კვინიკაძე ნესტან 

 

ისპაჰანის ბულბულები

 

 

 

როცა გმირები ბრუნდებიან...

 

"კალმით ატეხილი ქაოსი" – ასეთ შეფასებას იძლევა ავტორი. და მართლაც, ქაოსიდან წესრიგის დაბადების თემა რომანის როგორც სტრუქტურულ, ისე სიუჟეტურ მხარეზეც ვრცელდება. ნესტან კვინიკაძის რომანს "ისპაჰანის ბულბულები" წინ უძღვის ჰაროლდ ბლუმის სიტყვები "გავლენის შიშის" პროლოგიდან, რაც გადააზრებულია უძღები შვილის მარადიული დაბრუნების არქეტიპის კონტექსტში: მამის წიაღიდან გასვლა; მოგზაურობა, ან გმირის ინიციაცია; და უკან დაბრუნება... გმირის სულიერი ფორმირების ამ სამ საფეხურში იგულისხმება თავისუფლების და აუცილებლობის, ან, გნებავთ, ქაოსის და წესრიგის დაპირისპირებაც, რაც რომანის მთავარი ღერძია. მითებშიც ხომ ასეა – ქაოსიდან წარმოიქმნება წესრიგი.

რომანის გმირები – ასტამური, ნატაშა, ნიკა და სხვები, ავტორის სიტყვებით რომ ვთქვათ, "მოხეტიალე მტრედები", ან უძღები შვილები არიან, რომლებიც სულიერი სიმშვიდის, თუ ფეხქვეშ მყარი ნიადაგის ძიებაში, ქვეყნიდან ქვეყანაში, ან კონტინენტიდან კონტინენტზე მოგზაურობენ.

ეს მოგზაურობა კი, როგორც საბოლოოდ აღმოჩნდება, სულაც არ ყოფილა სიბრძნის მოპოვების გზა, ან, როგორც სამშობლოში დაბრუნებულ ასტამურს საყვედურობს ბავშვობის მეგობარი ოთო: "ყველანი ვიყავით პოეტები, ძმაო, მაგრამ გაყინულ ტრამვაიში რაღაც ვეღარ ვიგრძენით ამის აუცილებლობა... შენ, რას ამბობ, შავი ყანჩების გადაფრენა რომ არ გენახა... ხო, ვერ მოაღწია ვერც ქრისტიანულმა სიბრძნემ და ვერც კარეტების ჭრიალმა".

ბავშვობიდან ჩიტებით გატაცებული ახალგაზრდა ორნითოლოგის – ასტამურის ე. წ. განსწავლის წყურვილი თუ თვითშემეცნების მცდელობა უშედეგოდ მთავრდება. ყველაფერი კი მაშინ ხდება ნათელი, როცა იმას, რის ნახვასაც მთელი ცხოვრება ნატრობდა – მისსავე ქვეყანაში იხილავს (ისევე, როგორც კოელიოს "ალქიმიკოსში" ხდება). ისპაჰანის ბულბულების გადაფრენა ფესვებისკენ დაბრუნებასთან ერთად, ორიენტალისტური სიბრძნის, როგორც, ზოგადად, ცოდნის დასაბამის უპირატესობაზე მიგვანიშნებს.

რომანშიც ხომ ხშირად ვხვდებით მითითებებს – ინდური ფილოსოფიის თუ კაბალას არაერთგზის მოხსენიების სახით. ქაოსისკენ, როგორც ფესვებისკენ სწრაფვა, დასაწყისშივე ჩნდება: "ერთ მუხლზე მე ვიჯექი, მეორეზე – ჩემი ძმა. ბაბუა გერმანულ სიმღერას მღეროდა. შიში გვერეოდა. თუმცა მაინც სიამოვნებით მივილტვოდით ქაოსისაკენ". ბაბუა – პატრიარქი, ერთგვარად, წინაპრების კრებითი სახეა. იქნებ სწორედ ბაბუის (და არა ქართული მოდერნისტული რომანებისეული დედ– მამის), როგორც საკუთარ ქვეყანასთან დამაკავშირებელი ფესვების წარმოჩენით, ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, მშობლების თაობა, რომლებიც შვილებს არცთუ სახარბიელო მემკვიდრეობას უტოვებენ და საკუთარი სიამოვნებისთვის, მათსავით შორეულ ქვეყნებში ცდილობენ თვითდამკვიდრებას (მაგ.

ბატონი გია თუ ტატას მამა); მეორე მხრივ, წინაპრები, ზოგაგად, ან, ავტორის თქმით, "კავკასიელი ალქიმიკოსები", რომელთაც დღემდე შემოინახეს საიდუმლო. ამიტომაც არის, რომ ხმელეთიდან შორს, ზღვაში გემით მოგზაურობა რომანში საყრდენს მოწყვეტილი არსებობის მეტაფორაა: "წყალში სამოგზაუროდ ისინი მიდიან, ვისაც ხმელეთზე არ დაედგომება... სულ ქვევით,... ზღვის ფსკერზე, ხიზილალაგამოტენილი თევზები ანცობენ. ასეთ დროს მათი სამყარო უფრო რეალურია, ვიდრე შენი". ნიკას კოლაჟური ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები – წებოთი შეკოწიწებული დეტალები კი, თავისი დანაწევრებული და დარღვეული მთლიანობით, რომანის გმირების ამბავს მოგვაგონებს, სადაც სხვადასხვა ეპიზოდი – ერთი ადამიანის ისტორია და, იმავდროულად, მთელი თაობის ტრაგედიაა. ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარი თავის ძიებაში საზღვარგარეთ მიემგზავრებიან, თითქმის მთელ დღეებს უმიზნოდ ატარებენ: "ქოთან– ball – ეს თამაში ნიკამ მოიგონა.

დიდი ოთახის ცენტრში ეკიდა თოკი, თოკზე საშუალო ზომის საკმაოდ მძიმე ქოთანი, რომელიც წრეზე ტრიალებდა. ტრიალის დაწყებიდან სამიოდ წუთში ქოთანი არნახული სისწრაფით მოძრაობდა... რა იყო ამ თამაშში საინტერესო?.." ზოგჯერ კი "ხან New York– ზე, ხანაც სემიუელ ბეკეტზე, ანდა სულაც ფოტოგრაფიაზე საუბრობდნენ. მუსიკა ბოლო ხმაზე და ცეკვა თეთრი საცვლების გამოჩენამდე. მოულოდნელად ბიჭები ძირს, ხალიჩაზე რაღაცის ძებნას იწყებდნენ, საქმიანად და მიზანმიმართულად დაცოცავდნენ, რაღაცას კრეფდნენ... პოულობდნენ... ილუზია...

და როდის, როდის მიხვდებოდი, რომ ახლა მათ ფილტვებში კოკაინი უფრო მეტი იყო, ვიდრე ჰაერი". ახალგაზრდები მაინც უცხოდ გრძნობენ თავს ქვეყანაში, სადაც ეკლესია დისკოთეკადაა გადაქცეული და საკუთარი წარმომავლობის გამუდმებული მტკიცება უხდებათ. ემიგრანტულ შეხვედრებზე კი ამსტერდამის ქართული დიასპორის წარმომადგენლები საკუთარ მიკროსამყაროში ცხოვრობენ. სალონურ შეკრებებზე მათი დიალოგები რომანის სიუჟეტურ ფონს ქმნის. ამ დიალოგებიდან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს აქ, ამ უცხო ქვეყანაში ოდნავადაც არ შეცვლილა მათი ცხოვრება, თითქოს საგულდაგულოდ შემოუნახავთ თავიანთი თვისებები და თბილისიდან გამოყოლილი ჩვევა – რუსულ ენაზე საუბარიც არ დავიწყებიათ, როგორც კარგი ტონი.

რომანში მოქმედება სასიყვარულო სამკუთხედის ფონზე ვითარდება. მაგრამ შეიძლება ამას, პირობითად, სასიყვარულო კვადრატიც დავარქვათ, ვინაიდან აქ ოთხი პერსონაჟის ურთიერთობებია გახსნილი.

თუ კიდევ უფრო განსხვავებული კუთხიდან შევხედავთ და ამ პერსონაჟთა თვისებების თანხვედრას გავითვალისწინებთ, შეიძლება ეს სასიყვარულო ინტრიგა ისე გავიგოთ, როგორც ორი ადამიანის ურთიერთობა (მით უმეტეს, ამ ცდუნებისკენ თვით რომანი გვიბიძგებს). ერთი სიტყვით, ეს ერთგვარი რომანი-გამოცანა, ან რომანი-თამაში გახლავთ, სადაც წარსულის და აწმყოს ეპიზოდების მიზანმიმართული აღრევა ემსგავსება იმას, რასაც ჰიპერტექსტს, ანუ არათანმიმდევრულ თხრობას უწოდებენ და რაც კორტასარის "კლასობანასთან" თუ პავიჩის რომანთან "უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში" ასოციაციას აღძრავს (მით უმეტეს, სამკურნალო სეანსებზე ტატა სწორედ "კლასობანას" კითხულობს); ხოლო მკითხველი გამოცანის გამშიფრავს, ან მოთამაშეს ემსგავსება, რომელსაც კითხვის პროცესში მოვლენათა მიზეზ– შედეგობრიობის დალაგებასთან ერთად, გარკვეული დასკვნებიც გამოაქვს.

თუმცა, ზემოხსენებულ ავტორთაგან განსხვავებით, ნესტან კვინიკაძე თავების ნუმერაციას სულაც არ გვთავაზობს და ამ მხრივ, წაკითხვის ინსტრუქციებს არ გვახვევს თავს.

მონაცვლეობით, პირველი და მეორე პირით თხრობას კონცეპტუალური დანიშნულება აქვს, რაც პერსონაჟთა სიმრავლესა და ეპიზოდების მონტაჟური განლაგების პარალელურად, კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს მთავარი გმირების სამყაროს დანაწევრებულობაზე. ეპიზოდების მონტაჟი და დასასრულს წარმოდგენილი "ცნობიერების ნაკადის" მაგვარი ასოციაციური ფრაგმენტულობა თხრობას დინამიურს ხდის. ამასთან, რომანში არაერთ პაროდიულ პასაჟს ვხვდებით, იქნება ეს დოსტოევსკის "თეთრ ღამეებზე" თუ რობაქიძის "გველის პერანგზე". ხოლო ფრაზა – "ჩვენთან ყოველთვის ბრუნდებიან გმირები", თითქოს, ერთდროულად, "დიონისოს ღიმილსაც" შეგვახსენებს და ჰომეროსის პოემასაც.

ირონიულია ზღაპართან ალუზია, როცა საუბარია იმაზე, რომ ასტამური წლობით კი არა, დღეებით იზრდებოდა; ბავშვობაში ავადმყოფობის შემდეგ დასერიოზულებული და ჩამოყალიბებული ასტამური კი უბნელ თანატოლებს ჰამლეტის მონოლოგის პაროდიზებული ფრაზით მიმართავს: "რაღაც დამპალა უბანში"...

რომანის ბოლოს ირკვევა, რომ ამბავი, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ, შესაძლოა იყო არა ასტამურის, არამედ მისი ძმის – ფარვიზის თავგადასავალი (ისევ "დიონისოს ღიმილი"!) და რაც თითქოს ლინკით დასაწყისისკენ, ასტამურის /ფარვიზის/ სიტყვებისკენ გვაბრუნებს, რომ რომანის ლაბირინთში შეგვიტყუოს და კითხვის კიდევ ერთი წრეც გავიაროთ: "მე დღემდე არ ვიცი, რომელი ვარ – ფარვიზი, რომელზეც ამბობენ, რომ მოკვდა, თუ ასტამური, რომელზეც ამბობენ, რომ გადარჩა". რომანის მსვლელობისას სულ უფრო იკვეთება ორნითოლოგი ასტამურის და ხელოვანი ნიკუშას /იგივე ნიკას/ იგივეობის თემა, რომელიც ჩიტის ხმაზე უსტვენს ხოლმე. ამგვარი მისტიფიკაციაც თამაშის ნაწილია. რომანის დასასრულს "ბატონების" შელოცვა კიდევ უფრო კრავს ზღაპრისეულ სიუჟეტს და თან მიგვანიშნებს, რომ ასტამურის სამშობლოდან წასვლა და უკან დაბრუნება – სახადის მოხდის ტოლფასია, რის შემდეგაც უკვე განწმენდილი, სამადჰის მდგომარეობას, ანუ იმას მიაღწევს, რასაც ქართულად "როგორც შერწყმას, ისე ვთარგმნით", სადაც "შენ" – "მე"-დ გარდაიქმნება, ისევე როგორც ერთ პიროვნებაში გაერთიანდება ასტამური და ნიკუშა; სადაც აღარავის ეცოდინება, თუ რა არის "საგანთა დუბლიკაცია" და ყველაფერი ერთადერთი, განუმეორებელი იქნება; სადაც ჩვენც სოდომამდელ, სიყვარულის ენას გავიხსენებთ.

მაგრამ, ვინ იცის... იქნებ, ესეც ჩვენებაა და სინამდვილე არც ყოფილა...

სინამდვილე ხომ "სინემას ჰგავს"...

 

 

გაგა ლომიძე

 

"ჟამიდან-ჟამს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, ეგონა დუმილს დაარღვევდა. უნდოდა ეთქვა: "აჰა, იხილეთ, ღონემიხდილი და სავსე ნაყოფი", მაგრამ კვლავ დუმილის საუფლოში რჩებოდა".

 

 

ჰაროლდ ბლუმი

 

ბიოლოგიური დერეფნები

 

ერთ მუხლზე მე ვიჯექი, მეორეზე – ჩემი ძმა. ბაბუა გერმანულ სიმღერას მღეროდა, შიში გვერეოდა. თუმცა მაინც სიამოვნებით მივილტვოდით ქაოსისაკენ. ბაბუა სიმღერას თან ფეხების მოძრაობას უწყობდა, თამაშის კულმინაცია იმაში მდგომარეობდა, რომ ერთ-ერთ შეძახილზე ბაბუა თვალებს ხუჭავდა, ფეხებს ძლიერად დაკრავდა და ორივენი ძირს ვვარდებოდით.

ამის შემდეგ კი, მოულოდნელად, კვლავინდებურად თავს ვესხმოდით ბაბუას მუხლებს. დაჭყეტილი თვალებით ხან ერთს გამოგვხედავდა, ხან მეორეს. "ვაი" – შესძახებდა. ისევ ამერიეთ? შენ რომელი ხარ... და იწყებოდა თავიდან.

ტყუპები კი გვინახავს, მაგრამ ასეთი მსგავსება – ნამდვილად არასდროს, – აღნიშნავდა ყველა. თურმე დედაც ვერ გვარჩევდა ერთმანეთისაგან.

ასე რომ, მაშინ როდესაც უბედურმა შემთხვევამ ოთხი წლის ასაკში ერთ-ერთი ტყუპი იმსხვერპლა, ვერავინ გაიგო რომელი მათგანი უნდა ეტირათ; ანუ მე დღემდე არ ვიცი, რომელი ვარ – ფარვიზი, რომელზეც ამბობენ, რომ მოკვდა, თუ ასტამური, რომელზეც ამბობენ, რომ გადარჩა.

ყოველ ღამე ოფლიანს წამომაგდებს ხოლმე სიზმარი, სადაც ბაბუას ტყუპები უზის მუხლებზე, ხან ერთი აფარებს თვალებზე პატარა ხელს, ხან მეორე: – ბაბუ! აბა, რომელი ვარ? ბაბუ! მაინც ხედავ? ნუ იჭყიტები ბაბუ! რომელი ვარ!!! ტყუპებს ხელები უსველდებათ და ბოლოს ხვდებიან – ბაბუ ტირის...

იდაყვებზე დაყრდნობილი, უწყინარი გამოხედვით, კარგა ხანს უცქეროდა ფანჯრიდან სადგურებს, ქალაქებს, კიტრის ნიღბებს რომ დაეფარა. ვეებერთელა აფიშები, ქალის პორტრეტი დიდი სიგარით – დიუსელდორფი.

შემდეგ მზერა გვერდით მჯდომ ახლადშერთულ მეუღლეზე გადაიტანა, კისერში აკოცა და თავი მიადო.

ჯერ არცერთი ფერი არ შეხამებია ერთიმეორეს ისე, როგორც ეს წყვილი ემსგავსებოდა იბერიული* და კოლხური** კულტურების გადაკვეთაზე განცდილს.

ჯერ ერთი გაიღიმებდა და ღიაყავისფერ თვალებთან, მანერული ნაოჭი ჩნდებოდა.

მერე მეორე აჰყვებოდა და თავადური გენი მაინც თავის კალაპოტში მოაქცევდა ძალიან ახალგაზრდა წყვილს. ნათალი თითებით ერთმანეთის ნაკვთებს ამოწმებდნენ. გოგონა გრძელ თმას მიუშვერდა ბიჭს მოსაფერებლად. სახე ჰოლანდიისაკენ მიმავალი სწრაფი მატარებლის ფანჯრიდან შემოსულ, დუისბურგის, ობერჰაუზენის განათებულ სარეკლამო აფიშებს ირეკლავდა.

როგორი იყო ახლა ასტამური? მიჰქონდა თუ არა რაიმე ტვირთი, ან ცოდნა თუ მიჰქონდა საერთოდ. ოთხი წელი ბიოლოგიურზე ორნითოლოგიას სწავლობდა და შესანიშნავად ფლობდა ინგლისურს. რუსულს ხომ თავისთავად.

ორნითოლოგიის შესწავლას ახლა იქ გააგრძელებს. ერთი წამითაც არ ეპარება ეჭვი, რომ სირთულე შეხვდება ამ თვალსაზრისით, რადგან ღრმად სწამს, რომ საკუთარი პროფესიის არჩევა მის შემთხვევაში ყველაზე დიდი მისტიურობით არის განპირობებული და ამისთვის მას ნამდვილად ეკუთვნის ჯილდო, ჯილდო თუ არა რაიმე კომპენსაციის მსგავსი მაინც, რაც ცისკენ მიპყრობილ თვალებს დაკვირვებისთვის სამადლობელს შესწირავს.

ჯერ კიდევ ხუთი წლის ასტამური აგვისტოს ბოლოს სოფელში მიაბარეს ბებიას, – მშობლები სამსახურებრივი დავალებით რუსეთს სტუმრობდნენ, სადაც მთელი შემოდგომა დარჩებოდნენ.

იმერეთში***, სოფელ ჭყვიშში იმ დროისთვის აღარცერთი დამსვენებელი აღარ იყო, ვის სასკოლო ასაკი, ვის სასექტემბრო სამზადისი. ასე რომ, პატარა ასტამური ბებოს ამარა დარჩა სოფელში, რომელიც სავსე იყო შეუცნობელი მოვლენებით, სახლ-მუზეუმებით, საჯილდაო ქვებით**** და ადრიანი შემოდგომის მზის ჩასვლებით.

ზაფხულით გადაღლილ სოფელში, ასტამური რუხ ბატებს დაუმეგობრდა, რომლებიც ბებიას მოეშინაურებინა და დიდ მწვანე მოლზე ჰყავდა მიშვებული.

და იწყებოდა დილა რუხი ბატებით.

ხან ნისკარტზე კოცნიდა, ხანაც რიონის ნაპირებისაკენ მიუძღვებოდა წინ. ყველა მათგანს ერქვა სახელი. ასტამურის თვალწინ წყვილდებოდნენ და იპრანჭებოდნენ ბატები. ანცობდნენ და იქნევდნენ ფრთებს.

ასტამური თავად ეზოში სადილობდა. ბებია საუცხოოდ მორთავდა ხოლმე პატარა მაგიდას, რომელსაც ხელებდაბანილი და თმადავარცხნილი ასტამური ჯორკოს მიადგამდა და თან მიირთმევდა, თანაც დიდ მწვანე მოლზე შორიახლოს მიმოფანტულ ბატებს გასცქეროდა.

ძილის წინ, ჯერ ბატების მართლაც რომ ეფექტურად ძილისმომგვრელი ყიყინი უნდა მოესმინა, მერე კი სიამოვნებით შეწვებოდა გაქათქათებულ თეთრეულში.

ხუთი წლის ასტამური, ძალიან დაღლილი, ძილს მიეცემოდა და სიზმარშიც რუხ ბატებს ეთამაშებოდა. ასე გადიოდა დღეები, ერთი თვე, ორი თვე, ასტამურს მთელი ეს დრო არც მამა გახსენებია, არც დედა.

ბებომ სუსხიანი დღეების დადგომისთვის თბილი სამოსი ამოიღო სკივრიდან და ასტამური ახლა ქუდით მწყემსავდა შემოდგომის ბატებს.

ერთ დილას შედარებით მოწყენილი ეჩვენა ასტამურს რუხი ბატები. მიუახლოვდა, თვალებში ჩახედა და გაუცინა. აქეთ-იქით დახტოდა, ყოველანაირად ცდილობდა გაერთო. ბატები უცბად აყვებოდნენ თამაშში, შემდეგ ისევ მოიწყენდნენ.

"რა მოხდა" – თვალებში ჩაჰყურებდა პატარა ბიჭი. ბატები ჩვეული ტაატით გაუყვნენ სახლის გვერდით მდებარე ხეივანს, გაიარეს ორი სახლ-მუზეუმი, ერთი ღობე რომ ჰყოფდა. ასტამური უკან მისდევდა – ხან ერთს ეძახდა, ხან მეორეს. ბატები თითქოს აღარ ემორჩილებოდნენ და უფრო სწრაფად მიიწევდნენ რიონის* ნაპირებისკენ. ასტამურს ჯერ მხოლოდ სწყინდა. მას არ ჰქონდა გამოცდილება და, შესაბამისად, მსჯელობის უნარი, მოვლენები რომ ერთიმეორესთან დაეკავშირებინა. ჯგუფად შეკრებილმა ბატების გუნდმა, თითქოს საბოლოო მზერა მოავლეს ასტამურს, გაისმა უცნაური ხმა და გუნდი ცაში აფრინდა, ნელ-ნელა უფრო ზევით, უფრო და უფრო ზევით.

ალბათ, ახლა წერტილივით ჩანდა რიონის პირას დარჩენილი ბიჭი, რომელსაც ვერაფრით გაეგო, რატომ გაფრინდნენ რუხი ბატები, რატომ უღალატეს სამთვიან მეგობრობას ან, საერთოდ, სად წავიდნენ.

ასტამური ტიროდა, ტიროდა ისე, როგორც არასდროს, რაღაც დიდი შემოსულიყო მის პატარა სამყაროში. თან დამნაშავე ეგონა თავი, თან შიშმაც მოიცვა. ასტამური სახლში მირბოდა, გული ამოვარდნამდე უცემდა, ცრემლები ღვარად ჩამოდიოდა. მირბოდა ბებიასთან და თან ჯიბეებიდან სიმინდის მარცვლები უცვივოდა.

როგორც ბებო აძლევდა ხოლმე შვილიშვილს გადანახულ კანფეტებს, ისე ათამამებდა ასტამური გამოკვებილ ბატებს და მოულოდნელად უწყობდა სიურპრიზს, ჯიბიდან სიმინდის მარცვლებს იღებდა და მეგობრულად უნაწილებდა მათ.

– ბებია!!! – შევარდა ეზოში და მოხუცი საზარელმაშიშმა შეიპყრო.

ასტამური კალთაზე გამოეკრა ერთადერთ ახლობელს და ცრემლებში დამღრჩვალმა მოხუცს ვერ გააგებინა, თუ რა აწუხებდა. მზის ჩასვლამდე ტიროდა პატარა ბიჭი და იმ წუთს ვერავინ დააწყნარებდა მას, ვერავინ აუხსნიდა ბატების გაფრენის აუცილებლობას, და რომ ასე იყო ყოველთვის...

საღამო ხანს ასტამურმა თვითონ თხოვა ბებიას, დამაწვინეო. დაწვა და ასე იწვა სამი კვირა, რადგან გვიან ღამით ბებია ასტამურის ბოდვამ გააღვიძა, თავიდან ფეხებამდე ოფლიანს, მაღალი სიცხე არ აძლევდა მოსვენებას. ბებიამ პატარას ძმრიანი წინდები ჩააცვა და გვერდით მიუწვა.

ასე იყო სამი დღე. სიცხე არ ვარდებოდა.

მხოლოდ მეოთხე დღეს, როცა სოფლის ექიმი იხმეს, გასაგები გახდა ყველაფერი – ბატონები*.

წითლებით მორთულ ოთახში ყველაფერი იყო – ტკბილეულით დაწყებული, სათამაშოებით დამთვარებული. მაგრამ ასტამურს არაფერი არ უნდოდა. იგი ყველა სათამაშოზე სრულყოფილი იყო ახლა, ამიტომ ხელსაც არ აკარებდა მათ.

ბრაზობდნენ ბატონები, მაგრამ მათ (ასტამურისა და ბატონების) ერთადერთ სურვილს ვერანაირი ძალით ვერ დაექვემდებარებოდა გადაფრენის ინსტინქტი.

ასტამურს აღარასოდეს უხსენებია რუხი ბატები. გახდა და ახლა ხშირად გასცქეორდა ხოლმე გზას, რომელსაც მალე დედა და მამა უნდა გამოჰყოლოდნენ.

ასტამური პატარა იყო და ამიტომ ვერ გამოხატავდა იმ ტკივილს, რაც უღრღნიდა მუშტისხელა გულს.

მხოლოდ წამოზრდილმა, 16– 17 წლის ასაკში, სავარაუდოდ, სტერეოტიპების დასანგრევად, ორნითოლოგიის შესწავლა გადაწყვიტა. სად ან რატომ მიფრინავენ ფრინველები?! – ეს იყო კითხვა, რომლის პასუხის ძიებასაც მთელ ცხოვრებას მიუღძვნიდა ასტამური.

უტრეხტში უკვე ამოლაგებული წიგნების და დღიურების ჩალაგება დაიწყეს. შეიკრა ელვა და აქედან დაიწყო სულ სხვა ესკალატორის საფეხური, მხოლოდ და მხოლოდ მათთვის.

სადგურიდანვე იგრძნობოდა, რომ აუტანელი დღესასწაულის ქალაქში მოხვდნენ. ტაქსებს მიუახლოვდნენ.

თეთრი ფერის ავტოს გაურკვეველი ეთნიკური წარმოშობის ახალგაზრდა ბიჭი მიყრდნობოდა. ლუდს სავმდა. თვალს არ აშორებდა წყვილს და უცინოდა. შემაწუხებელმა მზერამ ახლადჩამოსული სტუმრები დააბნია, დაძაბა და დიალოგის წინაპირობა წარმოშვა.

– What is up!!! – მენტალური კატეგორიულობით მიმართა ასტამურმა. გოგონამ ნერვიულად ჩასჭიდა ერთი ხელი მეუღლეს, მეორე კი ჩემოდნებს.

უცნობი ღიმილს არ იშორებდა.

მან ლუდის ბოთლი მანქანის კაპოტზე დადო, ორივე ხელი ცისკენ აღაპყრო და სიცილით თქვა – Hey! It is Amsterdam!

არა, მაშინ კი არა, ელვა რომ შეკრა, სწორედ ახლა დაიწყო რაღაც ახალი. უკიდურესად ახალგაზრდული და ჰედონისტური შეხდულებებით სავსე წყვილი ცოტა ხნით მოწყდა ფერმკრთალ სიშორეს. თუმცა ეს მათ ეგონათ ასე. ცოტა ხნით?!

ასტამური და ნატაშა – ყველაფერი წინ არის.

ცხოვრება ქალაქში, რომელიც მათ წინაპრებს საერთოდაც არ უნახავთ.

ბაბუას დატოვებული ოთხოთახიანი ბინა ასტამურმა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გაყიდა, ფული ჯიბეში ჩაიდო და ახლადშერთულ მეუღლესთან ერთად იმ ქალივით მიატოვა საკუთარი ქალაქი, რომელსაც არავინ ყვარებია შენნაირად. შენ კი სწორედ იმიტომ მიდიხარ, რომ გარანტირებული გაქვს ეს გრძნობა.

გჯერა, გწამს და მოგწონს მომლოდინე. მერე თხზავ თქვენი შეხვედრის ისტორიას. თუ როგორ უყურებ თვალებში ქალს, რომელსაც ხელზე უკოცნია შენთვის, რომლის ქალაქშიც ტბა მართლა ისე არ გაიყინება, რომ მარტში ყინული გატყდეს და ამ ხმამ შენი თავი არ გაახსენოს. მაგრამ არის ბევრი სხვა; ის, რაც გრაფიკულად ზეპირად ნაცნობ ქუჩებში უშენობას აშკარას გახდის.

ყველა შემთხვევაში ასე ხდება. და რატომღაც ყველა ემიგრანტის მონოლოგი თავისი ინტელექტუალური სენტიმენტალიზმით ძალიან ჰგავს ხოლმე ჯილდომინიჭებული მწერლების სამადლობელ ლექციებს.

თვალცრემლიანები, ყალბი აბზაცებით რომ მოიხსენიებენ გაჭირვებულ ქვეყნებს.

დარდით ივსებიან, რომ სადღაც დღემდე სჯერათ ადამიანებს – ვარსკვლავების მოძრაობას ერთი მაწანწალა სპილოს ღვიძლი წარმართავსო; ტყუპის მშობელ დედას სიკვდილით სჯიანო. მადლობას უხდიან სოფლის ბავშვებს, რომლებიც კილომეტრებს გადიან სკოლაში მისასვლელად. ამას ის ადამიანი ამბობს, რომელიც ერთ დღესაც საკუთარი სტატუსით ისარგებლებს – მე მწერალი ვარო იტყვის და, რომელიმე "ეგზოტიკურ" სოფელში გადაიკარგება ახალი წიგნის დასაწერად, გამოცდილების დასაგროვებლად კი ობობის ქსელივით რომანს სწორედ იმ ქალთან გააბამს, რომლის შვილიც კილომეტრებს გადის სკოლაში მისასვლელად ავდარშიც და პაპანაქება ზაფხულშიც. მერე ორივე მთავრდება რომანიც და რომანიც და რჩება ქალი მარტო. მწერალი ავტობუსში ბოლო სკამზე ზის – ბრუნდება სახლში. ორღობეში მდგარი ქალი კი დგას იქამდე, სანამ არ იქცევა წერტილად. წერტილად და არა ათვლის წერტილად.

რადგან მწერალი ავტობუსში ხელოვნურად აჩქარებს მოვლენებს ისე, რომ ვერც კი გრძნობს – ვიღაცას ძალიან უჭირს სწორედ ახლა, ამ წამს, უჭირს პირველად თავის ცხოვრებაში. ქვეცნობიერად დაშვებული გათიშულობა კი არსებულს შეუმჩნეველს ხდის.

* * *

უმცროს დასთან ერთად იმ ზაფხულს ბებიასთან და ბაბუასთან ვატარებდი ვეებერთელა სახლში, კიდევ ბიძა, ბიცოლა – თათული და ბიძაშვილები ცხოვრობდნენ.

თათულის ნამცხვრების შეკვეთები ჰქონდა და, შესაბამისად, სამზარეულოში გამუდმებით ტრიალებდა შესანიშნავი სურნელი.

ჩვენ პატარები ვიყავით – უზნეოები, ნება რომ ყოფილიყო, დღეში ას ტარტალეტკას, ამდენივე ეკლერს და ოდნავ მეტ ნაპოლეონს შევჭამდით. ამიტომ კატეგორიულად გვეკრძალებოდა ნამცხვრების შორი– ახლოს გაკარება.

– იცოდეთ, დათვლილი მაქვს, მოაკლდება და დასჯის ახალი მეთოდი მერე ნახეთო, – დაგვაშინებდა თათული და ჩვენც, პატარა ფანჯრიდან, წვალებით ვითვლიდით: ხან მეტი იყო, ხან ნაკლები.

მოკლედ, ბოლოს კრემიან ქვაბებს დაგვაჭერინებდნენ ხელში და, ასე თუ ისე, მაინც ბედნიერები, ტკბილ თითებს ვილოკავდით.

ერთ დღესაც ვიღაც დალოცვილებმა, – საუცხოო ტარტალეტკების შეკვეთა მისცეს თათული ბიცოლას, სტანდარტული ზომის კი არა, როგორც ყველა ტარტალეტკა, დიდი, ძალიან დიდი და საოცრად მორთული, მაღალი კონუსები, ალუბლებით გატენილი და გლაზური აქა– იქ წვეთებად.

მე, ჩემი და და ორი ბიძაშვილი, პირდაღებულები ვიდექით ფანჯრის წინ, თათული ისეთი სისწრაფით აფორმებდა მსუქან ტარტალეტკებს, ისეთი დახელოვნებული იყო, რომ ეს ცალკე სიამოვნებას გვანიჭებდა, და როდის-როდის აღმოვაჩინეთ – ოთხი "ვიზიონერი" იმ წუთას დაჩოქილი მდგარა ფანჯარასთან.

მოკლედ, მოგვბეზრდა ჭვრეტა. ხან თოჯინებს ვუკეთეთ ოპერაციები, ხან მეზობლის პატარა ბავშვებს ვაწიწკნეთ თმები, ბოლოს იყო წუწაობა. ამ თამაშში ყველას თავისი ტარა ჰქონდა, წუწაობა ჩვენში გართულებული ხასიათის გართობას წარმოადგენდა – უნდა დაიმალო და შემდეგ მოულოდნელი იერიში მიიტანო მოწინააღმდეგეზე.

ჰოდა, შუაგულ თამაშში, ნახევრად სველი და აჟიტირებული სამზარეულოს კარის უკან აღმოვჩნდი, და თვალი მოვკარი, თათული ბიცოლა როგორ აწყობდა ყუთში მსუქან ტარტალეტკებს.

უეცრად გამომხედა, საჩვენებელი თითი ტუჩთან მიიტანა – ჩუმადო მანიშნა და ერთი ტარტალეტკა გამომიწოდა. ღმერთო! – სიხარულისაგან დამიბნელდა თვალებში. ერთ ხელში ტარტალეტკით, მეორეში – წყლით სავსე ბოთლით გავიქეცი; ახლა მოწინააღმდეგეს კი არა, მეტოქეებს გავურბივარ. ყველაფერზე ერთდროულად ვფიქრობ – ოთხად თუ გაიყო ეს "მსუქნუშკა" რაღას ივარგებს. სად დავმალო, სად ვერ მიპოვნიან, ხან სველი ფეხი მომიცურდა, ხან ბოთლი გამივარდა. და გამახსენდა – ერთი ოთახი, სადაც ვერასოდეს მიპოვნიან ჩემხელა, 7– 8 წლის ბიძაშვილები, და ვერც ჩემი უმცროსი და – შორიდან რომ ისმოდა მათი შეძახილები. და ამ ფიქრებით ბაბუს ოთახში ჩუმად შევედი.

 

1 2 3 4 5 6 7 8
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / კვინიკაძე ნესტან / ისპაჰანის ბულბულები