კლდიაშვილი დავით 

 

დარისპანის გასაჭირი      

 

სურათი ერთ მოქმედებად

 

 

 

 

 

 

მოქმედნი პირნი:

მართა ქვიტირიძისა,

პელაგია საბელაშვილისა.

ნატალია, პელაგიას ქალიშვილი

დარისპან ქარსიძე,

კაროჟნა, დარისპანის ქალიშვილი

ონისიმე მათარაძე,

ოსიკო ხარებაძე

 

გამოსვლა პირველი

უბრალოდ მორთული ოთახი მართას სახლში.

მართა და პელაგია

 

მართა

ახლავე აქ მომიყვანე ჩემი ნათლული, პელაგია ჩემო!.. ამ საღამოს მესტუმრება ონისიმე მათარაძის ბიძაშვილის – ედუკიას შვილი... ხარაბაძეს რომ ჰყავს, ეგებ ღმერთი შეგვეწიოს და ჩემი ნატალიას ბედმა გასჭრას!..

 

პელაგია

მიშველე, ჩემო ბატონო, ჩემო მწყალობელო!.. იცხონე სული... მოისხი ჩემი შვილების მადლი!.. ერთი, ერთი ვინმე... რას დავეძებ, ვინ იქნება, სახლში სიძედ შემომაყვანიე და გაჭირვებისაგან მიხსენი. ერთი ვინმე პირველი მაშოვნინე და მერე მე ვიცი... საშველს არ ვაღირსებ, სანამ თითო სიძე თითო ცოლის დას არ გამათხოვებინებს... შენ არ მომიკვდე!

 

მართა

ეგ ძალიან მოგიფიქრებია, პელაგია!.. ხა, ხა, ხა!..

 

პელაგია

უიმე, რას არ მოვიფიქრებ, შენ გენაცვალე, როცა ჩემისთანა ოხერ–გაჭირვებულს სამი გასათხოვარი სახლში მიზის და მთხოვნელი კაცი არსადა ჩანს!

 

მართა

კაი ოჯახის პატრონია, იცი!..

 

პელაგია

არ დავეძებ, შენ გენაცვალე!.. ცოდვისაგან მიხსნას, ქალიშვილობაში შვილი არ დამაბერებინოს და მის სიმდიდრეს რას დავეძებ!..

 

მართა

მერე თუ ღმერთმა ქნა და ყმაწვილმა სხვანაირი თვალით დეინახა ჩემი ნატალია – ეგებ არც კი დაგვჭირდეს რამე. ვინ იცის, რა თვალით შეხედავს! თუ არა და ერთი ათი, თხუთმეტი თუმნით მოვიტყუოთ (პელაგია ამოიოხრებს). აბა, შე ქალო, რას იზამ!.. ყოველისფერს ბედი უნდა...

 

პელაგია

ბედი უნდა... ბედი უნდა, ჩემო მაცხონებელო... ბედი უნდა...

 

მართა

რასაკვირველია!.. მერე, ნათლიდედა, ნატალიას უთხარი... მე ვეტყვი, მარა შენც უთხარი: ქე რომ გადაპრანჭვა და ტუჩის აბზუკვა იცის, თავი დაანებოს, თვარა გლახა საქმეს უზამს თავის თავსაც და დებსაც... თვითონაც ჩარჩება, ჩაბერდება ქალიშვილობაში და იმათაც ჩააბერებს!.. ნუღა იგვიანებ, პელაგია ჩემო!.. გასწი და ამწამსვე მოდით ორივე!..

 

პელაგია

ორივე დედა-შვილი აქ გავჩნდებით... რავა დევიგვიანებთ, შენ დაგენაცვლე! ცხონებას მპირდები!.. (მიიჩქარის კარებისაკენ, გამობრუნდება) შენ დაგენაცვლე, კაბა რომელი ჩავაცვა? შენ სინათლიან თვალებში რომელი უფრო მოუხდება?.. შავი, შენი ჭირი შემეყაროს, თუ... ყველა შენი ნაჩუქარი აქვს...

 

მართა

ნატალია თვითონ ამოირჩევს!..

 

პელაგია (კარებთან მისული გამობრუნდება)

პიჩოჩკა გეიკეთოს თუ დეიმწნას? ბედად წუხელი თავიც დეიბანა...

 

მართა

პიჩესკა... პიჩესკა გეიკეთოს.

 

პელაგია

კი, ჩემო სინათლევ, ჩემო მაცოცხლებელო!.. მე უბედურს ნაცარში ამოგლიგნილ დედაბერს, ამისთანების რა გამეგება!.. (გაექანება კარებისაკენ, უცებ გამობრუნდება და მორიდებით დაიწყებს) ერთი რამ მინდა მოგახსენო, ჩემო ღმერთო, ჩემო ყველაფერო... მარა ნუ შემრისხავ ჩემი ჭკუამოკლეობისათვის... ჩემს გამოჩერჩეტებულობისაგან ნურას მიწყენ, შენი ჭირი შემეყაროს!..

 

მართა

რაა?

 

პელაგია

ნუ გეწყინება ჩემი უგუნურობა და სისულელე!..

 

მართა

კაია, თქვი რა არის? რა გინდა?

 

პელაგია

ყველაფრის მეშინია... მე უბედურს...

 

მართა

მომკალი, პელაგია, და ეს არის!.. თქვი, შე ქალო, რა გინდა?

 

პელაგია

რომ დამიწუნოს!.. სალაპარაკოდ შექმნიან... უარესად გაჭირდება, შენ გენაცვალე, კაცის შოვნა... დაწუნებული ქალიშვილის ამბავი თვითონაც იცი, ჩემო ცხონებავ...

 

მართა

აბა მიდღემჩი სხვასთან ვერაფერი გითვამს შენი ქალიშვილებისათვის და ეგ არის! მე რაღაც მეგონა! დაწუნებაზე სიტყვა ნუ იქნება, თვარა ისეთ დასაწუნს გამოვუნახავ მთქმელს, რომ ვაი–ვუი იძახოს!.. შენ, ბატონო, ისე ქენი, რაც მე გითხარი... ჩემი ნათლული მომიყვანე აქ!..

 

პელაგია

შიში მალაპარაკებს მე უტვინოს. ყველასი მეშინია! შვილების შიშიც კი მაქვს... რომ რამე საწყენი შეხვდეთ, უნდათ მომკლან, ისე შეუბრალებლად მეკიდებიან!..

 

მართა

ეგ მე და ჩემმა ნათლულმა ვიცით... წადი, წადი, ნუღა იგვიანებ!..

 

პელაგია

მივდივარ, მივდივარ, ჩემო სიცოცხლევ!.. არაფერი გეწყინოს, ჯვარი დაგწერე!... ახლავე აქ გავჩნდებით!.. (აჩქარებით გავა).

 

 

გამოსვლა მეორე

მართა, შემდეგ დარისპან და კაროჟნა

 

მართა

(შემობრუნდება, მივა ფანჯარასთან).

ეს ვინაა!? ჩვენსა ჩამოუხვია... უიმე! დარისპანი თავისი ქალიშვილით!.. დასწყევლა ღმერთმა, საიდან გაჩნდა? საიდან მოეთრევა? (გავა). მობძანდით, მობძანდი, დარისპან ჩემო!..

 

დარისპან

აქა მშვიდობა!..

 

მართა

უი, შენ დაგენაცვლა მამიდაშენი!.. რამხელა გაზრდილა... რავა დამშვენებულა... პირველად რომ შემოგხედეთ, ვერც კი გიცანი... დაბრძანდი, დარისპან ჩემო!.. რავა მშვიდობით, შენ გენაცვალე?..

 

დარისპან

გახლავართ, მართა ჩემო...

 

მართა

ჩემი რძალი ხომ კარგადაა?

 

დარისპან

მადლობელი ვარ... ვართ ისე, მართა ჩემო... რავარც მოგეხსენება ჩვენისთანების ამბავი... შენ რადა დაგიმალო, მართა ჩემო, ჩემი სისხლ–ხორცი ხარ – აგერაც წელში გავწყდებით... ნამეტან გაჭირვებაში ვიმყოფებოდით, მარა ამ ქალიშვილებისაგან უფრო გვემატება გასაჭირი, შენ გენაცვალე... შენ გაშორა ღმერთმა ეს დღე, ჩვენ რომ გვადგია... ერთი გყავდა და ქე მოახერხე მისი გათხოვება. ჩვენ კი ერთობ გაწვალებული შევიქენით, მართა ჩემო... ოჯახს ვერ ნახავ, რომ სამი და ოთხი ქალიშვილი არ ჰყავდეს გასათხოვარი და მთხოვნელი კი არსადაა, შენი ჭირი შემეყაროს... არსად არის! რაღაც უბედურობამ გული შეუცვალა ახლანდელ ყმაწვილებს... აღარ ეკიდებიან ოჯახობას... ე გოგოები კი გვიყრიან სახლში და გვიბერდებიან საცოდავად სახლში... ამას წინათ მაშვლით მაინც მოახერხებდა კაცი საქმეს, ახლა იმათაც მიანებეს თავი, მაშვლობას აღარ ჰკიდებენ ხელს – ვერასფერი გამოსარჩენი ხვდებათ და ტყვილა წანწალით როდიღა იწუხებენ თავს... სხვა გზა აღარ გრჩება გასათხოვარის პატრონს – ისევ შენ თვითონ გამოძებნო და მონახო სადმე სასიძო... არ დაგიმალავ, ჩემი სისხლ-ხორცი ხარ, შეხვალ ჩემს გასაჭირში, დავათრევ ამ ჩემს ქალბატონს ყველგან – ნათესავებში, კეთილებში, დღეობებში, – ეგებ ვისმეს ან მოეწონოს, ან ვინმემ სხვანაირ გუნებაზე თვალი გადაავლოს და გამანთავისუფლოს მაგისაგან... სად არ ვყოფილვარ, ცის კიდე მაქვს მორებული, მართა ჩემო – არაფერი იქნა!.. ახლა აგერ ერთმა, ჩემი ცოლის ნათესავმა, შემომითვალა, მომიყვანეო... ვიღაც ყმაწვილი ყოლია სახეში – ვაჩვენებო... მიმყავს იქ... აბა რა ვქნა, შენი ჭირი შემეყაროს?.. უწინ თავად მოდიოდნენ სანახავად, ახლა შენ უნდა მიუყვანო... რას იზამ!.. წანწალმა მომკლა, მართა ჩემო... ეგებ ერთი კი გავათხოვო, მარა-რა, მადლი აღარ აქვს ამისთანა გათხოვებას!.. შენთან შემოვუხვიე, ეგებ ცოტა დევისვენო და შენც კარგა ხანია აღარ მინახავხარ...

 

მართა

ბედია, დარისპან ჩემო... ყველაფერში ბედი მუშაობს... სანამ თავის ბედს არ შეეყრება, არაფერი არ იქნება... მოვა...

 

დარისპან

შე დალოცვილო, სანამ თავისით მიაგნებდეს, ე შვილი კიდეც დამიბერდა, დამიუშნოვდა!.. დამახინჯებულსა და დაგლახავებულს რომ შეხვდა საბედო, კი აღარ მოჰკიდა ხელი, ქე დეიწუნა...

 

მართა

ამისთანა კარგ გოგუნის ვინ დეიწუნებს, რას ამბობ, შე კაცო?.. ყოველთვის მოიწონებენ...

 

დარისპან

მოიწონებენ კი არა!.. სისხლი გამიშრო მე მაგან, მართა ჩემო, სისხლი გამიშრო!.. ამ გზაში სულ იმას ჩავჩიჩინებ – აი, ბოშო, სხვას რომ დეინახავ, თამამად იყავი, ხმა ამოიღე, ენა მუცელში ნუ ჩაგივარდება, დაანახვე, რომ მუნჯი არა ხარ... შენც არ მომიკვდე, ვერასფერი შევასმინე! – რავარც ვინმე გარეშეს თვალს მოჰკრავს, ქეც დამუნჯდება, ქეც დაყრუვდება, ქეც დაკუტდება... დაჯდომა თუ ერთი მოასწრო, ააყენებ ზეზე? ისე დეეკოსება ერთ ადგილას, რომ ვერას გზით ვერ ააგლეჯ ზევით... მომკლა მე მაგან!.. ვინ უნდა მოიწონოს?.. სახლში კი, მართა ჩემო, ოთხივე რომ ლაქლაქს მოჰყვებიან, ზედ შენი რძალიც დეერთვის – ჰმ, ყურთასმენაა წაღებული, მართა ჩემო.

 

მართა

კი, მამიდა, თამამად უნდა იყვე ყველასთან... ხმაც უნდა ამოიღო... დეელაპარაკო კიდეც... თუ ყმაწვილი შეგხვდა – უნდა გაუსრიალ–გამოუსრიალო თვალწინ... ვინ იცის, რა თვალით შემოგხედავს!.. თავი უნდა მოაწონო... უფრო მალე გათხოვდები, მამიდა!

 

დარისპან

სხვებრ, იცოცხლე, მართა ჩემო, ერთობ მარჯვე არიან; ნამდვილ საოჯახო ქალები დარჩებიან... ხელსაქნარი, მე შენ გეტყვი, არ ემარჯვებათ და არ იციან!.. წვრილფეხის მოვლა, ფრინველის მოშენება. რამდენი ფრთა ქათამი გყავდა წრეულს, ბოშო?

 

კაროჟნა

ორასი გამოტეხა... მარა ჭირმა გაგვიწყვიტა...

 

დარისპან

აბა, აბა!.. ერთობ დაგვაზარალა, მართა ჩემო, ჭირმა!..

 

მართა

არაფერია... გაისად უფრო მეტს მოაშენებს...

 

დარისპან

არ მინდა, შენ გენაცვალე!.. ქათამსა და ბატს სამიდღემჩიოდ დავთმობ, ოღონდ კი მაგას პატრონს მოვუნახავდე!..

 

 

გამოსვლა მესამე

იგინივე, პელაგია და ნატალია

 

პელაგია (მართას ჩუმად)

ხომ არ დამგვიანებია, შენ გენაცვალე?

 

მართა

არა, არა! დარისპან ქარსიძე... მათი ქალიშვილი... ღმერთო მომკალი, ფუი ჩემს მახსოვრობას!..

 

დარისპან

კაროჟნა, მართა ჩემო, კაროჟნა!..

 

მართა

დავბერდი მე უბედური... გულმავიწყი შევიქენი!.. კაროჟნა, ჩემი ნათლიდედა პელაგია საბელაშვილისა... ჩემი ნათლული, მათი ქალიშვილი.

 

დარისპან

დიდად სასიამონოა!.. სასიამოვნოა!..(ისევ ჯდება).

 

მართა

ნატალია ჩემო... მოდი შენ გენაცვალე, შენთან ცოტა საქმე მაქვს! (გავლენ).

 

 

გამოსვლა მეოთხე

პელაგია, დარისპან და კაროჟნა

 

დარისპან (მოკლე სიჩუმის შემდეგ)

აქაური მცხოვრები ბძანდებით?

 

პელაგია

აქაური, ჩემო ბატონო!.. თითქმის მეზობელი ჩემი მართასი...

 

დარისპან

კაი დაგემართოსთ!.. (მოკლე სიჩუმის შემდეგ) ერთობ მარჯვე ქალია ეს ჩემი ნათესავი ქალი, ჩვენი მართა.

 

პელაგია

ნუღა ბძანებთ!.. მაგით გვიდგია მთელ ამ კუთხეს სული!.. მაგაა ჩვენი შემხედვარე, ჩვენი შემბრალებელი, დამრიგებელი, რჩევის მომცემი და მწყალობელი!.. უმაგისოთ რა გვეშველებოდა, ჩემო ბატონო?

 

დარისპან

ჰმ, საკვირველია... სადაც კი ფეხი ჩადგეს ჩვენი გვარის ქალებმა – ყველგან სასახელოდ უჭირავთ თავი... დიდი ღვთის წყალობაა, თქვენ ნუ მომიკვდებით, ასეთი ამბავი!.. ასეთი სიკეთე გვაროვნობით რომ დაჩემდება... სახელს უკეთებს გასათხოვრებსაც!..

 

პელაგია

კაი ოჯახი კაი შვილს გაზრდის, ჩემო ბატონო, რაღა ლაპარაკი უნდა...

 

დარისპან

ჭეშმარიტი ბძანებაა!.. სწორედ ასეა!.. უკაცრავად, ვერ გევიგონე კარგად თქვენი სახელი...

 

პელაგია

პელაგია, ბატონო ჩემო...

 

დარისპან

ჭეშმარიტი ბრძანებაა, ბატონო პელაგია... თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ კაი ოჯახები გვაქვს გვარში... თუ ყველას არა.. ზოგიერთებს მაინც... ჩემს თავზე მოგახსენებთ – რომ მობრძანდეთ ჩემს ოჯახში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვერასფერს დამიწუნებთ, თქვენ არ მომიკვდეთ!.. ერთობ გაწყობილი ოჯახი მაქვს!..

 

პელაგია

ღმერთმა მოგცეთ, ჩემო ბატონო!

 

დარისპან

შვილებიც ისეთები დამეზარდნენ, რომ თამამად შემიძლია ვთქვა, ვის ოჯახშიც შევლენ – ოჯახს გაანათლებენ, ისეთი ქალიშვილები მყავს, ბატონო პელაგია!.. მამა ვარ და ვერ ვარჩევ, რომელი რომელს სჯობია!.. რა არ იციან? ერთი თვალი რომ რამეს მოჰკრან, მეტი არ უნდათ!.. ამას წინათ სადღაც ენახათ... კარხმალს რომ ახლა უშვებიან... რას ურევთ, ბოშო, ამასწინათ რომ მაყიდინეთ... შაურის იყო?

 

კაროჟნა

ბურია!..

 

დარისპან

დიახ, დიახ, ბურია... ისე აპრიალებენ, კარხმალიანი თუ რამე შეხვდათ, რომ რომელი ქალაქის მრეცხავი მოახერხებს !..

 

პელაგია

დიდი ღვთის წყალობაა, ჩემო ბატონო!..

 

 

1 2 3 4
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / კლდიაშვილი დავით / დარისპანის გასაჭირი