კვინიკაძე ნესტან

 

იაგუარების ტექნო 

 

 

 

ეძღვნება მამაჩემს, რა თქმა უნდა

 

მოგვიანებით ყველა გაიგებს, ვინც არის გოგონა და რა იდეალმაც აღიტაცა, შორ გზას რომ მიაშურა; პოლიტიზებული როკ სტარივით რატომ აღეგზნო... გოგონას მოუნდა ჰყოლოდა ცხენი. ერთი. არაბული, რადგან ახსოვდა, რომ არაბული ცხენის გულის ფეთქვაზე საოცარი არა არის რა. მოუნდა, ამ ცხენზე შეეწყო ყველაფერი, რაც ჰქონდა და გაქცეულიყო. სად და რვაფეხებით ცნობილ კენტის საგრაფოს მშვიდ

ზღვისპირა ქალაქ უიტსთაბლიში, რომელიც ტექნოს დაეპყრო.

ეს უვნებელი თამაშია. გულის მდუმარებაში რომ მზადდება.

რასაც თან ახლავს იმედგაცრუების ნაცნობი პროცესი.

იყო?

კი, ბატონო!

კარგია, თუ ის ანგელოზი იყო.

მაგრამ ახლა ხომ ანგელოზიც ვერაფერს გახდება?! ძალას ვერ შეეჭიდება.

იმ ზაფხულს გვალვა იყო; დუღდა ქალაქი და სიგრილე მხოლოდ სადარბაზოების კარზე დამონტაჟებული მიკროფონებიდან იპარებოდა. იმ ზაფხულს მამაჩემმა პრეფერანსი მასწავლა; იმ ზაფხულს, 30 ივლისს, თვრამეტი საათის ინტერვალით, ერთიმეორეს მიყოლებით გარდაიცვალნენ ინგმარ ბერგმანი და მიქელანჯელო ანტონიონი. ახლა რა იქნება? ვის იმედზე რჩება კინო? იმ დანიელი ბიჭის, კამერის ცახცახი სტიაქიად რომ ექცა? – წერდნენ ჟურნალები.

იაგუარის ნერწყვები ცვივა ციდან!

იმ ზაფხულს გამომეფიტა ორგანიზმი და გემოგლობინი დაბალი მქონდა. მაინც წავედი ზღვაზე.

შუადღეა. გასაღები არ აღმომაჩნდა. სოფო სილამაზის სალონში წავიდა ისე, რომ გასაღები არ დამიტოვა.

რა ვქნა? დაახლოებით ერთი საათი გასაღები არ მექნება. გავუყევი ბულვარს, ღამენათევი, ნამთვრალევი. მივდივარ. საშინელ ხასიათზე ვარ. ვხედავ, ახალი სკამები დაუდგამთ ბულვარში. სკამები ისეა განლაგებული, ამფითეატრს მოგაგონებს. ხალხი ზის: ბავშვები და დედები, წყვილები, მოხუცები.

სკამების განლაგებიდან გამომდინარე, ყველა ერთი მიმართულებით იყურება. ჩავიარე. გავიფიქრე, რომ ეს ხალხი თითქოს რაღაცას ელოდება. ზოგადად თუ ჩემგან? მგონი ჩემგან! შევჩერდი, ერთი ხელი ზევით ავწიე, მეორე მუცელთან შევაჩერე და რევერანსით ვთქვი: მოგესალმებათ მოცეკვავე ოფოფი!

სიჩუმე გამძაფრდა. არა, უფრო სწორად, სიჩუმემ მთელი სანაპირო ზოლი მოიცვა. გააღწია ფანჯრებიდან და მახლობელი სტამბოლიდან დაჭერილი არაბული რადიოტალღები გაარღვია. იქ, სადღაც, გავიგონე ქარვის კრიალოსნის ტრიალის ხმა და თამბაქოც ჩაიწვა ვიღაცის ცარიელ კოლოფში.

მიყურებდა ყველა. შემრცხვა. მივხვდი, რაც გავაკეთე და ამიტომ სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას.

ზღვას ვუყურებ, თან ჟურნალს ვადევნებ თვალს: “ტექნო ადამიანთა გულებისკენ მოიწევს”, – წერენ სათაურში.

ჰეი, მანდ, საბჭოთა კავშირის afterparty -ზე!

დღეს ბაბუაჩემის დის გარდაცვალების დღეა. ხვალ მეორე დის და ერთ კვირაში მესამის. ასე მიყვნენ ერთმანეთს.

სამი ბებია, ბაბუა, დედა, მამა, ბიძა და ბიცოლა მზრდიდნენ.

ბაბუას ძვირფას კალმებს ვპარავდი და მამაჩემს ვყიდდი – ვატყუებდი, კლასელმა მაჩუქა-თქო. კაპიკებად დაყიდული კალმების ბიზნესს ბოლო მაშინ მოეღო, როცა თურმე ბრიუსელიდან საპატიო საჩუქრად ჩამოტანილი ოქროსთავიანი კალამი მოვპარე ბაბუს, მივყიდე მამას და ოჯახურ გარემოში, ინტელექტუალური დებატების ჟამს, მამამ კალმიანი ხელი ამაყად რომ გაშალა, ბაბუას თვალები გაუფართოვდა და ორივემ ერთდროულად მე შემომხედა.

ვაჭარო!!! – ისმოდა მთელი საღამოს მანძილზე.

მოღალატევ!!!

მაგრამ მომიტევეს. ბოლოს და ბოლოს, რამდენ ხანს დამსჯიდნენ? ამდენი ხალხი ხომ მხოლოდ ჩემი კეთილდღეობისთვის მუშაობდა.

ჩემთვის წვალობდნენ და მხოლოდ ჩემზე ფიქრობდნენ.

ერთხელ ბებიამ სკოლაში რომ მომაკითხა, ჩანთაში სკოლის წინ – ფრანგულ საცხობში ნაყიდი ნამცხვარი მედო. ჭამა ვერ მოვასწარი და სახლში მისულმა, როცა ბებია საპირფარეშოში შევიდა, სრულიად დაუდევრად, ეს ნამცხვარი მაღალ მაცივარზე შემოვდე, სკამი დავიდგი და ისე.

საღამოს ყველა მისაღებ ოთახში შევიკრიბეთ. ერთს ჩანთა ეყიდა ჩამთვის, მეორეს კაბა, ასაწყობი სახლები და ბუბლიკები... იყო დღის განხილვა.

სამზარეულოდან ერთ-ერთი ბებიის ხმა მოისმა, რომელიც თავის უფროს დას ეკითხებოდა, ეს ნამცხვარი შენ მოიტანეო. როგორც კი ეს გავიგე, სათქმელი გადავყლაპე, მივხვდი, რომ ახლა ხმას თუ არ ამოვიღებდი, ჩვენს დიდ ოჯახში რაღაც ძალიან საინტერესო თამაში დაიწყებოდა. ასეც მოხდა.

– არა. ალბათ მამამ მოუტანა გოგონას.

– მე არ მიყიდია.

– არც მე.

და ნელ-ნელა ყველა ფეხზე წამოდგა.

ფეხზე წამოდგომამ დაძაბა სიტუაცია. კი მაგრამ, ბავშვები ხომ არ ხართ, ვინ დადო ეს ნამცხვარი მაცივარზე?

იდგა სიჩუმე და ტრიალებდა მზერა. უდანაშაულო სახით სიმღერა წამოვიწყე. ნელ-ნელა ყველაფერი მიწყნარდა.

– ასე თუ გამოვშტერდი, – ჩაილაპარაკა იმ ბებიამ, რომელმაც ნამცხვარი აღმოაჩინა. მერე აიღო და ნაგვის ყუთში ჩააგდო.

მაგრამ თამაშის გაგრძელება მომინდა. ყოველდღე ვყიდულობდი ნამცხვარს და იმავე ადგილას ვდებდი.

გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, ოჯახის წევრებს მართლა რაღაც ცუდს უგრძნობდათ გული. ჯერ კარის საკეტი შეცვალა ბაბუმ. მერე ბებიებმა მეზობლები დაიბარეს, ჩვენი შვილიშვილის მოწამვლა ხომ არ უნდათო. მეც, თამაშის გასამძაფრებლად, ვტიროდი ხოლმე – მეშინია, რა ხდება, ვის რას ვუშავებ მეთქი.

მაგრამ ფარსი რომ არ დასრულდა, ჩვენს ოჯახშიც შემოაბიჯა ქალაქში გავრცელებულმა – უცხოპლანეტელების და ბარაბაშკების ვერსიამ. და როცა რიგ-რიგობით სამსახურის გაცდენა დაიწყეს, უკვე შემეშინდა.

ერთ საღამოს ყველაზე ტოლერანტულ ბებიას მოვკიდე ხელი. ოთახში შევიყვენე. ჯერ ყველა დავაფიცე, რაღაც რომ გითხრა, ხომ არ მცემ და მომკლავთქო.

ქალი გადარეული მიყურებდა, არასოდეს დაგვიკარებია ხელი და...

– ბებო, ყოველ შუადღეს მაცივარზე მე ვდებ ნამცხვარს. თუ გადაწყვეტთ, რომ სახლიდან გამაგდოთ, მზად ვარ!

რვა წლის ბავშვისთვის, რომლის კეთილდღეობისთვის ოჯახის ყველა წევრი თანაბარი დატვირთვით იღებს მონაწილეობას, ალბათ მართლაც ძნელი საპატიებელია პროფესორ-მასწავლებლების ასე აგდება. ბაბუას მთელი ქვეყანა ეკითხებოდა ჭკუას, სახლში კი შვილიშვილს უკანასკნელი იდიოტივით ჰყავდა გამასხარავებული.

დაუნდობელი! მატყუარა!

ერთი თვე ყველაფერი მომაკლდა.

მერე ისევ „შემიყვარეს“.

მერე მეზობელი გოგო ვცემე, თმის სამაგრების ქურდობა დავაბრალე.

ისე ვცემე, რომ სამი თვის მანძილზე, კაბა და ჩანთა კი არა, ტკბილეული არ უყიდიათ ჩემთვის.

მერე თინეიჯერობის ასაკი მოვიდა, სულით ტრანსვესტიტებს გადავეყარე.

მერე მარტო ცხოვრება მოვითხოვე. და დღემდე...

ხო, დღემდე არ ვიცი, რამდენი თევზია შავ ზღვაში, მაგრამ ვიცი, რომ სქელტანიანი წიგნების კითხვა დიდხანს მარტოობაში ყოფნას ნიშნავს. ადრე ასპროცენტიანი შეგრძნებები მქონდა, ხშირად და მალ-მალე. მერე, ერთ ზაფხულს, უფრო სწორად, გაზაფხული რომ მთავრდებოდა, სკოლასთან ჩავიარე, სადაც ამერიკის დროშისფერი ოპტიმიზმით სავსე ბავშვები წყლით სავსე კოკა-კოლის ბოთლებით წუწაობდნენ.

ვიფიქრე, ახლა თუ გამწუწეს და ჩემი მარკ სპენსერისებური მობილიზებულობა ფეხქვეშ გათელეს... ბავშვებს ზედაც არ შემოუხედავთ. და იმ ზაფხულს თუ გაზაფხულის მიწურულს პირველად მივხვდი, რომ დიდი ვარ. დიდი და უინტერესო. რომ ჩემი რუტინულობა ახლა ბანკში მუშაობაზე უფრო მოსაწყენი და გლანდების ოპერაციაზე უფრო მტკივნეულია. თუმცა, არ ვიყავი მარტო. მიყვარდა და იმასაც ვუყვარდი.

სამი წელი ვიყავით ერთად... ვკითხე, მოსაწყენი ვარ მეთქი. არა, საიდან მოიტანეო...

ერთმანეთი თანამედროვე ხელოვნების ფესტივალზე გავიცანით. 80-იანების მოდაზე ჩაცმული, სახეს ტყავის ქურთუკის საყელოში ვმალავ, საგამოფენო დარბაზის კარს ვეყრდნობი. ცივა. შორიდან ბიჭი მოდის, გვიახლოვდება და ჩემ მეგობარ სოფოს ეუბნება: მგონი, ერთმანეთს 90-იანებში ვიცნობდითო. გამეღიმა...

დღემდე ვერ ვხვდები, რატომ ამაფორიაქა ამ ოთხმა სიტყვამ?!

მერე მე მომიბრუნდა და მომაშტერდა.

– სად ცხოვრობ?

– ნილოსის უბესთან, – ვუპასუხე და მეორე დღიდან ერთად ვიყავით.

რატომ მომწონდა ასე ძალიან?

მოულოდნელობებით სავსე გრაფიკოსი იყო. არასოდეს ვიცოდი, როდის მოუკიდებდა სიგარეტს. მანერები ისეთივე დახვეწილი ჰქონდა, როგორც ნამუშევრები. პიტნის საწუწნი კანფეტები უყვარდა. ერთგვარ თერაპიულ ზეგავლენას ახდენდა ჩემზე. გვყავდა ნაცნობები, მოგვწონდა მოდა და მომავალზე ვფიქრობდით. ჰოდა, ის მომავალიც დადგა: ევროპის სახელგანთქმულ ქალაქებში სახლების პირველი სართულები ერთმანეთს დაემსგავსა; უხეში ტექნო დახვეწილი ელექტრონიკიდან სექსუალურ დისკომდე გავრცელდა.

იმ ქალაქისგან ყველაფერი მივიღეთ, რაც შეიძლებოდა.

ახალს აღარაფერს ველოდით. ამიტომ, სწორედ იმ ზაფხულს თუ გაზაფხულის მიწურულს, ბარგი ჩავალაგეთ და წავედით. არც მახსოვს, როგორ დაიწყო. მაგრამ ახალ დაწყებულზევე... თურმე ყველაფერი წინ იყო.

არაფერს ვგეგმავდი იმ დღეს. ჩვენი ნაქირავები ოროთახიანი ბინის მეორე ოთახში ვისხედით. კომპიუტერთან.

ასე, თავი მედო მის მხარზე. სამშენებლო კომპანიისთვის სარეკლამო რგოლს ამონტაჟებდა. დაკვეთა სამშობლოდან მოდიოდა. ფრთხილად წამოიწეოდა, თავს ამაწევინებდა სიგარეტს ჩააქრობდა და ისევ მიმიხუტებდა. მახსოვს, ფეხს ვათამაშებდი... ცოტა ნერვიულად, ეგეც მახსოვს. ალბათ, ამიტომ ამოვიდა ქვედა სართულიდან მეზობელი, ჩვენი თანამემამულე მამაკაცი და დიდხანს დარჩა, საუბარი გაგვიბა...

თან ფეხზე დამაკვირდა, რას შვრება ასეთსო.

იმ დღეს პირველად გავიგე: სოკო კოსმიური მცენარეა, რადგან წესით, დედამიწაზე არანაირად არ უნდა ხარობდეს... ააა... კიდევ გავიგე, რომ მედიცინა არის მეცნიერება სხეულის ეროტიული აფეთქების შესახებ, ავსებასა და დაცლასთან მის მიმართებაში... გავიგე, სიკვდილი თურმე სიბერეს კი არა, დავიწყებას მოჰყვება... რომ კაქტუსზე ლეღვიც ხარობს, ასე, ათასში ორ-სამჯერ; რატომ შეიძლება პატარა ჟირაფმა დიდ ჯიპში დედა დაინახოს, ჩაეხუტოს და არ მოშორდეს... რომ ჩვენში რომელიღაცა მკვლელია!

– მკვლელიიი?!!!

რისი გამომხატველი შეიძლება იყოს ეს სიტყვა? დამნაშავე ხარ თუ თავს იცავდი? მოძალადე, დამპალი, უვარგისი, დაუნდობელი... კიდევ რა ასოციაციები ახლავს? გარეწარი, ციხეში უნდა ეგდოს ეგ! არავის არ უნდა უყვარდეს.

რა ამბავი უნდა მოყვეს ახლა ამან? ნუთუ მოყვება, რომ შაბათია, თავთავების ფშვნეტის დღე?...

ოთხი ძმა უკვე საინტერესოა.

ან საშიში. გააჩნია, როგორ შეხედავ. მაგრამ რაღაც ინსტალაციის ეფექტი ნამდვილად დაჰყვება.

უზრუნველყოფილმა, თითქმის ფუფუნებაში გატარებულმა ბავშვობა-თინეიჯერობამ ძმებს თავისებური ცრურწმენა ჩაუნერგა. ცრურწმენა იყო, როცა ძვირფასი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, მეზობელ ოთხ დას სიმაღლის მიხედვით დააყენებდნენ და სიმღერას აიძულებდნენ. იმდენ ხანს, სანამ ნარკოტიკი ნეონად არ იქცეოდა და აცეტონივით არ ამოშრებოდა სხეულიდან.

უმცროსი და ტიროდა ხოლმე... უფროსები არ იმჩნევდნენ და სიბრაზით სავსენი, მაინც აგრძელებდნენ. მათ საჩუქრები ელოდათ.

ძვირფასი.

მერე უფროსი ძმა დაიყვირებდა – ვირაბ ჰადრა სანა, – გოგონები ასანას სიზუსტით შეასრულებდნენ. სანახაობა ამით სრულდებოდა. ასე იყო ადრეც. მდიდარი მეზობლების სამოსახლოში დების მშობლებიც მოხეტიალე მსახიობებივით იწელებოდნენ ხოლმე ღობეზე და საპატიო სტუმრების გასართობად ურთულეს ტრიუკებს ასრულებდნენ. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ტრიუკს შეეწირა ოთხი დის დედა. გაწყდა თოკი და ოქროსფერკაბიანი გამხდარი ქალის სხეული თეთრ კაფელზე უღონოდ დაეცა.

მაგრამ იმ დღეს ყველაფერი სხავნაირად დაიწყო. იმ დღეს ოთხი ძმის უზარმაზარ სამზარეულოში ახალი ყავის აპარატი მოიტანეს.

რა თქმა უნდა, მეზობელი დები მოიწვიეს, რომ აპარატის ინსტრუქცია აეთვისებინათ და ნარკოტიკების მორიგი ნაკადის წამოსვლას ესპრესოს არომატი შეზავებოდა. ერთი და მეორეს ენაცვლებოდა, იყო საქმიანი სვლა სამზარეულოდან ზოლიან შეზლონგებამდე, სადაც ტანზე მზედაკრული ძმები ნახევრადშეღებული გუგებიდან ჰედონიზმის ზენიტში ლივლივებდნენ.

ბიჭები რაღაცით ერთმანეთს გავდნენ. ნაკვთებით და ხელებით. მაგრამ უმცროსს ყველაზე გამოკვეთილი კონტურები ჰქონდა. მოძრაობისას ისე მოქნილად ირხეოდა ხოლმე მისი თხელი სხეული მარჯვნიდან მარცხნივ, გეგონებოდა, გადატყდებოდა. თეძოს კონტურები აშკარად გამოკრთებოდა ხოლმე შიშველ ტანზე მორგებული ჯინსის შარვლიდან.

იმ დღეს, უმცროსი ძმა მოხერხებულად აიჭრა აუზის კოშკურის საფეხურებზე.

ზევით. სულ ბოლოში და იფრინა. ძლივს ამოტივტივდა. დებმა ამოიყვანეს. კისერს ვერ ატრიალებდა.

სევდამ დაისადგურა გლობალურ ფუფუნებაში. და საღამოსვე, დაზარალებულთან ორი შამანი აფრინეს. აკუპუნქტურის თერაპია უნდა ჩაეტარებიანათ მისთვის.

ოთხი დის რვა გაფართოებული თვალი ვერანდის შუშიდან აკვირდებოდა უმცროსი ძმის სხეულზე დასობილ 48 ნემსს.

შამანები ღრმა ნაფაზებს ურტყამდნენ, თავზე ადგნენ და განძრევის საშუალებას არ აძლევდნენ.

მერე ეს თხელი სხეული ნაქსოვი თავშალივით მოიგდეს და გადატეხვამდე ატრიალეს ჰაერში. ეს მეტისმეტი იყო. უმცროსი და ატირდა და სახლისკენ გაიქცა.

უმცროს ძმას სახეზე მისთვის აქამდე უჩვეულო გრძნობის კვალი დაეტყო. თავი ვერანდისკენ შეაბრუნა, სადაც ახლა მხოლოდ სამი და იდგა.

უმცროსი უმცროსს ეძებდა.

– მამა, არ გვინდა მათზე გათხოვება. უსიყვარულოდ, – აცრემლებული თვალებით შველას ითხოვდნენ გოგონები.

– თან ცუდი ბიჭები არიან. საჩუქრებს იმიტომ გვჩუქნიან, რომ ძალით გვამღერონ...

მამა დუმდა და სახე ეღუშებოდა.

მარტოობაში გამოზრდილი ოთხი შვილის გულისტკივილი დამძიმებულ სხეულს კიდევ უფრო დიდ სევდას გვრიდა. რა უცნაურია ცხოვრება, – ფიქრობდა მამა გულში – ყველაზე მდიდარი ოჯახი ოთხივე შვილის ხელს ერთდროულად მთხოვს.

– ან თავს მოვიკლავ ან მოვკლავ... მეზიზღება! – შეჰკივლა უფროსმა დამ.

ეს უმცროსი ძმის ოინები იყო, რომელსაც მართლა შეყვარებოდა უმცროსი და. მისი ძმებისთვის კი უკვე არამხოლოდ ცოლის შერთვა გამხდარიყო სულერთი, არამედ მთელი არსებობის კონტექსტიც.

დაჩაგრული მეზობლებისთვის, რომელთაც ყველაზე გავლენიანი ოჯახის სამოსახლოსგან მხოლოდ ერთი ღობე ყოფდა, მეზობელი ბიჭები არასოდეს ყოფილან სასურველი. უბრალოდ, გაჭირვებაში ცხოვრებას ხშირად სწორედ ისინი ანიჭებდნენ საზრისს. მაგრამ მათ საჩუქრების გარეშე ერჩივნათ ცხოვრება. დილიდან ღამემდე იძულებით ნამღერისგან გულისრევის გრძნობა ხშირად წამოაგდებდა ლოგინიდან ხან ერთს, ხან მეორეს.

ისინი კი რაღაც უცნაურ ვნებებს იკმაყოფილებდნენ, უდარდელ ბავშვობა-თინეიჯერობას რომ მოჰყვა თან.

მამას ოთხი გალესილი დანა ედო მაგიდაზე, რომელსაც დები შემოსხდომოდნენ. გოგონები ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ. სხეულიდან გამოყოფილი სპეციფიური და სიგარეტის სუნი ერთმანეთში აიჭრა. გაუცნობიერებლის შიში, მაგრამ გაცნობიერებული სიძულვილი ჩანდა მათ თვალებში. უმცროსი კანკალებდა, რადგან ფიზიკურადაც პატარას, ძლივს ეჭირა ხელში მძიმე დანა.

მამას მოპირდაპირე სახლისთვის სხვენიდან უნდა ედევნებინა თვალი. პირველ ღამესვე გასრულდებოდა ეს ბურჟუაზიულ-მისტიური ზღაპარი, რომელიც მსხვერპლს ითხოვდა. თითო ძმის საძინებელში შუქის ჩაქრობიდან მეხუთე წუთს, დები სათითაოდ დაუსვამდნენ დანას ყელში მოძალადე ძმებს.

მამა გაოფლილი იჯდა სხვენში და მისი სახე თამბაქოს კვამლში იბინდებოდა.

ეწეოდა. რა იცი რა ხდება... რომელიმემ რომელიმეს დანა რომ უპოვნოს და პირიქით მოხდეს?...

ვინც პირველი მოათავებდა საქმეს, იმ წამსვე სახლში უნდა დაბრუნებულიყო საიდუმლო გზით, წინა ღამით მამამ რომ გაიყვანა. მერე შეკრებილები ერთად გაიქცეოდნენ. რა მნიშვნელობა აქვს, სად? მთავარია მონობას აარიდოს შვილები...

და აი, ჩაქრა ერთი ნათურა. მამამ თვალები დახუჭა. ათ წუთში სხვენის კარი შეიღო და მამას ქმრის სისხლით შეღებილი მეორე ქალიშვილი შერჩა.

აბღავლებული, პირიდან დორბლი რომ ცვიოდა და თვალებში ჭკუიდან გადასულის მზერა ჰქონდა. მამამ თავი მოპირდაპირე ფანჯრებისკენ მიატრიალა, სადაც კიდევ ერთი ოთახი ჩაბნელდა და შვიდ წუთში არაადამიანური ხრიალი შემოესმა, ახლა მეორედ. ეს მესამე და იყო. დანა გამოჰყოლოდა. ადგილზევე მოწყდა და დაეცა.

– მეგონა, ასეთი რაღაცეები არ ხდებოდა... – არაამქვეყნიური ხმა აღმოხდა უფროს დას, რომელიც მათში ყველაზე მშვიდი დაბრუნდა, სისხლის ნასახიც არ ქონდა და მხრებში არაბუნებრივად გამართულიყო.

ერთ მწკრივად ჩაწყობილები მეოთხე ფანჯარას მიშტერებოდნენ, სადაც შუქი არ ქრებოდა.

მამა ჩაიკეცა. თითქოს ათმა წელმა გაიარა. დავიღუპე, – თქვა და მუშტი ჩაიდო პირში.

– ვირაბ ჰადრა სანა... წავედით... – თქვა უფროსმა და დებს მხრებზე შემოკრა, – მამა, ადექი!

– მკვდარი ბავშვი როგორ დავტოვო... შვილო, – შეშლილივით წამოიძახა.

– მამა, ბავშვმა თვითონ დაგვტოვა!

– რას ამბობ...

– ოთახში არ არიან...

გაიქცნენ...

იმ ღამეს კლუბში ვერავინ მალავდა, რომ ოჯახები უსიყვარულოდ შექმნეს და ამიტომაც ტეკილათი გაჯერებულ მარილიან ტუჩებს თამამად უწვდიდნენ ერთმანეთს. ესეც ასე.

– ვააა, როგორ ხარ? – მოულოდნელად მეფეთება მთვრალი ნაცნობი და ვესალმები.

– რავი, აი ჩემი საყვარელი – ფოტოს მაჩვენებს... ამ ასაკის ტომ კრუზი მიყვარს მხოლოდ, სხვა არა, აი ამ ასაკის.

ბარის შორიახლოს, ხელზე დაყრდნობილი, მართლა ვერ ვხვდებოდი, რატომ არ იყო მტკივნეული აქამდე არც დაშორება და არც დაგვიანებული ზარი. რატომ მეტირებოდა სექსის მერე და ვწყდებოდი იმ თეთრეულს შლეგიანივით. ახლა ვხვდები, რატომ შეიძლება იყოს ადამიანი უთავმოყვარო, როგორ შეიძლება ერთ ობიექტზე საათობით გაუშტერდეს თვალი, როგორ მოგვაროს სიყვარულმა მუცელში რაღაც აუხსნელად სასიამოვნო სისხლის ცირკულაცია. როგორ გამოყოფს ტვინი ბედნიერების სითხეს. და როგორ ავიწყდება დამახსოვრებული ნარკოტიკის გემო, რადგან ახლა უკეთესი ახსოვს.

შეიძლება, რომ სისხლისგან დაიცალოს მთელი ოჯახი, მაგრამ მაინც შეყვარებული იყო? მთელი ქვეყანა რომ ინგრეოდეს, ესეც სულერთია... ბროწეულის და წითელი წიწაკის ბუჩქი მახსენდება... ან ეს რა შუაშია? პოულობდე შენს თავს სრულიად სხვა ქალაქში, სადაც ახლა უკვე ასეთი ადაპტირებული ხარ. გყავს ნაცნობები და წარსულს მალავ. მალავ, რადგან სიყვარულს არ შეექმნას საფრთხე.

ის არასოდეს ღიღინებს. რაც დრო გავიდა, უფრო გალამაზდა. აჰყვა მოდის ახალ ტენდენციებს და მიჭირს ხოლმე უცებ შევხსნა შარვალი ან კაბა.

ჩვენ დავიწყება ვისწავლეთ. და აქაურებში ავირიეთ. დილას არ ვიმჩნევთ, რომ ღამე ძალიან ცუდად გვძინავს. და შუადღისას ერთმანეთის კალთებში ვთვლემთ. ძალიან მალე ვიშოვეთ სამსახური. უცნაურია... იმიტომ, რომ სხვა გზა არ გვქონდა.

ძალიან მალე მივიღეთ იმ ქვეყნის მოქალაქეობა, რომელიც არცერთ ჩვენს ნათესავს არ უნახავს. ისე შევიცვალეთ, ზოგჯერ ერთმანეთს ვერ ვცნობთ. ამ გარყვნილ რეალობაში ჰეტეროსექსუალებად დავრჩით, მაგრამ მაინც ვერ გავაღწიეთ მოგონებების ორგიიდან. ხშირად სახლში ხან საფულე გვრჩებოდა, ხან საათი. იცი რატომ? ჩვენ დავიწყებას მივაჩვიეთ მთელი სხეული.

ზოგჯერ მესიზმრება, რომ ყველაფერი მაქვს, ბევრი ნივთი და დიდი საცხოვრებელი, მაგრამ პატარა ბავშვები შემორბიან, ნელ-ნელა იზრდებიან და ყველაფერს მართმევენ.

მაგრამ დილით ირკვევა – სამსახურში დამაწინაურეს. ბევრი ფული მაქვს. ყველაფერი მაქვს.

 

1 2 3 4 5 6 7 8
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / კვინიკაძე ნესტან / იაგუარების ტექნო