კურეიში ჰანიფ

 

ჩემი ფანატიკოსი შვილი 

 

 მთარგმნელი – პირველი ნანა

 

 

 

 მამა მალულად შედიოდა ხოლმე შვილის საძინებელ ოთახში. იქ საათობით ყოვნდებოდა და აზრზე მხოლოდ მაშინ მოდიოდა, როცა გამოსავალის ძებნას იწყებდა. მისი შეშფოთების საფუძველი კი ალის გადამეტებული კოპწიაობა გახლდათ.

ოთახი, რომელიც უწინ ტანსაცმელების, წიგნების, კრიკეტის ჯოხებისა და ვიდეოთამაშების გროვას წარმოადგენდა, ახლა სუფთა და მოწესრიგებული ხდებოდა. იმ ადგილებში, სადაც ადრე არეულობა სუფევდა, ახლა ცარიელი სივრცეებიღა შემორჩენილიყო.

 თავდაპირველად ეს ყველაფერი ფარვიზს სიამოვნებას ანიჭებდა. მისი ვაჟი საგნების მიმართ თინეიჯერულ დამოკიდებულებას აღარ ავლენდა. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, მამამ ნაგვის ყუთთან დახეული ცელოფნის პარკი შენიშნა, სადაც ძველი სათამაშოების გარდა კომპიუტერის დისკები, ვიდეოკასეტები, ახალი წიგნები და მოდური ტანსაცმელიც კი აღმოაჩინა. ეს უკანასკნელი ბიჭს სულ რამდენიმე თვის წინ შეეძინა. ასევე ახსნა-განმარტების გარეშე, ალი თავის ინგლისელ გელფრენდსაც გაშორდა – ის მათ ადრე ხშირად სტუმრობდა ხოლმე.

ძველმა მეგობრებმაც შეწყვიტეს ტელეფონით რეკვა.

 ფარვიზი რატომღაც დაიბნა, ალის უჩვეულო ქცევის საბაბი ვერ ეპოვა. შემდეგში ისიც კი გააცნობიერა, რომ საკუთარი ვაჟის მიმართ ცოტა შიშიც უჩნდებოდა. ეს მშვიდი ბიჭი მამას დროდადრო მწარედ ეპასუხებოდა. ფარვიზის შენიშვნაზე – “გიტარას სულ აღარ უკრავ”-ო. ალიმ საკმაოდ თავდაჯერებულად და მრავლისმეტყველად მიუგო – “ამქვეყნად უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეებიც არსებობს”-ო.

 ფარვიზი შვილის ამ ახირებას არ ამართლებდა. თუმცა კარგად იცოდა, რომ ბევრი ინგლისელი ახალგაზრდა იქცეოდა ანალოგიურად. მაგრამ ის ხომ შვილის გულისთვის თავდაუზოგავად შრომობდა – განათლებაზე ბევრ ფულს ახარჯავდა, რათა ბუღალტერია ესწავლებინა; საუკეთესო კოსტიუმებსა და ყველა საჭირო წიგნს ყიდულობდა. კომპიუტერიც კი აჩუქა. ახლა კი ბიჭი ყველა ნივთს გარეთ ყრიდა! ტელევიზორი, ვიდეომაგნიტოფონი და მუსიკალური ცენტრი გიტარას მიაყოლა. მალე ოთახი სრულიად დაცარიელდა. ფოტოების მოხსნის შემდეგ გაპარტახებულ კედლებსაც ღია ფერის ლაქები დამჩნეოდა.

ფარვიზს ძილი აღარ ეკარებოდა. სულ ვისკის ბოთლისკენ იწევდა და სამსახურშიც ხშირად გადაჰკრავდა ხოლმე. ხვდებოდა, რომ თავისი გულისნადები სასწრაფოდ ვინმესთვის უნდა გაეზიარებინა.

 ოცი წლის მანზილზე ფარვიზი ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ამ დროის ნახევარი ერთიდაიგივე ფირმაში სამსახურს მოანდომა. მის მსგავსად მძღოლთა უმეტესობაც პუნჯაბელი იყო. მუშაობა ღამით უფრო მოსწონდათ: გზები შედარებით თავისუფლდებოდა და ფულსაც უკეთ შოულობდნენ. დღისით ეძინათ, ასე რომ ცოლებისთვის ვეღარ იცლიდნენ.

ტაქსების ოფისში ბერბიჭებივით ცხოვრობდნენ – ბანქოს თამაშობდნენ, ანეკდოტებს ყვებოდნენ, ინტიმურ ამბებს იხილავდნენ, ადგილობრივი “ბალტის” სახლიდან გამოტანილ საჭმელს მიირთმევდნენ, პოლიტიკურსა და პირადულ საკითხებს არჩევდნენ.

 მაგრამ ფარვიზმა მეგობრებთან ალიზე სიტყვის ჩამოგდება ვერ შესძლო: ძალიან რცხვენოდა, თან შიშობდა კიდეც, ვაჟიშვილის ქცევაში თავად არ დაედანაშაულებინათ. ისევე, როგორც თვითონ სდებდა ხოლმე ბრალს სხვა მამებს, რომელთა შვილებიც გაფუჭებულ გოგოებში დადიოდნენ, სკოლის გაკვეთილებს აცდენდნენ და ქურდულ ბანდებში ერთიანდებოდნენ.

 წლების განმავლობაში ფარვიზი სულ ტრაბახობდა, რომ ალი კარგად თამაშობდა კრიკეტსა და ფეხბურთს, მშვენივრად ცურავდა, ბეჯითი მოსწავლე იყო, უმეტეს საგნებში წარჩინებას იჩენდა. ოდესმე დასჭირდებოდა კი იმაზე ჩიჩინი, რომ ნორმალური სამსახური ეშოვა, ცოლად წესიერი გოგო შეერთო და ოჯახს მოჰკიდებოდა? ასე რომ მომხდარიყო, ფარვიზი თავს ბედნიერ კაცად ჩათვლიდა, ოცნებები აუხდებოდა – ყოველთვის ნატრობდა ინგლისში უზრუნველ ცხოვრებას. ნუთუ სადმე შეცდომა დაუშვა?

 ერთ საღამოს ფარვიზი ტაქსების ოფისში თავის ორ უახლოეს მეგობართან ერთად სავარძელში მოკალათებულიყო და სილვესტერ სტალონეს მონაწილეობით ფილმს უყურებდა. უეცრად მან სიჩუმე დაარღვია.

– ვერ გამიგია, – წამოსცდა, – ყველაფერი მისი ოთახიდან დაიწყო, მასთან საუბარსაც ვეღარ ვახერხებ. ჩვენ მამა– შვილი კი არა, ძმები უფრო ვიყავით! სად დაიკარგა ეს ურთიერთობა? რატომ მაწვალებს ასე? – და თავი ხელებში ჩარგო.

 მიუხედავად ამ აღსარებისა, კაცებმა თავები გააქნიეს და ერთმანეთს განცვიფრებით გადახედეს – ვერ გაეგოთ, რაში იყო საქმე.

 – მითხარით რა ხდება? – წამოიძახა ფარვიზმა.

 მათი პასუხი თითქმის ტრიუმფალურად ჟღერდა. ისინი მიხვდნენ, რომ რაღაც მთლად რიგზე არ უნდა ყოფილიყო და დაასკვნეს: “ალი ნარკოტიკების მსხვერპლი გამხდარა და თავის ნივთებს მათ შესაძენად ყიდის. ამიტომაც დაცარიელდა მისი ოთახი”– ო.

 – ახლა რაღა ვქნა?

 თავზარდაცემულ მამას მეგობრებმა ურჩიეს შვილისთვის სათანადო ყურადღება მიექცია, უფრო მკაცრად მოპყრობოდა, თორემ როცა მთლად გადაირეოდა – ზედმეტი დოზა მოუვიდოდა ან ვინმე შემოაკვდებოდა, ვეღარაფერს უშველიდა.

დილით ფარვიზი ძლივს გამობარბაცდა სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად. ამ ნათქვამმა საგონებელში ჩააგდო: “ნუთუ ეს მართალია? მისი ვაჟი ნარკომანი და მკვლელია!” უცებ თავის მანქანაში ბეტინას მოჰკრა თვალი და შვებით ამოისუნთქა.

 ჩვეულებისამებრ, ღამის ბოლო კლიენტურას ადგილობრივი კახპები ანუ მეძავები შეადგენდნენ. მძღოლები მათ კარგად იცნობდნენ და სასიყვარულო პაემნებზე ხშირად დაჰყავდათ ხოლმე. შემდეგ სახლში აბრუნებდნენ. ზოგჯერ გოგონები მათთან დასალევად ოფისში სხდებოდნენ. დროგამოშვებით კი ლოგინშიც უგორდებოდნენ.

მას “გაცვლა-გამოცვლას” ეძახდნენ – სამაგიროდ კაცებს სახლში უფასოდ უნდა მიებრძანებინათ.

 უკვე სამი წელი იყო, რაც ბეტინა ფარვიზს იცნობდა. ის ქალაქგარეთ ცხოვრობდა და სახლამდე, ამხელა გზაზე ფარვიზს მიჰყავდა ხოლმე. ქალიც მგზავრების ადგილას კი არა, საყვარლის გვერდით ჯდებოდა. მძღოლი მას თავისი ცხოვრების შესახებ უყვებოდა და მომავლის გეგმებზეც ესაუბრებოდა. თავის მხრივ, ბეტინაც არაფერს უმალავდა. მათ ერთად მრავალი ღამე გაეტარებინათ.

ფარვიზს შეეძლო ამ ქალთან ისეთ რამეებზე ელაპარაკა, რასაც ცოლს ვერასდროს ეტყოდა. ბეტინაც თავის ღამის მოღვაწეობიდან ყველაფერს უყვებოდა. კაცს აინტერესებდა, სად იყო და ვისთან. ერთხელ მოძალადე კლიენტისაგან იხსნა, რის შემდეგაც მათი მეგობრობა უფრო მხურვალე გახდა.

 მიუხედავად იმისა, რომ ბეტინას ალი ნანახიც არ ჰყავდა, მასზე ბევრი რამ იცოდა.

იმ ღამით, როცა ფარვიზმა ალის ნარკომანობის შესახებ უამბო, ქალმა არც მამა გაამტყუნა და არც შვილი, უბრალოდ თქვა: “მათ ყველაფერი თვალებში ეტყობათ”– ო. შემდეგ განმარტა – “დაწითლებული უნდა ჰქონდეს, გუგები გაფართოებული, სიფათი არაქათგამოცლილი.

განსაკუთრებით ტკბილეულობა უნდა იზიდავდეს, ხასიათიც მალ– მალე ეცვლებოდეს”-ო.

 ფარვიზი გამოფხიზლდა – ახლა უკეთ ესმოდა პრობლემის არსი. თავი მხნედ იგრძნო. და მართლაც, ჯერ კიდევ არ იყო ყველაფერი დაკარგული!

 ბიჭს თითოეულ ლუკმაზე აკვირდებოდა. სულ მცირე შესაძლებლობისთანავე მის გვერდით ჯდებოდა და თვალებში შესცქეროდა. ზოგჯერ ხელსაც ჰკიდებდა და ტემპერატურას უსინჯავდა. თუ ბიჭი შინ არ იყო, ფარვიზი ხელად დაფაცურდებოდა ხოლმე – ძაღლივით ყველაფერს ამოწმებდა და ყნოსავდა: ნოხის ქვეშ, უჯრებში, ცარიელი გარდერობის უკან. იცოდა რაც უნდა ეძებნა. ბეტინამ კაფსულები, შპრიცები, აბები, ფხვნილები და პლომბები აუწერა.

 ყოველ ღამე ბეტინაც ახალი ამბის მოლოდინში იყო. რამდენიმე დღის ინტენსიური დაკვირვების შემდეგ ფარვიზმა აღიარა, რომ მიუხედავად სპორტისთვის თავის მინებებისა, ბიჭი ჯანმრთელად გამოიყურებოდა. თვალებიც სუფთა ჰქონდა. როგორც თავად მოელოდა, ის მამის მზერას სულაც არ გაურბოდა. ფაქტობრივად, ალი ჩვეულებრივზე უფრო ამაღლებული და ძლიერიც კი ჩანდა.

გულჩათხრობილი, მაგრამ ამასთანავე გონიერი იყო. მამის გადამეტებულ ყურადღებას კრიტიკულად აფასებდა, სახეზე საყვედურიც კი ეხატებოდაDდა თან იმდენად მკაფიოდ, რომ ფარვიზს უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა, ეგონა თვითონ ცდებოდა, ბიჭი კი არა.

 – და ფიზიკურად არაფერი ცვლილება არ ეტყობა? – შეეკითხა ბეტინა.

 – არა, – ფარვიზი წუთით ჩაფიქრდა, – მაგრამ ის წვერს იზრდის, – ბოლოს დააყოლა.

 ერთ ღამეს, ბეტინასთან ოცდაოთხსაათიან ყავახანაში ჯდომის შემდგომ, ფარვიზი შინ ძალიან გვიან დაბრუნდა. მათ საუბრისას ნარკოტიკების თემა სრულიად უარყვეს, რადგან მამამ შვილის ოთახში მსგავსი ვერაფერი აღმოაჩინა. ამასთანავე საყურადღებო იყო ის ფაქტიც, რომ ალი თავის ნივთებს კი არ ყიდდა, არამედ ყრიდა, სხვას აძლევდა ან საქველმოქმედო საზოგადოებებს სწირავდა.

ფარვიზი შემოსასვლელში იდგა, როცა ბიჭის მაღვიძარას ხმა გაიგონა. ის თავის საძინებელში შევარდა. მეუღლეს ჯერ კიდევ ეღვიძა და ლოგინში რაღაცას კერავდა. ქმარმა სთხოვა ჩუმად დამჯდარიყო და კრინტი არ დაეძრა, თუმცა ქალი არც ამდგარა და არც ხმა ამოუღია. მან უბრალოდ შენიშნა, რომ ფარვიზმა კარის ჭუჭრუტანიდან შვილის ოთახის თვალთვალი დაიწყო.

 ბიჭი დასაბანად სააბაზანოში შევიდა. სანამ იქიდან გამოვიდოდა, მამა უკვე შემოსასვლელში იდგა და მის კარს აყურადებდა. ოთახიდან აშკარად ბუტბუტის ხმა გამოდიოდა. ფარვიზი ჯერ გაოგნდა, მაგრამ მერე შვება იგრძნო.

 ამ ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, მან კვლავ გააგრძელა ბიჭზე დაკვირვება. მისი შვილი ლოცულობდა. ჰო, უეჭველად, როცა შინ იყო, ის დღეში ხუთჯერ ლოცვას ამბობდა.

 ფარვიზი ლაჰორში გაიზარდა, სადაც ყველა ახალგაზრდას ყურანს ასწავლიდნენ. სწავლის პროცესში რომ არ ჩასძინებოდა, მასწავლებელმა ასეთ ხერხს მიმართა: ჭერზე ძაფი დაამაგრა და ყნაწვილს თავზე მიაბა, რათა თავის დახრის შემთხვევაში, წუთში გამოფხიზლებულიყო.

ასეთი დამცირების შემდეგ, ფარვიზი ყველა რელიგიას გაურბოდა. სხვათა შორის, ამ საკითხისადმი არც სხვა მძღოლებს გააჩნდათ მეტი რიდი და პატივისცემა. ის კი არა, ყოველთვის აშაყირებდნენ ადგილობრივ მოლებს, რომლებიც ქუდჩამოფხატულები და წვერმოშვებულები დაიარებოდნენ, ახალგაზრდა გოგო-ბიჭების გამოჭერას ცდილობდნენ და ცხოვრების ზნე-ჩვეულებებზე მორალს კითხულობდნენ.

 ფარვიზმა თავისი აღმოჩენის შესახებ მაშინვე ბეტინას უამბო. ეს ინფორმაცია ტაქსების ოფისში მძღოლებსაც მიაწოდა. მეგობრები, რომლებიც ადრე ცნობისმოყვარეობას ამჟღავნებდნენ, ახლა უცნაურად გასუსულიყვნენ. მათ არ შეეძლოთ ბიჭის ღვთისმოსაობის დაგმობა.

მამამ გადაწყვიტა ერთი ღამე დაესვენა და შვილთან ერთად გაეტარებინა. ამით შესაძლებლობა მიეცემოდათ, რომ კვლავ ძველებურად ესაუბრათ. მას აინტერესებდა კოლეჯის ამბები, ასევე აპირებდა მისთვის თავისი ოჯახის ისტორია მოეთხრო, რომელიც ამჟამად პაკისტანში ცხოვრობდა. ყველაზე მეტად კი იმის გაგებისკენ ისწრაფვოდა, თუ ალიმ როგორ აღმოაჩინა ეს “სულიერი განზომილება” (როგორც ბეტინამ უწოდა).

 ფარვიზის გასაოცრად, ბიჭმა შეხვედრაზე უარი განაცხადა, დაიჟინა პაემანი მაქვსო. ფარვიზმა თავის მხრივ განუმარტა – მამისა და შვილის ურთიერთობაზე მნიშვნელოვანი არაფერიაო.

 მეორე დღეს ფარვიზი სასწრაფოდ ქუჩის იმ კუთხისკენ გაქანდა, სადაც ბეტინა იდგა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, მოკლე კაბითა და გრძელი მაკინტოშით, რომელიც გამვლელი მანქანების წინ უიმედოდ გადაეხსნა.

“ჩაჯექი, ჩაჯექი,”– გასძახა მან.

 ისინი ჭაობიანი ადგილებისკენ გაემართნენ. მანქანა იქ გააჩერეს, სადაც კარგ ამინდში მართლაც მშვენიერი პეიზაჟი იშლებოდა, გარეული ირმები და ცხენებიც იქვე დანავარდობდნენ. მათ კი ზურგზე წამოწოლილებსა და თვალებმიბნედილებს სიამოვნებისაგან აღმოხდებოდათ ხოლმე: “აი, ეს არის ცხოვრება”– ო.

 ამჯერად ფარვიზი კანკალმა აიტანა. ბეტინა გადაეხვია და ჰკითხა:

 – რა მოხდა, რა ამბავია?

 ახლახან ჩემს ცხოვრებაში საშინელება მოხდა, – გამოუტყდა საყვარელი.

 ქალმა თავზე ხელი გადაუსვა, ფარვიზმაც წინა საღამოს მომხდარი ამბების მოყოლა დაიწყო.

კაფეში ისხდნენ, როცა მამამ მენიუს გადახედა და ნაცნობ ოფიციანტს, ჩვეულებისამებრ, ვისკი და წყალი მოატანინა. კაცი ისე ღელავდა, რომ კითხვები შვილისთვის წინასწარ მოამზადა. აპირებდა ალისთვის ეთქვა, რომ მის გამოცდებზე ძალიან ნერვიულობდა. მანამ სანამ ჰალსტუხი გაისწორა, ინდური ნამცხვარი ჩაახრამუნა და დიდი ყლუპი გადაჰკრა, ალიმ პირის გაღებაც არ დააცადა და სერიოზული სახით ჰკითხა:

 – ალკოჰოლის დალევა არ შეიძლება, არ იცი?

 – ის ძალიან მკაცრად მელაპარაკებოდა, – უთხრა ფარვიზმა ბეტინას, – მინდოდა ამ თავხედობისთვის საკადრისი პასუხი გამეცა, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე.

 მამამ წყნარად აუხსნა, რომ წლების მანძილზე დღეში ათ საათზე მეტს მუშაობდა, გასართობი და ჰობი თითქმის არ გააჩნდა, შვებულებაშიც არასდროს გადიოდა. ნუთუ ხანდახან ცოტა დალევა დანაშაულად ეთვლებოდა?

 – კი, მაგრამ ეს აკრძალულია, – თქვა ბიჭმა.

 – ვიცი, – დაეთანხმა ფარვიზი.

 – და ასევე ბანქოს თამაშიც.

 – ჰო, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ხომ მხოლოდ ადამიანები ვართ, არა?

 მოიყუდებდა თუ არ ფარვიზი სასმელს, ბიჭს მაშინვე გააჟრიალებდა ან კატეგორიული სახით გადახედავდა.

ამან კაცი იძულებული გახადა უფრო მეტი დაელია. ოფიციანტსაც მის საამებლად ბოთლი ბოთლზე მოჰქონდა. ფარვიზი მიხვდა, რომ გვარიანად თვრებოდა, მაგრამ თავს უკვე ვეღარ იკავებდა. ალის სახე მთლად შეეშალა, ზიზღითა და საყვედურით აევსო. თითქოს მამის მიმართ სიძულვილითაც გამსჭვალულიყო.

 შუა ჭამისას, უცბად ფარვიზს მოთმინება დაეკარგა და თეფში იატაკზე დაანარცხა. გაშტერებული ოფიციანტები და მათი კლიენტები რომ არ შეემჩნია, სუფრასაც ნაკუწებად აქცევდა.

მან ვერ აიტანა შვილის შენიშვნები. სჯეროდა, რომ თავად არ იყო საძაგელი პიროვნება. სინდისიც გააჩნდა. რაღაცეების გამო შეიძლება რცხვენოდა კიდეც, მაგრამ მთლიანობაში მაინც პატიოსანი ცხოვრება განევლო.

 – მქონდა კი იმის დრო, რაიმე უზნეობა ჩამედინა? – შეეკითხა ალის.

 ბიჭმა დაბალ, მონოტონურ ხმაზე აუხსნა, რომ ის სინამდვილეში სულაც არ ეწეოდა წესიერ ცხოვრებას, ყურანის უთვალავ კანონს არღვევდა.

 – მაგალითად? – ახსნა-განმარტება მოსთხოვა ფარვიზმა.

 ალის მოფიქრებისთვის დრო არ დასჭირვებია. თითქოს ამ მომენტს უცდიდაო და მიუგო:

 – რა, ღორის ხორცის ღვეზელს სიამოვნებით არ მიირთმევ?

 – კი ბატონო, – ფარვიზმა ვეღარ უარყო, რომ ძალიან უყვარდა ხრატუნა ბეკონი სოკოთი და მდოგვით, გახუხულ პურში ჩადებული. ამას ყოველ დილით საუზმეზე ჭამდა ხოლმე.

 ალიმ შემდეგ ისიც გაახსენა, რომ ცოლს ღორის ხორცის სოსისების მომზადებას სთხოვდა და თან ეუბნებოდა: “სოფელში კი არა ხარ ახლა. ეს ინგლისია. უნდა შევეჩვიოთ”- ო.

 ფარვიზს ეწყინა ეს შემოტევა, ჩიხში მოექცა და ისევ სასმელი მოითხოვა.

 – ხომ ხედავ, პრობლემაც ეგ არის, – თქვა ბიჭმა, მაგიდას მიეყრდნო და მთელი ამ ღამის განმავლობაში პირველად აუკიაფდა თვალები, – შენ ძალიან დიდი მიდრეკილება გაქვს დასავლური ცივილიზაციისაკენ.

 ფარვიზს სასმელი გადასცდა, ეგონა დაიხრჩობოდა.

 – მიდრეკილება მაქვს? – იკითხა, – კი მაგრამ, ჩვენ ხომ აქ ვცხოვრობთ!

 დასავლელ მატერიალისტებს ჩვენი ატანა არა აქვთ, – თქვა ალიმ, – მამა, როგორ შეიძლება გიყვარდეს ის, ვისაც სძულხარ?

 – მაშ, შენი აზრით, რა უნდა ვქნათ? – საცოდავად ჰკითხა ფარვიზმა.

ალი არც დაფიქრებულა, მამას ისე მიმართა, თითქოს ფარვიზი ავარდნილი ხალხის ბრბო ყოფილიყოს, რომელსაც ჩახშობა ან გადაბირება ესაჭიროებოდა. მან ასეთი სიტყვა წარმოსთქვა: “მსოფლიოს ისლამის კანონი უნდა განაგებდეს. სულ უფრო და უფრო უნდა გააძრო ტყავი ურწმუნოებს. ებრაელები და ქრისტიანები უნდა განადგურდნენ. დასავლეთი ორპირთა, მოღალატეთა, ჰომოსექსუალისტთა, ნარკომანთა და მეძავთა უფსკრულია”-ო.

 როცა ალი ამას ამბობდა, ფარვიზმა ფანჯრიდან გადაიხედა, თითქოს ამოწმებდა, კვლავ ლონდონში ვარ თუ არაო.

 – ჩემმა ხალხმა საკმაოდ ბევრი უბედურება გადაიტანა. თუ დევნა არ შეგვიწყვიტეს, ჯიჰადი გამოცხადდება.

მე და სხვა მილიონობით ადამიანი სიამოვნებით გავწირავთ საკუთარ სიცოცხლეს ამ საქმისთვის, – არ ჩერდებოდა ბიჭი.

 – კი, მაგრამ, რატომ, რისთვის? – იკითხა შეშინებულმა მამამ.

 – ჩვენთვის ჯილდო სამოთხე იქნება.

 – სამოთხე!

 ბოლოს, როცა ფარვიზს თვალები ცრემლით აევსო, შვილმა დაჟინებით მოსთხოვა ცხოვრების წესის შეცვლა.

 – კი მაგრამ, ამას როგორ შევძლებ?

 – ილოცე, – არწმუნებდა ალი, – ილოცე ჩემს გვერდით.

 ფარვიზმა ანგარიში გაასწორა და ბიჭი სასწრაფოდ გარეთ გამოიყვანა. მეტი სასმელი აღარ მოუთხოვია. ალი თითქოს სხვისი ხმით ელაპარაკებოდა.

 სახლში მიმავალ გზაზე, ბიჭი კლიენტივით მამამისის ტაქსის უკანა სავარძელზე დაჯდა.

 – რამ შეგცვალა ასე? – შეეკითხა ფარვიზი, თან ეშინოდა ბიჭს თავადვე არ დაედანაშაულებინა ყველაფერში, – რაღაც განსაკუთრებულმა შემთხვევამ იქონია შენზე გავლენა?

 – ამ ქვეყანაში ცხოვრებამ.

– ჰო, მაგრამ მე მიყვარს ინგლისი, – თქვა ფარვიზმა და ბიჭს უკან გასახედ სარკეში დააკვირდა, – აქ ყველაფრის კეთების ნებას გრთავენ.

 – საქმეც ეგაა, – უპასუხა ალიმ.

 წლების განმავლობაში პირველად, ფარვიზმა შვილს თვალებში ვერ შეხედა. უცებ მან სატვირთო მანქანას გაჰკრა გვერდი და ტაქსის გარეთა სარკე მოსტყდა. გაუმართლა პოლიციამ რომ ვერ შენიშნა, თორემ მართვის მოწმობა და შეიძლება სამსახურიც კი დაეკარგა.

 მანქანიდან გადმოსვლისას, სახლის უკან ფარვიზმა ფეხი რაღაცას წამოჰკრა და მიწაზე გაიშხლართა, ხელები გადაუტყავდა, შარვალი გაერღვა. შვილმა კი დახმარებაც არ შესთავაზა.

ფარვიზი ბეტინას გამოუტყდა, რომ ალის გულისთვის ლოცვების დაწყებაც შეეძლო, თუკი მას ამ შეუბრალებელ მზერას მოაცილებდა. – “მაგრამ ყველაზე მეტად იცი რა მაღიზიანებს? – თქვა მან, – ჩემი საკუთარი შვილი რომ მეუბნება, ჯოჯოხეთში მოხვდებიო.”

 ის, რამაც ფარვიზს მთლად მოუღო ბოლო, შვილის განაცხადი გახლდათ ბუღალტერიის შესწავლის უარყოფის შესახებ. როცა მამამ ახსნა– განმარტება მოითხოვა, ალიმ სარკასტული პასუხი გასცა:

 – ეს ხომ ისედაც ნათელია. დასავლური განათლება ანტირელიგიურ მენტალიტეტს აყალიბებს. ბუღალტერთა სამყაროში სრულიად ბუნებრივი ამბავია ქალებში გრიალი, ალკოჰოლის სმა და ნარკოტიკების გამოყენება.

 – მაგრამ ეს მაღალანაზღაურებადი პროფესიაა! – ფარვიზი თავისას არ იშლიდა, – თანაც ამდენი ხანი ემზადებოდი!

 ალიმ განაცხადა, რომ ის ციხეში აპირებდა მუშაობის დაწყებას, იქ, სადაც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი, საწყალი მუსულმანები იყვნენ დატყვევებულნი. და ბოლოს, საღამოს დასასრულს, როცა ალი დასაძინებლად გაემზადა, მამას ჰკითხა თუ რატომ არ ატარებდა იგი წვერს ან ულვაშს მაინც.

 – მგონი შვილი დავკარგე, – ბეტინას შესჩივლა გამწარებულმა მამამ, – აუტანელია, როცა კრიმინალად გთვლიან. ახლა ვიცი, რასაც გავაკეთებ.

 – რას?

 – ვეტყვი თავისი სალოცავი ჭილობი აიღოს და ჩემი სახლიდან წაეთრიოს. ასეთი საშინელება არასდროს ჩამიდენია, მაგრამ ამ საღამოს სხვაგვარად ვეღარ მოვიქცევი.

 – მაგრამ თავის დანებების უფლება არა გაქვს, – უთხრა ბეტინამ, – ბევრი ახალგაზრდა ჩავარდნილა კულტთაყვანისმცემელთა და ცრუმორწმუნეთა მსგავს ჯგუფებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის ერთ აზრზე იდგება. მის მიმართ შეუპოვრობა უნდა გამოიჩინო.

ბეტინამ ფარვიზი თავის სიმართლეში დაარწმუნა, თუმცა მამა უკვე იმ შვილს ვეღარ შეიყვარებდა, რომელმაც ამხელა ამაგი არ დაუფასა.

 მთელი მომდევნო ორი კვირა ფარვიზს ალის გამოხედვისა და საყვედურებისათვის უნდა გაეძლო. მან სცადა ბიჭთან სარწმუნოებაზე სიტყვის ჩამოგდება, მაგრამ რაიმე კრიტიკულის თქმას გაბედავდა თუ არა, ყოველთვის უხეშ პასუხს იღებდა.

ერთხელაც შვილმა დაადანაშაულა – თეთრებს ეპირფერებიო. საპასუხოდ მამამაც აუხსნა, რომ არასდროს უგრძვნია თავი მათზე დაბლა მდგომად. 

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / კურეიში ჰანიფ / ჩემი ფანატიკოსი შვილი