, ენით გვათქვლეფინებენ ძუკნა ძაღლების მიწიერ სალაფავს; ჩვენი სიყვარულიც გაიყიდება, ჩვენი გრძნობები სხვის უწმინდურ გრძნობებზე გადაიცვლება და ჩვენ დაგვივიწყებენ. ჩვენც გამოგვრჩება ერთმანეთი და ღამით, მარტოობისას, სიბნელეშიც არ გაგვახსენდება, არ ვიამაყებთ, არ შევწუხდებით ჩვენით, ჩვენი დაჩეხილი სიტყვებით, ჩვენი მიტოვებული სიყვარულით...

ახლა ღამეა და ღმერთთან დასამალი არაფერია – მე არ ვლოცულობ.

ხატი უპირჯვროდ კიდია კედელზე, ღამე თუხთუხებს და ვნება ნაწილაკებადაა დაშლილი. მე ფეხმოკეცილი ვზივარ ფანჯარასთან და უკუნეთს გავცქერი..

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / კვარაცხელია ზვიად / ლილო-ჭრილოზე ამოწვერილი ენძელა