კლდიაშვილი დავით 

უბედურება

 

სურათი ერთ მოქმედებად

მოქმედნი პირნი

მაია

ტუფია

ნატალია

პავლია

ამირანა

ლომინა

ვასილა

რომანოზა

სერაფიონი

სეფე

ილია

ნიკო

პატარა ბიჭი

ანტონა

გლეხები: მამაკაცები და დედაკაცება

მოქმედება პირველი

ანტონას ეზო. მარცხნით, ისლით დახურულ სახლის წინ, სიღრმეში დიდი ხე, რომლის ძირთან დასაჯდომი ქვებია. მარცხნით ყორე და წნელის ჭიშკარი, ყორეს გადაღმა სოფლის გზა.

 

გამოსვლა პირველი

ილია და მაია

 

მაია

(სახლის წინ ფოთიარობს. დაინახავს რა ჭიშკართან მომდგარ ილიას. გაექანება ჭიშკრის გასაღეგად). ჩემო ბატონო... ჩემო სინათლევ! რა კაი დღე გამთენებია!.. მობრძანდი, ჩემო ბატონო! მობრძანდი, შენი ჭირიმე!...

 

ილია (ყავარჯნებით).

გაგაკვირვე, მაია?..

 

მაია

უფრო გამახარე, ჩემო ბატონო, უფრო გამახარე!.. შენ იხარე ათას წელიწადს!..

ილია (ჯდება ხის ძირას).

არა მკითხავ, მაია, რამ გამომარონია ფეხებდამტვრეულ კაცს ამოდენა გზა?..

 

მაია

რაკი კარგად მყოფს გხედავ, ამბავიც კარგი იქნება, ჩემო ბატონო!

 

ილია

გული მიწუხს, მაია... გული მიწუხს!..

 

მაია

გული შენს მტერს შეუწუხდა, ჩემო ბატონო!.. რატომ, რატომ, ჩემო სინათლევ?..

 

ილია

მა რა იქნება, როცა ყოველ მხრიდან მარტო მწუხარება გესმის!. ყველასაგან მარტო ჩივილს თუ გაიგონებ თავის უსაშველობაზე, თავის გაჭირვებაზე... თავის გამწარებული ცხოვრების ამბავს თუ მოგიყვება, თორემ მხიარულ სიტყვას იშვიათად თუ ვისმესაგან გაიგონებ... ყველა წუხს, ყველა დაღონებულია, ბედის მომჩივანია... ასე მეჩვენება, თითქოს ქვეყანაზე მწუხარების მეტი არა იყოს–რა... ყველაფერი უხალისო, უფერული, ჩამობნელებული მეხატება!..

 

მაია

რატომ, ჩემო ბატონო, რატომ, ჩემო სინათლევ?..

 

ილია

ასეა, ასე, ჩემო მაია!.. შევწუხდი, ვეღარ გავძელი სახლში... ვიფიქრე. რაც რომ გამიჭირდეს, ეზოს გადაღმა გადავალ-მეთქი... ეგებ ჩემს ეზოს გადაღმა არც ისე უხალისო და შეწუხებული მეჩვენოს ყველაფერი... ეგებ გული გამიხსნას ხალხის დანახვამ... ამან ამაღებინა ხელში ეს ყავარჯნები, გამომარონია ამხელა გზა და მომიყვანა ჩემს მკურნალთან.

 

მაია

ეჰ, ჩემო ბატონო, მწუხარება და გაჭირვება არავის გვაკლია, მაგრამ გულმაგრად უნდა ვიყვეთ მაინც!.. თუ ვიმწუხარეთ, თუ ვიჯავრეთ მარტო, სულ წავხდებით... თქვენ უფრო მეტი გულმაგრობა გმართებთ: ნამყოფი და განათლებული ბრძანდებით... ჩემზე მეტ გამწარებაში და გაჭირვებაში იქნება ვინმე?! მარა, ასე თუ ისე, ვუძლებ... ვუძლებ, ჩემო სინათლევ!..

 

ილია

ნეტავი თქვენ!.. მე კი ეს არის, ყოველი იმედის დამკარგველი შევიქნე! უკეთეს ცხოვრებას ვეძებდი და ეს შევიძინე! (ყავარჯნებზე).

 

მაია

იმედდაკარგული მტერი გიმყოფოს, ჩემო ბატონო, მტერი!.. იმედით ვართ ყველა, შენი ჭირიმე, იმედით, თვარა რა გაგვაძლებინებდა!

 

ილია

იმედი... იმედი...

 

მაია

კი, ჩემო ბატონო, კი!.. იმედი და მასთან მოთმინებაც, შენი ჭირი შემეყაროს!

 

ილია

იმედი და მასთან მოთმინებაც, აჰ?..

 

მაია

კი, ბატონო, კი! ამით ვუძლებთ ჩვენს ცხოვრებას... სხვა რა საშვალება მოგვენახება... და გვშველის... შენც ასე მოიქეც!.. ბევრი მოგითმენია, კიდევ მოითმინე და ღმერთი და შენი სალოცავი კარგად გამყოფებს!..

 

ილია

მაშ ასე, მაია – მოთმინება და იმედი... მოთმინება და იმედიანად ყოფნა, ა?..

 

მაია

სწორედ!.. რაც გაგვეწყოს, მოვითმინოთ... ვინ იცის, საწინაოდ რა მოგველის!.. დღეს ვწუხვარ, ხვალ ეგებ მხიარული დღე გვითენდება... ვინ იცის, ყველაფერი მოსალოდნელია... გულს ნუ გევიტეხავთ იმედს ნუ დავკარგავთ!..

 

ილია

ეჰ, კარგია, ვისაც ეგ შეუძლია, ჩემო მაია!..

 

მაია

უნდა შევძლოთ, ჩემო სინათლევ!..

 

ილია

კაი დაგემართოს, მარა ეს შენი იმედები კარგა ხანია მესმის, ჩემო მაია; შენზე იმედიც დიდი მქონია, მოთმინებაც არ დამიკლია, მაგრამ, ა, ისევ ამ ჯოხებით დავდივარ!..

 

მაია

კიდევ მოთმინება, ჩემო სინათლევ!.. კიდევ მოთმინება! ..

 

ილია

ჰოო!..

 

მაია

ცუდი გაზაფხული გვქონდა, შენ გენაცვალე... ვერაფერმა ნაყოფმა ვერ იხეირა, ძალა ვერ გამოიტანა დედამიწიდან... თვარა ჩემი ბალახებით რამდენი და რანაირი ავადმყოფი არ მომირჩენია!.. დღეის ამბავი ქე მოვითმინოთ, ხვალინდელ დღეზე იმედით ვიყვეთ... ღმერთი უკეთეს გაზაფხულს შეგვასწრებს და ყველას შუბლი გაგვეხსნება... ყველას გვესაშვალება და შენც, ჩემო ბატონო, ჩემო სინათლევ?.. ღმერთი ისე არ დაგტოვებს მისგან გაჩენილს!..

 

ილია

მოვესწრებით კი კაი გაზაფხულს?

 

მაია

კი მოვესწრებით!.. ღმერთი ყველაფერს მოგვასწრებს – ავსაც და კარგსაც, ჩემო ბატონო!..

 

ილია

ოღონდ იმედით ვიყოთ?!

 

მაია

ოღონდ იმედით ვიყოთ.

 

ილია

ასე რომ, მაია ჩემო, პირველი წამალი იმედი და მოთმინება ყოფილა, ა?

 

მაია

სწორედ!.. სწორედ!..

 

ილია

სწორედ რომ ნამდვილი მკურნალი ხარ, მაია!.. თუ შენი ბალახებით ვერ არჩენ, შენი ე მაგ სიტყვით... შენი ე მაგ ნაქვამის კილოთი, უნდა გითხრა, სწორედ კურნავ ჩემისთანა გულდამწუხარებულს და აი ამიტომაც მიყვარს შენთან მუსაიფი და ამიტომაც არ შევმცდარვარ, როცა შენკენ გამოვსწიე გულშეწუხებულმა... რომ გამეგონა შენი ეს საუცხოვო მოთმინება და იმედი!.. იცოცხლე, იცოცხლე, მაია! შენი ეგ სიტყვები, მე და ჩემმა ღმერთმა, ნამდვილი წამალია!.. მაშ ასე, ჩემო კარგო მაია, მოთმინება და იმედი!.. მოთმინება და იმედი!..

 

მაია

კი, ბატონო, კი! კი, შენი ჭირი შემეყაროს!

 

 

გამოსვლა მეორე

იგინივე, ტუფია და ნატალია

 

ტუფია

(ჭიშკართან მომდგარი ფიჩხით მხარზე).

ნატალია, ნატალია, შე დაწყევლილო!.. შე შეჩვენებულო!.. გამომხედე, გამომხედე, შე თვალდამდგარო!.. მოვკვდი, აღარ ვარ მეტი! გააღე ეს დასაწვავი!..

 

მაია (სახლისკენ)

ნატალია, გახედე, შვილო!.. დედაშენია ჭიშკართან! (ნატალია გამოვარდება და მიირბენს ჭიშკართან გასაღებად!)

 

ტუფია

ჩაიკეტებით, სასიკვდილე!.. რა გაქვთ ჩასაკეტავი?.. გავწყდი წელში... მოგესპოთ სიცოცხლე!

 

ნატალია

სტუმარია, დედა!

 

ტუფია

(გადმოხურულში დაჰყრის ფიჩხს).

უიმე!.. მაპატიეთ უზრდელობა... ასე მხეცურად მოვვარდი... ვერ დაგინახეთ!..

 

ილია

რა ბოდიშს იხდი, ტუფია?

 

ტუფია

თავს ვეღარ ვერევი, ჩემო ბატონო!.. სულ მწუხარებაში, სულ უბედურებაში ყოფნამ გული დაასუსტა, ჩემო ბატონო, და ჭკუაც!..

 

ილია

რატომ, შე ქალო, მერე?.. დედამთილი აგერ გვერდით გყავს, რომელმაც მაგის საწინააღმდეგო მშვენიერი წამალი იცის!

 

ტუფია

რა წამალი, ბატონო? რა წამალი?

 

ილია

რა და მოთმინება და... მოთმინება და იმედით ყოფნა! ასე არაა მაია?.. ა?

 

მაია

(რომელიც ფიჩხს ალაგებდა).

კი, ბატონო, კი, მაგრამ მას ვერ ვასწავლე ეს და ვერ დავაჯერე!..

 

ილია

რატომ, რატომ, ტუფია?

 

ტუფია

ვაი, ჩემო ბატონო!.. მაგის დასწავლა არ გაგვიძნელდება... ჩვენდა უნებურად სულ მოთმინებაში არა ვართ, ბატონო?! მაგრამ რო არფერი გამოდის!.. მოთმინებაც გვეკარგება, ჩემო ბატონო.

 

ილია

იმედი ხომ გრჩება?

 

ტუფია

რისი იმედი, რისი იმედი, ჩემო ბატონო? რისი იმედი მქონდეს?.. ეჰ, მეტსაც მოვითმენ, ოღონდ კაცი მყავდეს კარგად!

 

ილია

როგორ, ავათაა ანტონა თუ?

 

ტუფია

ავადაა, ბატონო, ავად! აღარა ვარ ჯავრით! ეს ერთი ხანია ცუდად გრძნობს თავს... ჩემ გონებაზე აღარ ვარ. რომ რამე უარესი შეემთხვას, რომ დაგვივარდეს, რა გვეშველება, რამ დაგვარჩინოს?! უიმისოთ სისაწყლეში ვყრივართ!.. ვინ იქნება ჩვენი გამკითხავი, ჩვენი შემხედვარე, ჩვენი შემწყალე, ჩვენი შემბრალე?!

 

მაია

რატომ ვინ იქნება?.. ღმერთი, შვილო, ღმერთი!.

 

ტუფია

ღმერთს ჩვენთვის, ეტყობა, არ ცალია...

 

მაია

ჩვენთვისაც მოიცლის... მოიცლის, შვილო!..

 

ილია

სად არის ახლა ანტონა?

 

ტუფია

სად იქნება, ჩემო ბატონო? ყანაშია... სამუშევარში...

 

ილია

ავადმყოფ კაცს ყანაში რად უშვებთ, თქვე დალოცვილებო?.. უნდა დაასვენოთ!..

 

ტუფია

უიმე, ჩემო ბატონო, ჩვენთვის დასვენება ვის გაუგონია!.. მიწას მივებარებით – აჰ, მაშინ იქნება ჩვენთვის დასვენება!.. სანამ ცოცხალი ვართ, რა დაგვასვენებს!.. ამდენი სამუშევარია, ამდენი საქნარი... სად შეგვიძლია დასვენებაზე ვიფიქროთ!.. წელზე ფეხს ვიდგამთ, მაინც გაჯახირებაში ვართ, დასვენებაზე ფიქრს რომ მივეცეთ, სულ არ ამოვწყდებით? ჩემი დასვენება მიწაში იქნება, ჩემო ბატონო, მიწაში!..

 

 

გამოსვლა მესამე

იგინივე და ამირანა

 

ტუფია (ამირანას).

უიმე, ეს ახლა მოდის!!

 

ამირანა

(მოხუცებული, ჯოხით ხელში. წალდი წელში აქვს გარჭობილი).

დილა მშვიდობისა... დილა მშვიდობისა, ბატონო ილია! დილა მშვიდობისა, ტუფია!

 

ილია

ამირანას გაუმარჯოს!.. გაუმარჯოს ამირანას!

 

ტუფია

შე კაცო, მე ყანაში მეგონე ანტონასთან, შენ კი...

 

ამირანა

აბა, აბა!.. მოხმარებას შევპირდი, მარა ამ დილას ამბავი მომიტანეს – მთაში პაწია ყანა მაქვს – საქონელს გადაუჭამიაო... წევედი დასახედავად... ნეტავი არ მენახა! ყანა სულ გოუოხრებია ვიღაც სულწაწყმენდილის საქონელს!.. ვერ გევიგე, ვისი ყოფილა... გევიგებ კი... უნდა გევიგო!.. აბა, კაცის ასე ამოგდება შეიძლება?! რამ უნდა დამარჩინოს?.. ის იყო ჩემი იმედი, ჩემი საცხოვრებელი!.. თვარა უსათუოდ მოვეხმარებოდი, უსათუოდ!..

 

ტუფია

როდი შეგაწუხებდი, ამირანა, მარა რა ვქნა: კაცი უღონოთაა, ვისაც ვთხოვე – არ გვცალიაო... სამარგლავი კი დაგვიგვიანდა... ვეღარაფერი გავაწყვეთ!..

 

ამირანა

უსათუოდ, უსათუოდ მოვეხმარები!.. კარგად ვერც მე ვარ, მარა... რა ვქნა!.. უსათუოდ მოვეხმარები!..

 

ტუფია

ძალიან დაგიმადლი, ამირანა, მეტი აღარ შეიძლება!..

 

ილია

ტუფია, თუ ქალი ხარ, მე ნუ მომერიდები, შენს საქნარს მიხედე!.. მე რომ აქ ასე ვზივარ, ესეც დიდად სასიამოვნოა ჩემთვის... მერე კიდევ, აგერ მე და ამირანაც წევიმუსაიფებთ...

 

 

1 2 3
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / კლდიაშვილი დავით / უბედურება