კლდიაშვილი დავით 

 

მსხვერპლი  

 

 

 

ახალგაზრდა, ლამაზი მარინე პარასკევობაზე ისტუმრებდა თავის ქმარს ნიკას.

– არ დაგავიწყდეს, – ეუბნებოდა იგი ქმარს: – ეს საჩოხე შალი ხუთ მანეთ ნაკლებ არ გაყიდო; ამ გაროზში თუ მოგცენ ორ მანეთ–ნახევარი გაყიდე, თუ არა და ისევ სახლში მოიტანე... ეს ოთხი წიწილი სამ–სამ შაურად... ამ გაროზში რომ ფულს მოგცემენ, იმითი ერთი კაი ბაღდადი მიყიდე და მომიტანე...

– ბაღდადის ყიდვისა მე არაფერი ვიცი, – მიუგო ნიკამ.

– ნაცნობი ვინმე შეგხვდება, შე კაცო, შეეხვერწე და გაყიდვიებს... მარა კარგი იქნეს კი!

– რა ფერის გინდა?

– თეთრი იქნეს... თუ გინდა ცისფერი... ფოჩვიანი თუ იშოვო, ძალიან კარგი იქნება... ორ მანეთ–ნახევრად კარგ ბაღდადს იშოვი.

– ფულები აღარ გეტევათ ზანდუკებში? – თქვა ამ ლაპარაკის დროს სახლში შემოსულმა მაღალი ტანის, ცოტათი წელში მოხრილმა, მოხუცებულმა დედაკაცმა: – ფული არ გეტევათ ზანდუკებში?

– სახლში მოსატანი ფულისათვის, ბატონო, საჩოხე შალს ვატან და ოთხ ახალ ქათამს.... ბაღდადს მარტო გაროზის ფასი მიყიდის... ყველას ახურავს თითო ბაღდადი, მე კი უბრალო თავსაფრით დავდივარ ეკლესიაზე... მარტო მრცხვენია!.. – თავდაბლად უპასუხა მარინემ მოხუცებულ დედამთილს.

– ათასჯერ მითქვამს შენთვის... სხვისი წამხედურობა შენი საქმე არ არის, არა... ჩვენ არ გვარგებს, ქალბატონო, არ გვარგებს... რომ ვერ ჩავაგონე!.. შენ, ვაჟბატონო, ბაზრობა რომ გათავდება, მაშინ წადი, შენმა სიცოცხლემ, – მიუბრუნდა ფეფენა ნიკას: – რას გაჩერებულხარ?.. გასწი შენთვის და დროზე მოდი სახლში... ფული თელათ მოიტანე!..

ნიკამ, დედის ბრძანებაზე, სიტყვაშეუბრუნებლად, მოხვია ხელი რაც წასაღები იყო და საჩქაროდ კარში გავიდა. მარინე კი გულამღვრეული მისჩერებოდა, თვალს არ აშორებდა ფეფენას.

– გეუბნები, პრანჭვა–გრეხას თავი დაანებე-თქვა!.. რაღა დროს შენი კოპწიაობაა... ვის ეპრანჭები, მითხარი ერთი? ქმარი გყავს, იმას მოაწონე შენი თავი... ამ სხვებზე რომ თვალი მიგირბის..

– ვის სხვას ვეპრანჭები, ბატონო?.. ვის ვეპრანჭები, მითხარით მაინც, რომ ყოველდღე ამას მეუბნებით?..

– მუსაიფი გამაბმევიე ახლა მაგაზე!.. – შეუტია მოხუცებულმა.

– აბა, რა ვქნა, ღმერთმანი? ასე ტყუილუბრალოდ შეწამებამ გული მომიკლა!..

– ტყუილაუბრალოდ? ჰმ! ტყუილაუბრალოდ?.. მე გული მომეხარჩა, ჩემო ქალბატონო, შენ რომ გიყურებ... გესმის, შენ რომ გიყურებ, გული მომეხარჩა!..

– რა ვქენი მაგისთანა? რა დავაშავე? – ცხარედ წარმოსთქვა ქალმა: – მითხარით მაინც, რა დავაშავე?

– ეგ თქვენი ახალი განათლება არ მინდა მე, არა; არა-მეთქი, გეიგონე ჩემი... ნუ იცი ყოველ კაცთან შენებურად ლაქლაქი, დოურიდებლად ყბედობა, არ შეგფერის ეგ ცუნდრუკი და კისკასი... არა, არა... მე ვიცი, რა ბოლო მოჰყვება მაგისთანა თავისუფლებას...

– მე აღარავის ვცემ ხმას... ყველას ჩამოვეთხოვე... სულ მუნჯად კი ვერ გადავიქცევი, რა ვქნა!

– ყველას ჩამოეთხოვე, ყველას ჩამოეთხოვე... ხმას აღარავის ცემ?.. აბა, ეს გლახაკი, გაქუცული აზნოუშვილი დავითი რას დაწანწალობს ჩემს სახლში? რა უნდა კარუგდელაძეს ჩემს ოჯახში?.. მანამდის როდის ყოფილა იგი ამ ჩემ მიდამოზე მოსიარულე?.. ასე ჩამოეთხოვე ყველას?..

– ბატონო, მე ვერ ვეტევი ვერაფერს იმ ადამიანს... თქვენ უფროსი ბრძანდებით... თუ გწყინთ მისი აქ მოსვლა, თქვენ დეითხოვეთ და ის იქნება... მე რა ბრალი უნდა მედებოდეს... – მარინეს ხმაში შეკავებული ცრემლები ეტყობოდა.

– მე დევითხოვო?.. თუ შენ, თუ შენ, შენ უნდა დაანახო, რომ ტყვილა დაგდევს უკან?.. გამიფრთხილებიხარ, იცოდე, რომ რამე სირცხვილი მაჭამო, ოჯახი გამიხადო ქვეყნის სალაპარაკოდ, სამასხაროდ ასაგდებად, იცოდე, ან შენ და ან მე!.. არაფრით არ დაგზოგავ, ცოცხალი ვერ გადამირჩები, იცოდე! – და ამ სიტყვებთან ფეფენამ ისეთნაირად გადახედა მარინეს, რომ ეს უკანასკნელი აქედანვე უნდა დარწმუნებულიყო: ეს, თავისნება მოხუცებული დედაკაცი, ერთ გუნებაზე მართლა და არ დაზოგავდა მას არაფრით.

– ოჯახს უყურე... ოჯახზე გქონდეს უფრო თვალი, გირჩევნია... თვარა, შენისთანა განათლებული ქალი ერთი კი არ გვინახავს შერცხვენილი და თავსლაფდასხმული თავისი გაუფრთხილებლობის წყალობით! – წაილაპარაკა ფეფენამ და რძალს მოშორდა.

რა პასუხი მიეცა ამაზე მარინეს? რა მიეგო ამ სიტყვებზე? ან როგორ მოახერხებდა რაიმე პასუხი მიეგო, როცა ტანი მთლად უცახცახებდა აღელვებულს და ყელში ცრემლები უჭირებდნენ... რარიგად გაჰქილა, ტალახში ამოსრისა მისი თავმოყვარეობა, მისი ნამუსიანობა და სიყმაწვილე ამ უსინდისო დედაბერმა?! მერე რისთვის? მხოლოდ ეჭვისათვის!.. ჰმ, ერთი ამ მოხუცებულის ფეხქვეშ მოთელვა, მისი ჩაწიხვლა! – მაგრამ ეს აზრი, ეს სურვილი წარეცხა თვალებიდან ერთბაშად ნაკადულივით გადმოკრიალებულმა ცრემლებმა.

ამ ცრემლების სიმწვავემ თითქოს გამოაფხიზლა მარინე – კაბის სახელოთი მოიწმინდა თვალები, მიტრიალდა და გავარდა კარში; დაეშვა ეზოს ქვემოთ მდებარე ვენახისკენ, გადახტა ვენახის ბოლოში ღობეზე და შარაგზით მიჰქროდა და თან იძახდა: ,,რა ვქნა, რა ვუყო ამ დედაბერს?.. ღმერთო, რა ცეცხლში ჩავვარდე?!"

მან მიირბინა თავისი ქმრის ბიძისას.

– ბიძია, ბიძია ჩემო, თავი უნდა მოვიკლა! – ძლივს ამბობდა აღელვებული მარინე.

– რა იყო? რა ამბავია, შე ქალო? – ერთხმად შეჰკითხეს ორთავე ცოლ–ქმარმა, ონისიმემ და სოფიომ, მარინეს შეხედულობით გაკვირვებულებმა.

– ბიძია, ან ჩემი თავი უნდა მოვიკლა, ანა–და ის დედაბერი, ის მართლა კუდიანი, არაწმინდა, ის უნდა მოვკლა... მეტი გზა არ მაქვს... გამიჭირდა, სიცოცხლე გამიჭირდა მისგან!

– რა დაგემართათ, რა მოგივიდათ? – ისევ კითხულობდნენ მოხუცებულები. – დაჯექი, შვილო, და ისე გვიამბე! – უთხრა სოფიომ.

– ყველაფერს ვითმენდი, ყოველ იმის სიპილწეს ვუძლებდი...შეხედავდა, მეგონა, რომ არა ვარ ოჯახზე ორგულად... რომ ცუდი არაფერი მჭირს... რა არ ამიტანია სიტყვის უთქმელად... მეგონა, მცდის-თქვა... ვცდილობდი რამერიგად მისი ოხერი გული მომეგო... მარა არაფერი, არაფერი მე მასთან არ გამივიდა... კაცს ხმას ნუ გაცემო, კარგად ნუ იცვამო... ძონძებში რავა გამოვეხვიო, როცა, ღვთით, ვშოულობ, ვხელსაქნარობ... ქმარს – ის უიმისოდაც სულელია – ქმარს მიხელებს, რას არ ეუბნება, აგულიანებს... დღეს რეები არ გამაგონა?!. რა არ მითხრა?!. რა არ შემწამა?!. რატომ იქვე არ მოვკვდი!.. რა ეჭვები შემოაქვს ჩემზე?.. ღმერთო, ღმერთო, რატომ ვარ ცოცხალი ამის შემდეგ?! – და მარინემ დაწვრილებით უამბო ონისიმეს და სოფიოს დედამთილთან ნალაპარაკევი.

– ბიძია, ბიძია! – საყვედურით უთხრა მან ონისიმეს: – ბიძია, შენ ჩამაგდე ამ გენიაში!.. რატომ მოიკიდე ჩემი ცოდვა?.. რაზე ათხოვიე ჩემი თავი მაგ ოხრებს! – მარინე მწარედ მოსთქვამდა.

ისიც საკმარისი იყო ონისიმესათვის, რასაც მოჰყვა მარინე და ამ საყვედურმა, ამ საყვედურის ცხარე სიტყვებმა ხომ მოხუცებული მისი გულის მონად გახადეს.

თოფნაკრავივით წამოვარდა ზეზე და წამოიძახა:

– მერე ის შენი სულელი ქმარი, ის სულელი ბიჭი... – გაჯავრებული კაცი სიტყვებს ძლივს ახერხებდა.

– დედამისს რას გაუბედავს... კაცია?! – ქვითინებდა მარინე.

– დალახვრათ ჩემმა გამჩენმა!.. სული მიცხონდა, მე იმათ შავი დღე მივაყენო!.. შეჩვენებულს... იმ კუდიან დედაკაცს!.. შეხედეთ ერთი!.. – ყვიროდა ონისიმე.

– მოითმინე, კიდევ მოითმინე, შვილო, – ალერსით და ტკბილად ეუბნებოდა სოფიო და თან ეხვეოდა: – კიდევ მოითმინე, შვილო... სულ ასე კი არ იქნება... ისიც დარწმუნდება, შეხედავს, რომ ცდება... ტყვილა გიჯავრდება... კი, შვილო, მოთმინება ჯობია!..

– მოთმინება კი არა!.. ორსავე დედა–შვილს სულს ამოვხდი... თუ ადამიანის დაფასება არ იციან მაგ შეჩვენებულებმა! მე ოვუხელ თვალებს, თუ კაცი ვარ; შენ, ბიძიკო, – მიმართა ონისიმემ მარინეს: – შენ სულ ნუ წახდები... შიშს ნუ მიეცემი... მე ვიცი და იმათ... მე ახლავე წავალ იმ წყეულთან, – წამოიძახა ერთბაშად ონისიმემ: – ახლავე წავალ!.. მომე, ქალო, ღვედი!

– კაია, თუ ღმერთი გწამს, კაია, ონისიმე!.. ნუ აცერცეტდები, – უთხრა ქმარს სოფიომ: – რა დროს ფეფენასთან ლაპარაკია ახლა... გვაცალე... დაწყნარდეს ის ადამიანიც... ახლა რომ მიხვიდე მასთან, უარესად გაახელებ, მეტი რა იქნება... მერეც შეხვდები და ეტყვი ტკბილად, სიტყვამოფიქრებით... უკეთესიც იქნება, თუ შენ სულ არ გაცემ ამაზე ხმას... ისევ მე მოველაპარაკები... მე ვიცი მასთან ლაპარაკი.

თუმცა ონისიმე ძალიან იწევდა რძალთან საჩხუბრად, მაგრამ სოფიომ იმდენი მოახერხა, რომ ბოლოს ეს სურვილი გადაათქმევინა ქმარს, მერე მარინეს მიაქცია თავისი ყურადღება და თავისი ტკბილი ხმით, მოხერხებული სიტყვით, შაქრიანი ენით სრულიად დაამშვიდა, დააწყნარა, გული გაუკეთა, ათასი იმედი გაუღვიძა და ისე გაისტუმრა რამდენიმე ხნის შემდეგ.

– გეუბნებოდი, ნუ ერევი-თქვა იმ შენი ძმისწულის ქალის თხოვაში, ბოლოს შეგარცხვენენ და სამწუხაროდ დაგირჩება-თქვა, და ხომ გამართლდა ჩემი სიტყვა!.. წინდაწინ ვიცოდი, რომ ასეთი ამბავი იქნებოდა... და ამიტომ მეშინოდა ყოველთვის... – საყვედურით ეუბნებოდა სოფიო ქმარს, როცა მარინე წავიდა.

– სიკეთე მინდოდა, სიკეთე, დედაკაცო, მაგ შეჩვენებულებისათვის... გაუწყრა მაგათ ჩემი გამჩენი!.. კაცი არ ვიქნები, თუ მე მაგენი რჯულზე არ მოვაქციო!.. კაცი არ ვიქნები!.. მაგ წუნკლიან, არაწმინდა დედაბერს ასე რავა შევარცხვენიებ ჩემს თავს!

– კაი, კაი... კაია, დაწყნარდი! – შეუტია ქმარს სოფიომ: – ვის ახსენებ მაგრე... ვის ექადნები, შე უბედურო, გავიწყდება?

– მისი კუდიანობის შენისთანა დედაკაცებს ეშინოდეს... მე სულაც არ მეშინიან მისი!.. მის კუდიანობას ჩემზე გასავალი არა აქვს! – გაცხარებით წამოიძახა ონისიმემ.

– შენისთანებს გამოუცდიათ მისი ძალ–ღონე... დიდგულზე ხარ, ზურგს უკან რომ ლაპარაკობ! ვითომდა ვერ გეიგებს... რასაკვირველია, ამ იმედით იყავი!.. ონისიმე, თუ ღმერთი გწამს, თუ შენი ოჯახი გებრალება, დაჩუმდი... ნუ იხსენებ ცუდად იმ შენს რძალს... არ ივარგებს... – თითქმის ხვეწნით უთხრა სოფიომ.

– აბა, ფეხქვეშ გეველალო, ა?.. რას მეუბნები, დედაკაცო! კუდიანს, არაწმინდას ასე რავა დავუმორჩილდები, ღმერთო მომკალი!..

– ჩუ თქვა, ჩუ, შე უბედურო! რომ არაფერი ეყურება ამ კაცს, კაცის სიტყვა რომ არ ეყურება!.. რა გუნებაზე ხარ დღეს?.. აქამდის ყოველთვის მის ცუდ ხსენებას ერიდებოდი... დღეს რა ამბავია. რა ამბავია ეს?..

– რა ამბავია და ის, რომ გული მომიკლა იმ ბოვშის საყვედურმა... მართალია, სულ მართალია!.. მე ჩავაგდე იგი მაგათ ხელში... მე რომ არა, ნიკას ვინ ოხერი მისცემდა ქალს!.. არ მემართლება საყვედური?.. რავა არ გავცეცხლდები, შე ქალო!

მოხუცებული არ წყნარდებოდა; მშიშარა სოფიო თავს იკლავდა მისი მაყურებელი და აქედანვე ხედავდა ათას უბედურებას, ფეფენასაგან მათ თავზე მოვლენილს. ტიროდა ქალი და წუწუნებდა ქმრის ჯიუტობის გამო, მაგრამ ის კი მაინც მოახერხა, რომ ონისიმეს ფეფენასთან წასვლა გადაათქმევინა.

გაიარა რამდენიმე დღემ.

ნაშუადღევი იყო. ონისიმემ თავის ეზოდან თვალი მოჰკრა გზად მიმავალ ფეფენას. იგი მიდიოდა ქვევით ყანის დასახედავად.

– მომითმინე, მომითმინე! – გადმოსძახა ონისიმემ რძალს, – საქმე მაქვს შენთან!..

ფეფენა შეჩერდა.

– ახლა მოგელაპარაკები შენდა საკადრისად! – გაბედულად წამოვიდა ონისიმე, მაგრამ რარიგად უმტყუნა ამ გაბედულებამ, როცა იგი მიუახლოვდა ამ მაღალი ტანის დედაკაცს, რომელიც ჯოხზე დაბჯენილი იდგა შარაგზაზე. ფეფენას მოხვეულ შალქვეშ, რომლის ერთი ყურით ყბა ჰქონდა ამოკრული, უჩანდა მხოლოდ ცხვირი და მკაცრად გამომზირალი თვალები. ამ ცოტათი წელში მოხრილ დედაკაცში რაღაც ძალა იყო დამალული, ამას გრძნობდა ყოველი ადამიანი მისი დანახვისთანავე. მისი შეხედულება გაგრძნობინებდათ, რომ იგი სხვა დედაკაცს არ წააგავდა, რომ მასში სულ სხვანაირი ხასიათი იყო დაფარული; მისი კუშტი გამოხედულება სხვანაირად მოქმედებდა ყველაზე, ვინც მას მიუახლოვდებოდა. ამას ზედ ერთვოდა მისი განმარტოებულად ყოფნა, მეზობლებთან მიუკარებლობა და ყოველივე ეს იყო მიზეზი, რომ სოფლად კუდიანობას სწამებდნენ, – ყველას მისი ეშინოდა და ყველა მას ერიდებოდა.

ეს იყო მიზეზი იმისა, რომ თუმცა დიდგულად წამოვიდა ონისიმე რძლისაკენ, მაგრამ გაბედულებამ უღალატა და წყნარად უთხრა:

– რა ხანია შენი ნახვა მინდოდა!

ფეფენა ხმაგაკმენდილი იდგა, მისჩერებოდა მაზლს, თითქოს ეუბნებოდა თვალებით: ,,რაზე გამაჩერე, თქვი ბარემო!.."

ონისიმეს შერცხვა თავისთავის, რომ წინათ ისე იქაჩებოდა და ახლა კი სულ სხვანაირ კილოზე დაიწყო ლაპარაკი და მოხუცებულმა კაცმა თავგამეტებულად სცადა, თავის წინაშე მაინც, დაემტკიცებინა, რომ მას მართლადაც სულ არ ეშინოდა კუდიანი ფეფენასი.

– რატომ ხართ ასეთი ავები! – დაიწყო მან: – რატომ ხართ ასეთი ავები, რომ ადამიანი ვერ გიგუებიათ!..

ფეფენამ თვალები მიაშტერა.

– რა ამბავია? – კუშტად წამოისროლა მან.

– მარინესთანა ანგელოზი ქალი ადამიანმა ვერ იგუოს?! აღარ ვიცი... აღარ ვიცი!.. რომ არაა ცუდი ქალი... რატომ გემართებათ ასეთი საქმე?.. მიკვირს ღმერთმანი... ნამეტანი მიკვირს... და მწყინს!..

– ჰმ! – ჩაიცინა ფეფენამ: – ადუკანტობა დეიწყე?.. საქმე გამოგლევია, გეტყობა... ადუკანტობა რა შენი საკადრისი ხელობაა!..

– ადუკანტი ვარ თუ რაცხა ვარ, მე საქმეზე გელაპარაკები, რძალო! ეგ ბოვში მე ვათხოვიე შენს შვილს... მისმა ჭირისუფალმა მე ჩამაბარა მისი თავი და მარინეს ამბავი ყოველთვის მეკითხება, შე ქალო!

– რა გინდა მერე?

– ცუდად ეპყრობით, გეუბნებით!

– მიჩივა?

– კი არ გიჩივა, მე თავათ ვხედავ და პირში გეუბნები!.. ურიგო ქალი იყოს, მესმის, და რომ არაა ურიგო, რატომ?.. რატომ?

– ონისიმე, ხომ იცი, რა გაჭირვება გამომივლია მე შენი ძმის ოჯახში... ყმაწვილი ქალი დავქვრივდი და გამოუცდელს ოჯახი მე დამაწვა კისერზე... რა ოჯახი? სარჩო რომ არ მოდიოდა!.. ვინ იყო ჩემი შემფარე, მშველელი?.. ყანას მე ვხნავდი, მე ვწმენდდი, მე ვიწევდი... თან ბოვშსაც ვზრდიდი... შემწე ვინ მყოლებია? ყველაფერი მე ვიყავი, მე, მარტოხელა ქალი!.. ვის უნახავს ჩემოდენი გასაჭირი?.. ვის გამოუცდია, რაც მე გამოვცადე?.. მეზობლობას ჩამოვრჩი – ჩემს საქნარს ვუნდებოდი და ზოგიერთს ჭკუათხელს ჰგონია, ვითომ მე ადამიანი მძულს და იმიტომ არ ვეკარები არავის!.. მარა სხვის უგუნურ სიტყვას არ ავყოლივარ ჩემს დღეში... ოჯახი კი ფეხზე დავაყენე... ჩემი თავი ნამუსიანად შემინახავს... ჩირქი ოჯახისათვის არ მიმიცხია და რომ ამდენი ტანჯვა-წვალებით შემონახულ ოჯახს ვინმემ თავსლაფი დაასხას, ქვეყნის სასაცილოდ გამიხადოს, მის სისხლს დალევს ფეფენა, იცოდე! მის სისხლს დალევს ფეფენა! – და აღელვებული მოხუცი დედაკაცი თავის გრძელ ჯოხს ურტყამდა მიწას.

– ეგ აგრე უნდა იყვეს... მაგაში მართალი ხარ, ფეფენა! მაგრამ მარინემ გაფიქრებია მაგისთანა რამე?!. შე ქალო, შენი რძალი ყმაწვილი ქალია, რა ვუყოთ, რომ ჩაცმა–დახურვა ეხალისებოდეს... ეგ რა საშიშარი უნდა იყვეს?..

– რა საშიშარია?! რა მისი საქმეა პრანჭვა–გრეხა, თუ ცუდი რამ გულში არ ჰქონდეს!.. მე, ჩემო ბატონო, ხამის ლურჯი კაბითაც კარგად გამიტარებია ჩემი წუთისოფელი!

– მე და შენი დრო სხვა იყო, ფეფენა, ახლა სხვა დროა...

– ეგ არის, რომ სხვა დრო დადგა!.. ახლანდელი ქალები?!. ძველი სინიდისიანობა გაჰქრა... ყველა ამჩატდა... უტიფარნი შეიქნენ მორიდებასაც გადაეჩვივნენ... აღარაფრის რცხვენიათ... გათამამდნენ... რატომაც არ გათამამდებიან, როცა შენისთანა გულკეთილი კაცები, – დაცინვით წარმოსთქვა ფეფენამ, – ამართლებენ, დასტურს აძლევენ და მათი საქციელის მოწონებაში ბრძანდებიან. ქვეყანა კი გეირყვნა! შენი წყალობით, ჩემდა გულის სახეთქად, ერთი ამისთანა მეც ჩამომივარდა ოჯახში და სიცოცხლე გამიმწარა!.. რად უნდოდა ჩემს გლახაკს ლამაზი გოგო... ძროხასავით რომ დარბის სუყველგან და იმის ფიქრშია, თუ ვის მოაწონოს თავისთავი!

– ტყუილია, სულ ტყუილია შენგან მისი ავად ხსენება, ფეფენა, დამიჯერე!

– ტყუილია, დიახ, ტყუილია!.. ჰმ! გახრეკილი დავით კარუგდელაძე ვინ შემომითრია სახლში?.. როდის იყო ის ჩემს ოჯახში მარინეს მოყვანამდის, ახლა რომ ძაღლივით დაწანწალობს?! წინათ ისიც კი არ იცოდა, მქონდა სახლი თუ არა!.. გოგოს დასდევს და მაგასაც დიდად მიაჩნია ეს!.. შენი წყალობით მომდის მე ეგ, შენ გადამკიდე უტიფარ სულიერს, შენ, ვაჟბატონო!.. და შენ მარიგებ თავის ნებაზე მივუშვა სინდისდაკარგული წყეული გომბიო, რომ საძაგლობა ჩაიდინოს და ქვეყანაში ოჯახი შემიგინოს?!.

– ფეფენა, ნუ ხარ აჩქარებული ქალი!.. ნუ ხარ ასეთი უსამართლო, და გულფიცხობამ საცოდაობა არ გაქნევინოს!

– აბა, ვუყურო, გულგრილად ვუმზირო ყველაფერს, რაც ჩემი თვალების წინ ხდება... არა?.. სირცხვილს რომ მაჭმევენ, მერე გამოვეკიდო საქმის გამოკეთებას?.. მაშინ გვიან იქნება, ჩემო ბატონო. მე თვალი მაქვს და ჭკუა თავში ჯერ არ გამომლაყებია, ზოგიერთივით!.. შენი რჩევა ჩემთვის უსარგებლოა, თავს ნუ იწუხებ, ნუ, ნუ იწუხებ! და შენთვის კი ეგ მითქვამს: კმარა, კმარა, რაც სიკეთე დამმართე, და შენი ჭკუით ჩემი ოჯახის საქმეებში ნუ ეჩრები, იცოდე, დამითხოვიხარ... დამითხოვიხარ, იცოდე... და კარგად დეიმახსოვრე ეს, გესმის?

ეს უკანასკნელი სიტყვები ისეთი დამუქრებით და თან ზიზღით წარმოსთქვა დედაკაცმა, რომ ამის გამგონე ონისიმე სულ სხვა კაცად გარდაქმნა. ახლა დაავიწყდა მას ფეფენას კუდიანობაც, მისი ძლიერებაც და მხოლოდ თავისი წყენა, თავისი თავმოყვარეობის შელახვა, თავისი შეურაცხყოფაღა ედგა თვალწინ და ეს იყო მიზეზი, რომ მან, გაცეცხლებულმა, უცნაური ხმით მიაყვირა ფეფენას:

– თუ ეგრეა, ჩემიც დეიმახსოვრე!.. ჩემს მოხუცებულობას ვფიცავ, მარინეს რომ ცუდი რამე შეამთხვიო, ვერც დედა და ვერც შვილი ცოცხალი ვერ გადამირჩებით! ცოცხალი ვერ გადამირჩებით, იცოდეთ! ჰაი, თქვენი რჯული, გაგიწყრათ ჩემი გამჩენი! ცოცხლები ვერ გადამირჩებით, იცოდეთ! ათრთოლებული ონისიმე უცბად მოტრიალდა და თავისი სახლისკენ წავიდა. მაგრამ ერთი კიდევ მოტრიალდა და გადასძახა რძალს:

– კარგად დეიმახსოვრე ჩემი სიტყვა... ცოცხლები ვერ გადამირჩებით, თქვე შეჩვენებულებო!..

– რა ქალი მოვაყვანიე მაგ დაწყევლილს და რას მეუბნებიან, შეხედოს კაცმა ერთი?! კაცი არ ვიქნები, თუ შენისთანა ურჯულო და არაწმინდა რჯულზე არ მოვიყვანო!.. შეჩვენებულები, შეხედეთ, შეხედეთ ერთი!

ფეფენა კი ერთ ხანს ისევ თავის ადგილას იდგა და მისჩერებოდა გაჯავრებულ, გაწიწმატებულ, მიმავალ მაზლს, მერე თავის გზას დაადგა და ქვევითკენ წავიდა ყანის დასახედავად.

სოფიო, მშიშარა სოფიო, შიშმა აიტანა, რაკი ყური მოჰკრა რძალ–მაზლის ლაპარაკს... მან კარში გამოსვლაც ვერ გაბედა საწყალმა, ვიდრე ფეფენამ არ ჩაიარა; სოფიომ გააღო სახლის კარი და ქმარს საყვედურით მიმართა:

– ვიცოდი, წინდაწინ ვიცოდი... რომ ასე გათავდებოდა შენი მასთან მუსაიფი!.. ღმერთო, მომკალი, ღმერთო, მომკალი!.. გამოტვინდი, შე უბედურო, გამოჩერჩეტდი, შე საწყალო?! გეხვეწე, გემუდარე ნუ შეებმები-თქვა ლაპარაკში... არა, არ დეიჯერა, არ დეიჯერა ადამიანის სიტყვა! ღმერთო, ღმერთო! – გაიძახოდა მწუხარედ სოფიო.

– მაშ რა მექნა, ერთი შენც?.. მოთმინებიდან გამომიყვანა იმ წყეულმა, იმისთანები მითხრა... მკვდარი ხომ არა ვარ... რარიგად მომეთმინა?.. მკვდარიც არ მოუთმენდა, მე რომ იმან მითხრა!

– უნდა მოგეთმინა, უნდა მოგეთმინა!.. ვის ებრძვი, ვის, შე უბედურო? რატომ არ ერიდები, შე უბედურო, რატომ არ ერიდები? ვინ გიშველის, ვინ დაგიფარავს, შენზე ჯავრის ამოყრა რომ მოინდომოს?

– ვერაფერს მიზამს! – დაჟინებით წამოიძახა ონისიმემ.

– დიახ, დიახ, მაგ იმედით იყავი, მაგ იმედით იყავი!..

ქმრის ამგვარი ჯიუტობა გულს უკლავდა საწყალ სოფიოს.

– ეჰ, ერთი შენც კიდევ! – გაჯავრებით თქვა მოხუცებულმა კაცმა: – რასაც მიზამს, ქნას და ის იქნება!.. წავალ ახლა, მუხლზე მოვეხვევი, შენი მეშინია და მაპატივე-თქვა, თუ რავა გგონია?..

– ვაი ჩემი ბრალი შენს ხელში... არ ვიცი შენი ჯიუტი ხასიათის ამბავი თუ?.. ისევ მე უნდა დავაშოშმინო რამე გზით... ისევ მე უნდა დავაწყნარო!.. ვაი ჩემი ბრალი შენს ხელში, ყოველთვის გულისხეთქაში ვარ შენი წყალობით... – სასოწარკვეთილებით წარმოსთქვა მშიშარა დედაკაცმა.

ფეფენამ დახედა ყანას და ახლა უკანდაბრუნებული იმავე გზით, სახლისაკენ მოდიოდა. თავჩაღუნული, ნელი ნაბიჯით მომავალი, ჯოხზე დაყრდნობით, იგი ათას ფიქრებში იყო წასული... რამდენი მწუხარება, რამდენი უსაიამოვნება შეხვდა ამ ბოლო დროს!.. ახლაც, ამ ერთი საათის წინ რა ლაპარაკი მოუხდა?! რარიგად გაუწვალდა, გაუუგემურდა მოხუცებულობა ამ გლახა გომბიოს გამოისობით? რარიგად მოუშხამა სიცოცხლე ამ უხეირო გოგომ! რა უყოს, რარიგად აიცდინოს თავიდან განსაცდელი, აიცდინოს ქვეყანაში თავისმოჭრა?.. განსაცდელი მოელის, უსათუოდ მოელის, ამაში დარწმუნებულია ფეფენა... რარიგად უჭირავს თავი იმ შეჩვენებულს! ვის გაუგონია გათხოვილი ქალის კისკისი, გაუთავებელი სიმღერა, ცეკვა-თამაში ისე, როგორც მან იცის?.. გაგონილა ისე თამამად, მოურიდებლად, თავისუფლად ლაპარაკი, მან რომ კაცებთან ლაპარაკი იცის?.. რას ჰგავს, რავა შეჰფერის ქმრიან ქალს, მან რომ მოკაზმვა–გამოპრანჭვა იცის?! ეს გახრეკილი აზნოუშვილიც რომ შემოუთრია სახლში!.. ალბათ იმედს აძლევს, იმედს! აბა, რაზე დასდევს ეს შეჩვენებული ასე მოუცილებლად... ამ უნამუსოს კი უხარია, რასაკვირველია, უხარია, რომ აზნოუშვილი უკან დამსდევსო!.. უჭკუო, გამოტვინებული ონისიმე კიდევ ამართლებს და... ხმა არ გასცეთო!... დიახ, სწორედ ეგრე იზამს ფეფენა! სულ თავისუფლად ამყოფებს, სანამ თავზე ლაფს არ დაასხამენ!.. სულს ამოხდის, თავის ხელით წაახრჩობს ფეფენა, ვინც მის წვა–დაგვით შენახულ ოჯახს რამე ჩირქს მოსცხებს, ცუდ სახელს დაუგდებს!...

ცალკე ამ ფიქრებში გართული, ცალკე დაღლილი, ნელა მომავალი ფეფენა ის–იყო ვიწრო ორღობიდან ფართო გზაზე გამოვიდა, რომ რაღაც ხმა მოესმა, რომელმაც მოხუცებული ქალი ფიქრებიდან გამოიყვანა. მან ასწია თავი და გაიხედა იქით, საიდანაც ხმა მოესმა.

გაფითრებული ფეფენა თითქოს მიეკრა იმ ადგილს, სადაც იდგა.

ეს მარინე იყო, ჩაფი ედგა მხარზე და მორბოდა ზევითკენ. ფეფენამ ადვილად იცნო; მას ელაპარაკებოდა ღობეზე მომდგარი დავით კარუგდელაძე, რომელმაც ახლა მარინეს უკან მიაძახა:

– კვირას მოვალ, უსათუოდ გეწვევი... კაი მასპინძელი თუ დამიხვდები!

მარინე ისევ მირბოდა და დავითიც ღობეს მოშორდა.

სისხლი თავში აუვარდა მოხუცებულ ფეფენას ამ სურათის დანახვაზე. ახლაც ტყვილად ეწამება იგი მარინეს, ახლაც სცდება თავის ეჭვში? იმ ზომამდის იყო გააფთრებული, რომ მოსაზრების ძალაც კი დაკარგა ნახულის მოულოდნელობით. თავდაპირველად ვერ მოისაზრა – რა ექნა, რარიგად მოქცეულიყო, მერე კი ისევ გონზე მოვიდა, მოშორდა იმ ადგილს, სადაც გაქვავებულივით იდგა, მიირბინა ღობესთან, სადაც დავითი იყო გადმოწოლილი, ერთი თვალის დახამხამებაში ახტა ღობეზე და ყანაში გადახტა, მიავლ-მოავლო ყანას თვალი და რომ ვერავინ ვერ დაინახა, ხმამაღლა დაიძახა:

– სად ქვესკნელში ჩამძვრალხარ?.. შე წუწკო, უსინდისო, შენ, – მერე, ვითომც რაღაც გაახსენდა, გამოტრიალდა, ისევ გადმოხტა ღობეზე და შარაგზით ზევითკენ ძუნძულით წავიდა.

ცოტა ხნის შემდეგ იგი დავით კარუგდელაძის ეზოში იყო. დავითის ცოლი, ნატალია, რომელიც აივანზე იჯდა ხელსაქნარით ხელში, კიბესთან შეეგება მას.

– მობძანდი, მობძანდი, ჩემო ფეფენა! რას მივაწერო, რომ გაგვიხსენე... სულ დაგვივიწყე, შე ქალო!

ფეფენა ავიდა დაბალი კიბით აივანზე ჯოხით ხელში.

– კესარია, გოგო! სკამი მოართვი ფეფენას! – დაუძახა ნატალიამ მოსამსახურეს.

– დასაჯდომად კი არ მოვსულვარ! – მკვახედ წამოიძახა ფეფენამ.

ნატალიამ იცოდა ამ დედაკაცის ხასიათი, მაგრამ ამ სიტყვის კილომ მაინც გააკვირვა იგი.

– რა იყო, შე ქალო! რა ამბავია?.. ხომ არავის უწყენიებია შენთვის? – ჰკითხა ნატალიამ, მაგრამ იქვე დაატანა: – მარა შენ ვინ გაგიბედავს, გაწყენიოს რამე.

– შენს ქმარს ჩემი ოჯახის თავსლაფის დასხმა მოუნდომებია... – ძლივს წამოიძახა მეტისმეტად აღელვებულმა ფეფენამ.

– რას ამბობ, ფეფენა, რას ამბობ?.. მაგ როგორ იქნება?

– გეუბნები, მართალი ყოფილა! – უკმეხად მიაძახა ფეფენამ: – იცოდე, მეც ისე გევიმეტებ, როგორც იმას ვყავარ გამეტებული!.. გოგო სულელია... იმას არაფერი ესმის... უხარია, აზნოუშვილი უკან დამდევსო!.. აზნოუშვილს გარყვნილობის მეტი რა ახსოვს?.. ჩამომათხოვე, ნატალია, შენი ქმარი!.. ნუ დასდევს ჩემს შეჩვენებულ რძალს... ქვეყნის თვალში სასაცილოდ ნუ მხდის, თვარა არ ვიცი, არ ვიცი, რას მაქნევინებს, რას გამაბედვინებს შენი ქმრის გარყვნილობა! რაც არ გეკადრებათ, ნუ კადრულობთ... კეთილშობილებს გეძახიან!

აზრდაბნეულივით მისჩერებოდა ნატალია ამ გააფთრებულ მოხუცებულ დედაკაცს და საშინელ ძალას ატანდა თავისთავს მოთმინება არ დაჰკარგოდა და ბოლომდის მოესმინა, რაც იქნებოდა ამ უცნაური დედაკაცის უზრდელი ლაპარაკი.

– ვეტყვი, ყველაფერს ვეტყვი დავითს და შენ და ის ერთმანეთში მოილაპარაკებთ... მე რა უნდა ვქნა? – უთხრა ნატალიამ და ამით უნდოდა ბოლო მოეღო ამ უცნაური ბაასისათვის.

– ჩემთან იმას არაფერი სალაპარაკო არა აქვს! რაც სათქმელი მქონდა, გითხარი, და აწი თქვენ იცით!.. მშვიდობით ბრძანდებოდე! – წამოიძახა ფეფენამ და თავიც არ დაუკრავს, მიტრიალდა და უცბად ჩაიარა კიბე.

– სად მიიჩქარი, შე ქალო?.. დაჯექი, დაწყნარდი, შე ქალო, და ისე წადი! – უთხრა ნატალიამ ფეფენას დასაშოშმინებლად, მაგრამ იმას არც კი მოუხედავს, მხოლოდ წაილაპარაკა:

– საქმე კი არ გამომლევია თქვენსავით... თქვენთან ვილაყლაყო! – ფეფენამ ისე ხმამაღლა თქვა ეს, რომ ნატალიამ გარკვევით გაიგონა. ერთი ბეწო დააკლდა, კინაღამ ბიჭს უბრძანა: – ეს პილწი დედაბერი კისრისტეხით ეზოს გარეთ გააგდეო.

საღამოზე შინდაბრუნებულ დავითს ყველაფერი უამბო ნატალიამ, რაც ფეფენასაგან გადაჰხდა.

– რა სულელები არიან ოჯახდაქცეულები! – წამოიძახა დავითმა, როცა ნატალიამ გაათავა ეს ამბავი: – თუკი ქალს ხმა გეეცი, უსათუოდ რამე უნდა შეგწამონ... რა ჩემ ფეხებად მინდა მწვირიანი ყაზახის გომბიო, როცა ლამაზი ცოლი შინ მიზის. ხვალვე ავუხსნი ყველაფერს იმ დედაბერს!.. შენ კი ყოჩაღად მოქცეულხარ, რომ მოგითმენია და სახლიდან არ გაგიძუნძულებია... პილწია ის ოხერი! 

 

1 2 3
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / კლდიაშვილი დავით / მსხვერპლი