კლდიაშვილი დავით

 

სოლომონ მორბელაძე  

 

 

 

 

– პატარა ხანს მოითმინეთ, ბატონო, და სოლომანიც გიახლებათ საცა არის!

– დამაგვიანდება... დღიურ ვეღარ მივალ სახლში... უმთვარო ღამეებით გახლავთ... გზაში გამიჭირდება... თვითონ იცით, რა გზებია, მერე ჩვენსკენ... მე გიახლებით და ამის მთხოვნელი ვიქნები, თქვენვე მოახსენოთ სოლომანს ყველაფერი... გაჭირვება რომ არ მადგეს, ღმერთმანი, არც კი შეგაწუხებდით... თქვენი იმედით ვიქნები, ჩემო ბატონო... მშვიდობით ბრძანდებოდეთ! – თქვა ეს კარგა მოხუცებულმა, მაღალი ტანის კაცმა, ხელი ჩამოართვა ქალს, რომელსაც ელაპარაკებოდა და კიბეზე ჩამოსვლა დააპირა. სწორედ ამ დროს ქალმა წამოიძახა:

– ჰე, ბატონო, სოლომანიც ეგერ მოდის!

მართლაც, ღია ჭიშკარში შემოიჯირითა მოჩაქჩაქე ჯორით მამაკაცმა, რომელსაც თავზე პატარა ქუდი ეხურა და მხარზე ყაბალახი ჰქონდა გადაგდებული.

ეს იყო აზნაური სოლომან მორბელაძე.

– შენ არ დამენახე, პლატონ, და სხვა არაფერი მინდოდა! – შესძახა სოლომანმა მოხუცებულს, როცა ჯორიდან ჩამოხტა და შეგებებულ პატარა ბიჭს გადასცა მადლიანი პირუტყვი.

– რა კაი გუნებაზე ვიყავი მერე... უღვთო კაცი ყოფილხარ, პლატონ ჩემო, ღმერთმანი! – და სოლომონმა გულიანად გადიხარხარა და ხელი ჩამოართვა პლატონს.

– მალე, მალე გაგისტუმრებ... მალე მოვიშორებ თავიდან შენს ვალს... ცოტა ფეხის გადადგმა შემეზარა, თვარა ფულს ვერ ვიშოვიდი მე?! მართლა, ისე დაგლახაკებული კი არა ვარ, ზოგიერთი აზნოუშვილი რომ გინახავს... უფულობას რომ შეუშინებია, ცხვირები ჩამოუშვიათ და არ იციან, რა ქნან! ცოტა კიდევ მომითმინე და თელათ დაგიბრუნებ იმ შენს ფულს...

– რა ვქნა, მე ერთი გაჭირვებული კაცი ვარ... შენოდენი მე აღარც სიარული შემიძლია, აღარც სხვა რამე საქმე... რაცხა ეშმაკად შვილი შევიყვანე სასწავლებელში, ქე ვნანობ ახლა, ნამეტანი ხარკი უნდება... ბოვშიც ტირის და იხვეწება, სასწავლებლიდან არ გამომიყვანოო... სწავლის ფული მაქვს შესატანი და ამისათვის მოვედი შენთან... რომ არ შეგაწუხო, მეტი გზა არა მაქვს... ვადაც ქეა გადასული, შენ რომ ფულების დაბრუნებას შემპირდი... ბოვშს გამომიგდებენ და ნუ ჩადგები ჩემს ცოდვაში...

– ჩემს შვილს, ჩემო პლატონ, უშველებელი კალამი უჭირავს ხელში... ისე მშვენივრად ურტყამს მიწას, რომ მოგეწონება, რომ უყურო... არ ეკადრება, მართალია, თოხი აზნოუშვილს, მარა მეტი გზა არაა, თვითონაც იცი!

– ქე ამხელ მერე შენს სიგლახეს? – დაატანა სოლომანის ცოლმა ეფროსინემ, რომელიც წეღან ესაუბრებოდა მოხუცებულს.

– რა ვუყოთ... დრომ ასე მოიტანა!.. აბა, პლატონ ჩემო, ერთი თვე მადროვე კიდევ და მერე მე ვიცი და ჩემმა კაცობამ!..

– ერთი თვე? – ჩაფიქრდა პლატონი: – ბატონი ბრძანდები, – თქვა მან ცოტა ხნის შემდეგ. – მეტი ხნით გადადება კი აღარ შემიძლია, სოლომან!

– არა, არა, პლატონ, შერცხვენილი დამიძახე, თუ ერთ თვეს გადავაცილო, ის შენი ფული არ ჩაგაბარო!.. მაგის გულისთვის დავრბივარ აგერ ერთი თვეა... მაშვლობა მაქვს გამოწყობილი და, იცოცხლე, კაი ასაღებიც მქონდეს! ევიღებ და იმწამსვე ჩემი ხელით მოგიტან... ცოლ–შვილს გეფიცები...

– აბა, იმედი მაქვს, სოლომან!

– პატიოსან სიტყვა გაძლევ... როგორც ევიღებ სამაშვლოს, იმწამსვე შენთან გამოვწევ!.. და რომ ევიღებ, ეჭვი არ უნდა!..

– აბა, ისე მივდივარ ახლა, თითქოს ჯიბეში მეგულებოდეს ის ფულები... მშვიდობით ბრძანდებოდეთ!.. – და პლატონმა წასვლა დააპირა.

– გული რომ გაგიკეთე, იმიტომ მტოვებ, შე კაცო?! ეფროსინე! – დაიძახა სოლომანმა.

– რა იყო? – იკითხა ეფროსინემ, რომელიც პალატიდან გამოვიდა, სადაც ჯორის დასახედავად იყო წასული.

– ხელად ერთი საუზმე მოგვართვი, თუ ქალი ხარ!

– აჰ, შენ არ მომიკვდე, მე დარჩენა არ შემეძლოს... უსათუოდ ახლავე უნდა წავიდე! – გაიწია პლატონმა.

– შენ არ მომიკვდე, მე შენ არ გაგიშვა!.. ბიჭო! – დაიძახა სოლომანმა: – პლატონის ცხენს უნაგირი მოხადე!

– შენ არ მომიკვდე, შენ, სოლომან, მე დარჩენა არ შემეძლოს!.. – და პლატონი უკან–უკან იხევდა, სოლომანის ხელებიდან თავის ხელის განთავისუფლებას ცდილობდა. – სახლში მაქვს დაბარებული, უსათუოდ მოვალ ამაღამ-თქვა, და რომ არ მივიდე ჯავრით მოკვდებიან... გამიშვი, შენი ჭირიმე... შემომაღამდება მერე ვეღარ ვივლი!

– დაგაწვენ, დაგახურავ, დაგაძინებ... დილით ადრე ადგები და წახვალ, შე კაცო!.. – არ ეშვებოდა სოლომანი.

– მოითმინეთ, ბატონო! – შეეპატიჟა ეფროსინეც.

– მადლობელი ვარ, ჩემო ბატონო... მეტად მადლობელი ვარ, მარა ნურას უკაცრავად... სწორედ რომ არ შემიძლია... მომიტევეთ, ნუ მიძრახავთ ჩემს უზრდელობას... მშვიდობით ბრძანდებოდეთ!..

– კაია, შე დალოცვილო!.. – მაინც არ ეშვებოდა სოლომანი.

– ნუღარ აწუხებ მეტს... თუკი ასე ეჩქარება! – მიმართა ქმარს ეფროსინემ.

– ღმერთმანი, ერთობ მოგილხენდი, იმისთანა გუნებაზედ ვარ, მარა, თუ ჩემთან არ გესიამოვნება ერთი სტაქანი ღვინის დალევა, ღმერთმა მშვიდობის გზა მოგცეს, ჩემო ბატონო!

– მაგას რატომ ამბობ, კაცო?! დრო არა მაქვს, თვარა ამდენი ხვეწნით რავა შეგაწუხებდი!.. მადლობელი ვარ... მადლობელი ვარ!.. მშვიდობით ბრძანდებოდეთ!..

პლატონმა ხელი ჩამოართვა ეფროსინეს, მერე სოლომანი გაიხმო გვერდზე და ხმამაღლა უთხრა:

– სოლომან, მომკლავ, თუ ამ ერთ თვეში არ მომეცი!..

– პატიოსანი სიტყვა მოგეცი და სხვა ახლა რითი დაგაჯერო უფრო!.. გეუბნები, გათავებული მაშვლობა მაქვს, ერთი ექვსი თუმანი მერგება და ის იქნება!

– შენი ჭირიმე, შენი, ჩემო სოლომან!.. თუ გინდ გეჩუქნოს, ისე ჩავთვლი...

– ლაპარაკი აღარ უნდა მაგას!

– მშვიდობით, შენი ჭირიმე! აბა, შენ იცი, სოლომან! – ვეღარ მოითმინა, კიდევ ერთხელ არ შეხვეწნოდა სოლომანს. შემდეგ მოხსნა ბროწეულთან მიბმული თავისი ძალზე გამხდარი ცხენი, შეჯდა ზედ და, რომ ცხენის სიძაბუნე არ შეენიშვნინებინა, ორიოდე წკეპლი გადაჰკრა; მაგრამ ღონემიხდილმა, მშიერმა პირუტყვმა ისევ ზანტად გადაადგა ფეხები და მხოლოდ კუდი მიიქნ–მოიქნია, თითქოს ამით ის უნდოდა ეთქვა, რომ ცემა–ტყეპას დიდი ხანია შეჩვეული ვარ და ეგ ვერ ამაჩქარებსო.

სოლომანმა ჭიშკრამდი მიაცილა პლატონი და, როცა სახლს მიუახლოვდა უკან გამობრუნებული, აივნის დასტანდაზზე გადმოწოლილ ეფროსინეს შესძახა:

– არ მომკლა ამ უხეირომ თავისი გაუთავებელი ხვეწნით!.. სული ამომართვა კინაღამ ოჯახდაქცეულმა!..

– სხვანაირი გულისაა მაგ დალოცვილი, თვარა მაგის ადგილას სხვა ხვეწნას კი არა, პრისტავით მოგადგებოდა კარზე!.. უსათუოდ გიჩივლებდა! – მიუგო ეფროსინემ.

– მიჩივლოს და, კაცი არ ვიქნები, ორი იმოდენი, რაც მმართებს, ზედ არ დავახარჯვინო, სანამ ამოიგებს... ისე იცოცხლა სოლომანმა... ისევ სიამტკბილობით თუ რამეს გამომრჩება, თვარა საჩივრით და პრისტავებით ბევრს ვერაფერს მოიგებს!..

სოლომანი აივანზე ავიდა და ნამგზავრი, დაღლილი, დასაჯდომად გაყოლებულ აივნის ფიცარზე გაწვა.

– რატომ ხარ ასე წინდაუხედავი, შე უბედურო?! – წყენით უთხრა ეფროსინემ.

– რა იყო, შე ქალო? ცუდი რა ვქენი?

– აბა, რომ ეპატიჟებოდი იმ კაცს, მისატანად რა გეგულებოდა სახლში?! ნეტავი შენ კუდაბზიკობა არ გჭირდეს და სხვა არა მინდა რა!.. რომ დარჩენილიყო, რას აპირობდი?!

– ერთი–ორი შეპატიჟებით რავა დარჩებოდა, შე ქალო!.. გადამთიელი ხომ არ არი, ჩვენებური ჩვეულება არ იცოდეს... შევეპატიჟე, ვალი მოვიხადე... ისე ხომ ვერ გავუშობდი, ასე არ მეთქვა იმის შეგეშინდა, რომ არაფერი გვაქოს?!. თუ არ გვაქოს – გვექნება, გვექნება!.. ამისთანა ტკიცინა წითელ–წითელ თუმნიანებს მოგიტან, რომ თვალები აგიჭრელოს... ექვსს ერთად... როგორც კაცი!.. ორ თუმანს პლატონს გადვუგდებ, იმას თავიდან მოვიშორებ... ოთხი თუმანი დაგვრჩება, ნახევარ წელიწადს ქე გვეყოფა და მერე კიდევ გავასაღებ სადმე ერთ გვრიტს და იქიდანაც ხელის ჭუჭყი შემოგვივა!.. შენ დარდი ნუ გაქვს... გული არ გეიტეხო, მხიარულად იყავი... ჯერ ხომ არაფერი წამიხდენია?..

– შენ სულ ასე იძახი და საქმით კი კაი ხანია ვერაფერი დევინახეთ!.. მარტო წანწალს უნდები, სხვა არაფერი გამოდის ამ შენი ახალი მაშვლობიდან!..

– რატომ არა, შე ქალო?.. ყოლიფერი გათავებულია...

– გაათავეთ მოლაპარაკება?

– რასაკვირველია!

– რაზე შეათანხმე?

– ბესარიონმა უნდა მისცეს ქაიხოსროს ორმოცი თუმანი ფულად, ოცი თუმნის ვექსილი და ოცი თუმნის ბარგი!..

– სად შეუძლია მერე ბესარიონს მაგდენის მიცემა?.. სადა აქვს მაგის შეძლება იმ უბედურს?.. რა დრო მოვიდა, შენი ჭირიმე!.. – მწუხარებით წარმოსთქვა ეფროსინემ.

– უნდა იშოვოს, მეტი რა გზა აქვს!.. უმზითო ქალს ვინ მოჰკიდებს ხელს?! იშოვის... ნაშოვნიც აქვს... გამოსტყუებს ვისმე, ცოტა ადგილსაც გაჰყიდის და შეაგროვებს... ამას ლაპარაკი არ უნდა, და ამასთან ერთი დროით რომ ვახშამს მაჭმევდე და დამაძინებდე, ძალიან დაგიმადლი, იმიტომ რომ ხვალ დილით ბესარიონთან უნდა გავსწიო. ჯვარისწერის დღე უნდა დავანიშვნიო...

– თუ ღმერთი გწამს, მალე გადარჩი მაგ საქმეს... ტყვილა წანწალს ნუ უნდები...

– მაგ წანწალით ვშოულობ, შე დალოცვილო, ორიოდე გროშს... საქმის გათავება მეც ძალიან მეჩქარება, იმიტომ რომ ქე მეშინია, არ ჩამეშალოს... ბესარიონის შვილი ყელში დანას იყრის, ბევრ მზითევს აძლევთო და, თუ ვინმე გამოუჩნდა ნაკლები მზითვით წამყვანი, ქე გაატანენ იმ ქალს და მე დავრჩები პირდაღებული... ამის შიში რომ მაქვს, იმიტომ დავწანწალობ იქით–აქეთ... მონდომებული ვარ სულდაუთქმელათ გავათავებიო საქმე!

– არ ვიცი, არ ვიცი, რომ ბესარიონმა იმდენი ხარჯის გაწევა შეიძლოს! ეჭვით თქვა ეფროსინემ.

– მეტი რა ღონე აქვს!.. ოღონდ კუჭის გასაძღომი მიშოვე დროით და დანარჩენი მე ვიცი.

ეფროსინე წამოდგა და ქმრის თხოვნის ასასრულებლად წავიდა. სოლომანმა, ვიწრო საჯდომ ფიცარზე გულაღმა გაშხლართულმა, მალე ხვრინი ამოუშვა.

შუა დღე იქნებოდა, სოლომანი რომ აზნაურ ბესარიონ საქარაძისას მივიდა მეორე დღეს.

პატარა დაბალკედლებიან სახლის აივანზე მოშვებული ჩოხით ჩიბუხით ხელში მოსიარულე ბესარიონმა როგორც კი დაინახა სოლომანი, ხმამაღლა გადმოიძახა:

– გიგოია, ბიჭო გიგოია!

დაძახებაზე ოდის გვერდზე მდგარ სამზარეულო სახლიდან გამოვიდა პატარა ბიჭი.

– ჯორი ჩამოართვი, ბიჭო! – უბრძანა ბესარიონმა.

სოლომანმა მისცა ჯორი პატარა ბიჭს, ჩამოუშვა ჩოხის აკეცილი კალთები, გაიბერტყა მტვერი, გადაელაპარაკა ბიჭს: – აბა, ბიძი, შენ იცი, ჯორს კარგად მიჭმიე, – დაბალი კიბე ცქვიტად აირბინა და ავიდა აივანზე.

– დილა მშვიდობის, სოლომან ჩემო! – შეეგება ბესარიონი.

– ღმერთმა შენი თავი მიცოცხლოს, ჩემო ბატონო! – მიუგო სოლომანმა და ჯორისკენ გადმოიხედა.

ამ უკანასკნელს მაღლა აეღირა თავი და პატარა გიგოიას უძალიანდებოდა, ფეხს არ იცვლიდა ადგილიდან, თუმცა საწყალი ბიჭი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ლაგამში ექაჩებოდა.

– ჩიშ, ჩიშ! შე ეშმაკის კერძო! – გადმოსძახა სოლომანმა. – გასაძღომად მიჰყევხარ, შე უბედურო! ჩიშ, ჩიშ!

ჯორმა თითქოს გაიგოო პატრონის სიტყვა, გაჰყვა ბიჭს.

– მაგ საწყალს ჰგონია, სახლში რომ ტყვილა თავჩამოკრული აბია, აქაც ისე დამემართებაო, და თავის გუნებაში ისევ გარეთ, წმინდა ჰაერზე ყოფნას რჩეობს! – სიცილით თქვა სოლომანმა.

– სწორედ კარგი ჯორი გყავს, სოლომან, მე და ჩემმა ღმერთმა! – უთხრა ბესარიონმა და თავისი გრძელი ულვაშები გადაისწორა.

– შე დალოცვილო, პატრონი აქე, პატრონი, თვარა ჯორს ქება–გინების რა ესმის! – გადიხარხარა სოლომანმა.

– პატრონი ხომ არი და არი... მაგას რაღა ლაპარაკი უნდა!

– ყოჩაღი, ყოჩაღი, ბესარიონ ჩემო!

და სოლომანი ის იყო დაეპირა მოჰყოლოდა ქაიხოსრო ქათამაძისაგან შემოთვლილ ამბავს, რომ აივანზე გამოვიდა ორი ქალი. წინ მომავალი მაღალი ტანისა, გამხდარ პირისახეზე ბაღდადით თავმოხვეული, იყო ბესარიონის ცოლი პელაგია; ამას რომ მოჰყვებოდა მაღალი შავთვალწარბა, ლამაზი პირისახის ყმაწვილი ქალიშვილი, თავშიშველა, წელზე გადაგდებული ორი გრძელი ნაწნავით – იყო ბესარიონის ასული ელპიტე, რომელსაც ურიგებდა სოლომანი ქაიხოსრო ქათამაძის შვილს. ყმაწვილი ქალი დედის შემდეგ მორცხვად მივიდა სოლომანთან, ჩამოართვა ხელი და ისევ დედას ამოეფარა.

– დაბრძანდით, ბატონო! თავაზიანათ შეეპატიჟა პელაგია სტუმარს.

– გახლავართ, ჩემო ბატონო! – და როცა ქალები დასხდნენ, თვითონაც ჩამოჯდა მოშორებით გრძელ ფიცარზე, რომელიც სკამის მაგივრობას სწევდა.

– ხომ მშვიდობით ბრძანდებით, ბატონო? – მოიკითხა სოლომანმა პელაგია.

– გახლავართ. შენი ჭირიმე!. – უპასუხა მან: – თქვენ, ბატონო?

– გმადლობთ... გახლავართ, ისე!..

– კაი დაგემართოსთ! – წაილაპარაკა პელაგიამ...

ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.

– ნამეტანი სიცხე დეიკავა... ერთობ შეგვაწუხა სიცხემ აქეთ... დაიწყო პელაგიამ.

– ჩვენც, ბატონო, ჩვენც!

– შარშან არ ყოფილა ამ დროს ამისთანა სიცხე... უფრო გრილი იყო... წვიმებიც იყო... ახლა კი...

– კი, ბატონო, კი!.. წლეულს წვიმა სულ არ ყოფილა თითქმის... დეიწვა ქვეყანა, თქვენი მტერი დეიწვას!.. – უგუნებოდ ამბობდა სოლომანი და ბესარიონმაც შეამჩნია, რომ ეს ყოვლად უმნიშვნელო ლაპარაკი აწუხებდა სოლომანს. ამასთანავე თვითონაც ეჩქარებოდა მალე გაეგო, თუ რა ამბავი მოუტანა მაშვალმა, მაგრამ ელპიტეს აქ ყოფნა უშლიდა. ამიტომ მოინდომა, ქალიშვილი თავიდან მოეშორებინა.

– რა დროს შარშანდელ ამინდზე მუსაიფია, შე ქალო! – უთხრა ბესარიონმა ცოლს. – მაგ კაცი ნამგზავრია და, რაღა ლაპარაკი უნდა, მშიერია... შეეცადეთ, დროზე იქნეს სადილი... შიმშილით ნუ მოჰკლავო მაგ კაცს... წადი, შვილო ელპიტე, დააჩქარე, მალე დაგვაჯინე სუფრაზე.

ელპიტე მამის სიტყვაზე წამოდგა და წასვლა დააპირა.

– მეც ახლავე მოვალ, შვილო! – დაატანა სიტყვა პელაგიამ, – მანამდის შენ მიხედე, შვილო!

– კი, ბატონო! – თქვა ყმაწვილმა ქალმა და ბრძანების ასასრულებლად წავიდა.

აივანზე დარჩნენ ბესარიონი, პელაგია და სოლომანი. სოლომანსაც ეს უნდოდა. შევიდა თუ არა ოთახში ელპიტე, მარდად წამოვარდა თავის ადგილიდან, მიიწია ცოლ–ქმრისკენ და ხმადაშვებით, რომ სხვას არავის გაეგონა მისი სიტყვა, დაიწყო:

– საქმე ისე მოვყარე, როგორც თქვენ გსურდათ... – და სოლომანმა თავმომწონედ გადახედა ჯერ ცოლს, მერე ქმარს. – ქაიხოსრო, თქვენი სამძახლო თანახმაა მიიღოს ოცი თუმნის ვექსილი, ასე რომ ხელზე მისაცემი გექნებათ ორმოცი თუმანი და ოცი თუმნის ბარგი... ბარგი უნდა შეფასებული იქნეს ორი კაცისაგან... ვექსილი სამი წლის ვადით... მგონია, რომ ამაზე უკეთესი პირობები შეუძლებელია... მართალი უნდა თქვას კაცმა, ქაიხოსრო ერთობ პატიოსნურად მოგეპყროთ... ღმერთმანი! იმას რომ შვილი ჰყავს, თქვე დალოცვილებო, იმისთანა ყმაწვილები ასთუმნიან ქალებს არ ჯერდებიან... მარა, ერთი რომ თქვენი ქალი მოსწონთ მამა–შვილს და ამასთან მეც ისე შევუჩდი, ისე შევუჩდი, რომ საშველი აღარ მივეცი, არც სხვაგან გოვუშვი და არც არავინ მივაკარე მაშვლად მისულიყო, და დევითანხმე ყორიფელზედ კიდევაც!.. ორასი მანეთის ვექსილს რომ აძლევთ, ჩასათვალავიც არ არი... იმიტომ, რომ სამი წლის განმავლობაში უფრო შეთვისდებით, დაუახლოვდებიო ერმანეთს, უფრო დამოყვრდებით – ერთი სამი წლით კიდევ გადროვებს, მერე კიდევ გამოაცვლევინებთ ვექსილს და ერთ დღეს შეიძლება კიდევაც ამ ვექსილს ჩაილულის წყალი დაალევინოთ!.. რავა დევიჯერო, შვილმა გიჩივლოსთ!.. მძახალმა ამასობაში ეგებ ფეხებიც ქე გაჭიმოს!.. – და აქ სოლომანმა გულიანად გადიხარხარა.

– არა, შენი ჭირიმე, მაგას რატომ იფიქრებთ, – იწყინა სოლომანის რჩევა პელაგიამ, – ჩემ შვილს მე რასაც თვითონ შევპირდი, უკლებლად უნდა ჩავაბარო დანიშნულ დროზე... შვილს რავა მოვატყუებ!..

– რასაკვირველია, რასაკვირველია! – დაატანა სიტყვა ბესარიონმაც. – რაც გადაწყვეტილი იქნება, მე ჩემს შვილს უსათუოდ უნდა მივცე!.. მოტყუება რაში მეჭირვება!..

– სიტყვას მოჰყვა, თვარა მეც კარგად ვიცი, რომ თქვენ ამგვარ რამეს არ იკადრებთ... – სიცილით თქვა სოლომანმა, თუმცა გუნებაში დარწმუნებული იყო, რომ ბესარიონი ყოველ ღონისძიებას იხმარდა ვექსილის ტყუილად შერჩენისათვის. – სიტყვას მოჰყვა, თვარა ან მე რავა გირჩევთ მაგისთანა საქმეს? მე არ გამლანძღავს შენი სიძე, ის ოცი თუმანი რომ დეეკარგოს? რამდენს შემომიკურთხებს! ჩემი თავის მტერი ხომ არ ვარ, თქვე დალოცვილებო!.. არც ამ ხელობაზე ვიღებ ხელს... ამით ვშოულობ ცოტ–ცოტას, თითო–ოროლა გროშს... და, ნამეტანი ტყუილები რომ შემომერიოს, ვინღა მენდობა!.. ის კი არა, ამას გეხვეწებით, რომ, თუ ღმერთი გწამთ, ბარგი ისე გამოაწყვეთ, რომ ლაპარაკი არაფერი იქნეს, ოც თუმანზე მეტად თუ არა, ნაკლებ არ შეაფასონ... თუმცა შემფასებლებსაც, ვინც იქნება სულ ერთია, თითო–ოროლა კაპიკს ვარგებთ და ჩვენს ნებაზე შეაფასებენ, მარა მაინც ქაიხოსროსთან გაფრთხილებული უნდა იყვეთ... ცოტა ანგარიშის მოყვარული კაცია... კარგ მოყვარეს კი შოულობთ, როგორც კაცი!.. სწორედ კარგ მოყვარეს შოულობთ. მერე სულ იაფად. ყმაწვილია იმისთანა, რომ ქება აღარ უნდა, თვითონვე იცით... მართალია, აზნოუშვილი არ არის, მაგრამ სასულიერო წოდების კაცია, და დღევანდელ მღვდლებს უზრუნველი ლუკმა რომ აქვთ, ბევრ თავადიშვილს არა აქვს... ამას ყველა ვხედავთ... ეპისკოპოზს მოუწერია იმ ყმაწვილისათვის, თქვენი სასიძოსათვის, და აჩქარებს – მალე ცოლი შეირთეო, კურთხევა მინდა შენიო. საცხა კარგ, დიდ მრევლიან ეკლესიაზე ამწესებს და თან პირდება, შენს სოფელში გადაგიყვან ამ მოკლე ხანშიო... ერთი სიტყვით, ბედი ჰქონებია თქვენს ქალს.

– კი, რასაკვირველია, ყველაფერი ასე სასიამოვნოა, სოლომან ჩემო, მარა.. – და ბესარიონმა სიტყვა გააგრძელა.

– რა მარა, აჰ? – ეუცხოვა სოლომანს ეს სხვანაირ კილოზე ნათქვამი სიტყვა; იგი სრულიად სხვას მოელოდა ბესარიონისაგან.

– რა მარა, რა? – ჩააცივდა სოლომანი ბესარიონს, მაგრამ პასუხი ვეღარ მიიღო, იმიტომ რომ ამ დროს აივანზე გამოვიდა ელპიტე და მოახსენა:

– მზად გახლავსთ, ბატონო, სადილი!

– ახლავე, შვილო, ახლავე მოვალთ!.. აბა, წამობრძანდი, სოლომან! – უთხრა ბესარიონმა სოლომანს.

– მობრძანდით, ბატონო! – მიიპატიჟა თავის მხრივ პელაგიამაც.

– გიახლები, ბატონო! – თქვა სოლომანმა და ისევ ბესარიონს მიუბრუნდა: – რაია, რა? რატომ თქვი შენ ისე სხვანაირად: მარაო?

– მერე, შე კაცო, მერე... ნასადილევს უფრო კარგად და თავისუფლად მოვილაპარაკებთ... ახლა სადილი ვჭამოთ!..

– ბატონი ბრძანდები! – უკმაყოფილოდ თქვა სოლომანმა, რომელსაც ამ "მარამ" გული ატკინა, თავზარი დასცა... ვაი თუ ბესარიონმა რამე გადიფიქრა და ამდენამდი მოყვანილი საქმე თითქმის გათავებული, ხელახლად სახლაფორთო და საწანწალო გამიხადოსო? ამ შიშმა იმდენად შეიპყრო სოლომანი, რომ მადა დაუკარგა, ხალისი მოუსპო და ცუდ გუნებაზე დააყენა. სადილმა მეტად უგემურად ჩაიარა; სამაშვლოს დაკარგვის შიშმა მოუსვენრობაში ჩააგდო სოლომანი.

სადილიც გათავდა, სტუმარს ხელსაბანი წყალი მოართვეს და ზალიდან პატარა ოთახში შეიწვიეს მოსასვენებლად. პატარა დაბალ ოთახში, რომლის ჭერს კაცი ადვილად შესწვდებოდა ხელით, უკვე მზად იყო ერთ კედელთან გაყოლებულ ტახტზე მუთაქა და ბალიში სოლომანისათვის.

– აბა, სოლომან, მოისვენე! – უთხრა ბესარიონმა, რომელიც სოლომანს შემოჰყვა ოთახში.

– სწორედ არ დამეძინება, უნდა გითხრა, ბესარიონ ჩემო!..

– რატომ, შე კაცო?.. არ იცი ნასადილევს ძილი, თუ?

– ძილი კი არა... შენ იმისთანა მითხარი ერთი სიტყვა, რომ გამაშტერე და ის არი... ბესარიონ, სწორედ იმისათვის ვარ მოსული, რომ საქმე დავაბოლოვოთ... შორს გადადება აღარ შეიძლება... ის კაცი თანახმაა იმაზე, რაც შენ თქვი. ახლა ჯვრისწერის დღე უნდა დაგვინიშნო... დაგვიანება აღარ შეიძლება იმიტომ რომ, როგორც გითხარი, ეპისკოპოზი აჩქარებს იმ ყმაწვილს – კურთხევა უნდა მისი... რასაც დამაბარებ, რა დღესაც დამინიშნავ, ქაიხოსროს უნდა გავაგებიო და იმ დღისათვის ისიც მოემზადება...

ბესარიონმა მარჯვენა ხელით გაისწორა თავისი გრძელი ულვაშები, ჩამოჯდა ტახტზე და გაჭიანურებით თქვა:

– ჯერ ერთი რამ საქმე გვაქვს... აჩქარებით, შე კაცო, ქალაქი არ აშენდება!

– რა საქმე? – გაოცებით იკითხა სოლომანმა. – მე ყველაფერი გათავებული მგონია!

– მიჭირს, სოლომან, მიჭირს, ძალიან მიჭირს, ვერ წარმოიდგენ... ბევრი ფულის შოვნა მიჭირდება... მერე ვაჟიც ერთობ ამიხირდა: ბევრს აძლევთ, ჩვენზე აღარ ფიქრობო.

– რაღა დროს მაგაზე ლაპარაკია, ბესარიონ?! – წამოვარდა სოლომანი. – რაღა დროს მაგაზე ლაპარაკია?!

– რა ვქნა, სოლომან... სხვა შვილებიც მყავს... ყოველი კაპიკი მილიონია ჩემთვის... სად ვიშოვო, მანეთი კი არა აბაზი, ერთი აბაზი?.. მინდოდა ადგილი გამეყიდა და მით გამესტუმრებია ქალიშვილი, მარა ცალკე შვილი მკლავს, მიწას გვიყიდიო, ცარიელზე გვტოვებო, ცალკე ისიც მაწუხებს, რომ მუქთად უნდათ ჩაიგდონ ხელში მშვენიერი მიწა, რაკი შემატყვეს, რომ ფული მჭირდება... ასე რომ თელად იმ ფულს ვერ მოვუყარე თავი და, როგორც ვატყობ, ვერსად ვიშოვი. იმედი მქონდა ვიშოვიდი, მარა ტყუილი იმედი გამომიდგა...

– რას აპირობ მერე? რას, რას აპირობ? – ეკითხებოდა გაფაციცებული სოლომანი.

– უარი უნდა ვუთხრა მაგ საქმეზე, თუ რომ...

– თუ რომ რაი?.. თუ რომ რაი?..

– თუ რომ არ დამიკლო...

– თუ რომ არ დაგიკლო?! – კინაღამ იყვირა სოლომანმა. – თუ რომ არ დაგიკლო?!!

– ჰო! – წყნარად თქვა ბესარიონმა.

– როგორც კაცი, შენ, ბესარიონ, შენ თვითონ თქვი, მოხერხდება ახლა მაგ?.. მოხერხდება ახლა მაგ?

– რატომ არა? – ისევ დამშვიდებით მიუგო ბესარიონმა.

– შენ არ მომიკვდე!.. მე არ მოგიკვდე!.. ცოლ–შვილი არ დამეხოცოს!.. ყოვლად შეუძლებელია... ყოვლად შეუძლებელია!..

– შენ თუ მოინდომებ...

რას მეუბნები მაგას?! რარიგად მოვინდომო, რარიგად? რარიგად მოვინდომო?.. შენგან არ მიკვირს ახლა მაგ! – გაცხარებით ისროდა სოლომანი. – ქაიხოსროსთან წამომცდეს მაგისთანა რამე და სახლიდან არ გამომაგდებს, თვალებს არ დამათხრევინებს? გამლანძღავს, გამთათხავს, მიწასთან გამასწორებს ის კაცი, ამას ლაპარაკი არ უნდა. მე ვერ ვეტყვი მაგას, და თუ ვისმე პირით შოუთვლით, ნება შენია! ჰმ, ახირებულია, შენ ნუ მომიკვდე! იმ კაცმა გამომგზავნა ჯვრისწერის დღის დასანიშნავად, საქმე გათავებული ჰგონია და ახლა მივიდე და ის ვუთხრა, ბესარიონი ქალს არ მისცემს შენს შვილს, თუ კიდევ ასი მანეთი არ დოუკელი-თქვა! რას მეუბნები, მომკლავს ის კაცი და ის იქნება!

– რა ვქნა სოლომან, რა ვქნა? რაც არ შემიძლია, არ შემიძლია და არ შემიძლია!

– რაღაზედ მარბენიებდი, შე დალოცვილო, ამდენ ხანს? მუცელში ნაღველი ჩამექცა, გული გამისივდა ამდენი წანწალით, თავი გამისკდა გაუთავებელი ლაპარაკით, ჯორი მოვკალი ამასა და იმას შუა და ახლა მეუბნები, არ შემიძლიაო? პატიოსან კაცთან შეგყარე, საქმე სულ შენდა სასარგებლოდ მოვიყვანე, იმდენი ვეცადე... სიძედ იმისთანა კაცი მოგიყვანე, რომ სიტყვა თქვას ერთი – ათას მანეთს დიდი სიხარულით მისცემენ, ამისთანა კაცი სულ იეფად გიშოვე ჩემი მეცადინეობით, ჩემი რჩევით და ჩაგონებით. კაცი სხვა არ მივაკარე, სხვაგან არსად წასულიყო ქალის საძებრად, და ახლა...

– მადლობელი ვარ შენი, სოლომან, მეტისმეტად მადლობელი ვარ! ჩემს დღეში რავა დავივიწყებ, რაც შენ ჩემი ოჯახისათვის იშრომე!

– განათლებული ყმაწვილი, მდიდარი ოჯახი... ხვალ ჩინებული ღვდელი იქნება... უზრუნველი ცხოვრება, გამოულეველი ლუკმა–პური... ჰმ, ეს გაშოვნიე ორმოცი თუმნით! ორმოცი თუმნით იმიტომ, რომ ვექსილი რა ჩასათვალავია? ფული ხომ არ გხდება, და სამ წელიწადს შიგნით რა იქნება, ვინ იცის! და ახლა კიდევ დაკლებაზე ლაპარაკობ? არ შემიძლია! წინეთ მაინც გეთქვა! ღმერთო მომკალი, ეს რა ამბავი მომივიდა! რა პირით შევხედო ახლა იმ კაცს? რა ვუთხრა, რითი ვიმართლო თავი? სამარეს მითხრი, ბესარიონ, სამარეს მითხრი და ცოცხალს მაგდებ შიგ, იცოდე... ვიღა მენდობა აწი? ჩემს სიტყვას ვიღა დეიჯერებს!

სოლომანი გულშეწუხებული უღონოდ დაეშვა ტახტზე და სასოწარკვეთილებით სავსე თვალები ბესარიონს მიაპყრო.

– ძმობას ვფიცავარ, მეც ვნანობ, რატომ შევები მაგ საქმეს, მარა რა ვქნა? უზომოდ ვწუხვარ, რომ თავი ვერ მოვაბი ჩემთვის მაგისთანა სასარგებლო საქმეს...

– მეტი გზა არ არი, საცხა იქნება, უნდა იშოვო ის ფულიც, რაც გაკლია, – რამდენიმე ხნის სიჩუმის შემდეგ თქვა სოლომანმა: – უნდა იშოვო, სადაც იქნება, რამეფერად! რამდენი გაკლია?

– ასი მანეთი! – მიუგო ბესარიონმა.

– ასი მანეთის გულისათვის კარგავ ახლა იმისთანა სასიძოს? ასი მანეთის გულისათვის? – წამოხტა სოლომანი.

– თითქოს შენ თვითონ არ იცოდე, რა ძნელი საშოვარია ასი მანეთი კი არა, ასი კაპიკიც. რომ ჩამომკიდო, გროშ–კაპიკს იმაზე მეტს, რაც ახლა ხელზე მაქვს, გროშ–კაპიკს ვერსად ვიშოვი! ღმერთი მოწამეა, გულით მინდა იმ ყმაწვილის სიძობა, მარა არც ის შემიძლია, ერთ შვილს გადავყვე და დანარჩენი მოვიმდურიო. რა ვქნა, აღარ ვიცი, ღმერთმანი! ნამეტან გლახა დროში ვცხოვრობთ. მე რომ მარტო მიჭირდეს, არაფერი, და ყველას, ყველას რომ გვიჭირს, სად უნდა წევიდეთ, ვისთან მივიდეთ, ვის შევეხვეწოთ მოხმარება? ვინ ოხერი, ასს კი არა, ორას მანეთსაც რამეს ვეტყოდი, რომ რამე გამეწყობოდეს. რამე გამაჩნდეს! სხვას ხომ არ ვაძლევ – შვილს მიაქვს, მარა, რომ არ გექნება, რა უნდა მისცე? მეგონა, სადმე ვიშოვიდი, რამეს დავაგირავებდი, მარა დასაგირავებელიც რომ აღარაფერი მირჩება! ახლა მოწყალებასავით ვთხოვ, შემაწიოს ასი მანეთი. მამასაც და შვილსაც ვთხოვ ამას. თუ მიზამენ წყალობას, საუკუნოდ მოსამსახურე ვიქნები მათი, თუ არა და, უნდა დავანებო თავი. ხელი უნდა ევიღო მაგათ მოყვრობაზე!

– მე არ მოვკვდე, ბესარიონ, შენ ასე იაფად ვერსად ვერ იშოვო სიძედ მისთანა ყმაწვილი.

– მაგ მეც ქე ვიცი. მარა რას იზამ კაცი?!

– რომ იცი, თავი არ უნდა დეიზოგო. ასი მანეთისთვის შვილს კაცი რავა დოუკარგავს ბედს?! შენგან მიკვირს ეგ ამბავი, თვარა სხვისგან არ გამიკვირდება. შენ რომ გიცნობ, იმიტომ მიკვირს და მართალი გითხრა, ეჭვიც მებადება, სხვა რამ მიზეზი არ იყოს აქ... ყოყმანი რომ დაგაწყებია! – ცოტა ხნის გაჩუმების შემდეგ უთხრა ბესარიონს სოლომანმა. – ბესარიონ, შენს ცოლ–შვილს გაფიცებ, იმ შენ საყვარელ ქალიშვილს გაფიცებ, რომლის გაბედნიერებას ასე მწარედ ეჩქარები, ხომ არავინ შემოგძლევია ამ დღეებში? გაფიცებ იმ შენს შვილს, მართალი მითხარი!

– რაღაზე დაგიმალო!

– შემოგეძლია?

– კი!

– იმწამსვე მივხვდი! ვინაა?

– არის ერთი ყმაწვილი.

– ქაიხოსროს შვილს ჯობია?

– ჯობნით სწორედ ვერ ჯობია... მარა...

– რაღა მარა, რაღა მარა, შე კაცო? რას გთხოვს? მართალი თქვი, თუ კაცი ხარ!

– სამას მანათს ხელზე და დანარჩენს ისე, როგორც ქაიხოსრო.

– ას მანეთშია განსხვავება, ას მანეთში! და ასი მანეთის გულისათვის ცვლი განათლებულ ყმაწვილს ვიღაც სოფლის ყრუელაში? კაი, თუ ღმერთი გწამს, კაია; გაშტერებული ვარ, შენგან რომ ამისთანა რამე მესმის... ჩემს თავს ვფიცავარ... ას მანეთს ვერ იმეტებ, ვერ იმეტებ და ეგ არი, სხვა არაფერი! – ცხარობდა სოლომანი.

– არ მაქვს, დეიჯერე, შე ქრისტიანო, არ მაქვს, არა!.. ამიტომაც უფრო გლახას ვჯერდები... აბა, რა ვქნა? 

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / კლდიაშვილი დავით / სოლომონ მორბელაძე