კრისტი აგათა 

 

სანიმუშო  მოახლე

 

 

  – ქალბატონო, თუ არ შეწუხდებით, მინდა ერთი წუთით დაგელაპარაკოთ.

 შეიძლება ითქვას, ასეთი ნებართვის აღება აბსურდია, რადგანაც ედნა, მის მარპლის პატარა მოახლე ფაქტიურად უკვე ელაპარაკებოდა თავის ქალბატონს.  მის მარპლმა, თუმც ეცნო იდიომი, უმალვე უპასუხა:

– რა თქმა უნდა, შემოდი და კარი კარგად გამოიხურე. რა მოხდა?

ედნამ მორჩილად მიხურა კარები და ოთახში კრძალვით შემოაბიჯა. ნერვიულობისაგან წინსაფრის კალთას თითებით დაუწყო ჭმუჭმნვა და რამდენჯერმე ნერწყვიც გადაყლაპა.

 – აბა, ედნა, გისმენ, – უთხრა მის მარპლმა გასამხნევებლად.

– ო, მაპატიეთ, ქალბატონო, ჩემ ბიძაშვილ გლედის გულისათვის გაწუხებთ. იცით, მან ადგილი დაკარგა.

 – რას მეუბნები! ძალიან სამწუხაროა. ის, მგონი, ოლდ-ჰოლში სკინერებთან მუშაობდა, არა?

– დიახ ქალბატონო, მართალი ბრძანდებით. და გლედი ძალიან აღელვებულია. ძალიან აღელვებულია ამის გამო.

 – გლედის, მგონი, წინათაც ხშირად გამოუცვლია ადგილი. არა, განა?

– დიახ ქალბატონო. გლედი იმათ რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც იოლად იცვლიან ადგილებს, ერთ ალაგას ვერ დაფუძნებულან. თუ მიმიხვდით, რის თქმაც მინდა. მაგრამ დღემდე, სადაც კი იყო, ყველგან სამაგალითოდ ითვლებოდა.

– ახლა ასე აღარ არის? – იკითხა მის მარპლმა მშრალად.

– დიახ, ქალბატონო და სწორედ ეს აწუხებს გლედის...

 მის მარპლი გაკვირვებული დარჩა. გლედისი, რომელიც ზოგჯერ თავისუფალ დღეებში ჩაიზე ესტუმრებოდა ხოლმე თავის ბიძაშვილ ედნას, მის მარპს ახსოვდა როგორც ბუთხუზა, ხითხითა, მტკიცე ხასიათის გოგონა.

 ედნამ განაგრძო:

 – იცით, ქალბატონო, საქმე ის არის, თუ როგორ მოხდა ეს – როგორი თვალით შეხედა მის სკინერმა.

 – როგორ? – იკითხა მის მარპლმა მოთმინებით – როგორი თვალით შეხედა მის სკინერმა?

ამასობაში ედნას ენა გაეხსნა.

 – ქალბატონო, რომ იცოდეთ, რა ელდა იყო ეს გლედისათვის, მის ემილის გულქანდა რომ დაეკარგა. ატეხეს ერთი ალიაქოთი. მორთეს ყვირილი. ასეთი რამ არავისთვის არ არის სასიამოვნო, ადამიანს წონასწორობიდან გამოიყვანს, ხომ გესმით ჩემი? გლედისი მოძებნაში ეხმარებოდა. მის ლავინია გაჰყვიროდა, წავალ და პოლიციას შევატყობინებო. გლედისმა გადაატრიალა იქაურობა. საბედნიეროდ, ტუალეტის მაგიდის უჯრაში აღმოჩნდა, უკან გადავარდნილიყო. გლედის სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა.

სწორედ მეორე დღეს ჯინზე თეფში არ გატყდა! მის ლავინიამ დრო იხელთა და გლედი მაშინვე დაითხოვა. ერთი თვის ვადა მისცა. თეფშის გატეხვა აქ არაფერ შუაშია. ეს კარგად იცის გლედიმ. გულქანდაა მიზეზი. იმათ ჰგონიათ, გლედისმა აიღო და მერე პოლიციის შიშით უკანვე დადო. გლედი ამის გამკეთებელი არ იყო. არასოდეს ამას არ ჩაიდენდა. ის აწუხებს, რომ ქვეყანას მოედება და გლედის ჩათვლიან დამნაშავედ. გოგოსათვის, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რა სერიოზული ამბავია.

 მის მარპმა თავი დაუქნია. თუმცა მას მაინცდამაინც თვალში არ მოსდიოდა თვითდაჯერებული, ჯიუტი გლედი. მაგრამ იმაში ღრმად იყო დარწმუნებული, რომ გოგონა სულითხორცამდე პატიოსანი იყო. შესანიშნავად შეეძლო წარმოედგინა ეს ისტორია როგორ ააფორიაქებდა მას.

ედნამ დაფიქრებულმა წარმოსთქვა:

– ქალბატონო, ისეთი არაფერი მეგულება, თქვენ რომ გამოსავალი ვერ უპოვოთ!

– გადაეცი, ნუ სულელობს, – უთხრა მას მის მარპლმა მტკიცედ. – გულქანდა თუ არ აუღია, რაშიც მე პირადად, დარწმუნებული ვარ, საღელვებელი არაფერი აქვს.

– ქვეყანას მოედება – თქვა ედნამ სასოწარკვეთით.

– ნაშუადღევს იქით ვაპირებ წასვლას. იმათაც შევუვლი. სკინერებს ჩემს აზრს მოვახსენებ.

– ო, გმადლობთ, ქალბატონო.

ოლდ-ჰოლი ვიქტორიანული სტილის სახლი იყო. ირგვლივ პარკებითა და ტყით იყო შემოფარგლული. არც გასაქირავებლად და არც გასაყიდად არ ვარგოდა. ამისათვის ერთმა ყოჩაღმა ბიზნესმენმა იგი ოთხ ნაწილად გაყო. ცენტრალური წყლის სისტემა გაიყვანა, ბაღი კი საერთო სარგებლობისათვის დატოვა. ექსპერიმენტი მომგებიანი აღმოჩნდა. ერთი ბინა მდიდარმა და ექსცენტრიულმა ხნიერმა ლედიმ დაიკავა თავის მოახლესთან ერთად. მოხუცი ლედი ჩიტებით იყო გატაცებული და ფრთოსანთა ყოველდღიური შეკრება და დაპურება იყო მისი ერთადერთი გასართობი. მეორე ბინა რენტით ჰქონდათ აღებული ერთ მდიდარ, სამსახურიდან გადამდგარ ინდოელ მოსამართლესა და მის ცოლს. მესამეში ახლად დაქორწინებული წყვილი დასახლდა, ხოლო მეოთხე ბინა სულ ორი თვის წინ დაიკავა ორმა გაუთხოვარმა ქალმა, გვარად სკინერებმა.

ოთხივე ბინის მაცხოვრებელი ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელი იყო. საერთო მოსახმარი არაფერი ჰქონდათ, სახლის პატრონმა მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ თუ მათ მეგობრულ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდებოდა, საჩივლელად მას მიმართავდნენ.

მის მარპლი ამ სახლის ყველა მაცხოვრებელს იცნობდა. თუმცა მათ შესახებ დაწვრილებით არაფერი იცოდა. უფროსი სკინერი – მის ლავინია სახლის საქმეს მარტო უძღვებოდა. მის ემილი, უმცროსი და, კი მთელ დროს ლოგინში ატარებდა და ათასგვარ დაავადებას უჩიოდა, რომლებიც სოფელ სანტა მარია მიდის მკვიდრთა აზრით, მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო. ერთადერთი იყო მის ლავუნია, რომელსაც ღრმად სწამდა თავისი დის `ტანჯვა წამება~ და მოთმინებით იტანდა. იგი თავს არ ზოგავდა ემილის მდგომარეობის შესამსუბუქებლად. სოფელში წინ და უკან დარბოდა, რათა ყველაფერი ეშოვა იმის შიშით, რომ იქნებ ჩემმა დამ ისეთი რამე მოისურვოს, რაც სახლში არ მექნებაო.

სანტა მერი მიდს ისეთი აზრი შეექმნა, რომ მის ემილის დაავადების იმის ნახევარიც რომ აწუხებდეს, როგორც ის ამტკიცებდა, დიდი ხანია ექიმ ჰაიდოკს გამოიძახებდა. მაგრამ თუ ვინმე ამაზე სიტყვას ჩამოუგდებდა, მის ემილი ქედმაღლურად მილულავდა თვალებს და წაილუღლუღებდა, რომ მისი დაავადება უბრალო რამე არ არის, როგორც გონიათ. ლონდონის საუკეთესო სპეციალისტებმაც კი ვერაფერი გაუგეს. ერთმა თანამედროვე პროგრესულმა ექიმმა ახლებური მკურნალობის კურსი ჩაუტარა, მასზე ამყარებს იმედებს ჯანმრთელობა გაიუმჯობესოს. სად შეუძლია სოფლის მკურნალს მის სნეულებას ჩაწვდეს.

– ჩემი აზრით, – თქვა გულწრფელმა მის ჰარტნერმა, – ძალიან ჭკვიანურად იქცევა მას რომ არ იძახებს. სათნო ექიმი ჰაიდოკი თავისებური მხიარული მიდგომით გააგებინებს, რომ საგანგაშო არაფერი სჭირს. ურჩევდა წამომდგარიყო და ფაცი-ფუცისთვის თავი დაენებებინა! ბევრ კარგ რჩევას მისცემდა!

თვითმკურნალობას შედეგი არ მოჰქონდა. მის ემილი არ იშლიდა სავარძელზე წოლას და უცნაური აბების კოლოფებით შემოფარგლული ყველაფერს იწუნებდა, რასაც მისთვის ამზადებდნენ. ჭირვეულობდა, ისეთ რამეს მოისურვებდა, რის შოვნაც ადვილი არ იყო და უხერხულობას უქმნიდა ახლობლებს.

კარი მის მარპლს გლედიმ გაუღო, იგი უფრო მეტად იყო დათრგუნული, ვიდრე მარპლს წარმოედგინა. სასტუმრო ოთახში მის მარპლს მიეგება ლავინია.

ლავინია სკინერი ორმოცდაათი წლის, მაღალი, ხმელ-ხმელი ქალი იყო. ხმა ჰქონდა ხრინწიანი, მიმოხვრა უხეში.

– როგორ მიხარია თქვენი ნახვა, – უთხრა მან მის მარპლს, – ემილი წევს. დღეს ცოტა უგუნებოდ არის, საწყალი იქნებ თქვენს ნახვაზე გამხიარულდეს. არის დღეები, როცა მას არავის ნახვა არ შეუძლია. საცოდავი, რა მომთმენია.

მის მარპლმა ზრდილობისათვის კვერი დაუკრა. სანტა მერი მიდის საუბრის ძირითადი თემა იყო მოსამსახურეები. ამიტომ ძნელი არ იყო ლაპარაკის ამ მიმართულებით წარმართვა. მის მარპლმა ლაპარაკის დროს სხვათა შორის ჩაურთო: ყური მოვკარი თითქოს ის მშვენიერი მოახლე გლედის ჰოლმსი წასვლას აპირებსო.

მის ლავინიამ თავი დაუქნია.

– შემდეგი ოთხშაბათიდან. ყველაფერს ამტვრევს. მეტის ატანა აღარ შეგვიძლია.

მის მარპლმა ამოიოხრა.

– ეჰ, ჩემო კარგო, დღევანდელი დღის მოთხოვნების შესაბამისად უნდა შევხედოთ საგნებს. სოფელში გოგოს შოვნა ძალიან ჭირს. გლედისის გაშვება არაგონივრულია, არა განა?

ვიცი, რომ მოსამსახურის შოვნა ადვილი არ არის, – დაეთანხმა მას მის დავინია. – დევერექსებს მოახლე დღემდე ვერ მოუნახავთ. მაგრამ, კაცმა რომ თქვას, არც მიკვირს. იქ ხომ გაუთავებელი ჩხუბი იყო. მთელი ღამე ღრიანცელი, გადაბმული ქეიფი. ჩიოდნენ გოგოს საოჯახო საქმისა არაფერი გაეგებაო. როგორ მეცოდება მისი ქმარი! ახლახან ლარკინსებსაც გაექცათ მოსამსახურე. მაგრამ არც ეს არის გასაკვირი, თუ მოსამართლის ხასიათს გავითვალისწინებთ. ამას დაუმატეთ უთენია საუზმის მოთხოვნა. კიდევ მისის ლარნკინსის გაუთავებელი ნერვიულობა. აი, ქარმიჩალის ჯანეტი ადგილიდან დაძვრას არ აპირებს. მაგრამ, ჩემი აზრით, უაღრესად არასასიამოვნო პიროვნებაა და უთოუდ აშინებს საწყალ მოხუც ქალს.

– მით უმეტეს მეტი მოთმინება გმართებთ კარგად ასწონ-დასწონოთ თქვენი გადაწყვეტილება გლედისის თაობაზე. ნამდვილად კარგი გოგოა. მე მთელ მის ოჯახს ვიცნობ. ძალიან პატიოსანი და ჩინებული ხალხია.

მის ლავინიამ თავი გაიქნია.

– მე ჩემი მოსაზრებები მაქვს – თქვა მან მრავალმნიშვნელოვნად.

– მესმის, გულქანდა დაგკარგვიათ, გავიგე – ჩაიბუტბუტა მის მარპლმა.

– საინტერეოა ხმა ვინ გაავრცელა! თვითონ გოგო იყბედებდა. გულახდილად რომ ვთქვა, დარწმუნებული ვარ, მაგის აღებულია, მერე შეეშინდა და უკანვე დადო. მაგრამ ფაქტი თუ ხელში არ გიჭირავს, დარწმუნებით რის თქმა შეგიძლია!

უცბად მის ლავინიამ ამ საუბრის თემა შეცვალა.

– წამობრძანდით, მის მარპლ, ემილი ინახულეთ. დარწმუნებული ვარ, თქვენი ნახვა ეამება.

 მის მარპლი მშვიდად მიჰყვა მას. ლავინამ კარზე დააკაკუნა და ნებართვის მიღების შემდეგ, ბინის საუკეთესო ოთახში შეუძღვა, სადაც სინათლის შესასუსტებლად ფანჯარაზე ფარდები იყო ჩამოფარებული. ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ემილი ლოგინში ნებივრობდა, თავისი გაურკვეველი ავადმყოფობით შეპყრობილი. ბუნდოვან შუქზე მოსჩანდა გამხდარი უმწეო არსება. ყვითელი, ჭაღარაშერეული თმა კულულებად დაწყობილი თავზე შემოეხვია და ჩიტის ბუდის შთაბეჭდილებას ტოვებდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ არც ერთი თავმომწონე ჩიტი არ იამაყებდა ასეთი ბუდით. ოთახში ოდეკალონის, გამხმარი ბისკვიტისა და ქაფურის სუნი ტრიალებდა.

მილულული თვალებითა და მინაზებული ხმით ემილი სკინერმა სტუმარს შესჩივლა, ასე ცუდად არასოდეს ვყოფილვარო.

– სუსტი ჯანმრთელობის ადამიანისათვის ყველაზე ძნელი ის არის, – თქვა მის ემილიმ მელანქოლიური ტონით, – რომ მან იცის, თუ რა ტვირთია ის გარშემომყოფთათვის. ლავინია თან მყვება. ლავი, გენაცვალე, ხომ იცი, არავის შეწუხება არ მიყვარს, მაგრამ, თუ სათბურაში ცხელი წყალი ისე არ არის ჩასხმული, როგორც მე მინდა, აზრი არა აქვს. თუ ძალიან სავსეა, სიმძიმეს ვერ ვუძლებ, და თუ საკმარისი არ არის, ხელად ცივდება.

– რას მეუბნები, შენი ჭირიმე, მომეცი, ახლავე გამოვღვრი.

– მაშინ, იქნება ახალი წყალი ჩაასხა! ორცხობილა არა გვაქვს, განა? არა, არა უშავს. გავძლებ. სუსტი ჩაი და ერთი ნაჭერი ლიმონი მომიტანე. ლიმონი არ არის? ჩაის ისე ვერ დავლევ. რძე დილით ცოტა აჭრილი მომეჩვენა. რძიან ჩაიზე გული აღარ მიმდის. არა უშავს უჩაიოდ გავძლებ. თავს ძალიან სუსტად ვგრძნობ. ამბობენ ხამანწკა ნოყიერიაო. რომ ყოფილიყო კარგი იქნებოდა, მეტისმეტად შევაწუხე ყველა. ასე გვიან აბა ვინ იშოვნის! ხვალამდე როგორმე თავს გავიტან.

ლავინია ბუტბუტით გავიდა ოთახიდან. რაღაც ახსენა ველოსიპედით სოფელში წასვლა.

მის ემილიმ მისუსტებულმა გაუღიმა სტუმარს და აუწყა, რომ არ უყვარს ვისიმე შეწუხება.

იმ საღამოს მის მარპლმა ამცნო ედნას, რომ მისმა მისიამ შედეგი ვერ გამოიღო. თანაც ძალზე შეწუხდა, როცა გაიგო, გლედის ამბავი რომ უკვე მოსდებოდა სოფელს.

 ფოსტაში მის უნთერბი დამარწმუნებლად ესაუბრა მის მარპლს სკინერების შესახებ:

– ჩემო ძვირფასო ჯეინ, – თქვა მან – იმათ წერილობითი დახასიათება მიუციათ ლედისათვის, სადაც წერია, რომ ის დამჯერი, ფხიზელი და მოკრძალებული გოგონაა. პატიოსნებაზე სიტყვაც არ დაუძრავთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც მითხრეს, ისინი ძალიან წუხდნენ გულქანდის დაკარგვის გამო, ვფიქრობ, ძაღლის თავი აქ უნდა იყოს დამარხული. დღევანდელ დღეს მოსამსახურე გოგოს ისე იოლად ვინ გაუშვებს, თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა. შემცვლელს სადღა იშოვიან. უბრალოდ ოლდ ჰოლში მოსამსახურეები არ მოდიან. ამბობენ გამოსასვლელ დღეს სახლში წასვლა გაგვიჭირდებაო. აი, ნახავ, სკინერებმა მოახლე თუ იშოვეს. იქნებ, მაშინ მაინც შეიწუხოს თავი იმ იპოხონდრიკმა ემილიმ, იკადროს ადგომა და ხელის განძრევა.

 სოფლის მაცხოვრებლებს გული დასწყდათ, როცა ხმა გავარდა, რომ სკინერებმა სააგენტოდან ახალი მოსამსახურე დაიქირავეს, რომელიც ყველანაირი თვალსაზრისით სრულყოფილების ნიმუში აღმოჩნდა.

– სამი წლის მუშაობის რეკომენდაცია მას მეტად გულთბილად ახასიათებს. თვითონ ამბობს სოფელში ცხოვრება მირჩევნიაო. გლედიზე ნაკლებ ჯამაგირს ითხოვს. თავს ნამდვილად ბედნიერად ვგრძნობ.

 – ამას რა ჯობია, – თქვა მის მარპლმა, როდესაც მის ლევინიამ ეს ახალი ამბავი გაუზიარა თევზის მაღაზიაში შეხვედრისას, – მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ძალიან კარგი იშვიათად მართლდება.

 სანტ მერი მიდის აზრით, სანიმუშოები სანდონი არ არიან, ბოლო წუთს შეუძლიათ გადაიფიქრონ, და ჩამოსვლაზე უარი თქვან.

მაგრამ არც ეს პროგნოზი გამართლდა. სოფელს შესაძლებლობა მიეცა ეხილა ოჯახის ეს ახალი განძი მერი ჰიჯინსად წოდებული, როდესაც იგი რიდის ტაქსით ოლდ ჰოლისაკენ მიემგზავრებოდა. კარგი გარეგნობის ქალი გახლდათ. ღირსეული ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მეტად სუფთად და მოხდენილად ეცვა.

 როდესაც მის მარვლმა შემდეგში ოლდ ჰოლი მოინახულა მღვდლის მიერ მოწყობილ ბაზრობასთან დაკავშირებით, მერი ჰიჯინსმა გაუღო კარი, ეს მართლაც საუცხოო გარეგნობის ქალი იყო, ასე ორმოც წელს იქნებოდა მიტანებული. მშვენიერი მბზინავი შავი თმა ჰქონდა. წითლად დაბრაწული ლოყები და ფუნთუშა ტანი. მეტად უხდებოდა შავი კაბა, თეთრი წინსაფარი და ქუდი. `ზუსტად ძველი სტილის მოსამსახურის ტიპია~, ასე განმარტა შემდეგში მის მარპლმა მერი ჰიჯინსი. ხმაც თავისებური ჰქონდა: დარბაისლური, ჩუმი, რაც განსხვავდებოდა გლედის მყვირალა, ადენაიდური კილოსაგან.

მის დავინია წინანდელთან შედარებით გაცილებით ნაკლებად იყო შეშფოთებული. თუმცა ნანობდა დღესასწაულისათვის ფარდული რომ არ აიღო თავისი დის გამო, მაგრამ სამაგიეროდ დიდ-ძალი თანხის გაღებას კისრულობდა და პირობა ქონდა დადებული ბავშვის წინდებით და კალმების საწმენდებით წარსდგებოდა.

მის მარპლმა შენიშნა, რომ ლავინია ახლა უკეთესად გამოიყურებოდა.

– ამაში მერის უნდა ვუმადლოდე. კმაყოფილი ვარ ის გოგო რომ მოვიშორე. მერი შეუდარებელია, საჭმელს კარგად ამზადებს, სუფრას მარჯვედ ემსახურება. სახლი სულ წესრიგში აქვს. ლეიბებს ყოველდღე ამზეურებს. ემილის ხომ სულ თავს ევლება!

მის მარპლმა ემილი მოიკითხა.

– ო, საწყალი ქალი, ბოლო დროს ძალიან ცუდად არის, რა მაგის ბრალია, მაგრამ, ზოგჯერ, ძნელი მოსავლელია. წარმოიდგინეთ, საჭმელს მაშინ ითხოვს, როცა მზად არ არის, ხოლო როცა მზადაა, აღარ უნდა. ნახევარი საათის შემდეგ ისევ მოისურვებს, ამ დროს საჭმელი უკვე უვარგისია და ხელახლა უნდა მომზადება. რა თქმა უნდა, ორჯერ მეტი გარჯა გვიწევს, მაგრამ მერი, საბედნიეროდ ამას აინუშიც არ აგდებს. როგორც ამბობს, ავადმყოფების მოვლას მიჩვეულია. კარგად ესმის მათი. ჩვენთვის ეს დიდი შვებაა.

 – ჩემო კარგო, უთხრა მის მარპლმა, – ბედნიერი ყოფილხართ.

 – მართლაც, მერი ღმერთმა გვიწყალობა.

 – კაცმა რომ თქვას, მეტისმეტად კარგი საეჭვოა სანდო აღმოჩნდეს. მე თქვენს ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი.

 ლავინია სკინერს გამჭრიახობა არ ეყო მის მარპლის ნათქვამის აზრს ჩასწვდომოდა და უპასუხა:

– ო, გარწმუნებთ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ თავი კარგად იგრძნოს. არ ვიცი, რა გვეშველება, რომ მიგვატოვოს.

– არა მგონია, სადმე წავიდეს, სანამ საამისოდ მზად არ იქნება. – თქვა მის მარპლმა და ლავინიას თვალი თვალში გაუყარა.

მის ლავინიამ პასუხის ნაცვლად თქვა:

– როცა კაცს სახლში საჯავრებელი არა აქვს, გულიდან მძიმე ლოდი აქვს მოშორებული. ასე არ არის? რასა იქმს თქვენი ედნა?

– მშვენივრად აკეთებს ყველაფერს. არ ვემდური. მართალია, თქვენი მერისნაირი არ არის, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მე ედნას შესახებ ყველაფერი ვიცი. იმიტომ რომ ჩვენი სოფლიდანაა.

 როცა ჰოლში შედიოდნენ, მან გაიგონა ავადმყოფის გაღიზიანებული ყვირილი:

– კომპრესი სულ გამშრალია. ექიმმა ქლენტონმა გამაფრთხილა განსაკუთრებული ყურადღება მიმექცია, რომ კომპრესმა სინოტივე შეინარჩუნოსო. მოიცა, მოიცა, დატოვე. ჩაი მინდა და მოხარშული კვერცხი. კვერცხი მხოლოდ სამწუთნახევარს უნდა ხარშო, მეტი არა. დაიმახსოვრე. და ლავინიას დაუძახე.

მარჯვე მერი კარებში გაჩნდა და ლავინიას მოახსენა:

– მის ემილი გთხოვთ, ქალბატონო – კარი გაუღო მის მარპლს, პალტოს ჩაცმაში მიეხმარა და შეუდარებელი ოსტატობით მიაწოდა ქოლგა.

მის მარპლმა ქოლგა ჩამოართვა, მაგრამ ხელიდან გაუვარდა, შეეცადა აეღო, ამ დროს ჩანთა გაუსხლტა, საიდანაც ყველაფერი გამოიყარა. მერიმ თავაზიანად მიაწოდა მას თითოეული წვრილმანი: ცხვირსახოცი, ძველებური პატარა ტყავის საფულე. ორი შილინგი და სამი პენი, ქაღალდმოცლილი პატარა პიტნის კამფეტის პაწია ნამტვრევი.

 კამფეტის ჩამორთმევისას მის მარპლი შეშფოთდა:

– ო, ღმერთო ჩემო! ეს სულ მისის კლემენტის პატარა ბიჭის ოინებია. მახსოვს, ის წუწნიდა ამას. ჩემი ჩანთა სათამაშოდ მივეცი და ნამდვილად შიგ ჩამიგდო იმ მაიმუნმა. შეხედე, ხელზედაც კი მომეკრო.

  – შეიძლება გამოგართვათ, ქალბატონო?

– ო, დიდად დამავალებ. დიდი მადლობა!

მერი ბოლო საგნის ასაღებად დაიღუნა. პატარა სარკის დანახვაზე მის მარპლმა აღელვებულმა წამოიძახა:

– რა ბედნიერებაა, რომ არ გატყდა.

როცა ის გადიოდა, მერი კარებში იდგა თავაზიანად. მის სახეზე გამომეტყველების ნიშან-წყალიც არა ჩანდა.

 

***

ათი დღის განმავლობაში სანტ მერი მიდს თავი ჰქონდა მობეზრებული მის ლავინიასა და მის ემილის საუნჯის ქება-დიდებისაგან.

მეთერთმეტე დღეს სოფელმა იდუმალი თრთოლვით გაიღვიძა.

მერი, სანიმუშო ქალი გაპარულიყო!

მისი საწოლი ხელუხლებელი იყო. ლოგინს ემჩნეოდა, რომ ღამე აქ არ უძინია. გარეთა კარები ნახევრად ღია იყო დატოვებული. ღამით მშვიდად გასულა იქიდან.

და, რაც მთავარია, მარტო მერი კი არ გამქრალა, არამედ თან გაჰყოლია მის ლავინიას ორი გულქანდა და ხუთი ბეჭედი. მის ემილის სამი ბეჭედი, კულონი, სამაჯური და ოთხი გულქანდა.

მაგრამ ეს მხოლოდ კატასტროფის დასაწყისი იყო.

ახალგაზრდა მისის დევერექს თურმე ალმასები დაკარგვოდა, ღია უჯრაში რომ ინახავდა და კიდევ ძვირფასი ბეწვეული – ქორწინების საჩუქარი, მოსამართლესა და მის ცოლს – ძვირფასი ქვები და რაღაც გარკვეული თანხა. მისის კარმაიკლი ყველაზე მეტად დაზარალდა. იგი სახლში არა მარტო ძვირფას ქვებს ინახავდა, არამედ დიდძალ ფულსაც და ყველაფერი ეს სადღაც გამქრალა. ჯანეტი საღამოს სახლიდან გასულიყო, ხოლო მის ქალბატონს ჩვეულებად ჰქონია შებინდების ჟამს ბაღის შემოვლა, ჩიტების მონახულება და მათთვის ნამცეცების დაყრა. ნათელი იყო, მერის, სანიმუშო მოახლეს, ყველა ბინისათვის გასაღებები ჰქონია მორგებული.

უნდა ვაღიაროთ, რომ სანტ მერი მიდი ერთგვარ ბოროტ სიამოვნებასაც კი გრძნობდა. მის ლავინია ისე თავგამოდებით ტრაბახობდა თავისი გასაოცარი მერით.

– ამ დროს, სრულიად ჩვეულებრივი ქურდი არ ყოფილა ლავინია სკინერის სანაქებო მოახლე – ერთმანეთში ჭორაობდა სოფლის ხალხი.

ამას კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩენა მოყვა. არა მარტო მერი ჩაყლაპა ცამ და დედამიწამ, არამედ ის სააგენტოც, რომელმაც საბუთები დაუმოწმა, თავდებად დაუდგა და გამოაგზავნა, გამოირკვა, რომ არავითარი მერი ჰიჯინსი ის არ ყოფილა. მან დაირქვა ერთი კეთილსინდისიერი მოსამსახურის სახელი და გვარი, რომელიც მღვდლის დასთან ცხოვრობდა. დიახ, ნამდვილი მერი ჰიჯინსი თავისთვის წყნარად ცხოვრობდა კორნვოლში.

– ჭკვიანური ნამოქმედარია, – იძულებული იყო ეღიარებინა ინსპექტორ სლექს. – მე თუ მკითხავთ, ვიტყოდი, რომ ეს ქალი ბანდასთან არის დაკავშირებული. ნოთემბერლენდში ამ ერთი წლის წინ ანალოგიური შემთხვევა მოხდა. ვერც ნაქურდალი ნივთები იპოვეს, ვერც ქურდის კვალს მიაგნეს, მაგრამ ამ ჯერზე ხელიდან ვერ წაგვივა. მაჩბენჰამზე უკეთესად მოუვლით ამ საქმეს .

ინსპექტორი სლექი არასდროს არ კარგავდა იმედს. ის ყოველთვის თვითდაჯერებული კაცი იყო.

მიუხედავად ამისა, გადიოდა დღეები. მერი ჰიჯინსად წოდებული ქურდი კი თავისუფლად ნავარდობდა გახარებული. ამაოდ აორკეცებდა თავის ენერგიას ინსპექტორი სლექი, რომ სახელი არ გაეტეხა, მაგრამ მიზანს ვერადავერ აღწევდა.

მის ლავინია ცრემლად იღვრებოდა, მის ემილი კი იმდენად იყო შეშინებული თავისი მდგომარეობით, რომ ექიმი ჰაიდოკიც კი გამოიძახა.

მთელი სოფერი ფეხზე დადგა გაეგო რას ფიქრობდა ექიმი ჰაიდოკი მის ემილის გამუდმებულ ჩივილზე, რომ მძიმე ავადმყოფია. მაგრამ, ბუნებრივია, ვერავინ ბედავდა მისთვის ეკითხა. მაგრამ მალე პასუხი სხვა წყაროდან მიიღეს, მისის პრაის-რაიდლის მოახლე კლარამ პროვიზორის ასისტენტთან სეირნობის დროს გაარკვია, რომ ექიმ ჰაიდოკს ემილისათვის სპაზმების საწინააღმდეგო მიქსტურა და ვალერიანის წვეთები გამოუწერია, რასაც მისტერ მიკის ახსნით, ჯარში სიმულიანტებს ასმევენ.

მალე ისიც გახდა ცნობილი, რომ ემილის იმ წამლებისათვის გემოც არ გაუსინჯავს. კვლავ იმ აზრზე იდგა, რომ ლონდონელ სპეციალისტებთან უნდა ემკურნალა. წამლებს კი ლავინიას დასამშვიდებლად იწერდა.

ამ ამბების შემდეგ რამდენიმე დღე იყო გასული, როცა მის მარპლმა, ლოყებშევარდისფერებულმა და აღგზნებულმა, პოლიციაში შეიარა და ინსპექტორი სლექი იკითხა.

ინსპექტორ სლექს არ უყვარდა მის მარპლი, მაგრამ უფროსი კონსტებლი პოლკოვნიკი მელჩეტი კარგი წარმოდგენის იყო მასზე. ამის გამო ინსპექტორი იძულებული იყო გაეთვალისწინებინა ეს გარემოება და მიეღო იგი. თუმცა სახეზე ემჩნეოდა, რომ მისი ნახვა არ სიამოვნებდა.

– გამარჯობათ, მის მარპლ, რით შემიძლია გემსახუროთ?

– ო, ძვირფასო, – თქვა მის მარპლმა –ვხედავ სადღაც მიგეჩქარებათ?

– უამრავი სამუშაო მაქვს – მიუგო ინსპექტორმა სლექმა – მაგრამ რამდენიმე წუთს დაგითმობთ.

– ო, ღმერთო, იმედი მაქვს, მოვახერხებ აგიხსნათ, რისი თქმაც მინდა. რა ძნელია სხვას გააგებინო შენი გულშინადები, თქვენ ასე არა გგონიათ? თუმცა, შესაძლებელია თქვენთვის ძნელი არც იყოს. საქმე იმაშია, რომ როცა კაცს თანამედროვე მეთოდებით არა აქვს ცოდნა მიღებული და აღმზდელის მიერ ნასწავლი ინგლისის ხელმწიფეების მეფობის თარიღები იცის მხოლოდ და ზოგადი განათლება აქვს მიღებული: მაგალითად, როგორ ამზადებენ ნემსებს და სხვა მისთანები, რა თქმა უნდა ერთი საკითხიდან მეორეზე გადახტება. არ უსწავლია, როგორ უნდა კაკალ გულში მოხვედრა, ამიტომაც მიჭირს სათქმელის თანმიმდევრულად ჩამოყალიბება. აი, რა მინდა მოგახსენოთ, სკინერების მოსამსახურე გოგოზე გლედისზე უნდა დაგელაპარაკოთ.

– მერი ჰიჯინსი – გაუსწორა ინსპექტორმა სლექმა.

– დიახ, ეს მეორე მოახლე გახლავთ. მე კი გლედის ჰოლმსზე მოგახსენებთ. საკმაოდ კადნიერია და თავის თავში დაჯერებული, მაგრამ უაღრესად პატიოსანი. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია და მხედველობაშია მისაღები.

– იმის წინააღმდეგ არავითარი საჩივარი არ შემოსულა, რამდენადაც ვიცი – ჩაურთო ინსპექტორმა.

– არა, ვიცი, რომ ბრალდება არა აქვს წაყენებული, მაგრამ მით უარესი საქმისათვის. ხალხს, მოგეხსენებათ, თავისი აზრი ექმნება. მაპატიეთ, ვიცი, ცუდად აგიხსენით. აი, რას გეტყვით: ახლა მთავარია მერი ჰიჯინსის პოვნა.

– რა თქმა უნდა, – დაეთანხმა ინსპექტორი სლექი. – გაქვთ რაიმე მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით?

– დიახ, მე მგონი – მიუგო მის მარპლმა – შეიძლება შეგეკითხოთ, თქვენთვის თითების ანაბეჭდებს თუ აქვს რაიმე მნიშვნელობა?

– ო, ეს რომ შეიძლებოდეს! აი რაშია ის მეტისმეტად დახელოვნებული. ეტყობა, რეზინის, თუ შინამოსამსახურის ხელთათმანებით მუშაობს. ძალიან ფრთხილად იქცევა. ყოველგვარ ნაკვალევს სპობს. ვერც საწოლ ოთახში და ვერც სხვაგან ვერ მივაგენით მისი თითების ანაბეჭდს!

– რომ მიგეგნოთ, რამეში დაგეხმარებოდათ?

– აუცილებლად, ქალბატონო. მე ვფიქრობ, ეს მისი პირველი ნამუშევარი არ არის! სკოტლენდ-იარდში უთუოდ ექნებათ მისი ანაბეჭდები.

სახეგაბრწყინებულმა მის მარპლმა თავი დაუქნია. ჩანთა გახსნა და იქიდან პატარა მუყაოს კოლოფი ამოიღო, სადაც ბამბაში გახვეული სარკე იდო.

– ჩემი ჩანთიდანაა, – უთხრა მის მარპლმა, – მოახლის თითების ანაბეჭდებია ზედ. ვფიქრობ, საკმარისი იქნება, ტკბილით ძალზე გაწებოვნებული თითები მიაკარა.

ინსპექტორი სლექი გაკვირვებული მიაშტერდა მის მარპლს.

  – ანაბეჭდები წინასწარი განზრახვით აიღეთ?

– რა თქმა უნდა!

– მაშ, თქვენ ეჭვი გქონდათ?

– დავეჭვდი, იცით, ის არაბუნებრივად, უბადლო იყო. ასეთები კი მუდამ საეჭვონი არიან. ჩემი ეჭვი მის ლავინიასაც გავანდე, მაგრამ ის ვერ მიხვდა გადაკრულ სიტყვას. მე, იცით, ინსპექტორო, ზებუნებრივებისა არა მჯერა. ყველა ჩვენგანს გვახასიათებს რაიმე სისუსტე, შინაური საქმიანობა კი ამ სისუსტეებს სწრაფად ავლენს.

– ჰო-ო, – წარმოსთქვა გაოგნებულმა ინსპექტორმა სლექმა – დიდად ვარ დავალებული, დიდად. ამას მე სკოტლანდ-იარდს გავუგზავნი და ვნახოთ, რა პასუხს მივიღებთ.

იგი შეჩერდა, მის მარპლმა ყელი მოიღერა და მრავალმნიშვნელოვნად მიაჩერდა ინსპექტორს.

– თქვენ, ინსპექტორო, საჭიროდ არ ჩათვალეთ ოჯახს ახლოს გასცნობოდით?

– რის თქმა გინდათ, მის მარპლ?

– ძალიან ძნელია ამის ახსნა, როცა რაიმე უჩვეულოს წააწყდები, არ შეიძლება, არ შეამჩნიო. თუმცა, ხშირად, ყველაფერი წვრილმანად გეჩვენება. იცით, მე ამას თავიდანვე ვგრძნობდი, გლედიზე და გულქანდაზე მოგახსენებთ. ის პატიოსანი გოგოა, იმ ნივთისათვის მას თითიც არ დაუკარებია. მაშ რატომ აბრალებდნენ სკინერები მისი აღებულიაო? ისინი როდი არიან სულელები. არავითარი ამის მსგავსი მათზე არ ითქმის. რატომ დააჩქარეს გოგოს დათხოვნა იმ დროს, როდესაც მოსამსახურის შოვნა არც ისე იოლია? მითუმეტეს, რომ გლედისი კარგო გოგოა. ეს უცნაური იყო, არა განა? ამან მე დამაინტერესა. ამასთან ერთად, მეორე უცნაურობაც შევნიშნე. მის ემილის იპოქონდრია სჭირს, მაგრამ ის ერთადერთი იპოქონდრიკია,  რომელიც ექიმს არ იძახებს, იპოქონდრიკებს უყვართ ექიმები, მის ემილის კი არა!

– თქვენ რას გვთავაზობთ, მის მარპლ?

– აი, რას. თქვენ ალბათ იცით, რომ მის ლავინია და მის ემილი უცნაური ხალხია. მის ემილი მთელ თავის დროს ჩაბნელებულ ოთახში ატარებს. და, თუ მისი თმა პარიკი არ არის, კისერს მოვიჭრი! ძალიან ადვილი დასაშვებია, რომ ფერმკრთალი, ჭაღარათმიანი, მოწუწუნე უმწეო არსება და შავთმიანი, წითელლოყება, ფუნთუშა ქალი ერთი და იგივე იყოს, მითუმეტეს, რომ მე არ შემხვედრია ისეთი ვინმე, რომელსაც მერი ჰიჯინსი და მის ემილი ერთდრულად ენახოს.

– საკმაო დრო ჰქონდათ იმისათვის, რათა ყველა გასაღების ანაბეჭდი აეღოთ და ყველა მაცხოვრებელი გაეცნოთ, შემდეგ ჩამოეშორებინათ აქაური მოახლე გოგო. მის ემილი გაისეირნებს ქალაქში ერთ ღამეს და მეორე დილით სადგურში ჩამოდის მერი ჰიჯინსი. საჭირო მომენტში მერი ჰიჯინსი ქრება. ეს აურზაურს იწვევს. მე გეტყვით, სადაც უნდა იპოვოთ მერი ჰიჯინსი, ინსპექტორო. მის ემილი სკინერის დივანზე. თუ ჩემი არა გჯერათ, მისი თითების ანაბეჭდები აიღეთ. თვითონვე დარწმუნდებით, რომ მართალი ვარ. ჭკვიანი ქურდები არიან და ეჭვიც არ მეპარება, კავშირი აქვთ არანაკლებ ჭკვიან ნაქურდალის გამსაღებლებთან. მაგრამ, ამჯერად, ხელიდან ვერ წაგვივლენ, არავის მივცემ ნებას ჩვენებურ გოგოს პატიოსნება შეულახოს. გლედის ჰოლმსის სიმართლე ისევე ნათელია, როგორც დღე და ამას ყველა გაიგებს. მშვიდობით!

ვიდრე ინსპექტორი გონს მოვიდოდა, მის მარპლი უკვე ქუჩაში ამაყად მიაბოტებდა.

– უფ! – წაიბურდღუნა სლექმა, – საკვირველი არ იქნება, ეს ყველაფერი თუ გამართლდა!

მალე გამოირკვა, რომ მის მარპლი კვლავ მართალი გამოდგა.

პოლკოვნიკმა მელჩეტმა მიულოცა სლექს ამ საქმეში წარმატება და შეუქო საზრიანი შრომა. ამ დროს მის მარპლი ჩაით უმასპინძლდებოდა გლედის ედნასთან ერთად და სერიოზულად არიგებდა, სადმე კარგ სიტუაციაში მტკიცედ დაფუძნებულიყო, როდესაც საამისო შემთხვევა გამოუჩნდებოდა.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / კრისტი აგათა / სანიმუშო მოახლე