კვინიკაძე ნესტან

 

ოთხი გიაც იყო და ორგიაც...

 

 

 

ოთხი გიაც იყო და ორგიაც... ტრანსავანგარდულმინაბული კლოუნიზმიც და გვიანანტიკური იუდაიზმიც. რისი თქმა მინდა ამით?! ქრისტიანულ აღმოსავლეთში დაბადებულ, იბერიული და კოლხური კულტურების გადაკვეთაზე ჩამოყალიბებულ; კავკასიური გავლენების; ხიდით გაყოფილი ორი უბნის გზაჯვარედინზე დალექილი იდეოლოგიის, შინაგანად კი მებრძოლი საზოგადოების წევრს?!

თქმა არა, დაწერა მინდა! რამე ადვილის, ვთქვათ, სასიყვარულო წერილის, რადგან ესაა ყველაზე მარტივი ეპისტოლარული ჟანრი, რისთვისაც მხოლოდ სიყვარულია საჭირო.

გამარჯობა ლი! გწერ ესა და ეს.

სიმართლე ვთქვა, არ მიყვარხარ, უბრალოდ, ამ ჟანრში მინდა მოგწერო. ისედაც ვაპირებდი, როგორც ჩემს ქვეყანაში სტუმრად ჩამოსულისთვის, როგორც პირველი ავსტარლიელისთვის, რომელსაც შევხვდი; როგორც ინგლისურის მასწავლებლისთვის და როგორც იმ იშვიათი გამონაკლისი უცხოელისთვის, რომელსაც ასე ძალიან არ მოეწონა საქართველო.

ლი, მაშინ 2 ივლისი იდგა. გახსოვს, საშუალო ზომის ოთახში თორმეტ სკამზე ექვსი გოგო და ექვსი ბიჭი რომ გადანაწილებულიყო? იქ კიდევ ერთი სკამი იდგა, იმ თორმეტისგან ოდნავ განსხვავებული, - ეს შენი სკამი იყო, ლი! კედელზე დაფა ეკიდა, კიდევ განცხადება, კერძო გაკვეთილების შესახებ და დიდი ფურცელი, რომელზეც ის აუცილებელი სიტყვები იყო ჩამოწერილი, გაკვეთილის დროს სავარაუდოდ რომ დაგჭირდებოდა, ასე მაგალითად: I am sorry; Sorry I am late; I-ve not done my homework and so on...

კარი გაიღო და ოთახში მომხიბვლელი ყმაწვილი შემოვიდა, ცისფერი მაისურით, ჯინსებით, ქერა, უკან შეკრული თმით, ღიმილით, რძით და ალერსით.

My name is Lee – თქვი შენ. იცი რა გავიფიქრე: ღმერთო, ოღონდ ამერიკელი არ იყოს-მეთქი. I  am from Austarlia". აქედან დაიწყო. დილ-დილაობით 10-დან 12-მდე, შესვენების ჩათვლით, ჩვენ, ჯგუფის წევრები ერთმანეთში ინფორმაციებსაც ვცვლიდით გაკვეთილების პარალელურად.

ნელ-ნელა იკვეთებოდა შენი პიროვნება, სახე-ობრაზი, რაღა. შევიტყვე, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე ბოსნიასა და ჩეხეთში ცხოვრობდი, და რომ აქედან უკრაინაში გეგმავ გამგზავრებას. როგორც შენ ამბობ, ოთხი წელია, არ ყოფილხარ ავსტრალიაში. კი ბატონო, ბევრია სხვისთვის, მაგრამ ავსტრალიელისთვის არამგონია. იქიდან ცოტა ხნით ვერსად წახვალ. ამაზე ხომ შევთანხმდით.

მოკლედ, ნახევრად კანიბალური სამყაროს შვილი, ოთხი თვით საქართველოს ეწვია. ლი, გახსოვს ჯგუფელები, შენი მოსწავლეები? მათი შემხედვარე სულ ვფიქრობდი: კი, ეს მართლაც არის კიჩურ-ავანგარდული შემთხვევა, ლოგიკას მოკლებული უცნაური ქცევა.

შენ რიგს მოუყვებოდი და თან პროფესიულ მიღწევებზე გვეკითხებოდი.

– რაზეა შენი წიგნი, – გახსოვს, მკითხე.

– Every book is about love, – გიპასუხე და შენც გაგეღიმა.

ამის შემდეგ აშკარა იყო შენი სიმპათია ჩემდამი.

კომპლიმენტები შესვენებებზე და ხშირად, გაკვეთილის პროცესში. ორშაბათი შენი საყვარელი დღე იყო, რადგან უფლება გქონდა, გეკითხა, როგორი იყო ჩვენი უიქენდი; სად ვიყავით, რა გავაკეთეთ. და მეც გიყვებოდი, თუ რა გადამხდა თავს. თვალებში მიყურებდი და შენთვის ფიქრობდი.

ლი, გახსოვს, ცენტრალურ ქუჩაზე რომ ვსეირნობდით და ყველა სადარბაზოსა თუ მაღაზიის შესახებ კომენტარები მქონდა? აი, აქ 60-იან წლებში პირველად, თბილისის ისტორიაში დიდი ვიტრინები ჩასვეს, რამდენი ადამიანი დაზარალდა ამის შედეგად! მიუჩვეველნი და გამოუცდელნი შიგ ვიტრინაში გადიოდნენ კაფეში შესასვლელად. შენ გეცინებოდა, რაღაც სიდნეური უცხოობით, იქ თქვენთან ხომ მტვერის ფერიც ხომ უცხო და უჩვეულოა, - წითელი... მთები ყოფილა წითელი და ქარიც, შესაბამისად, ამავე ფერის მტვერს ატრიალებს ჰაერში. გზაში მოულოდნელად სახე შეგეცვალა, ხელზე დამქაჩე და მითხარი:

– რა ჭირს ამას...

ქალია?... მათხოვარია?

– არა, ეს ქალაქის ცნობილი ბომჟია...

– ქალია?

– ხო.

– აბა, წვერი რატომ აქვს?

– დარღვეული აქვს ფუნქციები... ალბათ.

– ნაგავს ჭამს? – არ მეშვებოდი.

– არა, სადღაც ნაგავსაყრელზე მიაქვს, რო კითხო, რად გინდა ეს ნაგავი, გიპასუხებს, ქალაქს ვალაგებო.

შენ თვალები გაგიდიდდა და მკითხე: რა აზრი აქვს ამის ცხოვრებასო.

– არ ვიცი – მეთქი.

ლონდონში ტერაქტი მოხდა. ტელევიზორის ყურებისას შენ გამახსენდი: ნათქვამი გქონდა, რომ შენი ძმები ლონდონში ცხოვრობენ. ამიტომ გაკვეთილზე შემოვედი თუ არა, გკითხე, შენ ძმებს თუ ესაუბრე – მეთქი. გახსოვს, მადლობა მითხარი და თქვი, რომ კარგად არიან. უფროსი ძმა, რომელიც “ჰილტონის" მენეჯერია, მთელი დღის მანძილზე დაჭრილებს და დასახიჩრებულებს სასტუმროს ფოიეში ათავსებდა.

მერე ეს თემა განივრცო, ხან ესპანეთს მივადექით, ხან ამერიკას. მე სიტყვა ავიღე და ვთქვი, რომ იქამდე, სანამ ეს ტერაქტები ერთი მუჭა ფანატიკოსების სახელით საღდება, მოსვენება არ იქნება-მეთქი.

ყველა მოსწავლე გეპრანჭებოდა. შესვენებების დროს, ჩვენს აუდიტორიასთან გოგონების მთელი გუნდი დგებოდა, ხაზგასმული ჩურჩულითა და დაუფარავი კეკლუცობით ყველა შენი ყურადღების მიქცევას ცდილობდა. მე არა! მე სულ სხვა რამ მინდოდა, უფრო ზუსტად, შენი თვალით დანახული ჩემი ქვეყანა მაინტერესებდა, და ამიტომ ყურადღებით შემოგყურებდი პირში, შენს ყოველ სიტყვას ჰაერში ვიჭერდი აქაურობის შესახებ:

– ჩვენი საჭმელი მოგწონთ, – გეკითხებოდნენ ხოლმე ჩემი ჯგუფელები.

– ზოგიერთი რამ – პასუხობდი თავშეკავებულად.

– რა არ მოგწონთ?

– ბევრი რამ, – თან მიმზიდველად ჩაიცინებდი.

ლოგიკურია, ლი, შენ ოთხი თვის მანძილზე არ გყოლია მასპინძელი, რომელიც მცხეთაზე უკეთეს ადგილს განახებდა და ყველაზე გემრიელ სადილს გაგიმართავდა. უეცრად, ერთ დღესაც შენს სიდნეურ განწყობაში, სრულიად შემთხვევით გავჩნდი მე, ვინც ბევრი ვერაფერი შევცვალე.

– იცი, ღამით, მოთხრობა დავწერე, მინდა წაგაკითხო. რა უცნაურია, პირველად დავწერე მოთხრობა, – გამომიტყდი.

– რა მაგარია! როდის მომცემ?

– ხვალ.

– აუ, ძალიან გთხოვ, არ გადაიფიქრო.

– არა... დღეს ძალიან ლამაზი ხარ...Very beautiful......

– გმადლობ, ლი.

"The 2/nd coming", ასე ერქვა შენს მოთხრობას, ასატანი ტექსტი იყო, თუმცა დეპრესიულ აქცენტებზე პროეცირებული, ზომიერად მძიმე, და მე მივხვდი, შენ ძალიან ცუდად იყავი.

ამის მიხვედრა ადვილი იყო, ტექსტი ცუდად მყოფი ადამიანის განწყობით იყო სავსე. რა დამავიწყდებს შენს სახეს,

როცა გითხარი: ლი, შესანიშნავი ნაწერია, შენ უნდა გააგრძელო წერა, თან სამსახურიც ხელს გიწყობს, მოგზაურობ საინტერესო ქვეყნებში. მაგრამ, ლი, შენ აქ ცუდად ხარ... ძალიან ცუდად!

– საიდან მიხვდი? – შოკში ჩავარდი.

– ვიგრძენი.

– რაა!!! ნუ მაგიჟებ, მოთხრობიდან ჩემ განწყობას როგორ მიხვდი?

– ეს ჩემი პროფესიაა, – შევიფერე.

– მასწავლე, გთხოვ, – გაოგნებული მიყურებდი.

გაკვეთილის მანძილზე რამდენჯერმე მიუბრუნდი ამ მისტიკას: არა, რა! ვერ ვგებულობ, საიდან მიხვდი. მე მეღიმებოდა.

თანდათან დავუახლოვდით ერთმანეთს.

იმ საღამოს ჩემი მეგობრების კლუბის გამოსამშვიდობებელ საღამოზე დაგპატიჟე. გახსოვს რამდენი ლუდი დავლიეთ? ეს იყო ჩვენი პირველი დათრობა ერთად.

ისე, დასაჭერები ვიყავით, მოსწავლე და მასწავლებელი ერთად ღამის კლუბში. რა უბედურებაა, არა?

მალე მივხვდი, რომ ალკოჰოლი არც ისე კარგად მოქმედებს შენზე. მართმადიდებელი ხარო, მკითხე, მე თავი დაგიქნიე და ჯვარი ამოვიცურე საჩვენებლად. მერე ხელი შენი კისრისკენ წამოვიღე, რომ ძეწკვს შევხებოდი. შემაჩერე და მითხარი, სექტანტი ვარო...

ჯერ შემეშინდა. კლუბში ნახევრად სიბნელე იყო და რაღაც პლასტმასის მუსიკა უკრავდა.

მერე ვიფიქრე, ალბათ, ინგლისურად ვერ ვარჩევ რას მეუბნება–მეთქი. ჩაგაცივდი და, სანამ არ გაგეცინა, მჯეროდა, რომ სექტანტის გვერდით ვიჯექი. ასეც ხომ ხდება ხოლმე?

კლუბში ორი უფროსი მეგობარი მახლდა. ორივეს ნინო ერქვა და ორივე სიგიჟემდე იყო შეყვარებული. მეოთხე ბოთლი ლუდის შემდეგ, შენ მათთან ერთად ენერგიულად აცეკვდი. მერე მაგიდასთან დაბრუნდი, თვალებში ჩამაშტერდი და მკითხე: რატომ იკეტება დღეს კლუბიო.

– იმიტომ, რომ ზაფხული იწყება, არავინ ივლის.

– კი, მაგრამ ეს ხომ დედაქალაქია?! არ შეიძლება დედაქალაქში ერთი კლუბი იყოს და ისიც იკეტებიდეს.

– კი, მაგრამ, ლი, ჩვენ ჯერ არ გავმართულვართ მხრებში. ჯერ ისევ ვრჩებით პოტენციურად შესაძლებელ ხელუხლებელ ლანდშაფტად.

– ნაწყენმა გიპასუხე.

გაგეღიმა.

ჩემზე ძალიან ვის შეიძლება სძულდეს აქ ცხოვრება?! მაგრამ შენმა თავხედობამ თვალები დამიბნელა... სტუმარ-მასპინძლობის ხათრით, თორემ პირში მოგახლიდი იმას, რასაც მთელი 20 წუთის მანძილზე გულში ვფიქრობდი:

შე საცოდავო! შე ინგლისის კოლონიის შვილო! მრავალსაუკუნოვან მარტოობაში, სამყაროს მოწყვეტილო კუნძულო! მორჩილად რომ შერიგებიხარ დედოფლის კაპრიზებს. ჯერ კიდევ რომ ვერ გაიაზრე შენი ქვეყნის ხიბლი; ოკეანე და წითელი მტვერი, ჩვეულებად ქცეული ეგზოტიკა; სადილად კენგურუ, ვახშმად კი კიბორჩხალა. მონავ! ინგლისელის მონავ! მარტოობა რომ მოგწყინდა, 1996–97 წლებში დიდი ემიგრაციის კარი გახსენი, მთელი მსოფლიო შენთან დაპატიჟე, შენს მეზობელ კანიბალს რომ არ დამსგავსებოდი. ხომ ასეა?

ყბამოქცეული ვიჯექი კლუბში, ირგვლივ ყველა მხიარულობდა... შენ ალბათ იფიქრე – რაღაც ვაწყენინეო, და სიტუაციის გამოსასწორებლად ჩამეხუტე – ქართველი გოგონებისგან როგორი განსხვავებული ხარო, - გეგონა, კომპლიმენტი მითხარი. თუ არის კიდეც კომპლიმენტი?! არ ვიცი.

მალე ავდექით და ერთი ნინოს მიპატიჟებით, მეორე ნინოსთან სახლში წავედით.

მეორე ნინო საჭესთან იჯდა, სადღაც ფილარმონიასთან დაამუხრუჭა და გკითხა: გინდა, საჭესთან დაგსვა?  PLEASE, – იყო შენი პასუხი, რაღაც პარანორმალური ჟღერადობის და მე მივხვდი, რომ ძალიან სწრაფად ივლიდი.

ასეც მოხდა, ვიფრინეთ. როგორც შენივე ნათქვამიდან გაირკვა, ერთი წელია საჭესთან არ მჯდარხარ.

ლილ! ლიუშკი! ელ! – მინდა შენი სახელი უფრო შევამოკლო და შევამსუბუქო, მაგრამ ამაზე მეტი კნინობა რა შეიძლება მოვუგონო შენს სახელს? არც არაფერი, ლი.

ჩაი გვესიამოვნა. ხომ ასეა? მეორე ნინო სურათებს გათვალიერებინებდა: აი მე და ჩემი შეყვარებულიო, აი, ჩემი შეყვარებული ავტომატითო... განგსტერიაო...

მერე პირველმა ნინომ გადაწყვიტა, შენთვის გული გადაეხსნა, ალბათ უფრო იმიტომ, რომ მეგობრებს უკვე მობეზრებული ჰქონდათ დაუსრულებელი სიყვარულის ისტორია.

– რამდენი წელია გიყვარს?

– სამი.

– იმას?

– იმას არ ვიცი... მე ისევ... ამერიკაში სწავლობს, რეჟისორია.

– ახლა სადაა?

– დღეს ჩამოდის, ხვალ ალბათ, ეკლესიაში ვნახავ, – პირველმა ნინომ ამოიხვნეშა.

– ორივენი მორწმუნეები ხართ? – ღიმილით ჩაეკითხე, გახსოვს?

– ხო...

– მეც, და ჩვენ საერთოდ, ყველანი მორწმუნეები ვართ – მოულოდნელად მეორე ნინო საუბარში ჩაერთო.

– ვა, რა უცნაურია – ჩაგეღიმა.

– რა არის უცნაური, – ჩაგაცივდა პირველი ნინო, – რელიგიურობა?

– არა, მე, უბრალოდ, მიკვირს, როგორ არის, რომ ხარ მართმადიდებელი, რეჟისორი და პლიუს ამერიკაში ცხოვრობ.

მეორე ნინოს სასმელი მორეოდა და ფოტოების აფიშირებას აგრძელებდა: აი, აქ რა საყვარელია, – ისევ თავის განგსტერ შეყვარებულზე მიგითითა.

– ხო ცოცხალია? – გაიხუმრე.

ჩვენ გაგვეცინა.

– კი... ძალიან მიყვარს.

– იმას არ უყვარხარ, თუ რა?

– იმასაც ვუყვარვარ, მაგრამ...

– რა მაგრამ, - უმალ ყური ცქვიტე.

– ცოლი ყავს.

შენ ადგილიდან წამოხტი:

– ნინო, შენ ახლა ხუმრობ?

– არა!

– როგორ გიყვარს ცოლიანი კაცი? საერთოდ, მერამდენე მსგავსი შემთხვევა მესმის? თქვენთან მგონი წესია, მამაკაცს რომ საყვარელი ყავდეს...

– ასე მოხდა...

– ასე არ ხდება. ეგ ხომ შენ ხელშია! შეცვლა შეგიძლია.

– ხშირად არა, - მეორე ნინოს სევდა მოერია, პირველ ნინოსაც.

– თქვენ რაღაც რელიგიურობაზე და ეკლესიებზე აღმატებული ტონით საუბრობთ და ცოლიან კაცთან სიარული რომ ცოდვაა, ამას არ აღიარებთ!

– კი, როგორ არ ვაღიარებ... მე ხშირად თავის მოკვლაზე ვფიქრობ! – თვალები აუცრემლიანდა მეორე ნინოს.

– რატომ ფიქრობ თვითმკვლელობაზე და არა იმის ცოლის მოკვლაზე, ასეთ შემთხვევაში ხომ ბედნიერები იქნებით? – არ ჩერდებოდი.

– რას ამბობ? – მეორე ნინო გაგიჟდა, – კაცის კვლა?

– რა იყო, თავის მოკვლაზე დიდი ცოდვა არ უნდა იყოს თქვენი რელიგიის მიხედვით.

– შენ გიფიქრია ადამიანის მოკვლაზე, – ჩაერია პირველი ნინო.

– კი, – დინჯად უპასუხე.

– ვისი?

– ქმრიანი ქალი მიყვარდა, და მინდოდა, ის კაცი მომეკლა, საწამლავი ჩამეყარა ჩაიში...

– მერე რა ქენი?

– ვერ შევძელი...

სიჩუმე ჩამოვარდა. მე ყურადღებით ვიმახსოვრებდი ყველა სიტყვას, თან ფიქრებში ვიყავი წასული, ამიტომ პირველ ჯერზე ვერ გავიგე, თურმე მე მეუბნებოდით ახლა შენ მოყევი სასიყვარულო ისტორიებიო. პასუხის ღირსადაც არ ჩაგაგდეთ. ასე ვიცი ხოლმე, მაშინ როცა ძილი მომერევა და სიგარეტის კვამლი მაღიზიანებს.

იმ დღეს წვიმდა. მეორე ნინოს ბიძაშვილმა მანქანა გამიჩერა და გაკვეთილზე მომიყვანა (სულ გეცინებოდა ბიძაშვილების, მამიდაშვილების და დეიდაშვილების ხსენებაზე, რამდენი ხართო, კითხულობდი).

მანქანა ნელა მიდიოდა, ათას სისულელეზე ვლაპარაკობდით:

– გუშინ მთელი დღე მანქანის ხელოსანთან ვიყავი, წვიმაში ბევრი ხომ არ იარე? საერთოდ გეტყობა სისწრაფე გიყვარსო, – მიყვებოდა მეორე ნინოს ბიძაშვილი ნატა.

– კი მარა, შენ მანქანის ხელოსანთან იყავი თუ მკითხავთან? სამ პერიოდში გზიდან ბედნაცვალი კაცი მოვაო, არ უთქვამს? – ორივეს სიცილი აგვიტყდა.

დამთხვევა იყო.

დაწყებულ გაკვეთილზე შემოსულმა აღმოვაჩინე, რომ თქვენც მკითხავებზე საუბრობდით.

– ჩვენში ძალიან პოპულარულია, – თინათინი ამბობდა.

– მე ვიცი უცნაური მკითხავები–მეთქი.

– როგორები, რაზე მკითხაობენ, – მკითხე.

– ერთი ვიცი, ლობიოზე მკითხაობს, მოაყრის ასე მაგიდაზე და უბერავს: "კაზიონიი დომები" და "გ"-ზე ვინმე ბიჭი. მეორე ვიცი, ჩონგურზე უკრავს და ისე მკითხაობს, აშუღივით სულ სიმღერ-სიმღერით გიყვება: ხვააალ, შუაააადღისსს გზაააზე სასიიიიხარუულოო ამბააავიაააა... და მესამე, ეს მართლა "დისქავერის" ამბავია: დები არიან. ერთი იძინებს და გაურკვეველ ენაზე ბოდავს, მეორეს ერთი ხელი მის მკლავზე უდევს, მეორე ხელის თითით თმას იხვევს და ბავშვის ხმით ლაპარაკობს, ბავშვივით ტირის, იცინის და ამბობს, ვთქვათ: ბედნასვალი ქაბატონი გამსვიდებს.

შენ სიცილით კვდებოდი, სხვებიც კვდებოდნენ... ლი, იცი რა მეწყინა ძაან, რესტორანში რომ დაგპატიჟე, რამე ქართული კერძი ვჭამოთ-თქო და შენ "ბივსტროგანოვი" რომ შეუკვეთე. რა წესი იყო?! მე თავი არ გავიბანძე და "ცეზარის სალათს" შევუდექი.

სამაგიეროდ, საღამოს ჩემი მეგობრის სახელოსნოში სულ ძალით გასხი ქართული ლუდი, რომელიც ჩეხეთიდან საქართველოში დაბრუნებულს სულ არ გსიამოვნებდა. გახსოვს, მაგ დღეს როგორ გავერთეთ? მარიხუანაც მოწიე, და შუა საუბარში აღმოჩნდა: ლი ნარკომანია! "არა, თქვენში გავრცელებული ჰეროინი არა, მაგრამ სხვა ყველაფერი მიღებული მაქვს, ჰალუცინატორებიც კი, ჭარბად", – ამბობდი. მერე თვალი გაგიშტერდა.

– რა გჭირს, – გკითხე.

– რაღაც საშინელება გავიფიქრე.

– რა?

– ვერ გეტყვი...

– ლი, ჩვენში საშინელებას მოტყვნას ან მოკვლას ეძახიან, რომელი გაიფიქრე?

– არც ერთი, – სიცილი აგიტყდა.

აბა, ქართველი მეფეები და მთაში ადათ-წესები; 200 მებრძოლით მოგებული ათასიანი ბრძოლები; აბა, ზეპირსიტყვიერებაში შენახული მარგალიტები; ლეგენდები და გენიალურობის გამო უთარგმნელად დარჩენილი ქართული ტექსტები; მერე აქეთ – გეორგიევსკის ტრაქტატი, მოკლედ, ყველაფერი, რაც იყო – ყოველი დილა გაკვეთილზე ასე იწყებოდა, გაწონებდით ჩვენ ქვეყანას.

– გამოცდა მკაცრი იქნება? – ჩემმა ჯგუფელმა ბიჭმა გკითხა, რომელიც გოგონებს ყოველ დღე გვეკითხებოდა, თმაშეშლილები როდის მოხვალთ, მიყვარს თმაშეშლილი გოგოებიო (თმაშეშლილი იგივე ყოფილა, რაც თმაგაშლილი).

– გამოცდა არ გექნებათ. ისე, ზეპირად გადავწყვეტ, ვინ გადავა შემდეგ კურსზე და ვინ არა, – გამოაცხადე.

რა უცნაური პასუხია 26 წლის ყოფილი ნარკომანი ავსტრალიელისთვის, რაღაც მოულოდნელად მკაცრი და არაადეკვატური. არა?

ლი! რატომღაც ავიჩემე, რომ შენნაირებს სიყვარული არ შეუძლიათ. ასე რომ არ იყოს, მოკალათდებოდი სიდნეიში, ოკეანის პირას, კამბერელ, გრძელთმიან გოგონასთან ერთად და დედოფლის კაპრიზებს აყოლილს, ინგლისურ მოდაზე ჩაცმულს შეუხსნიდი კაბას და ჩაუგორგოლავებდი გეტრებს, the body shop-ის ზეთებით დანამულ სხეულს დაუკოცნიდი და ტანგას, რომელზეც პრინცესა დიანას ფოტოა გამოსახული, თითებზე წამოიცვამდი და მერე ორივენი ერთად ტანგით იმას ითამაშებდით, თითებზე თოკს რომ ჭიმავენ, დაუშლელად რომ უნდა გადავიდეს ხელიდან ხელში.

მაგრამ შენ სხვა ცხოვრება არჩიე, ხეტიალი, ხეტიალი და კიდევ ერთხელ ხეტიალი. და ამიტომ აღარ იცი, როგორი მოდა და ტენდენციაა დღევანდელ ავსტრალიაში. ნიკ ქეივი; კალი მინოუგი და მელ გიბსონი, აი, სულ ესა ხართ.

ივლისის ბოლო იყო. Last გაკვეთილი თუ გამოცდა უნდა გვქონოდა. შენ გამოაცხადე, რომ ყველას ჩათვლას გვიწერ და შემდეგ ლეველზე გადავედით. ესეც მოულოდნელი იყო. ამ დროისთვის მე უკვე დაკარგული მქონდა შენდამი ინტერესი.

დერეფანში ვიდექი და ვეწეოდი, რომ მომიახლოვდი: ოდესაში გემით მინდა წასვლა და როგორ უნდა წავიდეო. შენდამი დამოკიდებულება დაკარგულს მაინც აღმომაჩნდა ძალა ბოლომდე დაგხმარებოდი, რადგან მალე საქართველოს დატოვებდი და მჯერა არასოდეს ჩამოხვალ ისევ.

ამიტომ ფოთშიც გაგამგზავრე, ნათესავებსაც ჩაგაბარე: ელარჯი; პორტში ოსმალური ყავა; თევზის რესტორანი; გრეიჰფუტის ტყე, ძილი, სრული იდილია, როგორც ამბობდი, მერე თურმე ბილეთიც აგიღეს და ნავსაყუდელში ხელიც დიდხანს გიქნიეს და გემიც ოდესისკენ დაიძრა.

თანდათან მივხვდი, რატომაც დავკარგე შენდამი ინტერესი. რატომაც არ შემიყვარდი, – პოტენციურად შესაძლებელი ხელუხლებელი ლანდშაფტი?! იმიტომ, რომ შეუძლებელია გიყვარდეს ადამიანი, რომელსაც ასე ძალიან არ მოსწონს შენი სამშობლო.

ლი! რომელიმე ქვეყნის სიძულვილის უფლება, მხოლოდ მისსავე მოქალაქეს აქვს. მერე კიდევ ვიფიქრე და მივხვდი: გახსოვს იმ წვეროსან ბომჟ ქალზე რომ მკითხე, რა აზრი აქვს ამის ცხოვრებასო... ლი, მე ვიცი, რა აზრიც აქვს: რომ ერთ დღესაც საკუთარ თავში ის სათნოება იპოვნო, რომელიც შეგაძლებინებს იმ ბომჟთან მიხვიდე და ხელი მოჰკიდო... მაგრამ, ლი, მე ჩემში ეს სათნოება ვერ აღმოვაჩინე. თუმცა ყველაზე ხშირად ვიმეორებ, რომ ქრისტიანულ აღმოსავლეთში დავიბადე! რომ მიმზიდველად სენსუალური რასის წარმომადგენელი ვარ... რომ საიდუმლო ლოჟები და ორდენები, მსოფლიოში საშინელების სინდრომს თესავენ, და რომ გადის დრო, ძალიან დიდი დრო და რომ "მშვენიერი – ძნელია"...

 

P. S.

უი, ლი! იცი ნატომ, მეორე ნინოს ბიძაშვილმა, რომელ მკითხავთან მიმიყვანა, ერთი ხელი დის მკლავზე რომ უდევს, მეორე ხელის თითზე თმას რომ იხვევს და ბავშვის ხმით რომ ლაპარაკობს. იცი რა მითხრა: თუ წელილი ცუდი გამოვიდა, მქოლოდ იმიტო, ლო, ამ მალტივი ეპიცტოლალული ზანლის ტექსტისთვის მთავალი ალ იკო, - სიკვალული ალ იკოო...

Reply! Please!

2005. 9 აგვისტო.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / კვინიკაძე ნესტან / ოთხი გიაც იყო და ორგიაც...