კვარაცხელია ზვიად

 

მელქიორის ჯვარცმა 

 

 

 

„ნუ იტანჯები, დარლაო“

ვაჟა-ფშაველა

 

სუფრამ ყრუდ ამოიგმინა და შიშის დიდ, გაფართოებულ თვალებად გადაექცა ყველას სახე – შემსწრე ადამიანებსაც, შემსწრე კედლებსაც, ჩოფურა მამაკაცს (სისხლი რომ სდიოდა პირიდან) და იმასაც, სისხლიანი დანა რომ ეჭირა ხელში.

– აქამდე უნდა მომეკლა, აქამდე უნდა ჩამეძაღლებინა! – დანის პირს დასცქეროდა ბიჭი და თითქოს ნიშნს უგებდა ფეხზე წამოცვენილ მოქეიფეებს, კიდევ კარგი, თორემ უთქვენოდ რას ვიზამდი, სად უნდა მეპოვნა ეს ძაღლიშვილიო.

ნიშნს უგებდა და თან ემადლიერებოდა შეფარვით.

ოთახში ჩამოცხა. ყველა ერთმანეთს მიაჩერდა გამომცდელად. სიჩუმემ, როგორც უჩინარმა ჩრდილმა ჩამოიარა ქუჩის მათხოვარივით და გაშლილ მუჭაში ჩააგროვა შიში, სირცხვილი, სინანული და გაფითრება – ერთად განცდილი.

– სანამდის მიყურებთ ასე...

შემოსასვლელში ტელეფონია, თუ გკითხეს, სასწრაფო გამოძახებაა-თქო – განზრახ მკვლელობა...

 

*

პირველად ნაპო-ჯიჯი წამოსტკივდა სოფელს, როგორც დიდი ხნის ჭრილობა, რომელიც სათვალავში აღარც ჰქონდა უკვე. შებინდების დრო იყო, კარის მეზობლებთან შეიხედა ბერიკაცმა, ჩემდა ჭირად, რაღაც დაემართა ამ ტელევიზორს და უკანასკნელ ცნობებს თქვენთან გავიგებო.

მშვიდად უცქირა კაიხანს, მერე უხმაუროდ გამოიხურა კარი და ჭიშკრამდე მისული არც იქნებოდა, – წაბარბაცდა ცოტათი. სახელურს ჩამოეყრდნო, მარცხენა ხელი ბოძს შემოხვია. გულისცემა გაუხშირდა და მოეჩვენა კიდეც, რომ ჭიშკრის სვეტები კი არა, ასფალტიც, გაცრეცილი ბალახიცა და ჭიშკრის შემოსასვლელთან დაკრული, გასანთლული ჯვარიც მის ფეთქვას იმეორებდა დინჯად თუ აჩქარებით.

– ნათო! – დაიძახა გაბედულად, იქნებ გამიაროსო, ოდნავ შეუშვა სახელურს ხელი, მაგრამ გვიანღა იყო – ფეხზე დგომა აღარ შეეძლო უკვე.

ხმაურმა და ცივი წყლის შხეფმა გამოაფხიზლა ბურანიდან. ხემსად გამოახილა თვალები. ოთახი სავსე იყო მეზობლებით, ნათოს კივილზე რომ მოცვენილიყვნენ, ტახტზე წამოეწვინათ გულწასული და მის გონზე მოსვლას მოუთმენლად ელოდნენ.

– ვოი, დიდა! – გამოფხიზლებულს სიხარულით მიეჭრა ნათო, ხელის მტევანი წაართვა, ორთავ მუჭში მოიქცია და მიეფერა ელდა-მწუხარების გასაქარვებლად.

მოხუცი ხმას არ იღებდა. იქნებ ერჩივნა კიდეც გარინდულ, ბურანის ქვეყანაში დარჩენილიყო, ვიდრე აქ, სიგარეტით გაბოლილ და ცნობისწადილით გაყურსულ ოთახში გათენებოდა.

იქაურობა რაღაცით ჰგავდა კიდეც ზღაპარში გაგონილ ქვეყანას, რომელზეც დედისგან სმენოდა ნაპო-ჯიჯის და გულიც დედასთან მიუწევდა, მონატრების სიცარიელე რომ შეევსო.

– ეხ, შალვა, შალვა, ღირდა ჩემი გამოღვიძება ამ ყიამეთში, დროის ხარჯვად და პოტიკ-წვალებად?

შალვა გამოერკვა, ეტყობა არ მოელოდა შეკითხვას. წამწამები დააფახულა დანაშაულზე წასწრებულივით და იკადრა ავადმყოფთან მისვლა. „მალე კარგად იქნები, სულ მალე, ჯიჯი“ – გაამხნევა ვითომ, არადა თვითონაც არ სჯეროდა ფუჭი დაპირებისა.

– ვითომ? – მოხუცი დაეჭვდა, ცოტათი ეუცხოვა შალვას ნუგეში, ცუდად ენიშნა.

„მაქვს პატივი, წარმოგიდგეთ: ექიმი შალვა“, – პირველად რომ გაეცნო უნივერსიტეტის კურდამთავრებული ძმისწული, გაუკვირდა, მაგრამ ხმამაღლა მოერიდა გამხელას, „თურმე ლენჩებიც ხდებიან ექიმებიო“. გადაკოცნა ახალმოსული, ჯიბეში ფული ჩაუკუჭა და სახელდახელო სუფრაზე გაანდო, სთხოვა და დაანამუსა კიდეც, შენი ყველაზე დიდი სამსახური სოფლის განკურნება უნდა იყოს, ავადმყოფი და ატკიებული კაცი არ უნდა ვნახო აქაობაშიო.

მას შემდეგ ბევრი გამოჯანმრთელდა და ბევრმაც უდრტვინველად დალია სული სოფლის სამოხიოში, მაგრამ ნაპო-ჯიჯის რატომღაც ცუდად ჰქონდა შალვას ნუგეში დაცდილი. „ქსენიას უთხრა – არაგიშავსო და მეორე დღეს ლოგინში ნახეს გაციებული მკვდარი!“, „ბოჩოს რომ ჩაქცევა დაემართა, დაუმშვიდებია თურმე და ისემც შენი მტერი დამშვიდდა...“, „ფლორა რომ გახდა და გაილია, ნევროზმა იცისო და კიბო ჰქონია ქალს...“

შალვამაც კარგად უწყოდა ბიძამისის ახირება. ახლაც ისე, საეგებიოდ დაუყარა იმედის სიტყვები, როგორც ტყე-ტყე წანწალისას ნაპოვნი ხმელი ფიჩხი და გაიტრუნა.

– მე საბოლოოდ გადავწყვიტე: აღარ ღირს ამ გახრწნილ და დანგრეულ ქვეყანაში ცხოვრება! თქვენ ვინ გეხვეწებოდათ, სიკვდილი რომ არ დამანებეთ?! ა?.. რას გაფხორილხართ პარნიკის ყვავილებივით?! შალვა, მაგიდაზეა, ბიძი, წყალი, გადაყლურწე და პასუხი გამეცი, ვინ გექაჩებოდა ჩემს გაღვიძებას?

– მე... ისა...

– იბლუყუნე ახლა, სანამ პირი არ გაგიშრება! წყლის დალევას აცლიან პატიმარს და ამ გადაღრძუებული მოხუცისთვისაც გეცლიათ სიკვდილი, რა იქნებოდა? ნეტა მართლა გადარდებდეთ ჩემი სიცოცხლე!

– რას ამბობ, სქან ჭირმა, – ბრაზი წაეკიდა ნათოს, – რაც შეგვეძლო, გვერდში გედექით სულ...

– ვიცი, კარგად ვიცი, ცდა არ დაგიკლიათ, ადამიანად მეგრძნო თავი, მაგრამ ამდენ ავადმყოფობასა და გაჭირვებას რომ შეეყრები, ფარ-ხმალი უნდა დაყარო ღვთისნიერმა კაცმა. რაღა დროის ჩემი გაბრძოლებაა, ჭიშკრამდე ძლივს მივიტანე თავი და მოსასულიერებელი გავხდი. ამ თახსირ ცხოვრებაში გონს მოსვლა და გაღვიძება მაინც უნდა შეგეძლოს შენით, თორემ გამოჩნდებიან ისეთებიც, ვინც თვალებს ჩამოგიხუჭავენ – ღია დარჩენიაო, გულზე დაგიკრეფენ ხელებს, ყბას აგიკრავენ უხეში ნაჭრით – პირმოღებული არ ეგდოსო.

– ერთხელ ცოცხლობ და ცუდ რაღაცებზე რა გაფიქრებს, ჯიჯი, – ვეღარ მოითმინა კუთხეში ატუზულმა მაყვალამ, რომელიც უკმაყოფილებას არ მალავდა მოხუცის სიტყვებზე და სახე-პირის მანჭვა-გრეხით რომ ვერაფერი გააწყო, ქადაგად დავარდა ყველას თვალწინ.

– ნუ ღელავ, მოიძებნება საშველი, – შალვამაც ამოიდგა ენა, თითქოს ერთიანად შეიკრნენ ნაპო-ჯიჯის მოსათვინიერებლადო, – თუ ჩემი არ გჯერა, ახლავე გავქანდები ქალაქისკენ, კარდიოლოგების მეტი რაა, სახლში მივაკითხავ სათითაოდ. გამომყვებიან... უნდა გამომყვნენ წესით...

– ამ შუაღამისას რა გინდა ქალაქში?! ვათანძარებით გადავსებულია იქაურობა, იქნებ გგონია, სახეზე გიცნობს და დაგინდობს რომელიმე... – შეიცხადა მაყვალამ, – ნაპოს არაუშავს, უკეთაა, დილამდე მოითმენს მგონია, მერე მარტო შენ კი არა, ბიჭებიც გამოგყვებიან, რას მიკეთებენ...

– მეც წამოგყვები, შალიკო, – ავთომაც წამოყო თავი, უფროს ძმას აეტორღიალა, – ღამე მაინც არ დამეძინება.

– დაეტიე შენს ადგილას, სად გათრიო ათი წლის ღლაპი. თუ ვაჟკაცი ხარ, ნაპო-ჯიჯის უთიე ღამე, სანამ ექიმს მოვიყვანდე.

რაღაცები მოუყევი.

შალვამ თბილი ლაბადა მოიხურა, კარი გამოაღო და ლამფისა და მთვარის შუქი აიხლართნენ აივნის კუთხეში.

– გაგინათებ, ფეხი არაფერს წამოკრა, კისერი არ მოიტეხო, – გამოსძახა ნათომ, მაგრამ შალვა კიბეებს ჩასცდენოდა უკვე.

– სორდიებს შეუარე აქეთობისას.

ამასწინათ შემპირდნენ, თუთუნს გადაგინახავთო. შეახსენე, თუ ძმა ხარ.

კოჭლი ლანდი აისვეტა ჭიშკართან.

„ეს თარსი საიდან ამეკიდაო“, – გზაში წყრებოდა შალვა.

 

*

– ბაგაჟნიკი გამიხსენი, წიე!

– ქალაქში მეჩქარება, ბიჭებო, ავადმყოფი დავტოვე, მოხუცი, წნევიანი, რა დროს გაუმეორებს...

– აი, აქამდე მაქვს თქვენი რიჟა ბაზარი ამოსული... ყველას რაღაც ჭირს, ყველას ვიღაც უკვდება, ჯანმრთელი კაცი დამანახეთ, ტო!

– მოხუცია, წნევიანი... ექიმს უნდა მივუსწრო. ისიც არ ვიცი, ადგილზე დამხვდება თუ არა. ასე უცბათ გამოვიქეცი...

– ბაგაჟნიკში არაფერია, ერთი დაშვებული პაკრიშკა.

გაუშვი, ერთი მაგის კარგიც, ვის რა უნდა დაუშავონ...

– შიგნით შეიხედე, გაჩხრიკე მანქანა, ეშმაკმა იცის, რას მალავენ ეს ახვრები. გაატარებ, სუფთაა და მერე თურმე ხუთი კილო ტროტილი ჰქონიათ, იარაღის მთელი საწყობი.

– მე ექიმთან მივდივარ... ექიმი ვარ თვითონაც, მაგრამ... ის, ქალაქში, უფრო გამოცდილია. ბიძაჩემი ცუდ დღეშია, იქნებ უშველოს რამე, მომაკვდავია კაცი...

– კოვრიკები შეამოწმე, მანდ არ ჰქონდეთ შემალული, ბარდაჩოკშიც – გაინძერი, გაინძერი!

– ყველაფერს გეფიცებით, არაფერი ისეთი მანქანაში არ მიდევს, აზრი არა აქვს ტყუილა შემოწმებას, რამე რომ იყოს...

– მოკეტე, რა, ისედაც ეკლებზე ვზივარ! სამი სუტკაა ამ პოსტზე ვათენებთ, ძილი ჩვენთვის არ არი და მოსვენება. ახლა კიდე შენისთანების ლაყაფი მინდა? მომეცი გასაღები, შტაბში უნდა წავიყვანოთ მანქანა!

– ძალიან გთხოვთ... ნუ წამართმევ, ძამია, ავადმყოფი, გაჭირვებული მელოდება...

ხალხი ჩემს იმედზეა...

– გასაღები-მეთქი, გითხარი...

 

*

– იმ ჩათლახმა კიდე, არც ჩემი და არც თქვენიო, აიღო და პირდაპირ მდინარისკენ არ დაიქნია გასაღები?!. – ზიზღით ჰყვებოდა რატი, ყვრიმალები უწითლდებოდა და მარცხენა თვალს ჭუტავდა ოდნავ.

სუფრა ბორგავდა მოლოდინით, ცნობისწადილი იყო ღვინოცა და პურიც სერობაზე, საიდუმლოს შეტყობის სურვილი, სიმთვრალეში რომ მოგეკიდება და არ გასვენებს.

– პირველი სეტერამ გაუქანა. ხმა კაი ჰქონდა დარტმას, მაგრამ ტიპი არც შექანებულა, თითქოს ამას უცდიდაო, გაისწორა და გამოხედვა ვერ მოვასწარი, მიწაზე ფართხალებდა სეტერა.

ხელები აუცახცახდა რატის. სიგარეტი ძლივს ჩაჭყლიტა ნამწვავებით სავსე საფერფლეში, ნერწყვი გადაყლაპა. გაშეთებული შესცქეროდა ხალხი. წინ მჯდომს შეხედა მხოლოდ – ყმაწვილს ნესტოები უთამაშებდა, გაქვავებოდა თვალები.

– სანამ ჩემკენაც დააპირებდა, ხელს ფეხი შევაშველე და ქუსლი ჩავაზილე მუცელში. ზურგით გადაემხო კაპოტზე.

ვიფიქრე, მორჩა, მაგრამ იმ წუთში საფეთქელთან ვიგრძენი დარტყმა და დავზადნე გვარიანად.

ყმაწვილს ჭიქა გაუსხლტა ხელიდან. რატიმ შეატყო, ისიც ღელავდა, უცახცახებდა თითები, ძარღვი უთრთოდა ყელთან და საფეთქელში...

ჭიქა დაიმსხვრა, წყალმა იატაკზე იპოვა სადინარი.

– ჩხუბის კანონია: ფეხი არ უნდა აგერიოს და თვალი უნდა გიჭრიდეს. თვალია მთავარი, ძალაც და ოსტატობაც მაგაზეა. მაშინვე შევატყვე – თვალით მიგებდა, ამიტომ მარცხენათი რომ დავუქნიე, აღარც გამიხედავს მისკენ. ატორტმანდა, ხელი აიფარა სახეზე. მაშინ კი ვიხელთე დრო...

აზარტს მიენდო მთხრობელი. სანამ ნაძალადევი დუმილი ჩაივლიდა, ოთხივე კუთხე „დაალივერა“.

ქალები იცრემლებოდნენ, კაცები ბრდღვინავდნენ და აწვალებდათ გულში ჩაჭყლეტილი უმოქმედობა. ყმაწვილი, წინ რომ ეჯდა, თითებს აწვალებდა და ღელავდა უწინდებურად. პერანგი შეეხსნა, ცარიელ თეფშზე გარდიგარდმო ეწყო მელქიორის დანა-ჩანგალი, თითქოს ქრისტეს ჯვარი შემოეტანათ სერობაზე.

– მერე, მერე როგორ იყო? – ვერ მოითმინა ერთმა, სხვების ნაცვლადაც იკითხა.

– აზრზე მოსვლა არ ვაცალეთ. ჯერ ორი მუშტი ჩავაფეთე – წარბთან და ნიკაპის ძირში, მანამ სეტერამაც წამოკრიფა სხეული მიწიდან და რაც პირველი მოიხელთა – გადაჭრილი თოფი იყო მგონი – კონდახით ჩამოამხო თავზე.

სისხლმა იფეთქა. „მეტის ღირსია ეგ ფარჩაკიო!“ – არ მოეშვა სეტერა და ხათქა-ხუთქით რომ გული ვიჯერეთ, პირაღმა დაემხო ტიპი, ხმა გაკმინდა სამუდამოდ.

ხმა სუფრასაც გაეკმინდა. სკამებს შეხორცებოდა გალურსული და ენაწართმეული ადამიანების მწკრივი, ხეში ნაკვეთი, უსულო ქანდაკებასავით. სიცოცხლის ნიშატი არ ეტყობოდათ, ვიდრე ერთი კაცის გაბედულებამ თავდაყირა არ დააყენა ყველაფერი:

– ფეხზე დადექი, ნაბიჭვარო!

მღელვარების და მრისხანებისა არ ეთქმოდა, უფრო განწირული, თავზეხელაღებული კაცის ხმას ჰგავდა, სუფრას რომ გადაუვლის, ყველა კალაპოტს მიაწყდება და ხევში დაიღმუვლებს მთიდან დაძრული მდინარესავით.

– ფეხზე დამიდექი!

რატი წამოიწია, გაოცების ჩუმი, რძისფერი ნაღველი ჩაუდგა თვალებში.

მუშტებით დაებჯინა მაგიდაზე და ქვემოდან ამოხედა გამწყრალ პროფილს, ჩახუთულ სივრცეს.

არ განძრეულა. განძრევაც ისეთივე უაზრო და უადგილო იქნებოდა, როგორც ყველაფრის უარყოფა, რაც აქამდე გაემხილა, მღელვარედ და სულმოუთქმელად.

იდგა და ითვლიდა, როგორ სერავდნენ ვერცხლისფერი დანა-ჩანგლები მკვლელსა და მსხვერპლს შორის ატოტილ საზღვარს, ნაკუწ-ნაკუწ გაჰქონდათ სისხლი და ხორცი დარღვეული ციხე-კოშკიდან. უცებ მოეჩვენა – სიცოცხლეს კი არა, მხოლოდ სულის ჟანგიან ნაფლეთებს მიეზიდებოდნენ თანდათან, როგორც დღიურ ყოფაში დაგროვილ ნაგავს. თვითონაც, სანიმუშოდ აქნილი და დასახიჩრებული, ჯვარზე გაკრულს უფრო ჰგავდა საკუთარი ცოდვების გამო. 

– ავთო, ავთო, ეს რა ქენი!

ძლივს ლუღლუღებდა ვიღაც, უნიათოდ.

ღია ფანჯარაში მთვარეს შემოედგა გალეული სხეული.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / კვარაცხელია ზვიად / მელქიორის ჯვარცმა