კლდიაშვილი დავით

 

ქამუშაძის გაჭირვება  

 

 

 

I

სწორედ დროც იყო და საჭიროებაც მოითხოვდა, რომ აზნაურ ოტია ქამუშაძეს ცოლი ეთხოვა: დედამისი ეკვირინე, აზნაურ სანიკიძის გვარის ქალი, მოხუცებულობაში შედიოდა, უჭირდა ოჯახის თავის გართმევა და შემწე ეჭირვებოდა, თუ სულ განმათავისუფლებელი არა. სურდა, რომ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები მაინც გაეტარებინა ისე, როგორც ეკადრებოდა მისი გვარისა და ჩამომავლობის ქალს, ღირსეულად და ბატონურად, იმ გაჭირვებულ ცხოვრების შემდეგ, რომელიც მან ოჯახში მოთმინებით გაატარა.

არა ერთხელ წამოსცდენია გულმოსულობაში ეკვირინეს:

– ვაი დედასა!.. რა ოჯახის შვილი ვის ნაცარში ვიქექები და კიდევ ასეთ გაჭირვებაში?

მაგრამ სულგრძელობით ითმენდა ყველაფერს, რადგან სწამდა, რომ ბედის დანიშნულებას ასრულებდა: ამ ოჯახს დაჩემებულივით ჰქონდა, დედაკაცები კარგი ოჯახებიდან ჰყოლოდა და, ალბათ, ეკვირინეც იმიტომ შეახვედრა ბედმა ბესარიონ ქამუშაძეს, თუმცა, სიმართლე რომ ეთქვა კაცს, მაინცდამაინც სანიკიძეებიც ვერაფრით უსწრებდნენ ქამუშაძეებს. მაგრამ ეკვირინეს ღრმად სწამდა თავისი ჩამომავლობის უპირატესობა და რადგანაც არ უნდოდა მოეშალა ოჯახის ჩვეულება, როცა რძლის მოყვანა განიზრახა, არჩევანი მიიტანა თავის მეზობელ აზნაურ სარდიონ ქველიძის ქალიშვილზე.

ქველიძე კარგი გვარის აზნაური იყო, წინათ მდიდარიც ჩვენს პირობაზე და დღეს კი შევიწროებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამ გარემოებამ უფრო გააბედვინა ქამუშაძეებს, მასთან დამოყვრების სურვილი გამოეცხადებინათ, თორემ სხვა დროს ესენი ვერ გაუბედავდნენ სარდიონს ქალიშვილის თხოვნას.

მიუხედავად ამისა, ქამუშაძეების წინადადება არ იქნა ღირსეულად მიღებული. პირდაპირ უარი რომ არ ეთქვა, სარდიონმა ამის შესახებ ურჩია, პირადად ქალიშვილს მოლაპარაკებოდნენ და თუ იგი ისურვებდა, აღარც სარდიონი იქნებოდა უარს, მხოლოდ იმ პირობით კი, რომ მზითევზე ხელი აეღოთ.

ამგვარმა პასუხმა მეტად გააპილპილა ეკვირინე.

– ქალიშვილს დავეკითხო, რა! ბრძენი გაწყდა ოჯახში, თუ როგორ არი მათი საქმე, ბავშვებთან არ მალაპარაკონ?! მერე მისი ცარიელი ქალი ვის რათ უნდა! რა დაბრმავებულები გვნახეს, თვალი მაგათ დაუდგათ და ყური!.. მაინც თვალი მაგათ ემსებათ – ვერ ხედავენ, რა მდგომარეობაში არიან? რავა იყინჩებიან კიდევ, შენ გენაცვალე?! რა გონიათ თავისი თავიღ შევარცხვინე, ვინც მაგათზე ნაკლები იყვეს! ღმერთო კი მომკალი!..

ქალი სხვაც ბევრი იშოვებოდა, რასაკვირველია, მაგრამ ქველიძის უკადრისობამ ეკვირინე გააწიწმატა და მისი პასუხი საკუთრად თავისი თავმოყვარეობის შელახვად მიიღო.

– მაგათ დააკლდათ ყველაფერი, მაგათზე ნაკლებები ვყოფილვართ, რომ შემოვსულვართ ამ ოჯახში?!

– არ დამიჯერე, დედა, გეუბნებოდი, სირცხვილს გვაჭმევენ თქვა... ხომ ახდა ჩემი სიტყვა! ესაყვედურებოდა ოტია დედას.

– მაცალე, შვილო, მაცალე!.. სირცხვილში ვინც იქნება, ამას ყველა დაინახავს!.. იმ უბედურს, ცოლ–შვილი რომ შიმშილით უწყდება, ის ერჩია, დიდგულობაზე ხელი აეღო... ერთი შვილი მაინც მაძღარი ეყოლებოდა!..

ეკვირინე გულს იჯერებდა ქველიძის ცუდად ხსენებით. ოტია კი ხმას არ იღებდა, თუმცა გუნებაში ძლიერ სწყინდა ქველიძისაგან მისი უკადრისობა, ძლიერ ნაღვლობდა თავის შერცხვენას და მუდამ იმის ფიქრში იყო, რამენაირად, ღვთის შეწევნით, მათ ჯიბრზე ისეთი ქალი მოეყვანა, რომ სარდიონის ქალიშვილს სჯობნებოდა. ამას ფიქრობდა ოტია დღედაღამ და ამის ფიქრში იყო გართული დღესაც, როცა თავის ეზოში, რცხილის ჩრდილში პერანგის ამარა, თავზე ხელსახოც წაკრული, ფეხშიშველა, ნაჯახს ურტყამდა ურმის საბორბლედ გასათლელ ნამორს და იმდენად იყო გართული თავის ფიქრებში, რომ არც კი ეყურებოდა, სახელს რომ ეძახდა ღობეზე მომდგარი ევროპულად ჩაცმული ცხენოსანი. სანამ ამ უკანასკნელმა ამაღლებული ხმით არ გადმოსძახა:

– ოტიას გაუმარჯოს, ოტიას!

ოტიამ ასწია თავი, გაიხედა იქით, საიდანაც ეძახოდნენ, და რა დაინახა ცხენოსანი, უცბად გააგდო ხელიდან ნაჯახი, მოიგლიჯა თავიდან ჩითის ნაფლეთი, ფეხები გაუყარა იქვე დაგდებულ ქუსლებჩათელილ წუღებში, წამოავლო ხელი ახალუხს და მისი ცმით გაექანა ამ უცხო პირისაკენ.

– გამარჯობა, ოტია ჩემო! კვლავ გაიმეორა ცხენოსანმა.

– ღმერთმა გაგიმარჯოს, ჩემო ბატონო! – მიუგო ოტიამ.

– ერთობ გულმოდგინედ მუშაობდი, ოტია... ძლივს გაგაგონე! – ღიმილით უთხრა ცხენოსანმა. – ხომ მშვიდობით ხართ? – და ხელი გადმოუწვდინა ოტიას.

– გმადლობთ, ჩემო ბატონო, გახლავართ ღვთისა და თქვენის წყალობით შემოგვიხვიეთ, ბატონო პორფირი! – მოწიწებით შეთხოვა ოტიამ.

– მეჩქარება, ოტია ჩემო... საქმე მაქვს...

– ერთი მინუტით... ცოტა დაისვენეთ და წაბძანდით ისევ!.. ამ სიცხეში შეწუხდებით ნამეტნავად, თქვენ ნუ მომიკვდებით, შემოგვიხვიეთ, შემოგვიხვიეთ, შენი ჭირიმე!

სახლის ყურიდან გამოჩნდა მოხუცებულ ეკვირინეს თმაგაწეწილი თავი. ცხენოსანმა თვალი მოჰკრა მას და ხმამაღლა მიაძახა:

– მამიდა ეკვირინეს ვახლავარ! მამიდას, მამიდას!

ეკვირინე ერთი წუთით მიიმალა და ისევ გამოჩნდა: თავსაფარდახურული იგი მოხუცებული ადამიანის კუნკულით გამოექანა ამათკენ და, შეღმართში ამორბენით აქლოშინებული, მიესალმა სტუმარს.

– მამიდა ეკვირინეს ვახლავარ! რავა მშვიდობით გიკითხო. მამიდა, ხომ ისევ ჯანზე ხარ, ა?! გეტყობა, რომ ისევ მარჯვედა ხარ! – მხიარულად გადმოსძახა ცხენოსანმა ეკვირინეს, რომელსაც მამიდას ეძახოდა, თუმცა ასეთ ნათესაობის გაკვლევა მისი გამჭრიახი გონებისთვისაც მეტად ძნელი რამ იქნებოდა.

– რავა გზაში გაგიჩერებია ბატონი პორფირი, შე კაცო! – მიმართა ეკვირინემ შვილს. – შემობძანდით, ბატონო!..

– მეჩქარება, მამიდა... სხვაგან საქმე მაქვს.

– საქმე ღმერთმა ნუ გამოგილიოს, სასარგებლო საქმე!.. მარა ჩვენთან შემობრძანებით არაფერი დაგიშავდებათ... ნუ აგვივლი გვერდს... საქმე თქვენ ვერსად გეგექცევათ, ნუ დაგვწყვეტთ გულს!

– სად მიიჩქარით მაინც? – შეეკითხა ოტია.

– ამ თქვენს კანცელარიაში მყავს დაბარებული ერთი კაცი...

– ოჰ, მე მეგონა შორს მიბრძანდებოდით სადმე!.. უთქვენოდ სად წავა, თუკი უბრძანეთ მოსვლა!.. ფეხს როგორ მოიცვლის!

– შემობრძანდით, შემობრძანდით! – ერთხმად მიაძახეს პორფირის ორივე დედა–შვილმა.

სტუმარმა მეტი აღარ ათხოვია თავისი თავი და ჭიშკრისაკენ აქნევინა პირი ცხენს. ოტია იქითკენვე გავარდა შესაგებებლად.

– ასე როგორ უნდა აგვიარ–ჩაგვიარო გვერდი შენისთანა კაცმა!.. თქვენისთანა კაცს ერთხელ თუ მოვესწრებით ოჯახში დევინახოთ და როდი უნდა დაგვაკლოთ! თქვე დალოცვილებო, ჩვენც ვიცით თქვენსავით მტერ–მოყვარე. თქვენისთანა კაცი ამ ჩემს ოჯახში ფეხს რომ შემოადგამს, მტერს შიში მოეცემა, მოკეთეს გული შეუმაგრდება... ასეთია, შენი ჭირიმე, ე ჩვენი სოფლის ამბავი, კი, ჩემო ბატონო! – კაკანებდა აივანზე გადმომდგარ სტუმრის წინ ეკვირინე, სანამ ოტია ოთახიდან სკამს გამოუტანდა, ხელის გადასმით მტვერს გადასწმენდდა და შესთავაზებდა პორფირის.

– დაბრძანდით, ჩემო განმანათლებელო... დაბრძანდით, ჩემო ბატონო... დაბრძანდით!

სტუმარი ჩამოჯდა, მოიხადა კოზიროკიანი ქუდი, გადაისვა მარჯვენა ხელი თავის ხუჭუჭთმიან თავზე, შეიწია პიჯაკის სახელოები ზევით და სიამოვნებით ამოიფშვინა სიგრილეში.

ეკვირინემაც იქვე მოიკეცა ბოძთან იატაკზე.

–ერთობ სიცხეები დეიჭირა ამ დალოცვილმა! – თქვა პორფირიმ.

– დევიწვით, ბატონო, დევიწვით!.. ყანები გაოხრდა, შენ გენაცვალე, გაოხრდა შენი მტერი! რაღა გვეშველება ჩვენ უბედურებს! – ამოიოხრა ეკვირინემ.

– ღმერთი მოწყალეა, მამიდა, ნუ შეშინდებით!

– თქვენ არ შეგეშინდებათ ამისთანების, ჩვენისთანა საწყალმა იკითხოს, თვარა!.. რამდენი ოხერი ყრია, შენ გენაცვალე, რამ უნდა არჩინოს! ეგერ, ე იმისი არ იყოს, შენი ჭირიმე! – და ქვევითკენ რომ მოსახლეები მოჩანდნენ, ეკვირინემ იქით გაიშვირა ხელი: – მოსავლიან წელიწადს რომ სარჩო არ ღირსებია, ამისთანა გვალვიან წელიწადში შიმშილის მეტს რაღას უნდა მოელოდეს!

– ვინაა მაგისთანა, მამიდა?

– ბევრია, შენ გენაცვალე, ბევრი!.. აი თუ გინდა, ე, ის ვაჟბატონი რომ გახლავთ, სარდიონი, ქველიძე... ეგერ, ე, ის სახლი რომ მოჩანს, იმაშია.

– ვიცი, ვიცი, გამიგონია! აქაური ადვოკატია, გამიგონია! – გაიცინა პორფირიმ. – რავა, ასე ღარიბად არის?

– რა სახსენებელია, შენი ჭირიმე... ნეტავი იმდენი სიმინდი ჰქონდეს უბედურს, რაც გული აქვს!.. ცარიელი გულია! ეკვირინე გამზადებული იყო თავისებურად შეემკო ქველიძე, მაგრამ ამ დროს ოტიამ ოთახის კარიდან თავი გამოჰყო და დედას დაუძახა:

– დედა, შემობრძანდი!

ეკვირინემ ბოდიში მოითხოვა სტუმართან და ოთახში შევიდა.

ოტიას კერაზე ცეცხლი გაეღვივებინა.

– უჩქარე, დედა... დიდხანს აღარც კი მოიცდის!

– ახლავე, ახლავე, შვილო! მიუგო ეკვირინემ.

მან უცბად წამოავლო ხელი პატარა თუჯიას, ჩაასხა შიგ წყალი და ჭვარტლის ნაფლეთებით შემოსილ საკიდელზე ჩამოჰკიდა; მერე მივარდა კუთხეში გადაბრუნებულ საბუდარს, იქიდან გამოათრია შიგ დამწყვდეული მუჭის ოდენა წიწილა და ოტიას მიაწოდა.

– აბა, გაუსვი დანა!.. რა ბედად შევამწყვრიე მაგი დღეს!..

აწრიპინებულ წიწილას ნისკარტში წაუჭირა ოტიამ ხელი, სანამ დანას მონახავდა; მერე უცბად გადაუსვა კისერზე პატარა დანა და გვერდზე ისროლა. ოდნავ ყელწაჭრილმა წიწილამ რბენა დაიწყო ოთახში და სისხლით მოსვარა მიწის იატაკი, სანამ სისხლისაგან დაწრეტილი ზედ კერასთან არ დაეცა.

– გადავარდი, შენ გენაცვალე, ი გოგო ფუსუტია მომიყვანე, ხელს მომიწყობს, შენი ჭირიმე! – უთხრა ეკვირინემ ოტიას, და ოტია იმწამსვე უკანა კარით გავარდა.

ეკვირინემ კი ერთი ცეცხლს შეუჩუჩხურა, დაავლო ხელი წაწილას, თავით ჩარგო გაცხელებულ წყალში, მიატრიალ–მოატრიალა შიგ და თან დასძახა:

– სუქი-სუქი, სუქი-სუქი! – ვითომდა ამით გამხდარი წიწილა მსუქნად გადაიქცეოდა.

გაფაცურებით აცლიდა ეკვირინე ბუმბულს და თან შეუბრალებლად კანსაც აგლეჯდა ლურჯ წიწილას, როცა ოტიასთან ერთად ოთახში შემოვარდა ცამეტ–თოთხმეტი წლის გოგო.

– არიქა, ჩემო ფუსუტია, შენებურად დამიტრიალდი, შენ გენაცვალე!.. ცხელი ჭადები... კაი, კაი, შენ რომ იცი, იმისთანები!.. უცხო კაცია. ქალაქელია!..

გოგო ამგვარ გადმოძახებას ნაჩვევი იყო და ცქვიტად დატრიალდა: უცბად შეაგდო ცეცხლზე კეცები, კოდის თავიდან გადმოიღო გობი, გადმოყარა საცერზე ფქვილი, წაიბანა წაკაპიწებული ხელები და თავმოძულებით დაუწყო საცრის გვერდებს პარტყაპურტყი.

– ნელა, ფუსუტია, ნელა, შვილო!.. ნუ აპარტყუნებ მაგრე ძალუმათ, ნუ გააგონებ!.. აბა, ოტია, შვილო, შენ ღვინო ამოიღე! ხომ გითხრა მეჩქარებაო!.. ჩვენი ხათრით დარჩა, თვარა რამდენი კაცი ახლა მაგის მოსვლას უდარაჯებს ვინ იცის, რამდენს რა საქმე აქვს მაგასთან!

– ორშიმო რომ გამიტყდა, რითი ამევიღო? – აწრიალდა ოტია.

– ხაპით ამეიღე, შვილო, ხაპით... არაფერი არ უჭირს! ოღონდ ეცადე კი, წმინდად ამეიღო, ბრკე ბევრი არ შეჰყვეს. წადი, წადი, ნუღა იგვიანებ!

– თუ ჩავუწვდინე ხაპი... – გააქნია თავი ოტიამ და წყლიანი დოქით ხელში გასწია ღვინის ამოსაღებად, რაც ძლიერ ნაკლებად ეგულებოდა ამ კვირიკობისთვის მიწურულში.

ამასობაში სტუმარი აივანზე იჯდა და ამ ბრეკიდან, რომელზედაც წამოსკუპებული იყო ოტიას პაწაწინა ორთვალიანი სახლი, გადაჩერებოდა მის თვალწინ გადაშლილ სურათს.

თავდაშვებული შეღმართი, რომელზედაც ოტიას სახლის გარდა კიდევ ბევრი მოსახლეები მოჩანდნენ, ქვევით ვაკდებოდა და ეს ვაკე დიდზე შორს მიჰყვებოდა, სანამ მაღლად ამართულ მთა-გორებს არ შეეფეთებოდნენ. ამ სივრცეზე მოსახლე მოსახლეს მისდევდა, თეთრი ეკლესიები აქა-იქ მკაფიოდ მოჩანდნენ და მაყურებელს ეგონებოდა, თითქოს ერთი უზარმაზარი სოფელი მოფენილი ყოფილიყო ამოდენა მანძილზე.

უწინაც ყოფილა ამ ადგილებში პორფირი, გადაუხედავს აქედან, მაგრამ ასეთი ხშირი მოსახლეობა და გადაბმით მიყოლილი სოფლები არ ყოფილა მაშინ. თვით ეს პატარა სოფელი თამარნაშენი, რომელიც მის თვალწინ გადმოშლილიყო, თვალსაჩინოდ გაზრდილიყო და შემატებულიყო. სადაც წინათ მინდვრები ახსოვდა, ახლა იქ ყანები მოჩანდა და ბევრ ადგილას სიმინდებიდან გამოიყურებოდა ისლით დახურული დაბალი სახლებიც; ეტყობოდა, მიწის ნაკლებობის გამო, საეზოოდ ვეღარ იმეტებდა მცხოვრები ადგილს. პატარა, უფრო ქოხების მაგვარი სახლები საცოდავად გამოიყურებოდნენ და ერთიმეორეს მისდევდნენ, არ შორდებოდნენ, თავშეყრილად იყვნენ, თითქოს ეწადათ უფრო თვალსაჩინოდ დაენახვებინათ მათი პატრონების მდგომარეობა, თუ ვინმე მოიწადინებდა ამის გაგებას.

– მეც ამათსავით ვიქნებოდი უსათუოდ, დროზე რომ არ გავქცეულიყავი სოფლიდან! – გაურბინა თავში პორფირის. – რასაკვირველია, რასაკვირველია...

პორფირი ბიაშვილი სოფლიდან გაქცეულთაგანი იყო. მამამისი, აზნაური მაქსიმე ბიაშვილი, სოფელ ვაშლიანში მცხოვრები, ღარიბი აზნაური იყო. ბატონყმობის გაყრამ მას ჩამოაცალა მისი ორი კომლი გლეხი, მოაშორა მისი სულისჩამდგმელი პეტრია სებისკვერაძე და გლახუა ჩაჩიკაშვილი, რომელთაც იგი ყოველ საქმეზე დაუსვენებლივ აჩანჩალებდა. ამათი გაცლის შემდეგ მეტად გაჭირვებული ცხოვრება შეხვდა და ერთ დღეს იმ აზრამდის მივიდა, რომ სოფელში წვალებით ცხოვრებას ამჯობინა ქალაქ ზ–ში გადასახლება, ეპისკოპოზის მგალობლად შესვლა, რადგან ხმა კარგი ჰქონდა, გალობაც იცოდა და ერთხელ თვით ეპისკოპოზის ყურადღებაც კი მიიქცია თავის გალობით, როცა იგი მათ სოფელში მიბრძანდა. მაქსიმემ აასრულა თავისი აზრი, ადგილიც იშოვა და თავისი ორი შვილი სასულიერო სასწავლებელში გამოზარდა. უფროსი შვილი ერთ-ერთი ეკლესიის დიაკვნად ეკურთხა, მეორემ კი სხვა გზა არჩია: პორფირის ცოცხალი ხასიათი, მკვირცხლი გონება, სასულიერო წოდების პირის მშვიდ ცხოვრებას ვერ შეურიგდებოდა და ამიტომ სასწავლებლის გათავების შემდეგ ის შეეცადა მომრიგებელ-მოსამართლის კანცელარიაში გადამწერის ადგილი ეშოვნა. გადამწერლობა, რასაკვირველია, ბევრს ვერაფერს შესძენდა, რომ სხვა აზრი და იმედი არ ჰქონებოდა. ცოტა ხნის შემდეგ პორფირიმ კანცელარიის გარეთ დაიწყო მთხოვნელების მიღება, მათი ხელმძღვანელობა, რჩევის მიცემა და დარიგება, თუ როგორ მოქცეულიყო მასთან მიმსვლელი. აქედან პორფირის გაცილებით მეტი ხვდებოდა, ვიდრე პირდაპირ სამსახურიდან. რასაკვირველია, ყოველივე ეს ნამალევად ხდებოდა. ბევრი ხრიკები, დიდი ოსტატობა და ჭკუის გამჭრიახობა გამოიჩინა პორფირიმ ამასობაში. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ამავე ხრიკებისა და ოსტატობის მსხვერპლი შეიქნა. იგი გაება რაღაც უსიამოვნო საქმეში, მასზე უფრო ხრიკიან პირთან გადაკიდების გამო, რომელსაც ვერ ასიამოვნა შეპირებისამებრ და ამისაგან ყოველივე მისი მოქმედება–საქნარი გამოეცხადა უფროსს, რომელმაც ურჩია თავი დაენებებინა სამსახურისათვის, თუკი აპირებდა კიდევ თავის მოქმედების გამეორებას. პორფირი იძულებული შეიქმნა სამსახურისათვის თავი გაენებებინა.

მას არ დასჭირებია დიდი ხნის ფიქრი, თუ რა გზას უნდა დადგომოდა, ცხოვრებისათვის საღსარი რომ მოეპოვებინა. მან გადასწყვიტა კანტორა გაეხსნა არზების საწერად, დაეწყო სოფლებში ვექილობა და ქალაქის ადვოკატებისა და სოფლელთა შუამდგომლობა. პორფირი არ შემცდარა თავის გადაწყვეტილებაში: საქმე კარგად წავიდა, ფული რიგიანად შემოუდიოდა. მუდამ ჰყავდა თითო სოფელი "საჭმელად". როცა ადგილი მოიჭმებოდა, ანდა ხრიკიან ადვოკატს, რომელიც ორსავე მხარეზე ჰკერავდა, აბრუ გაუტყდებოდა და არავინ მიეკარებოდა, იგი ადგილს მოინაცვლებდა. სოფლის მოსიარულე ადვოკატი, დაუღალავი, ენერგიით სავსე, მუდამ ხალისიანი, მოცინარი, გონებაგამჭრიახი, მოხერხებული, უცნაური ხრიკების მომგონი, მეტად ადვილად უახლოვდებოდა ხალხს პირველ გაცნობიდანვე და ისეთნაირი მოხერხებით შეჰყვებოდა ერთხელ მის ხელში ჩავარდნილ პირს, რომ ის ძნელად თუ დაუძვრებოდა სანამ მისგან იმდენს არ გამორჩებოდა, რამდენის გამორჩენაც შეიძლებოდა. მართალია, "მოჭმულ ადგილებში" ბევრი მაგინებელი და შემაჩვენებელი ჰყავდა, მაგრამ ბევრი მადლიერიც. ბევრ ადგილას ისმოდა მისი ორპირობისა და გაუტანლობის ამბები, კაცის შეუბრალებლობაც, ვიღაც–ვიღაცეებისაგან ვითომც მის გალახვასაც იტყოდნენ, მაგრამ იგი ისევ თავის ხელობას ადგა და ახალ–ახალ მუშტარსაც შოულობდა.

თამარნაშენშიაც სწორედ ამ განზრახვით შემოადგა მან ფეხი; სადღაციდან გამონახა ქამუშაძესთან ყვავი–ჩხიკვის მამიდობის მაგვარი ნათესაობა, რათა ბინა ჰქონებოდა მათთან, საიდანაც სურდა დაეწყო ნავარდობა ახალ საძოვარში.

და ამ მაღალ სერიდან რომ დასჩერებოდა აქაურ მოსახლეებს, იგი მხოლოდ იმას ფიქრობდა და თავის გუნებაში გარედან ზომავდა იმას, თუ რამდენ გამოსარჩენს იშოვიდა ამათგან და რამდენს საშოვარს შესძენდა ამათი გაჭირვებული, შევიწროებული და ვაგლახი ცხოვრება.

– რაც რომ იყოს, ცოტა ხნისათვის მაინც იქნება, იშოვის კაცი რამეს! – წაილაპარაკა პორფირიმ იმედიანად. – ქველიძე ხომ შოულობს, და ის ჩემი იქნება! ამ ცოტა ხანში ყველაფერს გავიგებთ!..

– უკაცრავად, ბატონო... მარტოდ მიგატოვეთ! – შეუწყვიტა ფიქრი ოტიამ და პატარა დაბალი სუფრა დადგა აივანზე და რადგანაც სწორად ვერ გააჩერა, ფეხის დასამაგრებლად ნაფოტი შეუყენა კოჭლ ფეხს.

– მშვენიერი გადასახედავი გქონია, ოტია!.. აქ კაცს თავის დღეში არ მოსწყინდება ყოფნა... და, უნდა გამოგიტყდე, აწი ხშირ–ხშირად უნდა ვიარო შენთან, რომ ამ სურათის მზერით დავტკბე.

– კი, ბატონო, ოღონდ კი ინებებდეთ და სახლიც თქვენია დაყველაფერი აქოური! – მიუგო ღიმილით ოტიამ და თან სუფრას მიტკალი გადააფარა.

აივანზე გამოვიდა ეკვირინე ჭადებით ხელში.

– მარტოდ მიგატოვეთ, ბატონო, მარა, თავად მოგეხსენებათ სოფლური ანგარიში, ნუ დაგვძრახავთ, ჩემო ბატონო!.. მოიტა, მოიტა, გოგო, მოიტა, რაც გვაქვს! – შესძახა მან სახლში.

ცეცხლთან ტრიალისაგან ლოყებაბრიალებულმა ფუსუტიამ თეფშით გამოიტანა აქნილი წიწილა და მეორე თეფშით დათლილი ყველი და მწვანილი.

– უკაცრავად ვართ ამისთანა მცირე მასპინძლობაზე, მარა, რადგან ნაუცებებია, ვითომ ამისათვის გვეპატიება... თორემ ამისთანა პატივისცემა რა თქვენი საკადრისია! – მოიბოდიშა ეკვირინემ.

– ბოდიშები რა საჭიროა, მამიდა! – წამოიძახა მხიარულად ბიაშვილმა. – გამოტეხილი ვარ, სულზე მოსწრებაა ჩემთვის ეს ზაკუსკა, მე და ჩემმა ღმერთმა!.. ძალიან მშიოდა... ეს უფრო მიმაჩქარებდა კანცელარიისაკენ – დუქანში წევიჭამდი ცოტაოდენს, თვარა იმ ყაზახს რას დავეძებდი იმდენად... უჩემოდ სად შეუძლია ფეხი გადადგას: – და პორფირი თან მადიანად ილუკმებოდა და თან არც ლაპარაკს აკლებდა.

ბევრი რამე ითქვა, მაგრამ ეკვირინემ ისევ ქველიძეზე მიაგდო სიტყვა ჩვეულებისამებრ.

– თუ დამიმადლებ, მამიდა, ასე მოგიღუნავ მაგ შენს სარდიონ ქველიძეს! – გადიხარხარა პორფირიმ და მარჯვენა ხელის მაჩვენებელი თითი მოკაკვა. – ასე მოვკაკვავ, ასე, ა!

– ღმერთი ყოველ კარგს შეგასწრებს და რომ მოინდომებდე, შენ ეგ არ გაგიჭირდება, მისგან უფრო არ გაუჭირდა ნურაფერი შენს მომავალსა და ნათესავს! – მიაძახა ეკვირინემ.

– როგორც გეტყობა, ძალიან შეგძულებია, ჩემო მამიდა, ეგ ქველიძე! რატომ, რატომ, მამიდა, ა?

– ტყვილა ამოიჩემა ისე მაგ დალოცვილმა! – დაასწრო სიტყვა ოტიამ, რომელსაც ეშინოდა, დედას არ გაემხილა ამ კაცთანაც მისი სირცხვილეული სიძეობა.

მაგრამ ეს ცდა უქმი გამოდგა.

– ტყვილა, ჰმ!.. არა, შვილო, თავს ნურავის დააჩაგვრინებ, თვარა თუ ერთხელ მიგეჩვიენ დაწიხვლას, მერე სუყველა მოგინდომებს დაბრიყვებასა და დამცირებას...

– მე ჩემს კეთილშობილებას ვერავინ წამართმევს და ვერც ვერავინ რამეს დამაკლებს, დედაჩემო!..

– ეგეც მართალია,– წამოიძახა პორფირიმ. – ეგეც მართალია.

– კაი, შენი ჭირიმე! შენ რაღა დაგიმალო, და კეთილშობილებას ვერავინ ამართმევსო, აგი ჩემი ვაჟიშვილი რომ იძახის, აბა რაღაა, კაცი რომ მეტობას დაგიწყებს და ისეთნაირად მოგექცევა, ვითომდა არ გკადრულობდეს, – ღირსების ახდა არ არის, აბა რაღა იქნება?! ასე გიქნა, შვილო, იმ კაცმა... ქალიშვილი ვთხოვეთ და უარი მოგვახსენა, თითქოს ვინმე ისეთი ყოფილიყო, რომ ღირსი არ იყვე მისი სიძეობის! ღირსების დამცირებაა, აბა სხვა რაღაა?! ნეტავი მართლა რითიმე წინ იყვეს: ან სწავლით, ან გვარით და ან ქონებით!.. შენისთანა კაცთან ენასაც ვერ გაარყევს... ჩვენთან აი ისე მედიდურობს, თითქოს თავადი იყვეს ჩვენ შორის!.. თვალი მაგას დოუდგა, რომ ვერ ისარგებლა შემთხვევით, თვარა მოხარულიცა ვარ, ასე რომ მოხდა საქმე და მისმა ნაშიერმა ჩემს ოჯახში ფეხი არ შემოადგა... შვილიც მამასავით დიდგულობას დამიწყებდა და მერე თლად ის ოჯახი ჩემი შესანახავი გამიჩნდებოდა ყოველთვის...

– ასე მოვკაკვავთ, აი ასე, მამიდა, თუკი შენ გესიამოვნება, იმ შენს ქველიძეს. მენდვე ამაში!.. გულს გაგიმხიარულებ, მამიდას! ა!..

– აბა, რისთვის მყავხარ საიმედო?.. შენისთანა წარჩინებულ კაცთან იმისთვის გვიხარია დაახლოება, რომ მტერს, რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით ჩვენით, შენით უნდა მოვერიოთ და შევაშინოთ, შევაწუხოთ...

– კი, ბატონო... ჩემს თავზე იყვეს ეგ და რაც შეეხება ქალს, ქალი ისეთი მეგულება ერთი, რომ ქველიძის შვილი იმასთან რად უნდა გამოჩნდეს... ისე ამან იცოცხლა და როგორც პატიოსანი კაცი, ხელად ჩავაბარებ ჩემს ოტიას. ოღონდ მითხარით, თუ გსურთ... ქალაქ ადილას გაზრდილ ქალს ჩაგაბარებთ!.. მიმიღებთ მაშვლად, ა?! ხა, ხა, ხა!.. – გადიხარხარა პორფირიმ.

– ქალაქში გაზრდილს რას დევეძებ, შენი ჭირიმე, ოღონდ ხეირიანი კი იყვეს... მოვხუცდი, შენ გენაცვალე, წინანდელი ჯანი აღარ არის... კმარა ჩემთვის, რაც მე ამ ოჯახში მიშრომია. ახლა მაგენი მოეკიდონ... ღვთის მადლით, სხვაზე მეტი თუ არა, ნაკლები არაფერი გვაქვს... მშვენიერად შეინახავენ თავს!

ეს უკანასკნელი სიტყვები განგებ დაატანა ეკვირინემ. გუნებაში მასაც და ოტიასაც ძლიერ გაუხიცინა პორფირისაგან ნათქვამმა ქალაქ ადილას გაზრდილი ქალის მოყვანაზე. ეკვირინეს თითქოს უნდოდა ეთქვა, რომ ამისთანა ქალი ოღონდ შეხვდეს ოტიას და ოჯახი კი შეინახავს მასო.

– აბა თუკი ეგრეა, ეკვირინე ჩემო, ეგ ჩემი ძმა კაცი ხვალის თხუთმეტს ზ–ში გამომიგზავნე, ქალსაც ვაჩვენებ და თუ მოეწონება, დანიშნულს გამოგიგზავნი უკან... ის არ იფიქროთ, ეშმაკობა რამე იქნეს იმაში, მაშინ ღმერთმა დამწყევლოს!.. მე მხოლოდ იმიტომ ვერევი ამ საქმეში, რომ თქვენთვის ყოველგვარი სიკეთე მსურს!.. და მერწმუნე, ისეთნაირად მოგიწყობს, მოგირთავს ოჯახს, რომ ქველიძის სახლ–კარი სათხებოდაც არ გამოჩნდება თქვენთან!..

– საჩვენო არ ყოფილა იგი! – გაიცინა ოტიამ.

– ეგ ჩემზე იყვეს, ჩემო ოტია!.. კი არ გეხუმრები, შე კაცო!..მე მართლა გეუბნები!.. შენ ოღონდ ჩამოდი, სხვა რა გინდა!..

ოტია ისევ იცინოდა.

– კი გიახლებათ, ჩემო ბატონო, კი გიახლებათ! – იძახოდა ეკვირინე. – რავა არ გიახლებათ!

– მოიტა ხელი! – გაუშვირა პორფირიმ ხელი ოტიას.

ოტიას ისევ სიცილი ერეოდა, სიცილი სიხარულისა; მას არ სჯეროდა ამნაირი უცნაური ბედნიერება. ნეტავი მართლა ეგრე მოხდებოდეს და მაშინ უყუროს მას ქველიძემ!

– ხელი, კაცო! – არ ეშვებოდა პორფირი.

– მიე, შვილო, არ გესმის? – მიაძახა ეკვირინემ ოტიას.

– კარგი მაშვალი არ იშოვა ამ დედაჩემმა! – სიცილით თქვა მან.

– ხელი-მეთქი, ოტია! – იძახოდა ბიაშვილი.

– რაღასი სიცილია, არ მესმის! – შეუტია ეკვირინემ შვილს. – ე ღვთისნიერი ადამიანი საქმეს გელაპარაკება და შენ კი იცინი!

– ბატონო, სოფლის გოგომ დამიწუნა და ქალაქელი თვალებს დამათხრევინებს!..

ხა, ხა, ხა! ძალიან არ გამფთხალებულა ეგ ჩემი ოტია! ხა, ხა, ხა! ჩემთან ნუ გეშინია, ნუ, ოტია! – სიცილით უთხრა პორფირიმ. – პატიოსან სიტყვას გაძლევ, არაფერი სირცხვილი არ შეგვხვდეს... მომე ხელი!..

ამ ფიცზე დარწმუნდა ოტია და გულიანი სიცილით ხელი ჩამოართვა პორფირის.

– ე მაგრე ჯობია! ხვალის თხუთმეტს უნდა ჩამოხვიდე ჩემთან ზ–ში. აი ნახავ, თუ მადლობა არ მითხრა მერე... ისეთნაირად მოვაკვარახჭინებთ მაგ საქმეს, რომ შენი მოწონებული იქნეს!.. შენ ვერ მიცნობ კიდევ, რა კაციც ვარ!.. ღვთის მადლით, რა საქმისათვისაც ხელი მომიკიდნია, ისე წამიყვანია და დამითავებია, როგორც მდომებია... ჯერ, ღვთის მადლით, არაფერში არ წამიგია და, ჩემი ჭკუის იმედი მაქვს, არც წავაგებ რამეს!.. ჭკუა უნდა ყველაფერს, ჭკუა! თუ იგი ხელთა გაქვს, დარდი ნუ გაქვს, თამამად შეგიძლია იყვე!. აი ამ ჩემ ვექილობაზე გეტყვით: რამდენი განათლებული ვექილია კურსოვნიკი, უნივერსიტეტ დამთავრებული, ქვეყნები აქვთ მოვლილი, მარა ტყვილია, ჩემოდენი იმათ არაფერი არც შეუძლიათ, არც ეხერხებათ, მშივრები გდიან – კაცი არ ეკარებათ; მე კი, ამ ჩემი ორი კლასით იმდენი მესევა, რომ ბევრს უარს ვეუბნები; პურიც ბევრი შემომდის, ღვინოც და ფულიც... ვცხოვრობ ბატონურად!..

– ღმერთმა მოგცეს, ჩემო კეთილო, ღმერთმა მოგცეს! – სიტყვას აყოლებდა ეკვირინე.

– ჯერჯერობით ვერავინ ვერაფერი დამაკლო, თუმცა ეს ნასწავლები ყოველ წელიწადს ათობით და ოცობით ჩამოდიან... ვერც მტრობით მაჯობა ვინმემ... მოხერხება უნდა ყველაფერში კაცს, მოხერხება, ოტია ჩემო ხა, ხა, ხა! თუ დამჭირდა, ისეთნაირ ხრიკებს მოვდებ, ვინც იქნება, ისეთ ხრიკებს მოვდებ, რომ ადამიანი კი არა, თვითონ ეშმაკიც დეიბლანდება და დეიბურდება შიგ!.. – და პორფირიმ სიამოვნებით გადიხარხარა. – კაცმა მიცნოს და მომყვეს, ჩემთან ნურაფრის შიში ნუ ექნება! დამიჯეროს ოღონდ, მომენდოს, მარა უბედურება ის არის, რომ სანამ უკანასკნელამდის არ გაუჭირდებათ, მანამდე არ შეიძლება სულ მთლად მოგენდოს და გიწამოს ვინმემ. ვერ დაარწმუნებ, რომ სასიკეთო გზაზე აყენებ; აგერ გადაგიხვევს და ხელიდან გაგისხლტება; მერე გეიხედავ და მორბის გამწარებული: ტირილით, ჟივილით გეხვეწება, მუხლებზე გეხვევა: "არიქა, მიშველე, შენ ხარ ჩემი მშველელი, მწყალობელი, ჩემი ღმერთი, ჩემი მაცოცხლებელიო!" მისაღები არაა ამისთანა კაცი, მაგრამ რაღას იზამ, გული არ გიშვება გააგდო, ნიშნი მოუგო, იბრალებ და რამდენადაც შესაძლებელი იქნება, შველი. ამის წყალობით ახლა ისე მაქვს საქმე, რომ ყველგან, სადაც წევიდ–წამოვედი, ბინაცა მაქვს, საჭმელიც და სასმელიც, ყველგან ათასი მოსიყვარულე და პატივისმცემელი!.. ამ ჩემს ხელობას თავიც რომ დავანებო და ისე ტყვილა ვიარო, იმდენი სასიკეთო საქმე მიმიძღვის ბევრთან, რომ სიკვდილამდე თავს დავირჩენ იმათგან... ასეთი კაცი გახლავს პორფირი მაქსიმიჩი ბიაშვილი და შენ გეშინია, ჩემო ოტია, სასირცხო საქმეში ჩაგაგდო!.. მოგიკვდეს მაშინ ეს პორფირი, მოგიკვდეს, ჩემო ოტია! – და პორფირიმ მარჯვენა ხელი გულზე დაიკრა რამდენჯერმე.

>?! შენგან მიკვირს ეგ ამბავი, თვარა სხვისგან არ გამიკვირდება. შენ რომ გიცნობ, იმიტომ მიკვირს და მართალი გითხრა, ეჭვიც მებადება, სხვა რამ მიზეზი არ იყოს აქ... ყოყმანი რომ დაგაწყებია! – ცოტა ხნის გაჩუმების შემდეგ უთხრა ბესარიონს სოლომანმა. – ბესარიონ, შენს ცოლ–შვილს გაფიცებ, იმ შენ საყვარელ ქალიშვილს გაფიცებ, რომლის გაბედნიერებას ასე მწარედ ეჩქარები, ხომ არავინ შემოგძლევია ამ დღეებში? გაფიცებ იმ შენს შვილს, მართალი მითხარი!

 

– რაღაზე დაგიმალო!

– შემოგეძლია?

– კი!

– იმწამსვე მივხვდი! ვინაა?

– არის ერთი ყმაწვილი.

– ქაიხოსროს შვილს ჯობია?

– ჯობნით სწორედ ვერ ჯობია... მარა...

– რაღა მარა, რაღა მარა, შე კაცო? რას გთხოვს? მართალი თქვი, თუ კაცი ხარ!

– სამას მანათს ხელზე და დანარჩენს ისე, როგორც ქაიხოსრო.

– ას მანეთშია განსხვავება, ას მანეთში! და ასი მანეთის გულისათვის ცვლი განათლებულ ყმაწვილს ვიღაც სოფლის ყრუელაში? კაი, თუ ღმერთი გწამს, კაია; გაშტერებული ვარ, შენგან რომ ამისთანა რამე მესმის... ჩემს თავს ვფიცავარ... ას მანეთს ვერ იმეტებ, ვერ იმეტებ და ეგ არი, სხვა არაფერი! – ცხარობდა სოლომანი.

– არ მაქვს, დეიჯერე, შე ქრისტიანო, არ მაქვს, არა!.. ამიტომაც უფრო გლახას ვჯერდები... აბა, რა ვქნა? 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / კლდიაშვილი დავით / ქამუშაძის გაჭირვება