კვინიკაძე ნესტან

 

დევები მთებში წვანან 

 

 

 

დილაა.

დევი მობილურ ტელეფონს ფეხაკრეფით აძვრენს დედის ჩანთიდან. მხრებში მოხრილი ტუალეტში მიიპარება. ფეხით კარს იჭერს და ხელისგულს შლის. თეთრი ქაღალდის ნაგლეჯზე მიწერილ ნომერს კრეფს.

– გოგი გამარჯობათ, მე გუშინ გესაუბრეთ მანქანის თაობაზე...

ხმა თითქოს არ ემთხვევა მის გარეგნობას, და ეს ტონიც სრულიად ზედმეტია საპირფარეშოსთვის, სადაც ამოტეხილ კაფელებზე საიდუმლო დამწერლობის კოდებს გაშიფრავ, მუქ ყავისფერ მეტლახზე კი, კარგად თუ დააკვირდები, დაძველებული შარდის ანარეკლებსაც გადააწყდები.

– გადავწყვიტე მაინც ვნახო! ... დიახ დღესვე... კარგი, სამზე მანდ ვიქნები.

დევი უნიტაზს ჩარეცხავს.

გამოვა და მობილურს დედის ჩანთაში ჩააბრუნებს.

ჯიშიანი ცხენი რომ გამოძვრება უსასრულო სტეპიდან და ყორღანებიდან, საქარავნო გზებს რომ გაივლის, ასე ნება-ნება გამოსრიალდა ახლადაგებული ასფალტით მოლიპულ ეზოში ბატონი გოგის CHEVROLET HHR. 52 ათასი კმ გარბენით და კლიმატკონტროლით. ეს დალოცვილი მანქანა მართლაც ისეთი იყო, როგორიც ფოტოზე, რომელსაც მთელი საღამოს მანძილზე უცქერდა დევი წინა დღით მეზობელთან, რომელსაც უკაბელო ინტერნეტი კი აქვს, მაგრამ ოჯახის წევრებს მაინც არ ყოფნით, - ახლა კიდევ დევი, თავისი გატაცებებით... მით უფრო, რომ დევის ხელოვნური დამეგობრება მასზე რვა წლით უმცროს ალბინოს მიშოსთან არცერთ ოჯახის წევრს არ სიამოვნებს. და ალბათ ამიტომაც, სწორედ მისი სტუმრობისას გადაიქცევა ხოლმე ეს სახლი ნამდვილ ინტერნეტ კაფედ, დევის ჯინაზე ყველა კომპიუტერს ჩასცქერის თვალებში და შეგნებულად ანელებენ სისწრაფეს, რომ დევიმ, რაც შეიძლება მეტი იწვალოს მანქანების ძებნისას, რომ აღარ მოვიდეს და ამ ინტელექტუალურ ოჯახში, მისი უინტელექტო ინტერესები არ დაიკმაყოფილოს.

– მიშო შენ იმეცადინე უკვე? – განგებ იკითხავს დედა და მერე ბებია.

მიშოს ტყუპ ძმებს ძინავთ. თითქმის სულ ძინავთ. მიშოს დედა ამბობს, რომ ძალიან იღლება და რომ ძიძა უკვე აუცილებელია.

– კაპოტიც ავხადო? – ეკითხება დევის შუახნის სანდომიანი გარეგნობის მამაკაცი, რომელსაც “გადანახულებაზე”, სავარაუდოდ, შვილიშვილიც წამოყვა და რომელიც პატარა ცერებზე იწევა, უფროსების მსგავსად, მანქანის ნაწილებში რომ ჩაყოს თავი.

– ხარაშო, გასაგებია...

დევი გოგის სიგარეტს ეწევა.

– მეჩქარება, თორემ ამ ფასად? რას ამბობ... დაძაბული ამბობს გოგი.

– კაი, დავჯდები ეხლა და გავივლი. – დევი თან სიგარეტის ნამწვავს იქვე მიაგდებს.

გოგი გასაღებს უწვდის და შვილიშვილთან ერთად დევის მანევრებს ადევნებს თვალს.

მიქრის CHEVROLET HHR სწორ გზაზე. დევის მოღუშული სახე ნელ-ნელა დუნდება და ბოლოს ღიმილი ეტყობა. ახლა უხვევს და დევის მექანიკურად თავიც იქით ეხრება. შორს გოგი და მისი შვილიშვილი ჩანან გაურკვეველი მოლოდინით სავსენი.

დევი მათ ფეხებთან ამუხრუჭებს.

– კარგია, – ამბობს მრავლისმთქმელად. მოვიფიქრებ და დაგირეკავთ.

შეხვედრა მთავრდება.

მიშოს ძმებს დღესაც ძინავთ.

სანამ დევი მიშოს კომპიუტერთან იკავებს ადგილს, მის ზურგს უკან მიშოს დედას ძიძების ქასტინგის მესამე დღე აქვს.

– ხუთი დღე შემიძლია ვიმუშაო, შაბათს ჩემ თავს უნდა მივხედო და კვირა... კვირა კი, – აქ პაუზა გააკეთა ძიძამ, – ერთი დღე ხომ უფალს უნდა მივუძღვნათ? მეც სწორედ მთელი კვირა დღე ეკლესიაში ვიქნები.

მიდი და გაიგე ახლა, ეს სამოც წელს გადაცილებული ხმადაწვრილებული ქალი როცა უფალს ამბობს, იესოს გულისხმობს თუ იეღოვას?

სანამ შავი ფონია, დევი ოსტატურად მონიტორზე არეკლილ მიშოს ლამაზ დედას უყურებს, სამი შვილი რომ გაუჩენია და ასეთი თხელი და მიმზიდველია ისევ. ოდნავ წითური გაშლილი თმა მხრებზე დაუყრია.

დევი ფიქრობს, იქნებ დედამისს თმა რომ შეეღება, ისიც ლამაზი ყოფილიყო.

და წარმოიდგინა უცებ ლამაზი დედა, ადრე დაქვრივებული, მაგრამ მაინც ლამაზი. რომ მათი ოთახნახევრიანი, კედლებგახუნებული სახლი, ოთხოთახიან ევრორემონტიან ბინად არის ქცეული.

ყველაფერი თავის ადგილზეა.

დევის საკუთარი მობილური აქვს და კომპიუტერიც. უფრო მეტიც, კომპიუტერი დედამისსაც თავისი აქვს, და სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზიებიდან ძვირფას სამოსს იწერს. დევისთვის ძალით ყიდულობს ძვირიან მანტოს, თითქოს დევის არ უნდა...

და ამ თემაზე კამათობენ.

მერე დევი წყვეტს ფიქრს და უკვე ავტომობილების მექანიკურ ძებნას აგრძელებს.

ვაშლიჯვრის ასახვევთან დათქმულ შეხვედრაზე, სრულიად მოულოდნელად, დევის მამის ყველაზე ახლო მეგობარი შერჩება.

– ბიჭო, ხმაზე როგორ მეცნე, ამხელა გამხდარხარ, დაკაცებულხარ, – ეხვევა TOYOTA RAV 4-ის პატრონი. – ეჰ, ცხონებული მამაშენი...

– როგორ ხართ? – დევი მორცხვად ეკითხება, არ ვიცოდი, თქვენ თუ იყავით... დედა თუ შეგხვდათ, არ უთხრათ... ჯერ არ იცის, მანქანის ყიდვას რომ ვაპირებ.

– თუ იყიდი, არც შენ უთხრა... მაინცდამაინც... ჩემგან რომ იყიდე. რა ვიცი, უხერხულია, – ფამილარობა გადაეჭიმა სახეზე TOYOTA RAV 4-ის მძღოლს, რომლის მანქანაც ისეთი სისწრაფით გააქროლა დევიმ დიღმის მიმართულებით, რომ მამის მეგობარს გული შეუწუხდა.

მერე რომ ფიქრობ, – ხომ შეიძლებოდა, უფრო კარგად შევხვედროდი, უფრო თბილად მომეკითხა და მივფერებოდი ამ ადამიანს, რომელსაც სრულიად უმოტივოდ, ცივად შევხვდი.

მაგრამ მე არ ვიცი, რომელი მათგანი ფიქრობდა ამას.

მეტი საქმე არ ქონდათ მიშოს მშობლებს, რუსი ძიძა შეეშვათ სახლში.

მშვიდი და ოდნავ ეშმაკური იერის, საშუალო სიმაღლის და შავთმიანი ქართველი ქალბატონი უღებს კარს დევის, რომელიც ინტუიციით ხვდება, რომ ეს ტყუპების ძიძაა.

რა უცნაურია, ბავშვებს დღეს ღვიძავთ.

დევის მიშოს დედის ალმაცერი მზერა მიყვება.

მიშოს მამა საერთოდ ზედ არ უყურებს.

ირგვლივ მურა ფასადებია.

აგვიანებს JEEP Grand Cherokee.

დევი სიგარეტს ეწევა. ახლა ისეა, სამსახურში ადრე რომ მიხვალ და არავინ დაგხვდება. სამსახურია, აბა რა არის. ყოველდღე ერთი და იგივე. უბრალოდ, ამაში ფულს არავინ უხდის.

არც უნდა. ოღონდ ასე იყოს სულ და სხვა არაფერი უნდა. სხვა არც არაფერი ხდება მის ცხოვრებაში.

დევი შორს მთებს ხედავს. ახსენდება, რომ მანქანის ტარება მამამ სწორედ მთაში ყოფნისას ასწავლა. მერე ისიც ახსენდება, ბავშვობაში დედა რომ უმღეროდა – “გარეთ ქარი ზღაპარს ყვება და დევები მთებში წვანანო”, იმწამსვე მისი პატარა ფანტაზია რატომღაც საკუთარ თავს სეხნიებთან (დევებთან) ერთად, პატარა მთაზე მწოლიარეს წარმოიდგენდა. თუ სხვა ბავშვებისთვის ეს დევები ავსულები იყვნენ, რომლებსაც დედები შორს, მთაში ამწესებდნენ, ჩვენი დევისთვის იდენტიფიცირების ხატი გახლდათ.

თითქოს სწორედ ის მთა ადგა და მოვიდაო – იმხელა ჯიპი შერჩა დევის.

– შენ კიდე არ გიყიდია მანქანა? – სიცილით გადმოვიდა ჯიპიდან მსუქანი კაცი, უფრო სწორად, ჯერ ფეხები გადმოდგა, შემდეგ კი ნასუქი სხეულით ჩამოიღვენთა მანქანიდან.

– დევის ყოფილი ნაცნობი შერჩა, რომლის სხვა მანქანით ერთხელ უკვე ესეირნა და ახლა, როცა ამ კაცს მანქანაც შეეცვალა და მობილური ტელეფონის ნომერიც, დევიმ ვეღარ გათვალა...

– კი, მაგრამ ის გავყიდე ისევ, – სიმწრისაგან არ დაიბნა ახალგაზრდა.

ბოლო ფასია? – ესეც მიაყოლა მეტი დამაჯერებლობისთვის.

კაცს ასანთის ღერი გაერჭო კბილებში და ცალყბად პასუხობდა.

– ჰო.

თენდება.

ყაყაჩოებით, ტუხტით, პილპილით...

დევი ისევ ჩუმად იღებს დედის ჩანთიდან მობილურს. ისევ ტუალეტში შედის და იმ მანქანის თაობაზე რეკავს, მიშოს უკაბელო ინტერნეტით რომ მოძებნა და შეარჩია წინა საღამოს.

ხვალაც ასე იზამს. ზეგაც. იქითა წელსაც.

ასე იქნება იქამდე, სანამ მიშოს მშობლები საბოლოოდ არ აუკრძალავენ იქ მისვლას და რაც მთავარია, იქამდე, სანამ დედა დამლაგებლის თანამდებობას შეინარჩუნებს იმ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიაში, რომლის სლოგანიც არის – “რომეოს ჯერა, რომ ჯულიეტა მკვდარია. ჯულიეტა კვდება იმიტომ, რომ რომეოს გონია რომ ის მკვდარია. კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია”.

დედას ულიმიტო სასაუბრო დრო აქვს.

დევისთვის კი ეს ჰაერივით საჭიროა.

 

2009 მაისი

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / კვინიკაძე ნესტან / დევები მთებში წვანან