კლდიაშვილი დავით

 

სამანიშვილის დედინაცვალი

 

 

 

I

 

ბეკინა სამანიშვილი, რასაკვირველია, ღარიბი აზნაური იყო, გვარიანი ღარიბიც. აბა, რა სიმდიდრეს მოასწავებდა ის ოცდაათი ურემი სიმინდი, ორმოცი ჩაფი ღვინო და ათიოდე ბათმანი ლობიო, მის მამულს რომ შემოჰქონდა და რითაც თავს ირჩენდა წლიდან-წლამდის ბეკინას ოჯახი.

 

მაგრამ ბეკინას კი თავისი თავი მდიდრებში მოჰქონდა და ვინ იქნებოდა, რომ თავის სიღარიბეზე ერთი სიტყვა წამოეცდევინებინა ბეკინასთვის? როგორც იმერეთში ამბობენ, ერთობ გადაპრანჭული იყო ჩვენი ბეკინა.

 

როცა შინაურობაშიაც ლაპარაკს გააბამდა ბეკინა თავის გამოულეველ სარჩოზე, ღონიერ ლუკმაზე, მისი ერთადერთი ცოლშვილიანი ვაჟიშვილი პლატონი, თუმცა ტრაბახობად მიაჩნდა მოხუცებული მამის ასეთი სიტყვა, მაინც არას ეუბნებოდა საწინააღმდეგოს და მხოლოდ პირჯვრის გამოსახვით იტყოდა ხოლმე:

 

– ამაზედაც გმადლობ, უფალო! ამაზედაც გმადლობ, უფალო! ამ წამოძახილით პლატონი თავის გულითად მადლობას უცხადებდა ზეციერ მამას, რომ შემცილებელი არავინ გაუჩინა მას ღარიბ ლუკმაში. თავის ცოტაზედაც კმაყოფილი, ამ თავის მცირედითაც ბედნიერი, იგი გულმოდგინებით ურტყამდა თოხს მიწას და ოჯახში სრული კმაყოფილება სუფევდა.

 

თუ რამ საწყენად ჰქონდა ამ ოჯახს, ეს იყო პლატონის ცოლის მელანოს ხშირი შვილოსნობა. ყოველ საოჯახო საქმეში მარჯვე მელანომ შვილოსნობაშიაც არ დააგდო თავისი სიმარჯვე და სულ მოკლე ხანში ოთხი შვილი შესძინა ოჯახს. ხშირად უხუმრია ამაზე რძლისათვის ბეკინას და უთქვამს ღიმილით:

 

– შე ქალო, ზოგ საქმეში სიმარჯვე მარგებელი კი არა, მავნებელიცაა... ე შენი ქმარი შეიბრალე, შე კარგო ქალო! – და ამასთან ბეკინა გულიანად გადიხარხარებდა ხოლმე.

 

– არაფერია... შიშს გულში ნუ შოუშობ... ღმერთი მოწყალეა თავის გაჩენილს უმოწყალოდ არ დააგდებს, ვენაცვალე მის ძლიერებას, ყორიფელი მისი ნებაა. ალბათ, სურს, რომ სამანიშვილები მოამრავლოს. მასაც ქვეყნად მხოლოდ რჩეულები უნდა რომ ჰყავდეს! ხა, ხა, ხა!..

 

არც პლატონს ჰქონდა სასიამოვნოდ, რასაკვირველია, ბევრი შვილი, მაგრამ რას იზამდა, მხოლოდ თავს გააქნევდა, როცა მათ თვალს გადაავლებდა ხოლმე.

 

ამ გარემოების გარდა სხვებრ სწორედ ბედნიერად სთვლიდნენ სამანიშვილები თავიანთ თავს.

 

დროებამ ისე მოიტანა, რომ მათი მცირე ქონებაც კი სიმდიდრედ ითვლებოდა, და მის მქონებელს არა თუ აკმაყოფილებდა, არამედ ბედნიერად აგრძნობინებდა თავისთავს და მადლობას წარმოათქმევინებდა უფლისადმი.

 

რა შესაშურებელი უნდა ყოფილიყო ასე ცოტაზე დამყარებული კმაყოფილება და ბედნიერება?! რა სახარბიელო უნდა ყოფილიყო კაცის მოუთხოვნელობით მოპოვებული გულის სიმშვიდე?! მაგრამ ბედნიერება, რაგვარიც უნდა იყოს, ვის შერჩენია ბოლომდის, რომ სამანიშვილისას ფეხი მოედგა მჭიდროდ? ან კი რა საფიქრებელი იყო, რომ ასე ცოტათი შემოტყუებული ბედნიერება ისევ ცოტა მიზეზითვე ხელიდან არ გამოეცლებოდათ, სუსტ საფუძველზე დამყარებული კმაყოფილება არ მოესპობოდათ!.. უბედურების დასაწყისად ბედმა მოუსპო დღე საწყალ მარიკას, ბეკინას ცოლს.

 

დედის სიკვდილი თავისთავადაც მწარე იყო შვილისათვის. რომ სხვაფრივაც სამწუხარო არ ყოფილიყო. ბეკინა მეტად ჭარმაგი მოხუცებული იყო და ამის გამო საშიშარი იყო, უცნაური სურვილი მეორე ცოლის შერთვისა გულში არ გავლებოდა. დედინაცვლის დანახვის შიში და დედინაცვალთან ”თან–მომყოლისა” თავზარსა სცემდა აქამდის გულდამშვიდებით მცხოვრებელ აზნაურს.

 

აი, მაშინ იქნებოდა სწორედ ”ძმა ძმისთვისო – შავი დღისთვისო”.

 

ცოლმაც და ქმარმაც გააორკეცეს მოხუცებული მამის პატივისცემა და მოვლა; ორივენი გაფაციცებით თავს დასტრიალებდნენ დაქვრივებულ ბეკინას და თავგამოდებით ემსახურებოდნენ, თვალში შეჰყურებდნენ, რომ ყოველ მის სურვილსა და საწადელს მისაგან გამოთქმამდის მიმხვდარიყვნენ და იმწამსვე აესრულებინათ. ერთი სიტყვით, პლატონიც და მელანოც დღედაღამ იმის მეცადინეობაში იყვნენ, რომ მოხუცებულის გული მოეგოთ და თავიანთი თავი შეეყვარებინათ, რაც შეიძლებოდა, მეტად. ამაში კიდევაც მიაღწიეს თავის წადილს. ბეკინა დიდად აფასებდა რძალ–შვილისაგან ყურადღებას, მეტად მადლიერი იყო მათი და გულაჩვილებული, კიდევაც იტყოდა ხოლმე მათთანაც და სხვებთანაც:

 

– ეჰ, ერთი ჩემს მარიკასაც დასცლოდა ამისთანა ყოფნა, ამათთანა ღვთისნიერი შვილების მზერა! ჰეი, ჰეი! – თან ამოიოხრებდა ხოლმე ამ სიტყვებთან ერთად ბეკინა.

 

ამის გამგონ ცოლ–ქმარს იმედი ეძლეოდა, რომ ბეკინა მეტად დაშორებული უნდა ყოფილიყო რაიმე მათ საწყენ საქციელს და ბოლოს კიდეც სრულიად გული დაიმშვიდეს. მაგრამ ბეკინას ამ კმაყოფილებასა და განცხრომაში, შვილების სიყვარულთან ერთად სხვადასხვანაირი ნატვრაც გულში ეპარებოდა და დროთა განმავლობაში ეჯინებოდა...

 

იმ სასიამოვნო მდგომარეობაში, მას რომ ეღირსა, უფრო სიამოვნებით, უფრო ტკბილად იგრძნობდა თავისთავს, თავისი შესაფერისი ამხანაგიც რომ ჰყოლოდა ვინმე... ასე ფიქრობდა გუნებაში ბეკინა და ეს აზრი, შემდეგ სურვილად გადაქცეული, ბოლოს აუცილებელ წადილად გადაექცა; მის გუნებაში, ასე რომ მოაგვაროს, ბედნიერთა უბედნიერესი კაცი იქნებოდა. მისი აზრით ეგ მისი წადილი მის მოსიყვარულე შვილებს არც კი უნდა სწყენოდათ.

 

– განა ჩემს კარგად ყოფნაზე არ მეცადინეობენ?!. რასაკვირველია, არ ეწყინებათ! – აჯერებდა თავისთავს ბეკინა. – ან კი რაზე უნდა ეწყინოთ?.. ცუდი მამა ვიყავი მათთვის თუ?..

 

საცხოვრებელი არა აქვთ ჩემგან ჩაბარებული თუ? სულ მათ ხომ ვერ შევწირავ ჩემს თავს, თუმცა, ღმერთია მოწამე, რარიგად მაგენი მე მიყვარან?.. არც ეწყინებათ, არა... არ შეიძლება, რომ ეწყინოთ!.. მე რომ იმათ ვუყვარვარ!..

 

ასე ფიქრობდა ბეკინა და იმით გაათავა, რომ ერთ დღეს კაცი მიუგზავნა შვილს და გამოუცხადა თავისი სურვილი ცოლის თხოვისა.

 

ადვილი წარმოსადგენია, რარიგად მოხვდებოდა პლატონის გულს ამის გაგონება.

 

– მღუპავ, მამა? – მივიდა იგი ბეკინასთან.

 

– მღუპავ? დანას მიყრი ყელში?.. რატომ მიმეტებ, შენი ჭირიმე?! – ძლივს წარმოსთქვა პლატონმა და, ხმაჩაწყვეტილმა, უნუგეშოდ ხელები გაშალა.

 

– გღუპავ?!. რათა, შვილო, რათა?.. შენისთანა შვილი უნდა დაღუპოს მამამ?!

 

– აბა რაა?.. – და ისევ სიტყვა გაუშრა პლატონს.

 

– კარგი, თუ გიყვარდე, კარგი! – მხიარულად შესძახა ბეკინამ.

 

– შე კარგო კაცო, მე ერთი ბებრუხანა მოვათრიო, შენ რატომ უნდა დაიღუპო, შვილო?! რა დაგღუპავს, თუ გიყვარდე?

 

– შვილი გეყოლება..:

 

– ხა, ხა, ხა! – გადიხარხარა ბეკინამ და სიტყვა გააწყვეტინა პლატონს. – შვილი გეყოლებაო... ხა, ხა, ხა!.. რაღა დროს ჩემი შვილია, შე კაცო!..

 

ხა, ხა, ხა!

 

– მამა... შენ ნუ მომიკვდები, სიკვდილის მსგავს საქმეს მიპირებ!..

 

– ერთი შენ! დაჯინებულად ლაპარაკობ დღეს, პლატონ!..

 

დედაბერმა რავა უნდა შეგაშინოს, შე გლახაკო? ასე რატომ უნდა შეწუხდე?!. ეგ შენი შიში, მამაშვილობამ, სრულიად უსაფუძვლოა... რამე გევნებათ კი არა, თუ დამიჯერებ, სასარგებლოც იქნება; საწყალ მელანოს ცოტა შეღავათი მაინც მიეცემა, თვარა აღარაა ქალი!.. უჭირს ერთ ადამიანს, თელი ოჯახი კისერზე აწევს!..

 

– ბატონო, მელანოს ჯაფას რას დეეძებ, შენ ნუ...

 

– რატომ რას დევეძებ?! – გააწყვეტინა სიტყვა ბეკინამ. – რატომ არ დევეძებ...

 

ისიც შვილი არაა ჩემი?

– ბატონო, შენ სხვებრ შეგვიბრალე და ჩვენს ჯაფას ნუ კითხულობ, ნუ დარდობ... ღმერთს ჯაფისათვის ვყავართ გაჩენილი!.. – ეუბნებოდა პლატონი. – მამა, შენი ჭირიმე, გადათქვი ცოლის თხოვა და რა გინდა ჩემგან!..

 

– ნუ ხარ ჯინიანი, შვილო!.. – შეუტია ბეკინამ. – მარტო შენს თავზე კი არ უნდა იფიქრო ადამიანმა!

 

პლატონს ეწყინა ეს უკანასკნელი სიტყვა მამისაგან და კუშტად უთხრა:

 

– ბატონო, დროც კი აღარაა შენი ცოლის თხოვის!

 

ბეკინამ ქორივით გადახედა შვილს და წელში გაიმართა.

– ერიჰა!! – შესძახა მან, – ერიჰა, რა დავარდნილი მე მნახე?! თქვენისთანა ახალგაზრდებს კიდევ ერთ ათს ერთად ვაჯობებ ჯანითაც, სიმრთელითაც, შეხედულებითაც და ვაჟკაცობითაც!.. არა შვილო, მაგი სულ ტყვილია, სულ ტყვილია!.. რაში შემატყვე დაძაბუნება!.. ჰმ!.. – და ბეკინამ მარჯვენა ხელით შეიბერტყა თავისი გრძელი გაჭაღარავებული წვერი და მერე თავმოწონებით გადიგრიხა ლამაზი ულვაშები. – არა, შვილო! – მიუახლოვდა ბეკინა შვილს და მხარზე ხელი დაადო. – არა, შვილო, მაგისთანა ლაპარაკს თავი დაანებე...

 

ღმერთმა ისე ჩემი სული შეიყვაროს, რავარც მე თქვენ მიყვარდეთ და მან იცოდეს თუ მე თქვენთვის ცუდი რამე გულში მედოს... არც იფიქროთ, რომ ჩემგნით თქვენ, რამე დანაკლისი კი არა, უბრალო წყენაც შეგხვდეთ!.. მაგრამ ნურც თქვენ გაჯინდებით, შვილებო!.. ღმერთმა იცის და ყველაც ხედავს, რომ არა გიჭირთ–რა: მიწაც საკმაოდ გაქვთ, თუ სხვაზე მეტი არა. წყალიც, სახლიც, კარიც... ტყეც და ველიც!.. (ეს კი მეტი წამოსცდა ბეკინას – ტყე სრულიად არა ჰქონებია).

 

სამწუხარო რა გაქვთ?! ღმერთი უფრო მეტ მოწყალებას მოგცემსთ, უფრო გიწინამძღვრებთ, თუ მეც მომხედავთ, შემინახავთ და ჩემი უკანასკნელი დღეების გამწარებას არ ინდომებთ... რა ვქნა, შვილო, მეც კაცი ვარ, მეც ადამიანი ვარ!.. მყოლებოდა დედაშენი ცოცხალი, ჰეი, შვილო, ჩემისთანა ბედნიერი ქვეყანაზე კაცი არ იქნებოდა!.. მაგრამ რას იზამ... უფალმა ასე ინება და დღეს ნუ ამიტყდებით, ნუ ამეშლებით. თქვენ რომ კარგები ხართ, სხვას, გარეშეს ნუ ათქმევინებო, მოხუცებული მამა შეაწუხესო... ისე მომექეცით, როგორც ქე ხართ, კაი, მშობლის მოსიყვარულე შვილები...

 

ღმერთი დაგიფასებთ და ამისათვის კიდეც დაგაჯილდოვებთ, ყოველ განსაცდელს აგარიდებთ!.. კარგის – ღმერთიც კარგი მწყალობელია, შვილო!.. ნუ მეწინააღმდეგები! გარწმუნებ, პატიოსან სიტყვას გაძლევ, თქვენ არაფერი დაგიშავდეთ, არ წაგიხდეთ, ერთი ხნიერი დედაკაცი მე სახლში შემოვიყვანო... ცოტა ხანს ვიცხოვრებთ ტკბილად, სიამოვნებით ერთად და მერე ღმერთმა კეთილად მოგახმაროთ ეს ოჯახიც, ეს სახლიც, ეს კარიც... ყველაფერი, რაც რამ გაგვაჩნია, შვილო.

 

– ბატონო, შვილი რომ გეყოლოს, შვილი... მაშინ? – დაატანა პლატონმა.

– შენ დღეს კაცი ვერ გელაპარაკება, შვილო, მხარი ისთე გაქვს მოქცეული! –წყენით უთხრა ბეკინამ... – თუ კაცის სიტყვას არ გაიგონებ, აბა რაღა მოგიხერხო?! მეტი დაჯერება მე არ შემიძლია და ღმერთმა მშვიდობა მოგცეს! ჯინიანი კაცი გარეშეც სასიამოვნო არაა, თვარა შვილი რა?!

 

 

 

II

 

ვერ გადაათქმევინა პლატონმა ბეკინას მისი სურვილი და ამან მეტად აუმღვრია გული. სხვაც მიუგზავნა მამას ამის თაობაზე, მაგრამ ბეკინა გაჯიუტებაში ართმევდა შვილს მის საქციელს და არ იშლიდა თავის განზრახულებას. თვითონ დარწმუნებული იყო და ყველას არწმუნებდა, რომ მისგან დედაკაცს შვილი არ მიეცემოდა, რომ ღმერთი მის მოსიყვარულე შვილებს არა თუ დააკლებდა რასმე, შემატებდა კიდეც უსათუოდ. პლატონი ამ შემატებაზე ძალიან უარს ამბობდა, ოღონდ კი თავისი, რაც ხელში ეჭირა, მტკიცედ ჰკავებოდა; მაგრამ ბეკინა თავისას იმეორებდა და შეურყევლად იდგა თავის სიტყვაზე.

 

ერთი სიტყვით, ამ მხრივ საქმე წაგებული იყო გამოუბრუნებლად. საჭირო იყო ისეთი რამ ხერხის ხმარება, რომ ბეკინას გულის წადილის ასრულებასთან, პლატონი იმედიანად ყოფილიყო, რომ თავის მიწის ორიოდე ნაფლეთი უკლებლად შერჩენოდა და დღესაც მის გასაძღომად ძლივს საკმარისი ლუკმა ორად არ გაჰყოფოდა.

– დევიღუპე... წმინდად დევიღუპე! – იძახოდა პლატონი. – წმინდად დევიღუპე, თუ რამე არ ვისაშველე, რამე არ ვიღონე!..

 

გამწარებული ყმაწვილი კაცის გულში ცეცხლი ტრიალებდა, მისი ტვინი წისქვილის ბორბალივით მოუსვენრად ბრუნავდა, რომ რამე ხერხი მოეგონა, ”ძმურად” არ გაჰყოფოდა მისი “სიმდიდრე”, რომ ახლანდელ მწირ ლუკმაზე შეჩვეულ კუჭს უფრო დამცირებულ ლუკმაზე შეჩვევა არ დასჭირვებოდა.

– იფიქრე, ქალო, იფიქრე, ეგებ შენც მოიგონო რამე... ე ოხერი თავი აღარ მუშაობს!.. ბრუ მესხმის მხოლოდ...

 

– გამწარებით ეტყოდა ხოლმე პლატონი ცოლს.

 

– მე რა უნდა მოვიგონო, რა უნდა გირჩიო?! – მოწყენით მიუგებდა ქმარს მელანო.

 

– რა მოვიგონო?!. ჰმ!.. სხვას რას გეიგონებს თქვენგან კაცი! – გულმოსული წაილაპარაკებდა პლატონი და ისევ თავის ფიქრებში გაეხვეოდა გაყუჩებული.

 

ქართული ანდაზაა: გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას განახვებო. პლატონ სამანიშვილი ქართველი კაცი იყო და ამასთან აზნაური.

 

– მამა! – მივიდა რამდენიმე დღის შემდეგ იგი ბეკინასთან – მამა, რაკი ინებე ცოლის შერთვა და აღარ იშლი, ნება შენია, აწი რაღა მეთქმის... შენი ნებაა... მაგრამ ერთი სათხოვარი მაქვს და ამაზე არ გამაწბილებ, იმედია... უარს არ მეტყვი!

 

პლატონს ეტყობოდა, რომ წინანდელ ცუდ გუნებაზე აღარ იყო.

 

– რა იყო, შვილო?.. ერთის მაგიერ ორი მითხარი!

 

– მომანდე ეგ საქმე მე... მე ამოგირჩევ ქალს!

 

ბეკინა გაკვირვებით მიაჩერდა შვილს.

 

– ღმერთმანი... მაშვალს თავი დაანებე და საშენო ქალს მე მოგინახავ! შენ ნუ მომიკვდები!

 

– შე კაცო, უწინ თავს იკლავდი, ნებას არ მაძლევდი და ახლა მაშვლათაც კი მიდგები! – ღიმილით მიმართა ბეკინამ შვილს და უნდობლად დაუწყო ცქერა. – რას მივაწეროთ ახლა ეგ, პლატონ?.. – გაიცინა ბეკინამ.

 

– რას უნდა მიაწეროთ?!

 

– მაინც, მაინც!.. მამაშვილობას, გამაგებიე, თუ გიყვარდე! – ჩაცივებით უთხრა დაინტერესებულმა ბეკინამ.

 

– ბატონო, თქვენი გულის წადილი ხომ აგისრულდებათ და!

 

– კი, მარა მაინც!..

 

მამაშვილობას მითხარი! ჰა! შენს ცოლ–შვილს გაფიცებ!.. რა მოიგონე ახლა შენ?

 

– არაფერი, შენ არ მომიკვდე, იმისთანა, რომ შენი საწყენი იქნეს...

 

– ჰო!

 

– ქალს მოგინახავ იმისთანას, რომ არც შენი დასაწუნებელი იქნება და არც ჩემთვის საშიშარი...

 

– ჰო, ჰო! – აჩქარებდა გახალისებული ბეკინა. – ჰო!

 

– ახალგაზრდა ყმაწვილი ქალი, რასაკვირველია, შენი საქმე არაა.

 

– რასაკვირველია, მარა არც უკბილო დედაბერი ივარგებს, შე კაცო! – გაიცინა ბეკინამ.

 

– უკბილო დედაბერი ვის რად უნდა! ასე, ხნიერი დედაკაცი რომ იქნეს...

 

მარა ისეთი, არავინ დაგვცინოს...

 

– ჰო, ჰო! – ეთანხმებოდა ბეკინა.

 

– ქვრივი...

 

– მაგასაც არა უჭირს რა!..

 

– ქვრივი... ორნაქმარები!

 

ამ უკანასკნელ სიტყვაზე პლატონიც შეჩერდა, მამას შეხედა და ბეკინაც მიაშტერდა გაკვირვებით შვილს.

 

– ჰო, ორნაქმარები!..

 

– გაიმეორა სიტყვა გაგრძელებით პლატონმა. – რა უნდა უჭირდეს?.. შენ არ მომიკვდე, არაფერი!

 

– რას ცუღლუტობ, შე კაი კაცო?! – თვალი თვალში გაუყარა ბეკინამ. – რას ცუღლუტობ, ვაჟბატონო?

 

– შენ არ მომიკვდე, შენთან მე არ ვცუღლუტობდე და არც გატყუებდე... შენ სრულიად წაგებული არ იქნები, დედის სული არ წამიწყდეს!.. ის კი არა, მოგებული დარჩები... მე მხვდება მეტი შრომა, თვარა შენ ქეც დამიმადლი მერე!..

 

გიამება, ბატონო, ახლა რომ შენმა ცოლმა ბავშვის ჭყვირილით გამოგიჭექოს ყურები?

 

– ეჰ... შენ კიდევ შენსას მოჰყვები!..

 

– ვინ იცის, ბატონო, ვინ იცის! ის არ ჯობია, რომ უფრო დაიმედებულად იქნება ადამიანი?!

 

– ორნაქმარები დედაკაცი რაღა იმედია?

 

– რა იმედია და აი, მოგახსენებ... შენ ცოლი გინდა. მე კი მინდა, რომ მამულის გამყოფელი არ დეინახოს ჩემმა თვალებმა... თვითონ ამბობ, ყმაწვილი ქალი არ მინდაო... მოგინახავ სწორედ რიგიან ქალს, რომ ვერავინ დაგვცინოს, შენ ნუ მომიკვდები.

 

ორნაქმარებს იმიტომ გეუბნები, რომ ქვრივებში ამოვარჩევ, გამოვნახავ იმისთანას, რომ ორ ქმარს ჰყოლოდეს და არც ერთთან შვილი არ მიცემოდეს... ორივე ქმრის ხელში რომ უშვილო დარჩენილიყოს... ამისთანა დედაკაცი სწორედ საიმედო იქნება შვილის უყოლობაზე... თუ ორ ქმართან შვილი არ მიცემია, შენთან რაღა ღმერთი გაუწყრება... ამრიგად, შენც მოსვენებული იქნები, მეც იმედიანად ვიქნები და ვიცხოვრებთ ისე, რავარც გვიცხოვრია... ამ ჩვენს წუთისოფელს ჩვენს წესზე ამგვარადვე გავატარებთ და ჩვენს მერმე რაც იქნება, ის ღმერთმა იცის და ჩვენმა მომავალმა!.. ესაა ჩემი თხოვნა...

 

შენ არაფერი გაკლდება და ჩემთვის კი ისეთი საქმე იქნება, თუგინდ ჩემი მამულის ნახევარი ხელახლა შემეძინოს... მაინც ამით თუ შევინარჩუნებ, თვარა სხვა რა ძალა მაქვს, რა ღონე შემწევს? ამიტომ გთხოვ, მომანდო ეგ საქმე, მაშვალს თავი დაანებო... შრომა მე შემხვდება, მართალია, მარა რავა დევერიდები?! უხეირო ქალს არ შემოვიყვან ოჯახში, ამაში პატიოსან სიტყვას გაძლევ!

 

ბეკინამ აცალა შვილს ეთქვა თავისი სათქმელი და ყურადღებით მოისმინა მისი სიტყვა. მას ახლა კიდევაც ეცინებოდა პლატონის ნალაპარაკევზე და უკვირდა, ეს რა მოიგონა ამ კაცმაო. შვილის თხოვნაზე კიდევაც თანახმა გახდა ბოლოს, თუმცა ესეც კი დაატანა:

 

– ნება შენი იყოს, პლატონ ჩემო, მაგრამ ახლა შენ მიჩქარი სიკვდილს, შვილო, და ეს არის! – სიცილით უთხრა მან.

 

– რავა, ბატონო?

 

– ი წყეულმა მეც რომ გამაყოლოს წინანდელებს, რას მიპირებ მაშინ? ა?.. ხა, ხა, ხა! ავი სანდობია მაგისთანა მთვარეზე დაბადებული დედაკაცი!..

 

– შენისთანა ღონიერ ადამიანს ის ვერაფერს გიზამს. შენ არ მომიკვდე!..

 

– კარგი, კარგი, შვილო! – იამა ბეკინას შვილის სიტყვა. – კარგია, შვილო... ასე ქენი, მარა საქმეს შორს ნუ გადადებ, თვარა...

 

– არა, ბატონო, ამ დღეებშივე შევუდგები... რაღაზე გავაჭიანურო...

 

საქნარი მოლეული ჯობია!..

 

– ჰო, ჰო. რასაკვირველია, რასაკვირველია!.. მარა გახსოვდეს, შვილო. უხეირო ვინმეს არ შემყარო... თორემ სირცხვილს გაჭმევ, პლატონ, მიგიტოვებ ქალს და სხვას მე თვითონ ამოვირჩევ!.. მამა შვილობას გეფიცები! – ღიმილით უთხრა ბეკინამ.

 

– ბატონო, მაგ რა საკადრისია! რატომ ვიზამ მაგ საქმეს?.. – მიუგო პლატონმა. – ამაზე მეტად არ გჯერათ ჩემი?!

 

– ჰო და აბა ჰე!.. – აბა ჰე!.. აწი შენ იცი, მე თანახმა ვარ... ოღონდ არ დააგვიანო, ესეც გახსოვდეს!.. მეტ რაღას მომთხოვ კიდევ.

 

შვილო, – ყველაფერი შენს ნებაზედაა და ეგ არის!.. აწი მაინც ვერაფერში მისაყვედურებ, შვილო!

 

სასაყვედურო კი ჰქონდა პლატონს, მაგრამ რა გამოვიდოდა მასზე სიტყვის განახლებით?! ისიც კარგი იყო მისთვის, რომ მამა ამ უკანასკნელ თხოვნაზე დაიყოლია და ამით იმედი ეძლეოდა, განსაცდელი თავიდან აეცილებინა. ახლა საჭირო იყო მხოლოდ ნაფიქრი საქმის ასრულება; საჭირო იყო მოენახა მისი მხსნელი ორნაქმარევი, უშვილო ქალი, რომ ქმრებთან სამ-სამი წელიწადი მაინც ნამყოფი ყოფილიყო, რომ არც ბებერი ყოფილიყო მაინცდამაინც და არც მახინჯი; განსაკუთრებით უშვილობაზე საიმედო ყოფილიყო.

 

საქმე არც ისე ადვილი იყო, რომ უცბად თავი მობმოდა და ამიტომაც პლატონი იმდღესვე შეუდგა მას, რა დღესაც მამამისმა ამაზე მზრუნველობის ნება დართო. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასე იყო პლატონის საქმეც.

 

დატრიალდნენ ორივე ცოლ–ქმარი. დღედაღამ მხოლოდ იმით იყვნენ გართულნი, რომ ეგებ თავიანთ ნაცნობებში მოეგონათ რომელიმე უშვილო ქვრივი დედაკაცი, მათი სასურველი, მათთვის სანატრელი, სადედინაცვლოდ გამოსადეგი არსება.

 

– არქიპო ქვაშავაძის ნაცოლები... უშვილო არ იყო?! გათხოვდა მერე... ქმარსაც ბარე ხუთი წელიწადი ჰყავდა... ნეტავი თუ ცოცხალი ჰყავს ის მეორე ქმარი?.. ა, არ იცი, მელანო?

 

– რავა არა... მარა იმას, შე კაცო, პირველი ქმრის ხელშიაც კი ჰყავდა ერთი შვილი!.. – მიუგო მელანომ.

 

– შვილი სად ჰყავდა? შენ არ მომიკვდე! ნატალიას შვილი სად ჰყოლია?

 

– ჰყავდა, შვილებს გეფიცები... შენ ნუ მომიკვდები! გავიწყდება, თვარა შვილი რავა არ ჰყავდა... დიდხანს კი იყო უშვილო!

 

– ოჰ, აბა ეგ მახსოვდა მე!.. – და გაჩუმებული პლატონი ახლა სხვებს იგონებდა და იხსენებდა.

 

– გოჯასპირ ხასიშვილის ნაცოლები? საწირეთელი ხასიშვილის! კი იცნობ შენ იმას. ჰო, ჰო! ის, მგონია, ასე მაგონდება, ვითომც ხასიშვილმა ქვრივი ითხოვა... უშვილო იყო მაშინაც!..

– აჰ! გოჯასპირ ხასიშვილმა ქვრივი კი არ შეირთო, შე კაცო... დედ-მამის სახლიდან წეიყვანა და ქვრივად მას დარჩა... უშვილოა კი... მარა რაი, ჩვენთვის ის არაფერი გამოსადეგია: ერთ ქმრის ნაყოლია, – წუწუნით გაათავა სიტყვა მელანომ.

 

ბევრს ეწვალნენ ამრიგად ცოლიც და ქმარიც, მაგრამ შესაფერი ვერ გამონახეს.

 

– ჩემ დასთან წავალ...

 

ეგებ დარიკომ მიმასწავლოს სადმე და ქეც ამომარჩევიოს...

 

ა, რას იტყვი, მელანო? – დაეკითხა პლატონი ცოლს, რაკი ხედავდა, რომ მისი მეცადინეობით არაფერი გამოდიოდა.

 

– ძალიან კარგს იზამ!.. ღმერთმანი!.. – მიუგო მელანომ. – ძალიან კარგს იზამ!.. უნდა მიიკითხ–მოიკითხო, აბა რავა იქნება!

 

– წავალ... ხვალვე წავალ! – ამოიოხრა პლატონმა.

 

– ეგებ ცხენი გამოვართვა ვისმე და წავალ... თუ დევიგვიანე, მაგ დალოცვილი მე აღარც კი მომიცდის და თავისას იზამს!.. ჰეი, ჰეი! – ნაღვლიანად წამოიძახა მან და მეზობლებში წავიდა ცხენის სათხოვრად.

 

 

III

 

დილა იყო ადრიანი, მეორე დღეს რომ პლატონმა ძალზე გამხდარი, ზურგდაშავებული ცხენი გადმოიყვანა ეზოში, მიაბა სამზარეულო სახლის გვერდით მდგარ კვინცხასთან და კმაზა დაუწყო.

 

– ამაზე შეჯდომა რავა შეგიძლია?... – უთხრა მელანომ.

 

პლატონმა რომ ცხენს უნაგირი შეადგა, ცხენმა სულ კანკალი დაიწყო.

 

– აბა, ფეხით ვის მივადგე, შე ქალო?!

 

– კი, მარა სულ არ მოგჯება ამ საცოდავს ზურგი?

 

– ფეხ–ფეხა მივყვები, ბატონო, ფეხ-ფეხა მივყვები!.. სირცხვილისათვის მიმყავს, თვარა რა!.. შენ ეგ მოსართავი მომეცი და ამის ჯავრი ნუ გაქვს!..

 

– აი, ამოგივარდა პატრონი! – მიაძახა პლატონმა, მოსართავს რომ ხელი მოჰკიდა. – მეიტა, მელანო ჩხინკი იქნება რამე... ენა არ ქონებია აბზინდს... მეიტა მალე, თუ ქალი ხარ!

 

დაამაგრა მოსართავი ჩხინკით პლატონმა, დაიხურა ქუდი, გადიგდო ბეჭებზე ყაბალახი, მოხსნა თავისი თეძოებამობუსკული რაში და თითქმის წაათრია უგულოდ მიმყოლი ცხენი ჭიშკრისკენ.

 

სწორედ ამავე დროს აივანზე გამოვიდა ახალუხის ამარა ბეკინაც და, რა დაინახა მიმავალი შვილი, გადასძახა:

 

– მიხვალ, პლატონ?

 

– მივდივარ, ბატონო, მივდივარ... რავარც მხედავთ! – მიუგო პლატონმა.

 

– აბა, ჰე, შენ იცი!.. ღმერთმა კეთილად გამგზავროს! – მიატანა სიტყვა ბეკინამ.

 

პლატონმა გადაიარა ეზო, გავიდა ჭიშკარში და მალე, ორღობეში მიმავალი, გზის აქეთ–იქით მიმყოლ ხეებში მიიმალა.

 

– ე ბედაური ვის გამოართვა, მელანო ჩემო? – მიმართა ბეკინამ ჭიშკრიდან უკან გამობრუნებულ რძალს.

 

– პავლია ღომიაშვილს, ბატონო!

 

– არ დოუვარდეს გზაში, შე ქალო! – გაიცინა მოხუცებულმა.

 

– სხვის შესახედავად წეიყვანა, ბატონო... სასირცხვილ–სანამუსოდ, თვარა სხვებრ რას არგია!

 

– არაფერია... არაფერი... პლატონი მარჯვე კაცია... მოხერხებულია, იმას არაფერი გოუჭირდება! – ჩაიცინა ბეკინამ და იქით დაიწყო ცქერა, საითაც ის იყო პლატონი გზას დაადგა. 

 

1 2 3 4 5 6 7
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / კლდიაშვილი დავით / სამანიშვილის დედინაცვალი