ვაჟა-ფშაველა

1861 - 1915

 

უდიდესი ქართველი პოეტი.

 

მას ჰქონდა ღმერთების ენა და ჰომეროსის ნოყიერება,

მაგრამ არწივად წოდებული საქართველოში დადიოდა

როგორც ჩხიკვი ზაქარა.

პაოლო იაშვილი

„ძვირფასო დაო მარიამ! მე სოფლად ცხოვრება აღარ შემიძლია. ფიზიკურმა შრომამ გამტეხა წელში, ახლაც ავად ვარ. მეყოფა ამდენი ძაღლუმადური ცხოვრება. საზოგადოებას თუ რადმე ეფასება ჩემი თავი, უნდა მიპატრონოს. იქნებ რამე სამსახური გამომიძებნოთ. წერილს სხვას არავის ვწერ, რადგან ვიცი, ჩემთვის თავს არავინ გაიცხელებს“ - ჩარგალში გამოკეტილმა ლუკა რაზიკაშვილმა ეს ბარათი ჟურნალ „ნაკადულის“ გამომცემელ მარიამ დემურიასთვის 1909 წელს დაწერა, მაგრამ აღარ გაუგზავნია.

 

მღვდელ პავლე რაზიკაშვილის ოჯახმა ექვსი შვილი გაზარდა, ხუთი ვაჟი და ერთი ქალი. მათგან ბაჩანა და თედოც ცნობილი მწერლები გახდნენ. ლუკა მესამე იყო და ყველაზე გამორჩეული, თუმცა ყველაზე მძიმე ცხოვრება მას ერგო. ოჯახმა შეძლებისდაგვარი განათლება მისცა. ჯერ თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, ორი წელი თბილისშიც სწავლობდა. 18 წლისამ „დროებაში“ პირველი კორესპონდენცია დაბეჭდა - „წერილი ხევსურეთიდან“. ყველაზე დიდი კვალი გორის საოსტატო სემინარიაში გატარებულმა წლებმა დატოვა. ოცნებად ჰქონდა უნივერსიტეტში ესწავლა, მაგრამ არანაირი სახსარი არ გააჩნდა. 22 წლისამ მასწავლებლობით რაღაც გროშები მოაგროვა, საქონელიც გაყიდა და აგვისტოში პეტერბურგს გაემგზავრა. უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად ჩაირიცხა, დიდი მონდომებით უსმენდა ლექციებს, ბევრს კითხულობდა, ქართველ სტუდენტთა შეკრებებს ესწრებოდა. უფულომ, ჩაუცმელმა, მშიერმა ერთი წელიც ვერ გაძლო პეტერბურგში, იმედმოკლული დაბრუნდა უკან, იმ პერიოდში არც დაუწერია რამე.

 

ისევ მასწავლებლობას მიუბრუნდა, გორთან ახლოს, სოფელ ოთარშენში, ამილახვრის ოჯახში შინამასწავლებლად მოეწყო. გაზეთებში უკვე ხშირად აგზავნიდა ლექსებსა და მოთხრობებს. მართალია, ამილახვრის შვილს ვერაფერი შეაგნებინა, მაგრამ სიყვარული იპოვა, კეკე ნებიერიძეზე იქორწინა და ჩარგალში დაბრუნდა. გაზეთ „ივერიაში“ პოემა „მოხუცის ნათქვამი“ მიიტანა. „არა, ჩვენ, ძველებმა, კალამი ძირს უნდა დავდოთ და გზა ვაჟას დავუთმოთ“ - აღტაცებით წამოიძახა ილია ჭავჭავაძემ, როდესაც რედაქციაში პოემა წაიკითხეს. გაზეთის გამოცდილ თანამშრომლებსაც კი გადაჭარბებული ეჩვენათ რედაქტორის შეფასება. უკვე შემდეგ  იტყვის ილია: „რუსთაველის შემდეგ  ასეთი ნიჭით ცხებული პოეტი არა გვყოლია“.

ორი წელი სოფელ დიდ თონეთში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების  სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და ბედს არ ემდუროდა. ეს იყო ვაჟას ცხოვრებაში ყველაზე კარგი და მოსვენებული პერიოდი. უსამართლობას ვერ ეგუებოდა, ამიტომ მამასახლისი, მღვდელი და მოხელეები გადაიმტერა. მედროვე და ხალხის მჩაგვრელ ადამიანებს სიტყვით, კალმით და მუშტითაც კი ებრძოდა. ფიცხი ხასიათი ჰქონდა და თავს ვერ იკავებდა. სოფლის ბობოლები საჩივარს საჩივარზე წერდნენ და იმდენს მიაღწიეს, რომ სამსახურიდან გააშვებინეს. თვით ილიამ, ვაჟას ნიჭის ყველაზე დიდმა დამფასებელმა, მხარი დაუჭირა მის გათავისუფლებას. ლუკა რაზიკაშვილმაც ცოლ-შვილი წამოიყვანა და ჩარგალში დასახლდა.  პირდაპირობის გამო შემდეგაც ბევრჯერ დაისაჯა, თუმცა მცნებად ჰქონდა, სიბილწეს არ დაზავებოდა.

 

ცხოვრობდა გლეხივით, ხნავდა, თესავდა, მკიდა, თიბავდა, საქონელს უვლიდა. კარგი მეურნე ვერ გახდა, სხვებივით ყოჩაღად ვერ საქმიანობდა. ხშირად მინდორში გასულს ხვნის ან მკის დროს მოაგონდებოდა რაღაც, სიმღერის ჟინი აიტაცებდა, საქმეს მიატოვებდა, ქაღალდსა და ფანქარს ამოიღებდა და წერდა. ქაღალდი თუ გაუთავდებოდა, შვილებს სიპ ქვებს მოატანინებდა და იმაზე აგრძელებდა. ჯანიც გაუტყდა. მეზობლისაგან ხორცი იყიდა. საქონელი ჯილეხით ყოფილა დაავადებული და ციმბირის წყლული შეეყარა. სიკვდილს კი გადაურჩა, მაგრამ თვალი დაუზიანდა. შემდეგ ცოლიც დაეღუპა, მძიმე საქმემ შეიწირა. ნოემბრიდან მაისამდე მთა იკეტებოდა, ცივი, თოვლიანი, ერთფეროვანი ზამთარი დგებოდა. სიღატაკე და ავადმყოფობა ვაჟას მუდმივი მეგზური გახდა - „ტანფეხშიშველი დავდივარ, ცოლს არ მიცვია კაბაო“ -  უზიარებდა დარდს წინამორბედ პოეტს,  დავით გურამიშვილს.

 

თანდათან მთელმა საქართველომ გაიცნო ფშაველი მწერალი, სიყვარულითაც სარგებლობდა, პატივსაც სცემდნენ, მაგრამ დამხმარე და მშველელი, ოდნავ რომ შეემსუბუქებინა მდგომარეობა, არ ჩანდა. ბევრი ვერც ხვდებოდა, რომ დახეულჩოხიანი, შრომისგან ხელებგაშავებული, ნახევრად ბრმა მთიელი სულიერად ყველაზე დიდი არისტოკრატი იყო და რასაც ის ქადაგებდა, ერთი საუკუნის შემდეგ მთელი კაცობრიობის საზრუნავი გახდებოდა.

დღეს ეკოლოგიასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე უამრავი თეორია და კანონი შეიქმნა და მსოფლიო ფეხზე დადგა. ვაჟას თეორიები არ შეუქმნია, ყური მიუგდო ბუნების ხმას და ერთგვარი შუამავლობა იკისრა სამყაროსა და ადამიანს შორის. ამქვეყნად ყველაფერი  - სულიერი თუ უსულო, ხორციელი თუ უხორცო, ბალახი, წყარო, ქვა, კლდე, მთა - ცოცხალია, ფიქრობს, განიცდის, სტკივა და, რაც მთავარია, ყოველი მათგანის არსებობა აუცილებელია სამყაროს წონასწორობისა და ჰარმონიისათვის. „ხევი მთას ჰმონებს, მთა ხევსა, წყალნი ტყეს, ტყენი მდინარეთ...“ და ერთი თუ გაქრება, მეორეც მას მიჰყვება. 

თონეთელმა მღვდელმა ურწმუნოება დასწამა. მართლაც, მღვდლისა და ეკლესიისადმი დიდ მორჩილებას არ იჩენდა, ფარისევლურად პირჯვარს არ იწერდა, მაგრამ მისი შემოქმედება მთლიანად ქრისტეს მოძღვრების ანარეკლია: „მშიოდ-მწყუროდეს კეთილი, ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი“. ამქვეყნიურ ღმერთად კი სამშობლო მიაჩნდა, ვაჟკაცის უპირველეს დანიშნულებად დ „არ ვაქელინოთ სამშობლო მეტოქეს ათასგვარასა.“ მაგრამ  უფრო დიდი ვაჟკაცობა იქნება, თუ მტრის ღირსებას დაინახავ და დააფასებ. ამ თემას  რამდენჯერმე დაუბრუნდა - „ალუდა ქეთელაურში“, „სტუმარ-მასპინძელში“, „ბახტრიონში“.

 

მთაში გამოკეტილი ფშაველი შორიდან უფრო ცხადად ხედავდა და მძაფრად განიცდიდა მოვლენებს, ვიდრე ქალაქში, ამ მოვლენების შუაგულში მყოფი ადამიანები.  მარქსიზმის მოძღვრების მიმდევრები „გაზაფხულდაო“ დ გაიძახოდნენ და ახალ, მშვენიერ ცხოვრებას ჰპირდებოდნენ ხალხს. ვაჟა ხვდებოდა, რომ რევოლუციას გაზაფხული კი არა, უბედურება მოჰქონდა, ბუდიდან გველი გამოდიოდა და ყველაფერს წამლავდა. თუმცა ილია ჭავჭავაძის მკვლელობა მაგალითად ჰქონდა, უკან არ დაიხია, არ შეეპუა, ბოლომდე ამხილა, მომავლის ტრაგიკულობა ნათლად ასახა.

 

1915 წლის მთელი ზამთარი იავადმყოფა. გაზაფხულზე თბილისში ჩამოვიდა. აქ უპატრონეს, საავადმყოფოში დააწვინეს, მაგრამ ვეღარაფერმა უშველა. 27 ივლისს მთელ ქალაქს მოედო ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების ამბავი. მის გასვენებას ზღვა ხალხი დაესწრო, წესრიგს პოლიცია ამყარებდა. ერწოდან ცხენით ჩამოსული ვაჟას უფროსი ქალი თამარი შეაკრთო ამდენმა ხალხმა, შერცხვა ახლოს მისვლა, მერე ვიღაცამ იცნო და მამის კუბოსთან მიიყვანა.

ჩარგალში კი რაზიკაშვილების ეზოში ნაბადი გაფინეს, ზედ მისი ტანსაცმელი გაშალეს, ხმალ-ხანჯალი, თოფი და ფარი დააწყვეს, ირგვლივ შაოსანი დიაცები შემოუსხდნენ და ხმამაღლა მოსთქვამდნენ ოჯახის ბეჩაობასა და ლუკას სახელიანობას

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები / უავტორო / ვაჟა-ფშაველა