კვინიკაძე ნესტან

 

დისკოს ტრიალი, პარნასუს აპოლოები და ჯექსონები

 

 

 

მთელი გასული კვირის მანძილზე, თავს ლათოია ჯექსონივით ვგრძნობდი, – პედოფილი ძმა რომ ჰყავს, უნიჭო დამ კი სამუდამოდ ჩაუკლა 80-იანების სულისკვეთება.

 

დღე პირველი

რაჭაში ჩამოვედით. სოფელი წოლა... სახლი ხისაა, დაკეტილი და მოუწყობელი. ვართ ექვსნი. საქმე გადავინაწილეთ.

ეზოს და ოთახებს ვასუფთავებთ.

სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვიცი, თუ რატომ უკავშირებენ ხოლმე წარსულის განცდას აწმყო ცხოვრებას, მაგრამ ამ მთების გარემოცვაში, მაინც გამახსენდა ერთი კონკრეტული დრო და ამბავი:

ომი ახალი დამთავრებული იყო. ცნობიერება იცვლებოდა... საზღვარგარეთ დარეკვა რთული იყო, ძვირიც. არადა, სადღაც, მილიონამდე ადამიანი ქვეყნიდან გასულიყო.

მეგობარმა შემატყობინა, შენ ახლა ხშირად მოგიწევს "იქ" დარეკვა და ამიტომ ადგილს მიგასწავლი, სადაც ტელეფონით ნახევარ ფასში ისარგებლებო. ატენის ქუჩაზე ერთ-ერთი საკუთარი სახლი მიმითითა, რომლის პირველ სართულზე ქალბატონს მოპარული ხაზი ჰქონდა და საზღვარს აქეთ დარჩენილი მოსახლეობა, კავშირით მართლაც ნახევარ ფასში სარგებლობდა.

მოსაცდელი, საბჭოთა პერიოდის სასტუმროს ფოიეს ჰგავდა. სკამები, სავარძლები და ჟურნალის მაგიდა. იმ პერიოდში ორი უბნის რამდენიმე სახლი თბებოდა მხოლოდ.

ატენის ეს სახლიც ერთ-ერთი მათგანი გახლდათ. ქალბატონები და მამაკაცები, ახალგაზრდები... ერთი სიტყვით, ყველა, ვისაც საზღვარგარეთ დარეკვა სურდა.

მოულოდნელად, ჩემგან მარცხნივ კარი გაიღო. შუახნის ქალმა თავი გამოყო და დაიძახა: ამერიკები მოგვიანებით, გერმანია შემოვიდესო, – ეს იყო მასპინძელ-კომუტატორი ნანიკო, 40-ს გადაცილებული, ხვეული თმითა და კოხტად ჩაცმული.

პირველი დღე, ალბათ, ყველას შემთხვევაში მძიმეა. ხალხის სიმრავლე უხერხულობას გიქმნის. მეც მერიდებოდა მეკითხა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. და უეცრად, ორმა მამაკაცმა სავარძელზე მიმითითა, დაბრძანდითო.

ამოვისუნთქე. დავჯექი და ნეიტრალურ წერტილში დავიწყე ცქერა.

– წყლის მეშინია, – თქვა ერთ-ერთმა და გამომხედა. დაბნეულმა გავუღიმე.

– მეც, კამერის გარეშე ზღვაში ვერ შევდივარ, – გამოელაპარაკა მეორე.

მივხვდი, ახლობლები იყვნენ, 40 წლამდე, მოდურად ჩაცმული, კომუნიკაბელური მამაკაცები. ერთს მოგრძო თმა ჰქონდა.

– თან, მე ხო მხრების ქრონიკული ამოვარდნა მაქვს, – საუბარი განაგრძო პირველმა.

– ხო, შენ ხო... გახსოვს, ერთხელ რომ დააცემინე და მხრებიდან რომ ამოვარდი?..... – და ორივე სიცილისაგან ჩაბჟირდა.

აქ უკვე რაღაც არაჯანმრთელი მენიშნა. მერე გამიღიმეს, ჯერ ერთმა გამომიწოდა ხელი: ირაკლი, მერე მეორემ: მე დუდა ვარო.

მიჭირს უცხოებთან კონტაქტში შესვლა.

ამიტომ უხერხულად ვიღიმოდი. ერთადერთი სურვილი მქონდა, იმ ტექნოლოგიაში გავრკვეულიყავი, რითაც "იქ" დავრეკავდი.

ერთ სავარძელში ჩაკვეტებული ირაკლი და დუდა, მოპირდაპირე მხარეს მჯდომ ორ ქალბატონს ესაუბრებოდნენ.

– ახლა, ჩვენ ნახევრადსიზმრისეულ მდგომარეობაში ვართ და ძირეული ცვლილებებისთვის ვემზადებით, – თქვა ირაკლიმ მტკიცედ და თავდაჯერებულად. თან თვალი მოავლო საზოგადოებას. მე ცოტა ნერვები ამეშალა; ვიფიქრე, ახლა ესენი პოლიტიკაზე საუბარს თუ შეუყვნენ, როგორ ჩავაკვეხო ერთი მარტივი კითხვა: როგორ ჩავეწერო რიგში?

ტწ, ტწ, ტწ, – გაისმა ქალების ბაგეებიდან. ზოგმა მარჯვნივ გადაისროლა თავი, ზოგმა მარცხნივ. რაღაც მიუზიკლის ესთეტიკის პლასტიკას ჰქონდა ადგილი.

– შენ მეტისმეტად დარწმუნებული ხარ ხოლმე საკუთარ თავში, – შეეპასუხა დუდა ირაკლის და თან ალმაცერად გახედა.

ირაკლიმ საპასუხოდ თმაში ხელი შეუყო და, ვითარცა სოკრატე ფედონს, მხრებზე ჩამოშლილ ვარჯებს მიეფერა. თან ჩაილაპარაკა: ოდესმე შევმცდარვარ?

– ჰერაკლიტეც ამტკიცებდა, სამყაროს ხანძარი შთანთქავსო, მაგრამ თვითონ წყალმანკით მოკვდა, – არც კი ვიცი, საიდან აღმომხდა, – ეს რომ ჩემი სიტყვები იყო, მაშინ მივხვდი, როცა ყველას მზერა ერთდროულად მომევლო.

წამოვწითლდი. ირაკლიმ და დუდამ, გაოგნებული თვალებით, შიგ გულში ჩამხედეს და, ერთი სიტყვით, მათ ჯგუფში გავწევრიანდი.

 

 

დღე მეორე

ვიღლებით. ღუმელს ვანთებთ, წყალს ვაცხელებთ, ეზოს ვთიბავთ. ხილს და ჭურჭელს მოშორებით, წყაროზე, ვრეცხავთ.

მოკლედ, დაიწყო დისკოს ტრიალი. პირველივე დღეს დამაკვალიანეს, როგორ და რანაირად ხდება. რადგან გარეთ სიცივე, სიბნელე და დაყაჩაღების ალბათობა იყო, უბნების მიხედვით, ერთად, ჯგუფურად მივუყვებოდით ხოლმე სახლებს.

ასეთები კი აღმოვჩნდით: მე, დუდა, ირაკლი, თამრიკო და მაია დეიდა.

თამრიკო თავის შვილებს ურეკავს ხოლმე ინგლისში. ორი ბიჭი ჰყავს. სულ მათზე ლაპარაკობს:

უმცროსი ბავშვობიდან თავის სამყაროში იყო შეკეტილი. მუსიკას უსმენდა გამუდმებით. ბაბუამისმა ბაბინებიანი მაგნიტოფონი რომ უყიდა, საერთოდ ვეღარ ვხედავდით. რაღაც არაბულენოვან რადიოს, "მონტე კარლოს" უსმენდა, რომელსაც ბეირუთიდან გადასცემდნენ. კვირაში ერთხელ ჰიტ-პარადები იყო.

"როვესტნიკის" გამო, – ხო გახსოვს ჟურნალი, – ყველას დაგვხოცავდა. თავისებურია, იცი, მაგრამ მაინც რბილი და დამჯერე. აბა, უფროსი?! გამაწამა. ჯარის ასაკი რომ მოვიდა, რა დღეში ვიქნებოდით, ხო წარმოგიდგენია. ჩვენდა ბედად, მიცკევიჩის კომისარიატი დაიწვა, უამრავი საბუთი განადგურდა და, შესაბამისად, აღარც ჩემი ბაკური გახსენებია ვინმეს. გავიხარეთ. მაგრამ რა მოხდა, თუ იცი?! ამ იდიოტმა თავის შეყვარებულთან იჩხუბა და, იმის ჯინაზე, თავისი ნებით წავიდა ჯარში.

ეჰ, რა ვინერვიულე, რა გზებზე იარა! თურქმენეთი, უზბეკეთი, თავისი სამარყანდებით და ბუხარებით. უფრო დასერიოზულდა. მაგრამ დაბრუნდა თუ არა, მოულოდნელად ძმებმა ერთმანეთს გაუგეს. ორივემ მუსიკა და გიტარების გლეჯა გადაწყვიტა.

მსუქან და მოხდენილად ჩაცმულ თამრიკოს პერიოდულად ცრემლი ერეოდა ხოლმე, ოღონდ არ იმჩნევდა, სახეს მალავდა. ჩანთას გახსნიდა და შოკოლადებით გვიმასპინძლდებოდა.

ამასობაში დუდა გადაწყვეტდა შემსუბუქებას:

– მაგათ რაღაც როკ-ასოციაციაც ჰქონდათ ხო, დეიდა თამრიკო?

– უფ, რა არ ჰქონდათ! ხან კლუბში მივდივართ, ხან ქალაქგარეთ... ერთხელ მოტოციკლეტით შემხვდნენ, ზვიადთან ავდივართ, კოლხურ კოშკში დაგვიბარა, ქართულ როკს მხარში უნდა ამოვუდგეთო. ვიფიქრე, ყველა გადავიდა ჭკუიდან-მეთქი.

ირაკლის მუხლებზე სამი წლის შვილი ეჯდა.

ცოლი, დუდას მეუღლესთან ერთად, ამერიკაში წასულა სამუშაოდ. ეს უცნაური წყვილ-მეგობარი გამუდმებით ხუმრობდა და თან, რაღაც თავიანთი თამაშის წესებით ხელმძღვანელობდა. ბავშვს რომ მივეფერე და კაბა მოვუწონე, ირაკლიმ თქვა: ნახე, რაებს უგზავნის დედამისი!

– ალბათ ფიქრობს, რომ ძალიან დიდია უკვე, – თქვა დუდამ.

– ხო ფიქრობს, რომ დიდია და გოიმი, – სასტიკად უპასუხა ირაკლიმ.

– კაი რა! – შემეცოდა ბავშვი.

– აბა რა არის ეს? – და გაკვირვებული გოგონას კაბაზე მიგვითითა.

 

 

დღე მესამე

 

აქ ცხოვრებისთვის ბევრი შრომაა საჭირო.

ადრე ვიძინებთ.

კომუტატორის ოთახიდან მაია გამოვიდა. სათვალეები მოიხსნა, ცრემლი მოიწმინდა და შემოგვიერთდა.

– რაო, რა თქვა? – ჰკითხა თამრიკომ.

– უნახავს ის კაცი და უკვე მუშაობა დაუწყია... კარგი თეატრია...

დარაჯი იქნება. ამ ეტაპზე ასეა, – გაწონასწორებულად ყვებოდა მაია, რომელიც ზედმეტად ემოციური იყო. სულ იმაზე იცინოდა, ბავშვებს ოთახში რომ ვერ მოვკრავ თვალს, სამზარეულოში და აბაზანაში კი არ ვამოწმებ, ეგრევე აივანზე გავრბივარ კივილითო. მეუღლეზე უსაზღვროდ შეყვარებული, სულ მის მიღწევებს გვიყვებოდა: როგორ მოიარა მამუკამ მსოფლიო, თავის დროზე. კუბაშიც იყო და ფიდელ კასტროსაც კი ჩამოართვა ხელი. კენია, იორდანია... აი, იორდანიაზე გიჟდება, – იქ თურმე ტაქსის მძღოლებიც არ იტყუებიან, ხალხზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ბავშვობიდან ბიოლოგიით იყო გატაცებული. გეფიცები, თამრიკო, დედამისი მიყვებოდა ხოლმე, პატარა რომ იყო ჭიანჭველას აიცოცებდა ხელზე და საათობით აკვირდებოდაო. მერე დაინტერესდა როგორ არის მოწყობილი სიცოცხლე. რო აიჩემა საქართველოში ლეოპარდი ნამდვილად არისო, ამ თემაზე კამათის გამო, ერთხელ სტუმრები გაყარა სახლიდან.

– რამდენი წლის არის ახლა? – ირაკლი ჩაება საუბარში.

– სორაკ შესწ, – თქვა მაიამ და კევი წინა კბილებით, ოღონდ გვერდულად ჩაღეჭა.

მე ვდუმდი და სისულელეებზე ვფიქრობდი. მაგალითად: რატომ ამბობენ ასაკს, ტელეფონის ნომრებს და ფეხბურთის ანგარიშს რუსულად და, ვთქვათ, კალათბურთის ანგარიშს ქართულად?!

– მაია, რა თქვი? ნანტი...თუ

– ნანსი! ნანსიშია ახლა. მამუკამ ეს კაცი, ეს ტოჯმანი, ვინც თეატრ "მანუფაქტურის" დირექტორია, ადრე რაღაც კონფერენციაზე გაიცნო საფრანგეთში და სულ კონტაქტობდა, მეგობრობდნენ. ვობშემ, მაგან გაუკეთა.

რა ვიცი, თამრიკო, რაღაცა იქნება...

დილით ფაბრიკა, საღამოს ცვლაში თეატრს უდარაჯებს. რა ვქნა, თვითონ აიჩემა.

– ახლა ამანაც რომ "პატარა პრინცი" ამოიღოს... – ჩაილაპარაკა დუდამ, ოთახში შემოსული სტუდენტი გოგონას დანახვაზე.

– რატო? – ვიკითხე.

– მე და ირაკლიმ აქ სტატისტიკური მონაცემები დავაგროვეთ, სამი თვე რა გვეკეთებია, აბა?! ხოდა გაირკვა, რომ ყოველ მეოთხე შემომსვლელზე "პატარა პრინცი" მოდის, რუსული თარგმანი.

– იქნებ პრინცესების ქვეყანაა და იმიტომ, – ღიმილი მომერია.

– კაია, თუ კითხულობენ, – თქვა მაიამ, – სხვათა შორის, საფრანგეთში ეგზიუპერის მუზეუმი არ არის, მაშინ როცა ეგზიუპერის მუზეუმს ტოკიოში წელიწადში მილიონამდე დამთვალიერებელი ჰყავს. ეს მამუკასგან ვიცი.

– ხო, იაპონელებს განსაკუთრებულად უყვართ ეგზიუპერი, – ჩაერთო დუდა.

– რატომ?

– ნუ, მაინც სამურაების ქვეყანაა და ანტუანშიც მებრძოლს ხედავენ.

– ნაღდი ილუსტრაციები რომ დაკარგულია, თუ იცით?... ხო, მამუკამ ადრე ეგზიუპერის დის შვილიშვილი გაიცნო, ვისაც მთელი ეს საავტორო უფლებები აბარია. ოლივიე ჰქვია, მგონი. ხოდა, მაგან უთხრა, სავარაუდოდ, ამერიკაში გვეგულებაო.

– რა ხამები არიან ეს ამერიკელები, – თამრიკო გაბრაზდა.

– ოლივიეს უთქვამს, 120-მა ქვეყანამ თარგმნა ეს წიგნი, და გამოდის, რომ პატარა პრინცი ფრანგი სულაც არ არისო.

ირაკლი და დუდა ჩურჩულებდნენ.

ბავშვი ტიროდა.

 

 

დღე მეოთხე

 

ჰამაკში ვწევართ, ვკითხულობთ... ღია ცის ქვეშ ვბანაობთ, ბიჭების მოწყობილ აბაზანაში. სასიამოვნოა... ეეეე! ნახე! პარნასუს აპოლო! ეს ხომ საქართველოს მაღალმთიან რეგიონში გავრცელებული პეპელაა! რაჭაშიც დაფრინავს თურმე.

California Express-ში SALE-ია. მე და დუდა წავედით. ორივემ ქურთუკები შევიძინეთ. მე წითელი, დუდამ – ყავისფერი.

naf naf-ის. დუდასთან დავმეგობრდი. უცნაური იყო, მე ხომ მიჭირს ამგვარი კონტაქტი. მაგრამ მაინც ვერ ამომათქმევინა, თუ ვის ვურეკავ "იქ". იცოდა, რომ 16 წლის ვარ და რომ არ ვეწევი სიგარეტს (ტვინი წაიღო: თუ ეწევი, ჩემთან არ გაგიტყდესო).

– მე ხომ ჩვევა მაქვს, მწეველებს სულ ვაკვირდები და რა უცნაურია, შესანიშნავად მახსოვს, როგორ ურტყამენ ნაფაზს და ვერ ვიხსენებ ხოლმე, ბოლს როგორ უშვებენ, – თან პირზე ხელი აიფარა დუდამ. არ ვიცი, ამ ჟესტით სათქმელი გაამძაფრა თუ რა! საერთოდ ვერ გავიგე, რა კატეგორიას მიეკუთვნებიან დუდა და ირაკლი. ძმაკაცები არიან, ცოლები მეგობრობენ და ამერიკაში მუშაობენ.

თვითონ ერთ სავარძელში ეკვეხებიან...

გზად საჩუქრებიც ვიყიდეთ, ახალი წელი ახლოვდებოდა და ჩვენი ფსევდოფოსტის დაახლოებული პირებისთვის სამახსოვრო სუვენირები შევიძინეთ.

– თამრიკო გეცოდება, ხო? – მკითხა მოულოდნელად დუდამ, – ისე უყურებ ხოლმე...

– ხოო, – ამით შემოვიფარგლე.

– მე მაია უფრო მეცოდება, როგორ უყვარს ქმარი, სულ "ჩემი მამუკა"-ს იძახის. თან, თავმოყვარეა მაია. ასეთები უფრო მეცოდებიან, უტეხები.

– შენ არ ხარ ცოდო? – პირდაპირი ვიყავი.

დუდამ თავი დახარა, ნაფაზი დაარტყა და ბოლი ცხვირიდან გამოუშვა. მეც ვისწავლე დაკვირვება და არასოდეს დამავიწყდება ის ბოლი, რომელმაც დუდას მთლიანად დაუფარა სახე... სადღაც დაკარგულს, რომელიც ვერაფრით შეეგუა ასაკის მომატებას და ისევ პატარა ბიჭივით ჩაცმული, თავისზე ბევრად უმცროსთან საერთოს პოვნას ცდილობდა.

 

 

დღე მეხუთე

 

მთელი ღამე სინდიოფალებს და ღამურებს ვიგერიებდით.

ნანიკოს ჟურნალის მაგიდაზე გოზინაყები და შამპანური დაეწყო. იყო ხვევნა და კოცნა. მილოცვა.

საჩუქრების გადაცემა. 1-ის დილას ყველა საყვარელი, გამოუძინებელი და ბედნიერია.

თამრიკოს სასმელი მოკიდებოდა და რას იზამდა, ისევ ბიჭებზე ყვებოდა. ~ორი მეგობარი ლივერპულში რომ წავიდა, იმწამსვე მივხვდი, რომ ესენიც ატყდებოდნენ. მაგრამ საიდან? მე ფული არ მქონდა, რომ ბილეთი ამეღო. მერე იქ რას იზამდნენ? ერთ დღეს მეზობელი შემოვიდა, რაღაც ლატარიას ტელერეკლამა უნდა, თან ფულს იხდიან და გაუკეთეთო. ეს რეკლამა ჩემმა ბიჭებმა გადაიღეს, იმათ მოეწონათ, მაგრამ ჰონორარი იგვიანებს".

– ვერ ცემეს მერე? – ჩაერია ირაკლი.

– მეც მაგის მეშინოდა... მოკლედ, დაადგნენ ოფისში და სცენა: ლატარიის თანამშრომლები ლაგდებიან და მიდიააან!

– სად? – იმ დღეს ერთი შეკითხვა დავსვი.

– ტყდებიან, რა!

– მერე?!

– მოკლედ, იმათ იფიქრეს, რამე შარში არ გაგვხვიონ და წასვლა არ შეფერხდესო.

გამოუტანეს დიდი ხურჯინი: აქ იმაზე ბევრად მეტია, რასაც დაგპირდით, მაგრამ წაიღეთო.

– დაუჯერებელი ამბავია, – თქვა ირაკლიმ და შამპანური ჩამოასხა.

– გეფიცები... ფული იმდენი იყო, რომ ჩემებს და კიდევ ოთხ მათ მეგობარს ბილეთებზე ხო ეყო, კიდევ ზემოდან 500-500 დოლარი გამოუვიდათ.

ამასობაში, მაია გამოვიდა კომუტატორის ოთახიდან და იქიდანვე დაიძახა. ტოჯმას მამუკა პარიზში დაუპატიჟებია, ახალი წელი რესტორანში უნდა აღნიშნონ.

მატარებლით წასულა. ისეთი გზა არის თურმე, სულ ყვითელი ყვავილები... ეს აგარაკები, აღმოსავლეთ საფრანგეთის სახლუშკები გზად... თან, მაგიდას მოუახლოვდა მაია, ნერვიულად ცქმუტავდა.

ირაკლიმ შამპანურის ჭიქა გაუწოდა და სასმელით შეუვსო.

– ამერიკა!!! ვისია? – ნანიკომ ოთახიდან დაიძახა.

– დუდა, შენი რიგია, – ირაკლიმ ხელი გაკრა მეგობარს.

– შენ შედი, გითმობ, – დუდამ გამიღიმა.

ამ ადამიანში რაღაც დადებითი იყო. იმ დროს მეგონა, რომ სადმე კიდევ უნდა შევხვედროდი ამ კაცს.

თან ტელეფონის ოთახში შევდიოდი და თან მესმოდა, როგორ იწყებოდა სიყვარულის სადღეგრძელო. მაგიდასთან ნანიკოსაც იხმობდნენ. და მხოლოდ იმ დღეს, პირველად, მარტო დავრჩი მისტიკურ ოთახში. აპარატი ცენტრში იდგა. მე თამამად ვკოცნიდი მიკროტელეფონს.

 

 

დღე მეექვსე

 

ვჩხუბობთ...

ნერვებს ვერ ვთოკავთ. მთა მაინც მოქმედებს ცუდად მყოფ ადამიანზე.

ატენის ეს სახლი ნელ-ნელა სევდას მგვრიდა. ცოტა მომწყინდა იმის მოსმენა, თუ როგორ უკრავენ ქუჩაში თამრიკოს შვილები და შეგროვილი 9 ფუნტით 4 კილო კარტოფილს ყიდულობენ, დილით მრგვლად ჭრიან, შუადღეს კი წვრილად, რომ საკვები მრავალფეროვანი იყოს.

მაიას და მამუკას რომანტიკული ისტორიებიც მომბეზრდა, ქორწინების პირველ ხანებში, ლოგინში წოლისას, მოსახვევში შემოსული მანქანის ფარების შუქზე რომ კაიფობდნენ: ნახე, ნახე, როგორ აირეკლა! ახლა ფეხზე გაქვს! ახლა სახეზე – ეს ნაღდად მერსედესი იქნებოდა.

მომწყინდა ირაკლის და დუდას ლატენტური ტრფობის სცენის ყურება და მამის მიერ უგემოვნოდ გამოპრანჭული 3 წლის ბავშვის დამცირება. ამიტომ, მივიდოდი თუ არა, ჟურნალის მაგიდაზე მიმოფანტულ წიგნებში რაც ხელში მომხვდებოდა, ავიღებდი და კითხვას ვიწყებდი.

ერთი ასეთი წავლება და, რატომღაც, ხელში თიანეთის სატელეფონო ცნობარი აღმომაჩნდა. 1993 წელს გამოცემულ ცნობარში დიდი ასოებით იყო მითითებული:

დაუშვებელია:

1    კაკუნი ბერკეტზე

...........................................

4 დისკოს ტრიალი ფანქრით ან სხვა საგნით

5 დისკოს უკუბრუნვის შენელება ან დაჩქარება

ამის შემდეგ, დაბა თიანეთის სატელეფონო ქსელის აბონენტთა სიას ჩავაყოლე თვალი: დამამახსოვრდა:

პირქუშაშვილი დავით; კბილცეცხლაშვილი მურად; ნაბიჯაშვილი ვალიკო; პარასკევოვი თემურ; ხისფეხაშვილი სეზონა.

წარმართულ ფიქრებში ვიყავი, როცა უეცრად, ატირებული მაია კომუტატორის ოთახიდან გამოვარდა. სათვალემოხსნილს უფრო დატყობოდა სიელმე.

იდგა და ბოლო ხმაზე ღრიალებდა.

დასვეს, დაამშვიდეს. კარგს ვინ იფიქრებდა... ხო არ მოკვდა, – გავიფიქრე მამუკაზე... მაგრამ, ალბათ, მაის მოღალატე მამუკას ნამდვილად მკვდარი მამუკა ერჩივნა. ტელეფონი რუსის ქალს აუღია: Я его любовница-ო.

მაია შინ ირაკლიმ გააცილა. თამრიკოს რიგიც მოვიდა და ტელეფონზე სასაუბროდ ოთახში შევიდა. მე და დუდა დავრჩით.

– ირაკლის ცოლი რას აკეთებს ამერიკაში? – ვკითხე დუდას.

– პოლიციაში მუშაობს მთარგმნელად.

– რას თარგმნის? – გამიკვირდა.

– აი, ქართველებს რომ იჭერენ ხოლმე, თარჯიმნად მუშაობს...

– ე.ი. რაც მეტ ქართველს დაიჭერენ, მით უკეთესი ირაკლის ცოლისთვის?

– ხო, მით მეტი გოიმური კაბები პატარა ანას, – ორივეს გაგვეცინა.

– და შენი ცოლი?

– 1969 წლის ~მის ნიუ ორლეანის~ მძღოლია, ოღონდ მართლა, – თან ჩაეცინა.

– მისი ძველი ჰიპია?

– არა, ეგენი ხომ მალევე შეიცვალნენ... ჰიპები.

– კი შეიცვალნენ, მაგრამ განწყობა ხომ მაინც ახალგაზრდული აქვთ?!

– ახლა რა გამახსენდა, იცი? სკოლა რომ დავამთავრეთ, ბიჭები ბულგარეთში წავედით. იქ, დისკოთეკის გვერდით, ერთი ატრაქციონი იყო, ასე დგებოდი, ხელებს ადებდი და კომპიუტერი შენი განწყობიდან გამომდინარე ასაკს გიფიქსირებდა, ანუ სულით რამდენი წლის ხარ.

– მერე?

– ჩვენ ყველას 60-დან 70-მდე გვიჩვენა.

– რატო, მოშლილი იყო?

– არა, დანარჩენ ტურისტებზე 20-25. ასეთი მაჩვენებელი იყო.

დუდა დიდხანს მიყურებდა თვალებში და ცოტა დავიბენი. ისიც.

– კლიპი გადაუღიათ და რომელიღაც სტუდიას ძალიან მოწონებია, – მოულოდნელად თამრიკო გამოგვეცხადა.

– ბიჭებს? – უხერხულად ჩაეკითხა დაბნეული დუდა.

– ხო, კიდევ, ერთ-ერთ ცნობილ მომღერალთან უმცროსს ინტერვიუ ჩაუწერია და ძვირად გაყიდეს. უფროსი უნივერსიტეტში აბარებს თურმე...

– თამრიკოს ნელ-ნელა ხმა აუკანკალდა, ჩანთას ხელი დაავლო და წავიდა.

– აუუფ, – დუდამ ამოიოხრა.

გზად, შინისაკენ, თითქმის არ გვისაუბრია. არ ვიცი, რას ფიქრობდა უნებლიედ მხრებიდან ამოვარდნილი დუდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი: აღარც თამრიკოს ბიჭები დაბრუნდებოდნენ, აღარც მაიას ქმარი მამუკა, აღარც დუდას და ირაკლის ცოლები და, საერთოდ, არავინ. სახლთან ახლოს ცრემლი მომერია. გამოცდილება არ მყოფნიდა, რომ ამ ყოფის აუტანელი სიმსუბუქე შემეგრძნო.

აღარ მინდოდა იმის ყურება, თუ როგორ ინგრეოდა და იგრიხებოდა ათობით ბედი, ჩემს თვალწინ, ქალაქში ერთადერთი თბილი სახლის პირველ სართულზე, ფსევდოფოსტაში. აღარც ბერკეტზე კაკუნი და დისკოს ტრიალი მინდოდა... არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ ამ გულდაწყვეტილი ადამიანების ხარჯზე, ახალი ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი დოლარების წყალობით, ქვეყანაში ფული ტრიალს იწყებდა. არ მინდოდა! და ეს სურვილი ისეთი ძლიერი იყო, რომ...

რომ მოვმკვდარიყავი, მკვდარსაც ეს სურვილი მექნებოდა, რადგან ყველაზე დიდი ტკივილი ხომ მაინც მე მივიღე! მხოლოდ მე მქონდა ნამდვილი სასიყვარულო ისტორია, ილუზიებით და ალუზიებით, რომელიც პარნასუს პეპელასავით ჩამაკვდა ხელში, უცებ და მალე. იმან რა ხანია შეიცვალა ტელეფონის ნომერი ისე, რომ ახალი არ უთქვამს. მე კი მაინც დავდიოდი ფსევდოფოსტაში, რომ რამე არ ეფიქრათ დუდას, ირაკლის, თამრიკოს, მაიას და ნანიკოს. და მომინდა, რომ ქოლერა შემყროდა, ან ეთერ მგალობლიშვილის კონცერტზე ვმჯდარიყავი; მომესმინა ნიდერლანდურ-ფრანგული საორღანო მუსიკა; რომ ადრე, ძალიან ადრე, უეცრად დავბერებულიყავი. აი, ეს მომინდა! მომინდა, დანგრეულიყო ატენის ქუჩა #.... დანგრეულიყო ეს ისედაც დამხობილი ინდუსტრია. და საკუთარი ფეხით მივედი არაყიშვილზე, პოლიციაში და დავწერე: ატენის ქუჩაზე, ამა და ამ ნომერში, მოპარული ხაზია გაყვანილი.

დაისვენა ყველამ! და გასრულდა ეს დაუსრულებელი მონოტონური ამბავი!

 

 

დღე მეშვიდე

 

საღამოა. როგორც ბევრი ჩემი კოლეგა იტყოდა, რაჭული საღამო. ჩაის მივირთმევთ. ახლა მივხვდი: ჩეხოვის პიესების ინტერიერს ჰგავს ეს სახლიც და თითოეული ჩვენგანის სივრცეში განლაგებაც ძალიან ჰგავს ქართულ სცენაზე გადატანილ ჩეხოვის პიესას: დაძაბული ზურგები, უტრირებული შეფასებები.

მე – მე რომ სოფელში ვცხოვრობდე, ბევრი ჩითის კაბა მექნებოდა.

თომა – მე რომ სოფელში ვცხოვრობდე, მონადირე ვიქნებოდი.

რეზიკო – მე რომ სოფელში ვცხოვრობდე, მნძრეველი ვიქნებოდი.

ტუსია – მე რომ სოფელში ვცხოვრობდე, სოფლის მკითხავი ვიქნებოდი.

თიკა – მე რომ სოფელში ვცხოვრობდე, სოფლის ბოზი ვიქნებოდი.

სანდრო – მე რომ სოფელში ვცხოვრობდე, საცხოვრებლად თბილისში ჩავიდოდი.

ამის მერეც გავიდა დრო. დღის 12 საათია, ლოგინში ვნებივრობ და სრული სერიოზულობით ვფიქრობ: მე – ლათოია... რეალურად კი ამ ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის 90%, თავს მაიკლ ჯექსონის იმ ოთხი ძმის მსგავსად გრძნობს, რომელთა შესახებ, აგერ უკვე რა ხანია, არავის არაფერი სმენია.

ერთ დროს, ისინიც ნიჭიერები იყვნენ, მაგრამ რა?

2005 წ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / კვინიკაძე ნესტან / დისკოს ტრიალი, პარნასუს აპოლოები და ჯექსონები