კვარაცხელია ზვიად

 

შენთვის 

 

 

 

(სათუთად შენახული ნამცვრევები)

*

...შენ, როცა ერთხელაც, სამუდამოდ გამოირთვები სამყაროს არსებათა უწყვეტობიდან, ერთი ხელის მოსმით, უგანგებოდ მოსწყდები გზას, როცა მიხვდები – გვერდით მოსიარულე სულდგმულთა ნაბიჯს ფეხს ვერ უწყობ, მათებურ სიმღერას ვერ მღერი, და მათნაირ ცეკოს არ თამაშობ წინალითა და უკანალით...

დაღუპვად კი არა, აღდგინებად მონათლავ ჩავლილ მისტერიას, რადგან შენი დროის სულიერები მოწყვეტილნი არიან აშკარა და ნამდვილ სიწმინდეს. ისინი მხოლოდ თამაშობენ სიყვარულის ბალაგანში, გადანაწილებული აქვთ “ქალის”, “მამაკაცის”, “ქვეშ მყოფისა” და “ზედა სართულის” როლები, ჰყავთ მათზე დაფჩენილი ბრბო (მოტაშეები, მსტვენიები, მყივანები, მკივანები, ქლესიები, “დამფასებლები”, ავტოგრაფზე მონადირენი), აქვთ ნაირფერი განათება, მიწიერი მუსიკა, აღმგზნები მელოდია.

გარბიან და აღარ ბრუნდებიან სიწმინდის ლანდშაფტში, გამოიძევებენ ყოველივე წრფელს, პიროვნულს, საკუთარს, ხალასს, ფაქიზსა და უმწიკვლოს და აგინებენ ამის უმალ, თრგუნავთ გამოდევნილის გახსენება...

*

საშუალო სკოლებში ადრე (და თუ არ ვცდები, დღესაც), წარმოსახვაში უმეცარ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს ჩვევად შეენიშნებოდათ მუდმივად ყალბი, “შეთხზული” დაინტერესება თავისუფალი თემებით. ძალიან ხშირად თუ ძალიან ხანდახან ისინი დაბარებულივით ცდილობდნენ, გამოეჭირათ ჩვენში ფანტაზიის ნამცეცები და ასევე ძალიან პერმანენტულად შემდეგი სახის თემებს გვთავაზობდნენ:

“მე რომ მასწავლებელი ვიყო”...

“მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო”...

“მე რომ საქართველოს პრეზიდენტი ვიყო”...

“მე რომ უჩინმაჩინი ვიყო”...

თითქმის არავინ (იშვიათი, მეტყველი გამონაკლისების გარდა) ცდილა, ერთხელაც გაერღვია თავისუფალი თემის თავისუფლების ჩარჩოები, ყოფილიყო უკანმოუხედავად უკომპრომისო და დაფარულზე აეგო ამბავი:

მე რომ ვიყო შენ...

ნურვინ იფიქრებს, რომ ამ შეკითხვით არაფერი შეიცვლებოდა, რაც კი ტრადიციის მტვრიან სარდაფში შეუნახავთ. მოთმინებით ელიან, როდის გამოჩნდება სამიზნე, დამოკლეს მახვილივით რომ დაეკიდოს, სათითაოდ აწყას და აღნუსხოს ჩვენი ცოდვები.

შეიცვლებოდა ძირითადი და უმთავრესი – გული ჩვენი ანცობისა.

გული გახდებოდა ყველასი. ადვილი იქნებოდა სიყვარულის უშურველი გავრცელება, გულიდან გამონაძახი ხმების შეტყობა.

ჩვენ ერთი გულით ვიცხოვრებდით, ერთი გვექნებოდა საგულე-საბარგული და წმინდა მამები დაგვახასიათებდნენ, როგორც “საგულისხმოდ გულგახსნილ, საერთო გულისნადების მქონე გულთამხილავებს”.

*

სიყვარულზე დიდი სჯა-ბაასი იყო ამას წინათ უნივერსიტეტში, ყველა თავისას მიაჭენებდა, აურზაურს მიჰქონდა იქაურობა.

სიყვარული ასაკისმიერიაო, – თქვა ერთმა გვარიანად მექრთამე კურატორმა და ვაშად გადმოალაგა თავისი გებჟალიასავით თვალები.

როგორო, ჩაეკითხნენ.

როგორ და, პატარას სიყვარული უფრო წრფელია, მოზარდისა – სხვა, შერყვნილი, სიყვარულიდან გახრწნამდე ნაბიჯიაო, შეჰყვა და შეუბერა ძალმიცემულმა, ხობის მილიციასავით.

... წუხელ ღამურა შემოფრინდა საძინებელ ოთახში.

მარცხენა კუთხეში საქართველოს ფიზიკური რუკაა გაკრული ჭიკარტებით. ჭიკარტის ჟანგი სქელ ქაღალდზე მიწისფრად გადასულა, მთელი ფშავ-ხევსურეთ-მთიანეთი ჩამოუდღაბნია, სამეგრელოს აღმოსავლეთით (სადაც ახლა გურია იწონებს თავს) ლურჯი სინესტე ეტყობა.

რამდენსაც ეცადა ღამურა, შიშველი ფანჯრისათვის მიეცა ფრთები, იმდენი დაეხალა კედელს, დაურიდებლად ურტყა და უთავაზა.

დედას შუქი აენთო ამასობაში, შეშინებოდა პირველი შეშინება. ქათქათა ზეწრით გამოვენთე ფრთიან თაგუნას – ვირთხას წამის უმალ გავსრესდი, ღამურამ კი დამაეჭვა და მოსალოდნელ უძლურებაზე დამიფეხმძიმა გონება.

ცოცხს ვეცი. თქვენ კარგად მოგეხსენებათ აფორიაქებული კაცის სიტუაციური სიმულაციები განსაცდელის დროს. ქნევა რბილი სიტყვაა იმ მოქმედებასთან შედარებით, რასაც მაშინ ვახორციელებდი. ცოცხს წარამარა სცვიოდა ბეწვი, მე ცალკე ვიწურავდი ოფლს, დედაჩემი იქით დნებოდა, ჩემი წამების თვითმხილველი.

აი ახლა, ამ წერისას უნებლიეთ ის ღამურა მომაგონდა.

ღამურა იქით იყოს და, პირველი სიყვარული ხომ ჰგავს სულის საძინებელში შემოფრენილ მაწიოკებელ ფრინველს, გნებავს “აქშა” უძახე, გინდა ცოცხი უთავაზე – დარჩება, ჩაგრჩება, საითაც გაიტევი, ისიც გამოგყვება, “შენი მტკივნეული სიძველე ვარ”, – ქუშად შემოგძახებს.

*

თქვენ ალბათ გსმენიათ უკვდავი ყოფითობა, რომელსაც პირველი სიყვარული ჰქვია.

აქ მდგომ სულიერს, როგორც უბღალავ სიწმინდეს, ისე უყურებ და ნათელი თვალით შესცქერი... შენში ნაბიჯები იწყებენ ტივტივს, სუნთქვას ემორჩილები, წარსულს აზავებ ახლანდელთან, ხდები ხუთივე გრძნობით უზადო.

მას სათნო სახე ჰქონდა სიტყვის ნატიფი, ფაქიზი და უსათუთესი გაგებით, მშვიდი თვალები და შორეული გამოხედვა, ბავშვური მზერა. ასეთები ყოველთვის ჩრდილში არიან, ხანდახან თავად იფარებენ მორიდების ჩადრს, კრძალულებას ესწრაფვიან და ფრთხილი პა-დე-დე არასდროს ხდება თვალშისაცემი.

უნდა შეამჩნიო. შემთხვევა საგანგებოდ წაგეხმარება, ხელს შეგაშველებს. სულერთია, მარტო იქნება თუ ხელიდან ჩანთა დაუსხლტება, რისიმე შეეშინდება თუ საათს დაეკითხები. თვალები სახეთა დამახსოვრებაში ვარჯიშდებიან, თვალები ყურადღებას აარსებენ.

უნდა ეცადო, თვალები მოახვედრო თვალებში.

შინ გაცილებას შესთავაზებ (რაც ბანალურია და ნასესხები).

ჭიქა ყავაზე მოიპატიჟებ (რაც ერთობ ქაჩალი სითამამეა და ყველასთან ვერ გაჭრის).

გაეცნობი ან გამოეცნაურები (ეგებ მას არ ნებავდეს ხელის ჩამორთმევა და მიგება, რომ “თქვენი გაცნობა ფრიად სასიამოვნოა”?).

თვალები გიხსნიან გაუგებრობისგან.

ხავსისფერი და შავი. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა. შენ არ ირხევი, სხეული დაჩრდილულია უძრაობით და არ განაღვლებს სიჩუმის დახარჯვა; მეც... შენსავით... სისხლი მომაწვა სახეში, გაქვავებული ვდგავარ და მძლავრობს ჩემი სულის ნაციონალური კონფესია, სიმორცხვე.

აზვირთებული სიჩუმე მოაწყდა ნაპირებს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ თვალებით ვართ. თვალებით ვხედავთ, თვალებით გვესმის, თვალებით გვტკივა, თვალები აგებენ გულში ახალშენებს (ერთგულების ფაზისი, სასოების გიენოსი, კრძალულების პიტიუნტი, სულგრძელობის დიოსკურია).

თვალები შეიცავენ ჩვენს ყველაფერს, თვალები აზროვნებენ, თვალები ამბობენ, თვალები განიცდიან მოღიაღებული სინდისის სიწრფელეს – ჩვენი უერთმანეთო თვალები.

მე ცოდვა გამოვიღე ჩემი თვალიდან, შურშიშისფერი გონებით არც შენსაში ვეძებ დაფარულს, რადგან სიყვარული დღეს სარწმუნოება გამხდარა.

მივესალმები მათ, ვინც პირველმა იღო ნათელი, სულიდან ბოროტება გამორეკა, გულში სათნოება დაამკვიდრა, უბრალოებას შესწირა ძღვენი.

ხავსისფერი და შავი. შავი და ცისფერი, ყორნისფერი და მწვანე დანაშრევები ქუთუთოებთან. ჩემი და შენი თვალები აცილებენ ერთმანეთს. სულში იძერწება ყოფითობა, რომელსაც პირველი სიყვარული ჰქვია, ჰქვია თვალღებული სწორფრობა, ცრემლი და გოდების ციხესიმაგრე...

*

მთელი სიცოცხლეა სიწმინდე მშია. კვალდაკვალ მივდევ და გამირბის შენდობისფერი უბიწო ყანა, მორჩიფოთლა ჯეჯილის გრძედით, მობიბინე მდელოთი. როგორ ვეცადე, რარიგ არ ვეწარმართე მის მეწამულ უკიდეგანობას – ვერ შევაღწიე ვერაფრით.

როგორც კი მივუახლდები, მიწა მისკდება ფეხქვეშ, ცა ზევიდან ქურუხს ატეხს, ყომრალი ყვავები – ბუნების შავი სალახანები, რა ყვანჩალი იციან ანდა – თავის სიგრძეზე დამიწყებენ სკინტლაობას, ვეღარ მომიშორებია. დავრბივარ ძალაგამოთავებული წაღმა-და-დაღმა. ერთიხანობა ხელსაც ჩავიქნევ, არ ყოფილა საჩემო ეს ყანა, გავეცალო ჯობია, რასმე ფათერაკს ამკიდებს-მეთქი. ცოტა ხნის შემდეგ, ისევ არ ვიშლი, ჭაობისფერი უსახობიდან გამოცურვა მინდა, ვძალიანდები – სხვებს, ჩემნაირებს რომ ვხედავ იქ, ის მაცოფებს, შური მძლავრობს და სურვილი, მანამ არ დავმშვიდდე, მანამ არ შევეპუო, ვიდრე შევაღწევ, ნდომად ატანილი არ შევიჭრები, ნამიან ყლორტს მოვწყვეტ და სულთქმა სულისკვეთებით არ შევექცევი ბოლომდე...

*

ვინც სინათლეს დიდხანს, თვალსაჩინოდ დაჰკვირვებია, აღმოიჩენდა გონებაში მოსულ, უეცრად მობერილ ჩუმ შეკითხვას:

რატომ მენატრება უკიდურესობა?

რატომ მახრჩობს და მასახიჩრებს სურვილი, გავიგო რა ხდებოდა დასაწყისის წინ, რა მოხდება დასასრულის მერე?!

რატომ ჰქვიათ ადამიანებს სახელი და რატომ არ იწოდებიან ისინი, ვთქვათ, ზმნით. ქცევები მეტყველს გახდიდნენ მათ არსებას.

დავუშვათ, დიაღაც ხომ არაფრისმთქმელია დიოგენე უმეცარისთვის, მაგრამ სულ სხვაა: “ელოდება” მის ნაცვლად – უმალ კითხვას ბადებს,

რას,

ვის,

როგორ,

როდიდან ელოდება?

დიოგენე დიდი ხანია (დღემდე) დაუსრულებლად ელოდება ადამიანს.

სამაგიეროდ, დღემდე არავის დანახვა არ სურს ლესბოსელ საფოს, რომელმაც უკვე გამოიარა სახეობრივი სანახაობანი, სულიც მრავალჯერ დაიზუსტა და უკიდურესობაც აღარ ენატრება.

ჩვენ კი რატომღაც ძალიან გვენატრება უკიდურესობა.

სინათლეს ხედავ – ბნელში გინდა. ხარ ღარიბი – წელში გაშლა გეოცნებება. ანდა პირიქით.

უარესიც:

ქალი გაჩნდი და განგებას ევედრები, მამრად გარდაგმოსოს.

დააკვირდით თეზა-ანტითეზების თამაშს, ახირებას, შავით დაწერო შავზე.

...

შეკითხვაზე, თუ რა უნდა გახდეს მომავალში გონების მასალა, ჩვენ კარგა ხანს დაფიქრების შემდეგ ვუპასუხებთ:

შეცდომა!

და სხეული უნარებით აივსება.

 

*

ხანდახან ამართლებს დაზუსტება და ამ ერთხელ იქნებ ჩვენც გვეცადა:

ნებსით და უნებლიეთ ჩადენილ ქმედებათა ერთობლიობას, რომელიც ზიანს აყენებს სათანადო სულიერ სიკეთეს (ივარაუდება, პირველად ყოვლისა, ადამიანი) და დაკავშირებულია გულში იფქლის გაღვარძლების მდგომარეობასთან, ცოდვა ეწოდება.

ცოდვის ცოდნისათვის უპირატესობა ენიჭება თავად ცოდვის ჩადენას და ეს მარტივადაა ახსნილი: ის, რაც არ განგიცდია, შესწავლილიც ვერ გექნება.

დაფარულის გასაგებად მოძველებულ მეთოდს მიემხრობა ადამიანი. დაღამებისას დაჯდება საკუთართავის სარკესთან (მე და მე) და გულახდილად ამოიკითხავს შეცოდებათა ნუსხას:

მემთვრალეობა.

– ვარ!

ბილწსიტყვაობა.

– ვარ!

ვერცხლისმოყვარეობა.

– დილით იყო და წავიდა, მას!

სიძულვილი.

– ავად გახდა და ითხოვა!

მრისხანება.

– ...

მრისხანება.

– ...

მრისხანება!

– ვააააარ!!!

ანგარება.

– ჯერ არ გამოჩენილა, მას!

კაცკვლა.

– დააგვიანდება...

ქურდობა.

– ცარცის მოსატანად ჩავიდა, მას!

შური.

– გვაქვს ეს ბედნიერებაც!

სიძვა-მრუშობა.

– არის!

ურწმუნოება.

– აქა ვარ და გპირდებით, რომ დღეისსწორზე ნულს გაუთანაბრდება თქვენი სულიერების დეპოზიტი!

სასოწარკვეთილება.

– იმედები გარდაეცვალა, მას. წერილობითი შეტყობინება არ იქნება და ეგება გეკადრათ პანაშვიდზე მიბრძანება!

ეჭვიანობა.

– საჭირო ოთახშია, მას!

უქმმეტყველება.

– აგვიკლო, მას!

განკითხვა.

– მოგეცა ლხენა, დაგექცა ჭიშკარი!

და ასე უსასრულოდ...

*

ვიღაცისთვის მსჯავრის დადება, ერთხელაც ჩვენში სინანულს აღძრავს. მოგვიწევს, პირწმინდად შევიმუსროთ ჩვენი გულები, ვნებას დამოკიდებული გემოვნება და სახედ გამოვსახოთ არაპრესტიჟული პირჯვარი, ანუ ფარულად კმევა მადლისა.

სამეტყველო ენაში, სასურველი იქნება, ჩავამატოთ ხშირად სახმარი (ხშირად სათქმელი, ხშირად გასაგონი) სიტყვები:

შემინდე, მომიტევე, მაპატიე...

მომნანიენი, ძირითადად, გრძელი ენისა და უკონტროლო ქცევის “წყალობით” ჩადენილს ასაჩივრებენ. ღმერთთან შეხვედრის რიგში დგას უზნეობის ღაბაბდადებული ბრბო, რომელსაც ყურადღება და სათქმელის გახსნა სწადია. უფალი გადმოხედავს შვილთა მისთა.

და აიკრიფება: ამას გთხოვ, გენუკვი, გღაღადებ, გეოხები, გევედრები, გეხვეწები, გემუდარები, გეზნახები, გეაჯები, გეღიჯინები, გეღიცინები და გეღრიცინები...

სანაცვლოდ დამბადებელი ჩვენი სმენა-და-გაგონებას მოითხოვს.

“ცხოვრება დღიდან დღემდე გადებული ხის ჯოხია: დილას მთელი, შუადღეზე ნახევრად მთელი, საღამოთი გამოფუღრული.

თუ დღეს დღით არ მოასწარ დღესდღე მოსასწრები, ხვალ არ გეცლება მისთვის და მიგრჩება. ამიტომ, თუკი ცხოვრება გინდა, ყოველდღე უნდა ჩახვდე კითხვას,

რაში ვცდები და რას ვეცდები და პირველს აუცილებლად პირველი გაეპასუხო”.

*

შეხეთ, როგორ ჰგავს ხელგაშლილი ადამიანი ჯვარს, ხელგაშლილი ქართველი კი ვაზის ჯვარს. ქართულ მიწაზე დაბადებულისთვის ითხრება სანერგე და სამარე, ჰყრიან ვაზს და მიწით ფარავენ.

შემჩნეული მაქვს, დიდხანს გრძელდება რტოთა აღმოცენება. ქართული ვაზი თავმოყვარეა. ამოდის, ნება-ნება ამოიზრდება, გარშემო მიმოხედვა სჩვევია, თვალიერება – პირველად ვინ შემნიშნა, ვინ დამლოცაო.

ტანს აიყრის, წლებს მოიყრის, ზეცაში აიხედავს. მერე მლოცველ ქალწულსაც შენიშნავს ახლო, სხეულს გადიჯვარედინებს კეთილ თითებში და ივერიისკენ წაჰყვება თოვლიანი გზით, ქრისტიანობის საქადაგოდ..

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / კვარაცხელია ზვიად / შენთვის